კვირის ამბები,მთავარი

რიგების მოწესრიგების მცდელობა საბაჟოზე

14.09.2016 • 3393
რიგების მოწესრიგების მცდელობა საბაჟოზე

სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან ავტომობილების რიგების რეგულირება საქართველოში დღემდე ვერ ხერხდება. მიუხედავად შესაბამისი კანონმდებლობის არსებობისა, პრობლემა არ გვარდება. მიმდინარე წლის 26 აგვისტოს ძალაში შევიდა შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან სატვირთო ავტომობილების რიგების მოწესრიგების წესი, თუმცა, ეს წესიც არ მოქმედებს.

ზემოაღნიშნული წესით, საზღვრის გადაკვეთის მიზნით გადაადგილებული სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებულია, საგზაო მოძრაობა გააგრძელოს შესაბამის გამტარ პუნქტთან განთავსებულ სპეციალურ ავტოსადგომზე [ასეთის არსებობის შემთხვევაში] მიღებული ქვითრით განსაზღვრული რიგითობის დაცვით.

მინისტრის ბრძანებაში განმარტებულია, რომ „სპეციალური ავტოსადგომი“ წარმოადგენს ავტოსადგომს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სპეციალურ მოთხოვნებს; რიგების მართვას უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახური.

შემოსავლების სამსახურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ, მაგალითად, „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტთან არსებულ ავტოსადგომებზე არ რეგულირდება ავტომობილების რიგები: „დღეის მდგომარეობით, ადლია-გონიოს ტერიტორიაზე არსებული არც ერთი ავტოსადგომი არ არის ჩართული „რიგების მართვის“ სისტემაში. მომავლაში იქნებიან თუ არა ისინი ჩართულები, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დააკმაყოფილებენ შესაბამისი რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს“.

რეგლამენტი, ანუ პარამეტრები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან არა უმეტეს 20 კმ-ის რადიუსში არსებული და რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული ავტოსადგომები, საქართველოს მთავრობამ წელს, 27 მაისს დაადგინა. ავტოსადგომების რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის ბოლო ვადა კი 2016 წლის დეკემბრამდეა. ამის შემდეგ [ან, მანამდეც, თუ აკმაყოფილებს რეგლამენტს] მფლობელი, ავტოსადგომის რეგლამენტის პარამეტრებთან შესაბამისობის დამადასტურებელ დასკვნას წარუდგენს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, რომელიც თავის მხრივ, ინფორმაციას აწვდის შემოსავლების სამსახურს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ავტოსადგომი რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩაერთოს.

შემოსავლების სამსახურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ქვეყნის მასშტაბით რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართვის სურვილი არც ერთ ავტოსადგომს არ გამოუხატავს, ან კიდევ, ისინი ჯერ ვერ აკმაყოფილებენ შესაბამის სტანდარტს.

მძღოლის მიერ რიგის ნომრის აღებისა და ავტოსადგომიდან ავტომანქანების რიგითობის მიხედვით გასვლის წესი, საქართველოს ფინანსთა და შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით განისაზღვრა, რომელიც წელს, 28 აგვისტოდან ამოქმედდა.

ეს წესი ეხება გამშვები პუნქტების მიმართულებით გადაადგილებულ სატვირთო ავტომანქანებს [ტრაილერებს] და ზოგჯერ სამგზავრო ავტობუსებსაც. კერძოდ: სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიმართულებით გადაადგილებული №2 ან №3 კატეგორიის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება [ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით] პუნქტში გამოცხადებამდე აუცილებლად უნდა განთავსდეს შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან განთავსებულ ავტოსადგომზე [ასეთის არსებობის შემთხვევაში]; ხოლო, M2 ან M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება [ავტობუსი] ავტოსადგომზე განთავსდება სტიქიური მოვლენის ან სხვა დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად საგზაო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში.

ავტოსადგომზე შესვლისას მძღოლზე უნდა გაიცეს ქვითარი, სადაც მითითებული იქნება სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი, ავტოსადგომზე შესვლის თარიღი და დრო, აგრეთვე რიგის ნომერი; ქვითარზე დატანილი მონაცემები უნდა აისახოს შემოსავლების სამსახურის „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“; ამ მონაცემების გამოყენებით განისაზღვრება ავტოსადგომიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების გასვლის დრო, რის თაობაზეც უნდა ეცნობოს მძღოლს.

საბაჟო გამშვებ პუნქტში შესაბამისი პროცედურის დარღვევით გამოცხადებული ავტომანქანა ექვემდებარება უახლესი ავტოსადგომის მიმართულებით უკან გაბრუნებას.

შს მინისტრის ბრძანებით, სასაზღვრო გამტარ პუნქტთან სატვირთო ავტომობილების რიგის მოწესრიგებას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაუწევს ზედამხედველობას – „მიუთითებს რიგში მდგომ სატრანსპორტო საშუალებებს და განალაგებს მათ იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული მოძრაობის შეფერხება; საცობის შექმნის შემთხვევაში იღებს ზომებს რიგების ოპერატიულად განტვირთვისათვის; უზრუნველყოფს სატვირთო ავტომობილების მძღოლთა ინფორმირებას სპეციალურ ავტოსადგომზე შესვლისა და მიღებული ქვითრით განსაზღვრული რიგითობის დაცვის პროცედურის შესახებ; საჭიროების შემთხვევაში ზღუდავს, კრძალავს ან ცვლის სატვირთო ავტომობილების მოძრაობას…“

განბაჟების ზონა

გააჩნია თუ არა შემოსავლების სამსახურს ავტოსადგომი და საკმარისი ტერიტორია, რათა რიგითობის დაცვით უზრუნველყოს სატვირთო მანქანების შეუფერხებლად გადაადგილება? – ამ კითხვაზე შემოსავლების სამსახურში გვიპასუხეს, რომ „შემოსავლების სამსახურს არ აქვს ასეთი ავტოსადგომი. ზემოაღნიშნულ მომსახურებას მძღოლებს გაუწევენ ის კერძო ავტოსადგომები, რომლებიც დააკმაყოფილებენ რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს“.

„ბათუმელები“ გონიოში არსებულ ერთ-ერთ მსხვილ კერძო ავტოსადგომს დაუკავშირდა, რომელიც კომპანია „ფიგოილს“ ეკუთვნის [„ფიგოილს“ ორი დამფუძნებელი ჰყავს – ბიზნესმენი გია ჭყონია და შპს „პროფერთი გრუპი“]. კომპანიაში აცხადებენ, რომ ავტოსადგომს რიგების მართვის წესთან საერთო არაფერი აქვს და ის ამ სისტემაში არ არის ჩართული. აპირებს თუ არა ავტოსადგომი „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ჩართვას? – კომპანიის იურისტი არჩილ ბასილაძე პასუხობს: „შესაძლებელია ჩაერთოს“.

რიგების მართვის წესი თურქეთის საბაჟოზე

როგორ მართავენ რიგების, მაგალითად, მეზობელ თურქეთში, სარფის გამტარ პუნქტთან? – ამ კითხვაზე საქართველოს შემოსავლების სამსახურში გვიპასუხეს: „თურქეთის ტირპარკში შესვლის ვალდებულება აქვს ყველა სატვირთოს. თუ სატვირთო პირველად შედის ტირპარკში, შესვლის მომენტში უნდა გადაიხადოს შესვლის საფასური. ამ თანხის გადახდის შემდეგ მძღოლს ეძლევა პლასტიკური ბარათი, რომლის მოქმედების ვადა 2 წელია. ბარათი ფორმდება ავტომანქანის ნომერზე და იცვლება მხოლოდ ნომრის ან ავტომობილის შეცვლის შემთხვევაში.

ორი წლის განმავლობაში ტირპარკში ყოველ შესვლაზე საფასურის რიცხავენ პარკში შესვლისას, რასაც პროგრამულად კითხულობს საბაჟოსთან არსებული ტირპარკის თანამშრომელი. რიგს ის აკონტროლებს.

ბარათზე საფასურის ჩარიცხვის შემდეგ მძღოლს ეძლევა რიგის ნომერი, რომელზედაც მითითებულია ტვირთის სახეობა – ჩვეულებრივი ტვირთია თუ პრიორიტეტული. ტირპარკიდან გამოსვლას სატვირთოს მძღოლი აფიქსირებს სპეციალურ წამკითხველზე ბარათის დადებით. გამოსვლის მომენტიდან მინიმუმ 6 საათში სატვირთო უნდა გამოცხადდეს საბაჟო გამშვებ პუნქტში.

თუ ტირპარკიდან გამოსვლის შემდეგ დაზიანდა სატვირთო ავტომობილი და ვერ ასწრებს 6 საათში საბაჟოზე გამოცხადებას, მძღოლი ვალდებულია აცნობოს ტირპარკის ადმინისტრაციას, რის შემდეგაც ვადას გაუგრძელებენ. ამ ვადის გასვლის შემდეგ თუ ისევ არ შევიდა სატვირთო საბაჟოზე, ის ვალდებულია დაბრუნდეს ტირპარკში და თავიდან შეიძინოს რიგის ნომერი [ტირპარკში შესვლის დროს ვიდეოკამერით ფიქსირდება მანქანის ნომერი, რითაც ამოწმებენ ბარათის ნამდვილობას, რომ ის კონკრეტულად ამ სატვირთოს ეკუთვნის].

ტირპარკის ადმინისტრაცია პროგრამულად ხედავს რამდენი მანქანა გამოცხადდა საბაჟო გამშვებ პუნქტზე [სგპ-ზე შესვლას მძღოლი ადასტურებს ბარათის წამკითხველზე დაფიქსირებით] და ამის საფუძველზე უშვებს იმდენ სატვირთოს, რამდენიც შევიდა საბაჟო გამშვებ პუნქტზე“.

ტრაილერი საბაჟო სარფი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: