სარფში მეწყრის შედეგად ჩახერგილი გზა გახსნილია

სოფელ სარფში მეწყრის შედეგად ჩახერგილი ავტომაგისტრალი გაწმენდილია და დღეს დილიდან მოძრაობა აღდგენილია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის ინფორმაციით, სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს, არის გეოლოგების დასკვნაც, რომ გასატარებელია სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის საჭიროა ფერდის გამაგრება.

მეწყერი სარფში წუხელ გვიან ღამით ჩამოწვა. დირექციის ინფორმაციით, მაგისტრალზე დაზიანდა ერთი ტრაილერი, სხვა რაიმე მნიშვნელოვანი ზარალი არ არის და არავინ დაშავებულა. მეწყერი სარფში ორი დღის წინაც ჩამოწვა. მეწყერი და ქვის ცვენა ფერდობიდან კვარიათი-სარფის მონაკვეთზე ხშირია.

ზამთარი ხულოს მუნიციპალიტეტში [ფოტო]

ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფელ ქედლების დაწყებითი სკოლა, 2016 წლის 10 დეკემბერი. ფოტო: არჩილ კახაძე
ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფელ ქედლების დაწყებითი სკოლა, 2016 წლის 10 დეკემბერი. ფოტო: არჩილ კახაძე

 

ხულოს მუნიციპალური ცენტრი, 2016 წლის 10 დეკემბერი. ფოტო : არჩილ კახაძე
ხულოს მუნიციპალური ცენტრი, 2016 წლის 10 დეკემბერი. ფოტო : არჩილ კახაძე

 

ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ქედლები,2016 წლის 10 დეკემბერი, ფოტო: არჩილ კახაძე
ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ქედლები, გაჩერება, 2016 წლის 10 დეკემბერი. ფოტო: არჩილ კახაძე

 

ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ქედლები, თოვლის საფარმა სოფელში ერთ მეტრ ნახევარს გადააჭარბა. 2016 წლის 10 დეკემბერი, ფოტო: არჩილ კახაძე
ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ქედლები, თოვლის საფარმა სოფელში ერთ მეტრ – ნახევარს გადააჭარბა. 2016 წლის 10 დეკემბერი. ფოტო: არჩილ კახაძე

 

ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ქედლები,2016 წლის 10 დეკემბერი, ფოტო: არჩილ კახაძე
ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ქედლები,2016 წლის 10 დეკემბერი. ფოტო: არჩილ კახაძე

 

ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ქედლები,2016 წლის 11 დეკემბერი, ფოტო: არჩილ კახაძე
ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ქედლები, 2016 წლის 11 დეკემბერი. ფოტო: არჩილ კახაძე

 

ხოლოს მუნიციპალური ცენტრი, 2016 წლის 10 დეკემბერი, ფოტო : არჩილ კახაძე
ხულოს მუნიციპალური ცენტრი, 2016 წლის 10 დეკემბერი. ფოტო : არჩილ კახაძე

 

ხულოს მუნიციპალური ცენტრი, 2016 წლის 10 დეკემბერი, ფოტო : არჩილ კახაძე
ხულოს მუნიციპალური ცენტრი, 2016 წლის 10 დეკემბერი. ფოტო : არჩილ კახაძე

 

ხულოს მუნიციპალური ცენტრი, 2016 წლის 10 დეკემბერი, ფოტო : არჩილ კახაძე
ადგილობრივების თქმით ხულოს მუნიციპალიტეტში ბოლო წლებში ყველაზე მკაცრი ზამთარია , 2016 წლის 10 დეკემბერი. ფოტო : არჩილ კახაძე

 

ხულოს მუნიციპალური ცენტრი, 2016 წლის 10 დეკემბერი, დილა. ფოტო : არჩილ კახაძე
ხულოს მუნიციპალური ცენტრი, 2016 წლის 10 დეკემბერი, დილა. ფოტო : არჩილ კახაძე

 

ხულოს მუნიციპალური ცენტრი, 2016 წლის 10 დელემბერი. ფოტო : არჩილ კახაძე
ხულოს მუნიციპალური ცენტრი, 2016 წლის 10 დეკემბერი. თოვლის საფარი ერთ  მეტრს აჭარბებს. ფოტო : არჩილ კახაძე




ბათუმის მერიისგან ბინას 4567 ოჯახი ითხოვს

ბათუმის მერიისგან თავშესაფრითა თუ საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფას ათასობით ოჯახი ითხოვს. მერიიდან გამოთხოვილი მონაცემების მიხედვით, მხოლოდ 2013 წლის იანვრიდან მიმდინარე წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ასეთი 4567 განცხადებაა შესული. რა კატეგორიის ადამიანები ითხოვენ ბინებს? – მერიაში ამით არ ინტერესდებიან.

„როცა განცხადებას წერენ, მიზეზს არ ასახელებენ. ძირითადად წერენ – არ გამაჩნია საცხოვრებელი ფართობი, გთხოვთ მომცეთ ბინა. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ კანონმდებლობა არ გვაძლევს უფლებას კერძო პირებს საკუთრებაში გადავცეთ უძრავი ქონება, ამ ოჯახების პირობების შესწავლა, ვფიქრობ, რაიმე შედეგს მაინც არ გამოიღებს“, –  განაცხადა „ბათუმელებთან“ მერიის ქონების აღრიცხვისა და განკარგვის განყოფილების უფროსმა რეზო ხახვამ.

მისივე განცხადებით, ბათუმის მერიას მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინები, ძირითადად, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის სჭირდება [როცა ექსპროპრეაცია გარდაუვალია, ან ალტერნატიული ფართობი უნდა შესთავაზონ ასასახლებელ ოჯახს]. რეზო ხახვას თქმით, რომ არა საბინაო ფონდი, მერია ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვერ განახორციელებს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ქალაქის მერიას საკუთრებაში ასამდე დაკეტილი ბინა აქვს.

ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქუჩა N1-ში მდებარე 46 კვ/მ ფართობის ბინა კი, მერიამ მიმდინარე წლის სექტემბერში უპირობო აუქციონზე 51 700 ლარად გაყიდა.

გაყიდული ბინა კომპლექს „ბათუსის“ მოპირდაპირედ, „მაგდონალდსის“ გვერდით არსებულ კორპუსში მდებარეობს.

ბათუმის მერის პასუხი სოციალურად დაუცველებს
ბათუმის მერის პასუხი სოციალურად დაუცველებს

მერიას შეეძლო და მოვალეცაა გააჩნდეს ე.წ. სოციალური სახლები თუ ხელმისაწვდომი საცხოვრისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანალიტიკოსის, ნათია ზოიძის განცხადებით, მერიას შეეძლო შეესწავლა ის ოჯახები, რომლებიც მისგან ბინას ითხოვენ და შეემუშავებინა მრავალწლიანი პროგრამა მკაცრად გაწერილი კონკრეტული კრიტერიუმებით, თუ ვინ ისარგებლებდა ამ პროგრამით: „ბათუმის მერია ვალდებულია ააშენოს სოციალური საცხოვრისი, მან უნდა ჩაატაროს ბაზრის კვლევაც, თუმცა, ბათუმის მერიას ამ პრობლემის მოგვარების მონდომებაც კი არ აქვს“.

ბათუმის მერიამ სამი წლის წინ დაიწყო საუბარი და გასულ წელს დააფინანსა ე.წ. „იაფი სახლის“ პროგრამა, თუმცა კრიტერიუმები დღემდე არ არის დამტკიცებული, ხოლო მშენებლობა იმ მიზეზით შეჩერდა, რომ მერიის მიერ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენილი მშენებელი კომპანია გაუჩინარდა.

ხელახალი ტენდერი „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი სახლის მშენებლობის გასაგრძელებლად ბათუმის მერიას ჯერ არ გამოუცხადებია. არადა, მერიაში შესული განცხადებების მიხედვით, ე.წ „იაფი სახლის“ პროგრამაში ჩართვას ამ ეტაპზე უკვე 800-მდე ოჯახი ითხოვს.

მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის მონაცემებით:

  • „540 კორესპონდენცია შეეხება „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ [იაფი სახლი] პროექტში მონაწილეობის მიღებას. აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენი სამსახური ამ პროგრამით გათვალისწინებულ საცხოვრისში ფართობის შეძენის მსურველებს ამ ეტაპზე ცალკე არ აღრიცხავს“.

მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მონაცემებით კი,

  • ვინაიდან „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში ჯერ არ არის დადგენილი საბოლოო კრიტერიუმები და არ არის განსაზღვრული ფართობის შეძენის მსურველთა აღრიცხვის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი, შესაბამისად, საცხოვრისში [იაფი სახლი] ფართობის შეძენის მიზნით აღრიცხვაზე აყვანის თაობაზე განცხადებების მიღება არ დაწყებულა. ამ პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და განცხადებით მოგვმართა 255-მა მოქალაქემ“.

„იაფ სახლთან“ დაკავშირებით ბათუმის მერიაში კომენტარის გაკეთება არავინ ისურვა.

ამავე თემაზე:

უსახლკაროები ხელისუფლების დახმარების მოლოდინში [ვიდეო] 

ბრეზენტი სახურავისთვის – როგორ ეხმარება მერია მრავალშვილიან ოჯახს

ვინ განიხილება აჭარის განათლების მინისტრის პოსტზე

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის განათლების მინისტრის პოსტზე, რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის პრორექტორის, ინგა შამილიშვილის კანდიდატურა განიხილება. ინფორმაციას გვიდასტურებს ინგა შამილიშვილიც.

„კი განიხილება ჩემი კანდიდატურა. ჯერ გადაწყვეტილი არ არის, განხილვის პროცესშია“. განიხილება თუ არა მისი კანდიდატურის გარდა სხვა კანდიდატურებიც, ინგა შამილიშვილი ამბობს, რომ ამ ინფორმაციას არ ფლობს.

მიმდინარე წლის ივნისში ინგა შამილიშვილს უნივერსიტეტში გამოფენილი რუსული დროშის გამოც მოუხდა პასუხის გაცემა.

განათლების მინისტრის მოადგილეების პოსტებზე, უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრის, მხატვარ აკაკი ძნელაძისა და აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსის, მაკა ივანიშვილის კანდიდატურები განიხილება.

„კი, არის ეგ ინფორმაცია ზუსტად, უბრალოდ, ჩემი გადასაწყვეტია რა და როგორ, რადგან ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობა, რადგან მე არ ვარ ადამიანი რომელიც მხოლოდ ბიუროკრატიულად ადგილს ეძებს, მე მინდა საქმე ვაკეთო. ამიტომ, რამდენად შეიძლება ყველაფერი შევათავსო, ეს არის ჩემი გადასაწყვეტი“-გვეუბნება აკაკი ძნელაძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, – რომელ საქმეს გულისხმობთ, რომელსაც თქვენი აზრით საჯარო მოხელეობას ვერ შეუთავსებთ, აკაკი ძნელაძე გვპასუხობს: „პროფესიულ საქმეს მე ყოველთვის ვუთავსებ, უბრალოდ რაც არის იდეაში, რაც თავში მაქვს, რამდენად იქნება შესაძლებელი, ამ ყველაფრის თუ არა 70 პროცენტის მაინც გაკეთება. კულტურას, ხელოვნებას განვითარება სჭირდება და ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გაიყიდოს დასავლეთშიც, სხვაგვარად ჩვენი შემოქმედებითი ყოფა კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება. ამას ვფიქრობ, რამდენად შესაძლებელია ამის გაკეთება მოადგილის პოსტზე. ბევრჯერ უნდა აწონო-დაწონო და ეგ არის“.

აკაკი ძნელაძე ამბობს, რომ მოფიქრებისთვის მას მხოლოდ ერთი-ორი დღე აქვს.

ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, აჭარის მთავრობასაც მივმართეთ. „დადასტურებით ვერაფერს გეტყვით, მხოლოდ ის შეგვიძლია გითხრათ, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები“ – გვეუბნება პრესსამსახურის უფროსი, სოფო გუჯაბიძე. თუმცა რამდენ პირთან მიმდინარეობს კონსულტაცია, არ აზუსტებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ვენეციის კომისიის პრეზიდენტს შეხვდა

მომავალი წლის ივნისში, ბათუმში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესი გაიმართება. კონგრესს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უმასპინძლებს და მასში მონაწილეობას ვენეციის კომისიის პრეზიდენტი, ჯანი ბუკუკიოც მიიღებს. კონგრესის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ზაზა თავაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ვენეციაში შეხვედრის დროს ესაუბრა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ასევე სიტყვით გამოვიდა ვენეციის კომისიის 109-ე პლენარულ სხდომაზე. ზაზა თავაძემ ისაუბრა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა ვენეციის კომისიის სამდივნოს დასკვნის უმოკლეს ვადებში მომზადებისთვის.

შეხვედრის თემა იყო საქართველოში კონსტიტუციური მართლმსაჯულების განვითარებაც. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, ჯანი ბუკიკიომ განაცხადა, რომ იგი კვლავაც მხარს დაუჭერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობასა და კონსტიტუციური მართლმსაჯულების ეფექტურ განხორციელებას.

შსს: პირი რომელმაც თურქეთის მოქალაქე დაჭრა, დაკავებულია

შს სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1981 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ს.შ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ამა წლის 3 დეკემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ცეცხლსასროლი იარაღით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა თურქეთის მოქალაქეს, 1967 წელს დაბადებულ გ.მ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გ.მ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

რეზო ხარაზი: ამ ობიექტებით საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რეზო ხარაზის განცხადებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2016 წელს დაწყებულ სამ ობიექტზე სამუშაოები არასათანადოდ შესრულდა, თანხები კი გადახდილია. მისი თქმით, ამ სამუშაოებით საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.

„ჩვენ საკრებულოს წევრებთან ერთად გამოვითხოვეთ 2016 წელს დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების დოკუმენტაცია, რომელიც ხელშეკრულებების მიხედვით, ამ დროისთვის უნდა იყოს დასრულებული. სამი მსხვილი ობიექტის მაგალითზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროექტები ჯერ კიდევ არ დასრულებულა და რაც გაკეთდა, ის სამუშაოებიც არასათანადოდ არის შესრულებული“ – აცხადებს რეზო ხარაზი.

მისივე ინფორმაციით, გელაურის საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია ამ დრომდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა სისტემა ისევ არ არის ჩართული: „სამუშაოები 200 ათასი ლარი დაჯდა, პრაქტიკულად უნდა მუშაობდეს სისტემა. სატუმბ სადგურზე ვიყავით გასული და საშენი მასალებით არის ავზები გავსებული“.

რეზო ხარაზის თქმით, შემდეგი პროექტი არის ავტოსადგური, რომლის რეაბილიტაციაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 520 ათასი ლარით დაფინანსდა, თუმცა სამუშაოები არ შესრულდა: „გამგეობაში გვეუბნებიან რომ სამშენებლო კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტეს. რატომ, რა მიზეზით, პასუხი არ აქვთ. ვიზუალურადაც რომ შეხედოთ, მიხვდებით რომ სამუშაოები არ არის დასრულებული. სადგურში დიდი ორმოებია დღემდე. მოვითხოვეთ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნები, თუმცა არ მოგვაწოდეს, რომ გავიგოთ ამ ობიექტებზე რა დარღვევებია“.

რეზო ხარაზის თქმით, მიუხედავად იმისა რომ ობიექტებზე სამუშაოები არ დასრულებულა, მიღება-ჩაბარების აქტები მაინც არსებობს.

„მესამე ობიექტი არის ორი მინი ფეხბურთის სტადიონი, რომელიც ფიჭვნარში გააკეთეს და რომელიც დაახლოებით 600 ათას ლარამდე დაჯდა, მიღება-ჩაბარების აქტი 17 ოქტომბრით არის დათარიღებული, მაშინ როცა ამ სტადიონებზე კატასტროფული მდგომარეობაა და თავიდან ბოლომდეა გასაკეთებელი და ეს საქმე სხვა უწყების გამოსაძიებელია“ – აცხადებს რეზო ხარაზი.

ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე „ბათუმელების“ ზარებს არ პასუხობს. მის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ქობულეთში ოჯახი დააყაჩაღეს

ქობულეთში, სოფელ ლეღვაში, ჯემალ დადიანის ოჯახი დააყაჩაღეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ყაჩაღობა გვიან ღამით მოხდა. სახლში ჯემალ დადიანი, მისი მეუღლე და შვილი იმყოფებოდა. წაღებულია ფული და ოქროს ნივთები.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსსკ-ის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ოფიციალური ინფორმაციით, შემთხვევა 5 დეკემბერს მოხდა.

უსახლკაროები ხელისუფლების დახმარების მოლოდინში [ვიდეო]

რა მოლოდინი უნდა ჰქონდეთ სახელმწიფოსგან უსახლკაროდ დარჩენილ იმ ოჯახებს, რომლებიც საკუთარი რესურსით ბინის შეძენას ვერ ახერხებენ, წლების განმავლობაში ახლობლებს აფარებენ თავს, ან უკანონოდ ცხოვრობენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობებში. რას ნიშნავს ბათუმის მერიის „იაფი სახლი“ და რას უპირებს აჭარის მთავრობა „ოცნების ქალაქს“?

ბათუმის მერიაში ბინის მოთხოვნით უკვე 5 ათასამდე განცხადებაა შესული. მერიაში კი ამბობენ, რომ მოქალაქეთა ბინით უზრუნველყოფის პროგრამა არ აქვთ.  ვინ ისარგებლებს მერიის „ხელმისაწვდომი საცხოვრისით“ ანუ ე.წ. „იაფი სახლით“, რომლის მშენებლობა შეჩერებულია და რას ჰპირდება სახელმწიფო ადამიანებს, რომლებიც თავშესაფრის გარეშე სტიქიისა თუ სხვა მიზეზების გამო დარჩნენ.

bolo-e1478780216909

ქართველ ფერმერებს ბიზნესის განვითარებისა და ახალი კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა ეძლევათ

ლევან დავითაშვილი: „აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის, სახელმწიფო არაერთ პროექტსა და ღონისძიებას ახორციელებს“

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-16 საერთაშორისო გამოფენა გახსნა. გამოფენა, რომელიც ევროკავშირის პროგრამის  (ENPARD)-ის მხარდაჭერით მეორედ ტარდება, 18 ქვეყნის 150-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს.

სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა წარმოადგენს  აგრო მიმართულების ერთადერთ მასშტაბურ ღონისძიებას, სადაც წარმოდგენილია სფეროში არსებული უახლოესი ტექნოლოგიები, მიმდინარე ტენდენციები, მანქანა-დანადგარები და მომსახურება.

ყოველწლიურად იზრდება როგორც გამოფენაში მონაწილე კომპანიების, ასევე გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა. შესაბამისად, აღნიშნული გამოფენა ბიზნესის განვითარებისა და ახალი კონტაქტების დამყარებისთვის საუკეთესო საშუალებაა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკვე რამდენიმე წელია, ამ პრესტიჟული საერთაშორისო გამოფენის მხარდაჭერია. წლევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილია 18 ქვეყნის 150-ზე მეტი კომპანია.

„აგაგრული დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის, სახელმწიფო არაერთ პროექტსა და ღონისძიებას ახორციელებს. ამ ღონისძიებათა შორის უმნიშვნელოვანესია, ერთი მხრივ, ჩვენი პროდუქციის პოპულარიზაცია, ხოლო, მეორე მხრივ, ჩვენი ფერმერებისა და მეწარმეებისთვის აგარარულ დარგში არსებულ თანამედროვე სტანდარტებთან და ტექნოლოგიებთან წვდომის უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ საერთაშორისო გამოფენების აქტიური მხარდამჭერია. გამოფენის მონაწილეებს საშუალება აქვთ, საკუთარ პროდუქციას საეთაშორისო მასშტაბით გაუკეთონ რეკლამირება, დაამყარონ კონტაქტები პოტენციურ პარტნიორებთან, გაეცნონ უახლეს ტექნოლოგიებს და საერთაშორისო მასშტაბით დარგში მიმდინარე პროცესებს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს მეექვსე პავილიონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პროდუქციის გამოფენა. ეს უკვე მეორედ ტარდება საქართველოში ევროკავშირის პროგრამა (ENPARD)-ის მხარდაჭერით. დიდი იმედი მაქვს, გამოფენა წარმატებული იქნება“, – აღნიშნა სოფილის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

სამინისტროსა და „ექსპო-ჯორჯიას“ ორგანიზებით გამოფენას საქართველოს ყველა რეგიონიდან მცირე ფერმერები დაესწრნენ. მათ საშუალება აქვთ პირდაპირი კონტაქტები დაამყარონ მეწარმეებთან, გაეცნონ ახალ ტექნოლოგიებს  და სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე სიახლეებს.

თავის მხრივ, გამოფენამ ჟურნალისტებსაც მისცა საშუალება რეგიონებში ფერმერული საქმიანობისა და მიღწევების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ მეწარმეებისგან მიეღოთ. როგორც აღმოჩნდა, მათი უმეტესობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების მონაწილეა. ამიტომ მიღწევებსაც სწორედ სახელმწიფო სექტორის მხარდაჭერას უკავშირებენ.

3 წელია, რაც წალენჯიხაში კოოპერატივი „ჩაის სურნელი“ დაარსდა. კოოპერატივის წარმომადგენელი ნარგიზა ღვინჯილია ამბობს, რომ 10 ჰა-ზე გეგმავს ჩაის პლანტაციის შექმნას, რისი პოტენციალიც რეალურად ახლა გაჩნდა.

„ჩვენი მიზანია, ჩაი რეგიონში პრიორიტეტული მიმართულება გახდეს. ამაზე რენტაბელური დარგი საქართველოში იშვიათად მოიძებნება. ამიტომ გვინდა, ქართულ ჩაის განვითარების შესაძლებლობა მივცეთ. ვგეგმავთ, პლანტაცია 10 ჰა-მდე გავაფართოვოთ. ჩვენი სოფლიდან რამდენიმე ახალგზარდა თურქეთში სწორედ მეჩაიეობის სექტორში მუშაობს. მათგან წამოვიდა ინიციატივა, რომ კოოპერატივი შეგვექმნა. როგორც კი გავფართოვდებით, ისინი სამშობლოში ჩამოვლენ. ადამიანური რესურსის დეფიციტს არ განვიცდით. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდანაც დიდი მხარდაჭერაა. გლეხს უნდა მიეცეს საშუალება, რომ დოვლათი შექმნას, რის რესურსიც რეგიონებში დიდია“, – ამბობს ნარგიზა ღვინჯილია.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „გილე“ გურჯაანში მუშაობს. წელს პირველად კოოპერატივმა დაიწყო წარმოება და მშრალი ხილის რამდენიმე ნიმუში გამოფენაზეც წარმოადგინა.

,,2014 წლიდან კენკროვან კულტურებს ვაწარმოებთ. ყველაზე დიდი რაოდენობით უეკლო მაყვალი მოგვყავს. ვფლობთ ასევე ხილის შრობის  თანამედროვე ტექნოლოგიებს. ჯერჯერობით მხოლოდ ხურმის გამოშრობა მოვასწარით. ტექნიკა აგვისტოში დავამონტაჟეთ და მომავალი წლიდან უკვე აქტიურად შევძლებთ წარმოების გაფართოებას. გვინდა, რომ ჩვენი პროდუქტის პოპულარიცაზია მოხდეს. საერთაშორისო ორგანიზაციის გრანტი მოვიპოვეთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, ნდობა გავამართლოთ“, – ამბობს კოოპერატივის წარმომადგენელი იზოლდა ქიტესაშვილი.

ლეჩხუმიდან, კერძოდ, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელი ქორეშენიდან გამოფენაზე ამავე სახელწოდების კოოპერატივი მონაწილეობს. მისი მეპაიე ლევან ხმელიძე  თაფლს აწარმოებს და ძალიან მალე პროდუქტის ევროპის ბაზარზე გატანას გეგმავს.

„სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით გამართულ გამოფენებს ხშირად ვსტუმრობთ. სამთავრობო სექტორის აქტიური მხარდაჭერის შედეგია ის, რომ ჩვენი პროდუქციის ცნობადობა გაიზარდა და  საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრების შანსიც გვეძლევა. ამ ეტაპზე თაფლის წარმადობა 2,5 ტონაა. მომავალი წლიდან ამ მაჩვენებლის გაორმაგებას ვაპირებთ, რის შემდეგაც პროდუქტს ევროპაშიც გავიტანთ“, – ამბობს ლევან ხმელიძე.

მარი გოცირიძე
მასალა მომზადებულია საქართველოს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს
პრესსამსახურის მიერ

15368704_1271651586191703_1758870830_o

„მასწავლებელს უნდა შერცხვეს, რომ მოსწავლეს აზეპირებინებს“

განათლების სპეციალისტების შეფასებით, დღეს ქართული სკოლა ორიენტირებულია არა აზროვნებაზე, არამედ დამახსოვრებაზე. რა განაპირობებს ამას და როგორ შეიძლება აზროვნებაზე ორიენტირებული სისტემის შექმნა? – თემაზე  „ბათუმელებთან“ სკოლის პედაგოგებმა და განათლების სპეციალისტმა სიმონ ჯანაშიამ ისაუბრეს.

მე-18 საჯარო სკოლის პედაგოგი, დალი აბურჯანია მიიჩნევს, რომ თანამედროვე ქართული სკოლა მოსწავლეს მხოლოდ ტესტების ჩასაბარებლად ამზადებს და ნაკლებად არის ორიენტირებული აზროვნების განვითარებაზე. მისი თქმით, ამ მიმართულებით  „სახარბიელო მდგომარეობა არ გვაქვს“, რადგან ტესტებზე ორიენტირება გამოწვეულია მოსწავლის ცოდნის მაჩვენებლით, რაც სწორედ ტესტის ქულების მიხედვით განისაზღვრება.

„ტესტების შევსების დროს, ბუნებრივია, საჭიროა ლოგიკური აზროვნებაც და სხვა უნარებიც. მაგრამ, რადგან დროში შეზღუდული ვართ, მთელი ყურადღება მაინც იქეთკენაა მიმართული, რომ მოსწავლემ მოკლე დროში შეძლოს დავალებასთან გამკლავება“, –  ამბობს პედაგოგი.

დალი აბურჯანიას აზრით, დღეს არსებული ეროვნული სასწავლო გეგმა რთულად მისაღწევია. შესაბამისად, პედაგოგის უნარ-ჩვევებსა და მის კომპეტენციებზეა დამოკიდებული, ჩართავს თუ არა მოსწავლეს აზროვნების განმავითარებელ აქტივობებში. „თუმცა, ამ აქტივობების დაგეგმვა-მართვაც საკმაოდ რთულია, რადგან სკოლის ინფრასტრუქტურა და საგანმანათლებლო რესურსები არ იძლება ამის შესაძლებლობას“, – გვეუბნება დალი აბურჯანია.

მე-14 საჯარო სკოლის პედაგოგი ნათია ქათამაძეც იზიარებს კოლეგის მოსაზრებას, რომ ტესტირებებმა მასშტაბური ხასიათი მიიღო. ის ასევე დასძენს, რომ ტესტირება ცუდად არ აისახება მოსწავლის განვითარებაზე.

„16 წელია სკოლაში ვარ და შემიძლია შევადარო რა ხდებოდა ადრე და რა ხდება ახლა. არ უარვყოფ, რომ ტესტირებებმა მასშტაბური ხასიათი მიიღო, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ ეს ცუდად აისახება ბავშვების შედეგებზე. ტესტირება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დავინახოთ მოსწავლის პროგრესი, მისი სუსტი და ძლიერი მხარეები და შემდგომი საგაკვეთილო პროცესები მის საჭიროებებზე მორგებულად დავგეგმოთ“, – ამბობს ნათია.

ნათია ქათამაძის აზრით, მთავარია, არ დაიგეგმოს ერთი და იმავე ხასიათის ტესტები და ამან არ მიიღოს სისტემური სახე.

„არსებობს დიაგნოსტიკური ტესტები, ტესტები ღია და დახურული კითხვებით… თუ პედაგოგი ინტეგრირებულად გამოიყენებს ორივეს, ვფიქრობ, წარმატება ექნება. ტესტები და აზროვნებაზე ორიენტირებული აქტივობებიც მოსწავლეს ერთნაირი დოზით სჭირდება“, –  გვეუბნება ნათია ქათამაძე, თუმცა იქვე დასძენს, რომ ამ მეთოდს პედაგოგების 20-30% თუ იყენებს.

ნათიას აზრით,  „იყოს კლასში ინტერაქტივი, დისკუსია ეს პედაგოგის პროფესიულ უნარებზეა დამოკიდებული. აზროვნებაზე ორიენტირებული აქტივობები არ უნდა იყოს ერთჯერადი – პედაგოგი მუდმივად უნდა ცდილობდეს მის განვითარებას. ინოვაციებზე დღეს დიდი მოთხოვნაა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ დაგეგმილი ტრენინგებიც სწორედ ამ მიმართულებით ამზადებს პედაგოგებს. ინოვაციური გაკვეთილის ჩატარება შეუძლებელი არ არის, თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ ისე წარმატებით ვერ განახორციელო, როგორც დაგეგმე, რადგან ამაში ხელს არ გიწყობს სისტემა.“

განათლების სისტემაში არსებული პრობლემის მიზეზებს ასე აყალიბებს განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია:  „ქართული სისტემა უფრო მეტად ინფორმაციის დამახსოვრებაზეა ორიენტირებული, ვიდრე აზროვნების განვითარებაზე. ინფორმაცია არის საფუძველი აზროვნებისთვის, მაგრამ არა საკმარისი საფუძველი. არ უნდა ვიფიქროთ, რომ თუ ადამიანს რაღაც მონაცემები აქვს თავში, მას შეუძლია ეს მონაცემები ერთმანეთთან დააკავშიროს. აზროვნება გულისხმობს დავინახოთ რა ურთიერთმიმართებები არსებობს ამ ინფორმაციას შორის და რას შეიძლება დავეყრდნოთ მსჯელობის დროს, როდის რომელი ინფორმაციაა მნიშვნელოვანი და ა.შ. ამას კი ცუდად ასწავლის სკოლა“.

სიმონ ჯანაშიას აზრით, ცუდად სწავლების პირველი მიზეზი სისტემურ პრობლემაშია: „სისტემა მიზნების დონეზე განსაზღვრავს, რომ მოსწავლეს უნდა შეეძლოს წაკითხულის გააზრება, ანალიზი და ა.შ. თუმცა, იგივე სისტემა განაწყობს მასწავლებლებს, რომ ორიენტაცია აიღონ დამახსოვრებაზე. მოსწავლის ცოდნა მოწმდება დამახსოვრებული ინფორმაციის მიხედვით. გამოსაშვებ გამოცდებს თუ ვნახავთ, იქ ბევრი არაფერია სააზროვნო – მოცემულია დახურულპასუხებიანი ტესტები, სადაც მოსწავლემ უნდა შემოხაზოს რა არის სწორი ან არასწორი“.

სიმონ ჯანაშიას აზრით, ეს პრობლემა დგას მეხუთე კლასს ზემოთ, რადგან  მაღალ კლასებში მთავარი მიზანი მისაღები გამოცდები გახდა:

„შემდეგი პრობლემა არის მასწავლებლებში. მათ აღარ ჰყოფნით კომპეტენცია ასწავლონ აზროვნება, – მათ არასდროს უსწავლიათ ასე. პრობლემაა ისიც, რომ ბევრი მათგანი არა მარტო საბჭოურად აზროვნებს, არამედ ჰგონიათ, რომ იმ ერთი  „სწორი“ ინტერპრეტაციის სწავლების გარეშე ერთიანობა დაირღვევა საზოგადოებაში. ბევრი მასწავლებლის წარმოდგენაში ჩვენ ვერთიანდებით არა იმის გარშემო, რომ გვაქვს მრავალფეროვანი წარმოდგენები რაღაცების შესახებ, არამედ იმის გარშემო, რომ გვჯერა ერთი და იმავე რამის. ეს პრობლემაა.“

სიმონ ჯანაშიას თქმით, პრობლემაა ისიც, რომ ძალიან ცოტაა სასწავლო რესურსი, ვთქვათ, ვიდეოები, რომ ნახონ პედაგოგებმა, როგორ ხდება თამაშების განაწილება კლასში ამა თუ აქტივობის განსახორციელებლად:

„პირადად მე, ერთ-ერთ სკოლას შევთავაზე, რომ წაგვეყვანა მოსწავლეები ექსკურსიებზე მუზეუმში, გავაკეთებდი სასწავლო კურსს, სადაც რამდენიმე საგანი იქნებოდა გაერთიანებული. უარი მითხრეს, ამას მშობლები გააპროტესტებენო, –  მოსწავლეებს ტესტების მოსამზადებლად დრო აღარ დარჩებათო. ბუნებრივია, სახელმწიფო ქმნის ამ ჩარჩოს და შემდეგ ხდება ამ მიზნების გაუარესება“.

სიმონ ჯანაშიას აზრით, სკოლა მხოლოდ  ტესტებზე რომ აღარ იყოს ორიენტირებული, აუცილებელია შეიცვალოს უმაღლესში მიღების სისტემაც. მისი აზრით, მისაღებ გამოცდებზე გადამწყვეტი უნდა იყოს უნივერსიტეტის წარმოდგენა, თუ რა უნდა იცოდეს იქ შემსვლელმა. ეს შეიძლება იყოს გამოცდილება და ცოდნა, რომელიც არ მტკიცდება მხოლოდ გამოცდებით: `სკოლაში 12 წლის განმავლობაში მიღებული ნიშნები საერთოდ არაფერში ითვლება. ასევე არ ფასდება სოციალური უნარები. საქველმოქმედო ჯგუფის დამაარსებელი თუ არის მოსწავლე, ის უფრო მარტივად ვერ მოხვდება სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე, რადგან უნდა ჩააბაროს სტანდარტული ტესტები. აბიტურიენტს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სხვანაირად დაადასტუროს, რომ ისიც ღირებულია უნივერსიტეტისთვის და მხოლოდ ერთსა და იმავეს კეთებაზე აღარ იქნება ჩაციკლული“.

სიმონ ჯანაშიას თქმით, ამის პრაქტიკა არსებობს მაგისტრატურაში, როცა მხოლოდ ტესტური ქულებით კი არ ირიცხება ადამიანი, არამედ უნივერსიტეტის ქულებისა და სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით.

სიმონ ჯანაშიას აზრით, ეს არ არის რთულად გადასაჭრელი პრობლემა, რადგან ამის გარკვეული გამოცდილება უკვე არსებობს:  „ყველაზე რთული მაინც ინსტიტუციური კულტურის ჩამოყალიბებაა, სადაც მასწავლებელს შერცხვება იმის გამო, რომ მოსწავლეს აზეპირებინებს. დღეს ეს ზეპირობა სკოლებში სირცხვილად არ ითვლება“.

გამოძიება დამნაშავის სასარგებლოდ – ადამიანის დაჭრისთვის მსჯავრდებული 1000 ლარით დააჯარიმეს

აზერბაიჯანის მოქალაქეს, არაზ ზეინიევს ქართულ გამოძიებასთან აქვს პრეტენზია. ის ამბობს, რომ მისი ჩვენება შეცვალეს. არაზი ამ ზაფხულს ქობულეთში, სოფელ ციხისძირის ერთ-ერთ ზღვისპირა კაფეში დაჭრეს. გამოძიების მტკიცებით, არაზს გაუფრთხილებლად ნასროლი ტყვია მოხვდა და მისი ჩვენებაც ამას მოწმობს. სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის მსჯავრდებული მხოლოდ 1000 ლარით დაჯარიმდა. მსჯავრდებულს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება არ ჰქონდა, თუმცა ამით პროკურატურა არ დაინტერესებულა. საქმის პროკურორი, დავით კირჩხელი და მსჯავრდებული იოსებ მინაშვილი თანასოფლელები არიან.

„იმ დღეს ძალიან წვიმდა… მოგზაურებიც და ადგილობრივებიც ლუდის დასალევად პლაჟთან ახლოს კაფეში ვიყავით შეკრებილები,“ – გვიყვება არაზ ზეინიევი. ის საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოსულა და ციხისძირში კარვებისთვის განკუთვნილ ადგილას რამდენიმე დღე გაჩერებულა. ინციდენტი 8 ივლისს, ღამის თორმეტის ნახევარზე მოხდა:

„კაფეში ვიჯექი ახალგაცნობილ ადამიანებთან ერთად, როცა ის შემოვიდა. ვიცნობდი, კემპინგის ბიზნესში იყო ჩართული, რამდენჯერმე გამომელაპარაკა მანამდე. მოგვიახლოვდა მაგიდასთან და მკითხა, სროლა არ გიყვარსო?

შორტებისკენ წაიღო ხელი, შავი ფერის ცეცხლსასროლი იარაღი დამანახა და მომმართა, მოდი აქ, ბოთლებს და ლოდებს ვესროლოთო. ვუთხარი, რომ ასეთი რამეები არ მაინტერესებდა. გაუკვირდა, რატომო, რეალურ მამაკაცს ეს უნდა მოსწოდეს, კაცი არ ხარო? ისევ უარი ვუთხარი. მარტო ქალებს ეშინიათ იარაღის, ისინი სუსტები არიან და კაცებს უნდა ემორჩილებოდნენო. კიდევ ერთხელ გავუმეორე, რომ სროლა არ მინდოდა. მერე მკითხა, მამაკაცებს შორის სექსუალურ კავშირზე რას ფიქრობო. ვუთხარი, რომ ადამიანებმა ის უნდა აკეთონ, რაც მოსწონთ-მეთქი. მკითხა, „პიდარასტი“ ხარო? ვუთხარი, რომ ასეთი თვითონ იყო. იარაღი დამიმიზნა და მარცხენა ფეხში მესროლა… რამდენიმე წამში, როცა გონს მოვედი, სისხლით დასვრილი, საკუთარი ჯინსის შარვალი დავინახე, ძალიან მტკიოდა ფეხი“.

იგივე სცენა სხვაგვარადაა აღწერილი სასამართლო განჩინებაში. გამოძიების მტკიცებით, მათთან სულ სხვა რამ თქვა არაზმა: „არაზ ზეინიევის ჩვენების მიხედვით, ის იმყოფებოდა კაფეში, სადაც შევიდა იოსებ მინაშვილი, რომელსაც ხელში ეჭირა შავი პისტოლეტი და ათვალიერებდა მას. დაახლოებით ორ წუთში მოხდა აღნიშნული პისტოლეტიდან გასროლა. გასროლილი ტყვია მას მოხვდა მარცხენა ფეხში, მუხლთან ახლოს, რის გამოც იგრძნო ძლიერი ტკივილი და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომანქანით იქნა გადაყვანილი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა სამედიცინო დახმარება“.

არაზის თქმით, შემთხვევას რამდენიმე ადამიანი შეესწრო. „კემპინგის ბიზნესს ვინც უფროსობდა, იმან მითხრა, იქნებ პოლიციას არ მოუყვე ეს ამბავი, ჩვენს ბიზნესზე ცუდად იმოქმედებსო. უარით გავისტუმრე. მერე სასწრაფო დახმარების მანქანა მოვიდა და გადამიყვანეს. საავადმყოფოში მითხრეს, რომ ოპერაცია მჭირდებოდა…“

მეორე დღეს არაზთან პოლიციელები მისულან. ხუთი-ექვსი იყვნენო, ასე ამბობს. ერთი მისვამდა რუსულად შეკითხვებს და მეორე ხელით იწერდაო. „მხოლოდ ერთ-ერთის სახელი მახსოვს, მირზა მიქელაძე. საავადმყოფოში მოვიდა ჩემთან პროკურორი დავით კირჩხელიც. რამდენიმე დღის შემდეგ საავადმყოფოდან წამიყვანეს პოლიციის განყოფილებაში და ჩვენების ამობეჭდილ ვერსიას ხელი მოვაწერე. ჩვენება დაახლოებით 4-5 გვერდი იყო ქართულად, ვერაფერი გავიგე. ერთ-ერთმა გამომძიებელმა ჩვენების მოკლე შინაარსი გადმომცა რუსულად. მითხრა, ის წერია, რაც მოგვიყევიო. თარჯიმანი არ იყო, რომ დეტალები გამეგო. იქვე ამოვიცანი ის პირი, ვინც დამჭრა… წამოსვლის დროს კემპინგის ადგილას გამოვიარე ჩემი ბარგის წამოსაღებად. კემპინგის უფროსი დამხვდა, რომელმაც იმ დღეს გაჩუმება მირჩია. 1500 ლარი გადმომცა. მითხრა, ამ ფულს მკურნალობისთვის გაძლევს დაპირისპირებული მხარეო. ერთმანეთს დავემშვიდობეთ. წავედი იმ იმედით, რომ დამნაშავეს საკადრისად დასჯიდნენ“.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება ჩაქვის რაიონულმა პოლიციამ დაიწყო. იოსებ მინაშვილმა ბრალი დაკავებისთანავე აღიარა და მას მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა 3-ათასლარიანი გირაო 4 აგვისტოს შეუფარდა. დაჭრის ფაქტს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით კვალიფიკაცია მისცა, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანების გაუფრთხილებლად მიყენებას გულისხმობს.

„პროკურატურის ვალდებულებაა, უპირველეს ყოვლისა, დანაშაულის მოტივით დაინტერესდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია, საქმის კვალიფიკაცია არასწორად მოხდეს,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.  ეს ორგანიზაცია არაზ ზეინიევის საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, როცა დაზარალებულს პროკურატურის მიმართ გაუჩნდა ეჭვები. საქმის მასალებს ჯერ გიორგი ხიმშიაშვილი არ გასცნობია. კითხვები გაუჩნდა მასაც, რადგან ის, რაც სასამართლო განჩინებაში წერია, არსებითად განსხვავდება დაზარალებულის მონაყოლისგან: „დაზარალებული აცხადებს, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა განზრახ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლას, მაგრამ სისხლის სამართლის საქმე აღძრული არის გაუფრთხილებლობის კვალიფიკაციით.“

„სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება,“ – ვკითხულობთ სასამართლოს განაჩენში, რომელიც მიმდინარე წლის 22 სექტემბრით თარიღდება და რომელსაც მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი აწერს ხელს.

სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, იოსებ მინაშვილმა „ესკორტ 2008 მაგნუმის“ მოდელის პისტოლეტიდან გაისროლა, ხოლო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, არაზ ზეინიევს მიადგა სხეულის მსუბუქი დაზიანება. სასამართლომ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანისთვის იოსებ მინაშვილი მხოლოდ 1000 ლარით დააჯარიმა. სასამართლო განაჩენში ვკითხულობთ:

„იოსებ მინაშვილს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს იოსებ მინაშვილის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას“.

მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურის მიერ განსაზღვრული კვალიფიკაცია სასჯელის სახით მხოლოდ ჯარიმას [ჯარიმის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს], ან გამასწორებელი სამუშაოს შეფარდებას მოიცავს, სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურატურამ მაინც გაასაჩივრა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება 17 ნოემბერს უცვლელი დატოვა.

რატომ არ დაიწყო გამოძიება, როგორც განზრახ ჩადენილი დანაშაული, რაც ბევრად მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს, ვიდრე გაუფრთხილებლობით ჩადენილი? – კითხვა საქმის პროკურორს, დავით კირჩხელს დავუსვით: „დაზარალებული არ ამბობდა მაგას, რომ განზრახ მოხდა გასროლა. ჩვენება ჩაწერილია კანონის მოთხოვნების სრული დაცვით. მე პირადად ვესაუბრე დაზარალებულს საავადმყოფოში, მაშინაც იმავეს ამბობდა… სხვა კითხვებზე მერე გიპასუხებთ, როცა შვებულებიდან დავბრუნდები“.

„შესაძლოა, ახლა პროკურატურამ განაცხადოს, რომ ისინი დაეყრდნენ დაზარალებულის ჩვენებას, მაგრამ მხოლოდ დაზარალებულის განმარტება არ არის არსებითად განმსაზღვრელი,“ – განმარტავს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი. ის არ გამორიცხავს, რომ დაზარალებულმა შესაძლოა დამალა კიდეც რეალური ინფორმაცია, თუმცა ამას არ უნდა შეეშალა ხელი, სრული სურათი შეესწავლა გამოძიებას: „ხშირ შემთხვევაში დაზარალებულები სხვადასხვა მოტივით ცდილობენ დამალონ რეალური ინფორმაცია. ეს შესაძლებელია გამოწვეული იყოს მათი შიშით, დაუცველობის განცდით, სტრესულ მდგომარეობაში ყოფნით… ამიტომ გამოძიების ვალდებულებაა საქმე ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიძიოს და არ მისცეს შესაძლებლობა ბრალდებულებს, თავი აარიდონ მოსალოდნელ პასუხისმგებლობას. ამ საქმეზე საია მოკვლევას აგრძელებს და შესაბამისად, ვცდილობთ მივიდეთ იმ დასკვნამდე, თუ რამ განაპირობა საქმის სსკ-ის 124-ე მუხლით კვალიფიკაცია.“

„ბათუმელები“ მსჯავრდებულ იოსებ მინაშვილს ტელეფონით ესაუბრა: „ეს იყო შემთხვევითობა და მაგასაც აქვს ჩვენება მიცემული, სასამართლო პროცესი დამთავრებულია მაგასთან დაკავშირებით და ყველაფერი გაირკვა. ჯარიმა გადავიხადე, მკურნალობის ხარჯი დავუფარე და რა უნდა ბოლო-ბოლო? მაგას ვიცნობდი მე, ურთიერთობა მქონდა და ახლა საით მიერეკება არ ვიცი.  მეტს აღარ გიპასუხებთ, საკმარისი დრო დაგითმეთ…~

საუბრიდან რამდენიმე წუთში იოსებ მინაშვილი თავად დაგვიკავშირდა და ხელახლა გვკითხა, რომელ მედიასაშუალებას წარმოვადგენდით. ვკითხეთ, ჰქონდა თუ არა ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება. პასუხი ასეთი მივიღეთ: „იმ დღეს ვიპოვე ეს იარაღი შემთხვევით, იარაღის ტარება მე არ ვიცი, ძველი იყო და მოხდა მოულოდნელად გავარდნა. ვიპოვე ეს იარაღი და შევედი ბარში, ეგენი იქ იყვნენ. მერე ჩავბარდი პოლიციას და იარაღიც ჩავაბარე.“

დამატებით კითხვებს იოსებ მინაშვილმა ისევ აღარ უპასუხა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ის ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციის სამთავრობო დაცვაში მუშაობდა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს. ამჟამად იოსებ მინაშვილი უმუშევარია. იოსებ მინაშვილთან პროკურატურას არ გასჩენია კითხვები ცეცხლსასროლი იარაღის ტარების გამო.

იოსებ მინაშვილი და დავით კირჩხელი თანასოფლელები არიან. ორივე სოფელ ციხისძირში ცხოვრობს. რატომ არ მოითხოვა პროკურორმა აცილება, როცა საქმე თანასოფლელს ეხებოდა? ამ კითხვაზე პროკურორის, დავით კირჩხელის არგუმენტი ასეთია: „მერე რაა, რომ ერთი კუთხის შვილები ვართ? არაა ასე. მე არც ვიცნობდი მაგას და არანაირი სხვა საფუძველი არ არსებობს. ვთიშავ ტელეფონს, დაკავებული ვარ.“

„მოტივაცია იყო ჰომოფობია – აგრესორი იყო დარწმუნებული, რომ ჰომოსექსუალი ვარ. მე გრძელ თმას ვატარებ და ბლანჟეს. აუცილებლად გავასაჩივრებ ამ გადაწყვეტილებას, თუნდაც ევროპის სასამართლო დამჭირდეს,“ – მოგვწერა საუბრის ბოლოს არაზ ზეინიევმა.

სახელმწიფოს არაადეკვატური რეაგირება – პირდაპირი სიგნალი პოტენციური მოძალადისთვის

2014 წელს მსოფლიოს 28 ქვეყანაში 226 ტრანსგენდერი ადამიანი მოკლეს, ხოლო 2008  წლიდან დღემდე მსოფლიოს 62 ქვეყანაში – 1 613. 2014 წლის 11 ნოემბერს საქართველოც შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც ტრანსგენდერს მისი გენდერული იდენტობის გამო კლავენ. ტრანსგენდერი თემის საჭიროებებზე „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ ხელმძღვანელი, გენდერის სპეციალისტი ეკა აღდგომელაშვილი გვესაუბრა.

ქალბატონო ეკა, ბოლო დროს ტრანსგენდერ ადამიანებზე თავდასხმებისა და ძალადობის შემთხვევების რაოდენობა, რაც მედიამდე აღწევს, საგანგაშო ნიშნულზეა. რა ხდება ამ გახმაურებული ფაქტების მიღმა, რეალურად რამდენად ხშირია ტრანსგენდერ ადამიანებზე თავდასხმებისა და ძალადობის შემთხვევები?

– ისევე, როგორც ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, ჰომო და ტრანსფობიური დანაშაულის აღრიცხვა, როგორც წესი, სრულად არ აღწერს ასეთი დანაშაულის რეალურ მასშტაბებს. მარტიდან ნოემბრის ჩათვლით მხოლოდ ჩვენმა ორგანიზაციამ ასეთი ძალადობის 24 შემთხვევაზე შექმნა დოკუმენტები, მხოლოდ თბილისში. თუ გავითვალისწინებთ საზოგადოებაში არსებულ ნეგატიურ დამოკიდებულებას ტრანსგენდერი და, ზოგადად, ლგბტ ადამიანების მიმართ, ვფიქრობ, ასეთი დანაშაულის რიცხვი გაცილებით დიდია და ეს მხოლოდ აისბერგის ნაწილია. ადამიანები უფრო ხშირად მოგვმართავენ, როცა ტრანსფობიური ინციდენტებისა და დანაშაულის მსხვერპლი ხდებიან. ორგანიზაციაში ამუშავდა ცხელი ხაზი, ვცდილობთ, მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ჩვენი ხმა.

ცხადია, რთულია იმსჯელო ტრანსფობიური დანაშაულისა და ძალადობის რეალურ მასშტაბებზე ქვეყანაში, მის ბუნებასა და დინამიკაზე მხოლოდ WISG-ის მიერ დოკუმენტირებული ინციდენტებისა და დანაშაულის სტატისტიკის საფუძველზე. განსაკუთრებით მაშინ, როცა სექსუალური ორიენტაციის/გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილი დანაშაულის ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს ქვეყანაში.

აგრესიის გამძაფრება ხომ არ უკავშირდება ამ ადამიანების ხილვადობის გაზრდას, თუ კიდევ სხვა მიზეზებია?

– როგორც გითხარით, ის, რომ გასულ წლებში უფრო ცოტა შემთხვევა გვქონდა დოკუმენტირებული, არ ნიშნავს, რომ წინა წლებში ტრანსგენდერი ადამიანები ნაკლებად ხდებოდნენ ძალადობის მსხვერპლნი.

ჰომო და ტრანსფობიური განწყობების დინამიკა ქვეყანაში მაფიქრებინებს, რომ ჯგუფის ხილვადობის გაზრდაზე მეტად ამგვარი დანაშაულის „პროვოცირებაზე“ გარე ფაქტორები უფრო ახდენს გავლენას. მაგალითად, პოლიტიკოსების მხრიდან ამ საკითხებით სპეკულირება წინასაარჩევნოდ, თემის გამოყენება ანტიდასავლური განწყობების გასაძლიერებლად, ეკლესიის ცალკეული წარმომადგენლებისა და საჯარო პირების ღია ჰომოფობიური განცხადებები.

ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ ჩადენილი სიძულვილით მოტივირებული ყველა გახმაურებული დანაშაულის ირგვლივ დღემდე არსებობს გარკვეული შეკითხვები. რამდენად ადეკვატურია სახელმწიფოს რეაქცია სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან მიმართებაში? რა უნდა გაკეთდეს ამ ტიპის დანაშაულის პრევენციისთვის და რამდენად ჩანს აქ სახელმწიფოს ნება?

– ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზებთან ერთად, სახელმწიფოს უმოქმედობა ან არაადეკვატური რეაგირება ძალადობის ფაქტებზე, პირდაპირი სიგნალია პოტენციური მოძალადისთვის. გაიხსენეთ, ბოლო წლებში ჩადენილი გახმაურებული ძალადობის შემთხვევების გამო არავის უგია სათანადო პასუხი. ამ ტიპის დანაშაულის პრევენციისთვის, პირველ რიგში, საჭიროა ასეთი დანაშაულების აღრიცხვა და რეპორტინგი, რაც საშუალებას მისცემს სახელმწიფოს სრულყოფილად დაინახოს ამ დანაშაულის მასშტაბები და მისი ბუნება. ამას კი პრობლემის ერთიანი ხედვა, პოლიტიკური ნება და კონკრეტული მოქმედება სჭირდება.

ბოლო ორი წლის განმავლობაში სახელმწიფომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები ამ მიმართულებით – დაიწყო პროკურატურის თანამშრომელთა გადამზადება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის იდენტიფიცირებისა და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად, იგეგმება პოლიციელთა კვალიფიკაციის ამაღლებაც. თუმცა, ფაქტია, რომ სახელმწიფოს ძალისხმევა ამ მიმართულებით არასაკმარისია.

WISG –ის კვლევაში ტრანსგენდერი ადამიანები საუბრობენ სამართალდამცველების მხრიდან ცინიკურ დამოკიდებულებაზე. რამდენად საჭიროა საქართველოში პოლიციელების დატრენინგება ტრანსფობიური და ჰომოფობიური დანაშაულის თემაზე, ან სულაც სპეციალური დანაყოფის შექმნა უფრო ეფექტური პრევენციისთვის?

– სხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ სამართალდამცავთა გადამზადების პარალელურად, სპეციალური დანაყოფების შექმნა, რომლებიც ფოკუსირებულნი არიან სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის იდენტიფიცირება-გამოძიებაზე, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზაა პრობლემასთან საბრძოლველად. დანაყოფების შექმნა ამარტივებს ასეთი ტიპის დანაშაულის ხასიათისა და ბუნების შესახებ მონაცემების მოგროვებასა და ანალიზს; საშუალებას იძლევა უფრო ეფექტიანად იქნას გამოყენებული ცოდნა და ექსპერტიზა კონკრეტულ საკითხზე; აიოლებს კომუნიკაციას ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციებსა და სამართალდამცავებს შორის და სხვ. WISG -მა მოამზადა საჯარო პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც სწორედ სპეციალური ქვედანაყოფების შექმნასა და მის როლს ეხება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის აღმოფხვრაში. ეს დოკუმენტი რამდენიმე დღის წინ წარვუდგინეთ შესაბამის უწყებებს. ცხადია, არ მივიჩნევთ, რომ ამით სამუშაო პროცესი დასრულებულია. თუმცა ოფიციალურ და არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დოკუმენტირებულ შემთხვევებსა და სტატისტიკას შორის არსებული განსხვავებები ნათლად აჩვენებს, რომ ის ნაბიჯები, რაც სახელმწიფომ გადადგა ბოლო წლებში, არასაკმარისი და არაეფექტიანია.

გენდერის სამართლებრივი აღიარება საქართველოს კანონმდებლობით არ რეგულირდება. რაიმე სიახლე ხომ არ არის ამ მხრივ?

– სამწუხაროდ, დღეისათვის ხელშესახები პროგრესი არც ამ მხრივ გვაქვს. რამდენიმე „ფრონტზე“ ერთდროულად გვიწევს ბრძოლა: ვცადეთ სასამართლოს გზა (დღეისათვის ორი საქმე სააპელაციო სასამართლოშია), წლების განმავლობაში ვცდილობდით იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით შეგვეცვალა დამკვიდრებული პრაქტიკა. თუმცა ბევრს ვერც ამ მიმართულებით მივაღწიეთ – ბოლო ეტაპზე, როდესაც ერთადერთი რამ, რაც ამგვარი პრაქტიკის რეალურ შეცვლას სჭირდებოდა – პოლიტიკური ნების გამოვლენა, პროცესი გაიყინა. ორიოდე თვის წინ პროცესი ხელახლა დაიძრა. ვნახოთ, რამდენად რეალურია ჩვენი მოლოდინები. ძნელია, როცა ამ რუტინის, თუნდაც ყოველდღიური მძიმე შრომის, ადვოკატირებისა და ლობირების ფორმალური პროცესის მიღმა აცნობიერებ, რომ ყოველი ასეთი გადავადებული გადაწყვეტილება ამ ადამიანების სიცოცხლის კიდევ ერთი დღეა, რომელსაც ვერავინ აუნაზღაურებს. დამცირების, შეურაცხყოფის, უუფლებობის კიდევ ერთი დღე. ასეთ დროს მართლა ეჭვი მეპარება, რომ გზა და მეთოდი, რომელსაც ამ ცვლილებების მისაღწევად ვირჩევთ, არასწორი და არასაკმარისია. ასე მგონია, ამ ყველაფრის პარალელურად რაღაც სხვა, უფრო რადიკალურ მოქმედებაზეც უნდა ვიფიქროთ.

როგორც წესი, ტრანსგენდერი ქალებისადმი უფრო მეტია აგრესია საზოგადოებაში, რამდენად ხშირია ტრანსგენდერ კაცებზე თავდასხმის, სხვა სახის ძალადობის ფაქტები?

– WISG -ის მიერ დოკუმენტირებული ტრანსფობიური ინციდენტებისა და ძალადობის შემთხვევების მსხვერპლი, ძირითადად, ტრანსგენდერი ქალები არიან. განსაკუთრებით  მოწყვლადი ჯგუფია ის ტრანსგენდერი ქალები, რომლებიც სექსსამუშაოში არიან ჩართულები, ტრანსგენდერი კაცები სხვა ტიპის ძალადობისა და დისკრიმინაციის მსხვერპლნი ხდებიან. ვიზგის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საზოგადოება გაცილებით უფრო აგრესიულადაა განწყობილი ტრანსგენდერი ქალების მიმართ, ვიდრე ტრანსგენდერი კაცების მიმართ. ამას თავისი ახსნა აქვს – ჩვენი კულტურა დასაშვებად მიიჩნევს გენდერული როლების დროებით ჩანაცვლებას, როცა ქალები თავის თავზე იღებენ ისეთ როლსა და ფუნქციას, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში მამაკაცს უკავშირდება – იქნება ეს ოჯახის მარჩენალისა თუ სამშობლოსა და ქვეყნის დამცველის ფუნქცია [ეს არ ვრცელდება სექსუალობაზე]. ასეთი ქალები ისტორიამ გმირებად შემოგვინახა. სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვიტყვით მამაკაცებზე. ის, რაც კაცთან, მის საქმიანობასთან და როლთანაა დაკავშირებული, უპირატესად და მნიშვნელოვნად მიიჩნევა ჩვენს საზოგადოებაში – ქალის როლისა და ადგილისაგან განსხვავებით.

ცხადია, თუკი ამ გენდერულ როლებთან სექსუალობაც იქნება დაკავშირებული, სტიგმა უფრო იზრდება. საზოგადოებაში არსებული განწყობები სხვადასხვაგვარად მანიფესტირდება ქცევაშიც – მარგინალიზაციიდან დაწყებული, ძალადობითა და მკვლელობით დამთავრებული. ძალადობისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი ტრანსგენდერი კაცებიც ხდებიან, თუმცა ამ ძალადობებს სხვადასხვა ფორმა და ხასიათი აქვს.

ბათუმში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს და სამეგრელოს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.რ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალების 63 აბი და აბის ნატეხები ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,55178 გრ ბუპრენორფინს შეიცავს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით]“ – აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ონლაინსესხების შესაძლო აკრძალვაზე

პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა ონლაინსესხების შესაძლო გაუქმებაზე მთავრობამ განმარტა და დააზუსტა, რომ ონლაინსესხები ეროვნული ბანკის რეგულაციებს დაექვემდებარება და მისი აკრძალვა არ იგეგმება. რას შეცვლის ეს გადაწყვეტილება ონლაინსესხებზე მომუშავე საფინანსო ორგანიზაციებისა და მომხმარებლისთვის? – თემაზე „ბათუმელებს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსი ზურა კუკულაძე ესაუბრა.

ბატონო ზურა, მთავრობის გადაწყვეტილებას ონლაინსესხების თაობაზე, უმეტესობა იწონებს, ბევრი კი ამბობს, რომ ეს იყო მარტივი გზა მცირე სესხის მისაღებად და მისი რეგულაციაში მოქცევა პროცედურას გაართულებს. თქვენი აზრით, არის ეს კარგი ინიციატივა?

-ნებისმიერი საფინანსო პროდუქტი, ეს იქნება ონლაინ თუ სხვა ტიპის სესხები, უნდა ექცეოდეს ეროვნული ბანკის რეგულაციის ქვეშ. ცენტრალურმა საფინანსო ინსტიტუციამ უნდა აკონტროლოს ეკონომიკაში ფულის მიმოქცევა, რომ ეკონომიკის მოთხოვნებიდან გამომდინარე გასცეს გარკვეული რეკომენდაციები ან დაადგინოს სტანდარტები. ეს სტანდარტები დროთა განმავლობაში იცვლება იმის მიხედვით, თუ რა პრიორიტეტები ექნება ეკონომიკას. ონლაინსესხების გამცემი კომპანიები რეალურად არიან საფინანსო ბაზრის მონაწილეები, ამიტომ მათი რეგულაციის ქვეშ მოქცევა აუცილებელია.

გარდა ამისა, ონლაინსესხების გამცემთა მიმართ საზოგადოებაში არსებობს გარკვეული პრეტენზიები და ამ პრეტენზიებს, პირველ რიგში, უნდა უპასუხოს რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუციამ,  რომელიც ამ სექტორს დაარეგულირებს. დღეს ონლაინსესხების საქმიანობის ანალიზს არავინ აკეთებს. ეს ორი ძირითადი მომენტია,  რის საფუძველზეც ვითხოვთ რეგულაციების დაწესებას. მთავარია, დაცული იყოს  მომხმარებელთა უფლებები.

კიდევ უნდა დადგინდეს ისეთი წესები, რომელთა შემდეგ მომხმარებელთა სამართლიანი თუ უსამართლო პრეტენზიები არ იარსებებს. დღევანდელი მოდელით თვითონ ონლაინსესხების გამცემი კომპანიებიც ზარალდებიან – სექტორში არის უსამართლო კონკურენცია. იმას ვგულისხმობ, რომ არის კომპანიების კატეგორია, რომლებიც შედარებით სწორად მუშაობენ, არის მეორე კატეგორია, რომლებიც არასწორად მუშაობენ. ეს ყველაფერი არის რეგულაციების ქვეშ მოსაქცევი.

რეგულაციები ხომ არ გაართულებს, მაგალითად, სესხის აღებას, მოქალაქეს იმავე ბიუროკრატიული პროცედურის გავლა ხომ არ მოუწევს, რაც ბანკებშია?

– ფული, რომელსაც გასცემს ესა თუ ის საფინანსო ინსტიტუცია, არის ამ ორგანიზაციის. შესაბამისად, პრეტენზიის გამოთქმა, რომ ჩვენ ვწვალობთ სესხების აღებისას, არ არის სწორი. საფინანსო ინსტიტუცია გასცემს საკუთარი შეხედულებისამებრ და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სტანდარტებით სასესხო პროდუქტს. შესაბამისად, პრეტენზია, რომ მოქალაქეს გარკვეული საბუთების შევსება უხდება და ასე შემდეგ, ჩემი აზრით, არ არის სწორი.

საფინანსო პროდუქტი არის სპეციფიკური პროდუქტი, საფინანსო ინსტიტუციები სწავლობენ რამდენად გვაქვს ჩვენ სესხის ვალდებულებების მომსახურებების საშუალება. აქედან გამომდინარე არსებობს სტანდარტები. შესაბამისად, თუ რეგულაციაში მოექცევა ესა თუ ის საფინანსო ინსტიტუცია, მე პრობლემას ვერ ვხედავ – სასესხო პროდუქტი უნდა გაიცეს გარკვეული სტანდარტების მიხედვით. თუ ეს სტანდარტი გულისხმობს დამატებით რაიმე პროცედურას, არ არის ტრაგედია.

დღეს მოქალაქეთა ერთი ნაწილი აპროტესტებს იმას, რომ ეს არის ერთგვარი მახე, ანუ ძალიან მარტივად მიიღეს კრედიტები, არადა, მათ ამ კრედიტის მომსახურების  რეალური საშუალება არ ჰქონდათ და ახლა ამას აპროტესტებენ. ასეთი კითხვები რომ აღარ დაისვას და სისტემა გახდეს უფრო ჯანსაღი, ვითხოვთ რეგულაციებს. რეგულაციები არის ძალიან სასარგებლო, პირველ რიგში, მსესხებლებისთვის. ზოგადად, რთულია მორალური სტანდარტების შემოტანა, რომ თუ ვინმეს ფული სჭირდება უნდა მისცე აუცილებლად; ფული უნდა მისცე იმას, ვისაც მისი დაბრუნება შეუძლია.

მთავრობამ თავისი გადაწყვეტილება საზოგადოების დაკვეთით ახსნა…

– საზოგადოებას ცოტა არასწორი დამოკიდებულება აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით და ასევე მგონია, რომ საზოგადოების დაკვეთა არის არასწორი ტერმინი… მაგალითად, მე ამ საკითხზე ვმუშაობ დაახლოებით ორი წელია. როდესაც გავრცელდა ეს ინფორმაცია, 80-მდე ზარი და შეტყობინება შემოვიდა ჩემს ტელეფონზე, მეკითხებოდნენ აღარ გვაქვს გადახდის ვალდებულებაო? ადამიანებმა, რომლებმაც აიღეს სასესხო პროდუქტი, უნდა გადაიხადონ. მე, პირადად, აქტიურად ვაპროტესტებდი საჯარიმო და საურავების სახით პროცენტზე დაკისრებულ თანხას, რაც, ჩემი აზრით, იყო ეკონომიკურ ლოგიკას მოკლებული და არაადეკვატურად მაღალი. ამას დღესაც ვაპროტესტებ, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ არ დაზარალდეს როგორც მყიდველი, ანუ მომხმარებელი, ასევე გამყიდველი _ მან გასცა ფული და ის აუცილებლად უნდა დავუბრუნოთ.

ის საფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც ეროვნული ბანკის რეგულაციებს ექვემდებარებიან, ასე იქცევიან?

– საბანკო სისტემასთან მსგავსი პრეტენზიები არსებობდა დაახლოებით იმ პერიოდში, როდესაც ბანკებმა დაიწყეს მცირე კრედიტებზე მუშაობა. საზოგადოებას ალბათ ახსოვს, როდესაც ლამის ნებისმიერი თავშეყრის ადგილას გვთავაზობდნენ სხვადასხვა ტიპის საკრედიტო ბარათს. ეს პერიოდი გადავლილია, – დღეს ასეთი ტიპის პროდუქტს მოქალაქეებს იმიტომ აღარ სთავაზობენ, რომ ბანკებმაც დაინახეს, ასეთი უპასუხისმგებლო სამომხმარებლო დაკრედიტება არასწორია, ხოლო ამ სესხების დიდი ნაწილი პერსპექტივაში პრობლემურია. ეს იყო ძირითადი მიზეზი, რის გამოც ბანკებმა უარი თქვეს ამაზე.

თქვენ თქვით, რომ ორი წელი იმუშავეთ ამ საკითხზე. როგორია თქვენი საკანონმდებლო ინიციატივა?

– ჩვენი პაკეტი გულისხმობდა სამ ძირითად მიმართულებას, პირველი, სესხების გაცემის პროცესი ყოფილიყო გამჭვირვალე. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელმა იცოდეს პირობები, რაზეც იღებს ვალდებულებას. გვაქვს დარღვევები, როდესაც საკრედიტო ორგანიზაცია საპროცენტო განაკვეთს ითვლის თვიურ ჭრილში, ეს არასწორია.

მეორე და მთავარი საკითხი არის უკვე დაკისრებული ჯარიმის ამოღება. ვფიქრობდით, რომ ეს საურავები არის არაადეკვატურად მაღალი და შესამცირებელია.

მესამე, ყველაზე მთავარი საკითხი არის პრობლემური სესხების ამოღების პროცესი. მაგრამ ეს აღარ არის ონლაინსასესხო კომპანიების პრობლემა, ეს უკვე ამომღები კომპანიების პრობლემაა, რომლებიც არამხოლოდ ონლაინკრედიტებთან თანამშრომლობენ, არამედ ბანკებთან და სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთანაც. აქედან გამომდინარე მე ვაყენებ პირობას, რომ პრობლემური კრედიტების ამოღების პროცესი იყოს კანონიერი. ხშირად პრობლემურ კრედიტების იღებენ კანონდარღვევით. გვინდა, რომ მთავრობამ  ეს საკითხიც გაითვალისწინოს.

P.S. ინტერვიუ „ბათუმელებში“ მიმდინარე წლის 5 დეკემბერს გამოქვეყნდა.

კურორტ „გოდერძიზე“ სეზონი გაიხსნა

დღეს, 10 დეკემბერს გოდერძის სათხილამურო კურორტის ზამთრის სეზონი გაიხსნა. კურორტზე ორი სახის საბაგირო გონდოლაა. ტრასების საერთო სიგრძე რვა კილომეტრია. საბაგიროს მაქსიმალური სიმაღლე კი ზღვის დონიდან 2366 მეტრია.

მთავრობის ინფორმაციით აჭარის მთავრობისა და საერთაშორისო კომპანიის ერთობლივი მუშაობის შედეგად კურორტის განაშენიანების რეგულირების გეგმის ძირითად ნაწილზე მუშაობა უკვე დასრულებულია. კურორტის სამომავლო განვითარება ამ დოკუმენტის მიხედვით განხორციელდება.

კურორტზე შვიდი საცხოვრებელი სასტუმროს ტიპის კოტეჯი, ერთი სასტუმრო და ადმინისტრაციული შენობაა განთავსებული. საბოლოო გეგმის მიხედვით კურორტმა 7 ათასი დამსვენებლის ერთდროულად მიღება უნდა შეძლოს.

სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძიზე“ ორი მაღალი დონის სასტუმროს მშენებლობას უკვე ჩაეყარა საფუძველი. 100 ნომრიანი „ალიანს რეზორტი“ 3 120 კვ.მ ტერიტორიაზე შენდება და ერთდროულად 250-მდე დამსვენებლის მიღებას შეძლებს.

მთავრობის ინფორმაციით სასტუმროს ოპერირებას საერთაშორისო ბრენდი განახორციელებს. პროექტში 100 ადგილობრივი დასაქმდა. კომპლექსში საცურაო აუზი, ტენისის კორტები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ბარი, რესტორანი, გამაჯანსაღებელი კომპლექსი, კაზინო, საკონფერენციო დარბაზი, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი მოეწყობა.

კურორტ „გოდერძიზე“ კიდევ ერთი 150 ნომრიანი სასტუმრო „ეიფორია სქაი თაუერის“ მშენებლობა დაიწყო,რომლის ოპერირებას ასევე, საერთაშორისო ბრენდი განახორციელებს. პროექტით 15 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და ჯამში 100 ადგილობრივი დასაქმდება. სასტუმროში რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, გამაჯანსაღებელი ცენტრი, საცურაო აუზი და სხვა ობიექტები განთავსდება. ტერიტორიაზე 40 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.

დღეს გახსნის ცერმონიალის ფარგლებში კურორტზე სპეციალური განათებები და დეკორაციები მოეწო და მოთხილამურეთა საჩვენებელი სრიალი გაიმართა.

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების გავითარების კომპანიის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილი ესწრებიან.

15397600_1622660354426757_1736809123_o15388564_1622645061094953_466902654_o
15409505_1406335829401351_1884929458_o

კურორტი გოდერძი გაიხსნა
კურორტი გოდერძი გაიხსნა

15399074_1622660294426763_1079812637_o

აჭარის ზოგიერთ სოფელთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია

აჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვს. ხოლოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით სოფლებში ამ დროისთვის შიდა გზები გაწმენდილია, თუმცა მისივე ვარაუდით თუ არ გამოიდარებს საღამოს საათებში გზები ისევ გასაწმენდი იქნება. ელეტროენერიის მიწოდება ხულოს სოფლებში ამ დროისთვის აღდგენილია.

შუახევში რამდენიმე სოფელს ელეტროენერგია არ მიეწოდება, გამგებლის ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ათამდე სოფელში კი ჯერ კიდევ არ არის გაწმენილი სამანქანო გზები: „ ჩვენ გვაქვს სატელეფონო კოტრაქტი თემის რწმუნებულებთან და ამ სოფლებში ავადმყოფი ან ვისმე ვისაც სასწრაფოდ გადაყვანა დასჭიდებოდა არ გვყავს. თუ საჭიროება იქნება ამისთვის ტექნიკა მობილიზებულია“- ამბობს ტარიელ ებრაიძე „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში.

ქედაში და ხელვაჩაურში უამინდობას პრობლემები არ შეუქმნია.

15423770_1194903343938703_830754809_n

ფოტო: ეკა ბარამიძე
ფოტო: ეკა ბარამიძე

სან დიეგოს უნივერსიტეტის პროფესორები ბათუმში სკოლების დირექტორებს შეხვდებიან

დღეს, 10 დეკემბერს, 16:00 საათზე, ბათუმში სასტუმრო შერატონში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) დეკანი, ვიცე დეკანი და პროფესორები აჭარის რეგიონის სკოლების დირექტორებს შეხვდებიან და უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.

შეხვედრის ფარგლებში (SDSU) საქართველოს წარმომადგენლები აჭარის რეგიონის სკოლების დირექტორებს ყველა იმ შესაძლებლობას გააცნობენ, რაც მათი სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში არსებობს. ამერიკელი მეცნიერების ბათუმში ვიზიტის მიზანია საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო (STEM – Science,Technology, Engineering, Math) დარგებით დაინტერესებულ მე-12 კლასელებს გააცნონ ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, მათემატიკის და ინჟინერიის სფეროს უახლესი აღმოჩენები და მიღწევები, აშშ-ისუმაღლესი განათლების სისტემა, საერთაშორისო აკრედიტაციის მნიშვნელობა და სხვა საინტერესო თემები.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები 11 დეკემბერს ბათუმში ასევე გამართავენ STEM აკადემიას – ერთდღიან სემინარს, სადაც ლექციებს წაუკითხავენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარების მსურველ აბიტურიენტებს, დაახლოებით 100 მეთორმეტე კლასელს მთელი აჭარიდან. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში, საქართველოში 2015 წლიდან ახორციელებს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ACS, WASC) საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში.

კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას. პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.

„ადამიანის უფლებების დაცვა თვითდინებაზეა მიშვებული“

10 დეკემბერი ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. ხელისუფლება ამბობს, რომ უფლებების დაცვა მისთვის პრიორიტეტია. რა ჩანს საქმით – დარღვეულ უფლებებზე რეაგირებით ან კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანით? რამდენად იქმნება ადამიანის უფლების დაცვის მექანიზმები ქვეყანაში – „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტს, არჩილ ჩოფიკაშვილს ესაუბრა.

ბატონო არჩილ, თქვენი შეფასებით, რა იყო ყველაზე პრობლემური საკითხი მიმდინარე წელს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით?

– იყო იგივე საკითხები, რაც გამოგვყვა წინა წლებიდან. ყველაზე დიდი პრობლემა, ალბათ მაინც, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და აუდიოჩანაწერების გავრცელება იყო. დანაშაული შესაძლოა ყველგან მოხდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რა რეაგირება მოჰყვება მას. ამ შემთხვევაში, რაიმე ხელშესახები შედეგი არ დამდგარა და პროკურატურამ ბოლო განცხადებებით აღიარა, რომ  უცხო ქვეყნებთან თანამშრომლობის გარეშე, ფაქტობრივად, ვერაფერს გამოიძიებენ. პრობლემა იყო, მაგალითად, ისეთი ფუნდამენტური უფლების დაცვა, როგორიც არის საკუთრების უფლება. რაც ამ კუთხით შეიცვალა, არის ის, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოების შემთხვევაში პროკურატურას შეუძლია ხელახლა მიმართოს სასამართლოს და შეიცვალოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული. ახლახან `კონსტიტუციის 42-ე მუხლმა~ მიიღო საქმე, სადაც მთავარი პრობლემა არის ისევ ეფექტური გამოძიება: ქუჩაში დამონტაჟებულ სათვალთვალო ვიდეოკამერებს უნდა დაეფიქსირებინა ფაქტი, რაზეც აცხადებდა მოქალაქე პრეტენზიას, მაგრამ მივიღეთ პასუხი, რომ ამ საათებში ეს ვიდეოკამერები იყო გამორთული. მსგავსი ფაქტები აჩენს დიდ ეჭვს, რომ გარვეულ არაკეთილსინდისიერებასთან გვაქვს საქმე.

სამართალდამცველები მაინც აკავებენ და პოლიციის განყოფილებაში 12 საათს აჩერებენ მოქალაქეს ნარკოტესტირებისთვის იმის მიუხედავად, რომ დაკავებული წინააღმდეგია ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე. რა განაპირობებს ამ პრაქტიკის უცვლელობას?

– ეს მანკიერი პრაქტიკაა ადამიანის უფლებების წინააღმდეგ. სახელმწიფომ ვერანაირი აქტიური რეგულირება ვერ შეიმუშავა ამ კუთხით. ჩემი აზრით, პრობლემაა თავად ხელისუფლების მხრიდან ამ პრობლემის აღქმა, მაგალითად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მარიხუანასთან დაკავშირებით, მაგრამ შემდეგ კანონმდებლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ასახულა. როცა ვსაუბრობთ ადამიანის უფლებებზე, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მართლმსაჯულების პრობლემა ისევ არსებობს საქართველოში. თუ მართლმსაჯულება არ იქნება მოწოდების სიმაღლეზე და სამართლიანი სასამართლოს უფლებით ვერ იქნება უზრუნველყოფილი თითოეული მოქალაქე, სხვა დარღვევებისთვის ყოველთვის იქნება გახსნილი სივრცე.

რამდენად ქმნის ხელისუფლება უფლებების დაცვაზე ორიენტირებულ მექანიზმებს?

– ცვლილებები, რაც შევიდა კანონმდებლობაში, განხორციელდა ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესასრულებლად. ამის შემდეგ, ფაქტობრივად, მნიშვნელოვანი და საჭირო ცვლილებები კანონმდებლობაში არ შესულა. მაგალითად, პრობლემაა დღემდე სისხლის სამართალში შეჯიბრებითობის და მხარეთა თანასწორობის პრინციპების დაცვა. პრობლემაა სასამართლოს ხელისუფლების ფორმირების წესი. ადამიანის უფლებების დაცვა უფრო თვითდინებაზეა…  მაგალითად, ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა არც კი აღსრულდეს იმის გამო, რომ კონკრეტული უფლებამოსილება არც ერთ ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს გადაწყვეტილების აღსრულებაზე. პასუხისმგებლობა ეკისრება, ზოგადად, მთავრობას და მისი კეთილი ნებაა, შეასრულებს მას თუ არა. ჯერჯერობით არც ამ მიმართულებით მუშაობენ.

უკვე დაიწყო საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა. რეფორმა მიდის საკონსტიტუციო სასამართლოშიც. გაქვთ განცდა, რომ ეს პროცესი მიმართულია სასამართლო სისტემის მეტი დამოუკიდებლობისთვის?

– უვადოდ დანიშნული მოსამართლის გათავისუფლება ისევ შეიძლება, როგორც ეს აქამდე იყო შესაძლებელი. შესაბამისად, არსებითად არაფერი შეცვლილა. პირიქით, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა აღიზიანებს ადამიანებს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან ის მოქალაქეები, რომლებიც ხედავენ, რომ მოსამართლეები და პროკურორები, რომლებიც სათავეში ედგნენ მათი უფლებების დარღვევას, დღეს არიან იმავე თანამდებობებზე, ან დაწინაურდნენ. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, იქ ხელისუფლებამ წელს შეცვალა გადაწყვეტილების მიღების წესი. აქამდე მხოლოდ ხმათა უბრალო უმრავლესობა იყო საკმარისი. შესაბამისად, უფრო რთული გახდა საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელისთვის საქმის წარმატებით დასრულება. ჩვენ ვთვლით, რომ ეს გაზრდილი ბარიერები კარგს არაფერს გამოიწვევს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ეს არის  ნაბიჯი უკან.

რატომ ვერ შეიქმნა დღემდე დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც სამართალდამცველების სავარაუდო დანაშაულის ფაქტებს გამოიძიებს? ბათუმელებისარქივიდან რამდენიმე შემთხვევა მინდა გავიხსენო: პოლიციელი მანქანით დაეჯახა ქალს, რომელიც გარდაიცვალა. ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილებაში ნეკნი ჩაუმტვრიეს მოქალაქე ირაკლი ქაჯაის. ამ და სხვა მსგავსი შემთხვევების გამოძიება პოლიციელების წინააღმდეგ დღემდე არ დასრულებულა.

– სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე რომ არ ხდება სათანადო რეაგირება, ეს აღარ არის ახალი. საგამოძიებო ორგანო, რომელიც მხოლოდ პარლამენტთან იქნება ანგარიშვალდებული, პარლამენტმა უნდა შექმნას. ამის ნება აქამდე ვერ გაჩნდა. მეცხრე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა უკვე დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით ეს საკითხი არ გააქტიურებულა.

როცა სისტემაში მუშაობენ პოლიციელები, რომელთა მიმართ არაერთი დასაბუთებული პრეტენზია ყოფილა წარსულშიც, ბუნებრივია, ეს საზოგადოებაში აჩენს უსამართლობისა და ნიჰილიზმის გრძნობას.

წლის დასაწყისში მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც მოწმის იძულებით დაკითხვა საგამოძიებო ორგანოს მხოლოდ მოსამართლის დასწრების შემთხვევაში აქვს. მხოლოდ რამდენიმე მოქალაქემ ისარგებლა ამ უფლებით. რატომ ვერ მუშაობს ეს წესი?

– თავიდანვე მქონდა მოლოდინი, რომ ეს წესი ვერ იმუშავებდა. ეს არ იყო ეფექტური გადაწყვეტილება, რადგან მოწმისგან ჩვენების მიცემის ვალდებულება არსად გამქრალა. მოწმეს ურჩევნია, მივიდეს გამომძიებელთან და მისცეს ჩვენება, ვიდრე ხელახლა დაიბარონ და მოსამართლის თანდასწრებით დაკითხონ. მთავარი ფაქტორი აქ არის ფსიქოლოგიური ზეწოლა. როგორც მოწმედ დაკითხული პირები ყვებიან, როცა ისინი უარს ამბობენ ნებაყოფლობით ჩვენების მიცემაზე, პროკურატურაში ეუბნებიან, რომ ახლა თუ არ მომცემ ჩვენებას, ესე იგი, რაღაც გაქვს დასამალი და შეიძლება შენც ბრალდებული გახდეო.

ანტიდისკრიმინაციული კანონიროგორ მუშაობს თქვენი მონაცემებით? მაგალითად, ქობულეთის პანსიონის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაადგინა დისკრიმინაციის ფაქტი, თუმცა სასამართლოს დარბაზშივე დისკრიმინაციაში მხილებულმა პირებმა თქვეს, რომ მუსლიმ თემს პანსიონის გახსნის უფლებას არ მისცემდნენ. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ სასამართლოს ამ გადაწყვეტილების აღსრულება?

– პრაქტიკამ აჩვენა, რომ მხოლოდ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა არაფერს ცვლის. დადგინდა, მერე რა? ხშირად ჩვენთვისაც დაუსვამთ ეს შეკითხვა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს. კანონი ითვალისწინებს კომპენსაციის მოთხოვნასაც, მაგრამ ეს უფლება აქამდეც ჰქონდა ნებისმიერ მოქალაქეს. „ანტიდისკრიმინაციული კანონის~ მიღება დადებითი მოვლენა იყო, მაგრამ ის უნდა დაიხვეწოს იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც გვაქვს. დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა თავისთავად უნდა იწვევდეს შედეგს და შესაბამის პასუხისმგებლობას. ჩვენ რამდენიმე საქმე გვქონდა, რომელიც ასევე დააკმაყოფილა სასამართლომ. ეს შეეხებოდა დისკრიმინაციას სამუშაო ადგილებზე, ასევე პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას.

ციხეებში რა მდგომარეობაა? ბათუმელებმა“  წლის განმავლობაში არაერთი პატიმრის წერილი მიიღო სხვადასხვა დარღვევაზე. ბოლოს ერთ-ერთი პატიმრის შესახებ ვწერდით, რომელსაც გაშიშვლებას და ბუქნების გაკეთებას აიძულებდნენ.

– უფლებების დაცვის კუთხით ციხეში ისევ ბევრი პრობლემა არსებობს, თუმცა ყველაფერი შეფარდებითია და თუ ჩვენ შევადარებთ 2012 წლამდე არსებულ ვითარებას, რაზეა საუბარია… ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა შეიქმნას ალტერნატიული მონიტორინგის შესაძლებლობა, სახალხო დამცველთან არსებული მონიტორინგის სისტემის პარალელურად. ამ მონიტორებს აუცილებლად უნდა შეეძლოთ შეზღუდვის გარეშე განახორციელონ აუდიო და ვიდეოჩაწერა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ეს რადიკალურად შეცვლის ვითარებას, რადგან არსებული დარღვევები სათანადოდ დაფიქსირდება და შეფასდება.  ციხესთან დაკავშირებული პრობლემები ძირითადად გამოწვეულია საკანონმდებლო რეგულაციების არარსებობით. კანონის დონეზე უნდა იყოს დაცული ადამიანის უფლებები, მათ შორის ციხეში.

როგორ აპირებს უმაღლესი საბჭო იმიჯის შეცვლას – ინტერვიუ დავით გაბაიძესთან

შეძლებს თუ არა ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭო ამ საკანონმდებლო ორგანოს იმიჯის გამოსწორებას და ისეთი კანონპროექტების მომზადებას, რომლებსაც შემდეგ საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს. რამდენად პრინციპული იქნება დავით გაბაიძე ყოფილი უფროსის – ზურაბ პატარაძისა და მისი მთავრობის მიმართ კონტროლის განხორციელებისას? „ბათუმელების~ კითხვებს ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ უპასუხა.

ბატონო დავით, წინა და მანამდელი მოწვევის უმაღლეს საბჭოს აფასებენ როგორც ყველაზე არაეფექტურ ორგანოს აჭარაში, მის გაუქმებასაც კი ითხოვდნენ. როგორ  შეძლებს ახალი უმაღლესი საბჭო ამ მოსაზრებების გაქარწყლებას?

– უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი დეპუტაცია, როგორც ოპოზიციიდან, ასევე მმართველი პარტიიდან, იძლევა იმის საფუძველს, რომ იმედის თვალით შევხედოთ მომავალ ოთხ წელს. განსაკუთრებით ჩვენს ძალაშია წარმოდგენილი პროფესიონალური გუნდი. ეს ხალხი წლების განმავლობაში მუშაობდა აღმასრულებელ ხელისუფლებაში და როგორც წესი, კანონის აღსრულების პროცესში უკეთ ჩანს ის ხარვეზები, რაც, თავის დროზე, საკანონმდებლო საქმიანობის პროცესში იქნა დაშვებული. ვფიქრობ, ჩვენ გვექნება ბევრი ინიციატივა, რომლებიც, პირველ რიგში, ამ ხარვეზებს შეავსებს. ეს სამომავლო გეგმებია და დეტალურად რომელი საკანონმდებლო ინიციატივა იქნება, არ შემიძლია გითხრათ.

რამდენიმე რომ დაგვისახელოთ?

– ერთი, რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ქონების შესახებ კანონი საჭიროებს დახვეწას და არა მხოლოდ ცვლილებებზე, არამედ ახალი კანონის მიღებაზეც შესაძლებელია ვიფიქროთ.

სპორტთან და კულტურასთან დაკავშირებით ლადო მგალობლიშვილს აქვს მოსაზრებები. ვფიქრობ, ეს მოსაზრებები იქცევა საკანონმდებლო ინიციატივად. შესაცვლელია ასევე უმაღლესი საარჩევნო კომისიის ფორმირებასთან დაკავშირებული ნორმები. ზოგადად ვფიქრობთ უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ ახალი კანონის მიღებაზე ან იმავე კანონში ძირეული ცვლილების შეტანაზე. მაგრამ ეს უფრო შემდეგში განსახორციელებელი საკითხია, მასში მონაწილეობა უნდა მიიღოს  საზოგადოებამ, არასამთავრობო სექტორმა… სანამ ინიციატივას მოვამზადებთ, მანამდე კარგად უნდა დავფიქრდეთ, საით მივდივართ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევის შესახებაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში, ასევე აჭარის არ კონსტიტუციასა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში არსებული რამდენიმე ჩანაწერი არაერთხელ გახდა განსჯის საგანი. მთავრობა ამბობდა, რომ რიგი ჩანაწერებისა ბუნდოვანია, ერთ-ერთი ასეთი იყო, მაგალითად, უსკოს თავმჯდომარის არჩევის წესი.

– ზუსტად მაგას ვგულისხმობ. კანონის აღსრულების პროცესში გამოჩნდა  ხარვეზები და  სწორედ ამ ხარვეზების შევსებით დავიწყებთ. არის რეგულაციები, რომლებიც მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციით ვერ მოწესრიგდება, ჩვენ არ ვართ უფლებამოსილი რიგი საკითხები იერარქიულად, ქვემდგომი კანონების დონეზე მოვაწესრიგოთ, თუკი ჩარჩო დოკუმენტები, როგორიც არის კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  სტატუსის შესახებ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია არ მოგვცემს ამის საშუალებას. ვფიქრობ, საქართველოს პარლამენტთან ერთობლივი მუშაობა მოგვიწევს, ჩვენ გვქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა, როცა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატურაზე იყო საუბარი და მაშინ ჩვენ მისგან მივიღეთ დაპირება, რომ უმაღლესი საბჭო ჩართული იქნება პარლამენტთან ერთობლივ თანამშრომლობაში. პარლამენტი დაგვეხმარება იმ საკითხების გასწორებაში, რომლებიც ხარვეზის სახით არსებობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასთან მიმართებაში. ვინაიდან ჩვენ ვაპირებთ პარლამენტთან ჯანსაღ ურთიერთობას, ვიმედოვნებ, უმაღლესი საბჭოს საქმიანობაც უფრო ეფექტური უნდა იყოს.

იურისტები ამბობენ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კომისია უმაღლესი საბჭოს კომპეტენციას სცდება და ამ მხვრივ რესურსი არამიზნობრივად იხარჯება.

– თავის დროზე, შესაძლებელია, ბევრი მსჯელობის გარეშე შეიქმნა ეს კომისია და ახლა არ მინდა ნაჩქარევად, ამ მსჯელობის გარეშე გაუქმდეს. მირჩევნია ცოტა უფრო ღრმად ჩავიხედოთ არა მხოლოდ მე, ზოგადად, უმაღლესი საბჭოს თითოეულმა წევრმა და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება. ის, რომ ამ კომისიას ადამიანის უფლებების სფეროში კომპეტენცია არ აქვს, არ ნიშნავს, რომ უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოში არ შეიძლება იყოს ასეთი კომისია. ეს უფლებების დაცვის კომისიაა და აუცილებელი არ არის კანონშემოქმედებითი ფუნქციები ჰქონდეს მას.

უმაღლეს საბჭოს გარდა საკანონმდებლო საქმიანობისა, მთავრობის კონტროლის ფუნქციაც აქვს, შესაბამისი პოლიტიკის გატარებაშიც შესაძლოა იყოს ამ კომისიის როლი. რომ შევაჯამო, ასე ხელაღებით ვერ ვიტყვი, რომ ეს კომისია ზედმეტი დანამატია უმაღლესი საბჭოსთვის და უნდა გაუქმდეს. მირჩევნია ეს საკითხი გახდეს მსჯელობის საგანი, თუნდაც იმ კრიტიკოსებთან ერთად, ვინც ეჭვის თვალით უყურებს მას.

რამდენიმე იურისტი ირწმუნება, რომ ეს კომისია ვერაფერს შექმნის ღირებულს და არამიზნობრივად რესურსი არ უნდა იხარჯებოდეს.

– სად გადის ღირებულის, ნახევრადღირებულის და არაღირებულის ზღვარი. რაღაცას ხომ აკეთებს? – რაც კეთდება კომისიის მიერ არის თუ არა ღირებული, უნდა იხარჯებოდეს თუ არა ამდენი, სხვა თემაა. ვერ გეტყვით რამდენი  იხარჯება ამ კომისიაზე,  არ მგონია კოლოსალური თანხა იყოს. ერთადერთი შეიძლება იყოს კომისიის თავმჯდომარის დანამატი, რომელიც კომისიის თავმჯდომარეს ემატება – გარდა ამისა, სამი თუ ოთხი თანამშრომელი ჰყავს სულ ამ კომისიას, დანარჩენი დეპუტატები ისედაც სხვა კომისიის წევრები არიან და დამატებით გასამრჯელოს არ იღებენ.

ბევრ რამეზე ვამბობ, რომ მომავალში მექნება პასუხი, მაგრამ უნდა გამიგოს საზოგადოებამ, რომ სულ მესამე დღეა, რაც ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება ცნეს და ჯერ მხოლოდ სტრუქტურულად ვლაგდებით. რაღაცებზე უაპელაციოდ „კის~ და „არას~ თქმა არა მგონია სწორი იყოს, მით უმეტეს პოლიტიკოსისგან.

ამომრჩევლებს ალბათ უფრო ის შესაძლო ცვლილებები აინტერესებთ, რაც მათ ცხოვრებაზე, მათ სოციალურ ყოფაზე დადებითად აისახება…

– უფლებამოსილების ცნობიდან პირველივე თვე საკმაოდ დატვირთულია და ვერ ვიტყვი, რომ ამომრჩეველი სარგებელს ვერ ნახულობს. მნიშვნელოვანი საკითხები გადის ხომ? _ ჯერ იყო უფლებამოსილების ცნობა, შიდა სტრუქტურის ჩამოყალიბება, მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა იქნა წარმოდგენილი  და უნდა განვიხილოთ, შემდგომ მთავრობის ფორმირება, ბიუჯეტის შენიშვნები  და დამტკიცება გველოდება და ა.შ. ამას დასჭირდება მთელი დეკემბრის თვე და დანარჩენზე, მოდით დაველოდოთ ახალ სესიას.

მთავრობის კონტროლზეც მინდა გკითხოთ, დაპირისპირება და კამათი უმაღლეს საბჟოსა და მთავრობას შორის უფრო პიროვნულ საკითხებს შეეხებოდა და ურთიერთბრალდებებით შემოიფარგლებოდა…

– აგაშენებთ ღმერთი! ვინც ესწრებოდა პირველ სხდომას ან უყურებდა, იქ აღვნიშნე, რომ მთავრობის კონტროლი უნდა იყოს ეფექტიანი, შინაარსიანი, კვალიფიციური და ადეკვატური. არ შეიძლება ყველაფერზე ვაკრიტიკოთ მთავრობა, მას უნდა ჰქონდეს  ნორმალური სამუშაო პირობები, _ შავზე შავი უნდა ვთქვათ, თეთრზე-თეთრი, ეს არის მთავარი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველა აღმასრულებელი ხელისუფლებიდან მოვდივართ, პრინციპში, მიუხედავად იმისა რატომ? _ ძალიან კარგია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლებიდან მოვდივართ, ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით, სად შეიძლება უჭირდეს მთავრობას და რაში სჭირდება დახმარება.  კარგად ვიცით, სად შეიძლება ჰქონდეს ნაპოვნი მთავრობას გამოსავალი. ჩვენ ამ კონტროლს განვახორციელებთ, მაგრამ ეს კონტროლი იქნება ეფექტური და შინაარსიანი და არა თითიდან გამოწოვილ მიზეზებზე აგებული კრიტიკა. მე მზად ვარ ახლავე დავაფიქსირო, რომ  პრინციპული ვიქნებით და ეს პრინციპულობა არ გასცდება საქმიანობისა და ობიექტურობის ფარგლებს.

ის, რომ მთავრობის თავმჯდომარე თქვენი ყოფილი უფროსია, პრინციპულობაში ხელს არ შეგიშლით?

– პირიქით, სადაც ვყოფილვარ, ყველგან ვასრულებდი ჩემს ფუნქციას, თუნდაც მთავრობის იურიდიულ დეპარტამენტში ჩემი ფუნქცია იყო მთავრობისთვის გამეწია კვალიფიციური იურიდიული მომსახურება, რათა არ დაეშვა მთავრობას სამართლებრივი უსწორებები. შესაძლოა მქონდა  ნაკლოვანებები, მაგრამ ვერავინ მეტყვის, რომ ჩემი საქმიანობის პროცესში დავარღვიე კანონი. ბევრი იმას მსაყვედურობს, რომ ნაკლებად ვაკეთებდი საჯარო განცხადებებს მთავრობის წინააღმდეგ. მე ვიყავი მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი და ჩემი ერთადერთი ფუნქცია იყო მთავრობა უზრუნველმეყო კვალიფიციური იურიდიული მომსახურებით. ახლა ჩემი ფუნქციაა ეფექტური საკანონმდებლო საქმიანობა, მთავრობის საქმიანობის ეფექტური კონტროლი და პლუს ამას, როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, მაქვს კდევ ერთი ვალდებულება – უზრუნველვყო სიტყვის, აზრის, გამოხატვის თავისუფლება იმ ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც გვიწევს მუშაობა, უზრუნველვყო საკითხების საჯარო განხილვა და დეპუტატებთან ურთიერთობა. მე ამისთვის მზად ვარ და ვფიქრობ, გამომივა.

იმის გამო, რომ ვიღაცა აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობდა, არ ვიტყვით უარს მთავრობის კონტროლზე. პირიქით, მომავალი გვიჩვენებს, რომ ჩვენ მიერ განხორციელებული კონტროლი გაცილებით საქმიანი, შინაარსიანი და ეფექტური  იქნება იმასთან შედარებით, ვიდრე აქამდე გვქონდა.

უმაღლეს საბჭოს აკრიტიკებდნენ იმისთვისაც, რომ  დეპუტატები ლამის მხოლოდ საკუთარი კომფორტის შექმნაზე ზრუნავდნენ…

– რას გულისხმობთ?

ჯიპებს, მანქანებს, დანამატებს, მივლინებებს საზღვარგარეთ…

– რაც გვაქვს, მგონია საკმარისია. მაგრამ ვფიქრობ, სიძველის გამო ავტომანქანების რემონტზე გაცილებით მეტი იხარჯება, ვიდრე უნდა იხარჯებოდეს. ჩვენ ეფექტურად განვკარგავთ იმ სახსრებს, რაც გვექნება და ამაზე წინასწარ ნუ ვილაპარაკებთ… ვფიქრობთ, გაცილებით უფრო ხელმომჭირნედ ვხარჯოთ ის, რაც გვაქვს და როგორ გამოგვივა, მომავალი გვიჩვენებს. ბევრ რამეზე მიწევს ლაპარაკი, როცა არ ვარ ბევრ რამეში ჩახედული. არ მინდა დავარღვიო კოლეგიალობის პრინციპი ყოფილ დეპუტაციასთან მიმართებაში, ვერ გეტყვით განსაკუთრებულად ბევრს ხარჯავდნენ თუ ცოტას, შევისწავლი და საკმოდ პირდაპირი ვარ, არ დავმალავ. პიროვნული ურთიერთობები არ შემზღუდავს, რომ კრიტიკა გამოვხატო, თუკი საფუძველი არის. ცოტა გვაცალეთ მე და დანარჩენ ოც დეპუტატს, 2-3 თვე გვეკუთვნის იმისთვის, რომ რაღაც დავგეგმოთ და მერე უფრო ვრცელი ინტერვიუ ჩავწეროთ და უფრო შინაარსიანი.

უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა ხშირად მოქმედებდა მმართველი პარტიის ცენტრალური ოფისის მოთხოვნებით. თქვენგანაც რომ მოითხოვონ ის, რაც თქვენს პრინციპებს ეწინააღმდეგება…

– თქვენი აზრით, მაგაზე რა პასუხი მექნება, არ ვიქნები პრინციპული და შევასრულებ იმას, რა მითითებაც იქნება-მეთქი? – არ იქნება ასე, დამიჯერეთ. მე საჯარო სამსახურში არ დავბადებულვარ, არც სიკვდილს ვაპირებ. მე ვაპირებ ეს ოთხი წელი გავიარო ღირსეულად, ისე, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ საზოგადოებას ჩემი სახელისა და გვარის გაგონება არ ეზარებოდეს. ბუნებრივია, შესაძლებელია რეკომენდაციები თუ რაღაც პოზიციები პარტიისგანაც წამოვიდეს. ეს პოლიტიკური ორგანოა და  პარტიის კურსთან არის დაკავშირებული, მაგრამ ის დავალება, რომელიც კანონსაწინააღმდეგო შეიძლება იყოს, ბუნებრივია, არ შესრულდება; ასეთი დავალება ვერც წამოვა და არც წამოვა, დარწმუნებული ვარ.

P.S. ინტერვიუ „ბათუმელებში“ მიმდინარე წლის 5 დეკემბერს გამოქვეყნდა.

„ევექსის” შუახევის ჰოსპიტლის უფროსი დააკავეს

„ევექსის” შუახევის ჰოსპიტლის დირექტორი რომან ხიმშიაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დღეს, 9 დეკემბერს, დააკავა.

ინფორმაცია „ბათუმელებს” საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურმა დაუდასტურა.

რა ბრალით დააკავეს კლინიკის უფროსი – ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ჯერ არ ავრცელებს.

კლინიკა „ევექსის“ პრესსამსახურში გვითხრეს, რომ დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

ამავე თემაზე: 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 28 ნოემბერს ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, ჯემალ დუმბაძე დააკავა.

TDI-ი სამართლებრივი შეფასება მოხეს მოვლენებზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“  მოხეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლებას მიმართავს.

„2016 წლის 1 დეკემბერს,  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს  მიერ შექმნილმა „ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელმა კომისიამ“  დაადგინა, რომ მეჩეთი, რომლის დაბრუნებას მუსლიმი თემი სახელმწიფოსგან უკვე წლებია ითხოვს, სახელმწიფო საკუთრებაში უნდა დარჩეს და არ უნდა გადაეცეს არცერთ რელიგიურ გაერთიანებას.

ამავდროულად, ნაგებობას, რომლის დემონტაჟიც სახელმწიფომ ორი წლის წინ სცადა, კომისიის გადაწყვეტილებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უნდა მიენიჭოს და გადაეცეს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც კომისიას შენობის მოვლა-პატრონობის პროექტი უნდა წარუდგინოს.

კომისიამ  ადგილობრივ მუსლიმებს სოფლის ცენტრში ახალი მეჩეთისათვის მიწის გამოყოფაც შესთვაზა. თუმცა, მშენებლობის დაწყების დრო და კონკრეტული ადგილი არ განუსაზღვრავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოც 2 დეკემბრის ოფიციალურ განცხადებაში[1] უთითებს, რომ მუსლიმი თემისთვის შეთავაზებული იქნება რამდენიმე ადგილი ახალი მეჩეთის მშენებლობისათვის, რითაც მოიხსნება ლოცვის შეზღუდვის პრობლემა.

კომისია, რომელსაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ხელმძღვანელობს, თავისი გადაწყვეტილებით ადასტურებს, რომ არც სააგენტო და არც კომისია არ ითვალისწინებენ მუსლიმი თემის წინაშე არსებულ პრობლემებს და მათი კანონიერი მოთხოვნების საპირისპიროდ, უგულებელყოფენ იმ გარემოებას, რომ საკულტო ნაგებობის ისტორიული მემკვიდრისთვის დაბრუნება აუცილებელია არა მხოლოდ სალოცავი სივრცის ტექნიკური არსებობისათვის, არამედ კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის დაცვის უზრუნველსაყოფად.

2014 წელს შექმნილი კომისიისადმი მუსლიმები თავიდანვე უნდობლობას გამოხატავდნენ – მათი ვარაუდით, კომისია საკითხის გაჭიანურების მიზნით შეიქმნა და არ აპირებდა პრობლემის რეალურ მოგვარებას, რაც საბოლოოდ კომისიის გადაწყვეტილებაში აისახა. შექმნიდან ორი წლის შემდეგ, კომისიამ ყოველგვარი სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებების ჩატარებისა და შენობის კონფესიური წარმომავლობის შესწავლის გარეშე,  მუსლიმ თემს უარი განუცხადა ნაგებობის დაბრუნებაზე.

ამჟამად, მოხეში მუსლიმებს სალოცავი ნაგებობა არ აქვთ. 2016 წლის ოქტომბრიდან ისინი ლოცვას ღია ცის ქვეშ აღავლენენ და აღნიშნავენ რომ ეს, ამავდროულად, არის მათი პროტესტი, თვითგამოხატვის ფორმა და მშვიდობიანი ბრძოლა არა მხოლოდ სალოცავი სივრცისთვის, არამედ თანასწორუფლებიანობისა და სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისთვის.

როგორც კომისიის და მისი წევრების ოფიციალური განცხადებებიდან ირკვევა, „სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმათველოს“ ოთხი წევრი, რომლებიც  კომისიის შემადგენლობაში შედიან, იზიარებენ ახალი შეთავაზების შინაარსს და საწინააღმდეგო აზრს არ გამოთქვამენ გადაწყვეტილების სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით. თუმცა, TDI-სთან საუბარში მუსლიმები აღნიშნავენ, რომ მუსლიმთა სამმართველო არ გამოხატავს და არ იცავს საქართველო მუსლიმი მოქალაქეების ლეგიტიმურ ინტერესებს.

აღსანიშნავია, რომ კომისიის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება სარეკომენდაციო ხასიათისაა და არ აქვს სავალდებულო ძალა, რადგან კომისია არ არის ადმინისტრაციული ორგანო და ის რაიმე სახის საჯარო უფლებამოსილებას არ ახორციელებს. ამასთან, როგორც კომისია, ასევე თავად რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო არაკომპეტენტური ორგანოა, როგორც სახელმწიფო ქონების განკარგვის, ასევე რაიმე სახის ქონების ნებისმიერი პირისთვის გადაცემის სფეროში.

რაც შეეხება ნაგებობისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილებას, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის თვითნებური და დაუსაბუთებელი ნაბიჯი, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სახელმწიფოს მხრიდან ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების ზოგად პოლიტიკასა და მის პრინციპებს.

საქართველოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ განსაზღვრავს, თუ როგორ ხდება კულტურული მემკვიდრეობის აღრიცხვა, კლასიფიკაცია, მისთვის სტატუსის მინიჭება და მოხსნა. კანონის თანახმად, ობიექტისთვის კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭებისათვის, ხდება უძრავი ან მოძრავი ობიექტის  გამოვლენა,  სპეციალური სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შედეგად ობიექტის შესახებ მონაცემების დამუშავება, მისი კულტურული ან/და ისტორიული ღირებულების შეფასება და  შესაბამისი დასკვნის მომზადება ობიექტის კულტურული ღირებულების თაობაზე. სწორედ ამგვარი დასკვნის საფუძველზე, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი, ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით ობიექტს ანიჭებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, გაურკვეველია, კომისიამ, რომელსაც მოხეში მდებარე ნაგებობის კულტურული ღირებულების შესაფასებლად არ ჩაუტარებია არანაირი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაო, და ამისთვის აუცილებელი კომპეტენციაც არ გააჩნია, რის საფუძველზე განსაზღვრა  მისთვის კულტურული ძეგლის სტატუსი მინიჭების საკითხი.

მოხეს ნაგებობის საკითხი სისტემური პრობლემის ნაწილია, რომელიც რელიგიური უმცირესობებისთვის ქონების დაბრუნებას უკავშირდება და რელიგიური გაერთიანებების ერთ-ერთ მთავარ საჭიროებას წარმოადგენს. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ რელიგიური ორგანიზაციებისათვის ჩამორთმეული ქონების დაბრუნების პროცესი მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ განხორციელდა,  რაც თავის მხრივ, სახელმწიფოს დისკრიმინაციული პოლიტიკის ნაწილია.

დღევანდელი  საკანონმდებლო ბაზის პირობებში, რელიგიური უმცირესობებისთვის ჩამორთმეული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების დაბრუნება მთლიანად ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული“-ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობას მიმართავს:

საქართველოს მთავრობას:

ადეკვატურად და სამართლიანად შეაფასოს მუსლიმთა რელიგიური ნიშნით დევნის შემთხვევები, რელიგიის თავისუფლების უფლებათა შეზღუდვის ფაქტები და დაიცვას რელიგიური ნეიტრალობა;

დროულად, ეფექტურად და სამართლიანად უზრუნველყოს რელიგიური გაერთიანებებისთვის, საბჭოთა პერიოდში, არამართლზომიერად ჩამორთმეული ქონების დაბრუნება.

საქართველოს პარლამენტს:

დაიწყოს ინტენსიური მუშაობა რელიგიური გაერთიანებებისთვის არამართლზომიერად ჩამორთმეული ქონების მესაკუთრეთათვის დაბრუნების შესახებ ერთიანი სტანდარტის შესამუშავებლად.

 ადიგენის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას:

დაიცვას რელიგიური ნეიტრალობის პრინციპი და უზრუნველყოს ყველა მოქალაქისთვის რელიგიის თავისუფლების უფლებით სარგებლობა.

გარდა ამისა, ბოლო წლებში მუსლიმთა უფლებების სისტემატური დარღვევის ფაქტებზე, მივმართავთ,

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

იმოქმედოს კანონის ფარგლებში და მის შესაბამისად, დისკრიმინაციული მოპყრობის გარეშე;

შემდგომი სამართალდარღვევების აღკვეთის მიზნით, გაატაროს პრევენციული ღონისძიებები და დაიცვას კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპები.

 საქართველოს მთავარ პროკურატურას:

ეფექტურად გამოიძიოს სამთაწყაროში, ჭელასა და  მოხეში შსს-ის წარმომადგენლების მიერ მუსლიმებზე სავარაუდო ფიზიკური ძალადობის ფაქტები.

 

ქედაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ქედის მუნიციპალიტეტში გუშინ მოსული თოვლის შემდეგ გამოიდარა, თუმცა სასწავლო პროცესი კონტიგენტის გამოუცხადებლობის გამო შეწყდა მერისის საბავშვო ბაღში, ხოლო გათბობის სისტემის დაზიანების გამო დანდალოს #1 საჯარო სკოლაში. მუნიციპალიტეტის პრესცენტრის ცნობით, დღეს ქედაში ქედაში -4 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა.

ქედის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ამ დროისთვის გადაადგილება ორხიდიანი ავტომობილებით თითქმის ყველა მიმართულებითაა შესაძლებელი.  ქედის საგზაო წარმომადგენლობამ დილიდან უკვე დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები მახუნცეთისა და ვაიოს მიმართულებით. მალე ტექნიკა მობილიზებული იქნება დანდალოსა და ცხმორისის ადმინისტრაციულ ერთეულებში. დილიდანვე დაიწყო დაბის ქუჩების გაწმენდა კომუნალურმა სერვისმაც, გარდა ამისა თანამშრომლები ახორციელებენ მწვანე ნარგავების თოვლის საფარისაგან გაწმენდით სამუშაოებს.

ელექტროენერგია შეუზღუდავად მიეწოდება მთლიან მუნიციპალიტეტს.

შუახევის მაღალმთიან სოფლებში გადაადგილება კვლავ შეფერხებულია

დღეს, 9 დეკემბერს, შუახევის მუნიციპალიტეტშიც გამოიდარა, თუმცა გუშინ მოსული დიდი თოვლის გამო შუახევის მაღალმთიან სოფლებში, მათ შორის: „წელათში, მაწყვალთასა და ნაღვარევში მოძრაობა შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით. სასწავლო პროცესი კვლავ შეჩერებულია სოფელ წაბლანასა და სოფელ ნაღვარევის სკოლებში.

„ჩვენ თემის რწმუნებულებთან გვაქვს სატელეფონო კონტაქტი, თუ ვინმე იქნება ისეთი, რომელიც ექვემდებარება აუცილებელ გადაყვანას ან სამედიცინო დაწესებულებაში ან კიდევ სხვაგან, ამასთან დაკავშირებით სამაშველო სამსახურები, მუნიციპალიტეტში არსებულ კომისიის შტაბთან ერთად მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ არავინ დაზარალდეს და ყველა ადამიანი იქნას შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანილი,“ – ამბობს ტარიელ ებრალიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ელექტროენერგია შუახევში მცხოვრებ ყველა აბონენტს მიეწოდება.

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინფორმაციით, გომარდულის მიმართულებით ამ დროისთვის ოთხი ერთეული ტექნიკა მუშაობს, რათა 8-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდოს – ” რადგან მოთხოვნა დიდია გომარდულის გახსნაზე, აღნიშნული მონაკვეთი დაახლოებით ნახევარ საათში გაიწმინდება,” – თქვა ტარიელ ებრალიძემ.

 

ხულოში რამდენიმე საბავშვო ბაღის მუშაობა კვლავ შეჩერებულია

დღეს, 9 დეკემბერს, ხულოში გამოიდარა, თუმცა დიდთოვლობისა და გზების მოყინულობის გამო რამდენიმე საბავშვო ბაღის მუშაობა კვლავ შეჩერებულია.

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ელექტროენერგია ამ დროისთვის მხოლოდ ერთ სოფელს, რაქვთას არ მიეწოდება.

რაც შეეხება გზებს, რომლებიც გუშინ დიდთოვლობის გამო ჩაკეტილი იყო, ხულოს გამგებლის ინფორმაციით, დღეს დილიდან იწმინდება -„ყველა სოფელთან დამაკავშირებელი ცეტრალური მაგისტრალი დილიდან იწმინდება. ხიხაძირის მიმართულებით არის მხოლოდ ერთი მონაკვეთი გასაწმენდი, რაც დაახლოებით ნახევარ საათში დასრულდება, ასევე ღორჯომის მიმართულებით მიმდინარეობს პრობლემური მონაკვეთების გაწმენდა, გოდერძის მიმართულებით გზები გაწმენდილია და მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით,“ – ამბობს ბესიკ ბაუჩაძე.

„ილუსტრირებული სიტყვები” ბათუმის ქუჩის გალერეაში

ბათუმის ქუჩებში, 9 ლოკაციაზე, პროექტი Streetart.ge-ს ფარგლებში განთავსებულ არტბოქსებში, გრაფიკოს-დიზაინერ ბექა ბერიძის „ილუსტრირებული სიტყვები” გამოიფინა.

„ღიმილი” – ილუსტრაციის ავტორი ბექა ბერიძე
„მისმინე” – ილუსტრაციის ავტორი ბექა ბერიძე

პროექტის ფარგლებში თვეში მინიმუმ ერთი გამოფენის მოწყობა იგეგმება.

საგამოფენო არტბოქსები, რაშიც არტისტების ნამუშევრებია განთავსებული, ბათუმის შედარებით უფრო ხალხმრავალ ადგილებშია განთავსებული, მათ შორის: მემედ აბაშიძის ქუჩის 32 ნომერში, დუმბაძის ქუჩის 12-14ა-ში (კაფე Vinyl-თან), აბაშიძის გამზირზე 17 ნომერში (კინოთეატრ „აპოლოსთან”), მელაშვილის ქუჩის 32 ნომერში (“ახალ სცენასთან”), მელაშვილის ქუჩის 30 ნომერში, კოსტავას ქუჩის 19 ნომერში და მაზნიაშვილის ქუჩის 54-56 ნომერში.

„ზღვა ღელავს” – ილუსტრაციის ავტორი ბექა ბერიძე

 

ამავე თემაზე: ციფრული გალერეა ბათუმის ქუჩებში

ბათუმში „სამშენებლო მასალებისა და დეველოპერების’’ საერთაშორისო გამოფენა – გაყიდვა მიმდინარეობს

ამ წუთებში ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“,,სამშენებლო მასალებისა და დეველოპერების’’ მე-6 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა „BATUMI BUILD 2016” იხსნება.  გამოფენის ძირითადი მიზანი ბათუმში საერთაშორისო გამოფენების ორგანიზებაა.

გამოფენის ორგანიზატორია საგამოფენო  კომპანია “Expo Batumi”. მათი ინფორმაციით გამოფენა საშუალებას მისცემს მონაწილე კომპანიებს მომხმარებელს გააცნონ თავიანთი სერვისი და პროდუქცია, გაცვალონ ბიზნესკონტაქტები, გაეცნონ სამშენებლო და დიზაინის სფეროში არსებულ სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს. გამოფენაში საერთაშორისო და ადგილობრივი უძრავ-მოძრავი ქონების სააგენტოებიც ჩაერთვებიან, რომლებიც  კომპანიებთან საქმიან ურთიერთობებს ადგილზე დაამყარებენ.

გამოფენაში მონაწილეობენ კომპანიები შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი, უკრაინა, იტალია, ჰოლანდია.  გამოფენის მიმდინარეობისას იგეგმება სარეკლამო, საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები მონაწილეთათვის და შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან.

გამოფენა სამ დღეს გაგრძელდება და 11 დეკემბერს ოფიციალურად დაიხურება.

მოსწავლეები სკოლის გარეშე, კერძო სახლში

დაწყებითი საფეხურის 16 მოსწავლე, რომლებიც ზემო დაგვაში ცხოვრობენ, სკოლის გარეშე არიან დარჩენილნი. ამორტიზებულია შენობა, ანუ მათი ყოფილი სკოლა, რომელიც 1978 წელს აიგო. ამ სკოლის პედაგოგი ამბობს, რომ შენობაში ბავშვების გაჩერება სახიფათოა, ამიტომ კლასები კერძო მშენებარე სახლის პირველ სართულზე განათავსეს. პედაგოგებიცა და ბავშვებიც მოკლებულნი არიან არა მარტო ინფრასტრუქტურას, არამედ თითქმის ყველა საჭირო საგანმანათლებლო რესურსს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვაში ერთი საშუალო სკოლა არსებობს, თუმცა ზემო დაგვის მოსახლეობა საშუალო სკოლას ხუთი კილომეტრითაა დაშორებული. ამიტომ სოფლის ამ ნაწილში რვაკლასიანი სკოლა წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა. წინა ხელისუფლების დროს, როცა საჯარო სკოლების გამსხვილების პროცესი დაიწყო, ზემო დაგვაში მხოლოდ ოთხწლიანი სკოლა დარჩა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ სკოლის შენარჩუნება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირველი და მეორე კლასის მოსწავლეების შორ მანძილზე ტარება ბევრ პრობლემას უკავშირდება.  „ჩემი შვილი მომავალ წელს შედის პირველ კლასში. მირჩევნია ამ სკოლაში იაროს, რადგან ქვემო დაგვა შორსაა და არც ჩემთვისაა იქ სიარული მისაღები“, –  გვეუბნება სკოლის პედაგოგი ლიანა გორაძე.

დაწყებითი განათლების სკოლის შენობა წინა საუკუნეშია აგებული. შენობა ორსართულიანია და როგორც პედაგოგები გვეუბნებიან, კარგად არის ნაშენი.  „სკოლას ორმაგი კედლები აქვს“. თუმცა, დროთა განმავლობაში შენობის ჭერი და იატაკი დაზიანდა – სახურავიდან ჩამოსული წყლის გამო. სიძველისგან ჩამოშლილია კარები და ფანჯრებიც. ერთ დროს ცისფრად შეღებილი კედლები ფერდაკარგულია და დაჭუჭყიანებული.

იატაკზე წიგნებია მიმოყრილი, კედლებზე კი რამდენიმე ადგილას ბავშვების ნახატები და თვალსაჩინოების ნაგლეჯებია შემორჩენილი. ერთ ოთახში ძველი პიანინოც დგას, რომლის კლავიშების დიდი ნაწილი დაზიანებულია.  „თუ შენობას კაპიტალურ რემონტს გაუკეთებენ, ძალიან ლამაზი იქნება“, –  გვეუბნება სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები, რომელიც ერთ დროს სკოლაში დამლაგებლად მუშაობდა.

სკოლის გარეშე დარჩენილ მოსწავლეებს, გაკვეთილები კერძო სახლში უტარდებათ.
სკოლის გარეშე დარჩენილ მოსწავლეებს, გაკვეთილები კერძო სახლში უტარდებათ.

„შენობა 15 წელია რეკონსტრუქციას ექვემდებარება. ბავშვებისთვის წელს განსაკუთრებით სახიფათო მდგომარეობა შეიქმნა – გვეშინოდა იატაკი არ ჩავარდნილიყო, რადგან სისველისგან დალპა. იგივე მდგომარეობაშია ჭერიც  –  შესაძლებელია ჩამოვარდნილიყო და ბავშვები დაეზიანებინა. ამიტომ, დროებით, მეზობელი სახლის პირველ სართულზე გადაგვიყვანეს, თუმცა კეთილმოწყობილი არც ის ოთახებია“, –  გვეუბნება  ლიანა გორაძე.

გარდა იმისა, რომ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები განათლებისთვის სრულიად შეუფერებელ გარემოში სწავლობენ, ისინი მოკლებულნი არიან სხვა რესურსებსაც. მაგალითად, მოსწავლეების მერხებზე არ დევს  „ბუკები“, მხოლოდ წიგნები აქვთ გადაშლილი.

„არანაირი საგანმანათლებლო რესურსი არ გვაქვს, ინტერნეტზე ხომ საუბარიც ზედმეტია. ეს მაშინ, როცა პროექტების შედგენა, დამატებითი რესურსების მოძიება შეუძლებელია ინტერნეტწყაროების გარეშე. არც სკოლაში და არც სახლში ბავშვებს ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ, მაშინ, როცა ეროვნული სასწავლო გეგმა ტექნოლოგიებთან მუშაობას გვავალდებულებს.

მე თვითონ ან ნათესავთან მიწევს ქალაქში ჩასვლა, ან რომელიმე მეზობელთან უნდა გადავიდე, რომ ვიმუშაო. სხვასთან ყოველთვის ვერ მიხვალ, რადგან სოფელში ძალიან ცოტას თუ აქვს ინტერნეტზე წვდომა“, – გვეუბნება პედაგოგი.

მშენებარე სახლში ოთხი კლასი ორ ოთახშია განთავსებული. პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები ერთად სხედან, მესამე და მეოთხე – ერთად.

სკოლაში წლების განმავლობაში არც ინვენტარი განახლებულა.  „განსხვავებული ასაკის ბავშვები ერთი სტანდარტის მერხებზე სხედან. ეს, ბუნებრივია, სახიფათოა მათი ხერხემლისთვის და, ზოგადად, ჯანმრთელობისთვის“, –  გვეუბნება ლიანა გორაძე.

კეთილმოწყობილი გარემო მოსწავლეებს არც ახალ  „სკოლაში“  აქვთ. შესასვლელში, რომელიც ასევე კლასად მიიჩნევა, სიბნელეა – აქ ნათურა არ ანთია. მშენებარე სახლის აივანზე, სადაც სკოლაა განთავსებული,  „ქართული ოცნების“  დროშა ჰკიდია, აივნის შიგნით კი ამავე პარტიის საარჩევნო პლაკატებია მიკრული.

„სამინისტროს აქვს თუ არა ინფორმაცია, ვერ გეტყვით. ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი იყო მოსული და შენობას ფოტოები გადაუღო. ამ სახლის ქირას იხდიან თუ არა არც ეს ვიცი“,  –  ამბობს პედაგოგი.

ზემო დაგვის ოთხწლიანი სკოლა რეაბილიტაციას საჭიროებს
ზემო დაგვის ოთხწლიანი სკოლა რეაბილიტაციას საჭიროებს

ოთხწლიან სკოლას ადმინისტრირებას დაგვის საშუალო სკოლის დირექცია უწევს. სკოლის დირექტორი ხათუნა დუმბაძე შვებულებაში იმყოფება. სკოლის სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელი მაია კიკნაძე კი ამბობს, რომ მისთვის უცნობია არსებობს თუ არა სკოლასა და კერძო მესაკუთრეს შორის ქირის გადახდაზე ხელშეკრულება.

აჭარის განათლების სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, სოფელ დაგვაში 2017 წლისთვის დაგეგმილია ოთხწლიანი სკოლის შენობის პროექტის შესყიდვა. სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით,  „პროექტის შესყიდვის შემდეგ გაირკვევა რა თანხაა საჭირო მისი რეაბილიტაციისთვის“.

ანგრევენ სახლს, რომლის გადარჩენასაც „ბათომი” ითხოვდა

ბათუმში დაიწყეს ისტორიული სახლის დემონტაჟი, რომლის გადარჩენასაც საზოგადოება „ბათომი” ითხოვდა.

“ბათომის“ განცხადებით, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე მომუშავე ერთადერთი არასამთავრობო ორგანზიაციაა აჭარაში, აღნიშნული შენობა ისტორიულია, იგი მე-19 საუკუნის 80-იან წლებშია აგებული და ქალაქის ისტორიული განაშენიანების ღირებული ნაწილია. გარდა ამისა, შენობა მოქცეულია ორი ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალში და მის ადგილას მრავალსართულიანი შენობის აგება გამოიწვევს ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოს განადგურებას.

ასევე, ორგანიზაციის განცხადებით, შენობას 2008 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით [ბრძ.#3/165] მინიჭებული ჰქონდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, თუმცა, 2016 წლის 13 აპრილს ამ ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ძეგლის სტატუსი მიენიჭა ფარნავაზ მეფის #51-ში მდებარე შენობას, რომელსაც ისედაც ჰქონდა ძეგლის სტატუსი.

„გვაქვს სერიოზული ეჭვი, რომ ფარნავაზ მეფის #57-ში მდებარე შენობისთვის ძეგლის სტატუსის მოსახსნელად გამოყენებული იყო თაღლითური სქემა მისამართების მანიპულირებით“ – ამ განცხადებით “ბათომმა” გასულ კვირას მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს მიმართა. 

როგორც „ბათუმელებს“ ქალაქის მერიის პრესსამსახურში უთხრეს, დემონტაჟის ნებართვა ქალაქის მერიამ გასცა.

როინ გუნდაძის ფოტო
როინ გუნდაძის ფოტო

 

ბათუმში არ ითოვებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ქალაქ ბათუმში უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში თოვლი მოსალოდნელი არ არის. 9 დეკემბერს სანაპირო ზოლში და მთლიანად აჭარის რეგიონში დროებით გამოიდარებს, თუმცა 10 დეკემბრიდან ამინდი კვლავ გაუარესდება. მოსალოდნელია ნალექი – დაბლობში წვიმა, მთაში კი  თოვლი.

10 დეკემბრიდან 15 დეკემბრამდე პერიოდში სანაპირო ზოლში ჰაერის ტემპერატურა დღისით +1 – +7 გრადუსი, ხოლო ღამით +1 – +6 გრადუსი იქნება. ამავე პერიოდში მთაში დღისით 1-5 გრადუსი სითბო, ხოლო ღამით 2 გრადუსი ყინვა 3 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. აჭარის მაღალმთიანეთში ღამით -2-7 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით -5 გრადუსი ყინვა, 3 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი.

დღეს ინტენსიურად თოვს აჭარის მაღალმთიანეთში. ობსერვატორიის პროგნოზით, თოვა მთაში ხვალ შეწყდება, თუმცა 10 დეკემბრიდან კვლავ მოთოვს, განსაკუთრებით ღამით.

წინასწარი პროგნოზით, დეკემბრის პირველ ნახევარში კარგ ამინდს არ უნდა ველოდოთ და ავდარი თვის მეორე ნახევარშიც გაგრძელდება.

აჭარის სანაპიროს გასწვრივ, ზღვაზე, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება  შტორმი – 4-5 ბალი .

IMG_20161208_135510
ბათუმის სანაპირო / 8.12.2016 / თედო ჯორბენაძის ფოტო

 

კონკურსი ინგლისურ ენაში მოსწავლეებისთვის

ქედის გამგეობის განათლების სამსახური ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ინგლისურ ენაში კონკურსს ატარებს, საჯარო სკოლების ინგლისური ენის პედაგოგებისა და უცხოელი მოხალისე მასწავლებლების თხოვნის საფუძველზე.

ინგლისური ენის კითხვის კონკურსი დაბა ქედის საჯარო სკოლაში ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე მონაწილეობას ქედის სხვადასხვა სკოლის 120-მდე მოსწავლე მიიღებს, კონკურსის მეორე ეტაპზე მხოლოდ საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეები გადავლენ.

„ინგლისური ენის გამოცდაში მოსწავლეები შედარებით დაბალ დონეს აჩვენებენ, ამიტომაც მოსწავლეების უცხო ენით დაინტერესების მიზნით მოხალისე მასწავლებლებმა, რესურსცენტრთან ერთად, პროექტი შეიმუშავეს კონკურსის ჩასატარებლად და დასაფინანსებლად შემოიტანეს. ჩვენ პროექტი 1400 ლარით დავუფინანსეთ. კონკურსი 10 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე ორ ეტაპად ჩატარდება, იქნება ინგლისური ენის წერის, კითხვისა და განხილვის კონკურსი. რაც შეეხება საკონკურსო თემატიკას, მას რესურსცენტრი მოხალისეებთან ერთად შეარჩევს,“ – ამბობს ქედის გამგეობის განათლების სამსახურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი მამია გვარიშვილი.

კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს გამგეობა გადასცემს სერტიფიკატებს, ინგლისურ-ქართულ და ქართულ-ინგლისურ ლექსიკონს, ფლეშმეხსიერების ბარათსა და ადაპტირებულ ლიტერატურას ინგლისურ ენაზე დისკთან ერთად.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი: უცხოელი ტურისტების რაოდენობა 19,5 %-ით გაიზარდა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, 2016 წლის 10 თვის მონაცემებით, აჭარაში ტურისტების  4,7% -იანი ზრდა ფიქსირდება, რაც 435 585 ტურისტს გულისხმობს.  მათ შორის უცხოელი ტურისტების რაოდენობა 19,5 -ითაა [295 269 ტურისტი] გაზრდილი.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტების რაოდენობის კვლევა რეგიონში არსებულ რეგისტრირებული განთავსების ობიექტების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის განსაკუთრებული მატება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა. 11 თვეში საჰაერო გზით აჭარაში შემოსული საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 70%-ით გაიზარდა, რაც 126 474 უცხოელ ვიზიტორს გულისხმობს

მოგზაურების უმრავლესობა რეგიონს ისევ თურქეთიდან (962 382), აზერბაიჯანიდან  (114 177), რუსეთიდან (62 150), უკრაინიდან (36 922) და სომხეთიდან (16 158) ესტუმრა. გასულ წელთან  შედარებით 2016 წელს აჭარაში განსაკუთრებით გაიზარდა ებრაელი საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა. რეგიონს 11 თვეში 28 982 საერთაშორისო მოგზაური ეწვია ისრაელიდან, რაც 3-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ისინი ძირითადად  – 28 498  ტურისტი – აჭარაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან შემოვიდა.

გასულ წელთან შედარებით 87%-ით გაიზარდა მოგზაურების რაოდენობა ირანიდან, საიდანაც რეგიონში 11 თვის განმავლობაში 32 340 ვიზიტორი შემოვიდა

მიმდინარე წელს ასევე გამოიკვეთა საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდა  არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან (+5%) და საუდის არაბეთიდან (+44%). 

გადასატანი კარკასული კარავი სოფლებში

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა სოფლების – წაბლანისა და ვერნებისთვის ორ გადასატან, კარკასული კარვის ასაწყობ მასალას ყიდულობს. მასალის შესაძენად გამგეობამ გამარტივებული ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე 12 345 ლარზე 4 ნოემბერს გამოაცხადა. ტენდერი 10 ნოემბერს დასრულდა.

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსი, ელდარ ბოლქვაძე განმარტავს, რომ კარვებს  ვერნებსა და წაბლანისთვის ყიდულობენ მოსახლეობის მოთხოვნით – „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში.  გამგეობამ ტენდერში გამარჯვებულ შპს „იმპექსთან“ ხელშეკრულება 22 ნოემბერს გააფორმა.

შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სატენდერო პირობების მიხედვით, გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ გამგეობას პრიალა, წყალგაუმტარი, ლურჯი ან მწვანე ფერის გადაკეცილი კიდეებითა და სპეციალურად დამაგრებისთვის საჭირო ნახვრეტებით, არანაკლებ 20 კვადრატი კარკასული კარავი ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღეში უნდა მიაწოდოს. კარავს ერთწლიანი გარანტია უნდა ჰქონდეს.

სოფელი წაბლანა ფუშრუკაულის თემში შედის. ფუშრუკაულის თემის რწმუნებული ომარ აბაშიძე ამბობს, რომ სოფელში სარიტუალო შენობა არ აქვთ, კარკასულ კარავს კი მოსახლეობა სარიტუალოდ გამოიყენებს.

„მართალია, ქორწილს სოფელში არავინ აკეთებს, მაგრამ კარავს ტირილის დროს გამოვიყენებთ, სოფლისთვის ხელსაყრელია. ამ დრომდე კარავს სოფელ ძმაგულადან ვთხოულობდით, მალე საკუთარიც გვექნება. საჭირო ინვენტარი უკვე შევიძინეთ“, – ამბობს ომარ აბაშიძე. – „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ სოფელ წაბლანასთვის 14 000 ლარი იყო გამოყოფილი. აქედან ნაწილი თანხით ინვენტარს ვყიდულობთ, ნაწილი კი კარვის შეძენას მოხმარდება“.

„კარავი 300 ადამიანს დაიტევს, ინვენტარსაც ამდენ ადამიანზე ვყიდულობთ“, – ამბობს სხალთის რწმუნებული რაულ მახარაძე.

ხულოს გამგეობამ კარვის შესაძენად ტენდერი მეორედ გამოაცხადა – 2 ნოემბერს გამოცხადებული ტენდერი დოკუმენტაციაში არსებული უზუსტობის გამო შეწყდა.

როგორ განაწილდება ბათუმის ბიუჯეტი 2017 წელს

ქუჩების რეაბილიტაცია, საგზაო ინფრასტრუქტურისა და კომუნალური სისტემის გაუმჯობესება ბათუმისთვის ისევ მთავარი პრიორიტეტი იქნება, როგორც გასულ წლებში. მომავალი წლის ბიუჯეტიდანაც  ყველაზე მეტი თანხა ამ პროქტებზე დაიხარჯება. საკრებულომ პროექტის პირველადი ვარიანტი უკვე განიხილა და შენიშვნებით უკან გადაუგზავნა მერიას. ახალ ვარიანტს საფინანსო სამსახური საკრებულოს დეკემბრის პირველივე კვირაში წარუდგენს.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში პრიორიტეტულ სფეროებად მოხსენიებულია ასევე განათლება და ჯანდაცვა, თუმცა ამ მიმართულებით ახალი პროგრამები დაგეგმილი არ არის.

პროექტის მიხედვით, მომავალ წელს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მერია 6 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. ეს თანხა, ძირითადად, საგზაო მოძრაობის ორგანიზებისთვის საჭირო ინვენტარისა და ტექნიკური საშუალებების მოვლა-შენახვას, შემანელებელი ბარდიურების მოწყობას, პარკირების სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფას უნდა მოხმარდეს. ახალი მუნიციპალური ტრანსპორტის შესყიდვა არ იგეგმება.

ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 8 მილიონამდე ლარი გაითვალისწინეს. ამ თანხაში შედის ქალაქის დასუფთავების, ბათუმის ბულვარისა და ბოტანიკური ბაღის მოვლის სამუშაოები, ასევე ქალაქის გამწვანების ღონისძიებებიც.

მომავალ წელს მილიონი ლარი გაითვალისწინეს მუნიციპალური სასაფლაოს მოვლა-პატრონობისთვის.

ქალაქის დაგეგმარებისთვის საჭირო სამუშაოებზე მომავალი წლის ბიუჯეტში მერიამ 600 000-მდე ლარი გაითვალისწინა. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ამ თანხით მერია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას, ქალაქის ქონების ინვენტარიზაციას, ბათუმის ტერიტორიის აეროფოტოგადაღებასა და ციფრული სამგანზომილებიანი მოდელის შექმნას გეგმავს. ამ თანხიდან იგეგმება ასევე იმ მოქალაქეების საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფაც, რომლებსაც სახელმწიფო პროექტებისთვის საკუთარი ქონების დათმობა მოუწევთ.

ქალაქის გენერალური გეგმის შემუშავება ბათუმის არჩეული მერის, გიორგი ერმაკოვის წინასაარჩევნო დაპირება იყო. თუმცა როგორც მერიის 2017-2020 წლების პრიორიტეტების დოკუმენტით ირკვევა, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე ანუ თავის ვადის ამოწურვამდე გიორგი ერმაკოვი ამ დაპირებას ვერ შეასრულებს.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებისთვის 6 მილიონი ლარი დაიხარჯება.

რაც შეეხება განათლების პროგრამებს – სკოლამდელი აღზრდა მომავალ წელს თითქმის 14  მილიონი ლარით უნდა დაფინანსდეს. ამ თანხაში შედის ერთი ახალი ბაღის მშენებლობისა  და რამდენიმე ახალი ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსება. პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, მომავალ წელს მერია 160 000 ლარს დახარჯავს. სპორტი 6 მილიონი ლარით, ხოლო კულტურის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა ხუთ მილიონამდე ლარით დაფინანსდება.

ჯანმრთელობის დაცვა და შესაბამისი პროგრამები მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით  3 მილიონი ლარით დაფინანსდება.

მას შემდეგ, რაც მერია საკრებულოს შენიშვნებს განიხილავს, შესაძლოა ბიუჯეტის ეს პარამეტრები ნაწილობრივ შეიცვალოს.

მაღალმთიანეთში გზებს თოვის შეჩერების შემდეგ გაწმენდენ

აჭარის მაღალმთიანეთში ინტენსიურად თოვს. გამგეობების მუნიციპალური ცენტრებიდან სოფლებამდე მისვლა მხოლოდ ორხიდიანი, ჯაჭვებით აღჭურვილი მანქანითაა შესაძლებელი. შიდა სასოფლო გზები გაწმენდილი არ არის. ხულოს, შუახევისა და ქედის გამგებლებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიური თოვის შეწყვეტის შემდეგ დაიწყება.

„ტექნიკა მუშაობს ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელად. ამჟამად იწმინდება გზები გოდერძის, ღორჯომის, ხიხანის, ვაშლოვნისა და ოქრუაშვილების მიმართულებით. ამ დროისთვის დაახლოებით 20 სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. მათ შუქის მიწოდება გუშინ საღამოს შეუწყდათ. აღდგენაზე დღეს დილიდან მუშაობენ ენერგოკომპანიის წარმომადგნლები,” – ამბობს ბესიკ ბაუჩაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი.

ხულოს მუნიციპალიტეტის გზებზე აჭარის გზების დეპარტამენტი მუშაობს. ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ხულოს გამგეობა ჯერჯერობით ვერ იყენებს იმ ტექნიკას, რომელიც ტენდერით გამგეობამ შეიძინა: „ეს მანქანა უკვე ჩვენთანაა, მაგრამ ჯერ მიღება-ჩაბარების აქტი არაა გაფორმებული, სხვა დოკუმენტაციაც მოსაწესრიგებელია და მისი გამოყენების უფლება არ გვაქვს. დაახლოებით ერთ კვირაში ამ მძიმე ტექნიკის გამოყენებასაც შევძლებთ.”

თოვის გადაღებას ელოდება შუახევის გამგებელიც. ტარიელ ებრალიძემ გვითხრა, რომ ამ ეტაპზე გზების გაწმენდას აზრი არ აქვს, რადგანაც ინტენსიურად თოვს. გამგეობას 14 ერთეული მძიმე ტექნიკა აქვს, რომელსაც ამ ეტაპზე არ იყენებს: „გზების დეპარტამენტმა გაწმინდა გზები და ყველა ადმინისტრაციულ ცენტრთან მისვლა არის შესაძლებელი ორხიდიანი, ჯაჭვებიანი მანქანით. ამინდს უნდა დაველოდოთ, შემდეგ დაიწყება შიდა სასოფლო გზების გაწმენდა“.

„ისე თოვს ახლა, გაწმენდას აზრი არ აქვს.” – გვითხრა ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით დუმბაძემ. მისი თქმით, თოვლის საფარის სიმაღლე დაახლოებით 10 სმ.-ია მახუნცეთში, ხოლო მაღალმთიან სოფლებში – ნახევარი მეტრი. გამგებლის თქმით, გზები იმ სოფლებისკენ გაწმინდეს, სადაც გარდაცვლილია ვინმე, ან ქრონიკული ავადმყოფი: „დღეს, მაგალითად, იწმინდება გზები ნამონასტრევის, პირველი მაისის და ოქტომბრის მიმართულებით. ახლა მქონდა საუბარი სასწრაფოს უფროსთან, რომელ სოფლებშია ქრონიკული ავადმყოფი, სად შეიძლება გახდეს, პირველ რიგში, სასწრაფოს გამოძახება საჭირო. ამის მიხედვით გავწმენდთ გზებს,” – ამბობს დავით დუბაძე, ქედის გამგებელი.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო გაზაფხულამდე ჩაიკეტა გოდერძი-ახალციხის უღელტეხილის მონაკვეთი.

 

სასამართლო განხილვა ქობულეთში მომხდარ მკვლელობაზე, სადაც პოლიციელი დაჭრეს

22 წლის არჩილ ტ.-ს საქმეს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი განიხილავს. მას განზრახ მკვლელობის გარდა, სამი პირის სხეულის მძიმე და მსუბუქ დაზიანებებში ედება ბრალი. ამ სამიდან ერთ-ერთი პოლიციის თანამშრომელია – მირიან ნოღაიდელი. შემთხვევა მიმდინარე წლის 26 აგვისტოს ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.

დაზიანებები თვალსა და სხეულის სხვადასხვა ადგილზე თავად ბრალდებულსაც ჰქონდა, თუმცა ამ მიმართულებით გამოძიება არ დაინტერესებულა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მას სხეულის მსუბუქი დაზიანება დაუფიქსირდა ჯანმრთელობის მოუშლელად.

დღეს მოწმედ დაკითხულ გამომძიებელს, ვაჟა ბურკენაძეს, ადვოკატმა ზვიად მარკოიძემ ჰკითხა, ახსოვდა თუ არა რა სახის დაზიანებები ჰქონდა არჩილს და სცადა თუ არა გამოძიებამ ამის დადგენა.

„არ მახსოვს, რა დაზიანებები ჰქონდა… რაც შეეხება ცალკე გამოძიების წარმოებას, ეს არ იყო ჩემი კომპეტენცია. ამას წყვეტს პროკურატურა,“ – თქვა გამომძიებელმა. მოგვიანებით მან დაცვის მხარეს მიმართა: „გამახსენდა, მას ჩასინიაკებული ჰქონდა თვალი…. ჩხუბში მონაწილეობდა და ალბათ მაგ დროს მიიღო დაზიანება. რადგანაც ჰქონდა სისხლჩაქცევა თვალზე, მაგიტომ დავნიშნეთ ექსპერტიზა ბრალდებულის შემთხვევაზეც“.

26 აგვისტოს შემთხვევის შედეგად ნოდარ გ. გარდაიცვალა, მას მრავლობითი ჭრილობები დანით ჰქონდა მიყენებული. საქმეში დაზარალებულად ცნობილი სხვა პირების ჩვენებები ჯერ სასამართლოს არ მოუსმენია, მათ შორის, პოლიციელის, რომელიც იმ დროისთვის სამსახურებრივ უფლებამოსილებას არ ასრულებდა და შემთხვევით შეესწრო ჩხუბს.

როგორც ბრალდებულის ოჯახის ახლობლებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, ჩხუბში მონაწილე პირები ქობულეთის საფეხბურთო გუნდის „შუქურას“ ყოფილი ფეხბურთელები იყვნენ და მათ დაპირისპირება 26 აგვისტომდე კაფე „ჰავანასთან“ ჰქონდათ. მათი თქმით, გარდაცვლილი და ბრალდებული მეგობრობდნენ. ოჯახის ახლობლებს სხვა დეტალებზე საუბარი ამ დროისთვის არ სურთ.

ბრალდებულის კიდევ ერთი ადვოკატი, რამინ პაპიძე მიიჩნევს, რომ დღევანდელ პროცესზე გამოძიების სუსტი მხარეები გამოჩნდა: „გამოძიებას ექსპერტიზისთვის არ დაუსვამს კითხვა, როგორი იყო მიყენებული ჭრილობის სიღრმე. მხოლოდ ჭრილობის სიგრძე-სიგანის დადგენით ვერ იქნება ლოგიკური იმის მტკიცება, რომ მიყენებულმა ჭრილობამ განაპირობა სიკვდილი… ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ მას თავს დაესხნენ და მოგერიების გამო გამოიყენა დანა. ის გამორიცხავს დაპირისპირების ქონას ნოდარ გ.-თან, რომელიც გარდაიცვალა. ჩვენ პროკურატურას ასევე შევთავაზეთ გამოეკითხათ ჩხუბის მონაწილე სხვა პირები, რომლებიც დაზარალებულად არ არიან ცნობილი, მაგრამ ამ ჩხუბის მონაწილე პირები არიან. ამაზე დაუსაბუთებლად გვეთქვა უარი“.

სასამართლომ დღეს, 7 დეკემბერს, ასევე მოისმინა ექსპერტის ჩვენება, რომელმაც დაზარალებული პირებისა და ბრალდებულისთვის მიყენებულ დაზიანებებზე დასკვნა დადო. საქმის განხილვა 14 დეკემბერს გაგრძელდება.

Exit mobile version