კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

ბრეზენტი სახურავისთვის – როგორ ეხმარება მერია მრავალშვილიან ოჯახს

06.12.2016 • 6723
ბრეზენტი სახურავისთვის – როგორ ეხმარება მერია მრავალშვილიან ოჯახს

5 შვილის დედა სოფო უშიკიშვილი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, იტალიურ ეზოში ცხოვრობს. ის მერიისგან დაზიანებული სახურავის შეკეთებას უკვე რამდენიმე თვეა ამაოდ ითხოვს. ქალაქის მერია მრავალშვილიან ოჯახს ჯერჯერობით მხოლოდ იმით დაეხმარა, რომ ბრეზენტის ნაჭერი მისცა.

დაზიანებული ჭერი

დაზიანებული ჭერი

„დაახლოებით სამი თვის წინ ძლიერი წვიმის დროს დაზიანდა სახურავი, განცხადება რამდენჯერმე დავწერე მერიაში. ქალაქის ვიცე-მერს პირადად შევხვდი, არჩევნების შემდეგ დამპირდნენ დახმარებას, მაგრამ მხოლოდ ბრეზენტი მომიტანეს – დროებით გადააფარე სახურავზეო. ესეც არ ეყო, წყალი ჩამოგვდის, ბავშვები ავად გამიხდა. მერიისგან თუნუქის ნაჭრებს ვითხოვ სახლის გადასახურად, ან ფულით მაინც დამეხმარონ, 800 ლარი ეყოფა, სოციალურად დაუცველები ვართ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ სოფო უშიკიშვილი.

მისივე თქმით, მერიის თანამშრომელმა მას შესთავაზა ქირით გადასულიყვნენ დროებით და ოჯახი ასეც მოიქცა, თუმცა შემდეგ ქირის თანხა არავინ გადაიხადა: „გადასახდელი თანხა რომ არ გაზრდილიყო, მესამე დღეს ისევ ჩვენს სახლში დავბრუნდით. ვისთანაც ქირით ვიყავით, ის ჩვენ გვთხოვს ახლა ფულს“.

სექტემბერში ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა სოფიო მიქელაძემ განაცხადა, რომ სოფო გოგუამ [გოგუა სოფო უშიკიშვილის მეუღლის გვარია – ავტ.]  ჯერ კიდევ იანვრის თვეში ა(ა)იპ „ბათუმის კორპუსს“ მიმართა, თუმცა ეს საკითხი „ბათუმის კორპუსის“ კომპეტენციაში არ შედიოდა: „ბათუმის კორპუსმა“ მათ უარი იმის გამო უთხრა, რომ ის ვერ ეხმარება კერძო საკუთრებაში მცხოვრებლებს, ამისთვის მან ბათუმის მერს უნდა მიმართოს“. მაშინ მერიაში განაცხადეს, რომ ამ ოჯახს დაეხმარებოდნენ.

სოფო უშიკიშვილის დახმარების საკითხის გარკვევა „ბათუმელებმა“ ქალაქის მერიაში ისევ სცადა, თუმცა ამჯერად მერიიდან „ბათუმის კორპუსში“ გადაგვამისამართეს.

„ბათუმის კორპუსის“ ხელმძღვანელის ზურაბ ნაკაიძის განმარტებით, „ბათუმის მერიასთან არსებობს მუდმივმოქმედი კომისია და ის წყვეტს დახმარების საკითხს. თუ კომისია და მერია გადაწყვეტს, მაგალითად, სტიქიის შედეგად დაზარალებულის დახმარების საკითხს, შემდეგ გვიგზავნიან ჩვენ ოქმს. ჩვენი სამსახური ძირითადად ამხანაგობებთან თანამშრომლობს. გვაქვს სხვადასხვა პროექტი. ამასთან, ჯერ მაღლივი, მრავალსართულიანი სახლების ამხანაგობებს ენიჭებათ უპირატესობა და ბოლოსაა იტალიური ეზოები, ეს გამართლებულიცაა, ვინაიდან კორპუსების შემთხვევაში უფრო მეტ ოჯახს ვეხმარებით“.

სოფო უშიკიშვილს „ბათუმის კორპუსი“ არ ეხმარება, თუმცა ზურაბ ნაკაიძე საკითხის გარკვევას დაგვპირდა: „ისე, იტალიურ ეზოში სტიქია საიდან უნდა მოხდეს? წყალდიდობას გულისხმობთ? ძლიერ წვიმას? – სტიქიის განმარტებაში ძლიერი წვიმა არ შედის. შესაძლოა იყოს, მაგალითად, ძლიერი ქარი, თუმცა სახურავის 30% მაინც უნდა ახადოს, რომ სტიქიაში ჩაითვალოს და დავეხმაროთ.  მაქ თუ ჩაინგრა სახურავი, კომისიამ უნდა განიხილოს“.

„ბათუმის კორპუსი“ ქალაქის მასშტაბით სტიქიის შედეგად დაზარალებულ 60-ზე მეტ ოჯახს ეხმარება. ამ ოჯახებისთვის მერიამ თანხა წინასაარჩევნო პერიოდში გამოყო სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციოდ აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოების ჩასატარებლად.

ზურაბ ნაკაიძის თქმით, როცა გამაგრებისთვის კედელია ასაშენებელი ან სხვა ასეთი სამუშაოებია ჩასატარებელი, პროექტს ადგენს კეთილმოწყობის სამსახური და შემდეგ ცხადდება ტენდერი: „სადაც მოსახლეობის კარ-მიდამოს და სახლს ემუქრებოდა საშიშროება და იყო შესაბამისი პროექტები, ეს პროექტები გადმოეცა „ბათუმის კორპუსს“, სადაც გზის გამაგრებითი სამუშაოები იყო გასაკეთებელი, ის დარჩა კეთილმოწყობას“.

„ბათუმის კორპუსს“ მთლიანობაში 1,2 მილიონი ლარის ტენდერი აქვს გამოცხადებული და სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულმა სამსახურმა მომავალი წლისთვის ბათუმის მერიას 11 მილიონი ლარით დაფინანსება მოსთხოვა, თუმცა ბიუჯეტის პროექტში, ზურაბ ნაკაიძის თქმით, მხოლოდ 6 მილიონი ლარია გათვალისწინებული: „გვაქვს მზა პროექტები, რომლებიც აუცილებლად დაფინანსდება. საქართველოს ბიუჯეტიდან მერიას უნდა გამოეყოს ტრანსფერი და გადმოგვეცემა ჩვენ.“

ამ ეტაპზე „ბათუმის კორპუსს“ სამი მზა პროექტი აქვს, რომელთა განხორციელებას 1 მილიონი ლარი მაინც დასჭირდება.

„აკაკი შანიძის N28-ში ხუთსართულიანი კორპუსია გასამაგრებელი; ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას გოგებაშვილისა და ჭავჭავაძის კვეთაში მდებარე სახლში, რომელიც გაალამაზეს თავის დროზე, დაადგეს გუმბათი, მაგრამ ავარიულია და წყალი ჩადის მოსახლეობას; ასევე რუსთაველის N41-ში ბამბუკის მოაჯირებიანი სახლი რომ არის,  მაქ ეს მოაჯირები უნდა გამოიცვალოს, დამპალია და სახურავიდანაც წყალი ჩადის,“ – ამბობს ზურაბ ნაკაიძე.

მისივე თქმით, „სტიქიას წინასწარ ვერ გაითვალისწინებ. მერიას აქვს სარეზერვო ფონდი და საჭიროების შემთხვევაში იქედან მოხდება დაფინანსება.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: