Batumelebi | სასამართლო განხილვა ქობულეთში მომხდარ მკვლელობაზე, სადაც პოლიციელი დაჭრეს სასამართლო განხილვა ქობულეთში მომხდარ მკვლელობაზე, სადაც პოლიციელი დაჭრეს – Batumelebi
RU | GE  

სასამართლო განხილვა ქობულეთში მომხდარ მკვლელობაზე, სადაც პოლიციელი დაჭრეს

22 წლის არჩილ ტ.-ს საქმეს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი განიხილავს. მას განზრახ მკვლელობის გარდა, სამი პირის სხეულის მძიმე და მსუბუქ დაზიანებებში ედება ბრალი. ამ სამიდან ერთ-ერთი პოლიციის თანამშრომელია – მირიან ნოღაიდელი. შემთხვევა მიმდინარე წლის 26 აგვისტოს ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.

დაზიანებები თვალსა და სხეულის სხვადასხვა ადგილზე თავად ბრალდებულსაც ჰქონდა, თუმცა ამ მიმართულებით გამოძიება არ დაინტერესებულა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მას სხეულის მსუბუქი დაზიანება დაუფიქსირდა ჯანმრთელობის მოუშლელად.

დღეს მოწმედ დაკითხულ გამომძიებელს, ვაჟა ბურკენაძეს, ადვოკატმა ზვიად მარკოიძემ ჰკითხა, ახსოვდა თუ არა რა სახის დაზიანებები ჰქონდა არჩილს და სცადა თუ არა გამოძიებამ ამის დადგენა.

„არ მახსოვს, რა დაზიანებები ჰქონდა… რაც შეეხება ცალკე გამოძიების წარმოებას, ეს არ იყო ჩემი კომპეტენცია. ამას წყვეტს პროკურატურა,“ – თქვა გამომძიებელმა. მოგვიანებით მან დაცვის მხარეს მიმართა: „გამახსენდა, მას ჩასინიაკებული ჰქონდა თვალი…. ჩხუბში მონაწილეობდა და ალბათ მაგ დროს მიიღო დაზიანება. რადგანაც ჰქონდა სისხლჩაქცევა თვალზე, მაგიტომ დავნიშნეთ ექსპერტიზა ბრალდებულის შემთხვევაზეც“.

26 აგვისტოს შემთხვევის შედეგად ნოდარ გ. გარდაიცვალა, მას მრავლობითი ჭრილობები დანით ჰქონდა მიყენებული. საქმეში დაზარალებულად ცნობილი სხვა პირების ჩვენებები ჯერ სასამართლოს არ მოუსმენია, მათ შორის, პოლიციელის, რომელიც იმ დროისთვის სამსახურებრივ უფლებამოსილებას არ ასრულებდა და შემთხვევით შეესწრო ჩხუბს.

როგორც ბრალდებულის ოჯახის ახლობლებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, ჩხუბში მონაწილე პირები ქობულეთის საფეხბურთო გუნდის „შუქურას“ ყოფილი ფეხბურთელები იყვნენ და მათ დაპირისპირება 26 აგვისტომდე კაფე „ჰავანასთან“ ჰქონდათ. მათი თქმით, გარდაცვლილი და ბრალდებული მეგობრობდნენ. ოჯახის ახლობლებს სხვა დეტალებზე საუბარი ამ დროისთვის არ სურთ.

ბრალდებულის კიდევ ერთი ადვოკატი, რამინ პაპიძე მიიჩნევს, რომ დღევანდელ პროცესზე გამოძიების სუსტი მხარეები გამოჩნდა: „გამოძიებას ექსპერტიზისთვის არ დაუსვამს კითხვა, როგორი იყო მიყენებული ჭრილობის სიღრმე. მხოლოდ ჭრილობის სიგრძე-სიგანის დადგენით ვერ იქნება ლოგიკური იმის მტკიცება, რომ მიყენებულმა ჭრილობამ განაპირობა სიკვდილი… ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ მას თავს დაესხნენ და მოგერიების გამო გამოიყენა დანა. ის გამორიცხავს დაპირისპირების ქონას ნოდარ გ.-თან, რომელიც გარდაიცვალა. ჩვენ პროკურატურას ასევე შევთავაზეთ გამოეკითხათ ჩხუბის მონაწილე სხვა პირები, რომლებიც დაზარალებულად არ არიან ცნობილი, მაგრამ ამ ჩხუბის მონაწილე პირები არიან. ამაზე დაუსაბუთებლად გვეთქვა უარი“.

სასამართლომ დღეს, 7 დეკემბერს, ასევე მოისმინა ექსპერტის ჩვენება, რომელმაც დაზარალებული პირებისა და ბრალდებულისთვის მიყენებულ დაზიანებებზე დასკვნა დადო. საქმის განხილვა 14 დეკემბერს გაგრძელდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი