მთავარი,სიახლეები

რატომ მცირდება მაღალმთიანეთში მოსწავლეთა რაოდენობა

15.09.2016 • 2194
რატომ მცირდება მაღალმთიანეთში მოსწავლეთა რაოდენობა

საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა. იმის ფონზე, როცა სამინისტრო საჯარო სკოლებში  მოსწავლეთა კონტინგენტის ზრდაზე საუბრობს,  მაღალმთიან სკოლებში მოსწავლეთა  რაოდენობა  პირველ კლასებში  მაინც მცირდება. სკოლების გარკვეულ ნაწილს კი, პირველ კლასებში მხოლოდ თითო-ოროლა მოსწავლე ჰყავს.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლარის დაწყებით საჯარო სკოლას მოსწავლე საერთოდ აღარ ჰყავს. პირველკლასელი სკოლას არც შარშან და არც ორი წლის წინ არ მიუღია. მიუხედავად ამისა, სკოლა ოფიციალურად გაუქმებული არ არის და შტატში ერთი მასწავლებელი ირიცხება.

ხელვაჩაურის რესურსცენტრის თანამშრომელი, ნინო ბოლქვაძე გვეუბნება, რომ ის ერთი მასწავლებელიც ჩხუტუნეთის სკოლაში მუშაობს და ცხემლარში იმ შემთხვევაში ავა, თუ სკოლის კარს ერთი პირველკლასელი მაინც შეაღებს.

„გვაქვს ისეთი სკოლებიც, სადაც 3-4 პირველკლასელი ჰყავთ. მაგალითად, მაჭახლისპირის სკოლაში პირველკლასელი წელს არ ეყოლებათ. გასულ წელს კი მხოლოდ ერთი მიიღეს. დაწყებით სკოლაში აქ სულ 4 მოსწავლე სწავლობს“, – გვეუბნება ნინო ბოლქვაძე.

სოფელ აჭარის აღმართის სკოლაშიც დაწყებითი კლასის სამი მოსწავლე ჰყავთ. სკოლების გარკვეულ ნაწილში, დაწყებით საფეხურზე,6-7 მოსწავლე ჰყავთ.

ნინო ბოლქვაძის თქმით, მოსწავლეების კონტინგენტის შემცირება მოსახლეობის მიგრაციას უკავშირდება.

სკოლების დაცარიელებას მოსახლეობის მიგრაციას უკავშირებს შუახევის რესურსცენტრის თანამშრომელი მზია დავითაძეც. მისი თქმით, მუნიციპალიტეტში ერთ-ორმოსწავლიანი კლასები გახშირდა.

ახალ სასწავლო წელს თითო პირველკლასელი ეყოლებათ გოგაძეების, სხეფის, ჟანივრის, კარაპეტის საჯარო სკოლებს. ორი-ორი პირველკლასელი კი – გოგინაურის, მაწყვალთის, დარჩიძეების, წყაროთისა და ხაბელაშვილების სკოლებს. სხვა დანარჩენ სკოლებში 5 ან 6 პირველკლასელია.

მზია დავითაძის თქმით, შუახევის მუნიციპალიტეტში 43 საჯარო სკოლაა, სადაც გასულ წელს 2 029 მოსწავლე სწავლობდა, წელს კი 1982 ისწავლის. პირველკლასელთა რაოდენობა საერთო ჯამში გასულ წელთან შედარებით მაღალია, 135 იყო და წელს 175 იქნება, მაგრამ ეს ციფრი, როგორც მზია დავითაძე გვეუბნება, იმ ბავშვების ხარჯზეა გაზრდილი, რომლებიც გასულ წელს უნდა შესულიყვნენ სკოლაში, მაგრამ საკანონმდებლო ცვლილების გამო ვეღარ შევიდნენ.

„წელს ზოგიერთ სკოლას იმიტომ ჰყავს პირველკლასელი, რომ შარშან სექტემბრის შემდეგ დაბადებული ბავშვები არ მიიღეს. რომ მიეღოთ, წელს არც ეს ერთი მოსწავლე ეყოლებოდათ. სკოლებში ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია, მაგრამ სოფლიდან ოჯახები მიდიან, ზოგი სოციალური პირობების გამო, ზოგიც სხვა მიზეზით. მარტო მოხუცები რჩებიან და მოსწავლეთა რაოდენობაც მცირდება“, – გვეუბნება მზია დავითაძე.

თითქმის ანალოგიური ვითარებაა ხულოს მუნიციპალიტეტშიც, ერთმოსწავლიანი პირველი კლასი ჰყავთ სოფელ პაქსაძეებში, გელაურში და სოფელ პანკნარში. სოფელ ტაბახმელას სკოლაში კი სამი პირველკლასელი ეყოლებათ.

პირველკლასელთა რაოდენობა საჯარო სკოლებში წლების მიხედვით. ინფოგრაფიკა: ია ფრანგიშვილი

პირველკლასელთა რაოდენობა საჯარო სკოლებში წლების მიხედვით.
ინფოგრაფიკა: ია ფრანგიშვილი

„სკოლებში არ გვყავს უცხო ენის მასწავლებლები. ვინც განათლება მიიღო, სოფელში აღარ დაბრუნდა. ესეც არის მოსწავლეების შემცირებისერთ-ერთი მიზეზი. ქალაქში გადაჰყავთ ბავშვები ან იმ სკოლებში, სადაც ამის პრობლება არ დგას. ვისაც უკეთესი მომავალი უნდა თავისი შვილისთვის, ყველა მიდის“, – გვეუბნება ხულოს რესურცენტრის წარმომადგენელი, შორენა თავართქილაძე.

ქედის მუნიციპალიტეტში მცირეკონტინგენტიანი სკოლები შედარებით ნაკლებია. წელს თითო პირველკლასელი მხოლოდ კოკოტაურის და აქუცას სკოლებს ეყოლებათ. თუმცა, გასულ წელს აქუცას სკოლას პირველკლასელი არ მიუღია. რესურსცენტრის ხელმძღვანელის დურმიშხან შავიშვილის თქმით, ამ სოფელში მხოლოდ ექვსწლიანი საჯარო სკოლაა, ამიტომ ოჯახების უმეტესობა არჩევს, რომ ბავშვი დაბის სკოლაში მიიყვანოს.

რაც შეეხება ქობულეთის მუნიციპალიტეტს, მცირეკონტინგენტიანი სკოლები აქაც არის, თუმცა სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, მოსწავლეთა კონტინგენტი მეტ-ნაკლებად სტაბილურია.

„ოთხ-ოთხი პირველკლასელი ჰყავს აჭისა და კოხის საჯარო სკოლებს, ზედა სამებისა და კვირიკეს სკოლა მიიღებს 5 მოსწავლეს, ნაკაიძეებში კი 6 პირველკლასელი ჰყავთ“, – გვეუბნებიან ქობულეთის რესურსცენტრში.

მათივე ინფორმაციით, სკოლის გაუქმების შემთხვევა მოსწავლეთა კონტინგენტის შემცირების გამო ჯერ არ ჰქონიათ.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს შარშანდელთან შედარებით, მაღალმთიანეთის სკოლებში, პირველკლასელთა რაოდენობა გაზრდილია. „ხულოში გასულ წელს 262 პირველკლასელი იყო და წელს არის 305, ქედაში 171 იყო და წელს გვყავს 216, ქობულეთში კი 162-იდან 305-მდე გაიზარდა,“ – გვეუბნებიან სამინისტროში. თუმცა კითხვაზე – სტატისტიკის ზრდის ფონზე, იზრდება თუ არა მცირეკონტინგენტიანი კლასების რაოდენობა და რა მიზეზით? პასუხი არ აქვთ. „მაგასთან დაკავშირებით კვლევა არ გაგვიკეთებია,“ – გვითხრეს სამინისტროში.

სამინისტროს ინფორმაციით, წელს ინფრასტრუქტურული პროექტები 27 სკოლაში მიმდინარეობდა. „მიმდინარეობდა ხუთი სკოლის მშენებლობა, ექვსი სპორტული დარბაზის და ორი სკოლა-პანსიონის,“- გვითხრეს სამინისტროს პრესსამსახურში. მათივე ინფორმაციით, სწავლა შესაძლებელია დაგვიანებით განახლსდეს ბათუმის მე-17 საჯარო სკოლაში, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: