Batumelebi | ყოფილი იურისტი და ფინანსური დირექტორი ინფექციური საავადმყოფოს წინააღმდეგ ყოფილი იურისტი და ფინანსური დირექტორი ინფექციური საავადმყოფოს წინააღმდეგ – Batumelebi
RU | GE  

ყოფილი იურისტი და ფინანსური დირექტორი ინფექციური საავადმყოფოს წინააღმდეგ

რამდენიმე თვის წინ ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციამ განაცდური 70 ათასი ლარი ჩაურიცხა ექიმ დავით მურვანიძეს – საავადმყოფოდან ექიმის უკანონო გათავისუფლება სამივე ინსტანციის სასამართლომ დაადასტურა. ამავე საავადმყოფომ ჯარიმის 206 231 ლარის ნახევარი უკვე გადაიხადა იმ დარღვევებისთვის, რაც ინფექციურში სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტომ შემოწმების შედეგად დააფიქსირა. დღემდე სახელმწიფო შპს “ბათუმის ინფექციური, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალურ ცენტრში” მართვის რგოლიდან არავინ დასჯილა. პირიქით, საავადმყოფოს დირექტორმა, ჯემალ დუმბაძემ სამსახურიდან იურისტიც გაუშვა. ყოფილი იურისტის და ამავდროულად ფინანსური დირექტორის, რუსლან ბერიძის საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში სალიხ შაინიძე განიხილავს.

“იმედია, პროცესის დასრულებამდე დირექტორის შტატიც არ გაუქმდება,” – ამ რეპლიკით მოსამართლემ საავადმყოფოს იურისტს სხდომის დასრულების შემდეგ მიმართა. სხდომაზე ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, დალი ჭანიძემ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა და აცნობა, რომ საავადმყოფომ იურისტის შტატი გააუქმა. “ეს არის მისი მიზანმიმართული მცდელობა, რომ არ მოხდეს ჩემი დაბრუნება, თუკი სასამართლოს მოვიგებ,” – მიმართა მოსამართლეს საავადმყოფოს ყოფილმა იურისტმა, რუსლან ბერიძემ. მოსამართლე სალიხ შაინიძემ კი მიიჩნია, რომ დავის საგანზე საავადმყოფოს დირექტორის, ჯემალ დუმბაძის ეს გადაწყვეტილება გავლენას ვერ მოახდენს და შუმადგომლობა მიიღო, როგორც ინფორმაცია.

ინფექციური საავადმყოფო იურისტის გათავისუფლების მიზეზად სამსახურში არაერთხელ უსაფუძვლოდ დაგვიანებას ასახელებს. ყოფილმა იურისტმა კი მოსამართლეს უკვე აჩვენა სასამართლო პროცესის ვიდეო-სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, საიდანაც დგინდება, რომ რუსლან ბერიძე სასამართლოში იმყოფებოდა საავამდყოფოს წინააღმდეგ განსახილველ ერთ-ერთ საქმეზე. ეს მტკიცებულება საქმეში ბოლო “დაგვიანების” შესახებ ჩაიდო, რის შემდეგაც რუსლან ბერიძე სამსახურიდან დაითხოვეს.

“ამაზე აპელირებს მხარე, მაგრამ მხოლოდ ერთხელ დაგვიანება არ ყოფილა იურისტის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი,” – უთხრა “ბათუმელებს” დალი ჭანიძემ: ” სამსახურში უმიზეზოდ დაგვიანება დაფიქსირდა რამდენჯერმე და მას მიეცა ჯერ საყვედური, შემდეგ 10 დღის ხელფასი დააკლდა, შემდეგ – 10 დღით მუშაობის უფლება შეუჩერდა. რაც მთავარია, მას არცერთ შემთხვევაში არ წარმოუდგენია ახსნა-განმარტებითი ბარათი, რა მიზეზით მოუხდა დაგვიანება. ასევე თუკი ის არ ეთანხმებოდა, მაგალითად, საყვედურს, ან 10 დღის ხელფასის დაკლებას, ეს უნდა გაესაჩივრებია თავის დროზე სასამართლოში.”

“გასაჩივრება დამიჯდებოდა 150 ლარი. გარდა ამისა, შინაგანაწესით უნდა დაწყებულიყო ადმინისტრაციული წარმოება და დირექციას უნდა მოეთხოვა ჩემთვის ახსნა-განმარტება. მე რის განმარტება უნდა დამეწერა, როცა არ დამიგვიანია, ან სასამართლოში ვიყავი სამსახურის საქმეზე?” – ამბობს რუსლან ბერიძე,

ინფექციური საავადმყოფოს ყოფილი იურისტის თქმით, დირექტორი ჯემალ დუმბაძე მიზანმიმართულად მას შემდეგ დაუპირისპირდა, როცა მან კონკრეტული ექიმის უკანონო გათავისუფლება მოითხოვა და უარი მიიღო: “სპეციალური ეთიკის კომისია შექმნა და მეც ჩამსვა. უნდოდა, რომ მისთვის არასასურველი ექიმი სხვისი ხელით მოეცილებია. მე ვთქვი, რომ ეს არ იყო სწორი და არ არსებობდა კონკრეტული საფუძველი. კომისიის სხვა წევრებმაც თავი შეიკავეს… ამის შემდეგ დავრჩი ჯერ კომპიუტერის, შემდეგ მაგიდის და სკამის გარეშე. მაინც მივდიოდი სამსახურში და ტელეფონზეც ვრეკავდი ახლობელთან, რომ დაფიქსირებულიყო ჩემი სამსახურში მისვლა.”

რუსლან ბერიძემ ჯემალ დუმბაძის მიერ ხელმოწერილი რამდენიმე ბრძანებაც გვაჩვენა, სადაც ჩანს, რომ, მაგალითად, გაფრთხილების მიცემის პარალელურად, დირექტორი ძალადაკარგულად მიიჩნევს საყვედურის გამოცხადებას, ასევე 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავების დროს, უქმდება გადაწყვეტილება სასტიკი საყვედურის შესახებ.

“მე ექიმი ვარ პროფესიით, იურისტი არ ვარ, შემეშალა… ადმინისტრაციის სამსახურის უფროსს მიმართეთ დალი ჭანიძეს და ის აგიხსნით,” – გვითხრა ჯემალ დუმბაძემ, ბათუმის ინფექციურის საავადმყოფოს დირექტორმა.ის ყოფილი იურისტის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ რუსლან ბერიძე სამსახურში უმიზეზოდ რამდენჯერმე არ გამოცხადდა. ჯემალ დუმბაძეს ყოფილ იურისტთან პროფესიული კუთხითაც აქვს პრეტენზია. დირექტორი ყოფილ იურისტს დათო მურვანიძის საქმის [საავადმყოფოს ყოფილი ექიმი, რომელმაც საქმე ინფექციურის წინააღმდეგ მოიგო] “წაგებაში” ადანაშაულებს.

რაც შეეხება იურისტის შტატის გაუქმებას, ჯემალ დუმბაძე ირწმუნება, რომ ამ გადაწყვეტილებით მან ფინანსები დაზოგა: “ორი ერთნაირი თანამდებობა რატომ უნდა მქონოდა? იურისტის ფუნქციას ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი შეითავსებს. ორივეს 1000-1000 ლარს ვუხდიდი, ახლა მხოლოდ ათას ლარს გადავიხდი,”- ამბობს ჯემალ დუმბაძე.

სამედიცინო რეგიულირების სახელმწიფო სააგენტოს მიერ ინფექციური საავადმყოფოს დარღვევებზე სტატია “ბათუმელებმა” მაისში დაწერა. უნდა აგოს თუ არა პასუხი მენეჯმენტიდან ვინმემ, როცა მასობრივ დარღვევებზეა საუბარი? – ჯემალ დუმბაძემ გვირჩია შემოსავლებით დავინტერესებულიყავით: “როცა წლიური ბრუნვა 4 მილიონია, ამის გამოც უნდა დავისაჯო?”

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ბათუმის ინფექციური საავადმყოფოში დაფიქსირებულ დარღვევებს სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური სწავლობს და დასკვნა რამდენიმე დღეში დაიდება.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი