ნაყინი „СССР“ – კომპანია მომწოდებელთან კონტრაქტის შეწყვეტას აპირებს

ბათუმის ბაზარზე გამოჩნდა რუსული წარმოების ნაყინი, წარწერით „СССР“. ნაყინმა მალევე მიიქცია ყურადღება. როგორც შეფუთვაზე მითითებული ინფორმაციით ვიგებთ, ნაყინის იმპორტს შპს „არქტიკა“ ახორციელებს.

IMG_20160804_133126„ბათუმელები“ დაუკავშირდა შპს „არქტიკას“ წამომადგენლობას. მათი ინფორმაციით, ბათუმის ბაზარზე მაისიდან ოპერირებენ. „არქტიკაში“ ამბობენ, რომ მწარმოებელმა კომპანიამ, რომელიც რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკაში მდებარეობს, თავად გამოგზავნა საქონელი, ისე რომ შერჩევის საშუალება მათ არ ჰქონდათ: „ჩვენ არ შეგვიკვეთავს ამ წარწერის ნაყინი, ქარხანამ გამოუშვა, ჩამოვიდა და სხვა გზა აღარ გვქონდა“. კომპანიაში დასძენენ, რომ ამ წარწერის ნაყინი თითქმის აღარ დარჩა: „მაქსიმუმ ერთ კვირაში ამოიყიდება და ამ ქარხნის პროდუქცია აღარც შემოვა“. შპს „არქტიკა“ აღნიშნული ნაყინის მომწოდებელთან ურთიერთობის შეწყვეტას გეგმავს.

აღნიშნული კომპანიის მიერ იმპორტირებული ნაყინი, მათივე ინფორმაციით, ბათუმის გარდა თითქმის მთელ საქართველოში იყიდება.

რამდენიმე ხნის წინ ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე არსებულ სუვენირების სავაჭრო პუნქტებში გამოჩნდა სუვენირები რუსეთ-საქართველოს “სიყვარულზე”.

ბათუმის ბიუჯეტი კიდევ 898 ათასი ლარით გაიზრდება

არჩევნების დღის გამოცხადებიდან დღემდე პერიოდში ბათუმის ბიუჯეტი უკვე მესამედ იზრდება. ამჯერად, 898 100 ლარით.

ბათუმის მერიის შესაბამისი გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულომ 4 აგვისტოს რიგგარეშე სხდომაზე უნდა დაამტკიცოს.

მერიაში აცხადებენ, რომ ბიუჯეტის გადასხდელების ზრდა, ბიუჯეტში შემოსავლების ზრდითაა განპირობებული. რაც შეეხება იმას, თუ რას მოხმარდება დამატებითი თანხა, მერიაში გვითხრეს, რომ დაფინანსდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები – ჭაობის დასახლებაში გაგრძელდება ქუჩების რეაბილიტაცია, მათ შორის მთლიანად დასრულდება თავდადებულისა და ლერმონტოვის ქუჩები, ასევე გაიზრდება საახალწლო აქსესუარებისა და ნაძვის ხის შეძენისთვის საჭირო თანხა… გარდა გადასახდელების გაზრდისა, თანხა, ასე ვთქვათ, „გადათამაშდება ბიუჯეტის შიგნით“ – გარკვეული დაგეგმილი ღონისძიებები აღარ დაფინანსდება და გამოთავისუფლებული თანხა სხვა ღონისძიებებს მოხმარდება.

წინასაარჩევნო აგიტაციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ბათუმის ბიუჯეტი 1 მილიონ 570 ათასი ლარით გაიზარდა. აქედან თითქმის ერთი თვის შემდეგ კი, საკრებულომ 12 ივლისის სხდომაზე, ბიუჯეტის 1 მილიონზე მეტი ლარით გაზრდას დაუჭირა მხარი.

ახალი ღონისძიებების დაფინანსება თუ სხვა ცვლილებების შეტანა ბიუჯეტებში, კნონით, არჩევნებამდე 60 დღით ადრე, ანუ ფაქტობრივად, 8 აგვისტოდან, უკვე აკრძალულია. ამიტომ, საკრებულოს ზოგი ოპოზიციონერი წევრი ამბობს, რომ მმართველი ძალა ცდილობს ამ დრომდე მოასწროს საბიუჯეტო ცვლილების შეტანა. ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა  – საქართველომ“  მოუწოდა საქართველოს მთავრობას, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში თავი შეიკავოს მის მიერ დაგეგმილი თუ განხორციელებული პროექტების რეკლამირებისგანაც კი.

წინასაარჩევნო კამპანია 2016 წლის 8 ივნისს დაიწყო. საქართველოს პარლამენტისა და ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, მიმდინარე წლის 8 ოქტომბერსაა დანიშნული.

მზის ჩასვლა ბათუმში (ფოტო)

ბათუმში ცხელი ამინდები კვირის ბოლომდე შენარჩუნდება. დღეს 3 აგვისტოს, ბათუმში ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსს აღწევდა. სინოპტიკოსთა პროგნოზით, თბილი ამინდები ბათუმში მომდევნო ერთი კვირის განმავლობაშიც შენარჩუნდება. 8 აგვისტოს კი, ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა დღისით 34 გრადუსსაც მიაღწიოს.

Sunset In Batumi Photo: Lela Dumbadze
Sunset In Batumi
Photo: Lela Dumbadze
Sunset In Batumi Photo: Lela Dumbadze
Sunset In Batumi
Photo: Lela Dumbadze
Sunset In Batumi Photo: Lela Dumbadze
Sunset In Batumi
Photo: Lela Dumbadze
Sunset In Batumi Photo: Lela Dumbadze
Sunset In Batumi
Photo: Lela Dumbadze

 

თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა!

„ქართული ოცნების“ ძირითადი მიღწევები:

დემოკრატიული განვითარება

photo 1

  1. 2012 წლიდან საქართველოში დემოკრატიის ხარისხი და ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა თვისებრივად გაუმჯობესდა: 2012 წელს საქართველო 24 000 პატიმრით ევროპაში პირველ ადგილზე იყო. დღეისათვის ეს მაჩვენებელი ორნახევარჯერ, ანუ 9 700 პატიმრამდე შემცირდა. 12-ჯერ შემცირდა პატიმრების სიკვდილიანობა და წელიწადში 140- ის ნაცვლად 12-ი შეადგინა. აღიკვეთა პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა: 2012 წლიდან დღემდე ციხის ადმინისტრაციის მიერ პატიმრის წამების ან არაადამიანური მოპყრობის არცერთი პრეცედენტი არ ყოფილა;
  1. ციხეების გადავსების, „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის, ქუჩაში ადამიანების დახვრეტისა და ხელისუფლების ტოტალური თვითნებობის პრაქტიკის აღკვეთის ფონზე, ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება სტაბილურია. ამის დასტურია ის, რომ 2012 წლიდან დღემდე მკვლელობის, ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობისა და სხვა დანაშაულთა სტატისტიკა არ გაზრდილა;
  1. 2012 წელს აღიკვეთა ბიზნესის მასობრივი რეკეტის პრაქტიკა. დღეს ბიზნესი ხელისუფლების წნეხისგან სრულიად თავისუფალია. 4 წლის განმავლობაში ბიზნესმენზე ზეწოლის პრეცედენტი არ ყოფილა;
  1. ქვეყანაში უზრუნველყოფილია მედიის თავისუფლება. თუ 2012 წლამდე სამივე ნაციონალური ტელეარხი ხელისუფლების სრული გავლენის ქვეშ ფუნქციონირებდა, დღეს მედიასივრცე ხელისუფლების კონტროლისგან სრულიად თავისუფალია;
  1. სასამართლოების პერსონალური შემადგენლობის არსებითად შენარჩუნების მიუხედავად, სასამართლო გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან;
  1. აღიკვეთა ტოტალური თვალთვალის, მოსმენისა და შანტაჟის მახინჯი პრაქტიკა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მთავარ იარაღად იყო ქცეული. დღეს ადამიანებს ხელისუფლებისგან უსამართლო მოპყრობის შიში აღარ აქვთ – სახელმწიფო სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას არალეგიტიმურ ძალადობასა და სისასტიკეს აღარ უპირისპირებს;
  1. აღიკვეთა არჩევნების გაყალბების პრაქტიკა. საყოველთაო აღიარებით, 2013 და 2014 წლების არჩევნები დემოკრატიული პრინციპების სრული დაცვით ჩატარდა. სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საარჩევნო ადმინისტრაციას ენდობა.

სოციალური განვითარება

photo 2

2013-2016 წლებში ხელისუფლება ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, განათლებისა და კულტურის სფეროებში ქმედით პოლიტიკას ახორციელებდა:

  1. ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 2 200 000-ზე მეტი შემთხვევა დაფინანსდა. გადარჩა ათი ათასობით ადამიანის სოცოცხლე, შემცირდა ბავშვთა სიკვდილიანობა;
  1. 2016 წლიდან ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო ძუძუს ადრეული კიბოს აგრესიული HER-2 რეცეპტორდადებითი დიაგნოზის მქონე პირების ძვირადღირებული მედიკამენტით უზრუნველყოფა. ძუძუს კიბოს მქონე საქართველოს მოქალაქე ქალბატონებისთვის (გარდა ქ. თბილისში რეგისტრირებული მოსახლეობისა), ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტის ღირებულების 80 %-ს აფინანსებს.
  1. ამოქმედდა C-ჰეპატიტის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც პაციენტები მკურნალობის ძვირადღირებულ კურსს სრულიად უფასოდ გადიან. პროგრამით უკვე 8 000-მა პაციენტმა ისარგებლა. აქედან, 90%-მა ვირუსი დაამარცხა;
  1. შეიქმნა „სოლიდარობის ფონდი“, რომელმაც სიმსივნით დაავადებული 275 ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობა დააფინანსა. ფონდის ამოქმედების შემდეგ, უსახსრობის გამო საქართველოში სიმსივნით არცერთი ბავშვი არ გარდაცვლილა. ასეთი პროექტი მანამდე ჩვენ ქვეყანაში არ განხორციელებულა.
  1. ხელისუფლების ქმედითი ნარკოპოლიტიკის შედეგად, 99%-ით შემცირდა ე.წ. „კრაკადილის“, „ვინტისა“ და „ჯეფის“, ხოლო 90%-ით – ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარება;
  1. 2013 წლიდან სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი 62%-ით გაიზარდა;
  1. 2012 წელთან შედარებით 65%-ით გაიზარდა ასაკობრივი პენსია, 80% -ით კი – მკვეთრად გამოხატული შშმ პირების პენსია. მთაში პენსია გაიზარდა დამატებით 20%-ით;
  1. მნიშვნელოვნად გაიზარდა, ზოგიერთ შემთხვევაში კი გაორმაგდა უმწეოთა დახმარება;
  1. დევნილების პრობლემების მოგვარებისთვის განკუთვნილი დაფინანსება გასამმაგდა. 2013-2016 წლებში საცხოვრებელი ბინა 6 000-ზე მეტმა დევნილმა ოჯახმა მიიღო. უკვე დაწყებულია პროექტები, რომლებიც ახალი საცხოვრებლით დამატებით 5 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს უზრუნველყოფს;
  1. 2012 წელთან შედარებით, განათლების სფეროს ბიუჯეტი 56%-ით გაიზარდა;
  1. მასწავლებლის საბაზისო ხელფასი 65%-ით, საშუალო ხელფასი კი 70%-ით გაიზარდა;
  1. ამოქმედდა „უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა“, რომლითაც 500 ათასი მოსწავლე სარგებლობს;
  1. ახალი პროგრამის ფარგლებში, 1 200-მდე სკოლას უფასო ტრანსპორტი ემსახურება;
  1. 2013-2016 წლებში 1 500-მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა, 1 700-მდე სკოლაში კი ინვენტარი განახლდა; დასრულდა 10, მიმდინარეობს 10 და იწყება 7 ახალი სკოლის მშენებლობა;
  1. 41%-ით გაიზარდა უმაღლესი განათლების, ხოლო 83%-ით – პროფესიული განათლების დაფინანსება;
  1. უნივერსიტეტებში დაიწყო პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსება. მთელი რიგი ფაკულტეტებისა სრულიად უფასო გახდა, რითაც უკვე ისარგებლა 10 000-მდე სტუდენტმა. საერთო ჯამში, სახელმწიფოს მიერ ფინანსდება სტუდენტთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი;
  1. 2012 წლის შემდეგ მეცნიერების დაფინანსება 82%-ით გაიზარდა;
  1. საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველი მოქალაქეებისთვის 270- მდე სახელმწიფო სტიპენდია გაიცა;
  1. საბავშვო ბაღები სრულიად უფასო გახდა. შედეგად, სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვების რაოდენობა რამდენჯერმე გაიზარდა.

საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება

photo 3

„ქართული ოცნების“ წარმატებული საგარეო პოლიტიკის შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციის ტემპები და მნიშვნელოვნად შემცირდა ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური რისკები:

  1. წარმატებით დასრულდა ევროკავშირთან მოლაპარაკებები და ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას;
  2. ამოქმედდა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება;
  3. წელს ამოქმედდება ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, რითაც საქართველოს ყველა მოქალაქე ისარგებლებს;
  4. ხელი მოეწერა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, რითაც საქართველოსთვის ახალი ბაზარი გაიხსნა – 28 ქვეყნითა და 500 მილიონი მომხმარებლით;
  5. ღრმავდება თანამშრომლობა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან;
  6. საქართველო განაგრძობს თანმიმდევრულ სვლას ნატო-ს წევრობისკენ;
  7. წინა ხელისუფლების ავანტიურისტული პოლიტიკისგან განსხვავებით, რამაც ქვეყანას უმძიმესი შედეგები მოუტანა, ჩვენი ხელისუფლება პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს. ამასთან, საქართველო წარმატებით უზრუნველყოფს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გატარებას;
  8. ღრმავდება პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები რეგიონის ყველა ქვეყანასთან;
  9. ღრმავდება ეკონომიკური ურთიერთობები ჩინეთთან. გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები „აბრეშუმის გზის“ პროექტის განხორციელების მიმართულებით, რაც საქართველოს უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ფუნქციას შესძენს.

ეკონომიკური განვითარება

ეკონომიკური განვითარების თავალსაზრისით „ქართულ ოცნებას“ ძალზე მძიმე მემკვიდრეობა დახვდა. თუმცა, ამ გარემოებისა და რეგიონში არსებული ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად, ხელისუფლებამ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა უზრუნველყო. ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, საქართველო, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, რეგიონის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. 2014 წელს საქართველოში, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ხელისუფლების ქმედითი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, „მსოფლიო ბანკის“ პროგნოზის შესაბამისად, 2017-2018 წლებში, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში საქართველოს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება (უზბეკეთის, თურქმენეთის და ტაჯიკეთის გარდა). ქვეყანამ წინსვლა განიცადა ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა მიმართულებით:

  1. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საქართველო „საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების“ რიგს შეუერთდა;
  2. 2013-2015 წლებში, 2008-2012 წლებთან შედარებით, საქართველოში წელიწადში საშუალოდ 33%-ით მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა;
  3. 2004 წელს საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 1,9 მილიარდ დოლარს შეადგენდა, 2012 წელს კი ეს მაჩვენებელი 4,8 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. 2015 წლის მდგომარეობით, მთლიანი საგარეო ვალი 200 მილიონი დოლარით არის შემცირებული;
  4. საშემოსავლო გადასახადის გადახდის მაჩვენებლების მიხედვით, 2012-2016 წლებში, ადამიანების შემოსავლები 29%-ით გაიზარდა და ეს იმ პირობებში, როდესაც ინფლაცია 10%-ს არ აღემატებოდა;
  5. „ქართული ოცნება“ მოსახლეობის დასაქმებაზე ორიენტირებულ ეკონომიკურ პოლიტიკას ახორციელებდა. შედეგად, 2013 წლიდან, დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში 56 ათასით გაიზარდა. 2012 წლის შემდეგ, უმუშევრობის დონე 12%-მდე შემცირდა, მაშინ როცა, წინა ხელისუფლების პირობებში, უმუშევრობა გაიზარდა;
  6. „ქართულმა ოცნებამ“ აქცენტი წარმოების განვითარებაზე გააკეთა. მცირე და საშუალო ბიზნესის განსავითარებლად მიზნობრივი პროგრამები განხორციელდა. პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 400 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია გაიცა და მხარი დაეჭირა 187 საწარმოს;
  7. 2013-2015 წლებში ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობამ 16,8 მილიონი შეადგინა, რაც 2005-2012 წლების რვაწლიან მაჩვენებელს (14,4 მილიონი) აღემატება;
  8. 2013-2016 წლებში ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემას ჯამში დაემატა 415 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ელექტროსადგურები, მაშინ როცა, 2007-2012 წლებში, განხორციელებული პროექტების ჯამური დადგმული სიმძლავრე მხოლოდ 8 მეგავატი იყო. 2016 წლის ბოლომდე დამატებით 423 მეგავატი ჯამური დადგმული სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობა დასრულდება.

 პრი­ო­რი­ტე­ტად იქ­ცა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა:

photo 4

  1. სოფლის მეურნეობის საბიუჯეტო დაფინანსება საგრძნობლად გაიზარდა;
  2. შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა 26 474-მა ბენეფიციარმა, გაიცა 700 მილიონი ლარის და 208 მილიონი დოლარის სესხები;
  3. ამოქმედდა მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტი, რომლის ფარგლებშიც 700 ათასზე მეტმა მცირემიწიანმა ფრმერმა 351 მილიონი ლარის დახმარება მიიღო. შედეგად, ყოველწლიურად 200 ათას ჰექტარზე მეტი მიწა მუშავდება;
  4. ფერმერებს 280 მილიონ ლარამდე ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი და მცენარეთა მოვლის საშუალებები უსასყიდლოდ გადაეცათ;photo 5
  5. 2013-2016 წლებში 150 ახალი აგრარული საწარმოს შექმნა 115 მილიონი დოლარით დაფინანსდა, 700 საწარმო კი გაფართოვდა და გადაიარაღდა;
  6. ამოქმედდა აგროდაზღვევის პროგრამა: 2016 წლის მაისის მდგომარეობით, აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში, გაცემულია 11 986 პოლისი, დაიზღვა 77 მილიონი ლარის ღირებულების მოსავალი და 13 181 ჰა მიწის ფართობი. დამონტაჟდა სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები, რის შედეგადაც კახეთში მოსავალი 30%-ით გაიზარდა;
  7. წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 45 000 ჰექტრიდან 106 000 ჰექტრამდე, ხოლო დაშრობილისა – 14 000 ჰექტრიდან 31 575 ჰექტრამდე გაიზარდა;
  8. პროგრამის – „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 1 400 ჰექტარი ინტენსიური ტიპის მრავალწლიანი ხეხილის ბაღები გაშენდა; სახელმწიფოს დახმარებითა და შეღავათების დაწესებით 1 500-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი შეიქმნა;
  9. გაიზარდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში.

მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ტემ­პე­ბი

photo 6

  1. 2013-2016 წლებში, 2007-2012 წლებთან შედარებით, წელიწადში საშუალოდ ორჯერ მეტი გზა იგებოდა; 2006-2012 წლებში ავტობანზე წელიწადში საშუალოდ 10,1 კმ, 2013-2015 წლებში კი – 28,4 კმ გზა დაიგო;
  2. 2013 წლიდან მოსახლეობისთვის წყალმომარაგების პრობლემის გადასაჭრელად ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა. უკვე დაწყებულია დაახლოებით 1,5 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტები, რომელთა დასრულების შემდეგაც, 2020 წლისთვის, 24-საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით დამატებით 500 ათასამდე ადამიანი იქნება უზრუნველყოფილი;
  3. საგრძნობად გაიზარდა გაზიფიცირების სამუშაოების მოცულობა: 2013-2016 წლებში, საქართველოს მაშტაბით, გაზმომარაგების ქსელში დამატებით 138 ათასამდე პოტენციური აბონენტი ჩაერთო;
  4. 2012-2015 წლებში ელექტროენერგიის მიწოდების ქსელში 29 სოფელი ჩაერთო, რომელთაც ელექტროენერგია მანამდე არასოდეს მიეწოდებოდათ. უშუქო სოფლების ქსელში ჩართვის პროცესი გრძელდება;
  5. დაიწყო ქვეყნის ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელიც რეგიონებში მაღალსიჩქარიან ინტერნეტკავშირს უზრუნველყოფს.

photo 7

კადრების გაზრდის მცდელობა მერიაში წინასაარჩევნოდ

“სპორტული საკლუბო გაერთიანება – ბათუმი” –  ამ სახელწოდებით ახალი ა(ა)იპ-ის შექმნას მერია აპირებს. მერიაში ადასტურებენ, რომ ახალი სამსახური შტატების გაზრდას გამოიწვევს. აქვე არ აკონკრეტებენ, რამდენით გაიზრდება საშტატო ერთეული, თუკი საკრებულო მერიის ინიციატივას დაეთანხმება და სპორტული საკლუბო გაერთიანება შეიქმნება.

“ჩვენი მიზანია გვქონდეს მოქნილი მენეჯმენტი” – განაცხადა მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსმა, ია შალამბერიძემ, მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების ხელმძღვანელმა. ის საკრებულოს 4 აგვისტოს რიგგარეშე სხდომისთვის მოხსენებას ამზადებდა, მაგრამ საკრებულოს ბიურომ საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღო.

მერიის მიერ მომზადებული განკარგულების პროექტის მიხედვით, მერია მის დაქვემდებარებაში მყოფი 7 სპორტული კლუბის ლიკვიდიაციას აპირებს და ერთი ახალი ა(ა)იპ-ის ჩამოყალიბებას, რომელშიც სპორტული კლუბები გაერთიანდებიან.

“ახალი ადმინისტრაციული სტრუქტურა შეიქმნება, მაგრამ ეს არ გამოიწვევს ფინანსურ ცვლილებებს”, – ამბობს “ბათუმელებთან” ია შალამბერიძე. მისი განმარტებით, შრომითი კონტრაქტები სექტემბრისთვის ფორმდება. ამიტომ, ამ დროისთვის რთული გამოსათვლელია, რა შეიცვლება საშტატო ნუსხაში: “პირველ რიგში, ჩვენთვის მთავარია მივიღოთ თანხმობა საკრებულოსგან ცვლილებაზე. დანარჩენი დეტალურად შემდეგ გაიწერება… ჩვენი მიზანია ერთიანი ადმინისტრირება, რაც უფრო მოქნილს გახდის ამ კლუბების საქმიანობას. ჩვენი სურვილია გვქონდეს ერთიანი სისტემა, საქმის წარმოება, ერთიანი პიარი…”

“მხოლოდ იმის თქმა, რომ ადმინისტრირება იქნება ეფექტური და ფინანსური მართვა იქნება უფრო მოქნილი, ვიდრე აქამდე, არ არის საკმარისი არგუმენტი. წარმოდგენილი არ იყო კონკრეტული გათვლა” – გვითხრა ნინო ბერაძემ, საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმის და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ. ამ კომისიის უმრავლესობამ მიმართა საკრებულოს ბიუროს რეკომენდაციით, არ გავიდეს საკითხი საკრებულოს სხდომაზე, ვიდრე პროექტი სრულყოფილი სახით არ იქნება წარმოდგენილი. ბიურომ კომისიის რეკომენდაცია ამ ეტაპზე გაიზიარა.

“გათვლებიც რომ იყოს წარმოდგენილი, ერთ ქოლგაში 5 შპს-ს და 2 ა(ა)იპ-ის გაერთიანება მაინც არამიზნობრივად მიმაჩნია, – ამბობს ნინო ბერაძე – როცა სპორტული კლუბი არის შპს, მას აქვს დამოუკიდებლად განვითარების საშუალება, იმის პირობა, რომ მუდმივად მუნიციპალური დაფინანსების იმედად არ იყოს. ერთ მუნიციპალურ ა(ა)იპ-ში ამ კლუბების გაერთიანება მათ დამოუკიდებლად განვითარების მოტივაციას დაუკარგავს“.

“ვერ დავეთანხმები ამ შეხედულებას. თუკი გამოჩნდება ინვესტორი, რომელიმე ა(ა)იპ-ი შეიძლება გამოეყოს გაერთიანებას და ცალკე განვითარდეს,” – ამბობს ია შალამბერიძე.

გაერთიანებული კლუბებისთვის მერიას ახალი ადმინისტრაციული შენობაც შეურჩევია – აეროპორტის გზატკეცილზე მერიის გამგეობის შენობა: “იმ შენობაში არის იმის რესურსი, რომ გაერთიანებული კლუბების ერთიანი ადმინისტრაცია მოთავსდეს. მოდელი, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, სხვადასხვა კლუბების ერთგვაროვანი შესყიდვების ხარჯებსაც შეამცირებს, მაგალითად, საოფისე ხარჯებს…” – გვითხრა ია შალამბერიძემ.

ამ დროისთვის უცნობია, როდის მიმართავს ხელახლა მერია საკრებულოს სპორტული კლუბების გაერთიანების მოთხოვნით და შეიცვლება თუ არა განკარგულების პროექტი, რომელიც მერიაში ახალი ორგანიზაციული ერთეულის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.

კრამიტი და ფილები ეკლესიას ბათუმის მერიისგან

ბათუმის მერია ქალაქის საკთრებაში არსებულ 5500 ცალ კრამიტსა და 2100 კვ/მ ტროტუარის მოსაპირკეთებელ ფილას [მეორადს] უსასყიდლოდ, „თხოვების უფლებით“ სსიპ „საქართველოს საპატრიარქოს“ გადასცემს.

e1შესაბამისი დახმარების თხოვნით ბათუმის მერს, გიორგი ერმაკოვს, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მდივანმა ორჯერ წერილობით მიმართა. მიტროპოლიტის მდივნის ერთ წერილში აღნიშნულია, რომ კრამიტი და ფილა წმინდა ევდემოზ კათალიკოსის სახელობის მშენებარე ტაძრის გადახურვისთვის ესაჭიროებათ, ხოლო მეორე წერილში დაკონკრეტებული არ არის რომელი მშენებარე ტაძრისთვის ესაჭიროება ეკლესიას 600 კვ/მ ფილა.

სამშენებლო მასალების ეკლესიისთვის გადაცემაზე თანხმობა ბათუმის მერს, ბათუმის საკრებულომ, 4 აგვისტოს საგანგებო სხდომაზე უნდა მისცეს.

e2„970 ლარის ღირებულების მქონე 500 ცალი კრამიტი და 400 ლარის საერთო ღირებულების მქონე 50 კვ/მ ძვლის ფორმის, მოსაპირკეთებელი ფილა“ უსასყიდლოდ, თხოვების უფლებით, სსიპ „საქართველოს საპატრიარქოს“ ბათუმის მერიამ სამი თვის წინაც გადასცა.

ამავე თემაზე:

ბარბარეს ტაძარი მერიისგან ნათხოვარი მეორადი კრამიტით გადაიხურება
მერიის დასაწყობებული ქონება ეკლესიასა და თავდაცვის სამინისტროს
კონსტიტუციური შეთანხმება, სახელმწიფო და საჩუქრები ეკლესიას

ბათუმის საკრებულო გადაწყვეტს ეყოლება თუ არა წარმომადგენელი სასამართლოში

ბათუმის საკრებულო თუკი შესაბამის ინიციატივას ხვალ, 4 აგვისტოს რიგგარეშე სხდომაზე მხარს დაუჭერს, ბათუმის საკრებულოს სპეციალური წარმომადგენელი სასამართლოში აღარ ეყოლება. საკრებულოს იურისტი, სულიკო შვენთიძე “ბათუმელებთან” ამბობს, რომ ცვლილების მიზეზი მიწის საკუთრების აღიარების კომისიაა, რომელიც საკრებულოს ნაცვლად, პირველი აგვისტოდან მერიას ექვემდებარება.

“საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლო დავა იშვიათია. ძირითადად დავა უკავშირდებოდა მიწის საკუთრების აღიარებას და რადგან ეს კომისია მერიაში გადავიდა, უმჯობესია, იურისტის შტატიც მერიას დაემატოს. საჭიროების შემთხვევაში, მერიის იურისტი დაიცავს საკრებულოს ინტერესს. ეს კანონთან წინააღმდეგობაში არ მოდის, თვითმმართველობის ახალი კოდექსი პირდაპირ ითვალისწინებს ამას,” – ამბობს სულიკო შვენთიძე.

საკრებულოს ინტერესებს აქამდე საერთო სასამართლოებში დავით ჯაიანი იცავდა. ცვლილების შემთხვევაში,დავით ჯაიანთან ერთად, საკრებულოს აპარატის კიდევ ერთი იურისტი, ბაკურ ბოლქვაძე გადავა მერიაში სამუშაოდ.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ქირავდება ბინა დღიურად

ბათუმში, 26 მაისის (კიროვის) ქუჩაზე   ქირავდება 125 კვ/მ,ევრორემონტით უზრუნველყოფილი   ბინა დღიურად. ფასი: 100  აშშ დოლარი.

samaklero.ge

5.

ბათუმში, კ.გამსახურდიას ქუჩაზე იყიდება 120 კვ/მ ბინა

ბათუმში, კ.გამსახურდიას ქუჩაზე   იყიდება 120 კვ/მ ევრორემონტით უზრუნველყოფილი ბინა. ფასი: 170 ათასი აშშ დოლარი.

samaklero.ge

4.

ბათუმში, ასათიანის ქუჩაზე ქირავდება ევრორემონტით უზრუნველყოფილი ბინა დღიურად

ბათუმში, ასათიანის ქუჩაზე   ქირავდება 40 კვ/მ ევრორემონტით უზრუნველყოფილი ბინა დღიურად. ფასი: 110 ლარი.

samaklero.ge

3.

ბათუმში, ახმეტელის ქუჩაზე ქირავდება 85 კვ/მ ბინა დღიურად

ბათუმში, ახმეტელის ქუჩაზე   ქირავდება 85 კვ/მ ევრორემონტით უზრუნველყოფილი ბინა დღიურად. ფასი: 150 ლარი.

samaklero.ge

2.

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ქირავდება 65 კვ/მ ბინა

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, (ყოფილი ტელმანის) ქირავდება  65  კვ/მ ევრორემონტით უზრუნველყოფილი ბინა დღიურად. ფასი: 110 ლარი.

samaklero.ge

1.

გზების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე: პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლეს

რევაზ მიქელაძე სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, როცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე გახდა. ავტომატურად გათავისუფლებული სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელობის შემდეგ, რევაზ მიქელაძე მოადგილის პოზიციაზე აღარ აღადგინეს. ის აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტში მუშაობდა.

„პოლიტიკური მოტივაცია იყო რევაზ მიქელაძის გათავისუფლების საფუძველი. ის აჭარის გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა ბოლო 5 წლის განმავლობაში,“ – აცხადებს პეტრე ზამბახიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

ღორჯომი„რამდენიმე დღის წინ, სოფელ ღორჯომში რევაზ მიქელაძე ლევან ვარშალომიძეს შემთხვევით შეხვდა. გათავისუფლების ბრძანებაში მითითებულია, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობის დაკომპლექტებაა მისი გათავისუფლების საფუძველი. ჩვენ გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება“, – ამბობს პეტრე ზამბახიძე, რომელმაც ბრიფინგზე ჟურნალისტებს რევაზ მიქელაძის ლევან ვარშალომიძესთან შეხვედრის ფოტოც აჩვენა.

თავად რევაზ მიქელაძე ამბობს, რომ ის ლევან ვარშალომიძის მთავრობის გუნდის წევრი იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში კავშირი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აღარ ჰქონია: „მეჩეთიდან გამოვდიოდი და შემთხვევით შევხვდი. სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლეს, ამაში ორი აზრი არ არსებობს… როცა მოვიკითხე, რის გამო არ აღმადგინეთ-მეთქი, დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი რომანაძემ მითხრა, რომ  მთავრობის ახალმა თავმჯდომარემ თავი შეიკავა ჩემს დაბრუნებაზე.“

„გათავისუფლებას არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან… ის წლების განმავლობაში მეგობრობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან და არავის შეუქმნია პრობლემა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი რომანაძემ.

ბსუ-ს, აჭარის  ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს, 3 აგვისტოს, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

13936756_10208919213329795_1588648235_nმემორანდუმი ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტების ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკური საავადმყოფოს სასწავლო ბაზად გამოყენებას ითვალისწინებს. ამასთანავე, მემორანდუმის ფარგლებში, საავადმყოფო აუცილებელი ტექნიკით აღიჭურვება.

შეთანხმება გულისხმობს თითოეული მხარის წარმომადგენელთა მონაწილეობით სამუშაო ჯგუფის შექმნას. ჯგუფის მიზანი კონცეფციის შემუშავებაა.

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან გიორგაძე განმარტავს,  აღნიშნული  მემორანდუმი ითვალისწინებს მშენებარე რესპუბლიკური საავადმყოფოს მაქსიმალურად ადაპტირებულ მოწყობას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური საუნივერსიტეტო ნაწილის გამოყენების თვალსაზრისით. მემორანდუმი ასევე მოიცავს სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელის მთავარი დანიშნულება კადრების კვალიფიცირებასა და გადამზადებაზე ზრუნვაა.

„მემორანდუმი აგრეთვე ითვალისწინებს აღნიშნული კადრების რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებას. ისეთი დარგის სპეციალისტები, რომლებიც არ არაიან ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული, შესაძლებელია მოწვეულ იქნეს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებიდან. ასევე მნიშვნელოვანია გაიზარდოს ახალგაზრდა კადრები, ვისთვისაც იქნება ადაპტირებული ეს ახალი სამედიცინო კლინიკური დაწესებულება“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ლევან გიორგაძემ.

სანამ რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა დასრულდება მანამდე სტუდენტები პრაქტიკას გაივლიან ბათუმის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში.

კითხვაზე, თუ რატომ შეარჩიეს რესპუბლიკური საავადმყოფო, ლევან გიორგაძემ გვიპასუხა, რომ ეს სახელმწიფო კლინიკაა და დიდი გამოცდლებას აქვს.

 

qqqqqqqqqqqq

ამავე თემაზე:

შპს ”სტადიონი” სტადიონისა და საავადმყოფოს ნაცვლად

რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობაზე ტენდერი დასრულდა

პრემიერმა ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა

უსკო მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვის საკითხს არ განიხილავს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვის საკითხს არ განიხილავს. საუბარია ბათუმში 31 ივლისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილმა მემედ აბაშიძის ქუჩაზე, პარტიული ოფისის წინ შეკრებილებს ვიდეოჩართვის საშუალებით მიმართა. 

„უკრაინის მოქალაქემ, ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა სავარაუდო წინასაარჩევნო აგიტაცია“ – ასე შეაფასა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ექსპრეზიდენტის ვიდეომიმართვა და ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მოთხოვნით წერილობით აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას [უსკო] პირველ აგვისტოს მიმართა.

დღეს, 3 აგვისტოს, უსკოს იურისტმა, ფრიდონ ბათნიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ კომისია სააკაშვილის ვიდეომიმართვის საკითხს არ განიხილავს: „ჩვენ არ გვაქვს უფლებამოსილება, ადმინისტრაციული წარმოება დავიწყოთ მსგავს საკითხებზე. ეს ცესკოს პრეროგატივაა. შესაბამისად, ხვალ, დღის ბოლომდე გადავაგზავნით ამ განცხადებას ბათუმის N79 საარჩევნო ოლქში, რომელმაც უნდა დაიწყოს მოკვლევა და მიიღოს გადაწყვეტილება“.

კითხვაზე, რატომ გაწელა პროცესი უსკომ, თუკი ის სავარაუდო აგიტაციის ფაქტს ვერ განიხილავს, ფრიდონ ბათნიძემ გვითხრა, რომ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც მუშაობენ და ამასთან, „კანონმდებლობით 5 დღე გვაქვს ვადა. ეს დრო ჯერ არ გასულა…“

„გავეცნობით ოფიციალურ დასაბუთებას, რის გამო არ უნდა განიხილოს ეს საკითხი უსკომ და შემდეგ შევაფასებთ მათ გადაწყვეტილებას,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” აჭარის ფილიალის თავმჯდომარე. მისი განმარტებით, უსკოს კომპეტენციაა სავარაუდო აგიტაციის საქმის შესწავლა, რადგან მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებსაც შეეხებოდა: „კანონში არსებობს ხარვეზი, მაგრამ უსკოს არაფერი უკრძალავს ამ საკითხის შესწავლას და გადაწყვეტილების მიღებას“.

პირველ აგვისტოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა „სამართლიანმა არჩევნებმა“. ორგანიზაციამ განცხადებაში მიხეილ სააკაშვილის სამი ვიდეომიმართვა გააერთიანა – ახალქალაქის, მარნეულის და ბათუმის. ცესკოს გადაწყვეტილების მისაღებად ერთი თვე აქვს. თუკი ცესკო აგიტაციის შემთხვევას დაადგენს, საბოლოოდ იგი სასამართლომ უნდა დაადასტუროს. ჯარიმის ოდენობა წინასაარჩევნო აგიტაციაზე 2000 ლარს შეადგენს.

მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას გამოეხმაურა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანიც. „უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს საქართველოს პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევის უფლება არ აქვს” – განაცხადა ანა დოლიძემ. მან მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა თავი შეიკავოს ქართულ პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისგან.

აშენდება თუ არა ესტაკადა ბათუმის პორტთან

„შედეგი ამ მიმართულებით აუცილებლად მალე დადგება“ – ასეთია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის პასუხი, თუმცა როდის დადგება ეს შედეგი, იგი არ აკონკრეტებს. ბათუმის მერიაში ესტაკადის პროექტი კარგა ხანია შესულია, თუმცა მერია მშენებლობის ნებართვას არ გასცემს.

„ხშირად, გოგებაშვილის ქუჩაზე, რკინიგზაზე სატვირთო ვაგონების გადაადგილების გამო იკეტება გზა და სხვა რომ არაფერი, უკვე მერამდენედ დამაგვიანდა მატარებელზე. ბოლოს და ბოლოს ვიცი, რომ იყო ესტაკადის პროექტი და რა უშლის ხელს მშენებლობის დაწყებას, იქნებ გაგვარკვიოთ,“ – ეს ერთ-ერთი მოქალაქის თხოვნაა, ის „ბათუმელებს“ ტელეფონით დაუკავშირდა.

პორტის მიმდებარედ ესტაკადის მშენებლობის საკითხი ქალაქში ბევრს აინტერესებს. გადასასვლელი ხიდი ლიანდაგზე, რომელიც პორტსა და რკინიგზას აკავშირებს, აქ აბაშიძის დროს დაანგრიეს. ხიდის დანგრევას იქვე მდებარე თევზისა და ხის გადამამუშავებელი კომბინატების ნგრევაც მოჰყვა, გამოთავისუფლებული ტერიტორიის დიდი ნაწილი კი დღემდე გამოუყენებელია.

ბაქოს ქუჩა
ბათუმი. ბაქოს ქუჩა / თორნიკე თავაძის ფოტო

მოგვიანებით, გადასასვლელი ხიდის აშენების აუცილებლობა, გადატვირთული მოძრაობისა და საცობების გამო, დღის წესრიგში კვლავ დადგა. ესტაკადის პროექტი 2012 წელსაც მზად იყო. ესტაკადა ყაზახური ინვესტიციით, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მიერ უნდა აშენებულიყო.

ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ პროექტი მათთან შესულია, თუმცა, მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის. კონკრეტულად როდის შევიდა პროექტი და რატომ ამბობს მერია ნებართვის გაცემაზე უარს – ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ.

„საზღვაო პორტთან ესტაკადის მშენებლობასთან დაკავშირებით ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ყაზახურ მხარესთან, თუმცა აქვე გეტყვით, რომ მიმდინარეობს სხვა ალტერნატიული გზების მოძიებაც. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ასევე გვაქვს კომუნიკაცია თემით დაინტერესებულ სხვა მხარეებთან. მოლაპარაკებების პროცესი ჯერ არ დასრულებულა და ამიტომ ამჯერად უფრო მეტი კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ,“ – აცხადებს ზურაბ პატარაძე.

მოლაპარაკებები რომ მიმდინარეობდა, ამის შესახებ გასული წლის ნოემბერში მედიასთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმაც განაცხადა: „არ არის ასე მარტივი. გარდა ესტაკადის ქვეშ არსებული მიწისა, იქ არის დამატებით 7 ჰექტარი მიწა, რომელიც ასევე კომერციული მოლაპარაკების ნაწილია. სამი სხვადასხვა ინვესტორი გვყავს, რომლებსაც სამი სხვადასხვა პროექტი აქვთ მიწასთან დაკავშირებით. ჩვენი ხედვა ბათუმის მერიასთან და აჭარის მთავრობასთან ერთად არის შემდეგი, რომ აუცილებლად უნდა გაკეთდეს ესტაკადა, მიწა, რომელიც იქ იქნება, გრძელვადიანი უზუფრუქტით უნდა გადაეცეს უკვე ინვესტორს, რათა მათ განახორციელონ იქ თავიანთი საქმიანობა“.

რომელ ინვესტორებზეა საუბარი, არც სამინისტროში და არც აჭარის მთავრობაში და მითუმეტეს მერიაში, არ აკონკრეტებენ. რეესტრის ამონაწერების მიხედვით ბათუმის მერიის საკუთრებაში ესტაკადის ასაშენებელ სავარაუდო ტერიტორიაზე მხოლოდ 6 კვ/მ მიწის ნაკვეთია. დანარჩენი მიწის თავისუფალი ნაკვეთები, ჯამში 5 ჰექტარამდე ფართობი, 2014 წლიდან სახელმწიფოს საკუთრებაშია. მათ მიმდებარედ არსებული თავისუფალი ფართობი კი „საქართველოს რკინიგზას“, ანუ სახელმწიფოს ეკუთვნის.

როგორც ჩანს, ესტაკადის მშენებლობას სწორედ ის აფერხებს, რომ ქვეყნის ხელისუფლებას ვერ გადაუწყვეტია, ვის და რა პირობით გადასცეს ეს მიწის ნაკვეთები. პროცესი კი უკვე მეოთხე წელია ისევ გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს. არადა, ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს აცხადებდნენ ბათუმის საზღვაო ნავსადგურში, რომ კვლავ მზად იყვნენ ესტაკადა აეშენებინათ, რისთვისაც 5 მილიონი აშშ დოლარი ჰქონდათ გათვალისწინებული. სანაცვლოდ, ნავსადგურს უნდა მიეღო 4 ჰექტარამდე ტერიტორია, სადაც პორტის ინფრასტრუქტურის გაფართოების მიზნით 22 მილიონამდე დოლარის ინვესტიციას ჩადებდა.

„ჩვენ აჭარის მთავრობასთან შეთანხმებით გვინდოდა დაგვეწყო ესტაკადის მშენებლობა სექტემბერში, იყო შესაძლებლობაც, რომ პროექტის განხორციელება მარტშიც დაგვეწყო [საუბარია 2015 წელზე – ავტ.], მაგრამ ეს ხელს შეუშლიდა ტურისტულ სეზონს… არსებობდა სიტყვიერი შეთანხმებაც და გაფორმებული იყო მემორანდუმიც, მაგრამ ამ დრომდე საკითხი გადაწყვეტილი არ არის. თავიდან საუბარი იყო მიწის ოთხ ნაკვეთზე. ამჟამად უკვე მიწის ორ ნაკვეთს განვიხილავთ …  რეალურად, შემიძლია გითხრათ, რომ არავინ არ ამბობს საბოლოოდ არა-ს, თუმცა არც კი-ს ამბობს ვინმე,“ – აცხადებდა გასული წლის დეკემბერში Batumi Sea Port Limited-ის დირექტორი ჟანატ კუსაინოვი.

რა პასუხი გასცეს ყაზახ ინვესტორებს და რა ბედი ეწია მემორანდუმს, აჭარის მთავრობა არც ამჯერად ამბობს. პროცესი ისევ გაჭიანურდება, რაც იქედანაც ჩანს, რომ „ტურისტულ სეზონზე“ აქცენტს აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარეც აკეთებს.

„ახლა ტურისტული სეზონის პიკი გვაქვს და აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების დაწყება უფრო მეტ დისკომფორტს და პრობლემას გამოიწვევს. თუმცა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ შედეგი ამ მიმართულებით აუცილებლად მალე დადგება,“ – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ბაქოს ქუჩა / თორნიკე თავაძის ფოტო
ბაქოს ქუჩა / თორნიკე თავაძის ფოტო

ძარცვის საქმის განხილვა სასამართლოში საპროტესტო აქციების შემდეგ

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა დღეს, 2 აგვისტოს, დაზარალებული ზინაიდა ანტონიანის ჩვენება მოისმინა. საუბარია ჯგუფური ძარცვის საქმეზე, რაშიც ბრალი ედება გიორგი კაკაბაძეს და ხვიჩა კიწმარიშვილს. სასამართლო განხილვის დაწყებამდე, ბრალდებულების ნათესავებმა პროკურატურასთან საპროტესტო აქციები რამდენჯერმე გამართეს უკანონო წინასწარი პატიმრობის შეწყვეტის მოთხოვნით. პროტესტის საგანი საქმის ახალ გარემოებაა – მოპარული ნოუთბუქი დაზარალებულმა ქალებმა საკუთარ სახლში აღმოაჩინეს.

ზინაიდა ანტონიანის ჩვენების მიხედვით, ის 21 თებერვალს ადრე დილით დაბრუნდა სახლში, რა დროსაც მემედ აბაშიძის ქუჩაზე, იტალიური ეზოს საერთო ჭიშკარი ღია დახვდა: „კარს საღამოობით ვკეტავთ, გასაღები ვერ გადავატრიალე. გამიკვირდა, მაგრამ ეზოში შევედი. ეზოდან ორი ბიჭი გამორბოდა. ესენი იყვნენ ის ბიჭები…”, – თქვა მოწმემ და მოსამართლეს ბრალდებულებისკენ მიუთითა.

მოწმის თქმით, მას სახლში შეშინებული მეგობარი დახვდა, რომელმაც უთხრა, რომ გაძარცვეს. პოლიციელებს დაზარალებულებმა უთხრეს, რომ დაკარგული იყო ნოუთბუქი და ფული [სხვადასხვა ვალუტა, ჯამში დაახლოებით 100 ლარის ოდენობით]. მოწმეს არ დაუმალავს ისიც, რომ ნოუთბუქი, რომელიც მოპარული ეგონა, სახლშივე დაახლოებით ორი დღის შემდეგ იპოვა. “ამის შემდეგ ვნახეთ, რომ მოპარული იყო საათი და სუნამო. დავუკავშირდი პოლიციას და მივეცი ჩვენება”, – თქვა ზინაიდა ანტონიანმა.

ბრალდებულების ერთ-ერთი ადვოკატი, ბადრი ბერიძე ამბობს, რომ პოლიცია შეგნებულად ცდილობს “საქმის შეკერვას”, რადგან ორივე ბრალდებული წარსულში ძარცვისა და ქურდობის გამო იხდიდა სასჯელს. “ამ გზით სურს სამართალდამცველებს სტატისტიკის შექმნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მინიმუმ გაუგებარია, რატომ შეიძლება მიედავო სუნამოს და საათის ძარცვას ადამიანებს, თუკი ის შეუმჩნევლად მოიპიარეს. ეს უკვე ქურდობის კვალიფიკაციაა და არა ძარცვის. ბრალდებულებმა მითხრეს და სასამართლოსაც მოუყვებიან, რომ მათ ეს გოგონები ღამის კლუბში გაიცნეს და შემდეგ სახლში გაყვნენ. დილით ნოუთბუქი გოგონებმა ვეღარ იპოვეს და ჩათვალეს, რომ ის ამ ბიჭებმა მოპარეს. საათი და სუნამო უკვე შეთხზული ამბავია, რადგან ეს ბიჭები უკვე ამოცნობილი ყავდათ დაზარალებულებს და ბრალი წაყენებული იყო” – უთხრა ბადრი ბერიძემ “ბათუმელებს”.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პეტრე ზამბახიძე: სახელმწიფო რწმუნებულის დანიშვნა კონსტიტუციური კანონის დარღვევა იყო

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ პეტრე ზამბახიძის განცხადებით,  აჭარის უმაღლესი საბჭოს 5–მა  წევრმა დღეს, 2 აგვისტოს, აჭარის უმაღლეს საბჭოში  წერილობითი მოთხოვნა შეიტანა, რათა უახლოეს სხდომაზე მიიღონ დადგენილება საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის  თაობაზე.  ზამბახიძის თქმით, ისინი ასაჩივრებენ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებას აჭარის მთავრობის გადაყენებისა და აჭარაში სახელმწიფო რწმუნებულისა და მისი ადმინისტრაციის დანიშნვის შესახებ.

„ეს ნიშნავს იმას, რომ აჭარის სტატუსის შესახებ  კონსტიტუციური კანონი არის დარღვეული.  პრეზიდენტს არ ჰქონდა უფლებამოსილება, თავის განკარგულებაში მოყვანილი საბაბით მიეღო გადაწყვეტილება და დაენიშნა საკუთარი რწმუნებული. ჩვენ გავიარეთ  თბილისში ექსპერტებთან  და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციები და საერთო პოზიცია ჩამოვაყალიბეთ იმის შესახებ, რომ შევიტანოთ  სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში და სასამართლომ იმსჯელოს ამ ფაქტის კონსტიტუციურობაზე,“ – განაცხადა პეტრე ზამბახიძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის თქმით, კანონი არ დარღვეულა, ის აირჩია უმაღლესმა საბჭომ და დაინიშნა კანონის ფარგლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ: „თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, რომ სასამართლოზე შეიტანონ სარჩელი, პრობლემაც არ იქნება, როგორც სურთ, ისე მოიქცნენ“.

ზურაბ პატარაძე უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ 2016 წლის 15 ივლისს აირჩია.  ერთი დღით ადრე კი საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, რომელსაც პრემიერმაც მოაწერა ხელი, გადაყენებული იქნა აჭარის მთავრობა და ჩამოყალიბდა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.

რატომ უნდა ვერიდოთ ალკოჰოლს ზაფხულში

ზაფხულში ალკოჰოლური სასმელის მიღება ჯანმრთელობისთვის გაცილებით უფრო საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე წელიწადის სხვა დროს. ამ პერიოდში ალკოჰოლით ინტოქსიკაციის ალბათობა იზრდება და ორგანიზმს განსაკუთრებით უჭირს ალკოჰოლურ თრობასთან გამკლავებაც. რომელ ალკოჰოლურ სასმელებს უნდა ვერიდოთ ზაფხულში და რატომ არის საშიში ალკოჰოლით ინტოქსიკაცია ზაფხულში? – ამ თემაზე „ბათუმელებს“ ტოქსიკოლოგი ვოვა მგელაძე ესაუბრა, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ექიმი.

რატომ არის უფრო საშიში ალკოჰოლით ინტოქსკაცია ზაფხულში?

ზაფხულში, მაღალი ტემპერატურის პირობებში, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა გაძლიერებულია, ამიტომ ალკოჰოლით ინტოქსიკაცია შედარებით უფრო დიდ ზიანს აყენებს ადამიანს, ვიდრე ცივ პერიოდში. მაღალი ტემპერატურის დროს ეთანოლი უფრო ადვილად შეიწოვება ლორწოვანი გარსის მიერ, ამ დროს ორგანიზმში მაქსიმალურად გაფართოებულია სისხლძარღვები, შესაბამისად, ალკოჰოლი უფრო სწრაფად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. გარდა ამისა, ხდება ორგანიზმის გამოშრობა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი იღებს სითხეს, რადგან ალკოჰოლისა და მაღალი ტემპერატურის გავლენით ოფლდენა გაძლიერებულია. მაგალითად ლუდს, რომელიც ზაფხულში პოპულარული სასმელია, გააჩნია შარდმდენი თვისებები. ორგანიზმის ტოტალური გამოშრობის დროს კი ძლიერდება თავის ტკივილი და ინტოქსიკაციის სიმპტომები, რაც, ძირითადად, სწორედ ორგანიზმის გამოშრობას უკავშირდება.

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ალკოჰოლით ინტოქსიკაციას ზაფხულში?

განსაკუთრებით მძიმდება სიტუაცია, თუ ადამიანს აწუხებს ქრონიკული დაავადება: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი და ა.შ. ასეთ დროს რისკი ორმაგდება. მარტივად რომ ვთქვათ, როცა სისხლძარღვები გაფართოებულია, უფრო მეტი სამუშაოს შესრულება უწევს გულს, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში. ასეთ დროს ალკოჰოლით ინტოქსიკაციისას ძალიან ცუდი შედეგი შეიძლება დადგეს და სიკვდილიც კი შეიძლება გამოიწვიოს.

რომელი ალკოჰოლური სასმელისგან თავშეკავებას ურჩევდით სიცხეში ადამიანებს?

ყველაზე საშიშია მაღალალკოჰოლური სასმელი, ოჯახის პირობებში დამზადებული ჭაჭის არაყი, იგივე ქარხნულად წარმოებული არაყი, რომელიც 40 პროცენტამდე ალკოჰოლს შეიცავს, ასევე კონიაკი, ვისკი, მაღალპროცენტიანი ალკოჰოლის შემცველი კოქტეილები. ლუდი შედარებით მსუბუქია, მაგრამ ცუდი აქვს ის, რომ ბევრს იღებს ადამიანი და ლუდში არის ნივთიერებები, რომლებიც ძალიან უარყოფითად მოქმედებენ ღვიძლზე.

ამ პერიოდში თუ იზრდება ალკოჰოლით ინტოქსიკაციის შემთხვევები?

დიახ, გაცილებით უფრო მაღალია მომართვიანობა. ბოლო ოცი დღის განმავლობაში საავადმყოფოში ალკოჰოლით ინტოქსიკაციის შემთხვევა გვქონდა იმდენი, რამდენიც იყო ბოლო ორი თვის მანძილზე ჯამში.

რამდენად სწორია მოსაზრება, რომ ზაფხულში ალკოჰოლით ინტოქსიკაცია განსაკუთრებით საშიშია შუა ხნის მამაკაცებისთვის?

აქვს ამ მოსაზრებას საფუძველი, იმდენად რამდენადაც შუა ხნის ასაკში ქრონიკული დაავადებების რისკი მეტია, საქართველოს მოსახლეობის თითქმის 80 პროცენტს ქრონიკული დაავადება აქვს, ორგანიზმი უფრო დაძაბუნებულია, შხამის გაუვნებელყოფა ნაკლებად ხდება ღვიძლის მიერ და შედეგები, რა თქმა უნდა, უფრო სავალალო შეიძლება იყოს.

ალკოჰოლის მიღების მეორე დღეს, ე.წ. ნაბახუსევის დროს, რა რეკომენდაციები არსებობს?

მძიმე ფიზიკურ სამუშაოს ასეთ დროს ადამიანი უნდა ერიდოს. უნდა მიიღოს ბევრი სითხე, მაგრამ უნდა მოხდეს სითხის გამოყოფაც, შარდის, ოფლის გზით, რომ თავიდან იქნეს აცილებული გადამეტებული სითხის მიღება.

სამუშაოები პუშკინის ქუჩაზე

„მოსახლეობას აქვს წყლისა და სანიაღვრე სისტემის, ასევე გზის პრობლემა, რომელიც ძალიან მალე მოგვარდება და ვფიქრობ, ბათუმელები მოხარულები ვიქნებით ახალი ინფრასტრუქტურით,“  – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, რომელიც დღეს, 2 აგვისტოს, ბათუმის მერთან, გიორგი ერმაკოვთან ერთად, პუშკინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

აღსანიშნავია, რომ ქუჩების რეაბილიტაციაზე ბათუმის მერიას ხელშეკრულება კომპანია „ზიმო 7“-თან აქვს გაფორმებული. სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს და ის მინიმუმ 2 წელი კიდევ გაგრძელდება. 2018 წლის ნოემბრამდე მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, კომპანიამ „ჭაობის“ დასახლებაში 25 ქუჩაზე 18,9 მილიონზე მეტი ლარის სამუშაოები უნდა შეასრულოს [სანიაღვრე სისტემები, ტროტუარები, მოასფალტება].

ამავე თემაზე:

პუშკინის ქუჩა – ხაფანგი მძღოლებისთვის

DSCN1036
ბათუმი, პუშკინის ქუჩა / 2.08.2016 / როინ გუნდაძის ფოტო

მერიის გაფრთხილება: მოქალაქეებმა 3 აგვისტოს, 14:00 საათამდე თავი შეიკავონ ბავშვების 6 მაისის პარკში გასეირნებისგან

ბათუმის მერიის განცხადებით, „გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური“ 6 მაისის პარკში ხე-მცენარეთა შხამ-ქიმიკატებით შეწამვლას განახორციელებს. უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, მოსახლეობას მოვუწოდებთ, ხვალ, 3 აგვისტოს, 14:00 საათამდე თავი შეიკავონ ბავშვების პარკში გასეირნებისგან“.

ვინ უმკურნალებს ცხოველებს? – „საქართველოში ვეტერინარები აღარ გვეყოლება“

„მთაში ყოფნისას იყო შემთხვევა, როდესაც სხვა სოფლიდან ღამე გამომიძახეს, პირუტყვი ავად გაუხდათ. ღამე ფეხით ვერ წავედი, ტრანსპორტი არ იყო. დილით უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა. თუმცა, რომ დავათვალიერე, დროული დახმარების შემთხვევაში მისი გადარჩენა შეიძლებოდა,“ – დანანებით ამბობს 57 წლის ბადრი შავაძე, რომელიც 33 წელია ხულოს მუნიციპალიტეტის 8 სოფლის ერთადერთი ვეტექიმია. მთლიანობაში ხულოს მუნიციპალიტეტის 80-მდე სოფელს სულ 7-8 ვეტექიმი და ოცამდე ფერშალი [ვეტექიმის დამხმარე/ექთანი] ემსახურება.

მაღალმთიანი აჭარა. მანანა ქველიაშვილის ფოტო
მაღალმთიანი აჭარა. მანანა ქველიაშვილის ფოტო

ხულოს მუნიციპალიტეტში, სადაც მესაქონლეობა აჭარის მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე მეტადაა განვითარებული, დაახლოებით 31-32 ათასი პირუტყვია აღრიცხული. სპეციალისტები რომ საკმარისი არ არის, ამას ვეტექიმებიც ამბობენ და გლეხებიც. ვეტექიმის მომსახურება ფასიანია, სახელმწიფო მხოლოდ რამდენიმე გადამდები დაავადების საწინააღმდეგო აცრების პროგრამას ახორციელებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალურ სამმართველოში ამ დროისათვის კონტრაქტით 3 ვეტექიმი და 11 ფერშალი მუშაობს. მათი სამუშაო დროებითია და ასევე, ამ დაავადებათა აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობაც სამმართველოს მიერ დაქირავებული ვეტერინარების საქმეში შედის.

„ჩვენ მხოლოდ აცრებზე ვმუშაობთ, ახლა რომ დარეკონ, ძროხას გართულებული მშობიარობა აქვს ან რაიმე სხვაო, ჩვენი სამსახური ვერ დაეხმარება… ჩვენ ადგილზე გავალთ, მხოლოდ გადამდებ დაავადებათა საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ავიღებთ სინჯებს და გადავგზავნით ბათუმში [ლაბორატორია მუნიციპალიტეტში არ არის]“, – ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხულოს ინპექტორი, პროფესიით ვეტექიმი თენგიზ ირემაძე. ის ამბობს, რომ რადგან სახელმწიფო მხოლოდ ამ მიმართულებით აფინანსებს ვეტერინარიას, ვეტექიმის ორი მუდმივი შტატი საკმარისია. თუმცა აღნიშნავს, რომ გადამდებ დაავადებებზე მეტად მოსახლეობას არაგადამდები დაავადებები და ცხოველთა სხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემები აზარალებს:

„ყოველწლიურად არის პირუტყვის დაღუპვის შემთხვევები, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტში არსებული ვეტერინარების რესურსი, რომლებიც კერძო საქმიანობას ეწევიან, არასაკმარისია, მაგრამ აქ ვერც ვეტმომსახურების კერძო სერვისცენტრი იმუშავებდა, რადგან, მაგალითად, ცენტრიდან ხიხაძირში რომ ავიდეს გამოძახებაზე ექიმი, მისი ხარჯები მომსახურების ფასს გაზრდის, რასაც გლეხი ვერ გადაიხდის. თემებში სახელმწიფო თუ გახსნიდა მსგავს ცენტრებს, იქნებოდა უფრო ეფექტური, რადგან ბიზნესისთვის არამომგებიანი იქნება ესეც“, – ამბობს თენგიზ ირემაძე.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვეტერინარიის პროგრამა არ არის. ერთიანი ეროვნული გამოცდების აბიტურიენტთა წლევანდელ ცნობარში სულ სამ უნივერსიტეტს აქვს მიღება ვეტერინარიაზე. ადგილების რაოდენობა 400-ს მცირედით აჭარბებს, თუმცა აღნიშნული რაოდენობის მოთხოვნა არ არსებობს.

„უკვე ვდგავართ საფრთხის წინაშე, რომ საქართველოში ვეტერინარები აღარ გვეყოლება. ვეტერინართა უმრავლესობა 50 წელსაა გადაცილებული, ახალგაზრდებში კი დაინტერესება არ არის. ჩვენ მართალია, სამეცნიერო ბაზა არ გვაქვს, მაგრამ არც ერთი სტუდენტი არ დაინტერესებულა, მოხალისედ მოსულიყო და დაკვირვებოდა ცხოველებს, შეესწავლა ეს საქმე,“ – დანანებით ამბობს ბათუმის ზოოკუთხის დირექტორი ამირან მურვანიძე.

ქვეყენაში რომ ვეტერინარები ძირითადად ხანდაზმული ადამიანები არიან და შესაბამისი განათლების მიღება რომ პრობლემაა, ამას სახელმწიფოც აღიარებს. დოკუმენტში – „საქართველოს ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა 2016-2020 და ცხოველთა ჯანმრთელობის სამოქმედო გეგმა“ – გასული წლის [2015] სიტუაციის სტრატეგიული ანალიზის სუსტ მხარეებში მითითებულთაგან ორი, ხანდაზმული ვეტერინარების დიდი პროპორცია და არაშესაფერისი ვეტერინარული განათლება, აკრედიტაცია და განგრძობითი განათლებაა. დოკუმენტში საუბარია მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ მდგომარეობაზე.

თუმცა არიან გამონაკლისებიც. მაგალითად, გიორგი კალანდაძე 30 წლის ვეტერინარი ექიმია. როგორც თავად ამბობს, აჭარაში მისი ასაკის მხოლოდ ხუთ ვეტერინარ ექიმს იცნობს: „რეგიონში ვეტერინართა საშუალო ასაკი 63 წელია, რაც ძალიან სერიოზული პრობლემაა“, – ამბობს ის. გიორგის ეს პროფესია ჯერ კიდევ სკოლაში მისვლამდე მოსწონდა და მისი საბოლოო არჩევანიც ვეტერინარიაზე შეჩერდა.

„არის გამოთქმა: ექიმი კურნავს ადამიანს, ვეტერინარი ექიმი კი – მთელ კაცობრიობას, ამით ნათქვამია ამ პროფესიის მნიშვნელობაზე. ვეტექიმობა დიდი პასუხისმგებლობაა, ერთი შეცდომით შეიძლება არამარტო ცხოველი, არამედ, უამრავი ადამიანი აღმოჩნდეს საფრთხის წინაშე“, – ამბობს გიორგი. ის აღნიშნავს, რომ ეს პროფესია საკმაოდ შემოსავლიანიცაა და არ იზიარებს შეხედულებას, რომ ვეტექიმებს უჭირთ საკუთარი პროფესიით თავის შენახვა.

როგორც ახალგაზრდა ვეტექიმი ამბობს, მისი აზრით, პროფესიის პოპულარიზაციის შემთხვევაში ვეტერინარიაზე მოთხოვნა კვლავ გაიზრდება.

„საქართველოს ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა 2016-2020 და ცხოველთა ჯანმრთელობის სამოქმედო გეგმაში“ განხილულია ვეტერინარული განათლების მოდერნიზების საჭიროება. დოკუმენტში დასახელებულ ძირითად პრობლემას წარმოადგენს დარგში მასწავლებლებისა და პროფესორების ნაკლებობა, რომლებმაც უნდა მიაწოდონ სტუდენტებს სათანადო განათლება და პროფესიული კურსები, რაც ვეტერინარიულ ფაკულტეტზე ჩაბარების დაბალ მოტივაციას განაპირობებს. ამ მიმართულებით „სამუშაო ადგილები წლების მანძილზე შემცირდა. აგრეთვე უნივერსიტეტებში იგრძნობა ინტერესის ნაკლებობა, რომ სტუდენტებს მიაწოდონ საერთაშორისოსთან შესაბამისი ვეტერინარული განათლება, ხოლო ძირითადად ამჟამინდელი კურიკულუმები მომართულია ვეტერინარ-ტექნიკოსების მოსამზადებლად. საბოლოოდ, ვეტერინარია როგორც პროფესია, გამოაკლდა საქართველოში რეგულირებული პროფესიების ჩამონათვალს. ასე, რომ სახელმწიფო მოთხოვნები არ ითვალისწინებს ვეტერინარიულ განათლებას“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

მაღალმთიანი აჭარა. მანანა ქველიაშვილის ფოტო
მაღალმთიანი აჭარა. მანანა ქველიაშვილის ფოტო

საზაფხულო ბანაკში მონაწილეობისთვის სტუდენტთა რეგისტრაცია დაიწყო

 აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი „ახალგაზრდულ საზაფხულო ბანაკში” მონაწილეობის მსურველებისთვის მიღებას აცხადებს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, კონკურსის სახით სულ 50 სტუდენტი შეირჩევა,  რომლებიც 13 აგვისტოდან 20 აგვისტოს ჩათვლით ბანაკში გაემგზავრებიან.

ბანაკის ფარგლებში სხვადასხვა სპორტული, გასართობ-შემეცნებითი და კულტურული ხასიათის აქტივობები ჩატარდება, მათ შორის ტრენინგ-სემინარები შემდეგ თემბზე: პროექტის წერა, დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, მოხალისეობა, არაფორმალური განათლება, სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვა, ახალგაზრდები და სამოქალაქო აქტივიზმი და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აჭარაში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს.

მსურველებმა სამოტივაციო წერილთან ერთად, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე (youth@dsy.gov.ge) უნდა გააგზავნონ თავიანთი სახელი, გვარი, მისამართი, უმაღლესი სასწავლებლის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია

რეგისტრაცია გრძელდება 11 აგვისტოს ჩათვლით.

ბათუმელმა ექიმებმა პოლონეთში გადამზადების კურსი გაიარეს

აჭარის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე დღეს, 2 აგვისტოს პოლონეთიდან დაბრუნებულ ექიმებს შეხვდა.
აჭარის მთავრობისა და სილეზიის სავოევოდოს [პოლონეთი] მარშალის ოფისს შორის თანამშრომლობის, 2015-2016 წლების სამუშაო პროგრამის ფარგლებში აჭარის ონკოლოგიური ცენტრის სამი ექიმი სპეციალიზებული ტრენინგკურსის გასავლელად პოლონეთში იმყოფებოდა.

აჭარის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ნუგზარ სურმანიძის თქიმით, ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტი სამედიცინო პერსონალის გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლებაა.

ქიმიოთერაპევტი ხათუნა შოთაძე პოლონეთში ვიზიტის დადებით მხარეებზე გაგვესაუბრა.

„ჩვენი პოლონეთში გამგზავრების მიზანი უმთავრესად იყო პოლონელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება. ორი კვირის განმავლობაში ვიმყოფებოდით მარია სკლადოვსკაია კიურის ონკოლოგიურ ცენტრში, რომელიც ემსახურება არამარტო პოლონეთის მოსახლეობას, არამედ პაციენტებს სხვადასხვა ქვეყნიდან. ასე რომ პაციენტების ნაკადი იყო ძალიან დიდი. გვქონდა საშუალება თვალი გვედევნებინა პაციენტების მკურნალობის ტაქტიკაზე, ასევე გაგვეცნო პაციენტების მართვის სერვისი“ – ამბობს ხათუნა შოთაძე.
ხათუნა შოთაძე აღნიშნავს, რომ მათ კლინიკაში, ბათუმში, პაციენტების მკურნალობა მიმდინარეობს ევროპული სტანდარტების შესაბამისად, თუმცა მიუხედავად იმისა, პოლონეთში ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება შეიძინა, რასაც მომავალში აუცილებლად გამოიყენებს პროფესიულ საქმიანობაში.

პოლონეთში იმყოფებოდა კლინიკა „მედცენტრის“ მთავარი ექთანი გულო აბაშიძეც.

„მინდა გითხრათ, რომ ეს ჩვენი რეგიონის ექიმებისთვის იყო აუცილებელი. ბევრი რამ ვნახეთ, მუშაობის პროცესი ძალიან სასიამოვნო იყო. აღნიშნული კლინიკა ბევრად ვერაფრით განსხვავდება ქართულისგან, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ არის უფრო ფართომასშტაბიანი, იქ უფრო მეტი მუშაობაა“ – აცხადებს გულო აბაშიძე.

„აღნიშნული პროექტი პოლონეთში დაიწყო 2013 წლიდან. შევხვდით ადგილობრივ ხელისუფლებას, დავათვალიერეთ ის სამედიცინო ცენტრები, რომლებიც ჩვენს ინტერესს წარმოადგენდა, ერთ-ერთი იყო მარია სკლადოვსკა კიურის სახელობის ონკოლოგიური ცენტრი. ამ უკანასკნელში ყველა თანამედროვე აღჭურვილობაა, თანამედროვე ტექნოლოგიები, ამიტომ ჩვენ მათთან დავიწყეთ თანამშრომლობა“- განაცხადა ნუგზარ სურმანიძემ.

აგვისტოში აჭარიდან კიდევ ორი ექიმი გაემგზავრება პოლონეთში.

შეხვედრა ექიმებთან. ნაზი ბერიძის ფოტო
შეხვედრა ექიმებთან. ნაზი ბერიძის ფოტო

150 წლის ყაბალახი და 10 ათასი წლის წინანდელი თოხი – რას ნახავთ მაღალმთიანი აჭარის მუზეუმებში

აჭარის მაღალმთიანეთში ტურისტს შესაძლებლობა აქვს ნახოს როგორც ისტორიული, ასევე არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და ცნობილი საზოგადო მოღვაწეების სახლ- მუზეუმები. აქ სულ რვა მუზეუმი ფუნქციონირებს – სამი შუახევში, სამი ხულოში და ორიც ქედაში.

აჭარის მთიანეთის უძველესი ყოფის ამსახველ ექსპონატებს ქედის ისტორიული მუზეუმი ინახავს. აქ ვიზიტორი 8-10 ათასი წლის წინანდელი ქვის თოხსა თუ შურდულის ქვებს ნახავს, რომლებსაც, როგორც ისტორიული წყაროებით დასტურდება, ჩვენი წინაპრები მიწის დასამუშავებლად და მტაცებელი ცხოველებისგან თავის დასაცავად იყენებდნენ. 17 წლის ისტორიის მქონე ქედის ისტორიულ მუზეუმში ამ დროისთვის 4000-ზე მეტი ექსპონატია დაცული, მათ შორისაა როგორც ვერცხლისა და ბრინჯაოსგან ასეული წლის წინ დამზადებული ხელნაკეთი სამკაულები, ასევე თიხისა თუ რკინისგან დამზადებული საყოფაცხოვრებო დანიშნულების ჭურჭელიც.

როგორც მუზეუმის დირექტორმა ვაჟა ფარტენაძემ აგვიხსნა, მუზეუმში დაცული ექსპონატების ნაწილი ქედის სოფლებშია შეგროვებული, ზოგი მუზეუმმა შეისყიდა, ზოგიც კი მუზეუმის მიერ განხორციელებული არქეოლოგიური გათხრების დროსაა აღმოჩენილი.

მუზეუმში არის არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული კუთხეები. ასევე, ვიზიტორს შეუძლია ნახოს როგორც ძველი, ასევე თანამედროვე დროის ხეზე კვეთის ნიმუშები. მუზეუმშია აჭარული კუთხეც, სადაც აქაური ყოფის ამსახველი ნივთები თუ სამოსია გამოფენილი.

ვაჟა ფარტენაძე ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში მუზეუმში ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა:

„დამთვალიერებლისთვის ექსპონატის ასაკს დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა უხსნი, რომ ერთი, კონკრეტული ექსპონატი უძველესია, უკვირს, ასეული წლების წინ ასეთი ნივთების დამზადება როგორ შეეძლოთ ჩვენს წინაპრებს, მაგრამ თუ ვიზიტორი ისტორიკოსი, ეთნოგრაფი ან არქეოლოგია, მისთვის აქ დაცულ ექსპონატებს სულ სხვა მნიშვნელობა აქვს. მეზეუმში ყოველწლიურად იზრდება ექსპონატების რიცხვი, ამასთანავე იზრდება მნახველთა რაოდენობაც. წელს, გასულ წელთან შედარებით, მეტი ვიზიტორი გვყავს, გასულ წელს წინა წლებთან შედარებით მეტი იყო,“ – ამბობს მუზეუმის დირექტორი.

ისტორიული მუზეუმის გარდა ქედაში ასულ ტურისტს ასევე შეუძლია სოფელ გეგელიძეებში მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმის დათვალიერებაც, სადაც ფრიდონ ხალვაშის პირადი ნივთები და ფოტომასალაა გამოფენილი.
შუახევში სამი მუზეუმია, მათგან ერთი, სოფელ კვიახიძეებში მდებარე მუზეუმი საუკუნე-ნახევრის წინანდელ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მასალებს ინახავს. აქ დაცული ექსპონატები მუზეუმის თანამშრომელმა ვიქტორ ფუტკარაძემ შუბნისა და უჩამბის სოფლებში შეაგროვა და ერთ საგამოფენო სივრცეში პირველად 20 წლის წინ გამოფინა.

სოფელ კვიახიძეების მუზეუმში 1400-მდე ექსპონატია. აქ ყველაზე ძველი ნივთი ყაბალახია, რომელიც 150 წლისაა. აქვეა სადედოფლო კაბაც, რომელსაც საუკუნე-ნახევრის წინ სოფელ კვიახიძეებში პატარძლები იცვამდნენ. აქ არის ყავის საფრქვავი წისქვილიც, რომელიც სოფელში მცხოვრებ ოჯახს სტამბულიდან 1880 წელს გამოუგზავნეს.

„მუზეუმის დამთვალიერებელს შორის უცხოელი მნხაველი სჭარბობს. თურქეთის, უკრაინისა და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები გვსტუმრობენ. ყველაზე მეტად აჭარული სამოსით ინტერესდებიან,“ – ამბობს ვიქტორ ფუტკარაძე.
კვიახიძეების გარდა შუახევში ტურისტს შესაძლებლობა აქვს სოფელ ნიგაზეულში ხიმშიაშვილების სახელობის სახლ-მუზეუმი და ოლადაურში ეთნოგრაფიული მუზეუმი დაათვალიეროს.

სახლმუზეუმი სოფელ ნიგაზეულში 2003 წელს გაიხსნა 105 ექსპონატით. ახლა აქ 356 ექსპონატია დაცული.

„რაც გახსნის შემდეგ შეემატა მუზეუმს, მე თვითონ შევაგროვე სოფლებში. ძირითადად ფოტო და წერილობითი მასალა სჭარბობს. ყველაზე ძველი სადურგლო იარაღებია: „შარაშინი~, „რანდა~… ვიზიტორების დიდი ნაწილი ზაფხულში მოდის, გასულ წელს 2560-მდე მნახველი ჰყავდა მუზეუმს, ეს საკმაოდ დიდი რიცხვია სოფელში არსებული მუზეუმისთვის. აქვე გვაქვს ჩანაწერთა წიგნი, არაერთი საინტერესო ჩანაწერი დაუტოვებიათ მნახველებს,“ –  ამბობს სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის მუზეუმის თანამშრომელი ელგუჯა ხიმშიაშვილი.

სამი მუზეუმის დათვალიერება შეუძლია ხულოში ასულ ტურისტს. ერთ-ერთი მათგანი დაბა ხულოში არსებული მხარეთმცოდნეობის მუზეუმია, სადაც 590-მდე ექსპონატია დაცული. „არის ეთნოგრაფიული ექსპონატები და ძველი ფოტომასალა, გრაფიკული ნამუშევრები, ნუმიზმატიკური და არქეოლოგიური მასალები,“ – ამბობს მუზეუმის დირექტორი ნანა შანთაძე.

ხულოს მუზეუმი
ხულოს მუზეუმი

სხალთაში ასულ ტურისტს შეუძლია დაათვალიეროს სელიმ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმი, სადაც სელიმ ხიმშიაშვილის პირად ნივთებთან ერთად საოჯახო ნივთებია გამოფენილი, ფაიფურის, სპილენძისა თუ ვერცხლის ჭურჭელი, ე.წ „კუზნეცოვის“ სახელით ცნობილი თეფშები, უძველესი ფორტეპიანო, მოჩუქურთმებული სარკე და ფოტომასალა, სულ 600-მდე, ძირითადად მე-19 საუკუნით დათარიღებული ექსპონატი. არის ჩანაწერები, რომლებიც ოსმალეთის იმპერიის 300-წლიან ბატონობასთან დაკავშირებით ინფორმაციას შეიცავს, და ასევე, ჩანაწერები ხიმშიაშვილთა გმირობაზე.

სხალთის გარდა ხულოში მუზეუმია სოფელ თხილვანაში, რომელსაც ეთნოგრაფიული დატვირთვა აქვს. „აქ არის მე-12 საუკუნით დათარიღებული ექსპონატები, უძველესი ფოტომასალები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ყველაზე მეტად რითაც ინტერესდებიან დამთვალიერებლები, ეს არის ტრადიციული უძველესი აჭარული აკვანი. 800-მდე ექსპონატია დაცული, არის უძველესი ხმალი, დანები, ღვინის თასი… უმეტესად გვაქვს ფოტომასალა, რომელიც ხეობაში შემორჩენილ ისტორიას ინახავს,“ – ამბობს თხილვანის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ლაშა ბოლქვაძე.

მაღალმთიანი აჭარის მუზეუმებში ვიზიტორთა სტატისტიკას არ აწარმოებენ, შესაბამისად, მუზეუმში დამთვალიერებელთა ზუსტ რაოდენობას აქ ვერ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ სტატისტიკა, მათი დაკვირვებით, მზარდია, განსაკუთრებით ზაფხულში. ყველა ამ მუზეუმის დათვალიერება უფასოდაა შესაძლებელი.

რა ხდება ქალთა საპატიმროებში

ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმამ“, იმის დასადგენად, თუ რამდენად არის გათვალისწინებული ქალთა გენდერსპეციფიკური ფაქტორები და საჭიროებები სისხლის სამართლის სისტემაში, კვლევა ჩაატარა, რომელიც სისტემის ყველა ეტაპს მოიცავს –  დაკავების მომენტს, სასამართლო განხილვას და შემდეგ უკვე სასჯელის აღსრულებას, როგორც საპატიმრო, ისე არასაპატიმრო კუთხით. კვლევის ავტორის, ტატო ქელბაქიანის თქმით, ფოკუსჯგუფებთან, ყოფილ პატიმრებთან, პროკურორებთან, მოსამართლეებთან და სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ინტერვიუებისას, პრობლემები სისტემის ყველა ეტაპზე გამოიკვეთა. კვლევა 2013-2015 წლებს მოიცავს.

 ბატონო ტატო, დროებითი მოთავსების იზოლატორიდან რომ დავიწყოთ, რა ხარვეზები აღმოჩნდა ამ ნაწილში?

ყველაზე მეტი პრობლემა რეგიონებში იკვეთება. გარდა იმისა, რომ უმეტეს შემთხვევაში, ამ დაწესებულებებში არ არის სრულყოფილი ვინტილაცია და განათება, პრობლემაა ისიც, რომ მიღებისას ხშირ შემთხვევაში არ ჰყავთ ქალი პერსონალი და თუ ქალს, მაგალითად, ჰიგიენური საშუალების თხოვნა უნდა, რაც ცოტა დელიკატური საკითხია, უნდა მივიდეს და სთხოვოს კაცს. ცალკე საკითხია ის, რომ ამას სჭირდება დირექტორის ნებართვა. მაშინ განმარტებული უნდა იყოს კანონში, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ეთქვას უარი დაკავებულ ქალს გარედან ჰიგიენური საშუალების შემოტანაზე.

გარდა ამისა, საკნებში არსებობს პრივატულობის პრობლემაც – ხშირ შემთხვევაში საკნებში ისე არის სველი წერტილები კონსტრუირებული, რომ ღიობიდან შეხედვისას იგი სრულად ჩანს. შეხედვა კი სავალდებულოა თვითდაზიანებისა თუ სუიციდის პრევენციის მიზნით. ზოგიერთმა ინტერვიუსას განაცხადა, რომ როდესაც ვაპირებდით ტუალეტით სარგებლობას, ვაფრთხილებდით პერსონალს, რომ არ შემოეხედათო. პრობლემები გამოიკვეთა კვებასთან დაკავშირებითაც – ხშირად ქალებს ძალიან მშრალი საკვები მიეწოდებათ და იმ შემთხვევაში, თუ დროებითი დაკავების იზოლატორში ორსული ან მეძუძური დედა მოხვდება, მათთვის არ არის გათვალისწინებული სპეციფიკური საკვები, ისინიც იმავე საკვებს მიიღებენ, რასაც სხვა. რეგიონებში ხშირ შემთხვევაში ჭურჭელიც კი არ ჰქონდათ და ზოგიერთმა აღნიშნა, რომ თაბახის ფურცელზე უდებდნენ საკვებს და ისე აწვდიდნენ. ასევე, საერთაშორისო სტანდარტებით, როცა ასეთ დახურულ სისტემაშია ადამიანი მოთავსებული, დღეში მინიმუმ ერთი საათი სუფთა ჰაერზე უნდა გაისეირნოს, თუმცა თითქმის არსად არ გამოკვეთილა ასეთი პრაქტიკა საქართველოში. რიგ შემთხვევებში იყო პრობლემები შხაპის მიღებასთან დაკავშირებითაც.

საჭიროების შემთხვევაში რამდენად ხელმისაწვდომია ფსიქოლოგის კონსულტაცია დაკავების პირველ ეტაპზე?

თანამშრომლების ნაწილი გადამზადებულია სუიციდის ნიშნების ამოცნობაზე, მაგრამ საქმე ის არის, რომ სუიციდის ყველაზე დიდი რისკი დაკავებიდან სწორედ პირველ 24 საათშია, ანუ მაშინ როცა სტრესულ/შოკურ მგდომარეობაშია ადამიანი, აქ კი ცალკე ფსიქოლოგის სამსახური არ არსებობს, რაც აუცილებელია და ამის საჭიროება არის თითქმის ყველგან.

სასამართლოზე განხილვის პროცესთან დაკავშირებით რა სურათია და რა რეკომენდაციები გაქვთ?

მოგეხსენებათ ჩვენთან საკმაოდ გავრცელებული და აქტუალური პრობლემაა ფემიციდი და ოჯახში ძალადობა, შესაბამისად საინტერესოა, თუ რამდენად ითვალისწინებს მოსამართლე „ხანგრძლივი მსხვერპლის სინდრომის“ ფაქტორს, როგორც ერთგვარ შემამსუბუქებელს – ანუ როცა ქალი, რომელიც არის ხანგრძლივი ძალადობის მსხვერპლი, ჩადის დანაშაულს. ჩვენთან ამის პრაქტიკაში გათვალისწინება არ ხდება. აფექტს ეძახიან, მაგრამ აფექტის დადასტურება ფაქტობრივად შეუძლებელია. ჩვენი რეკომენდაციაა, მომზადდეს სასამართლოში წინა სასამართლო ანგარიშები, მათ საფუძველზე ხდება ადამიანის ბიოსოციალური პორტრეტის შედგენა და ეს უფრო მრავალმხრივ ინფორმაციას აწვდის მოსამართლეს აღნიშნულ საქმეზე, იმიტომ, რომ ხშირად ადვოკატი ვერ არკვევს და ვერ აძლევს იმ ინფორმაციას, რაც შეიძლება დაცვისთვის ძალიან საჭირო იყოს, თუნდაც იმიტომ, რომ არ არის შესაბამისად კვალიფიციური. ასეთი ინფორმაციის გარეშე საბოლოო გადაწყვეტილებები არის ძალიან მშრალი და შაბლონური.

საჭიროა „ხანგრძლივი ძალადობის მსხვერპლის სინდრომი“ გამოიკვეთოს შეფასების მომენტში და ერთგვარად ქვაკუთხედი დაინახოს მოსამართლემ, რათა ასეთ დროს აქცენტი გაკეთდეს უფრო ალტერნატიულ, არასაპატიმრო სასჯელებზე, ვიდრე საპატიმროზე. პრობლემაა ისიც, რომ მწირია აღმკვეთი ღონისძიებების ჩამონათვალი, ძირითადად ეს არის – გირაო ან პატიმრობა. ხშირად, როცა ქალი ოჯახში ხანგრძლივი ძალადობის მსხვერპლია და ჩადის დანაშაულს, მას არ აქვს გირაოს თანხა, რადგან იშვიათად აქვთ საკუთარი შემოსავალი, ძირითადად დამოკიდებულები არიან მეუღლეებზე და ალტერნატივად რჩება მხოლოდ პატიმრობა. მართალია, არის კიდევ პირადი თავდებობა, მაგრამ საამისოდ სანდო ადამიანის გამოჩენა და შერჩევა რთულია, ამიტომ, ფაქტობრივად, ის არ გამოიყენება.

რა მდგომარეობაა ქალთა თავისუფლების აღმკვეთ დაწესებულებებში განთავსებასთან დაკავშირებით?

არსებობს დახურული და ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებები, ღია ტიპის დაწესებულებაში დილით იღება კარი და ქალ პატიმრებს საღამომდე შეუძლიათ გადაადგილება. დახურული ტიპის აღმკვეთ დაწესებულებებში ქალები სხედან საკანში და შესაძლებლობა აქვთ ერთი საათით გავიდნენ სუფთა ჰაერზე. დახურული ტიპის დაწესებულებაში კანონით უნდა განთავსდეს უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პატიმარი, ეს არ არის ნორმა, მაგრამ პრაქტიკა ასეთია. ვფიქრობ, შესაძლებელია მათ მოიხადონ სასჯელი დახურული ტიპის დაწესებულებაში რაღაც პერიოდი, მაგრამ არა მუდმივად ამ პირობებში.

მეორე პრობლემა ეხება შემოწმების მეთოდს. ქართული კანონმდებლობით დაშვებულია ორი ტიპის შემოწმება – სრული და არასრული. არასრული არის გარეგნულად შემოწმება და შეიძლება შეხების გარეშეც მოხდეს. მეორე არის სრული, ანუ გაშიშვლებით შემოწმება. საერთაშორისო პრაქტიკაში არსებობს მესამე ფორმის შემოწმებაც – ინვაზიური ანუ სხეულის იმ ნაწილების შემოწმება, რომელთა გამოყენებაც პატიმარს შეუძლია რაიმეს სამალავად. პრაქტიკა საქართველოში არის ასეთი, პატიმრებს სთავაზობენ ან ბუქნებს (რაც საერთაშორისო სტანდარტებით, ღირსების შემლახველ ქმედებად ითვლება), ან ინვაზიურ, ანუ გინეკოლოგის მიერ შემოწმებას. კანონი მოითხოვს სრულ შემოწმებას და ხშირად სრული შემოწმება ჰგონიათ ინვაზიური შემოწმება, სინამდვილეში ეს არ არის ასე, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სხეულის ნაწილების შემოწმებას. ინვაზიური ტიპის შემოწმებას აუცილებლად აკეთებს სამედიცინო პერსონალი, მაგრამ ამის პროცედურა ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. იმის გამო, რომ ციხეში ხშირია სხეულის ნაწილების სამალავად გამოყენების პრაქტიკა, შემოწმება აუცილებელია, მაგრამ არსებობს ბევრად უკეთესი ალტერნატიული ფორმები, იმავე სკანერებით შემოწმება, რომელზეც უნდა გადავიდნენ სასჯელაღსრულებითი დაწესებულებები ეტაპობრივად.

რა მდგომარეობაა თავისუფლების აღმკვეთ დაწესებულებებში ჰიგიენის მხრივ?

გამოიკვეთა, რომ ციხეში არ არის ჰიგიენური საშუალებები საკმარისი რაოდენობით, თუმცა დროებითი მოთავსების იზოლატორთან შედარებით, ამ მხრივ ბევრად უკეთესი პირობებია.

ფოტოზე ტატო ქელბაქიანი. ფოტო: „ლიბერალი”

საავადმყოფოები დონეების მიხედვით – რა უნდა იცოდეს ორსულმა

აჭარა პერინატალური მოვლის რეგიონალიზაციის პროექტში ჩაერთო, რაც იმ სამედიცინო დაწესებულებების დონეებად დაყოფას გულისხმობს, რომლებიც დედათა და ჩვილ ბავშვთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სამედიცინო სერვისებს სთავაზობენ პაციენტებს. ამჟამად საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჯგუფი აჭარაში სამედიცინო დაწესებულებებს სწავლობს.

ბათუმის სამშობიარო სახლი, რეფერალური საავადმყოფო, კლინიკა „მედინა“, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი – ეს ბათუმში მდებარე იმ სამედიცინო დაწესებულებების მოკლე ჩამონათვალია, რომლებიც პერინატალური მოვლის რეგიონალიზაციის პროექტში პირველ, მეორე ან მესამე დონეს მიიღებენ. პროექტის მიზანი დედათა და ჩვილ ბავშვთა მოვლის ხარისხის გაუმჯობესებაა.

„პროექტის ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერი ორსულისა და ახალშობილისთვის არსებობდეს არამარტო ბაზისური სამეანო-ნეონატალური სერვისი, რომელიც მხოლოდ ფიზიოლოგიურ ორსულობას და მშობიარობას გაუმკლავდება, არამედ სერვისი, რომელიც სხვადასხვა ტიპის გართულებების მართვასაც შეძლებს,“ – განმარტავს ნინო ბერძული, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე „ბათუმელებთან“.

მისი თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 2014 წელს ქვეყნის მასშტაბით 96 დაწესებულება შეისწავლა და აღმოჩნდა, რომ სამედიცინო დაწესებულებათა 80 პროცენტზე მეტი მხოლოდ ბაზისურ დონეს აკმაყოფილებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთ კლინიკებში ექიმებს მხოლოდ ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობა და მშობიარობა შეეძლოთ ემართათ ხარისხის შესაბამისად და არა გართულებები. მინისტრის მოადგილის განმარტებით, სწორედ ამიტომ გახდა საჭირო სამედიცინო დაწესებულებების დონეებად დაყოფა.

შესწავლის შედეგად აჭარაში ის სამედიცინო დაწესებულებები, სადაც ორსულთა, მშობიარეთა და ჩვილ ბავშვთა მართვა ხორციელდება, სამ დონედ დაიყოფა. პირველი დონე საბაზისოა, მეორე დონეს მიიღებს სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც აქვს უფრო მაღალი ხარისხის სერვისი და პირველ დონეზე მაღალი სამედიცინო მომსახურების სტანდარტი, ხოლო მესამე, ყველაზე მაღალ დონეს მიიღებს სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც შეუძლია გაუმკლავდეს ორსულთა, დედათა და ჩვილ ბავშვთა ჯანმრთელობის მძიმე და უკიდურესად მძიმე შემთხვევებს.

პირველ ეტაპზე, სამინისტროსთან არსებული ჯგუფი შედის დაწესებულებაში და მდგომარეობა ფასდება დაწესებულების მოთხოვნის შესაბამისად. თუ, მაგალითად, დაწესებულება ითხოვს პირველ დონეს, იგი შესაბამისი ინსტრუმენტით ფასდება და ეძლევა რეკომენდაცია, აკმაყოფილებს თუ არ აკმაყოფილებს მოთხოვნილ დონეს. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება არ აკმაყოფილებს მოთხოვნილ დონეს, მას ეძლევა შესაძლებლობა სამი თვის განმავლობაში აღმოფხვრას ხარვეზები და ხდება განმეორებითი შეფასება, როდესაც უკვე ენიჭება დონე.

„დონეებად დაყოფა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ დაწესებულებამაც უნდა იცოდეს, რისი კომპეტენცია აქვს მას, რა გართულების მართვის შესაძლებლობა აქვს ფუნქციური, ადამიანური რესურსიდან გამომდინარე და რისი უფლება არ აქვს, რა სცდება მის კომპეტენციას, რომ დროულად გადაამისამართოს პაციენტი მეორე ან მესამე დონის სამედიცინო დაწესებულებაში. პაციენტსაც ეცოდინება, რომ თუ მას გარკვეული გართულებები აქვს, ის უნდა მივიდეს არა საბაზისო დონის, არამედ უფრო მაღალი დონის დაწესებულებაში, რომ იქ გარანტირებულად მიიღოს მაღალი ხარისხის სერვისი. ეს არის ძირითადი პრინციპი,“ – ამბობს ნინო ბერძული.

სამედიცინო დაწესებულებების შეფასების ინსტრუმენტი ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებითაა დამტკიცებული. ნინო ბერძულის განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც მიიღებს მისი დონისთვის შეუსაბამო პაციენტს, სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში გაწეული მომსახურების საფასურს არ აუნაზღაურებს. კითხვაზე, საიდან ექნება პაციენტს ინფორმაცია, რომელ დონეს აკმაყოფილებს ესა თუ ის სამედიცინო დაწესებულება, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ამაზე პასუხისმგებლობა მთლიანად სამედიცინო დაწესებულებას ეკისრება:

„აქ მარტო დაფინანსებაზე კი არა არის საქმე, ქალისა და ბავშვის სიცოცხლეზეა ლაპარაკი. დაწესებულებამ იმ გართულების მართვის პასუხისმგებლობა არ უნდა აიღოს, რასაც ის თავს ვერ გაართმევს, ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური თუ ადამიანური რესურსის თვალსაზრისით. ამიტომ არის პერინატალური რეგიონალიზაციის მოდელი მიჩნეული ერთ-ერთ საუკეთესოდ იმისათვის, რომ მოხდეს დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობისა და ავადობის შემცირება.“

პირველი, მეორე ან მესამე დონე სამედიცინო დაწესებულებას ერთი წლით ენიჭება. ნინო ბერძული ამბობს, რომ ერთ წელიწადში მონიტორინგი ისევ შედგება და დონე განახლდება.

„ჩვენ ამ სერტიფიკატს საბოლოოდ არ ვაძლევთ დაწესებულებას. მიიღო ერთხელ და ამით დასრულდა ყველაფერი – ასე არ არის, რადგან სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლოა გაუმჯობესდეს ან გაუარესდეს მდგომარეობა.“

პროექტი ეტაპობრივად მიმდინარეობს და აქამდე იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში განხორციელდა. ნინო ბერძული ამბობს, რომ შედეგები „საკმაოდ კარგია“:

„მოხდა პაციენტების ნაკადების გადანაწილება სწორად. თუ კი აქამდე ყველა პაციენტი, ორსული ქაოტურად მიდიოდა რომელ დაწესებულებაშიც უნდოდა, მიუხედავად იმისა, იმ დაწესებულებას ჰქონდა თუ არა კომპეტენცია ემართა კონკრეტული ორსული ან მისი გართულება, დღეს, ამ რეგიონებში ეს გადანაწილებულია სწორად. როცა ფიზიოლოგიურად ნორმალურად მიმდინარეობს ორსულობა და მშობიარობა – პაციენტი მიდის პირველი დონის დაწესებულებაში, ვისაც გარკვეული დონის გართულებები აქვს – მეორე დონეზე და ყველაზე მძიმე პაციენტების გადანაწილება, განსაკუთრებით 34 კვირამდე მშობიარობების გადანაწილება ხდება მესამე დონეზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ მშობიარობა, განსაკუთრებით 34 კვირაზე ქვემოთ, საჭიროებს ინტენსიურ მოვლას. დაწესებულება აუცილებლად უნდა იყოს აღჭურვილი, ჰყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალი და სჯობს პირდაპირ ასეთ ადგილას მივიდეს ორსული, ვიდრე იმშობიაროს მეორე ან პირველ დონეზე და შემდეგ მანქანით მოხდეს გადაყვანა.“

რა დონეებს მიიღებენ სამედიცინო დაწესებულებები აჭარაში, ეს სამი თვის შემდეგ გახდება ცნობილი. იმერეთში პირველი დონე მხოლოდ ერთმა დაწესებულებამ დააკმაყოფილა, ოთხმა სამედიცინო დაწესებულებამ კი ამ რეგიონში ვერც საბაზისო, პირველი დონე დააკმაყოფილა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ეს მოდელი განვითარებულ ქვეყნებში წარმატებით მუშაობს და მნიშვნელოვნად ამცირებს ორსულთა და ახალშობილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელს. ნინო ბერძულის თქმით, დონეებად დაყოფის პირველი რეკომენდაცია საქართველომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან დაახლოებით 20 წლის წინ მიიღო, თუმცა პროექტი ამ დრომდე ვერ განხორციელდა.

როგორ აისახება თურქეთის „საგანგებო რეჟიმი“ საქართველოზე

„დემოკრატიის დასაცავად“ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სამი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. თქვა, რომ ამ პერიოდში თურქეთის ჯარს „ვირუსებისგან გაწმენდს“, რადგან სამხედრო გადატრიალების მცდელობის პროცესი შესაძლოა დასრულებული ჯერ კიდევ არ იყოს. ექსპერტების შეფასებებით, „დემოკრატიის დაცვის“ სახელით, შეიძლება თურქეთის პოლიტიკური პრიორიტეტები შეიცვალოს.

თურქეთში მიმდინარე პროცესი ეკონომიკურად ბათუმში უკვე ძირითადად თურქულ რესტორნებზე, ღამის კლუბებსა და სასტუმროებზე აისახა. კომერციული ობიექტების თურქი მესაკუთრეები კლიენტების ნაკლებობაზე ჩივიან. თითოეული მათგანი დარწმუნებულია, რომ კრიზისი მაქსიმუმ ერთ თვეს შეიძლება გაგრძელდეს.

„ადრე წვიმაშიც ხალხით სავსე იყო რესტორანი. სასტუმროც მაქვს, კიდევ – ჩაიხანა, არსად არაა ხალხი. როგორც ვიცი, დღის განმავლობაში დაახლოებით 5-10 კაცი თუ გადმოდის თურქეთიდან. ათი წელია აქ ვმუშაობ და ასეთი გაჭირვება ჯერ არ მქონია. ერთ თვეში დასრულდება ეს არეულობა და ყველაფერი დალაგდება. ასე გვეუბნებიან“, – გვიყვება რეჯებ აიდილი ქუთაისის ქუჩიდან.

იაშა ერჯენი: „სასტუმრო დღეს დატოვა ოთხმა კაცმა და აღარავინ მიმიღია. სულ ხუთი ნომერი მაქვს, ყველა ცარიელია. თურქეთში გადასვლა არ მიცდია, მაგრამ ორმაგი მოქალაქეობა მაქვს და როგორც ვიცი, ჩემთვის არ იქნება პრობლემა საზღვრის გადაკვეთა. მაქსიმუმ ერთ თვეში დასრულდება ეს შეზღუდვები…“

„ერდოღანის პირველი რიგის ამოცანა იქნება ვაჭრობა არ ჩავარდეს. ეს მას საკუთარი თავის გადარჩენისთვის სჭირდება. საგანგებო რეჟიმი ყოველთვის აზარალებს თავისუფალ ვაჭრობას, მაგრამ არ მგონია, რომ ამას ექნება კატასტროფული ხასიათი. ერდოღანის პოლიტიკური სტაბილურობა თურქეთში პირველ რიგში დგას ეკონომიკაზე,“ – ამბობს პოლიტოლოგი გრიგოლ გეგელია.

შსს-ს საზღვრის პოლიცია ამ ეტაპზე არ ამხელს, რამდენი თურქი ტურისტი გადმოვიდა 15 ივლისიდან დღემდე საქართველოში, მას შემდეგ, რაც თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაფიქსირდა და შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით, წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, თურქეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა 29 პროცენტით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2015 წელს ბათუმში ჩამოსული ტურისტების ყველაზე დიდ ნაწილს თურქი ტურისტები შეადგენდნენ – 265 492 უცხოელი ტურისტიდან – 78 633.

საგანგებო მდგომარეობა თურქეთში ქვეყნის დატოვებას პირდაპირ არ კრძალავს, თუმცა ის გარკვეული შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. თურქეთში მყოფ პირებს შეიძლება აეკრძალოთ გარკვეული პერიოდით ქვეყნიდან გასვლა, ან უკან დაბრუნება, ქუჩაში გასვლა და გადაადგილება, ხოლო სამართალდამცველებს უფლება აქვთ მათი პირადი შემოწმება, სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნივთების შემოწმება, ჩამორთმევა და მათი მტკიცებულების სახით კონფისკაცია. საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის თურქული მონაკვეთის სასაზღვრო-გამშვები პუნქტები [სარფი, ვალე, კარწახი] მუშაობენ საგანგებო რეჟიმში.

თურქეთში საგანგებო ვითარების გამოცხადებამდე წინა დღით ანკარაში ხუთ ხელშეკრულებას, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების ეგიდით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერა ხელი, ასევე დაფუძნდა სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭო.

ანა ბეროშვილი, „საზოგადოება და ბანკების“ ეკონომიკური ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ სავაჭრო თანამშრომლობას საფრთხე არ დაემუქრება: „მოკლევადიან პერიოდში, რა თქმა უნდა, საგანგებო ვითარება იქონიებს ნეგატიურ გავლენას, შემცირდება ტურისტების რაოდენობა, შესაძლოა, პრობლემა შეექმნათ იმ თურქ ბიზნესმენებს, ვისაც ბიზნესი საქართველოში აქვთ, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში თურქეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება. ყოველ შემთხვევაში, დღეს ეს საფრთხე არ ჩანს. თურქეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. მარტო მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის საერთო ბრუნვის მონაცემებით, თურქეთის წილი ექსპორტში შეადგენს 11 პროცენტს, ხოლო იმპორტში დაახლოებით 14 პროცენტს. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია“.

პოლიტოლოგი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თურქეთის მთავარი საფრთხე ეკონომიკაზე მეტად ამჯერად დემოკრატიას ემუქრება, რადგან გაურკვეველია, რა პოლიტიკური რეჟიმის მქონე ქვეყანას მივიღებთ მეზობლად: „არ გამოვრიცხავ რეალურად საგანგებო ვითარება სამ თვეზე მეტი ხნით გაგრძელდეს და „დემოკრატიის დაცვის“ სახელით საბოლოოდ განადგურდეს დემოკრატიული ინსტიტუტები. რეალურად ერდოღანი დემოკრატიის მტერია. ის ძალაუფლებაში მოსვლის დღიდანვე ცდილობდა გაეუქმებია საპარლამენტო რესპუბლიკა და გზა გაეხსნა იმპერიული პრეზიდენტობისთვის. იგი არის ნეოოტომანური დღის წესრიგის მქონე პოლიტიკოსი“.

საგანგებო ვითარება – სამხედრო გადატრიალების მცდელობისთვის, თუ პოლიტიკური კონცეფციის შესაცვლელად? – ეს შეკითხვა გაუჩნდა მოვლენების ანალიზის დროს პოლიტიკურ მიმომხილველს, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს წევრს, ირაკლი მჭედლიშვილს. მისი შეფასებით, თურქეთში მიმდინარე პროცესი არ არის კარგი ნატოსთვის: „მასობრივი გათავისუფლებები, დაპატიმრებები და ადამიანის უფლებების შეზღუდვა, რა თქმა უნდა, ასუსტებს ალიანსის ნდობას თურქეთის, როგორც პარტნიორის მიმართ. თურქეთმა ამ პროცესში უნდა უპასუხოს კითხვას, რამდენად ადეკვატურია მასობრივი კონტრზომები, რასაც ის სამხედრო გადატრიალების მცდელობის დასასჯელად იყენებს. რეაგირების ფორმები, რასაც თურქეთის მთავრობა მიმართავს, აჩენს ეჭვს, რომ თურქეთს პოლიტიკური კონცეფციის შეცვლა სურს.“

პოლიტიკური მიმომხილველის შეფასებით, თუკი თურქეთი არ იქნება ნატოს მყარი წევრი, ეს გააძლიერებს რუსეთის პოზიციებს რეგიონში. გარდა ამისა, თურქეთი საქართველოსთვის დასავლეთთან ურთიერთობაში არის ერთგვარი კარიბჭე, რომლის დანგრევაც კომუნიკაციას გაართულებს: „ასე პირდაპირ ნატოდან თურქეთის გასვლის საკითხი არ დადგება, მაგრამ თუკი ის არ იქნება საიმედო პარტნიორი ალიანსისთვის, დასავლეთი ამ პროცესს ვერ შეაჩერებს. ადრეც იყო გარკვეული წინააღმდეგობები ნატოსა და თურქეთს შორის“.

„თუ თურქეთი გავა ნატოდან, ეს იქნება დიდი დარტყმა საქართველოსთვის. ჩვენ აღმოვჩნდებით ძალიან ცუდ ანკლავში, სადაც რუსეთი შეეცდება წარმოაჩინოს თავი, როგორც სტაბილურობის გარანტი. ამ შემთხვევაში, უნდა ველოდოთ პრორუსული ძალებისგან რუსეთის მითოლოგიის გააქტიურებას… მე პირადად პრორუსული დისკურსის გამარჯვებას რეგიონში არ ველოდები,“ – აცხადებს პოლიტოლოგი გრიგოლ გეგელია.

სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში 15 ივლისს დაიწყო და წარუმატებლად დასრულდა. ამბოხებას დაახლოებით 265 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო დღეების განმავლობაში თურქეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა აკადემიური წრის ათასობით წარმომადგენელი, ასევე მოსამართლეები და საჯარო მოხელეები. 19 ივლისს აკადემიურ პერსონალს ქვეყნის დროებით დატოვებაც აეკრძალა. თურქეთის მთავრობის განცხადებით, სამხედრო გადატრიალების მცდელობის უკან ყოფილი იმამი, მუსლიმი კლერკი ფეტულა გულენი და მისი მიმდევრები იდგნენ. მისი ექტსრადაცია ამერიკის შეერთებულ შტატებს თურქეთმა 18 ივლისს მოსთხოვა. 21 ივლისს თურქეთის რესპუბლიკამ ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მიხედვით ნაკისრი ვალდებულებების იმპლემენტაცია დროებით შეაჩერა. თურქეთის ვიცე-პრემიერმა და მთავრობის სპიკერმა ნემა ქურთულმუსმა ამის მიზეზად საგანგებო მდგომარეობა დაასახელა, რომელიც თურქეთში სამი თვით გამოცხადდა.

რა იწვევს ფუტკრის ოჯახების განადგურებას

აჭარის სოფლებში მეფუტკრეები ამბობენ, რომ ფუტკრის ოჯახები ეღუპებათ. ანალოგიური სიტუაციაა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც. ზოგიერთი მეფუტკრე მიიჩნევს, რომ ფუტკარს ის შხამ-ქიმიკატები ანადგურებს, რასაც სოფლის მეურნეობაში ერთწლოვანი თუ მრავალწლოვანი კულტურების შესაწამლად იყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ფუტკრის ასობით ოჯახი განადგურდა, სახელმწიფოს პრევენციული ზომებისთვის ამ დრომდე არ მიუმართავს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო მეფუტკრეებს შხამ-ქიმიკატების ეტიკეტის ყურადღებით შესწავლას ურჩევენ, პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციაში კი მიაჩნიათ, რომ ფუტკარი დაავადებულია საშიში, მომაკვდინებელი დაავადებით, რომლის ლაბორატორიულად დადასტურება საქართველოში შესაბამისი კადრებისა და ლაბორატორიის არარსებობის გამო ვერ ხერხდება.

ფუტკარი

„46 წელია ჩემი ოჯახი მეფუტკრეობას მისდევს, პირადად მე 26 წელია ამ საქმით ვარ დაკავებული. თუმცა ფუტკრის ასე მასიური განადგურება, როგორც წელს იყო, არ მახსოვს. ფუტკრის 60 ოჯახიდან მხოლოდ შვიდი შემომრჩა. ჩემი აზრით, ფუტკარს ის შხამ-ქიმიკატები კლავს, რომელიც სოფლის მეურნეობაში ბოსტნეულისა თუ მრავალწლოვანი კულტურების შესაწამლად გამოიყენება. მას შემდეგ, რაც ასე მასიურად გამინადგურდა, შევიძინე 10 სკა და ფუტკრები სახლიდან 18 კილომეტრის მოშორებით, მთაში გადავიყვანე, იქ, მიმდებარე ტერიტორიაზე შხამ-ქიმიკატები არ გამოიყენება. მართალია, მეფუტკრეობა მომგებიანია, მაგრამ შორს ფუტკრის მოვლა დიდ ხარჯთანაა დაკავშირებული, კვირის განმავლობაში მინიმუმ 2-3-ჯერ მაინც უნდა ავიდე,“ – გვიყვება ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანში მცხოვრები რეზო გოგუაძე.

მცენარეების შესაწამლად გამოყენებული შხამ-ქიმიკატები სოფლის მეურნეობაში ყველაზე მომგებიან დარგს რომ აზარალებს, ამაზე სხვა მეფუტკრეებიც საუბრობენ. ისინი პრობლემის გადაჭრის გზას იმ შხამ-ქიმიკატების რეალიზაციიდან ამოღებაში ხედავენ, რომლებიც ფუტკარს მასიურად ანადგურებს.

„წელს ძალიან დავზარალდით. შხამ-ქიმიკატებმა თითქმის ფუტკრის მეურნეობა გაგვინადგურა, სულ რომ არ დავზარალებულიყავით, ფუტკარი მთაში გადავიყვანეთ და იქ ვუვლით. სოფელში ძნელია ფუტკრის გადარჩენა, რადგან წამალი, რითაც ჩემი მეზობლები ბოსტნეულს წამლავენ, ფუტკარს კლავს. ვთქვათ, ჩემს სოფელში არ გამოიყენებენ, მაგრამ სხვაგან ხომ გამოიყენებენ ამ პრეპარატებს და მაინც დავზარალდები. ხომ ვერ დაამწყვდევ ფუტკარს? გამოსავალი მხოლოდ ერთია, სამინისტრომ უნდა იზრუნოს ჩვენი პრობლემის მოგვარებაზე და არსებული პრეპარატები, რაც ფუტკარს კლავს, სხვა პრეპარატებით ჩაანაცვლოს. ხელისუფლებას ვთხოვთ, ჩვენი თხოვნა დროულად გაითვალისწინოს,“ – ამბობს სოფელ კოლოტაურში მცხოვრები ნანული ბოლქვაძე.

არსებული პრობლემის მიუხედავად, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ აჭარაში, მით უმეტეს ქედის მუნიციპალიტეტში, ფუტკარი მასიურად არ განადგურებულა. სამინისტროში ისიც თქვეს, რომ პრობლემის შესახებ მოსახლეობას სამინისტროსთვის  რომ მიემართა, ვითარებას შეისწავლიდნენ.

„ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც მცენარეების დასაცავად გამოიყენება, გარკვეულწილად მოქმედებს ფუტკრების ჯანმრთელობაზე, ზოგჯერ ფუტკრის განადგურებასაც იწვევს, თუმცა მსგავსი პრობლემით ჩვენთვის არავის მოუმართავს. თუ მოგვმართავენ, ვითარებას შევისწავლით. შესწავლის გარეშე კი ძნელია თქმა, რა გახდა კონკრეტულ შემთხვევაში ფუტკრის განადგურების მიზეზი,“ – ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგობრივი განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტი ზურაბ ვარშანიძე.

მისივე თქმით, ყველა პრეპარატის ინსტრუქციაში წერია რომელია ფუტკრისთვის საშიში და რომლის გამოყენება შეიძლება ფუტკრებთან ახლოს: `არის პრეპარატები, რომელთა მოქმედების ხანგრძლივობა ერთი დღეა, ზოგი მოქმედია სამი დღის განმავლობაში, მაგალითად, „კონფიდორს“, რომლითაც კარტოფილის ხოჭოს წამლავენ, 72-საათიანი მოქმედება აქვს“.

„ერთხელ მაჭახლის ხეობიდან მოგვმართეს. მაშინ ჩვენ მოვიწვიეთ სპეციალისტები სურსათის ეროვნული სააგენტოდან, ავიღეთ ანალიზები, თუმცა ინტოქსიკაცია არ დადასტურდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ტკიპის დაავადება გამოვლინდა. პრეპარატების მოქმედებით მხოლოდ გარკვეული შემთხვევებია,“ – ამბობს ზურაბ ვარშანიძე.

მეფუტკრეების მოთხოვნა – რეალიზაციაში არსებული ფუტკრების მომაკვდინებელი შხამ-ქიმიკატების აკრძალვასა და სხვა პრეპარატებით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით,  უსაფუძვლოდ მიაჩნიათ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის უფროსი, ზურაბ ლიპარტია განმარტავს, რომ თუ რეალიზაციაში არსებული პესტიციდები მწერების საწინააღმდეგო სხვა პესტიციდებით ჩანაცვლდება, ვითარება არ შეიცვლება, რადგან მწერების საწინააღმდეგო ნებისმიერი დასახელების პრეპარატი ფუტკრისთვის მომაკვდინებელია. ის პესტიციდების მომხმარებლებს ურჩევს, პრეპარატების გამოყენებისას წინასწარ მეფუტკრეებს აცნობონ, ხოლო მეფუტკრეებმა, თავის მხრივ, პრეპარატის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაციის შესაბამისად ფუტკრის სკიდან გასვლის პროცესი გააკონტროლონ:

„ყველა პრეპარატს მისი გამოყენების წესი ეტიკეტზე აქვს დატანილი, ასევე, ეტიკეტზე მითითებულია რომელი პრეპარატია ფუტკრეებისთვის სახიფათო, რა პერიოდსა და რა მანძილზე. ყველა პრეპარატი, რაც მწერების საწინააღმდეგოდ გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, უარყოფითად მოქმედებს ფუტკარზე, ყველაზე მეტად კი მაშინ არის ფუტკრისთვის საშიში, როდესაც მცენარე ყვავილობს და ამ ყვავილს ფუტკარი ეტანება. წალენჯიხიდან მოგვმართა მოსახლეობამ ერთობლივი განცხადებით, რომ ფუტკრები იხოცება… ამ შემთხვევაში გამოსავალი ერთადერთია – მოხდეს კონტროლი და ვინც მწერების საწინააღმდეგო პრეპარატს იყენებს, გამოყენების დრო უნდა აცნობოს მეფუტკრეებს, რომ ფუტკარი გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ გაუშვან, ან საერთოდ მთაში გაიყვანონ“.

აჭარაში ფუტკრის მასიურ განადგურებაზე საუბრობს აჭარის მეფუტკრეობის ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე როლანდ კეჟერაძეც. ის ამბობს, რომ პრეპარატების შედეგად  აჭარის სოფლებში თითქმის ფუტკრის 70% განადგურებული.

ფუტკარი 1

„ჩვენს ასოციაციაში 50-ზე მეტი მეფუტკრეა გაწევრიანებული. ფუტკრის მასიური განადგურების პრობლემა კი ყველა მათგანს აწუხებს. ყველა დააზარალა სოფლის მეურნეობაში ხშირად გამოყენებადმა პრეპარატებმა. ვერ ვიტყვი ფუტკარი დაავადდა და ამან გამოიწვია ის შედეგი, რაც ახლა გვაქვს, რადგან ფუტკარი დაავადებული არ არის. ხუთივე მუნიციპალიტეტშია ეს პრობლემა, თუმცა რეგიონის მასშტაბით საკითხი უფრო რთულად დაბლობშია. აჭარის მთიანეთში მეფუტკრეების ნაწილმა ფუტკრის მთაში გადაყვანა დაიწყო, რამაც შეიძლება გადაარჩინოს დარჩენილი ფუტკრის ოჯახები, მაგრამ ფუტკრის განადგურების პროცესი ასე თუ გაგრძელდა, აჭარის სოფლებში ფუტკარი აღარ იქნება. არსებული პრობლემის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც ვაცნობეთ და ხელისუფლებასაც, თუმცა პრობლემის მოგვარებისთვის ჯერჯერობით არაფერი გაუკეთებიათ“, – ამბობს როლანდ კეჟერაძე.

„ბათუმელები“ მეფუტკრეებს საქართველოს სხვა რეგიონებშიც დაუკავშირდა. ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენტეხში მცხოვრები მეფუტკრე დემურ ლიპარტელიანი, რომელიც ამავდროულად მეფუტკრეთა კოოპერატივ „ალპური ნექტარის“ თავმჯდომარეა, ამბობს, რომ მის კოოპერატივში გაერთიანებულ მეფუტკრეებს ფუტკარი შხამ-ქიმიკატებისგან გასულ წელს გაუნადგურდა: „გაზაფხულზე, როდესაც აკაცია ყვავილობას იწყებს, ფუტკარი ცაგერში აკაციის ყვავილისთვის გადაგვყავს, იქ კი ვაზი ხშირადაა გავრცელებული და მოსახლეობა მის შესაწამლად შხამ-ქიმიკატებს აქტიურად იყენებს. ვერ ვიტყვი ფუტკრის განადგურება გასულ წელს იმ შხამ-ქიმიკატებმა გამოიწვია, რომლითაც ვაზს წამლავდნენ, მაგრამ კოოპერატივის ერთ წევრს 50 სკა ფუტკარი დაეხოცა, მეორეს – 25, მესამეს – 15, მეც მნიშვნელოვნად დავზარალდი. წელს ცაგერში ფუტკარი აღარ გადაგვიყვანია, აქ, ჩვენთან, ლენტეხში კი, შხამ-ქიმიკატებს მოსახლეობა თითქმის არ იყენებს და მცენარეები არ იწამლება“.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბორჯომში მცხოვრები ალექსანდრე ჩადუნელი ამბობს, რომ 70 სკა ფუტკარი ჰყავს, წელს ზაფხულში სკაში ფუტკრების რაოდენობამ იკლო: `ვერ გეტყვით რა გახდა ამის მიზეზი, მეფუტკრეობას 25 წელია ვეწევი და ასე მასობრივად ფუტკრების კლება არ მახსენდება“.

„პრეპარატებმა და პესტიციდებმა რომ არ გაანადგუროს ფუტკარი, თაფლში მაინც შეიტანს შხამს და ხარისხს დაუკარგავს თაფლს, მე ახალბედა მეფუტკრე ვარ და სულ რამდენიმე სკა ფუტკარი მყავს, არიან ჩემს მეზობლად მეფუტკრეები, რომლებიც ფუტკრის განადგურებაზე ჩივიან, არ კონტროლდება შხამ-ქიმიკატების გამოყენება და ეს მნიშვნელოვნად გვაზარალებს მეფუტკრეებს,“ – ამბობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები დათო მუკბანიანი.

ფუტკრის დახოცვის მიზეზად შხამ-ქიმიკატების გამოყენებას არ მიიჩნევს საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის პრეზიდენტი თემურ ღოღობერიძე. იგი ფუტკრის დაავადებაზე საუბრობს:

„დღეს მოქმედი და გამოყენებადი შხამ-ქიმიკატები ნაკლებ ტოქსიკურია ფუტკრების მიმართ. თანაც აჭარაში ისეთი დიდი ფართობები არ იწამლება, რომ ფუტკრის ოჯახზე იმოქმედოს. შხამ-ქიმიკატებს ხმარობენ ლოკალურად. კომუნისტების დროს,  როცა დიდი ფართობები იწამლებოდა გორის მიდამოებში, იქ იხოცებოდა შხამ-ქიმიკატებით ფუტკარი, თუმცა მთელი ოჯახები არ იღუპებოდა. დღეს, შემიძლია ვთქვა, რომ ფუტკრის ოჯახების დაღუპვა შხამ-ქიმიკატებით არ არის გამოწვეული. არავინ უყურებს იმას, რომ ახლა შემოსულია დაავადება ნოზემა ცერანა, რომლის შესახებაც, ფაქტობრივად, არაფერი იციან. ამ დაავადებით ძალიან სწრაფად იღუპება ფუტკარი. ეს დაავადება ისევე შემოიჭრა, როგორც თავის დროზე ვარუა,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ თემურ ღოღობერიძემ.

მისივე თქმით, ნოზემა ცერანა, ეს არის შორეულ აღმოსავლეთში გავრცელებული ერთ-ერთი ფუტკრის სახეობის დაავადება.

`2003-2005 წლებში ახსენეს პირველად ნოზემა ცერანა, როცა ესპანეთში დაიღუპა დიდი რაოდენობით ფუტკრის ოჯახები. ეს საშიში დაავადება დაფიქსირდა თურქეთშიც, რომელიც მეხუთე ადგილზეა თაფლის ექსპორტით მსოფლიოში. ეს იყო 6 წლის წინ, მარმარისის მიდამოებში. 2 წლის წინ კი ჩვენთან ახლოს, ტრაპიზონის მიდამოებშიც დაფიქსირდა, რაც გამოკვლევებითაც დადასტურდა. ის, რომ საქართველოში გავრცელებულია დაავადება ნოზემა, ვიცით, მაგრამ დღეს არის თუ არა ნოზემა ცერანა, ეს გამოკვლევით უნდა დადასტურდეს, რაც საქართველოში ვერ ხერხდება. ამ დღეებში უნდა გავაგზავნოთ ნიმუშები ლატვიაში, რიგაში. ჯერ არ ვიცით ფასი, მაგრამ რაც არ უნდა ღირდეს, მაინც ვაპირებ რამდენიმე ნიმუშის გაგზავნას, რის შემდეგაც გვექნება დადასტურებული პასუხი – ნამდვილად არის ნოზემა ცერანა ჩვენთან თუ არ არის. კლინიკური ნიშნების მიხედვით არის,“ – აცხადებს თემურ ღოღობერიძე.

მისი თქმით, დაავადება ნოზემა, რომლის საწინააღმდეგო პრეპარატებიც შემოტანილია ქვეყანაში, მკურნალობის შემდეგ ფაქტობრივად გაქრა ორი წლის წინ. ამჯერად კი ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ საქართველოში უკვე ნოზემა ცერანა გავრცელდა, ან კიდევ, ნოზემა აპი, რომელიც ასევე კლავს ფუტკარს. ასოციაციაში იმასაც ამბობენ, რომ აღმოსავლეთ საქართველოში 150 ფუტკრის ოჯახიდან ზოგს არც ერთი აღარ დარჩა ცოცხალი, ზოგს კი მხოლოდ 10-15 ოჯახი გადაურჩა.

თემურ ღოღობერიძე ამბობს, რომ შესაძლოა ფუტკრის ერთეული ოჯახები ფუტკრის სიდამპლით ან კიდევ ვარვატოზისგანაც იხოცებოდეს, რადგან ფუტკარს ვერ მკურნალობენ დროულად: `თუმცა დღეს ოჯახების მასობრივად დაღუპვა ნოზემა ცერანას ან ნოზემა აპის მიზეზით უნდა იყოს. საქართველოში ნოზემა ცერანას საწინააღმდეგო პრეპარატებიც უკვე შემოტანილია“.

ასოციაციის პრეზიდენტი ქვეყანაში სპეციალისტებისა და შესაბამისი ლაბორატორიის არარსებობაზეც საუბრობს: „უნდა გქონდეს მიკროსკოპი და მასში ჩამხედავი სპეციალისტიც გყავდეს, თუმცა მარტო მიკროსკოპში ჩახედვითაც არ ჩანს ნოზემა ცერანაა თუ ნოზემა აპი. ამას უჯრედის, დნმ-ის დონეზე სწავლობენ და შემდეგ იძლევიან პასუხს, თუ რომელ ნოზემასთან გვაქვს საქმე კონკრეტულ შემთხვევაში“.

აღსანიშნავია, საქართველოს ლაბორატორიებში სრულყოფილად უშუალოდ თაფლის ხარისხის გამოკვლევაც ვერ ხერხდება. ასეთი კვლევა კი თაფლის ევროკავშირში ექსპორტის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარე წელს მათ თაფლის სრულყოფილ კვლევას ლატვიაში მოქმედი ლაბორატორია „ბიორი“ სთავაზობს, ვისთანაც სააგენტო ამ კუთხით ბოლო სამი წელია თანამშრომლობს.  საუბარია თაფლში ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენი ნივთიერებების ლაბორატორიულ კვლევაზე.

 

უსკოს კომენტარი მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვაზე

დღეს, 1 აგვისტოს, უმაღლეს საარჩევნო კომისიაში  წარმოდგენილ იქნა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის  განცხადება, რომელიც  უცხო ქვეყნის მოქალაქის  წინასაარჩევნო აგიტაციაში სავარაუდო მონაწილეობას ეხება.

საქმე ეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას, რომელიც გუშინ, 31 ივლისს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების პრეზენტაციაზე განხორციელდა. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა.

უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პარმენ ჯალაღონიას განმარტებით, უსკო კანონით დადგენილი ფორმით განიხილავს შესაბამის საჩივარს  და დაიწყებს ადმინისტრაციულ წარმოებას. „კანონის თანახმად, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“.

როგორც პარმენ ჯალაღონია განმარტავს, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად,  თუკი დადასტურდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობა წინასაარჩევნო აგიტაციაში, პირი  2000 ლარით დაჯარიმდება.

რაც შეეხება უსკოს მიერ ადმინისტრაციულ წარმოებას, როგორც პარმენ ჯალაღონია აცხადებს, მიმდინარე კვირის ბოლომდე დასრულდება.

უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კითხვაზე, თუ ვინ უნდა დაჯარიმდეს ამ შემთხვევაში – პირი თუ პარტია? პასუხისგან თავი შეიკავა, რადგან მისი თქმით, ეს საკითხი ბევრ ნიუანსს ითვალისწინებს.

„ჯერ უნდა გაირკვეს, ვიდეომიმართვის გავრცელება ჩაეთვლება თუ არა  პირს ან პარტიას წინასააჩევნო აგიტაციაში. ამასთანავე, არის თუ არა ამ შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქე სამართალდარღვევის სუბიექტი.

გარდა ამისა, ჩვენ გვექნება ურთიერთობა  და კონსულტაციები ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. მნიშვნელოვანია ისიც, აქვს თუ არა უმაღლეს საარჩევნო კომისიას მოქმედი კანონმდებლობით შესაბამისი საჩივრის (განცხადების) განხილვის უფლება.  შესაძლებელია საჩივარი  გადაეცეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას“ – აცხადებს პარმენ ჯალაღონია.

პარმენ ჯალაღონიამ  ჟურნალისტებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ შესაბამის გადაწყვეტილებას ამ საკითხების შეფასების შემდეგ  გააჟღერებს.

პატიმრის ადვოკატი საქართველოს პროკურორს მიმართავს

დღეს, 1 აგვისტოს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადვოკატმა ირაკლი ზაქარიაძემ გამართა ბრიფინგი და მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ლევან არახამიას საქმის დეტალებზე ისაუბრა, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება.

ირაკლი ზაქარიაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ლევან არახამია 2015 წლის 22 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით იმყოფებოდა ბათუმის პოლიციის ნომერ მესამე დაწესებულებაში ისე, რომ მისი დაკავების ოქმი არ შემდგარა და მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა: „ამ სამი დღის განმავლობაში პოლიციის თანამშრომლები და გამომძიებელი ჯემალ ცეცხლაძე აიძულებდნენ მას სამი ქურდობის აღიარებას, იმ შემთხვევაში თუ ბრალს არ აღიარებდა, პოლიცია მას ოჯახის წევრებისა და მეგობრების დაჭერით ემუქრებოდა“  – ამბობს ადვოკატი.  იგი ასევე დასძენს, რომ პოლიციის უფროსი არახამიას იარაღისა და ნარკოტიკების ჩადებით დაემუქრა, ამიტომაც მან დანაშაული აღიარა.

არახამიას სასამართლოში სახაზინო ადვოკატი იცავდა. 2016 წლის 17 მარტს მას  6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სისხლის სამართლის კოდექსის #177-მუხლის მეორე ნაწილითა და 178 პირველი ნაწილით – ქურდობა და ძარცვა.

„2015 წლის 24 ნოემბერს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ლევან არახამიამ დახმარების თხოვნით,  განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, ასევე საქართველოს იმჟამინდელ  მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს. მისი განცხადება პრეზიდენტის და მთავარი პროკურატურის სახელზე   შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებელს გიორგი კვარაკვახიძეს, რომელიც  ზედაპირულად მიუდგა საქმეს და შეგნებულად არ დაიწყო გამოძიება, რათა მიჩქმალულიყო პოლიციის მიერ ჩადენილი ზეწოლა და მუქარა“ – აცხადებს დაკავებულის ადვოკატი.

ადვოკატი ირაკლი ზაქარიაძე არახამიას უფლებებს 2016 წლის აპრილიდან იცავს.

„2016 წლის აპრილში მივმართეთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოვითხოვეთ ახალი გარემოებებით შუამდგომლობა მოწმეთა გამოკითხვის შესახებ.  სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ არ დააკმაყოფილა ჩემი შუამდგომლობა და არ გამოკითხა მოწმეები“ – აცხადებს ადვოკატი. ის ამბობს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძე მიკერძოებულია და ცდილობს პროკურატურისა და პოლიციის ჩადენილი დანაშაულის მიჩქმალვას.

ადვოკატი ირაკლი ზაქარიაძე საქართველოს მთავარ  პროკურორს  სთხოვს კანონის შესაბამისად  გაატარდეს სამართლებრივი ღონიძიებები  ქალაქ ბათუმის პროკურატურის გამომძიებლის გიორგი კვარაკვახიძის მიმართ და მთავარმა პროკურორმა  პირად კონტროლზე აიყვანოს საქმეზე შემდგომი რეაგირება.

 

საკრებულოს გადაწყვეტილება, რომელიც ბაღის თანამშრომლებს არ აცნობეს

ბათუმის საკრებულოს წევრის, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლის, ნინო ბერაძის განცხადებით, საკრებულოს მიერ სამი თვის წინ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის 50-პროცენტიან მგზავრობის შეღავათს ითვალისწინებს,  ამ დრომდე ადრესატამდე არ მისულა. საკრებულომ  საშეღავათო ტარიფით სარგებლობის შესახებ დადგენილება 2016  წლის 20 აპრილს მიიღო.

„ეს ინიციატივა იყო „თავისუფალი დემოკარტების“, რომელიც გაითვალისწინა საკრებულომ და საბავშვო ბაღების  თანამშრომლებს  შესაძლებლობა მიეცათ,  არსებული ტარიფის ნაცვლად, შეღავათიან ფასად, 15 თეთრად იმგზავრონ მუნიციპალური ტრანსპორტით“ – განაცხადა ნინო ბერაძემ.

მისი ინფორმაციით,  ამ დადგენილების შემდეგ ბიუჯეტში 65 400 ლარი გამოიყო: „მერიის  ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების  განყოფილებას აქვს სპეციალური პროგრამა, სადაც  შეღავათიანი ტარიფით მოსარგებლეთა ორი კატეგორიაა განსაზღვრული, პირველი  კატეგორია, რომელიც 100-პროცენტიან დაფინანსებას იღებს, მეორე კატეგორია – კი 50-პროცენტიანს.  საბავშვო ბაღის თანამშრომლები სწორედ მეორე კატეგორიაში შევიდნენ. თუმცა, ეს ინფორმაცია მათთვის ამ ხნის განმავლობაში, არც  საკრებულოს და არც მერიის შესაბამის უწყებებს არ უცნობებიათ“.

„ჩვენ ვესაუბრეთ საბავშვო ბაღის გამგეებს, თანამშრომლებს  არ ჰქონდათ ინფორმაცია, ძალიან მცირე ნაწილს კი ბუნდოვანი ინფორმაცია აქვს“ –  ამბობს საკრებულოს წევრი.

საკრებულოს იურისტის, სულიკო შვენთიძის განმარტებით, ბიუჯეტის ცვლილების პროექტი მერიამ წარმოადგინა: „მერიაში არსებობს განათლების განყოფილება, რომელსაც უნდა ეცნობებინა დადგენილების შესახებ საბავშვო ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციისთვის, იმას კი, თავის მხრივ, ინფორმაცია ბაღის თანმშრომლებზე უნდა მიეწოდებინა“.

საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის კომენტარს „ბათუმელები“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

პოლიციის შენობაში მოქალაქის სავარაუდო ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გამოძიება დაიწყო

ირაკლი ქაჯაიას საქმეზე, „ბათუმელების“ ინფორმაციით, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა გამოძიება დაიწყო. გამომძიებელი დროებითი მოთავსების იზოლატორში დღეს, პირველ აგვისტოს, დაკითხავს ირაკლი ქაჯაიას, რომელმაც ” ბათუმელებს” იზოლატორში მოთავსებამდე უთხრა, რომ 26 ივლისს პოლიციის მე-6 განყოფილებაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დღესვე “ბათუმელებს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, რომ საქმის მასალები გენერალურმა ინსპექციამ პროკურატურაში გადააგზავნა. 26 ივლისიდან დღემდე პროკურატურამ არ მოგვაწოდა ინფორმაცია გამოძიების დაწყების შესახებ. ირაკლი ქაჯაიას საქმეზე გამოძიების დაწყება “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტმა, პაატა დიასამიძემ დაგვიდასტურა, რომელმაც დღეს მოინახულა იზოლატორში ირაკლი ქაჯაია.

საიას იურისტმა დროებითი მოთავსების იზოლატორის ადმინისტრაციას უკვე მიწერა წერილი და მოითხოვა სამართალმდამრღვევად ცნობილი ირაკლი ქაჯაის საავადამყოფოში გადაყვანა, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ადმინისტრაციას მოთხოვნაზე პასუხი ჯერ არ გაუცია. გუშინ, იზოლატორში მოთავსებიდან რამდენიმე საათში, ირაკლი ქაჯაია სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, ციალა ქათამიძემ მოინახულა და თქვა, რომ ქაჯაიას მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელი გაუკეთეს.

“ბათუმელებმა” ირაკლი ქაჯაიას შესახებ სტატია დღეს, პირველ აგვისტოს გამოაქვეყნა. სტატიაში ასახულია დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც ირაკლი ქაჯაია პოლიციის შენობაში ფიზიკური დაზიანებების გარეშე შევიდა. სამართალდამცველების მიერვე გაფორმებული ოქმებით დგინდება, რომ ირაკლი ქაჯაია პოლიციის შენობიდან პირდაპირ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ნეკნის მოტეხილობა დაუდგინეს. საავადმყოფოდან ირაკლი ქაჯაია დროებითი მოთავსების იზოლატორში მოათავსეს. გუშინ, 31 ივლისს, ირაკლი ქაჯაიას 7 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე სალიხ შაინიძემ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო.

ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატები ხულოსა და ქობულეთში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ხულოდან ირაკლი ჯორბენაძე და ნუგზარ ამაღლობელი იქნებიან. მათი წარდგენა დღეს, პირველ აგვისტოს მოხდა.  ნუგზარ ამაღლობელი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში იყრის კენჭს, ირაკლი  ჯორბენაძე კი საქართველოს პარლამენტის არჩევნებში.

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს,  საღამოს რვა საათზე,  მაჟორიტარობის კანდიდატებს ქობულეთშიც წარადგენს. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯანიკო ჯინჭარაძე იქნება, ხოლო აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში – მამული სურმანიძე.

 

რატომ არ ასრულებენ მეთევზეები მერიის მითითებებს

ნურიგელის ტბასთან გამოკრული  დიდი ტრაფარეტი მოქალაქეებს აფრთხილებს,  რომ ტბაში თევზაობა აკრძალულია. აკრძალვის მიზეზი  ტბაში მომწამვლელი წყალმცენარეების გაჩენა გახდა.  მერიის ინფორმაციით, სანამ ტბის გაწმენდის პროცესი არ დასრულდება, მანამდე  ტბაში თევზჭერა შეზღუდული იქნება. ამის მიუხედავად, მეთევზეები მერიის რეკომენდაციას არ ითვალისწინებენ და თევზაობენ.

„არ არის აკრძალული, რომ იყოს აქ არ გაგვაჩერებდნენ“ – გვეუბნება დავით არძენაძე. მის თქმით, თევზი მომწავლელი არ არის, ლაბორატორიის მიერააა შემოწმებული.

ტბასთან თევზაობს  გრიგორ ტონიანიც: „მომწამვლელი ყვავილი ტბაში წელიწადში ერთხელ ყვავის, ეს პერიოდი გავლილია, ამიტომ თევზაობა  უკვე შესაძლებელია“.

 

აკრძალვის მიუხედავად, მეტევზეები ტბაში მაინც თევზაობენ.
აკრძალვის მიუხედავად, მეტევზეები ტბაში მაინც თევზაობენ.

მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ალექსანდრე თევზაძის ინფორმაციით,  ტბაში თევზჭერაზე  შეზღუდვები არ მოხსნილა.

„ბანერი გამოკრულია, სიტყვიერადაც  ვაფრთხილებთ მაგრამ ჩვენს რეკომენდაციებს მაინც არ ითვალისწინებენ.  ჩვენ ველოდებით სურსათის უვნებლობის სამსახურის დასკვნას, რომ ნამდვილად საზიანოა ამ ტბაში დაჭერილი თევზის საკვებად გამოყენება თუ არა, რადგან ტოქსინების მაღალი მაჩვენებელია ტბაში და შესაძლოა  აქ დაჭერილმა თევზმა გამოიწვიოს  მოწამვლა, სხვადასხვა ალერგიები, ასთმური პრობლემები და ა.შ. როცა დასკვნა ოფიციალურად გვექნება, ამ ინფორმაცისაც  განვათავსებთ ტბასთან და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, შესაძლოა სამართალდამცავებიც ჩავრიოთ“ – გვეუბნება ის.

ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო ტბის ხელოვნური აერაციისთვის სპეციალური სისტემის შეძენასაც აპირებს.  

ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა

დღეს 1 აგვისტოს, ბათუმში, ზღვისპირა კოლინადებთან ბათუმის რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის FAB LAB BSU და „სტუდენტური ასოციაცია“  სტუდენტების ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა – გაყიდვას აწყობს.

გამოფენა საღამოს 18:00 საათიდან 22:00 საათამდე გაიმართება.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, ღონისძიება საქველმოქმედოა და შემოსული თანხის ნაწილი გადაირიცხება ,,წარმატებულ და სოციალურად დაუცველ სტუდენტთა მხადაჭერის ფონდში“.

ხელნაკეთი ნივთების გამოფენა ბათუმში
ხელნაკეთი ნივთების გამოფენა ბათუმში
Exit mobile version