მთავარი,სიახლეები

მაჟორიტარი კანდიდატი: დირექტორების დანიშვნა შეთანხმდეს უმაღლეს საბჭოსთან

13.09.2016 • 1831
მაჟორიტარი კანდიდატი: დირექტორების დანიშვნა შეთანხმდეს უმაღლეს საბჭოსთან

ელგუჯა ბაგრატიონი აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად იყრის კენჭს. ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატია ბათუმის #68 საარჩევნო ოლქში. რა ვერ შეძლო მან ქობულეთის საკრებულოდან და რის შეცვლას გეგმავს უმაღლესი საბჭოდან, თუ აირჩევენ? – ამ თემებზე მან „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა.

ბატონო ელგუჯა, გამარჯვების შემთხვევაში იმ ოლქის ამომრჩევლისთვის, რომელშიც თქვენ ხართ დასახელებული მაჟორიტარობის განდიდატად, რას გააკეთებთ უმაღლესი საბჭოდან?

ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომელიც ჩვენი გუნდის მიერ იქნა შემუშავებული – ეს არის სოციალური სახლების მშენებლობა, ეს ეხება ბარაკული ტიპის დასახლებას. ასევე მეწყერსაშიშ ზონაში მყოფ ადამიანებს, ასევე პროგრამის ნაწილია პენსიების 50 ლარით გაზრდა, სოციალურად დაუცველებისათვის 600-ლარიანი ვაუჩერი. ციტრუსის პროგრამა, სადაც სახელმწიფო კორპორაცია შეიქმნება, რომელიც 70 თეთრად შეისყიდის ციტრუსის ნაყოფს. წყლისა და კანალიზაციის დაწყებული სამუშაოები გაგრძელდება, რომელიც დატოვებული იქნა ჩვენს მიერ 2012 წელს და უნდა დასრულებულიყო.

ეს არის ძირითადი, რასაც თქვენს ამომრჩეველს ჰპირდებით საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შემთხვევაში?

დიახ.

რაც შეეხება საკანონმდებლო გადაწყვეტილებებს, სად ხედავთ ხარვეზებს კანონმდებლობაში და რისი შეცვლა გინდათ, რითაც თქვენი ამომრჩეველი შემდეგ სარგებელს ნახავს?

აჭარის ისტორიაში 2012-2016 წლების უმაღლესი საბჭო იყო ერთ-ერთი სამარცხვინო უმაღლესი საბჭო. ეს იყო შავი ლაქა უმაღლესი საბჭოს ისტორიაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ, პირველ რიგში, უფლებამოსილებების გაზრდა უნდა მოვითხოვოთ, ელემენტარულად სკოლის დირექტორების დანიშვნა. შსს- ი, პროკურატურაში – ხელმძღვანელი პირების დანიშვნა უნდა შეთანხმდეს უმაღლეს საბჭოსთან, ასევე გვაქვს რიგი კანონებისა, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ…

მაინც რაზე მუშაობთ, რას ეხება ეს კანონპროექტები?

რამდენიმე მაგალითი უკვე დაგისახელეთ – ეს არის პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინიტროს სტრუქტურები, სადაც ხელმძღვანელებს ნიშნავდა საქართველოს მთავრობა, აუცილებელი უნდა იყოს ასევე სკოლის დირექტორების დანიშვნა შეთანხმდეს აჭარის მთავრობასთან. რომელიც არ თანხმდებოდა და ცენტრალური ხელისუფლება ნიშნავდა. ასევე მიწის რეფორმასთან დაკავშირებით ვაპირებთ, რომ შევიმუშაოთ კანონი და პარლამენტს მივაწოდოთ რეკომენდაციები, მოვთხოვოთ, რომ შევიდეს ცვლილება კანონში.

კონკრეტულად რა ცვლილება უნდა მოითხოვოთ?

2008 წლის ნოემბერში შევიდა კანონში ცვლილება და კანონი მოითხოვდა შენობა-ნაგებობის არსებობას მიწის ნაკვეთში, სადაც არსებობა დგინდებოდა. ახლა მოვითხოვთ, რომ ეს ნაწილი ამოვიდეს კანონიდან და ისეთი მიწის ნაკვეთები, რომლებიც ფაქტორბრივად მფლობელობაშია, არის შემოფარგლული და არის მრავალწლიანი ნარგავები, დაუკანონდეს მოსახლეობას.

მიწის რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობთ, მაშინ როცა თქვენი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაუკანონეს და შემდეგ ჩამოართვეს მოსახლეობას ნაკვეთები, მიიჩნევთ რომ ეს იყო შეცდომა?

მოგეხსენებათ, რომ 2007 წლამდე აჭარაში რეფორმა არ ჩატარებულა, 2007 წლიდან დაიწყო. შესაბამისად, გაიპარა ხარვეზები. სადაც ხარვეზი აღმოჩნდა შემდეგ პრობლემები წარმოიშვა, თუმცა, 80 პროცენტი მიწის ნაკვეთებისა, რომელიც საკუთრებაში გადაეცა მოსახლეობას, დღესაც საკუთრებაში აქვთ. დაახლოებით 20 პროცენტამდე ადამიანები არიან დარჩენილები, რომლებიც ელემენტარულად კანონის შესაბამისობაში ვერ მოდიოდა და დარჩა გაუფორმებელი. თუმცა, ჩვენ 2012 წელს რეკომენდაცია მოვამზადეთ ამასთან დაკავშირებით, ახლა ვაპირებთ, რომ ეს კანონი მოვამზადოთ უმაღლეს საბჭოში და გადავუგზავნოთ საქართველოს პარლამენტს რომ შეიტანოს ცვლილება .

გონიოს მოსახლეობას მთლიანად გაუუქმა მთავრობამ მანამდე აღიარებული საკუთრების უფლება, დღემდე მათ დაუკანონებელი აქვთ მათ საკუთრება…

გონიოს მოსახლეობას და ციხისძირის მიმდებარე ტერიტორიებს რაც შეეხება, აქ თავის დროზე, რა თქმა უნდა, მოხდა ხარვეზი. იცით, რომ გონიოს ციხესთან დაკავშირებით რეგულაციები არსებობს, მოსახლეობას რომც გადაეცეს, ფაქტობრივად, ის იქნება გამოუყენებელი მიწის ნაკვეთი, სადაც სამშენებლო ნებრთვები არ გაიცემა. ნაკვეთებზე, რომლებიც გონიოს ციხის ირგვლივ არსებობს მოსახლეობასთან უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება და კომპენსაციები გავცეთ. სახელმწიფო საკუთრებაში დარჩეს ისინი, ეს მაინც გამოუყენებელი იქნება საკუთრებაში რომც გადაეცეთ. რეგულაციები არსებობს, სადაც ხუთასი მეტრის რადიუსში არ შეიძლება მშენებლობის დაწყება.

ეთანხმებით ამ რეგულაციებს?

ეს არის საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისი რეგულაციები. იცით, რომ გონიოს ციხე სტატუსის მატარებელია და შეუძლებელია, რომ იქ რაიმე მშენებლობა აწარმოო. სასტუმროები აშენდა მოშორებით სხვა მიწის ნაკვეთებზე, რომელიც არაა გონიოს მიწის ნაკვეთები. იქ იყო კიდევ ის ხარვეზები, სადაც გაიპარა, სადაც შესაძლებელი იქნება აღიარება იქ ვუღიარებთ, სხვებზე ვფიქრობთ, რომ კომპენსაციები გაიცეს და ამ კუთხით ვაწარმოოთ მოლაპარაკება მოსახლეობასთან.

ამომრჩეველი არც იმ ფორმით სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ნაკვეთების პროვატიზებას ეთანხმებოდა, როგორც ეს ხდებოდა თქვენი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს.

2012 წლის შემდეგ ყველაფერი გაჩერდა, არის დასაქმების პრობლემა, ასევე სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის სოციალური დახმარების მოხსნა დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. რაც შეეხება რეგულაციების გვერდის ავლას ეს ამ ხელისუფლების მანკიერი მხარეა, რადგან ამ ხელისუფლების დროს დაიწყო.

არამხოლოდ ამ ხელისუფლების დროს ბატონო ელგუჯა, ბულვარში მაღლივი შენობა მივიღეთ წინა ხელისუფლების დროს.

ტექნოლოგიურზე თუ გვაქვს საუბარი, ეს ერთ-ერთი ულამაზესი შენობაა და არამგონია, რომ ამაზე ვინმეს პრეტენზია ჰქონდეს.

როგორც ჩანს არ გაგიგიათ პრეტენზიებზე ან არ გინდათ რომ გაიხსენოთ. მოდით დავუბრუნდეთ საკადრო პოლიტიკას, რატომ უნდა იყოს სკოლის დირექტორების დანიშვნის საკითხი უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებული?

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ კუთხით აჭარის მთავრობას უნდა გაეზარდოს უფლებამოსილება. იცით, რომ აჭარაში არსებობს განათლების სამინისტრო, რომელიც ვერ ნიშნავდა დირექტორებს. აქ ვფიქრობთ, რომ შევიდეს ცვლილება და აჭარის განათლების სამინისტროს მიეცეს ამის უფლება, აჭარის სკოლებში დანიშნოს დირექტორები თვითონ.

P.S. ელგუჯა ბაგრატიონი ქობულეთის საკრებულოს წევრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარეა. ის იყო 2007-2010 წლების ქობულეთის საკრებულოს წევრი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მანამდე კი ქობულეთის გამგეობაში რწმუნებულად მუშაობდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: