Batumelebi | მაჟორიტარი კანდიდატი: მე იმის კაცი არ ვარ ახლა, რომ ხალხს წინასწარ რაღაცეები დავპირდე მაჟორიტარი კანდიდატი: მე იმის კაცი არ ვარ ახლა, რომ ხალხს წინასწარ რაღაცეები დავპირდე – Batumelebi
RU | GE  

მაჟორიტარი კანდიდატი: მე იმის კაცი არ ვარ ახლა, რომ ხალხს წინასწარ რაღაცეები დავპირდე

ავთანდილ ხაბაზი ქობულეთის 71-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატია აჭარის უმაღლეს საბჭოში. ის კანდიდატად პოლიტიკურმა პარტიამ „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსი“ დაასახელა. ამავე პოლიტიკური ძალიდან იგი ქობულეთის საკრებულოს წევრია.

ბატონო ავთანდილ, რის გამო გადაწყვიტეთ მაჟორიტარობა „პატრიოტთა ალიანსიდან“?

თვითმმართველობის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გავხდი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი. „ქართულმა ოცნებამ“ დამიწუნა და იმიტომ გადავწყვიტე ასე, ვითომ უკეთესი კანდიდატები ყავდა „ოცნებას“… მანამდე ჩართული ვიყავი პოლიტიკაში, „ოცნების“ მხარდამჭერი ვიყავი და მერე დამიწუნეს. სავალდებულო არ იყო, საკრებულოს წევრად შევეყვანე. თანამდებობისთვის არ ვიბრძოდი მე. თანადგომა მინდოდა და გვერდში დგომა. მინდოდა, დამემტკიცებინა „ქართული ოცნებისთვის“ ვინ ვარ მე.

დაუმტკიცეთ?

კი, დავუმტკიცე. ახლა უკეთესად დავუმტკიცებ კიდევ, როცა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი გავხდები.

რით დაუმტკიცეთ, რა შეძელით საკრებულოში?

რადგან ოპოზიციიდან ვარ, ძალიან ნაკლებ ყურადღებას მაქცევენ. ვიყავი შესული გაზიფიცირების მოთხოვნით, უარი მითხრეს. მერე ინტერნეტის შეყვანა მოვითხოვე ჩემს სოფელში, გვარაში და უარი მითხრეს… არც გაზიფიცირება, არაფერი სულ. ჩემი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე არის გამანაწილებელი სადგური გაზის, ორი კილომეტრია ჩემი სოფელი იქედან, დაგვაში გაზი აიყვანეს და ჩემთან უარი მითხრეს… ისინი უმეტესობა არიან, ჩვენ ვართ ოთხი „პატრიოტთა ალიანსიდან“ და რას ვიზამდით?

უმაღლეს საბჭოში რას შეცვლით, თუ უმრავლესობით მოსვლის მოლოდინი გაქვთ?

აი, რაც ჩამოგითვალეთ, მაგისთვის მინდა შესვლა, რომ ჩემს ქობულეთს დავუბრუნო ქალაქის სტატუსი, ბულვარის გაფართოებას მოვითხოვ კიდევ ქობულეთში, მიწები რომ იყიდება… კეთილმოწყობაზე უნდა ვიზრუნო. ისეთი პიროვნება არ ვარ,  გული არ შემტკიოდეს ჩემს ქალაქზე.  ჯერ ქალაქი არაა, მაგრამ გახდება მალე ქალაქი.

ანუ, გულისხმობთ თვითმმართველი ქალაქის სტატუსს? ამას აჭარის უმაღლესი საბჭოდან როგორ მოახერხებთ?

კი, ასეა. მე დავსვამ საკითხს და მოვითხოვ, რომ დამიდგენ გვერდში და კანონპროექტს შევიმუშავებთ, მერე პარლამენტში წარვადგენთ.

ეს სტატუსი რატომ იქნება მნიშვნელოვანი ქობულეთისთვის?

ქალაქს მერი ეყოლება, როგორც ოზურგეთს ყავს… ქალაქს ექნება თავისი ბიუჯეტი და დაფინანსება, მეტი ფული ექნება რაიონსაც.

მეტი საიდან იქნება?

საიდან და ბიუჯეტიდან… მერი მერე თვითმმართველობას აღარ დაემორჩილება… ოზურგეთში ასეა, ნახეთ. მე ვიყავი ოზურგეთში, გავესაუბრე და მითხრეს, ძალიან კარგი იქნება ეს სტატუსი ქობულეთისთვისო… ჯერ არ ვიცი ზუსტად, რომ ამირჩევენ საბჭოში, მერე დამირეკეთ და გეტყვით ზუსტად.

დღეს რას ეუბნებით ამომრჩეველს, რის გამო უნდა გააკეთონ თქვენზე არჩევანი?

დღეს მე არაფერს არ ვპირდები ხალხს… როცა ამირჩევენ, ხალხთან მივალ და ყველას გულის ტკივილს იმ დღიდან შევეკითხები… მე იმის კაცი არ ვარ ახლა, რომ ხალხს წინასწარ რაღაცეები დავპირდე…. ეს კითხვები დაუსვით იმას, ვინც რამეს პირდება ხალხს. ის, ვინც პირდება ხო, იგენი რეალურად არაფრის გამკეთებლები არ არიან. თუ ამირჩიეს, რომ მივალ საბჭოში, მეორე დღეს, მესამე დღეს, მაშინ მიხვდება ხალხი, რეალურად ვინ ვარ…

ეთანხმებით თუ არა „პატრიოტთა ალიანსის“ მთავარ გზავნილს – „თურქეთი ოკუპანტია?“

რატომ არ უნდა დავეთანხმო? რუსეთში მივიღე სწავლა-განათლება, მე ეთიკაც ვიცი და ესთეტიკაც… როგორ ახლა, თურქეთს იმდენი მიწები აქვს წაღებული, ბათუმში ქუთაისის ქუჩა მიტაცებული აქვთ, ოკუპანტი არაა და რუსეთს 20 პროცენტი აქვს მიტაცებული და იგია ოკუპანტი?

გაქვთ თუ არა გააანალიზებული, რა შედეგი შეიძლება მოყვეს თურქეთთან ურთიერთობების გაწყვეტას?

P.S. ამ კითხვას ავთანდილ ხაბაზმა აღარ უპასუხა. მან არც ჩვენს შემდგომ სატელეფონო ზარებს უპასუხა.

ავთანდილ ხაბაზი ქობულეთის საკრებულოს წევრია 2010 წლიდან. თავდაპირველად ის „ნაციონალური მოძრაობის“ სიით მოხვდა საკრებულოში. 2013 წელს მან „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა და დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა. 2014 წლიდან ის „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია.

ავთანდილ ხაბაზმა 1986 წელს დაამთავრა კუიბიშევის სამშენებლო ინსტიტუტი. წლების განმავლობაში  მუშაობდა გვარას კოლმეურნეობაში, კუიბიშევის სამშენებლო ინსტიტუტსა და გორლოვკას ქიმიურ ქარხანაში. 1993-2003 წლებში ავთანდილ ხაბაზი აჭარის საგზაო პოლიციაში მუშაობდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი