მთავარი,სიახლეები

„მასწავლებელს უნდა შერცხვეს, რომ მოსწავლეს აზეპირებინებს“

12.12.2016 • 17435
„მასწავლებელს უნდა შერცხვეს, რომ მოსწავლეს აზეპირებინებს“

განათლების სპეციალისტების შეფასებით, დღეს ქართული სკოლა ორიენტირებულია არა აზროვნებაზე, არამედ დამახსოვრებაზე. რა განაპირობებს ამას და როგორ შეიძლება აზროვნებაზე ორიენტირებული სისტემის შექმნა? – თემაზე  „ბათუმელებთან“ სკოლის პედაგოგებმა და განათლების სპეციალისტმა სიმონ ჯანაშიამ ისაუბრეს.

მე-18 საჯარო სკოლის პედაგოგი, დალი აბურჯანია მიიჩნევს, რომ თანამედროვე ქართული სკოლა მოსწავლეს მხოლოდ ტესტების ჩასაბარებლად ამზადებს და ნაკლებად არის ორიენტირებული აზროვნების განვითარებაზე. მისი თქმით, ამ მიმართულებით  „სახარბიელო მდგომარეობა არ გვაქვს“, რადგან ტესტებზე ორიენტირება გამოწვეულია მოსწავლის ცოდნის მაჩვენებლით, რაც სწორედ ტესტის ქულების მიხედვით განისაზღვრება.

„ტესტების შევსების დროს, ბუნებრივია, საჭიროა ლოგიკური აზროვნებაც და სხვა უნარებიც. მაგრამ, რადგან დროში შეზღუდული ვართ, მთელი ყურადღება მაინც იქეთკენაა მიმართული, რომ მოსწავლემ მოკლე დროში შეძლოს დავალებასთან გამკლავება“, –  ამბობს პედაგოგი.

დალი აბურჯანიას აზრით, დღეს არსებული ეროვნული სასწავლო გეგმა რთულად მისაღწევია. შესაბამისად, პედაგოგის უნარ-ჩვევებსა და მის კომპეტენციებზეა დამოკიდებული, ჩართავს თუ არა მოსწავლეს აზროვნების განმავითარებელ აქტივობებში. „თუმცა, ამ აქტივობების დაგეგმვა-მართვაც საკმაოდ რთულია, რადგან სკოლის ინფრასტრუქტურა და საგანმანათლებლო რესურსები არ იძლება ამის შესაძლებლობას“, – გვეუბნება დალი აბურჯანია.

მე-14 საჯარო სკოლის პედაგოგი ნათია ქათამაძეც იზიარებს კოლეგის მოსაზრებას, რომ ტესტირებებმა მასშტაბური ხასიათი მიიღო. ის ასევე დასძენს, რომ ტესტირება ცუდად არ აისახება მოსწავლის განვითარებაზე.

„16 წელია სკოლაში ვარ და შემიძლია შევადარო რა ხდებოდა ადრე და რა ხდება ახლა. არ უარვყოფ, რომ ტესტირებებმა მასშტაბური ხასიათი მიიღო, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ ეს ცუდად აისახება ბავშვების შედეგებზე. ტესტირება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დავინახოთ მოსწავლის პროგრესი, მისი სუსტი და ძლიერი მხარეები და შემდგომი საგაკვეთილო პროცესები მის საჭიროებებზე მორგებულად დავგეგმოთ“, – ამბობს ნათია.

ნათია ქათამაძის აზრით, მთავარია, არ დაიგეგმოს ერთი და იმავე ხასიათის ტესტები და ამან არ მიიღოს სისტემური სახე.

„არსებობს დიაგნოსტიკური ტესტები, ტესტები ღია და დახურული კითხვებით… თუ პედაგოგი ინტეგრირებულად გამოიყენებს ორივეს, ვფიქრობ, წარმატება ექნება. ტესტები და აზროვნებაზე ორიენტირებული აქტივობებიც მოსწავლეს ერთნაირი დოზით სჭირდება“, –  გვეუბნება ნათია ქათამაძე, თუმცა იქვე დასძენს, რომ ამ მეთოდს პედაგოგების 20-30% თუ იყენებს.

ნათიას აზრით,  „იყოს კლასში ინტერაქტივი, დისკუსია ეს პედაგოგის პროფესიულ უნარებზეა დამოკიდებული. აზროვნებაზე ორიენტირებული აქტივობები არ უნდა იყოს ერთჯერადი – პედაგოგი მუდმივად უნდა ცდილობდეს მის განვითარებას. ინოვაციებზე დღეს დიდი მოთხოვნაა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ დაგეგმილი ტრენინგებიც სწორედ ამ მიმართულებით ამზადებს პედაგოგებს. ინოვაციური გაკვეთილის ჩატარება შეუძლებელი არ არის, თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ ისე წარმატებით ვერ განახორციელო, როგორც დაგეგმე, რადგან ამაში ხელს არ გიწყობს სისტემა.“

განათლების სისტემაში არსებული პრობლემის მიზეზებს ასე აყალიბებს განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია:  „ქართული სისტემა უფრო მეტად ინფორმაციის დამახსოვრებაზეა ორიენტირებული, ვიდრე აზროვნების განვითარებაზე. ინფორმაცია არის საფუძველი აზროვნებისთვის, მაგრამ არა საკმარისი საფუძველი. არ უნდა ვიფიქროთ, რომ თუ ადამიანს რაღაც მონაცემები აქვს თავში, მას შეუძლია ეს მონაცემები ერთმანეთთან დააკავშიროს. აზროვნება გულისხმობს დავინახოთ რა ურთიერთმიმართებები არსებობს ამ ინფორმაციას შორის და რას შეიძლება დავეყრდნოთ მსჯელობის დროს, როდის რომელი ინფორმაციაა მნიშვნელოვანი და ა.შ. ამას კი ცუდად ასწავლის სკოლა“.

სიმონ ჯანაშიას აზრით, ცუდად სწავლების პირველი მიზეზი სისტემურ პრობლემაშია: „სისტემა მიზნების დონეზე განსაზღვრავს, რომ მოსწავლეს უნდა შეეძლოს წაკითხულის გააზრება, ანალიზი და ა.შ. თუმცა, იგივე სისტემა განაწყობს მასწავლებლებს, რომ ორიენტაცია აიღონ დამახსოვრებაზე. მოსწავლის ცოდნა მოწმდება დამახსოვრებული ინფორმაციის მიხედვით. გამოსაშვებ გამოცდებს თუ ვნახავთ, იქ ბევრი არაფერია სააზროვნო – მოცემულია დახურულპასუხებიანი ტესტები, სადაც მოსწავლემ უნდა შემოხაზოს რა არის სწორი ან არასწორი“.

სიმონ ჯანაშიას აზრით, ეს პრობლემა დგას მეხუთე კლასს ზემოთ, რადგან  მაღალ კლასებში მთავარი მიზანი მისაღები გამოცდები გახდა:

„შემდეგი პრობლემა არის მასწავლებლებში. მათ აღარ ჰყოფნით კომპეტენცია ასწავლონ აზროვნება, – მათ არასდროს უსწავლიათ ასე. პრობლემაა ისიც, რომ ბევრი მათგანი არა მარტო საბჭოურად აზროვნებს, არამედ ჰგონიათ, რომ იმ ერთი  „სწორი“ ინტერპრეტაციის სწავლების გარეშე ერთიანობა დაირღვევა საზოგადოებაში. ბევრი მასწავლებლის წარმოდგენაში ჩვენ ვერთიანდებით არა იმის გარშემო, რომ გვაქვს მრავალფეროვანი წარმოდგენები რაღაცების შესახებ, არამედ იმის გარშემო, რომ გვჯერა ერთი და იმავე რამის. ეს პრობლემაა.“

სიმონ ჯანაშიას თქმით, პრობლემაა ისიც, რომ ძალიან ცოტაა სასწავლო რესურსი, ვთქვათ, ვიდეოები, რომ ნახონ პედაგოგებმა, როგორ ხდება თამაშების განაწილება კლასში ამა თუ აქტივობის განსახორციელებლად:

„პირადად მე, ერთ-ერთ სკოლას შევთავაზე, რომ წაგვეყვანა მოსწავლეები ექსკურსიებზე მუზეუმში, გავაკეთებდი სასწავლო კურსს, სადაც რამდენიმე საგანი იქნებოდა გაერთიანებული. უარი მითხრეს, ამას მშობლები გააპროტესტებენო, –  მოსწავლეებს ტესტების მოსამზადებლად დრო აღარ დარჩებათო. ბუნებრივია, სახელმწიფო ქმნის ამ ჩარჩოს და შემდეგ ხდება ამ მიზნების გაუარესება“.

სიმონ ჯანაშიას აზრით, სკოლა მხოლოდ  ტესტებზე რომ აღარ იყოს ორიენტირებული, აუცილებელია შეიცვალოს უმაღლესში მიღების სისტემაც. მისი აზრით, მისაღებ გამოცდებზე გადამწყვეტი უნდა იყოს უნივერსიტეტის წარმოდგენა, თუ რა უნდა იცოდეს იქ შემსვლელმა. ეს შეიძლება იყოს გამოცდილება და ცოდნა, რომელიც არ მტკიცდება მხოლოდ გამოცდებით: `სკოლაში 12 წლის განმავლობაში მიღებული ნიშნები საერთოდ არაფერში ითვლება. ასევე არ ფასდება სოციალური უნარები. საქველმოქმედო ჯგუფის დამაარსებელი თუ არის მოსწავლე, ის უფრო მარტივად ვერ მოხვდება სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე, რადგან უნდა ჩააბაროს სტანდარტული ტესტები. აბიტურიენტს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სხვანაირად დაადასტუროს, რომ ისიც ღირებულია უნივერსიტეტისთვის და მხოლოდ ერთსა და იმავეს კეთებაზე აღარ იქნება ჩაციკლული“.

სიმონ ჯანაშიას თქმით, ამის პრაქტიკა არსებობს მაგისტრატურაში, როცა მხოლოდ ტესტური ქულებით კი არ ირიცხება ადამიანი, არამედ უნივერსიტეტის ქულებისა და სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით.

სიმონ ჯანაშიას აზრით, ეს არ არის რთულად გადასაჭრელი პრობლემა, რადგან ამის გარკვეული გამოცდილება უკვე არსებობს:  „ყველაზე რთული მაინც ინსტიტუციური კულტურის ჩამოყალიბებაა, სადაც მასწავლებელს შერცხვება იმის გამო, რომ მოსწავლეს აზეპირებინებს. დღეს ეს ზეპირობა სკოლებში სირცხვილად არ ითვლება“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: