სიახლეები

მაჟორიტარი კანდიდატი: კანონპროექტებზე შემოდგომაზე უნდა ვიფიქროთ

14.09.2016 • 2651
მაჟორიტარი კანდიდატი: კანონპროექტებზე შემოდგომაზე უნდა ვიფიქროთ

ლევან ხინიკაძე ქობულეთის 71-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია აჭარის უმაღლეს საბჭოში. ის „რესპუბლიკურმა პარტიამ“ დაასახელა. ლევან ხინიკაძე ქობულეთის საკრებულოს წევრია 2010 წლიდან. საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” სიით შევიდა. 2013 წელს, როცა კოალიცია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ის „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი გახდა.

რატომ გადახვედით „რესპუბლიკურ პარტიაში“ მაშინ, როცა პოლიტიკური მოცემულობა შეიცვალა.

ამას ცხოვრება ითხოვდა…

კონკრეტულად რომ გვითხრათ?

არეულობა იყო ძალიან „ნაციონალებში“ და ეს უფრო აწყობილი პარტია იყო. მანამდე „რესპუბლიკების“ ფრაქციის თავმჯდომარეც ვიყავი. ეს იყო სადღაც 2012 წლის ივლისში… ეს პარტია ღირებულებების გამო ავირჩიე.

რას სთავაზობთ ქობულეთს, თუკი უმაღლესი საბჭოს წევრი გახდებით?

პირველ რიგში, როგორც ექიმი, მინდა, სამედიცინო და სოციალურ მხარეს შევხედო. მედიცინის სფერო უნდა გახდეს უფრო ძლიერი. სოციალურს რაც შეეხება, მაგალითად, ცუდია, რომ უხსნიან მთელ ოჯახს დახმარებას, როცა ერთ-ერთი წევრი სადღაც საქმდება.

რა შეიძლება გააკეთოთ უმაღლეს საბჭოში ამ კუთხით?

მაგი შესაძლებლობების მიხედვითაა, თანხებზეა ყველაფერი დამოკიდებიული… ინიციატივით მივმართავთ პარლამენტს, რომ ასე აღარ მოხდეს… ასევე ვიმუშავებ იმაზე, რომ ქობულეთი ტურისტულ სეზონს დახვდეს მომზადებული. ტენდერები ცხადდება ზაფხულში, სამუშაოები იწყება გვიან, როცა ტურისტი უკვე ადგილზეა. მექნება წინადადებები, რომ ყველაფერი თავის დროზე იყოს მზად და კონტროლს გავუწევთ იმას, რომ გამოყოფილი თანხა იყოს თავის დროზე მიზნობრივად დახარჯული. მექნება პრეტენზია, თუ არ შესრულდება მოთხოვნები.

დეპუტატი წაუყენებთ პრეტენზიას თვითმმართველობას?

ხო, პრეტენზიას უფრო არა, ჩვეულებრივად კურირებას გავუკეთებთ, რომ თავის დროზე მოხდეს ყველაფერი… დროულად ვიქნები იმის შემხსენებელი, რა არის გასაკეთებელი და რა – არა.

კანონშემოქმედებითი კუთხით რა ინიციატივა გაქვთ?

სოფლის მეურნეობის კუთხით მაქვს ინიციატივა. ეს შეეხება მანდარინს, თხილს, ჩაის. ვიდრე მოსავალი დაიკრიფება, სახელმწიფომ გლეხებს უნდა მისცეს დოტაცია. ეს აუცილებელია, რადგან ახლა მოსავლის დიდ ნაწილს მოსახლეობა ყრის და ვერ იყენებს… უნდა ჩამოყალიბდეს სახელმწიფო შპს, რომელიც ამ მოსავალს თავად შეიძენს და შემდეგ თავად იზრუნებს მისი გასაღებისთვის.

რით ასაბუთებთ, რომ სახელმწიფოს ჩარევა ამ ფორმით არის მიზანშეწონილი?

ყველაფერი არის ფინანსებიდან გამომდინარე. თუ სახსრები მოგვცემს ამის საშუალებას, რატომ არ უნდა გავაკეთოთ… სოფლებში ყველა მეორე დაუსაქმებელია და მხოლოდ სოციალური დახმარება არაა საკმარისი. სოფლის აღორძინებისთვის არის ეს საჭირო.

ეს იდეა შეთანხმებული გაქვთ „რესპუბლიკელებთან“?

რასაც ჰქვია შეთანხმებულია და მაგაზე ვმუშაობთ-მეთქი, მაგას ვერ გეტყვით… მე ვხედავ იმას, რომ ეს არის პირველი, სხვა ამოცანებთან შედარებით.

ეს მემარცხენე ხედვა ხომ რადიკალურად განსხვავდება არსებითად იმისგან, რასაც „რესპუბლიკური პარტია“ უჭერს მხარს?

დიდი ალბათობით „რესპუბლიკური პარტია“ არ იქნება ის პირველი ძალა, რომ მისი ხედვები იყოს მასე მარტივად მიღებული… ის არ იქნება მმართველი პარტია და ამ მხრივ, რომ დავეხმაროთ მაინც მოსახლეობას, კმაყოფილი ვიქნებით… თუ ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში მმართველი პარტია, მაშინ აღარ დასჭირდება სოფელს დოტაცია. მაშინ ევროპის ბაზარაზე უფრო იოლად მოვახერხებთ გასვლას.

რატომ ფიქრობთ, რომ ვერ შეიტანთ წვლილს უმცირესობიდან ისე, რომ თან იდეოლოგიის ერთგული დარჩებით?

ჩვენ ვეცდებით, მაგრამ საკრებულოს წევრი ვარ და ხშირად ყოფილა, რომ კარგი საკითხები გვქონია, მაგრამ არ გასულა იმიტომ, რომ უმრავლესობა არ დაგვეთანხმა.

საკრებულოში რა მოახერხა თქვენმა პარტიამ, რაში შეიტანეთ წვლილი?

რომ გითხართ, ცალკე მოახერხა რამე „რესპუბლიკელებმა“-თქო, ასე არ ყოფილა. ჩვენ ვიყავით კოალიციაში და კოალიციას ვედექით გვერდში. „ოცნების“ მარჯვენა ხელი ვიყავით ყოველთვის. ალბათ, ჯობდა, რომ ყველა პარტიას ჰქონოდა თავისი მე, თავისი სიტყვა, როგორც ახლაა…

კანონმდებლობაში რა ცვლილების შეტანას გეგმავთ, რაც შეიძლება ქობულეთზე პოზიტიურად აისახოს?

ბევრი პრობლემაა, სხვადასხვა მიმართულებით ვფიქრობთ… კანონპროექტებზე ძირითადად შემოდგომაზე უნდა ვიფიქროთ.

შემდოგომაა ახლა…

მხედველობაში მაქვს ის, რომ არჩევნების შემდეგ, უნდა დავსხდეთ და უფრო კონკრეტულად მოვიფიქროთ, არ უნდა ვიჩქაროთ… ვიფიქრებ მედიცინის კუთხით პროექტებზე, სოციალურ სფეროზე, ტურიზმზე. კონკრეტული ამოცანები საქმის დროს გამოჩნდება.

P.S. ლევან ხინიკაძე პროფესიით ექიმია. დამთავრებული აქვს რუსეთში ბლაგოშენსკის სახელმწიფო ინსტიტუტი. 1991-1992 წლებში მუშაობდა სასტუმრო „კოლხეთში“ ექიმად, ხოლო 2006-2011 წლებში იყო ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი.

გადაბეჭდვის წესი