სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება. ახალ სასწავლო წელს აჭარის სკოლები მოსწავლეთა გაზრდილი რაოდენობით ხვდება. რამდენი სკოლა აშენდა /გარემონტდა წელს? მოხერხდება თუ ვერა სახელმძღვანელოებისა და პირველკლასელთა კომპიუტერების დროულად გაცემა? ამ და სხვა კითხვებზე „ბათუმელები“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს, სულიკო თებიძეს ესაუბრა.
ბატონო სულიკო, დაიწყება თუ არა მთელ აჭარაში სასწავლო პროცესი` ერთდროულად, 15 სექტემბერს?
აჭარაში მხოლოდ ერთ სკოლაზე – ბათუმის მე-17 საჯარო სკოლაზე გვეეჭვება, რომ შესაძლოა ერთი კვირით მოგვიხდეს გადადება. დაზუსტებით ორშაბათს გვეცოდინება. ამ სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება და უმნიშვნელო სამუშაოებია დარჩენილი. სხვა არც ერთ სკოლაში მსგავსი მდგომარეობა არ გვაქვს – იქ, სადაც მშენებლობა არ დასრულებულა, არსებობს ალტერნატიული სივრცე, სადაც დაიწყება სასწავლო პროცესი. მაგალითად, ხულოში, აგარის საჯარო სკოლის მშენებლობა ახალ წლამდე უნდა დამთავრდეს, მაგრამ ალტერნატიული ფართობი – ძველი შენობა არ დაგვიშლია და სასწავლო პროცესს იქ გააგრძელებენ. ასევე ხულოში, ტუნაძეების საჯარო სკოლაში არის ორწლიანი მშენებლობის პროექტი, წელს დაიწყო და მომავალ წელს უნდა დამთავრდეს. არსებული ხის შენობა სხვა ადგილას გადავიტანეთ და სასწავლო პროცესი იქ გაგრძელდება. შუახევშიც, ფურტიოს საჯარო სკოლა მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დამთავრდეს – იქაც ძველი ხის შენობა გადავიტანეთ გვერდით და გაგრძელდება სასწავლო პროცესი.
უკვე ტენდერი გამოვაცხადეთ და ალბათ თვის ბოლოდან თუ არა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დავიწყებთ კაპრეშუმის საჯარო სკოლის მშენებლობას, რომელიც ასევე ორწლიანი პროექტია. მოქმედი შენობა არც იქ დაგვიშლია.
სულ რამდენი სკოლა გაარემონტეთ მიმდინარე წელს და დარჩენილია თუ არა რაიმე მნიშვნელოვანი სამუშაოები? ასევე რომ გვითხრათ, რამდენი ლარი იყო ამ სამუშაოების ჩასატარებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილი?
წელს რეაბილიტაცია-მშენებლობაზე სულ 27 ობიექტი გვქონდა, აქედან 19 სკოლა იყო, 2 – პანსიონი. 19 სკოლიდან 6 ახალი მშენებლობა გვქონდა, ასევე 6 სპორტულ დარბაზს ჩავუტარეთ რეაბილიტაცია. უმნიშვნელო სამუშაოები გვაქვს დარჩენილი, მაგალითად, ლეღვას პირველ საჯარო სკოლაში – სკოლა ცენტრალურ გზაზე მდებარეობს და ხშირად ხდებოდა ავტოავარია, რის გამოც ეზოს ღობე დაზიანდა. გამგეობამ გზაზე დამცავი გააკეთა. ალბათ ამ დღეებში ამ სკოლის ეზოს გალავნის მშენებლობას დავიწყებთ. ძირითადი სამუშაოები წინსვლის საჯარო სკოლის გარდა ყველგან დასრულებულია. 27 ობიექტისთვის ბიუჯეტში, მთლიანობაში, 6 მილიონ 700 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული.
სამომავლოდ თუ გაქვთ დაგეგმილი სკოლების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები და რამდენ სკოლას შეეხება ეს?
მომავალი წლის ბიუჯეტში გაწერილი გვაქვს 22 სკოლის მშენებლობა ან რეაბილიტაცია, ასევე 6 სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია. 13 სკოლის პროექტის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტს წინასწარ ვყიდულობთ, რომ 2018 წელს დაიგეგმოს მათი მშენებლობა.
სულ რამდენი სკოლა, მოსწავლე და მასწავლებელი ხვდება წლევანდელი სასწავლო წლის დაწყებას აჭარაში?
სულ გვაქვს 255 სკოლა, მათგან 229 საჯაროა, 26 _ კერძო. წლევანდელი მონაცემებით, აჭარაში რეგისტრირებულია 53 861 მოსწავლე [მათგან 5 846 პირველკლასელია] და 7 033 მასწავლებელი.
რა ეტაპზეა სახელმძღვანელოებისა და პირველკლასელთა კომპიუტერების მიღების პროცესი? ხომ არ შეიქმნება პრობლემა მათ დროულად გაცემაზე?
იმ პირველკლასელთათვის, რომლებმაც რეგისტრაცია პირველ სექტემბრამდე გაიარეს, ყველა კომპიუტერი შემოსულია. თუმცა, სამწუხაროდ, გვაქვს შემთხვევები, როდესაც მშობლებს დაავიწყდათ შვილების დარეგისტრირება, მაგალითად, ხუთმა თუ ექვსმა განცხადებით გვიან მოგვმართა… მათი კომპიუტერები, ალბათ, მოგვიანებით შემოვა, როგორც გასულ სასწავლო წელს.
რაც შეეხება სახელმძღვანელოებს და დამხმარე რვეულებს, 90% შემოსულია. მე უკვე ველაპარაკე შესაბამის სააგენტოს თბილისში და გვპირდებიან, რომ ამ შაბათ-კვირას ყველას შევავსებთ. მგონი, სასწავლო წლის დაწყებისთვის ყველა სახელმძღვანელო გვექნება, ალბათ ერთეული გამონაკლისის გარდა. ყველა ბავშვს სკოლაში მაგიდაზე დახვდება თავისი სახელმძღვანელო.
რაც შეეხება სასკოლო ავტობუსებს, აქ რა მდგომარეობა გვაქვს?
რა ხაზებიც გვქონდა სასწავლო წლის ბოლოს, იგივე გვექნება. ზოგადად, სადაც კი მოთხოვნა იყო მშობლებისგან, 100%-ით ემსახურება ავტობუსები.
რომელიმე კერძო სკოლას ავტორიზაცია ხომ არ შეწყვეტია ან ახალი კერძო სკოლა ხომ არ გახსნილა?
ავტორიზაციის გაცემას ჩვენი სამინისტრო ვერ წყვეტს… რამდენადაც ვიცი, ერთი კერძო სკოლა შეემატა ქალაქს, მაგრამ ჩვენ ჯერ ოფიციალური დოკუმენტი არ მოგვსვლია.
რა სიახლეები იქნება სკოლებში ახალ სასწავლო წელს?
დიდი ცვლილებები დაგეგმილია მომავალი სასწავლო წლისთვის, წელს ძველი ეროვნული სასწავლო გეგმით ვიმუშავებთ. ცვლილება არის ის, რომ სკოლაში გაჩენილი ვაკანსიის შემთხვევაში, თუ ადრე დირექტორი თავისი შეხედულებით ნიშნავდა მასწავლებელს, ახლა ნებისმიერი დირექტორი ვალდებულია გამოაცხადოს კონკურსი. პრივილეგია ენიჭება სერტიფიცირებულ მასწავლებელს ან მასწავლებელს, რომელსაც საგანი ჩაბარებული აქვს. წელს იმდენი ვაკანტური ადგილი გაგვიჩნდა პირველკლასელთა რაოდენობის გაზრდის გამო, რომ ყველა სკოლა სერტიფიცირებული მასწავლებლებით ვერ დავაკომპლექტეთ. ბათუმში თავიდან მიღება გვქონდა 2 300 ბავშვზე, მაგრამ პირველივე დღეს შეივსო ადგილები და ოთხასი მოსწავლის ადგილი დავამატეთ. შესაბამისად, სკოლებმა გამოაცხადეს ვაკანსია და სერტიფიცირებული მასწავლებლების დიდი ნაწილი აიყვანეს. ჩემი ინფორმაციით, დარჩა რამდენიმე სკოლა, სადაც ადგილები იყო და, როგორც ჩანს, არ აღმოჩნდა სერტიფიცირებული მასწავლებლების შესაბამისი რაოდენობა. ამის გამო აიყვანეს არასერტიფიცირებულები. წელს მოსწავლეების მატება გვაქვს სხვა მუნიციპალიტეტებშიც. სამწუხაროდ, ახლა ზუსტ სტატისტიკას ვერ გეტყვით.
კონკურსს ვინ და რა სახით ატარებს?
არის ვებგვერდი – პედაგოგი.გე, სადაც ცხადდება ვაკანსიები საქართველოს მასშტაბით, შემდეგ კი სკოლა ატარებს კონკურსს, კონკურსის სახესაც სკოლა ირჩევს. არის აუცილებელი მოთხოვნები და დანარჩენს უკვე სკოლა წყვეტს. თუ კონკურსი დიდია, შესაძლებელია აირჩიო გასაუბრება ან საჩვენებელი გაკვეთილის ჩატარება… ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არ ვერევით ამაში – სკოლა ავტონომიურად იღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ საქმეში ვერთვებით იმ შემთხვევაში, თუ საჩივარი შემოვა.