Batumelebi | მაჟორიტარი კანდიდატი: მთავრობამ უნდა დაავალოს ბიზნესმენებს, რომ გაიტანონ ციტრუსი მაჟორიტარი კანდიდატი: მთავრობამ უნდა დაავალოს ბიზნესმენებს, რომ გაიტანონ ციტრუსი – Batumelebi
RU | GE  

მაჟორიტარი კანდიდატი: მთავრობამ უნდა დაავალოს ბიზნესმენებს, რომ გაიტანონ ციტრუსი

დავით მანელიშვილი ქობულეთის 71-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია მოძრაობიდან „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“. ბოლო 16 წლის განმავლობაში ის სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირია. სოციალური შემწეობის სისტემას ღიად მას შემდეგ აკრიტიკებს, როცა დეპუტატის მანდატისთვის დაიწყო ბრძოლა. მემარჯვენე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი სახელმწიფო სახსრებით მაცივრების შეძენის დაპირებასაც აძლევს მეციტრუსეებს. დავით მანელიშვილი ქობულეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსად მუშაობდა. 2007-2011 წლებში კი, აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო.

ბატონო დავით, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში მოსვლა და რატომ პაატა ბურჭულაძის მოძრაობა?

სააგენტოდან გასული წლის ბოლოს გამოგვიშვეს, პრეტენზია არ მქონია. მე სულ ყველა პარტიისგან მქონდა შემოთავაზება. რატომღაც ჩავთვალე, რომ პაატა ბურჭულაძე და მისი გუნდი სუფთა ხელებით მოდიან… ყველა პარტიის პროგრამას რომ გავეცანი, უფრო ამას დავუჭირე მხარი პაატას ფაქტორის გამო. შემოქმედი კაცია, მსოფლიო ბრენდი. მას რომ შეხვდი და დაველაპარაკე, ნამდვილად სულ სხვა აზრზე მოვედი…. პოლიტიკურად შეიძლება იმდენად ვერ არის, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი რიგზე იქნება. მთავარია, რომ არის სუფთა და არაა გასვრილი არაფერში. მის გვერდით არიან ეკონომისტები, ძალიან დიდი გუნდი ჰყავს.

ანუ პაატა ბურჭულაძე იყო მთავარი ფაქტორი?

ყველანაირი ღირებულება არის აქ, მათი დაპირება, ყველანაირი მოქმედება. რაა იცით, არავის არაფერს ვპირდებით ისეთს, რის გაკეთებაც არ შეგვიძლია. სიცრუის ქვეშ რომ გვაცხოვრებდნენ, ესაა პრობლემა.

თქვენ რას ჰპირდებით ქობულეთს?

ვიყავი მეცნიერებაში და ვიცი, განათლების საკითხები კარგად. ვიყავი დაგვის საკრებულოს თავმჯდომარე და სოფლის მეურნეობაც ძალიან კარგად ვიცი. ასევე ვიცი სოციალური მომსახურების სისტემა და ამის ირგვლივ ვესაუბრები მოსახლეობას. ჩემთვის რაც გადასაწყვეტი იქნება, კანონმდებლობის სახით, მაგას ყველაფერს გავაკეთებ.

კონკრეტულად გვითხარით, მაგალითად, სოფლის მეურნეობის კუთხით რას გეგმავთ?

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მიწები უნდა განაწილდეს. გლეხს უნდა მივცეთ უფლება, რის მოყვანის საშუალებაც აქვს, ის მოიყვანოს. ერთი გოჯა მიწა არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი. ამას როგორ ვაპირებ, ეს უკვე ჩემი გადასაწყვეტია.

თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ რატომ უნდა დაგიჯეროთ ამომრჩეველმა, რომ ამას შეძლებთ? მიწის რეფორმა არაერთი პარტიის წინასაარჩევნო დაპირება იყო.

მაქვს მოდელზე ნაფიქრი, მაგრამ ახლა არ ვიტყვი ამას. ამას ძალიან დიდი პროგრამა აქვს, მე და ჩემი მეგობრები დავჯექით და გადავწყვიტეთ ყველაფერი.

ამომრჩეველს რას ეუბნებით ამ დროს, მოვიფიქრე და თქვენ უბრალოდ მიიღეოთ? იქნებ არ იზიარებს ხალხს თქვენს მოდელს.

ეს არის ხელისუფლების კეთილ ნებაზე დამოკიდებული. თუ იქნება ნება, ერთი თვის ამბავია ამის გადაწყვეტა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს ეს თემა. მოუგვარებელი აქ არაფერი არ არის. მით უმეტეს, თითქმის ყველამ იცის საკუთრი მიწის ნაკვეთი რომელია და თითქმის ეს ყველაფერი გაკეთებულია, ოღონდ კანონის ჩარჩოებში უნდა მოექცეს ეს.

სოფლის მეურნეობაზე რა ხედვა გაქვთ?

მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მიღებული პროდუქციის გასაღება. ამაზე მაქვს ნაფიქრი. გლეხმა უნდა უზრუნველყოს მანდარინის, მოცვის, თხილის თუ ყურძნის მოყვანა, ხოლო გატანა საზღვრებს გარეთ, ამას გლეხი ხომ ვერ შეძლებს? … მთავრობამ უნდა დაავალოს, ცუდად რომ ვთქვათ, ბიზნესმენებს და ვიღაც-ვიღაცებს, რომ გაიტანონ პროდუქცია…

ამას თავისუფალ ბიზნესზე ზეწოლა არ ჰქვია?

ხალხმა, აბა, სული არ უნდა მოითქვას? ვიღაცამ ხომ უნდა წაიღოს ეს მანდარინი და გაყიდოს? იძულება არაფრით არ იქნება, მაგრამ შავით თეთრზე დავწერთ, რომ აი, მაგალითად, ამ გლეხს უნდა დავეხმაროთ მანდარინის გასაღებაში, ამაში ცუდი რა არის? გლეხს უნდა დაეხმარო, დააკვალიანო, იქ მაცივრებია საჭირო მანდარინის შენახვისთვის და ასე შემდეგ.

მაგალითად, მაცივრები ვინ უნდა შეიძინოს?

რა თქმა უნდა, მაცივრები მთავრობამ უნდა შეიძინოს, მან უნდა უხელმძღვანელოს და უპატრონოს საცოდავ გლეხებს.

თქვენ მემარჯვენე ძალა ხართ, რომელიც ორიენტირებულია თავისუფალ ბაზარზე და ბიუროკრატიის შემცირებაზე…

ეს უბრალო ლაპარაკია, ყველას მოსწყინდა უკვე… რა გინდათ ჩემგან გაიგოთ, ვერ გავიგე. ბიზნესმენებს უნდა ვთხოვოთ, რომ შეიძინონ ციტრუსი, აბა, მეტი რა გითხრათ?

რა რესურსით უნდა შეიძინოთ მაცივრები?

ჩვენი ეკონომისტები მუშაობენ ამაზე. პატარ-პატარა პრემიები არ უნდა გამოიწერონ და ყველაფერი იქნება, არაფერი პრობლემა არაა…

მთავრობა თუკი შეიძენს მაცივრებს მანდარინისთვის, ეს ჯდება თქვენს პოლიტიკიურ პლატფორმაში?

ჩემი პლატფორმა არის ის, რომ მანდარინს რომ მოკრეფს გლეხი, ის უნდა გაყიდოს…

სხვა საკანონმდებლო ინიციატივა გაქვთ?

თუ ამირჩევს ხალხი და ჩემი მუშაობა არ მოეწონება, ხალხს უნდა ჰქონდეს ჩემი გამოწვევის უფლება.. კიდევ რა გითხრათ, ქობულეთს უნდა მიენიჭოს აუცილებლად სტატუსი. როცა მიენიჭა 15 ქალაქს სტატუსი და იმ ჩამონათვალში ქობულეთი ვერ ვნახე, გული კინაღამ გამისკდა.

თქვენ 16 წელი მუშაობდით სოციალური მომსახურების სააგენტოში. ამ კუთხით გეგმავთ თუ არა საკანონმდებლო ცვლილებას?

ძალიან ცუდი პროგრამაა ეს შემწეობის პროგრამა… წლების განმავლობაში ხელმძღვანელი ვიყავი. ორ ოჯახს სხვადასხვა ქულები რომ მოსდის და მეზობლები ერთმანეთს ექიშპებიან, ეს პროგრამის ბრალია. უვახშმოდ ადამიანები აღარ უნდა იძინებდნენ და დანიშნულ დახმარებას არ უნდა უხსნიდნენ ადამიანს იმის გამო, რომ საჩუქარი მიიღო ვიღაცისგან.

რა უნდა შეიცვალოს?

დიდ ბოდიშს გიხდით თქვენ, ჯერ ვერ გეტყვით ამას. სხვა შეკითხვა გაქვთ?

რამდენად დამაჯერებელი იქნება თქვენი ეს დაპირება, როცა სოციალური შემწეობის მოდელს მხოლოდ მას შემდეგ აკრიტიკებთ საჯაროდ, როცა პოლიტიკურად გააქტიურდით?

ეს უკვე ავანტურისტული შეკითხვაა. თქვენ არასდროს არ დაგიძახიათ ჩემთვის და არ გიკითხავთ, რას ვფიქრობდი სისტემაზე…

ბოლოს ქობულეთის პანსიონზე მინდა გკითხოთ, უნდა ფუნქციონირებდეს თუ არა ქობულეთში მუსლიმური პანსიონი, სადაც სასამართლომ დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა?

რა თქმა უნდა, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ხელი არ შეეშალოთ ადამიანებს ლოცვაში. ჩემი პრინციპი ესაა – კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა, იქ ოლოცე.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი