მთავარი,სიახლეები

მაჟორიტარი კანდიდატი: ვიჯდე პარლამენტში და პოლიტიკური საკითხები გადავწყვიტო, მაგის კაცი არ ვარ

14.09.2016 • 1712
მაჟორიტარი კანდიდატი: ვიჯდე პარლამენტში და პოლიტიკური საკითხები გადავწყვიტო, მაგის კაცი არ ვარ

სოსო ნოღაიდელი ქობულეთის 71-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია საქართველოს პარლამენტში. ის კანდიდატად „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დაასახელეს. სოსო ნოღაიდელი პოლიტიკურ კარიერას პირდაპირ პარლამენტიდან იწყებს. გვითხრა, რომ აქამდე პოლიტიკის მიმართ ინტერესი არ ჰქონდა.

ბატონო სოსო, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკურად გააქტიურება და რატომ „თავისუფალი დემოკრატები“?

მე არ შემირჩევია, მეგობრების რეკომენდაციით შემხვდნენ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერები. ეს სადღაც ამ წლის ივლისში იყო.  თავიდან უარი ვთქვი. მერე მქონდა საუბარი ბატონ ირაკლი ალასანიასთან და დავთანხმდი. მე მომაწოდეს პროგრამა, რომესაც გავეცანი და მომეწონა პროგრამა მიწის რეფორმიდან დაწყებული საარსებო მინიმუმამდე, სოციალურად დაუცველების პროგრამა, პენსიონერები… ყველაფერი არის მარტივად გაწერილი. კარგად ვიცნობ ბატონ დავით ონოფრიშვილს, ის ერთ დროს ჩემი შეფი იყო. და ბატონი დავითის მიმართაც, როგორც ეკონომისტი, როგორც ფინანსისტი, ასეთი ადამიანი რომ იქნება გუნდში, დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება.

რა გითხრათ ასეთი ირაკლი ალასანიამ?

ძალიან დამაჯერებლად მესაუბრა. ირაკლი ალასანიას მიმართ მანამდე მქონდა სიმპათიები, ასევე კობა ჩხეიძის, სულხან ღლონტის, ჯაბა ბერიძის მიმართ…

სულხან ღლონტი, პარტიის ლიდერი რეგიონში რომ არ არის არც მაჟორიტარი კანდიდატი და არც პარტიულ სიაში, ეს რას ნიშნავს თქვენთვის?  

სხვათა შორის, მაგ თემაზე გვქონდა საუბარი. მე ჩემი უკმაყოფილება მაგის მიმართ გამოვთქვი… მოვისმინე პასუხი და გასაგებია, რომ ეს იყო სულხან ღლონტის არჩევანი. ის ასე ამბობს.

დამაჯერებელი იყო ეს პასუხი?

დამაჯერებელი არ იყო ნამდვილად… პოლიტიკოსი არ ვარ მაინცდამაინც ისეთი, რომ გავიგო სინამდვილეში რა მოხდა, ზუსტად ვერ გაგცემთ პასუხს.

რის გამო მოგეწონათ პარტია, ღირებულებების გამო, თუ ლიდერებით მოიხიბლეთ?

პროგრამა მაჩვენეს და მომეწონა. ბევრი საკითხი ძალიან კარგად არის გაწერილი, მაგალითად, მიწის საკითხი, სოციალური პროგრამები… მქონდა საუბრები ხშირად კობა ჩხეიძესთან. ერთხელ შევხვდი, ორჯერ, სამჯერ და ბოლოს დავთანხმდი.

პარლამენტარობის სურვილიც მაშინვე გაგიჩნდათ?

მე არ მინდოდა პარლამენტორობა, თვითონ შემომთავაზეს…

რას პირდებით ქობულეთელებს? რის გამო დათანხმდით შეთავაზებას?

ძალიან მიყვარს ჩემი რაიონი და უშუალოდ იმას ვპირდები, რომ ამ ხალხთან მექნება ურთიერთობა. იქ ვიჯდე, პარლამენტში და პოლიტიკური საკითხები გადავწყვიტო, მაგის კაცი არ ვარ… ახლაც სოფელში ვცხოვრობ და აქ ვარ. ქობულეთისთვის ძირითადად ის უნდა შეიცვალოს, რომ არ გატარებულა და არც დაწყებულა მიწის რეფორმა, სოფლებში რა მდგომარეობაა ყველამ კარგად ვიცით.

რისთვის გინდათ პარლამენტში შესვლა?

იმისთვის, რომ შევცვალო ბევრი რამე ჩემი რაიონისთვის… მაგალითად, აქ არ გატარებულა მიწის რეფორმა, ჩაის პლანტაციები რა დღეშია, ეს უნდა აღორძინდეს, ან გადაეცეს გლეხს, ვინც შრომა იცის და უყვარს. რაც შეეხება ქალაქს, ზღვისპირეთი რომ ნაგავში იხრჩობა და საშინელ დღეშია, ამას ყველა ვხედავთ. პრობლემა ძალიან ბევრია.

კონკრეული წინადადება გაქვთ, როგორ უნდა მოგვარდეს მიწის საკითხი?

სასოფლო-სამეურნეო მიწის სავარგულები გადაეცეს კერძო მესაკუთრეებს ერთხელ და სამუდამოდ – ამას მოვითხოვ. ყველა რომ მიხედავს თავის საკუთრებას, ეს მოაწესრიგებს პრობლემას.

ანზორ თხილაიშვილი აყენებდა მიწის რეფორმის მოთხოვნას, ისიც „თავისუფალ დემოკრატებს“ წარმოადგენდა აჭარის უმაღლეს საბჭოში. ალბათ, გახსოვთ, როგორ დასრულდა მისი ინიაციატივა პარლამენტში.

რა დააყენა ანზორ თხილაიშვილმა, არ ვიცი, მაგრამ ეტყობა, კარგად ვერ დააყენა…

თქვენ რა წინადადება გაქვთ ისეთი, რაც ფიქრობთ, რომ მისაღები იქნება ახალი მოწვევის პარლამენტისთვის?

ასე კონკრეტულად არ ვიცი, არ ჩავღრმავებივარ ამ საკითხს… 20-ში, ან 25 სექტემბერს გვექნება პარტიული შეხვედრა შეიძლება ბატონი ირაკლიც ჩამოვიდეს და იქ გავივლით მსგავს საკითხებს დეტალურად. საკითხს კონკრეტულად დავამუშავებთ და მოვიყვანთ იმ ფორმაში, რომ მოუსმინოს პარლამენტმა. თუ ღმერთმა ინება და ჩვენ მოვხვდით პარლამენტში ჩვენ ჩვენს კანდიდატურას წამოვაყენებთ გამგებლის თანამდებობაზე და გავაკეთებთ იმას, რომ ქობულეთი იყოს ერთ-ერთი სუფთა ქალაქი ზღვისპირეთში… ჩვენი სარჩევნო დაპირებებია სოციალურად დაუცველების მხარდაჭერა, პენსიონერების პრობლემა… 300 ლარი რომ იქნება პენსია, მინიმალური ხელფასი 500 ლარი, ხოლო საარსებო მინიმუმი 250 ლარი, ამაში ხალხს ეჭვი არ ეპარება. ჩემს გობულეთელებთან ისეთი ურთიერთობა მაქვს, რომ სჯერათ მათ ამ განცხადებების.

მანამდე რას ეუბნებით ამომრჩეველს?

მოსახლეობა ენდობა ჩვენს დაპირებებს. სოფლებში ვხვდები მოსახლეობას, სხვათა შორის, ბევრი გამოდის და აპროტესტებს სოციალური დახმარების შეჩერებას, მაშინ როცა მთთან არაფერი შეცვლილა. პენსიონერების პრობლემაა ასევე დიდი. გათვლილია და დათვლილია სერიოზიული ხალხის მიერ, რომ პენსია იქნება 300 ლარი და მინიმალური ხელფასი 500 ლარი…

ის, რომ არ გაქვთ პოლიტიკური გამოცდილება, ფიქრობთ, ეს ხელს არ შეგიშლით?

ეს, მგონი, უფრო პლიუსია. ადამიანებს აღარ უყვართ პოლიტიკოსები, იმედგაცრუება აქვთ…

P.S. სოსო ნოღაიდელი „საქართველოს რკინიგზის“ ქობულეთის ვაგზლის უფროსი იყო 2006 წლიდან. მანამდე ქობულეთის საგზაო პოლიციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 1991-1996 წლებში სოსო ნოღაიდელი მუხაესტატეს თემის საკრებულოს გამგებლად მუშაობდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: