მთავარი,სიახლეები

მაჟორიტარი კანდიდატი: აუცილებელია ჩემი ყოფნა უმაღლეს საბჭოში

14.09.2016 • 1951
მაჟორიტარი კანდიდატი: აუცილებელია ჩემი ყოფნა უმაღლეს საბჭოში

არჩილ მამულაძე  ბათუმის 70-ე საარჩევნო ოლქიდან იყრის კენჭს აჭარის უმაღლეს საბჭოში. ის პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი კანდიდატია. რა გეგმები აქვს დეპუტატობის კანდიდატს და როგორ წარმოუდგენია რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა? ამ თემაზე არჩილ მამულაძე „ბათუმელებს“ ესაუბრა.

რატომ მიდიხართ უმაღლეს საბჭოში, რა არის თქვენი მთავარი დაპირება ამომრჩეველთან?

მე ვარ პროფესიით იურისტ-ეკონომისტი. ასევე, კულტურის განხრით გამაჩნია კიდევ სხვა პროფესია, წლების განმავლობაში ვმუშაობდი კულტურის სფეროში სხვადასხვა თანამდებობაზე,  შემდეგ განათლების სფეროში ვმუშაობდი და ბოლო ათი წელია ვმუშაობ როგორც იურისტი,  ვარ საერთაშორისო და ბათუმის საქალაქო არბიტრაჟების არბიტრი და ვიყავი პრაქტიკოსი ადვოკატი.  ჩემი გამოცდილებიდან და წარსულიდან  გამომდინარე,  აუცილებელია ჩემი ყოფნა აჭარის უმაღლეს საბჭოში.

რატომ?

იმიტომ, რომ იქ იღებენ კანონებს, რომელიც წაადგება აჭარის მოსახლეობას, რომელიც შესაბამისად საქართველოს მოსახლეობას და მთელ ქვეყანას გამოადგება.

რა საკანონმდებლო ინიციატივებზე  აპირებთ მუშაობას, რომელიც ქვეყანას გამოადგება?

კულტურის, განათლების განხრით ხომ არ გვაქვს ყველაფერი რიგზე, არის რეფორმები ჩასატარებელი. მასწავლებლის, პედაგოგის ხელფასი მოსწონს ვინმეს? ამიტომ არის, რომ პედაგოგი იმცირებს თავს და გადადის დამატებითი სახსრების მოსაპოვებლად თურქეთში. პედაგოგს უნდა მიეცეს შესაბამისი ანაზღაურება. ეს ანაზღაურება არის მიზერული და ამ კუთხით არის  სამუშაო.

ხელფასები უნდა გაუზარდოთ პედაგოგებს?

უმაღლესი საბჭოს პრეროგატივაა, რომ დააყენოს პედაგოგის ხელფასის საკითხი ავტონომიური რესპუბლიკის მასშტაბით.

ანუ, აჭარაში სხვა რეგიონისგან განსხვავებული ხელფასი უნდა მიიღოს პედაგოგმა?

ჩვენ გადავხედოთ საერთო ყულაბას, რამდენი ათასი ლარია გამოყოფილი განათლების სისტემაში. დღეს ნებისმიერი სკოლის დირექტორს შეუძლია განუსაზღვროს მასწავლებელს ხელფასი და სხვა ხარჯები იქედან გამომდინარე, რამდენი ათასი ლარია გამოყოფილი ბიუჯეტში.

და ამ საკითხს როგორ გადაწყვეტს უმაღლესი საბჭო?

უმაღლეს საბჭოს შეუძლია ცენტრალური ბიუჯეტიდან მოითხოვოს უფრო მეტი ანაზღაურება, ვიდრე არის გამოყოფილი.

 კიდევ რაზე აპირებთ მუშაობას?

ასევე შემიძლია ვთქვა ექიმებზე, რატომ მუშაობს ექიმი ხუთ ადგილზე? ეს ყოვლად შეუძლებელია, ექიმი უნდა მუშაობდეს ერთ ადგილზე და ჰქონდეს სათანადო ანაზღაურება. რატომ ხდება ეს იცით, ალბათ, რომ ქვეყნის მასშტაბით კლინიკები, საავადმყოფოები გადასულია სადაზღვევო კომპანიების ხელში, რომელსაც სულ არ აინტერესებს ექიმის მუშაობის ხარისხი და როგორ ექცევა პაციენტს ექიმი, მათ უნდათ მეტი შემოსავალი მიიღონ, ამიტომ სახელმწიფო დაქვემდებარებაში უნდა გადავიდეს ნებისმიერი საავადმყოფო და კლინიკა.

და უმაღლესი საბჭო გადაიყვანს კლინიკებს სახელმწიფო საკუთრებაში?

ამას გადაიყვანს ის გუნდი, რომელიც მეტი რაოდენობით  შევა და აზრთა შეთანხმება ექნება.

თქვენ თქვით, რომ ახლანდელი უმაღლესი საბჭო არის უმოქმედო, რადგან მან ვერ გაიტანა ვერც ერთი კანონპროექტი,  თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ მსგავსი კანონპროექტის  ინიცირება პარლამენტში?

ბიუჯეტში ჩაწერილია, თუ რამდენია გამოყოფილი განათლებისთვის, ჯანდაცვისთვის და სოციალური სფეროსთვის და თუ არ გყოფნის, უნდა მოითხოვო ცენტრალური ბიუჯეტიდან.

თქვენი აზრით, ხელფასების ზრდის გარდა კიდევ რა საკითხი უნდა გადაჭრას უმაღლესმა საბჭომ?

მაგალითად, ინფრასტრუქტურის განვითარება ქალაქში, რატომ ვერ მივიყვანეთ ბოლომდე? იმიტომ, რომ არამიზნობრივად  იხარჯება. ქალაქის ბიუჯეტს აკონტროლებს აჭარის საკანონმდებლო ორგანო.

თვითმმართველი ქალაქის  ბიუჯეტს საკრებულო აკონტროლებს.

თვითმმართველი კი არის მაგრამ, აჭარის უმაღლესი საბჭო აბა რისთვის არის? მის კომპეტენციაში შედის იმ კუთხით, რომ როცა სტრატეგიული ორგანო ვერ აკონტროლებს თანხების ხარჯვას სწორად, უნდა ჩაერთოს აჭარის საკანონმდებლო ორგანო.

გასაგებია. „პატრიოტთა ალიანსში“ როდის გაწევრიანდით და რატომ?

აქ დავინახე ის პატრიოტული და ეროვნული სულისკვეთება, სადაც აზროვნებენ ეროვნულად.

რას მიიჩნევთ ეროვნულ აზროვნებად?

ალბათ, გახსოვთ კირნათში მიწებთან დაკავშირებით პრობლემები რომ იყო, მდინარესაც კი შეუცვალეს კალაპოტი, რომ გარკვეული ტერიტორია თურქეთის მხარეს გადასულიყო.

ეგ ფაქტი არ დაადასტურა მაშინ სახელმწიფომ…

ქვეყნების ლიდერებმა შეიძლება ეს არც კი იცოდნენ ვიღაც მავანმა გააკეთა და ჩვენმა პარტიამ  ჩაატარა მაშინ აქცია და ჩვენი ძალისხმევით ეს მიწები დაბრუნდა.  ალბათ იცით, რომ  ერთდროულად 40 ათასმა თურქმა  საქართველოს მოქალაქეობა რომ მიიღო…

როდის მოხდა ეს?

ეს იყო სააკაშვილის დროს, ბოლო წლებში.

მაგ პერიოდის სტატისტიკურ მონაცემებში მსგავსი ციფრი არსად ფიგურირებს. თქვენ რა წყაროს ეყრდნობით?

როგორ გეკადრებათ. სააკაშვილმა  საჯაროდ განაცხადა.  გარდა ამისა, რამდენი ათასი ჰექტრი აქვს მითვისებული უცხოელებს, შეიხებიდან დაწყებული.

თქვენ ფიქრობთ რომ ინვესტორი არ უნდა შემოვიდეს ქვეყანაში?

ინვესტორი უნდა შემოვიდეს მაშინ, როცა არ დააზარალებს შენს რესპუბლიკას და ხალხს. დღეს ასობით კირნათელი მოდის და გვეუბნება რომ მან შეცდომით მიყიდა ინვესტორს საკუთრება, ის ვეღარ უბრუნებს იმ მიწას.

შეცდომით გაყიდვა რას ნიშნავს, ან თუ გაყიდა როგორ დაიბრუნებს?

ჩვენ ვაპირებთ იმას, რომ რა ტერიტორიებიც შემოგვრჩა აღარ გაიყიდოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: