მთავარი,სიახლეები

“ბათომი”: მირანდა ჩარკვიანის საქმიანობა შესწავლილი უნდა იყოს შესაბამისი უწყებების მიერ

03.12.2016
“ბათომი”: მირანდა ჩარკვიანის საქმიანობა შესწავლილი უნდა იყოს შესაბამისი უწყებების მიერ

დღეს, 3 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომმა“ ბრიფინგი გამართა და ღია წერილით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს. „ბათომი“ ფარნავაზ მეფის #57-ში მდებარე შენობის დემონტაჟს აპროტესტებს და ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის, მირანდა ჩარკვიანის საქმიანობის შესწავლას ითხოვს:

ფარნავაზ მეფის #57-ში დაწყებულია შენობის დემონტაჟი. აღნიშნული შენობა ისტორიულია, იგი მე-19 საუკუნის 80-იან წლებშია აგებული და ქალაქის ისტორიული განაშენიანების ღირებული ნაწილია. გარდა ამისა, შენობა მოქცეულია ორი ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალში. მის ადგილას მრავალსართულიანი შენობის აგება გამოიწვევს ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოს განადგურებას.

შენობას 2008 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით [ბრძ.#3/165] მინიჭებული ჰქონდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, თუმცა, 2016 წლის 13 აპრილს ამ ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ძეგლის სტატუსი მიენიჭა ფარნავაზ მეფის #51-ში მდებარე შენობას, რომელსაც ისედაც ჰქონდა ძეგლის სტატუსი.

გვაქვს სერიოზული ეჭვი, რომ ფარნავაზ მეფის #57-ში მდებარე შენობისთვის ძეგლის სტატუსის მოსახსნელად გამოყენებული იყო თაღლითური სქემა მისამართების მანიპულირებით.

გთხოვთ, შეისწავლოთ ფარნავაზ მეფის #57-ში მდებარე შენობის საკითხი. ქალაქ ბათუმისთვის ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველა ისტორიული შენობის დაცვა და გადარჩენა, წინააღმდეგ შემთხვევაში ძველი ბათუმისათვის დამახასიათებელი არქიტექტურა საბოლოოდ გაქრება.

აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პირდაპირი მოვალეობაა ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. ამის ნაცვლად წლების მანძილზე სააგენტო იცავს მხოლოდ მენაშენეების ვიწრო ინტერესებს სწორედ კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფის ხარჯზე.

სააგენტოს ხელმძღვანელის ვალდებულებაა ქალაქის ისტორიული მემკვიდრეობის გამოვლენა, აღნუსხვა, დოკუმენტაცია, კონსერვაციის მდგომარეობის შეფასება, დაცვისათვის საჭირო სტრატეგიების შემუშავება და არა მენაშენეებთან გარიგება–მოლაპარაკება და ურბანული მემკვიდრეობის ახალმშენებლობებით ჩანაცვლება.

სამწუხაროდ, ბოლო წლებია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, მათ შორის ამჟამინდელი ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი, სწორედ ქალაქის აქტიური განახლების პოლიტიკას ემსახურება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ იგი სათანადოდ ვერ ან არ აღიქვამს სააგენტოს დანიშნულებასა და საკუთარ თანამდებობრივ პასუხისმგებლობას; მისი საქმიანობა მიმართულია არა რეგიონის და ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნებისაკენ, არამედ საზიანოდ.

მოვითხოვთ, რომ მირანდა ჩარკვიანი გათავისუფლებული იქნას დაკავებული თანამდებობიდან და მისი საქმიანობა იქნას შესწავლილი შესაბამისი უწყებების მიერ.” – აღნიშნულია პრესრელიზში. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: