რუსეთში 7 წელი მიუსაჯეს მასწავლებელს, რომელმაც ბავშვებს ბუჩას დანაშაულებზე უამბო

რუსეთში, მოსკოვის ოლქის სერპუხოვის საქალაქო სასამართლომ რუსული ენისა და ლიტერატურის 65 წლის მასწავლებელს, ნატალია ტარანუშენკოს დაუსწრებლად მიუსაჯა შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა რუსული არმიის შესახებ „ყალბი ინფორმაციის გავრცელების“ ბრალდებით.

მედიის ცნობით, გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 23 ივნისს იქნა მიღებული, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ გუშინ, 1-ელ ივლისს გახდა ცნობილი. სასამართლომ ქალს სამი წლით მასწავლებლად მუშაობაც აუკრძალა.

ნატალია ტარანუშენკოს წინააღმდეგ საქმე 2024 წლის ზაფხულში აღიძრა. დევნის მიზეზი იყო საკლასო საათი „სიკეთის გაკვეთილი“, რომელიც ნატალია ტარანუშენკომ ჯერ კიდევ 2022 წელს ჩაატარა მოსკოვის ოლქის ქალაქ პროტვინოს N1 სკოლაში.

გაკვეთილზე მასწავლებელმა სკოლის მოსწავლეებს უამბო უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსული არმიის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, აჩვენა რამდენიმე ვიდეო უკრაინული მედიიდან და უკრაინაში რუსეთის შეჭრას საერთაშორისო სამართლის დარღვევა უწოდა.

მოგვიანებით მასწავლებელი დაასმინეს სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეების მშობლებმა: უკრაინაში რუსეთის ომის მონაწილემ, არტემ ალექსანდროვმა და ბიზნესმენმა დიმიტრი ნაავგუსტმა, რომელიც რუსეთის ფრონტზე დახმარებას აგზავნის.

მასწავლებლის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარში მოსწავლეების მშობლებმა განაცხადეს, რომ ქალის სიტყვებმა „მათ შვილებს ფსიქოლოგიური ტრავმა და ფსიქიკური ტანჯვა მიაყენა“.

მალე ტარანუშენკომ რუსეთი დატოვა და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასზე ძებნა გამოაცხადა.

2024 წლის ივლისში მასწავლებელი რუსეთის მოთხოვნით სომხეთში დააკავეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს.

„ოცნების“ პარლამენტმა გახარიას პარტიის დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყვიტა

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა გახარიას პარტიის წევრებს მანდატები შეუწყვიტა „არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენის გამო“.

პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა გახარიას პარტიის ყველა წევრს: გიორგი გახარიას, თეონა აქუბარდიას, ანა ბუჩუკურს, ლევან გოგიჩაიშვილს, ზაზა თავაძეს, ბექა ლილუაშვილს, ნათია მეზვრიშვილს, ბერდია სიჭინავას, კახაბერ ქემოკლიძეს, როინ ქოჩორაშვილს, დიმიტრი ცქიტიშვილს და ზვიად ძიძიგურს.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით, პარტიამ – „გახარია – საქართველოსთვის“ 12 მანდატი მოიპოვა, თუმცა გახარიას პარტიას, მსგავსად ბარიერგადალახული სხვა ოპოზიციური პარტიებისა, მანდატები არ გამოუყენებია და პარლამენტში არ შესულა.

ამავე დროს, სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, გახარიას პარტიას საპარლამენტო სია არ ჩაუხსნია, რაც იმას ნიშნავს, რომ გახარიას პარტიის სხვა წევრებს, რომლებიც სიაში პირველი 12 წევრის მერე მოდიან, შეუძლიათ პარლამენტში შევიდნენ.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 2 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 022 090 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 110]
  • ტანკი – 10 985 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 22 931 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 29 794 ერთეული [+40]
  • MLRS – 1 427 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 191 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 420 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 43 013 ერთეული [+73]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 436 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 53 786 ერთეული [+90]
  • სპეცტექნიკა – 3 921 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 2 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 663 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 66 608 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 612 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 106 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 573 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 26 847 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 37 551 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ესაა სისტემის შემზადება ნარკოტიკების მასიური ჩადებებისთვის“ – იურისტის კომენტარი

იურისტი საბა ბრაჭველი ფეისბუქზე ეხმიანება „ოცნების“ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს. საუბარია კანონში გზის გადაკეტვის საფუძვლით დაჯარიმების გასაჩივრების მექანიზმში ცვლილებასა და კანაფის ან მარიხუანის შეძენა-შენახვა-მოყვანასთან დაკავშირებით სასჯელის გამკაცრებაზე.

„ბათუმელები“ სრულად, სტილის დაცვით გთავაზობთ იურისტის კომენტარს.

„არის კანონები, რომლებსაც ქოცები მხოლოდ თქვენს დასაშინებლად იღებენ და კანონები, რომლის გამოყენებასაც მართლა აპირებენ. გუშინ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებში ორივეს მაგალითი გვხვდება.

პირველის მაგალითი გზის გადაკეტვის ჯარიმის გასაჩივრების ცვლილებაა. როგორც გახსოვთ, თებერვალში ახალი წესი შემოიღეს, შსს-ს მაქსიმალურად ბევრი ჯარიმა რომ დაეწერა და რუსთაველის გადაკეტვა შეჩერებულიყო. მაშინ ვვარაუდობდით, რომ შსს ამდენი ჯარიმის პროცესინგს ვერ აუვიდოდა და ჯარიმების გადახდა დროში გაიწელებოდა. ეს ასეც მოხდა და თებერვლის შემდეგ ჯარიმების ჯერ მხოლოდ მცირე ნაწილია სასამართლოში გადაფორვარდებული.

ამიტომ, მაშინ ვამბობდით, რომ ამ ცვლილებას რუსთაველზე არანაირი გავლენა არ უნდა მოეხდინა – ერთი შსს-ის ბუღალტერიაში გაჭედვის გამო, მეორე იმიტომ, რომ პირბადეებით გზის გადაკეტვა მთელ ამ შრომას წყალში ყრიდა, და მესამე – ბოლოს და ბოლოს, ვისაც ჯარიმას დაუწერდნენ, ფონდები უნდა მიხმარებოდნენ.

მესამე ნაწილი შეიცვალა, რადგან ფონდები დააყადაღეს და იმ ერთში, რომელიც მუშაობს, ბიზნესი ფულის გადარიცხვას არ ჩქარობს. თუმცა, პირველი ორი ძალაშია და რუსთაველის გადაკეტვაც გრძელდება.

პროგნოზის მსგავსად, ასევე ვერ იმუშავა დაშინებამ იმის შესახებ, რომ ადამიანებს მასიურად 30 და 60 დღით გაუშვებდნენ იზოლატორებში – რადგან ჯამურად მთელ ქვეყანაში სულ რამდენიმე ასეული ადგილია და ამხელა პატიმრობები თვითონ არ აწყობთ.

ახლა რა შეცვალეს? შსს ადგა და ჯარიმების ბუღალტერია, რაც თებერვლის შემდეგ ჰქონდა შეტენილი, სასამართლოს გადაულოცა. ამ წვალების მოშორება ალბათ ახალი მინისტრის ერთ-ერთი მოთხოვნაც იყო. პრაქტიკაში მხოლოდ ის იცვლება, რომ ვისაც გასაჩივრებულ ჯარიმაზე ჩემსავით შსს-ს პასუხს ელოდით, პირდაპირ სასამართლო დაგიკავშირდებათ, ხოლო ამიერიდან ვისაც დაგჭირდებათ გასაჩივრება – საჩივარი სასამართლოში უნდა ჩააბაროთ.

ამრიგად, ეს ცვლილება დამაშინებლად ჟღერს, მაგრამ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. თუ აქამდე ბუღალტერია და ბექლოგი შსს-ს ჰქონდა შეტენილი, ახლა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების განმხილველ შვიდ მოსამართლეს ექნება. რამდენად სწრაფად შეძლებენ იმის დაპროცესებას, რაც შსს-ს თვეები არ გამოუვიდა, მაგას ერთად ვნახავთ.

ანალოგიურად, დამაშინებლად ჟღერს 30-დღიანი პატიმრობა ჯარიმების გადაუხდელობის გამო და შეიძლება, საჩვენებლად, ვინმეზე გამოიყენონ კიდეც, მაგრამ მასიურად ამხელა პატიმრობებს ვერც ახლა აწევენ. მოკლედ, ეს ცვლილებები მხოლოდ თქვენი დაშინების მორიგი მცდელობაა, თორემ მათთვის, ვინც რუსთაველზე პირბადით გადის, არაფერი იცვლება.

მეორე ცვლილების – იმ კანონის მაგალითი, რომლის გამოყენებასაც ნამდვილად აპირებენ – სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში შემავალი ცვლილებებია. მატერიალურ კოდექსში ხომ ცალკე შემოიტანეს 6 (ექვს) წლამდე ციხე ხუთი გრამი მარიხუანას ფლობისთვის, მაგრამ საპროცესო კოდექსში კიდევ უარესი ქნეს. ახალი ცვლილებებით სრულად საიდუმლოვდება საკვანძო მოწმეების ვინაობა, რომელსაც ბრალდება და გამამტყუნებელი განაჩენი შეიძლება დაეყრდნოს.

კერძოდ, იმ პირ(ებ)ის ვინაობა, ვინც გამოძიებასთან თანამშრომლობს, შეიძლება დაიფაროს გამოძიების ყველა მასალაში, საპროცესო დოკუმენტში, სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე.

მისი ვინაობა არსად არ მიეთითება, შეუძლებელი იქნება მისი ამოცნობა, სასამართლო დარბაზში დაკითხვა.

ეს ნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი შეიძლება დაეყრდნოს ისეთ მთავარ მტკიცებულებას – მოწმის ჩვენებას, ვისი ვინაობაც არავინ იცის პროკურორის და მოსამართლის გარდა, ვისი გამოკვლევის უფლება დაცვის მხარეს არ მისცემია და დაცვის მხარეს ელემენტარულად იმის გადამოწმებაც კი არ შეუძლია, ერთ ცრუ მოწმეს ხომ არ იყენებენ ყველა საქმეში (რაშიც აქამდე შსს არაერთხელ გამოუჭერიათ).

ეს არ არის ნარკოპოლიტიკის გამკაცრება, ეს არის სისტემის შემზადება ნარკოტიკების მასიური ჩადებებისთვის, რომელსაც ვეღარც ჟურნალისტები გააშუქებენ, ვეღარც კამერები გადაიღებენ და ახლა უკვე – ვეღარც თვითონ დაცვის მხარე გამოიკვლევს სათანადოდ.

ეს არის ქოცების მართლმსაჯულება და ვისაც ეს წესები მოგწონთ, ამავე კანონებით განსჯა მისურვებია.

ხოლო ჩვენ, ვინც საღამოობით სუფთა ჰაერზე ვიკრიბებით, ეს ტრადიცია პირბადეებით უნდა გავაგრძელოთ და, შეძლებისდაგვარად, მარტოებმა არ ვიაროთ ხოლმე. დანარჩენი უცვლელია“ – წერს საბა ბრაჭველი.

ამავე თემაზე: 

მარიხუანას მოხმარება დასჯადი ხდება, 5 გრამ მარიხუანაზე კი 6 წლამდე პატიმრობა იქნება

„ხალხი, რომელსაც ახლა სცემენ, თქვენი დაცვის წინა ხაზია“ – ზურაბ ჯაფარიძის მიმართვა მდუმარეებს

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, მორიგ წერილს ავრცელებს ციხიდან. წერილით, რომელიც მისი ფეისბუქის გვერდზე დღეს, 1-ელ ივლისს, საღამოს გამოქვეყნდა, ზურა ჯაფარიძე მათ მიმართავს, ვინც არსებულ პოლიტიკურ კრიზისში დუმილს ირჩევს.

„ბათუმელები“ სრულად, სტილის დაცვით გთავაზობთ მის წერილს.

„ყველას მოგადგებიან“, „ყველას შეგეხებათზეც“დავწერ ორ სიტყვას.

ხშირად მესმის ეს ფრაზა ბოლო დღეებში TV-დან, მაგრამ განცდა მრჩება, რომ შინაარსი ან არ გვესმის, ან ბოლომდე არ გვაქვს გააზრებული. შესაბამისად, ვისაც მივმართავთ, იმათზეც ნული ეფექტი ექნება. ასეთი განცდა მრჩება, შეიძლება ვცდები.

ამიტომ, ერთხელ მეც ავხსნი და იმ ხალხს მივმართავ – ვინც დღეს დუმს; იქითაა და დუმს იმიტომ, რომ ერიდება საკუთარი პოზიციის საჯაროდ დაფიქსირება; ან აქეთაა და დუმს, რადგან ფიქრობს, რომ საშიში გახდა საჯაროდ პოზიციის დაფიქსირება;

ორივე ბანაკის მდუმარეთ, მოკლედ:

1. ხალხი, რომელთაც ახლა სცემენ, აჯარიმებენ, იჭერენ, აშინებენ, იყო და ჯერ კიდევ არის – თქვენი დაცვის წინა ხაზი. მიუხედავად იმისა, მოგწონთ თქვენ არსებული პოლიტიკური & NGO სპექტრი თუ არა.

ეს ხაზი თუ და რომ გაქრება, თქვენ აღმოჩნდებით სრულიად დაუცველი რუსული ტიპის უსულო და სასტიკი სისტემის წინაშე. მერე ხმის ამოღება, გაცილებით რთული იქნება და რომც იყვიროთ, მშველელი არ იარსებებს.

2. სინამდვილეში, ეს ბოროტება თქვენ უკვე მოგადგათ, უბრალოდ, ამას არ აღიარებთ.

დუმილი რომ გიწევთ „გადარჩენისთვის“, ამაზე ტრაგიკული რა უნდა იყოს? ფიქრის და მეტყველების უნარი არის ის, რის გამოც ადამიანი გქვიათ. ახლა იქეცით პირუტყვებად და ფიქრობთ, რომ ჯერ თქვენამდე არ მოსულა უსამართლობა?!

3. რეჟიმი გახდება გაცილებით რეპრესიული. ეს გარდაუვალია.

თუ ლოიალური არ ხარ, საქართველოში ვერ იარსებებ, პირდაპირი მნიშვნელობით.

ყველა საბიუჯეტო & ნახევრად საბიუჯეტო ორგანიზაციას გაწმენდენ.

ყველა ე.წ. სახელმწიფო კომპანიასაც.

ყველა „ბიზნესს“, ვინც ბიუჯეტიდან იღებს ფულს.

ყველა „ბიზნესს“, რომელსაც რაიმე სახის, თუნდაც უმნიშვნელო ნებართვა სჭირდება სახელმწიფოსგან.

შემდეგ უკვე ყველა ბიზნესს.

შეიძლება ფიქრობთ, რომ გააგრძელებთ ჩუმად ყოფნას და ეს ყველაფერი აგცდებათ. შენგენის ვიზასაც აიღებთ ბოლოსდაბოლოს. აქ ცდებით. ეს არ არის ის მთავარი, რაც „შეგეხებათ“ აუცილებლად.

4. ასეთი რეჟიმი ადამიანს ხრწნის ნაბიჯ-ნაბიჯ.

თქვენი დღევანდელი დუმილი მხოლოდ თქვენი მხრიდან ამ მიმართულებით გადადგმულ პირველ ნაბიჯზე მიუთითებს. მაგრამ ცდებით, როცა გგონიათ, რომ ასე შეძლებთ გაგრძელებას.

დუმილი დღეს არის (ვიღაცებთან მიმართებაში უკვე აღარ) საკმარისი რეჟიმისთვის, ხვალ აღარ იქნება.

ხვალ მოგიწევთ ხმამაღლა გაამართლოთ არამხოლოდ ყველა ის არაადამიანობა, რაც უკვე ჩაიდინა რეჟიმმა, არამედ გაცილებით უარესები, რასაც აწი ჩაიდენს.

ხვალ მოგიწევთ საჯაროდ დაი&ლეოთ თავი და იმ შტერი გოგოსავით (გვარი დამავიწყდა, მონა რომ ეძახეს და იჩივლა) ამტკიცოთ, რომ დიპსტეიტი გვებრძვის.

ხვალ მოგიწევთ თავზე 1 კგ ვაზელინის წასმა და ბიძინას ტ%აკში შეყოფა და მანდაც საშინელ კონკურენციაში იქნებით.

ხვალ უკვე საჯაროდ მოგიწევთ მხარი დაუჭიროთ კრიტიკულად განწყობილების წამებას, გოგოების ცემას და ციხეში ჩასმას, ფეხმძიმე გოგოსთან სახლში შევარდნას, წაქცეულის ჩაწიხვლას და ა.შ.

ხვალ დუმილი ეჭვის საფუძველი იქნება. ხვალ საჯარო დედამო%&ნულობაზე იქნება რეჟიმისგან მოთხოვნა. ამას ნიშნავს – „თქვენც შეგეხებათ“. გარდაუვალია ეს.

5. თქვენი მთავარი პრობლემა ის კი არ იქნება, რომ ბიზნესს აგახევენ (ამასაც იზამენ), ან ის რომ პარიზში ვეღარ წახვალთ უვიზოდ, თქვენი პრობლემა იქნება ის, რომ საკუთარ შვილებს ვერ ჩახედავთ თვალებში.

რა უნდა ასწავლოთ მათ? რომ კობახიძე-პაპუაშვილივით (თალაკვაძესაც არ დავივიწყებდი, ნამეტანი დაუზიანებელი გაქრა) ტრაკი უნდა ლოკონ თუ წარმატება უნდათ ცხოვრებაში? თუ იმას ეტყვით: შვილო, მე იმიტომ ვლოკავ, რომ შენ აქედან გაქცევა შეძლო და იგივე არ მოგიწიოსო? საკუთარი შვილების თვალში ჩმორად გამოჩენა ან შვილების ნაბიჭვრებად აღზრდა – ეს არჩევანი გექნებათ.

ამასაც ნიშნავს ეს „თქვენც შეგეხებათ“. არც პირველი იქნებით, არც უკანასკნელი, ვისაც ეს დამართვია. ვისაც ეგონა არ დაემართებოდა და მაინც ვერ ასცდა.

და არ გიშველით – „მე ხომ პოლიტიკოსი არ ვარ“, „მე ჩემ საქმეს ვაკეთებ“, ვერაფერს ამოეფარებით მერე, ვერც ახლა ეფარებით.

თქვენი დუმილი ყვირის, უბრალოდ თქვენ არ გესმით.

6. რა უნდა გააკეთოთ?

ჯერ პატარა ყვერები უნდა გამოიბათ და ამ ილუზიიდან გამოხვიდეთ, რომ თქვენ არ შეგეხებათ აქაური „კადიროვშინა“.

მერე კი, ყველაფერი გააკეთოთ, რაც შეგიძლიათ ყველაფერი, რაღაც მსხვერპლზეც წახვიდეთ, რომ არ დაკარგოთ შანსი – შვილებს ამაყად ჩახედოთ თვალებში, რომ მათაც არ მოუკლათ ასეთი შანსი.

7. სადღაც მაქვს მოსმენილი: ადამიანები რომ დააყენო და ჰკითხო: მსოფლიო ომის დროს რომ ჩაგსვან, შინდლერი იქნებოდი თუ კონცლაგერის გუშაგიო, 100-დან 100 ამბობს შინდლერს.

რეალობა განსხვავებულია. შინდლერი 1 იყო. გუშაგები, რომლებიც „თავის საქმეს აკეთებდნენ“, ათობით ათასი.

ჩვენ არ გვჭირდება შინდლერი, გრიგოლ ფერაძე გვყავს მაგალითად. და დღესაა, ახლაა ის დრო, როდესაც მორალური არჩევანია გასაკეთებელი. არც ხვალ, არა ერთ თვეში, არა 1 წელში, არამედ დღეს.

და დუმილი დღეს უზნეო, ჩმორის არჩევანია. არჩევანი, რომელიც ხვალ აღარ იარსებებს.

აქვე და ამით დავასრულებ, გამიგრძელდა ისევ, 1-2 უკმაყოფილო მაგრამ მოზომილი პოსტი FB-ზე, 1-2 გასვლა ხალხმრავალ აქციაზე, შეიძლება დასაფასებელია ამ ვითარებაში, მაგრამ არც საკმარისია და არც ხმის ამოღებად გეთვლებათ. ნუ დაემსგავსებით იმ სპორტსმენებს, რუსთაველზე რომ ხალხს აწამებდნენ და „ევროპა კარგია“ პოსტებს დებდნენ.

ადამიანობას კარგავთ, არ არსებობს რამე უფრო ძვირფასი, რაც შეიძლება სასწორის იქეთ პინაზე იდოს.

ამოიღეთ ხმა. გადით ქუჩაში. იბრძოლეთ.

ამ ბრძოლას ათასწლეულებია ვიგებთ. ადრე თუ გვიან, ახლაც მოვიგებთ“ – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თვეზე მეტია პატიმრობაში იმყოფება. იგი 22 მაისს დააკავეს და 7 თვით პატიმრობა მიუსაჯეს ე.წ. „წულუკიანის კომისიაზე“ გამოუცხადებლობის გამო.

ამავე მიზეზით, „ოცნების“ სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა ოპოზიციის სხვა ლიდერებსაც. ბოლო მონაცემებით „წულუკიანის კომისიაზე“ გამოუცხადებლობის გამო პატიმრობაშია ოპოზიციის 8 წარმომადგენელი.

„ეს „ოცნებისთვის“ ცუდი ნიშანია“ – რას ნიშნავს ლონდონში საქართველოს რწმუნებულის დაბარება

„ეს უფრო ჰგავს „ოცნების“ პანიკური პოზიციიდან ნამოქმედარს. ამ შემთხვევამდე ორი-სამი თვის განმავლობაში ლონდონში სხვადასხვა ივენთი იყო, სადაც იყვნენ „ოცნების“ წარმომადგენლები, იქნებ ერთად მაინც მოვხვდეთ სადმე და ფოტო გადავიღოთო, მაგრამ ბრიტანეთის პოლიტიკა უცვლელია… „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა ლეგიტიმაცია, მათ შორის, ბრიტანეთში,“ – მიიჩნევს კემბრიჯის უნივერსიტეტის ქართველი მკვლევარი, დავით ჯინჭარაძე.

დავით ჯინჭარაძეს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელ განცხადებაზე ვესაუბრეთ – ბრიტანელებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ „ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება საქართველოს მთავრობის მორიგი მცდელობაა, შეზღუდოს თავისუფლებები და ჩაახშოს განსხვავებული აზრი“.

„ის ფაქტი, რომ ბრიტანეთში ამდენი მოვლენის ფონზე მოიცალეს საგანელიძისთვის [საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დიდ ბრიტანეთში], ეს „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან ცუდის ნიშანია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ დავით ჯინჭარაძე.

უნდა ელოდნენ ბიძინა ივანიშვილის დაჯგუფებაში ბრიტანულ სანქციებს? – „ბათუმელებმა“ დავით ჯინჭარაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარია და „თავისუფლების ფონდის“ დამფუძნებელი, ასევე, მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ წევრი.

  • ბატონო დავით, რას აჩვენებდა თქვენთვის დღევანდელი შემთხვევა? ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს და გააპროტესტეს „ქართული ოცნების“ მხრიდან დიდი ბრიტანეთის და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ წამოწყებული ცრუ ბრალდებების და საჯარო თავდასხმების სერია. 

ეს არის პასუხი ბოლო, დაახლოებით ერთთვიან კამპანიაზე, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწარმოებს დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ.

აქამდე ბრიტანეთი იყო ინფორმირებული ყველაფერზე, რაც საქართველოში ხდებოდა, თუმცა დიდი ბრიტანეთი არ იყო ქვეყანა, რომელიც ისე აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ამბებში, როგორც, მაგალითად, ესტონეთი, ლატვია ან ლიეტუვა.

დაახლოებით ერთი თვის წინ „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო დიდ ბრიტანეთზე თავდასხმები, „იმედზეც“ იყო სიუჟეტი, რომ აი, ელჩი თითქოს რევოლუციურ სცენარებს დებს და საელჩოს ერთ-ერთი ივენთის ფოტოები გამოაქვეყნეს, ამ დროს საელჩოში ჯერ საელჩოს თანამშრომლის დაბადების დღე აღნიშნეს, შემდეგ იყო მეფის დაბადების დღე…

  • რის მიღწევა სცადა ამით „ოცნებამ“, თქვენი დაკვირვებით, მით უმეტეს, როცა ცნობილია ბრიტანეთის სანქციების ძალა? 

ბრიტანეთს აქვს გასაღები სანქციების, რომელიც თუ ეხება ადამიანს, ეხება მის ყველა ფინანსურ ასპექტს. როგორც ვნახეთ, ივანიშვილი დაასანქცირა აშშ-მ, მაგრამ ეს მის ყველა ქონებაზე არ გავრცელდა. ბრიტანეთი თუ ასანქცირებს, ასანქცირებს ბოლომდე. ივანიშვილის და რუხაძის [ირაკლი რუხაძე, TV იმედის მფლობელი], შემთხვევაში კი, ძალიან ბევრი რამ ეხება დიდ ბრიტანეთს.

მეორეა სანქციების ბიზნესასპექტი: ბრიტანული კომპანიები საქართველოში სტრატეგიულ როლს თამაშობენ, მაგალითად, BP British Petroleum საქართველოშია. წინა წელს შემოვიდა British Airways-ი და Easy jet-ი. საქართველო არის ერთგვარი დერეფანი და მას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა ნავთობის და გაზის არქონის მიუხედავად, თუმცა, როცა შემოდის ბრიტანული კომპანიები ქვეყანაში, ჩნდება მოლოდინიც – ბრიტანეთმა საკუთარი ბიზნესი უნდა დაიცვას.

გამიჭირდება იმის თქმა, რა გათვლით მოქმედებს ივანიშვილი. მე რომ ვიყო ივანიშვილის ადგილას და მომინდეს ავტორიტარიზმის გამყარება, ასე სწრაფი ტემპით ამას არ გავაკეთებდი, არ გადავიმტერებდი იმ ქვეყნებს, რომლებიც შედარებით ნეიტრალურად იყვნენ განწყობილი „ოცნების“ მიმართ დიპლომატიის თვალსაზრისით – დადებითად განწყობილი არავინ იყო უნგრეთის გარდა, ნეიტრალურ-დიპლომატიური განწყობა კი ბრიტანეთს ახასიათებს ყველასთან.

დავით ჯინჭარაძე

ეს უფრო ჰგავს „ოცნების“ პანიკური პოზიციიდან ნამოქმედარს: ამ შემთხვევამდე ორი-სამი თვის განმავლობაში ლონდონში სხვადასხვა ივენთი იყო, სადაც იყვნენ „ოცნების“ წარმომადგენლები, მაგალითად, „ოცნების“ განათლების მინისტრი. ამ შეხვედრებზე, მართალია, არ იყო ბრიტანული მთავრობის პირველი დონის მინისტერიალი წარმოდგენილი, მაგრამ ვიღაც მაინც ესწრებოდა – ცხადია, იმიტომ არა, რომ ქოცებთან შეხვედრა უნდოდა, არამედ ბრიტანული ივენთი იყო და იქნებოდა ვინმე მთავრობიდან.

ჩანდა, რომ „ოცნება“ ცდილობდა როგორმე ლეგიტიმაცია მოეპოვებინა. განათლების ფორუმის შემდეგ, მაგალითად, დადეს ფოტოები ბრიტანეთის მთავრობის გარკვეულ წრეებთან, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა ლეგიტიმაციის მიღება, მათ შორის, ბრიტანეთში.

კიდევ ერთი ფაქტორია „თავისუფლების ფონდი“, რომლის დამფუძნებელიც მე ვარ, ასევე „ფრანკლინის კლუბი“, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა „ქართული ოცნებისთვის“, ეს ბევრ ოპოზიციურ პარტიაზე მეტი პრობლემა იყო „ოცნებისთვის“. ამ კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელიც ბრიტანეთშია.

ჩვენ რეგულარულად დავდივართ ლონდონში შეხვედრებზე ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლებთან, ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ საქართველოს საქმეზე არიან პასუხისმგებელი. ჩვენ არ ვიღებთ ფოტოებს ამ ადამიანებთან, როგორც ამას „ქართული ოცნება“ აკეთებს, ზოგიერთი შეხვედრა კონფიდენციალურია, მაგრამ ამის შესახებ „ოცნებაში“ იციან და გადაწყვიტეს ეთქვათ ისიც, რომ პროტესტი, აი, ბრიტანეთიდან იმართება.

„ოცნებამ“ იცის ისიც, რომ თუ, მაგალითად, რუხაძეს ბრიტანეთი დაასანქცირებს, „იმედს“ ძალიან დიდი პრობლემები შეექმნება.

ბრიტანეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც დაასანქცირა ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობდა სისტემურ წამებაში. ბრიტანეთი მსგავს გადაწყვეტილებებს არ იღებს შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე. ამიტომ სჭირდება სანქციების დაწესებას ამდენი დრო, რადგან მტკიცების ტვირთი საკმაოდ მაღალია. მათ უნდა იცოდნენ გარანტირებულად, რომ ვისაც დაასანქცირებენ, მას არ ექნება შესაძლებლობა, რომ ეს გაასაჩივროს.

  • ბრიტანეთის საგარეო უწყების დღევანდელი განცხადება საქართველოზე ნიშნავს იმას, რომ ბრიტანულ სანქციებს „ოცნებაში“ ისევ უნდა ელოდნენ? 

დღევანდელი განცხადება შედის ბრიტანეთის პოლიტიკაში, რაც მას აქამდე ჰქონდა „ქართულ ოცნებასთან“.

ბევრმა არ იცის ამის შესახებ და ჰგონია, რომ პასიური როლი აქვს ბრიტანეთს. რეალურად კი, ბრიტანეთში ამ დრომდე არც კი ხვდებიან უმაღლესი დონის შეხვედრებზე „ქართული ოცნების“ არცერთ წარმომადგენელს, პირდაპირ უარს ეუბნებიან და ეს არის მათი მკაცრი პოლიტიკა. ამიტომაც, სხვადასხვა ივენთზე დადიოდნენ „ოცნების“ წარმომადგენლები, იქნებ ერთად მაინც მოვხვდეთ სადმე და ფოტო გადავიღოთო, მაგრამ ბრიტანეთის პოლიტიკა უცვლელია.

საქართველოს დიდი ხანია ელჩი აღარ ჰყავს ბრიტანეთში – სოფო ქაცარავა ჩამოალაბორანტეს და ელჩად დანიშნეს ირლანდიაში, თუ დააწინაურეს, არ ვიცი. საქართველოს წარმომადგენელი არის ბაჩო საგანელიძე, რომელსაც ყველგან, სადაც რამე ღონისძიებაა ლონდონში, პროტესტი ხვდება. საგანელიძის დაბარება არის მესიჯი, რაც მათ ადრეც აქვთ ნათქვამი დახურულ შეხვედრებზე, რომ კარგად იციან, ვინც არის საქართველოში რეალური გადაწყვეტილებების მიმღები.

ეს დაბარება არის გზავნილი, რომ ბრიტანეთის ვერანაირი ეკონომიკური ინტერესი ვერ გაამართლებს „ქართული ოცნების“ რეპრესიებს. ბრიტანეთის პოლიტიკა ძალიან მკაფიოა: ეკონომიკური ინტერესი მთავრდება იქ, სადაც იწყება ადამიანის უფლებების დარღვევა – ამ შემთხვევაში უფლებების დარღვევა „ქართული ოცნების“ მიერ.

ეს ყველაფერი არის ერთიანი პოლიტიკის ნაწილი, რომელიც „ქართული ოცნების“ იზოლაციას აგრძელებს და ნებისმიერ შანსს გამორიცხავს, ბრიტანეთთან „ქართულმა ოცნებამ“ ურთიერთობის დალაგება შეძლოს.

  • რა მოლოდინი გაქვთ, ვის დაასანქცირებს ამჯერად ბრიტანეთი? 

ყველას, ვინც უშუალოდ არის ჩართული ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევაში, ბრიტანეთი დაასანქცირებს. ეს უტყუარად ასე იქნება. ვინც მენეჯმენტშია და მაღალი თანამდებობის პირია, მათ დასანქცირებას შედარებით მეტი დრო დასჭირდება, მაგრამ ეს საკითხი რომ აქტიურად განიხილება, მაქვს ეს ინფორმაცია.

ბრიტანეთი საკმაოდ ფრთხილი, მაგრამ ხისტი ქვეყანაა. მათ განაცხადეს კიდეც დახურულ და ღია შეხვედრებზეც, რომ „ქართული ოცნება“ თუ ასე გააგრძელებდა, მეტ ნაბიჯს იხილავდა ბრიტანეთისგან. ამგვარი ფორმალური გაფრთხილება იყო საგანელიძის დაბარებაც. ეს პირველი შემთხვევაა ბოლო პერიოდში, როცა საქართველოს წარმომადგენელს იბარებენ. ელჩი რომ გვყოლოდა, ელჩს დაიბარებდნენ.

ის ფაქტი, რომ ბრიტანეთში ამდენი მოვლენის ფონზე მოიცალეს საგანელიძისთვის, „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან ცუდი ნიშანია.

  • თქვენი აზრით, რა ბერკეტი შეიძლება გახდეს ბრიტანული სანქციები წინააღმდეგობისთვის საქართველოში? 

ჩვენ გვჭირდება ის, რომ სანქციებმა გამოიწვიოს წრიული რეაქცია. ვიცით, რომ სანქციები ასუსტებს რეჟიმს, მაგრამ იმისთვის, რომ სანქციებით დაასუსტო რეჟიმი, გჭირდება წინააღმდეგობა, რომელიც იწვევს სანქციებს.

სანქციები აუცილებლად იქნება, თუ პროტესტი გაგრძელდება და გამწვავდება, გახდება უფრო პრინციპული. პირველ რიგში, ამ რვა ოპოზიციურ პარტიას სხვებიც უნდა შეუერთდნენ. უნდა ვხდებოდეთ, რომ საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა და იგივე ბრიტანული მასშტაბიდან რომ გადავხედოთ საქართველოს, არ გამოვა აქ ხუთ სხვადასხვა ადამიანს ესაუბრო: საჭიროა დაწყობილი სტრატეგია და ადამიანების კონკრეტული ჯგუფი, საჭიროა ერთიანობა.

როგორც კი ჩვენ დასავლეთს ვაჩვენებთ ამ ერთიანობას და ერთი სტრატეგიის გარშემო გაერთიანებულ ოპოზიციურ ჯგუფს, პროცესი გაცილებით უფრო გაიოლდება, ვიდრე ის, რომ თითო კაცმა ვიაროთ საგარეო საქმეთა სამინისტროში და შეხვედრები ვმართოთ.

____________

ფოტოზე: ბიძინა ივანიშვილი

მარიხუანას მოხმარება დასჯადი ხდება, 5 გრამ მარიხუანაზე კი 6 წლამდე პატიმრობა იქნება

კანაფის ან მარიხუანის შეძენა-შენახვა-მოყვანასთან დაკავშირებით სასჯელი მკაცრდება. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს „ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით განიხილავს.

ცვლილება უნდა შევიდეს სისხლის სამართლის კოდექსში.

კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ წარადგინა და განმარტა, თუ რა სახის ცვლილებები შევა მასში.

გორდულაძის თქმით, ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსში ამოღებული იქნება 273-ე პრიმა მუხლი, რომელიც არეგულირებს მცენარე კანაფის შეძენა-შენახვა-გადაზიდვას, გამომდინარე იქიდან, რომ ეს მუხლი მსუბუქ სანქციებს ითვალისწინებს.

ცვლილებების შემდეგ მცენარე კანაფის ან მარიხუანის ფლობა მოექცევა სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლებში, იმავე რეჟიმში, რაც სხვა ნარკოტიკულ საშუალებებზეა დადგენილი.

„მცირე ოდენობით მცენარე კანაფის, იგულისხმება ნედლი მარიხუანა 10 გრამამდე, გამომშრალი მარიხუანა 5 გრამამდე ფლობის პირველი შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორების შემთხვევაში შეძენა-შენახვა-გადაზიდვა-გადაგზავნა, მოექცევა 273-ე მუხლის რეგულაციაში, სადაც გათვალისწინებულია სასჯელის სახით ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე“, – ასე განმარტა არჩილ გორდულაძემ წარმოდგენილი ცვლილებები.

რაც შეეხება კანაფის ან მარიხუანას ფლობაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას, არჩილ გორდულაძე განმარტავს:

„მცენარე კანაფის შემთხვევაში 10-დან 155 გრამამდე, გამომშრალი მარიხუანას შემთხვევაში 5 გრამიდან 70 გრამამდე, ხოლო ნედლი მარიხუანას შემთხვევაში 10-დან 140 გრამამდე, კანონპროექტის მიხედვით, აღნიშნული ოდენობების  შეძენა-შენახვა გამოიწვევს 260-ე მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, კერძოდ თავისუფლების აღკვეთას, ვადით 6 წლამდე.

ხოლო უკანონო დამზადება, წარმოება, გადაგზავნა ან გადაზიდვა გამოიწვევს 260 პრიმა მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას და სასჯელის სახით გათვალისწინებული იქნება თავისუფლების აღკვეთა ვადით 3-დან 7 წლამდე,“ – განმარტა არჩილ გორდულაძემ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ასევე განმარტა, რომ მკაცრდება კანონმდებლობა დიდი ოდენობის კანაფის და მარიხუანას ფლობაზე.

„რაც შეეხება დიდი ოდენობის მცენარე კანაფის, იგულისხმება 155 გრამიდან 750 გრამამდე, ან მარიხუანის გამომშრალის შემთხვევაში 70-დან 250 გრამამდე, ხოლო ნედლი მარიხუანის 140-დან 500 გრამამდე,  შეძენა/შენახვა გამოიწვევს 5-დან 8 წლამდე პატიმრობას, ხოლო დამზადება, წარმოება, გადაზიდვა და გადაგზავნა 6-დან 9 წლამდე პატიმრობას,“ – თქვა არჩილ გორდულაძემ.

გორდულაძის თქმით, „გადაისინჯება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება“.

ცნობისათვის, 2019 წლის 30 ივლისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა.

„ლიბერალურმა მიდგომებმა პირიქით გაზარდა მარიხუანას მოხმარება. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საერთოდ შეუსაბამო არის 2025 წელს არსებულ რეალობასთან.

რაც შეეხება კულტივაციას, გადაისინჯება საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება, მცენარე კანაფის მოყვანასა და კულტივაციასთან დაკავშირებით და მასზე გავრცელდება იგივე სანქციები, რაც ნარკოტიკული საშუალებების შემცველი სხვა მცენარეების კულტივაციაზე არსებობს.

კერძოდ, პროექტით მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაძლევა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობით, ანუ 155 გრამამდე მცენარე კანაფის მოყვანისათვის ასევე დადგინდება პატიმრობა, რომელიც არ უნდა იყოს 6 წელზე მეტი. ასევე დაემატება ალტერნატიული სანქციები, როგორიც არის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ან შინაპატიმრობა,“ – განმარტა არჩილ გორდულაძემ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატს ერთპარტიულ საპარლამენტო კომიტეტზე მისივე თანაპარტიელმა ჰკითხა, თუ რა იგულისხმა „საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების გადასინჯვაში“.

„კიდევ ერთხელ რომ ავხსნათ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა, მაგალითად, თავისუფლების აღკვეთის გაუქმებასთან დაკავშირებით, მაშინ ის საშუალება მარიხუანა, რომელიც არსებობდა უკანონო ბრუნვაში, იყო გაცილებით უფრო ნაკლები ზიანის შემცველი.

არ ვამბობ, რომ ზიანის შემცველი არ იყო და შეგვიძლია ფართოდ გავაკრიტიკოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, მაგრამ ამ შემთხვევაში თავს შევიკავებ. რა თქმა უნდა, იყო ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში, მაგრამ კიდევ უფრო მეტად მომატებულია ახლა ეს საფრთხე, იმიტომ, რომ უკანონო ბრუნვაში არსებობს ე.წ. ჰიბრიდული ჯიშები, გავრცელებულია მეტად, რომელიც კიდევ უფრო მეტი ზიანის მომტანია ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის და არა მხოლოდ ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. შესაბამისად, ამიტომაც ხდება ამ გადაწყვეტილების გადახედვა და თუ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდება, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ბოლომე დავიცვათ აღნიშნული პოზიცია“, – თქვა არჩილ გორულაძემ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები „ქართული ოცნების“ პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო.

ცნობისათვის, 2018 წელს ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა იდეა, ქვეყანას ეწარმოებიან მარიხუანა სამედიცინო/კოსმეტიკური მიზნებისთვის.

ივანიშვილის თქმით,  მარიხუანას წარმოებითა და ექსპორტზე გატანით შესაძლოა ქვეყნის ბიუჯეტში მილიარდი დოლარი ან უფრო მეტი შემოსულიყო.

მარიხუანას მოხმარება დასჯადი ხდება, 5 გრამ მარიხუანაზე კი 6 წლამდე პატიმრობა იქნება

თურქეთში მესამე დღეა ტყის ხანძარს ებრძვიან

თურქეთში მესამე დღეა ებრძვიან ტყის ხანძარს სხვადასხვა ადგილას, რომელთა ჩაქრობასაც ქარიანი ამინდი აძნელებს.

თურქული მედიის ცნობით, ქარის გამო ხანძარი დიდ ტერიტორიებზე გავრცელდა, რის შემდეგაც არაერთი დასახლების პრევენციული ევაკუაცია გახდა საჭირო.

ხანძარია დასავლეთ იზმირის პროვინციასა და სამხრეთ ჰატაის პროვინციაში მდებარე ტყეებში. მეხანძრეები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, სახმელეთო და საჰაერო ტექნიკით.

მუღლას სამხრეთ-დასავლეთ პროვინციაში თურქეთის ჟანდარმერიამ გააძლიერა პატრულირება ტყიან ადგილებში, ტემპერატურის მატებისა და ძლიერი ქარის პირობებში ხანძრის გაზრდილი რისკის გამო.

ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, არ დაანთონ ცეცხლი და არ გამოიყენონ ფეიერვერკი.

სინოპტიკოსები მარმარილოს, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონების დიდ ნაწილში ქარის კიდევ უფრო გაძლიერებას ვარაუდობენ, რაც ხანძრის ახალი კერების გაჩენის საფრთხეს ზრდის.

ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.

________________

ფოტოზე: ტყის ხანძარი იზმირის პროვინციაში. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/MURAT KOCABAS

 

თუ ჯარიმას არ გადაიხდით, მეორე ჯერზე დაგაპატიმრებენ – „ოცნების“ მორიგი ინიციატივა პროტესტის წინააღმდეგ

„ქართულ ოცნებას“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი ცვლილებები დაჩქარებული წესით შეაქვს.

ცვლილებები შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის: 166-ე, 173-ე, 173-ე მე-16 პრიმა და 174-ე პრიმა მუხლებს.

ეს სწორედ ის მუხლებია, რომლებიც ხშირად გამოიყენება საპროტესტო მოძრაობაში ჩართულ ადამიანებთან მიმართებით.

ცვლილებების მიღების შემდეგ, თუ აღნიშნული მუხლების დარღვევის მიზეზით დაჯარიმებული პირი შესაბამის ჯარიმას არ გადაიხდის, ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა აღარ იქნება გამოყენებული, არამედ მას ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება. პირს პატიმრობა შეეფარდება არანაკლებ ამ მუხლების შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადის ნახევრით.

აღნიშნული ცვლილება გავრცელდება გარდა იმ შემთხვევისა, თუ სახეზე არ იქნება ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების შეუძლებლობის საფუძვლები. კერძოდ, ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეიძლება შეეფარდოს ორსულ ქალს, დედას, რომელსაც ჰყავს 12 წლამდე ასაკის ბავშვი, 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირს, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს.

ასევე ცვლილება შედის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების გასაჩივრების წესშიც.

კერძოდ, თუ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევა სახდელის სახით ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას სხვა სახის სახდელთან ერთად და ამასთანავე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და სახდელის შეფარდება ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციაა, ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება ჯარიმის დაკისრების თაობაზე არ გასაჩივრდება ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) და გასაჩივრდება უშუალოდ სასამართლოში.

ამასთან, დასახელებული დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება ძალაში შევა დადგენილების გამოტანისთანავე, ხოლო დადგენილების გასაჩივრება არ შეაჩერებს მის აღსრულებას.

__________

ფოტოზე: 2023 წლის გაზაფხული, ბათუმი, სტუდენტების აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ

დაჭრა ძველ ბათუმში – სასამართლომ ორ პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმში, 25 ივნისს, სასტუმრო „ლონდონთან“ კაცის დაჭრაში ბრალდებულსა და კიდევ ერთ პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

საუბარია 25 ივნისს, ძველ ბათუმში მომხდარ შემთხვევაზე, როცა ცეცხლსასროლი იარაღით ერთი პირი დაჭრეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულა თურქეთის ორი მოქალაქე: 2004 წელს დაბადებული ა.ა. და 2001 წელს დაბადებული ბ.ი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ა.-მ, მიმდინარე წლის 25 ივნისს, ბათუმში, ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 2000 წელს დაბადებული ე.ა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ დანაშაულს შეესწრო ა.ა.-ს თანმხლები პირი , ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ბ.ი., თუმცა მან მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა“ – წერს შსს.

ბრალდებულები 28 ივნისს დააკავეს.

ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეორე პირს ბრალდება 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკურებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

________________

ფოტოზე: 25 ივნისი, შემთხვევის ადგილი. ფოტო: „ბათუმელები“

„მსგავსი არაკომპეტენტური განცხადება არ შემხვედრია“ – არჩილ გუჩმანიძე სააგენტოს პასუხობს

იქთიოლოგი არჩილ გუჩმანიძე გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებას ეხმაურება შავ ზღვაში თევზ ფუგუს ახლო ნათესავის – ვერცხლისფერი მუცელეკლიანის (Lagocephalus sceleratus) გავრცელების შესახებ. თევზი შხამიანია და საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

ინფორმაციის მედიაში გავრცელების შემდეგ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ შავი ზღვის აკვატორიაში ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში სახეობები არ ფიქსირდება  და გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში საშიში სახეობების არსებობის შესახებ „სიმართლეს არ შეესაბამება“.

დღეს, 1-ელ ივლისს, არჩილ გუჩმანიძე ფეისბუქზე გამოეხმაურა სააგენტოს და განცხადებას არაკომპეტენტური უწოდა.

„ამ სფეროში ჩემი საქმიანობის (მათ შორის სააგენტოში) 24 წლის განმავლობაში მსგავსი არაკომპეტენტური და უპასუხისმგებლო განცხადება არ შემხვედრია და აი, რატომ:

  • წარმოგიდგენთ მდინარე ჩაქვისწყლის შესართავთან ამ თევზის მოპოვების ფოტოს, რომელიც არ იცის და არც გაუგონია სააგენტოს, მაქვს მისი მოპოვების ვიდეოკადრებიც, რომელზეც მეთევზეცაა ასახული და რადგან იმ პირმა, ვინც ეს კადრები მომაწოდა, მთხოვა მისი სახე არ გამომეჩინა, მე სამეცნიერო ეთიკის დაცვით ამ კადრებს არ ვასაჯაროებ, მაგრამ თუ სააგენტო მეტ პასუხისმგებლობას არ გამოიჩენს, მომიწევს ამ კადრების ტელევიზიაში მიტანა, მეთევზის სახის დაბურვა და მისი ისე გამოქვეყნება;
  • საინტერესოა რამდენიმე დღის წინ ამ თევზის პოვნის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის გარემოსდაცვითი სტრუქტურების და მედიის მიერ გაკეთებული განცხადებები, სირცხვილია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის გარემოსდაცვითი და საკუთარი მოსახლეობის მიმართ პასუხისმგებლობა ბევრად მაღალია, ვიდრე ჩვენთან;
  • სააგენტო თავის ოფიციალურ განცხადებაში წერს, რომ მათი მონიტორინგის შედეგად „ამ დრომდე საქართველოს სანაპირო წყლებში ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში სახეობები არ დაფიქსირებულა“. არადა,  საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე 10-მდე სახეობის შხამიანი ანუ ადამიანისათვის საშიში თევზი გვხდება, მათ შორისაა მასიური სახეობებიც, მათ შორისაა დედამიწის ზომიერ სარტყელში ყველაზე შხამიანი თევზიც, რომელიც იშვიათად ლეტალურია, მათ შორის სააგენტოს მიერ ე.წ. მონიტორინგის შედეგად რამდენიმე ხნის უკან ოფიციალურად გამოქვეყნებულ ფოტოზეც იყო ერთ-ერთი შხამიანი თევზი ასახული.

ერთი წლის წინ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გამოსცა ძალზედ კარგი წიგნი (მე თანაავტორი გახლავართ)  თევზეულის კულინარიაზე, სადაც ერთი თავი შხამიან, ადამიანისათვის საშიშ თევზებს და მათთან მოპყრობის წესებს ეძღვნება.

გასაგებია, რომ სამეცნიერო ლიტერატურას თქვენ არ ეცნობით, მაგრამ იქნებ კულინარიის წიგნი მაინც წაიკითხოთ, რომ ასეთი აბსურდები აღარ გაგეპაროთ.

გთხოვთ, გამოიჩინოთ მეტი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა და პირველ რიგში პასუხისმგებლობა საკუთარი მოსახლეობის მიმართ, ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში. თითქოსდა სახელმწიფო ინტერესების დაცვაში გადაზრდილი მარაზმი აზიანებს პირველ რიგში მოსახლეობას, თავად სახელმწიფოს და შემდეგ ინსტიტუციის ავტორიტეტს, რომლის ფორმირებაშიც მეც მიმიძღვის ჩემი მოკრძალებული წვლილი“ – წერს არჩილ გუჩმანიძე ფეისბუქზე.

იქთიოლოგი არჩილ გუჩმანიძე ბიოლოგიის დოქტორია, ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ გამგეობის თავმჯდომარე. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა გარემოს დაცვის სააგენტოში.

განთიადის სკოლის სამუშაოები ვერ დასრულდა – შპს „ძმებს“ ხელშეკრულება შეუწყვიტეს

ხელვაჩაურში, სოფელ განთიადის სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაციისა და სპორტული დარბაზის მშენებლობის სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს „ძმებმა“ კვლავ ვერ დაასრულა, ხელშეკრულების ვადების არაერთხელ გაგრძელების მიუხედავად.

2025 წლის 30 ივნისს განათლების სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე ატვირთა დოკუმენტი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, თუმცა, ამ დროისთვის [30 ივნისის მდგომარეობით] პორტალზე შესყიდვას არ აქვს მინიჭებული სტატუსი – „შეწყვეტილი ხელშეკრულება“.

ტენდერისთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭების პარალელურად, წესით,  სამინისტრომ უნდა მიმართოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, რათა კომპანია „შავ სიაში“ შეიტანონ, რის შემდეგაც მას გარკვეული ვადით სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა აეკრძალება.

ხელვაჩაურში, სოფელ განთიადის სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაციისა და სპორტული დარბაზის მშენებლობის სამუშაოები აჭარის განათლების სამინისტრომ 2021 წელს შეისყიდა. სკოლაში სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 2022 წელს უნდა დაესრულებინა, თუმცა დღემდე არ დაუსრულებია.

ამ თემაზე „ბათუმელებმა“ სტატია 14 ივნისს გამოაქვეყნა, ბოლო ცვლილების მიხედვით, რაც ხელშეკრულებაში შეიტანეს, კომპანიას ხარვეზების გამოსასწორებლად და სამუშაოების საბოლოოდ ჩაბარებისთვის ვადა 20 ივნისამდე ჰქონდა.

ამ თემაზე: 97 934 ლარი დაიხარჯება სპორტდარბაზზე, რომელიც 4 წელია ვერ აშენდა – „ხდება ხოლმე, თუ პატრონი გყავს“ 

2025 წლის 20 ივნისს აჭარის განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფმა ობიექტი შეამოწმა და აჭარის განათლების მინისტრის პირველ მოადგილეს, ჯემალ სურმანიძეს აცნობა:

„2025 წლის 20 ივნისს ინსპექტირების ჯგუფის წევრები განმეორებით ვიმყოფებოდით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის რეაბილიტაციისა და სპორტული დარბაზის მშენებლობის მიმდინარეობის მოსანახულებლად… აღმოჩნდა, რომ სამინისტროს მიერ შპს „ძმებთან“ 2025 წლის 21 მაისს გაგზავნილ წერილში აღწერილი ხარვეზების მცირე ნაწილზე დაწყებულია გამოსასწორებელი სამუშაოები, მაგრამ ხარვეზების ძირითადი ნაწილი აღმოუფხვრელია.

კერძოდ: ღია სპორტული მოედნის ლითონის კონსტრუქციები კოროზირებულია, სპორტდარბაზის ფასადიდან და სახურავიდან ჟონავს წყალი, გადასაღებია სპორტდარბაზის შიდა კედლების და ჭერების ნაწილი, სპორტდარბაზის იატაკი ნაწილობრივ დაზიანებულია შემოსული წყლისგან, სპორტდარბაზის ნაწილში გათბობა არ მუშაობს, გაუმართავია კანალიზაციის სისტემა, საქვაბის საკვამლე მილი არ შეესაბამება სტანდარტებს.

ამასთანავე, 2025 წლის 20 ივნისს გადის ხელშეკრულების მოქმედების ვადა და საჭიროა მიღებული იქნას შესაბამისი გადაწყვეტილება“.

ამას დაემატა კონტროლის ჯგუფის მოხსენებითი ბარათი, სადაც აჭარის განათლების მინისტრს, მაია ხაჯიშვილს სწერენ:

„მიმწოდებელს 2023 წლის 9 თებერვალს მიეცა პირველი წერილობითი გაფრთხილება ვადაგადაცილებაზე. მეორე გაფრთხილება მიეცა 2025 წლის 28 ივლისს, ხოლო 2025 წლის 21 მაისს ასევე წერილობით ეცნობა არსებული ხარვეზების გამოსწორების და სამუშაოების დროულად დასრულების შესახებ. 2025 წლის 20 ივნისის მდგომარეობით ხარვეზები არაა გამოსწორებული სრულად, რაც დასტურდება ინსპექტირების ჯგუფის 2025 წლის 20 ივნისის მოხსენებითი ბარათით. შესაბამისად, მიზანშეწონილია შეწყდეს ხელშეკრულების მოქმედება, სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო“.

პირველი შემთხვევა არ არის, როცა ეს კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს ვერ ასრულებს.

ამავე კომპანიამ, შპს „ძმებმა“, გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში დაიწყო და ვერ დაასრულა სააგენტოს ბათუმის ოფისის მშენებლობის სამუშაოებიც. ჯამში კომპანიას 1.2 მილიონი გადაუხადეს, მაგრამ ტენდერის პირობები ვერ შეასრულა.

იმავე სამუშაოებისთვის სააგენტოს ახალი ტენდერის გამოცხადება მოუწია თითქმის იმავე თანხით – 1 მილიონ 125 ათას 875 ლარით. დოკუმენტაციით, რაც საჯაროდაა ხელმისაწვდომი, ირკვევა, რომ სააგენტომ საბიუჯეტო სახსრები სათანადოდ ვერ დაიცვა, როცა ამის მექანიზმი ხელშეკრულებაშივე ჰქონდა ჩადებული.

ამავე თემაზე: კომპანიას 1.2 მილიონი გადაუხადეს, მაგრამ ტენდერის პირობები ვერ შეასრულა – მშენებლობა ადლიაში

შპს „ძმები“ 2019 წელს დაფუძნებული კომპანიაა და მას მარად ჯიმშერაძე ფლობს. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანიის წილები დაყადაღებულია შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე. როგორც ჩანს, კომპანიას საგადასახადო დავალიანებაც აქვს.

 

„ოკუპანტი ქვეყნიდან ათასობით ადამიანის ჩამოსახლება კატასტროფული შეცდომაა“ – ინტერვიუ

„ამ ტიპის დოკუმენტის არსებობა ან მომავალში შექმნა ავტომატურად ნიშნავს, რომ ქვეყანა თავის სუვერენიტეტს თმობს და კარგავს გარანტირებულ უფლებას ამ ტერიტორიებზე“, – ამბობს კონფლიქტოლოგი გიორგი კობერიძე რუსეთის მხრიდან ჟენევის მოლაპარაკებებში აფხაზეთის და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ცალკე მხარედ ჩართვაზე.

რა პროცესებს იწყებს რუსეთი საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და ეგულება თუ არა მოკავშირედ ამ პროცესში „ქართული ოცნება“? – „ბათუმელები“ გიორგი კობერიძეს ამ თემაზე ესაუბრა.

  • მოსკოვი ითხოვს, რომ ოფიციალური თბილისი ჟენევის დისკუსიების ფარგლებში დაეთანხმოს შერიგების გზავნილებს აფხაზეთისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მიმართ და გადადგას პრაქტიკულ ნაბიჯები, რაც, რუსეთის განცხადებით, დაეხმარება „სტაბილიზაციას რეგიონში“. რუსული მხარის მტკიცებით, ეს განპირობებულია იმით, რომ კვლავ არსებობს თბილისის მხრიდან სამხედრო ძალის გამოყენებით ამ რეგიონების დაბრუნების რისკები. რის საფუძველზე საუბრობს რუსეთი რისკების გაზრდაზე, მაშინ, როცა „ოცნების“ მთავრობა მუდმივად „მშვიდობაზე“ საუბრობს?

ამ პროცესში რუსეთის მთავარი მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრიობის იმდენად დასუსტება, რომ მან პრაქტიკულად დაკარგოს თავისი სუვერენული უფლება, თავად გადაწყვიტოს, როგორ აღადგინოს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა.

ხაზს ვუსვამ, რომ საქართველოს სახელმწიფოს უფლებაა, საკუთარ ტერიტორიაზე აწარმოოს თავდაცვითი ომი, ან ანტიტერორისტული ოპერაცია ნებისმიერი შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ, რომელიც არ ექვემდებარება საქართველოს კონტროლს.

ამაზე ოფიციალურად უარის თქმა, ოფიციალურად იმის გაკეთება, რომ ქვეყანამ საკუთარ თავზე აიღოს ყოველგვარი თავდაუსხმელობა და მსგავსი რამ, მანიშნებელია ორი რამის:

პირველი, რომ ქვეყანამ საკუთარი სუვერენული უფლება დათმოს და მეორე – ეს არის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების წინაპირობა, რომ თითქოს ეს ტერიტორიები ცალკე ერთეულებია, არ არის ოკუპირებული და საქართველომ უნდა გადადგას აღიარებისკენ მიმავალი ნაბიჯები.

ასეთი ნაბიჯები არა მარტო საქართველოს, ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტს შელახავდა, რადგან ნებისმიერი ქვეყნის ერთ-ერთი გარანტირებული უფლებაა, საკუთარ ტერიტორიაზე გამოიყენოს ძალა უსაფრთხოების მიზნით, თუკი საჭიროდ ჩათვლის.

  • რუსეთი წლებია მუშაობს იმაზე, რომ ჟენევის ფორმატში აფხაზეთი და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი დასვას როგორც კონფლიქტის მხარე საქართველოს პირისპირ. ამით რუსეთი ცდილობს ოკუპანტის როლი მთლიანად გააქროს ამ კონფლიქტიდან?

მე უფრო შორსაც წავიდოდი – ჩემი აზრით, ეს არის არა გვერდზე გადგომის საკითხი, არამედ მიეცეს შესაძლებლობა ელაპარაკოს არა საქართველოს, არამედ სამ სახელმწიფოს. შესაბამისად, მისი მიზანიც ეს არის, რომ შეეძლოს ნებისმიერი რამის რეგულირება, როგორც მთავარმა მომრიგებელმა ამ სამ „სახელმწიფოს“ შორის.

ფაქტობრივად, ეს იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბოლოო, ოფიციალური დაშლა, თუკი შეძლებს ე.წ. კონფედერაციული წარმონაქმნის შექმნას. ეს კატასტროფა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ეს მისცემს რუსეთის ჯარებს ლეგიტიმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

რა შავბნელ მიზანსაც არ უნდა ემსახურებოდეს ეს (რადგან რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში კარგი მიზანი არ გააჩნია), ყველა ამ მიზნის შესასრულებლად საჭიროა, რომ ეს ორი ოკუპირებული ტერიტორია წარმოადგენდეს მხარეს.

გიორგი კობერიძე, კონფლიქტოლოგი

განა იმიტომ, რომ კონტროლი არ აქვს რუსეთს მათზე, მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრიობის სრული დისფუნქციონალიზაცია და იმდენად დეგრადირება, რომ ვერაფერზე წინააღმდეგობა ვეღარ გასწიოს და ნებისმიერი რუსული აქტივობა გახდეს ლეგალური საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

  • რუსეთის საგარეოს ამავე განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „თბილისმა, სოხუმისა და ცხინვალის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის გარანტია უნდა უზრუნველყოს შესაბამისი იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის სახით.“ ანუ კაპიტულაციას გვთავაზობენ?

კაპიტულაციის მუხლია, რადგან აძლევ ლეგიტიმაციას საოკუპაციო ძალას, ესე იგი თმობ სუვერენიტეტს. მინიმალურ ლეგიტიმაციას ამ შემთხვევაში, მაგრამ შემდგომი აქტივობებისთვის ეს ლეგიტიმაცია იქნება აბსოლუტურად განგრძობადი.

სხვათა შორის, რუსეთი ამას ითხოვდა ადრეც, 2008 წლის ომის შემდეგ ძალიან მალევე დაიწყო ამაზე საუბარი, თავიდან საერთაშორისო ორგანიზაციების გავლით ითხოვდა ამ ყველაფერს და ეს მაშინვე პრობლემა იყო.

დღეს რუსეთი თვლის, რომ ისეთი გავლენა აქვს ქართულ პოლიტიკურ ელიტაზე, შეუძლია კიდევ ერთხელ, მაგრამ ამჯერად უფრო ღიად და ხისტად, პირდაპირ დააყენოს ეს საკითხი.

ამ ტიპის დოკუმენტის არსებობა ან მომავალში შექმნა ავტომატურად ნიშნავს, რომ ქვეყანა თავის სუვერენიტეტს თმობს და კარგავს გარანტირებულ უფლებას ამ ტერიტორიებზე.

ეს პრეცედენტულია. რადგან თუკი შენ ამ აქტს აღიარებ, რა, მოტივაცია აღარ ექნება რუსეთს, რომ იგივე პრობლემები სხვა ტერიტორიებთან მიმართებით არ გაგიჩინოს ქვეყნის შიგნით? ეს ნაღმები მას ძალიან მარტივად შეუძლია შექმნას და აამუშაოს.

თუ ქვეყანა, რომელიც საკუთარ სუვერენიტეტს დათმობს და ომში დამარცხების შემდეგ კაპიტულაციის კიდევ ერთ მუხლს, ანუ ყველაზე მძიმე მუხლს იკისრებს – დაკარგული ტერიტორიების სუვერენიტეტს აღიარებს, რუსეთსაც ექნება მოტივაცია, რომ მან გაიმარჯვა და შეუძლია კიდევ ერთი პრობლემა, ნაღმი შეგიქმნას ქვეყანაში.

  • რუსეთი აყენებს საკითხს, რომ თითქოს საქართველო ხელს უშლის ოკუპირებული ტერიტორიების ჰუმანიტარულ ჯგუფში მუშაობას გაეროში. რომ „უკიდურესად პოლიტიზებული რეზოლუცია“ აქვს იძულებით გადაადგილებულ პირებზე. მაშინ როცა თავად მოსკოვი მხარს არ უჭერს დევნილების შინ დაბრუნების რეზოლუციას. პუტინმა ასევე განცხადა, რომ აფხაზეთში, ყოველი მეორე თუ მესამე, რუსეთის მოქალაქეა. რა მიზნები აქვს ამ ყველაფერს?

რუსეთის საბოლოო მიზანი სამხრეთ კავკასიის სრული კონტროლია და სამხრეთ კავკასიის გასაღები არის საქართველო. საქართველოს კონტროლით ის გააკონტროლებს სამხრეთ კავკასიას.

რუსეთისთვის ერთ-ერთი სერიოზული მეტოქეა საქართველო, რადგან არ არსებობს რეგიონში, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიაშიც ისეთი ქვეყანა, ან პოლიტიკური ერთეული, იმდენად დიდი პოტენციური პოლიტიკური მიმზიდველობა რომ ჰქონდეს, როგორც საქართველოს აქვს.

ნათელია, რომ საქართველოს მსგავსი მეტოქის ბოლომდე დაჩოქება რუსეთის ამოცანა და მიზანია.

რუსეთს ჯერ კიდევ პეტრე პირველიდან აქვს მისწრაფება ზღვებზე და საზღვაო ტერიტორიების ათვისებაზე. შესაბამისად, რუსეთის მხრიდან გაკეთებული განცხადებები და ქმედებები აფხაზეთთან მიმართებით არის ანექსიის დაწყების პროცესი.

ამ პროცესში რუსეთს სჭირდება საქართველოს გამოფიტვა და გამოშიგვნა, რომ ყოველგვარი წინააღმდეგობა იყოს დაჩლუნგებული, ყოველგვარი პრეტენზია მომსპარი, რომ ეს პროცესები წაიყვანოს წინ, ეტაპობრივად, რა თქმა უნდა.

ერთ ღამეში სოხუმის და ცხინვალის ანექსიას ვერ მოახდენს, მაგრამ პროცესზეა აქ საუბარი. პროცესის დაწყებაა ეს მისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი გააკეთოს იმ ფორმით, რომ საქართველოში ყველა ჩუმად დარჩეს, ყველას მოტივაცია ჰქონდეს ჩამკვდარი, რაიმე წინააღმდეგობა არ გასწიონ და გააკეთოს ეს ყველაფერი გარკვეული მორჩილების ან გარკვეული სუვერენიტეტის დათმობის ხარჯზე. შემდეგ, დანარჩენ საქართველოს კიდევ უფრო მეტი ულტიმატუმებით და მუქარებით დაელაპარაკება.

ნათელია ის ფაქტი, რომ რუსეთისთვის არც აფხაზეთში და არც ცხინვალში ქართველების დაბრუნება არ განიხილება. ნათელია ისიც, რომ ის ამ ტერიტორიებს საქართველოსთვის არც მოიაზრებს.  აფხაზი და ოსი მოქალაქეებისთვის არც საქართველოს მოიაზრებს. იგივე ოჩამჩირის საკითხიც, რასაც დიდი ამბები მოჰყვა თავის დროზე სოხუმში, პრინციპში დაკავშირებულია იმასთან, რომ რუსეთს უნდა ოჩამჩირე გახადოს კოლონიური ერთეული, სადაც ჩაასახლებს რუს მოსახლეობას, შექმნის რუსულ ბიზნესებს და, რაც მთავარია, ოჩამჩირის საზღვაო ბაზას გახდის მის საზღვაო ერთეულად.

რუსეთის საბოლოო მიზანია, რომ საქართველო იყოს ძალიან სუსტი, ტერიტორიებზე ჰქონდეს დე ფაქტო ანექსია, რომ დე იურე ანექსიაც მოახდინოს და მიიერთოს ოფიციალურად. მაგრამ ამისთვის სჭირდება გარკვეული პროცესები, გზები და ამ პროცესის ნაწილია ეს განცხადებებიც.

მე არ ვიტყოდი იმას, რომ შანსი არაა მიიერთოს-მეთქი, რადგან წარმოუდგენელი ამბები უკრაინასთან მიმართებით, სრულიად რეალისტურად იქცა. მეტიც, შეგახსენებთ, რომ 2022 წელს, როცა საოკუპაციო ხელისუფლება ატარებდა არჩევნებს, მაშინ სხვათა შორის ერთ-ერთი საკითხი იყო ცხინვალის რუსეთთან მიერთება.

პირველი საბოლოო შედეგი უნდა იყოს კონტროლი სამხრეთ კავკასიაზე. ამისთვის ის ცდილობს სომხეთშიც არიოს სიტუაცია. აზერბაიჯანელი მოქალაქეების დარბევაც ვიხილეთ ჩვენ რამდენიმე დღის წინ ეკატერინბურგში და სხვადასხვა ქალაქში. ამით ის ცდილობს სიგნალები გამოუგზავნოს აზერბაიჯანს, სომხეთს და უთხრას – „თქვენ ვერ გახვალთ ჩემი გავლენის სფეროდან“.

ამას სერიოზული დაძაბულობა მოჰყვა აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის. სულ რამდენი დღის წინანდელი ამბავია, ხომ?! და მთელ ამ პროცესში, იგივე სოხუმი და ცხინვალი თამაშობს ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს, რომ მოხდეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოშლა.

ეს პირველი ვარიანტი შემაძრწუნებელია, რომ რუსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოფნას მიეცეს რაიმე ლეგიტიმაცია. ამ ტერიტორიებს შეიძლება მიეცეს მხარედ წარმოჩენის შესაძლებლობა, რადგან მაშინ ისინი იტყვიან, რომ რუსეთი მათი მოწვეული მხარეა ამ კონფლიქტში.

ამ შემთხვევაში არ გამოვრიცხავ, რომ მის მხრიდან იყოს ღია ულტიმატუმი საქართველოსთან მიმართებით.

ამ სცენარების გარდა, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ისეთი მახინჯი სცენარებიც, როგორიცაა კონფედერაციული წარმონაქმნი. ამაზე დიდი ხანია საუბრობს რუსეთი, რომ საჭიროა მსგავსი „ერთობა“, სადაც აფხაზეთს და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთს ვეტოს უფლება ექნებათ და, შესაბამისად, საქართველოს მისწრაფებებს ნატოსა და ევროკავშირისკენ ხელს შეუშლის. აქ დამთავრდება ჩვენი სწრაფვა თავისუფალი სივრცისკენ. ორივე მხარეს შეუძლია „მშვიდობის“ გარანტორად რუსული არმიის შემოყვანაც მოითხოვოს.

  • როგორ ფიქრობთ, რამდენად გაბედავს ივანიშვილი, „ქართული ოცნება“, რომ ხელი შეუწყოს რუსეთს ამ მიზნის მიღწევაში?

ნელა მიმდინარეობს ეს პროცესი. „აბა, ომი გინდა?“ – „თუ მშვიდობა გინდა, ჩვენ ვართ მშვიდობის გარანტიები“ და ასეთი ნარატივები, პრაქტიკულად საკუთარი მოსახლეობის დემილიტარიზაციაა, საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგობის ნებისმიერი უნარის ჩახშობისკენ მიმართული პროცესი. ამას შესაძლოა წინ უძღოდეს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა, რუსეთთან სავაჭრო ან პოლიტიკურ კავშირებში კიდევ უფრო მეტად შესვლა და ჩაფლობა; ნეიტრალიტეტის ოფიციალურად გამოცხადება, მსგავსი სამართლებრივი დოკუმენტის მიღება და ძალის გამოუყენებლობის აღიარება.

რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ერთ ღამეში დამდგარი პროცესი და შეიძლება არც დადგეს ეს პროცესი, თუ რაღაც მომენტში „ოცნება“ მიხვდება, რომ ეს გზა დამღუპველია.

ეს ძალიან შავბნელი პროცესია, მაგრამ რუსეთის მცდელობაა, რომ ეს ყველაფერი განახორციელოს და ამას ვხედავთ ჩვენ.

ორი უბედურება შეიძლება მოხდეს. პირველი – თუკი რუსეთი იქნება წარმატებული საქართველოს ხელისუფლების სრულ მარიონეტად ქცევაში, ან პირიქით, თუკი ვერაფერი გააწყო საქართველოსთან, მაშინ შესაძლოა იგივე შედეგის მიღწევის მცდელობა სხვა გზებით სცადოს.

  • მაგალითად?

პუტინმა თქვა, რომ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეები არიანო და მან რუსული პასპორტების დარიგებისთვის დიდი ძალისხმევა გაიღო. ახალგაზრდების დიდი ნაწილი წაიყვანა კიდეც რუსეთში და ბევრი მათგანი ფრონტის ხაზზე კვდება უკრაინაში. რუსეთის სამსახურში ჩააყენა და კლავს. ამიტომ თუ ამ ტერიტორიების კოლონიზაციას მოახდენს რუსეთი, განსაკუთრებით აფხაზეთში ზღვის გამო, ეს გაზრდის რუსეთის მხრიდან ულტიმატუმის ენას.

რუსეთი საქართველოსთან მიმართებით ვერაფერს იზამს იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი უკრაინაში დამარცხდება – გეოპოლიტიკურ გადანაწილებას ვადევნებთ ახლა ჩვენ თვალს და ამ თამაშის ნაწილი იქნება კავკასიის რეგიონი.

  • თქვენ ახსენეთ აფხაზეთში პასპორტების დარიგება. მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვი, მაგალითად ბათუმში, ბოლო 10 წელში, მოსახლეობის რაოდენობა 53%-ით არის გაზრდილი. ამ აღწერაში შეიყვანეს საქართველოში მყოფი უცხოელებიც. ბათუმის მაგალითზეც კარგად ჩანს, რუსეთის რამდენად ბევრი მოქალქეა ქვეყანაში შემოსული, განსაკუთრებით რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობა. ხომ არ იქნება ეს ახალი ნაღმი საქართველოს წინააღმდეგ?

ყირიმში როცა დაიწყეს მოქმედება რუსებმა, იგივე არგუმენტი ჰქონდათ. შესაბამისად, რუსეთის მხრიდან მსგავსი რიტორიკა არახალია, ეს რუსული მიდგომაა, რომელიც მუშაობს.

ამ ეტაპზე, როცა რუსეთი მძიმე მდგომარეობაშია უკრაინაში, ამ თემის გამწვავების მცირე შანსია, თუმცა საფრთხეა ის, რომ რუსეთის მოსახლეობა საქართველოში ისე ცხოვრობს, როგორც სახელმწიფო სახელმწიფოში. ისინი ცალკე არიან, თავიანთი ბარები, გასართობი ცენტრები, ბიზნესები აქვთ, ცალკე ავითარებენ ეკონომიკას, არ ხდება მათი ინტეგრირება ქართულ საზოგადოებაში. ეს ძალიან საშიშია.

ბევრ მათგანს შესაძლოა არ ჰქონდეს პროპუტინული განწყობა, მაგრამ, შესაძლოა ძალიან ბევრსაც ჰქონდეს. ოკუპანტი მეზობლის მხრიდან 10 და 100 ათასობით ადამიანის ჩამოსახლება საქართველოს ტერიტორიაზე, რომლებსაც არ გააჩნიათ ერთგულება საქართველოს სახელმწიფოსადმი, არის კატასტროფული შეცდომა.

მოგვიანებით ეს შესაძლოა გახდეს პოლიტიკური ან სხვა ტიპის თავის ტკივილი საქართველოსთვის, რადგან ისიც კი არ ვიცით, აღიარებენ თუ არა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მინიმალურია იმ ადამიანთა რიცხვიც, ვინც საქართველოშია და რუსეთის პუტინისგან გათავისუფლებას ითხოვს.

ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა ლუკაშენკომ – თუ მე აღარ ვიქნები, რუსეთის მხრიდან აგრესიის შანსი გაიზრდებაო.

  • მაგას ხომ „ქართული ოცნებაც“ ამბობს?

„მე არ ვიქნები მაშინ რუსები მოვლენ“, – თუ შენ ამას ამბობ, შენ ხარ რუსი და იმიტომ არ მოდის და არა იმიტომ, რომ შენი გენიალური დიპლომატიური შედეგებით მივიღეთ ეს ყველაფერი.

რუსები დიდი რაოდენობით რომ შევიდნენ ყაზახეთში, მათ მაშინვე შემოჰკრეს განგაშის ზარი. არც შესული რუსების ინტეგრაცია მოახდინეს მარტივად და არც სახლობის უფლება გასცეს. 100-ათასობით რუსია ახლა ყაზახეთში, რომლებსაც ბინადრობის უფლება არ აქვთ.

ფინეთმა საზღვარი ჩაუკეტა მოგვიანებით, ნაწილი წავიდა ლატვიაში და ახლა ისიც აღარ უშვებს, მოლდოვაშიც და სერბეთშიც ყველა მიხვდა, რომ ამის გაგრძელება არ შეიძლებოდა.

საქართველოს კარი კი რუსებისთვის ღიად რჩება, რაც სერიოზული პრობლემაა.

მათ ქართული ენის სწავლის საჭიროებაც კი არ უდგათ, რადგან პრაქტიკულად ყველასთან მათ ენაზე ურთიერთობენ. ეს არის კოლონიური ელიტა. ყველაფრის ფასები მათი ჩამოსვლის შემდეგ გაორმაგდა, რადგან საშუალო ქართველზე მეტი შემოსავალი აქვთ და რაც მეტი იქნება რუსი, მით უფრო გაიზრდება ფასები.

ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სოციალურად და ეკონომიკურადაც მძიმე საკითხი. რაც მეტი წელი გავა, სიტუცია კიდევ უფრო მეტად დამძიმდება, რადგან ეს ადამიანები შექმნიან ეკონომიკურად დაწინაურებულ ელიტურ ჯგუფებს, რომლებიც თავად გადაწყვეტენ რა და როგორ უნდა იყოს.

მით უმეტეს, პრორუსულ ხელისუფლებას მათი გამოყენების საშუალება ექნება თუ მათ მოგვიანებით დაურიგებს მოქალაქეობას და ჩვენ გვეყოლება ადამიანები, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ხმის მიცემას შეძლებენ.

  • ბოლოს მაინც გკითხავთ წულუკიანის კომისიაზე. ჩვენ ვხედავთ რას აკეთებს ის, რა კითხვებს სვამს აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რას ედავებიან ქართველ გენერლებს. რა შეიძლება გააკეთოს ამ კომისიამ ისეთი, რითაც დაეხმარებიან პუტინის ამ მიზნებს, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ?

დაეხმარება ყველაფერში საქართველოს დადანაშაულება. არა მარტო წინა ხელისუფლების, არამედ ნებისმიერი ოპოზიციური ჯგუფის, მათ შორის მათი ყოფილი პრემიერის, გახარიასი, რომელიც დაადანაშაულეს ჩორჩანას საგუშაგოს გახსნის ეპიზოდში.

დადანაშაულება ნიშნავს, რომ საქართველოს მხრიდან გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის, შესაძლოა, გახდეს დანაშაულის საკუთარ თავზე აღების საფუძველი. თუ შენ ხარ დამნაშავე, მაშინ ყველაფერზე პასუხისმგებელიც შენ გამოდიხარ. ეს ყველა შემდგომ მანკიერ პროცესს ეხმარება.

ნიკა გვარამიას 8 თვით მიუსაჯეს პატიმრობა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო

დღეს, პირველ ივლისს, პარტია „ახალის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას 8 თვით მიუსაჯეს პატიმრობა. მას 2 წლით აეკრძალა საჯარო სექტორში თანამდებობის დაკავებაც.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო.

ნიკა გვარამიაც ე.წ. „თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე“ არმისვლისთვის გაასამართლეს.

ნიკა გვარამია ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. პროკურატურა მას „ქართული ოცნების“ ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობას ედავება. კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანია.

კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც მან არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურამ მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, 30 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლა მოითხოვა, რაც მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ დააკმაყოფილა.

აღნიშნული ბრალდებით უკვე დაკავებულნი არიან ოპოზიციის სხვა ლიდერები: „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ორი ლიდერი – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ნიკა მელია; ირაკლი ოქრუაშვილი; „ლელოს“ ლიდერები: მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე; „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და გივი თარგამაძე.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ივლისის პირველ დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 1-ლი ივლისის 21 საათიდან 2 ივლისის 21 საათამდე აჭარაში ცვალებადი მოღრუბლულობა და უმეტეს რაიონში ელჭექის ხასიათის წვიმაა მოსალოდნელი;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 3 და 4 ივლისს ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ელჭექის ხასიათის წვიმა.

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 1 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 1-ელ ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 020 980 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +970]
  • ტანკი – 10 983 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 22 928 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 29 754 ერთეული [+36]
  • MLRS – 1 427 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 190 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 420 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 42 940 ერთეული [+144]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 436 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 53 696 ერთეული [+103]
  • სპეცტექნიკა – 3 921 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 1-ელ ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 663 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 66 477 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 612 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 101 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 573 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 26 812 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 37 524 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ტელეკომპანია „თრიალეთი“ აცხადებს, რომ „ოცნება“ მათ დახურვას აპირებს – კომპანიას ინკასო დაადეს

რეგიონული ტელეკომპანია „თრიალეთი“ აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურმა ტელეკომპანიას ინკასო დაადო და მედიას დახურვა ემუქრება.

განცხადებას ტელეკომპანია ფეისბუქზე ავრცელებს.

„ქართული ოცნება“ თრიალეთის დახურვას აპირებს!

დღეს, 30 ივნისს, ტელეკომპანია „თრიალეთის“ ანგარიშებს, შემოსავლების სამსახურმა, 10-15 წლის წინანდელი, გაყინული დავალიანების გამო, ინკასო დაადო.

ინკასოს დადება ნიშნავს, რომ ისედაც ფინანსურ კრიზისში მყოფი ტელეკომპანია, ვეღარ გადაიხდის ელექტროენერგიის, ინტერნეტის, სიგნალის გავრცელების თანხას, ვეღარ გასცემს ხელფასებს და შედეგად, ტელევიზია და რადიო გაუქმდება.

ივნისის თვეში, ტელეკომპანია „თრიალეთის“ გადაცემებში, რამდენჯერმე გაშუქდა, საქართველოს სუსის უფროსის ანრი ოხანაშვილის მიერ, კლასელის და მეჯვარის, კოტე ბუზალაძის, გორის მერის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა. „თრიალეთის“ თოქ-შოუს სტუმარმა, კახა კუკავამ, გააკრიტიკა პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე, თეა წულუკიანი და სხვები.

აღნიშნულის შემდეგ, შიდა ქართლის ხელისუფლების წარმომადგენლებს, სავარაუდოდ სუს-ის დავალებით, აეკრძალათ „თრიალეთის“ ეთერში სტუმრობა და ჟურნალისტებისთვის ინტერვიუს მიცემა!
ამავე დროს, შურისძიების მიზნით, სავარაუდოდ კობახიძის და ოხანაშვილის დავალებით, მოხდა „თრიალეთის“ ანგარიშებზე ინკასოს დადება!

ტელეკომპანია „თრიალეთის“ დავალიანების დაგროვების უპირველესი მიზეზი იყო, წინა ხელისუფლების ბრძოლა ტელეკომპანიის მიმართ. ზეწოლები განსაკუთრებით გააქტიურდა, როდესაც „თრიალეთი“, გარკვეული რისკების ფონზე, პირველი დაუდგა მხარში ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“.

მიუხედავად მხარში დადგომისა, „თრიალეთის“ წინააღმდეგ ბრძოლა გააგრძელა, “ქართული ოცნების” პირველმა გუბერნატორმა შიდა ქართლში, რომელმაც ორ წელზე მეტი თანამდებობაზე ყოფნა, მხოლოდ „თრიალეთის“ წინააღმდეგ ბრძოლას შეალია.

შემდეგ წლებში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან, „თრიალეთს“ ებრძოდა ბევრი ის ადამიანი, „ნაციონალების“ ხელისუფლებაში „თრიალეთს“ რომ მტრობდნენ.

კომპანიის მძიმე პერიოდი იყო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა, რამაც გამოიწვია კომპანიაში არსებული ტექნიკის მთლიანად ჩამოწერა და ციფრული აპარატურით ჩანაცვლება, რის გამოც, კომპანიას მოუწია აეღო დიდი ოდენობის ბანკის სესხი, რომლის დაფარვის პერიოდში, მოხდა ლარის კურსის დაცემა, რამაც „თრიალეთს“ შეუქმნა კიდევ უფრო დიდი ფინანსური კრიზისი.

კრიზისიდან გამომდინარე, „თრიალეთი“ გაჭირვებით იხდიდა იმ აუცილებელ გადასახადებს, რომლის გარეშეც შეუძლებელი იყო ტელევიზიის ფუნქციონირება და ხშირ შემთხვევაში, ბიუჯეტის თანხებს სრულად ვერ ფარავდა.

კომპანია თანხას ვერ იხდიდა, თუმცა არც არავინ სთხოვდა დავალიანების გადახდას, მაგრამ, ამავე დროს, დავალიანების თანხას, ყოველდღიურად არიცხავდნენ საურავს, რის გამოც, საურავის ოდენობამ, დავალიანების ძირის თანხას გადაუსწრო.

„თრიალეთმა“, წლების მანძილზე, მრავალჯერ მიმართა ხელისუფლებას, კანონის შესაბამისად, მოეხდინათ ვალის რესტრუქტურიზაცია, ან გაეფორმებინათ საგადასახადო შეთანხმება, რაც მრავალი კომპანიის მიმართ, ათეულობით მილიონიან თანხებზე ხორციელდებოდა, თუმცა, „თრიალეთს“ ყოველთვის უარით პასუხობდნენ.

„თრიალეთს“ არ უკეთებდნენ ვალის რესტრუქტურიზაციას, გადახდის ვადის გაწელვას, თუმცა, არც არავინ სთხოვდა გადახდას, მაგრამ, ყოველდღიური საურავების დარიცხვით, ზრდიდნენ დავალიანებას, სავარაუდოდ, ზუსტად ამ დროისთვის, ტელევიზიაზე ზეწოლის განსახორციელებლად!

აი, ასეთი სცენარით, ხელოვნურად, აუქმებენ იმ ტელევიზიას, რომელიც პირველი და რეგიონებიდან ერთადერთი იყო, რომელიც ბიძინა ივანიშვილს, ხელისუფლებაში მოსვლისას დაუდგა მხარში!რომელმაც, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლას შეუწყო ხელი და დღეს, იმ ხელისუფლების მიერ იხურება, რომლის მხარდამჭერი იყო წლების განმავლობაში!

აუქმებენ საქართველოში, ყველაზე ძველ კერძო ტელევიზიას. ტელევიზიას, რომელიც 1990 წლიდან მუშაობს და ზუსტად ახლა შეუსრულდა 35 წლის იუბილე.

ტელევიზია, რომელმაც მრავალი ზეწოლები, მრავალი მთავრობა, მრავალი ომი გამოიარა და ყველაფერს გაუძლო და დღეს, „ქართული ოცნების“ მიერ იხურება!

აუქმებენ იმ ტელევიზიას, რომლის წილის 10 პროცენტსაც ბიძინა ივანიშვილის კომპანია ფლობს და სავარაუდოდ, ეს კომპანია გადაიბარებს დანარჩენ პროცენტებსაც!“ – წერია განცხადებაში.

ტელეკომპანია „თრიალეთი“ უწყვეტად მაუწყებლობს 1990 წლიდან. ტელეკომპანიის მაუწყებლობა ვრცელდება თბილისის და საქართველოს სხვადასხვა რაიონის საკაბელო ტელევიზიებში და ასევე, Silk TV-ის, “მაგთი TV “-ის, “ახალი ქსელების”, MAR-TV-ის, “Global TV”-ის ქსელში.

„თრიალეთის“ მაუწყებლობა ღია საეთერო სიხშირეზე ვრცელდება შიდა ქართლის რეგიონში, კერძოდ, გორის, ქარელის, ხაშურის, კასპის, ცხინვალის და ახალგორის რაიონებში.

„ხვალ ეთერში იქნება ბოლო საინფორმაციო გამოშვებები“ – „ჰერეთი“ გადაცემებს აჩერებს ინკასოს გამო

მედიაჰოლდინგ „ჰერეთის“ მფლობელი, რამაზ სამხარაძე ფეისბუქზე წერს, რომ „ჰერეთის“ ანგარიშებისა და ქონების დაყადაღების შემდეგ იძულებულია სამსახურიდან დაითხოვოს თანამშრომლების დიდი ნაწილი და შეაჩეროს გადაცემები და საინფორმაციო გამოშვებები.

„ჰერეთი“ აერთიანებს სამ დამოუკიდებელ რადიოსადგურს — რადიო თბილისს (FM93.5), რადიო ჰერეთს (FM102.8 – კახეთი) და რადიო ციტრუსს (FM97.3 – აჭარა).

„მეგობრებო, მიმძიმს ამ სიტყვების დაწერა, თუმცა, დღეს 27 წლის მანძილზე, პირველად, დავითხოვეთ თანამშრომელთა დიდი ნაწილი.

ცალკე მადლობა მათ პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის.

ხვალიდან, 1-ელი ივლისიდან, მედიაჰოლდინგი „ჰერეთი“ შექმნილი მძიმე ფინანსური კრიზისის ფონზე დროებით აჩერებს გადაცემების და საინფორმაციო გამოშვებების სრულ მაუწყებლობას. ხვალ ეთერში იქნება ბოლო საინფორმაციო გამოშვებები.

რადიო „თბილისი“ FM93.5 კანონით განსაზღვრულ ვადაში – 20 აგვისტოს ჩათვლით – ეთერში რჩება, თუმცა მხოლოდ ტექნიკური მაუწყებლობის რეჟიმში. (ზუსტად არც ის ვიცი, რას გადაწყვეტს საბოლოოდ კომუნიკაციების კომისია, თუმცა ძალიან პასუხისმგებლობით ეკიდებიან ჩვენს თემას).

ამ ეტაპზე საინფორმაციო და გადაცემების ბადე შეჩერებულია და დიდი იმედი მაქვს, განახლდება სექტემბერში, იმ შემთხვევაში, თუ მოხერხდება კრიზისის განმუხტვა.

ჩვენი გუნდი აქტიურად იმყოფება კონსულტაციის რეჟიმში ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურსა და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან, რათა სამაუწყებლო კომპანიისთვის შექმნილი იყოს ოპერირების ხელშესახები პირობები.

თქვენს მხარდაჭერას, თითოეულ ლარს რეალურად მივყავართ მიზნისკენ – რომელიც მოგცემს კომპანიის საბანკო ინკასოს გაუქმებას და მაუწყებლობის სრული აღდგენის შესაძლებლობას.

FM93.5, FM102.8 და FM97.3 ეთერში კვლავ 24-საათიან რეჟიმში რჩება.

სამუშაო რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას რადიო თბილისის ფეისბუქის და ტელეგრამ გვერდი, სადაც რეგულარულად მოგაწვდით ყველა მთავარ ინფორმაციას“ – წერს რამაზ სამხარაძე ფეისბუქზე.

ამავე დროს, რამაზ სამხარაძე წერს, რომ აგრძელებენ შემოწირულების კამპანიას, რომელიც ორგანიზაციის გადარჩენას ემსახურება.

„თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ნებისმიერი ბანკიდან (ლარი, ევრო, დოლარი):

საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: GE18BG0000000343819702
მიმღები: სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი
დანიშნულება: შემოწირულობა

საზღვარგარეთ მყოფებისთვის:
PayPal: samkharadzeramaz@gmail.com

ეს არ არის მხოლოდ ერთი კომპანიის ბრძოლა — ეს არის მედიის თავისუფლების, პასუხისმგებლობის და ქვეყნის მომავლის ერთობლივი დაცვა.

იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად იქნება — რადიო იწყება ჩვენით. მადლობა თითოეულ თქვენგანს გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის“ – წერს რამაზ სამხარაძე.

იმის შესახებ, რომ მედიაჰოლდინგ „ჰერეთის“ ანგარიშები და ქონება დააყადაღეს, რამაზ სამხარაძემ 25 ივნისს განაცხადა.

როგორც მან სატელევიზიო ეთერებში აღნიშნა, ბრძანება შემოსავლების სამსახურმა გასცა და ამის მიზეზად ფინანსური პრობლემების გამო დაგროვებული დავალიანება დაასახელა. აღნიშნული ფაქტი კრიტიკული მედიის დახურვისკენაა მიმართული.

ფოტოზე: რამაზ სამხარაძე

ამავე თემაზე: 

რამაზ სამხარაძის თქმით, “რადიო თბილისის” მთელი ქონება დააყადაღეს

გონიოს ყოფილი პოლიგონის გასანაღმად 1,1 მლნ დოლარის ტექნიკას უტენდეროდ იყიდიან

გონიოს ყოფილი პოლიგონის განაღმვის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ცენტრი „დელტა“ ჩაერთვება. საჭირო სპეცტექნიკას კი „დელტა“ ჯამში 1 184 720 აშშ დოლარად, ტენდერის გარეშე შეისყიდის.

„ოცნების“ მთავრობა ყოფილი პოლიგონის ტერიტორიას საინვესტიციოდ არაბულ კომპანიას უმზადებს.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ განაღმვითი სამუშაოების წარმოებისთვის საჭირო შეჯავშნული საინჟინრო ტექნიკის დასამზადებლად „დელტას“ ესაჭიროება მუხლუხა ბულდოზერი, CAT D6R2 – 1 ცალი, მუხლუხა ექსკავატორი CAT 323 – 3 ცალი, ბორბლებიანი დამტვირთველი SEM 655D – 3 ცალი და გრუნტის სატკეპნი SEM 520D – 1 ცალი“ – წერს „დელტა“.

„დელტა“ ასევე წერს, რომ „ჰუმანიტარული განაღმვითი საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე ყველა სახის ნაღმებსა და ფეთქებად საბრძოლო ნარჩენებზე ჩატარებული სამუშაოების კოორდინაცია“ მათი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.

„აღნიშნულ პროექტში მონაწილეობს ორი მხარე: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“.

2025 წლის 26 ივნისს გამოიცა თავდაცვის მინისტრის ბრძანება „აფეთქებასაშიში საგნებისგან გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების შესახებ“, რომლის ფარგლებშიც გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე უნდა გაგრძელდეს აფეთქებასაშიში საგნებისგან გაწმენდითი სამუშაოები. „დელტას“ დაევალა სამუშოების მხარდაჭერა და შესაბამისი ტექნიკით მომზადება/გამართვის სამუშაოების უზრუნველყოფა.

შემოთავაზებული ტექნიკის მიწოდების ვადად განსაზღვრულია 7 კალენდარული დღე, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტის მოკლე ვადებში განხორციელებისთვის.

აღსანიშნავია ისიც, რომ შესყიდვა აჭარბებს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს და სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად, აგრეთვე სატენდერო წინადადების წარსადგენად უნდა განისაზღვროს არანაკლებ 30 დღე.

აქედან გამომდინარე, შესყიდვის ელექტრონული პროცედურებით განსაზღვრული ვადები შეუძლებელს ხდის პროექტის დადგენილ ვადებში შესრულებას და საფრთხე ექმნება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებას“ – ასე განმარტავს „დელტა“ ტექნიკის უტენდეროდ შესყიდვის აუცილებლობას.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, გონიოს ყოფილ პოლიგონზე „2016 წლიდან 2021 წლამდე შესაბამისი განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობდა თავდაცვის ძალების მეთაურის ბრძანებების საფუძველზე. ამჟამად კი, სამუშაოების გასაგრძელებლად საჭირო გახდა „დელტას“ ჩართულობა…“:

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 26 ივნისის ბრძანებიდან

გონიოს ყოფილი პოლიგონის 2 773 459 კვადრატული მეტრი ტერიტორია [მიმდებარე პლაჟის ჩათვლით] აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია, საიდანაც 61 017 კვადრატული მეტრი შინაგან საქმეთა სამინისტროზეა გადაცემული სარგებლობაში [შსს-ს მომსახურების სააგენტო აქ ახალი ოფისის და საგამოცდო მოედნის მშენებლობას გეგმავს].

ყოფილი პოლიგონის ტერიტორიებზე არსებული შენობა-ნაგებობები კი, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ ბალანსზე ირიცხება.

„ოცნების“ მთავრობამ ინვესტორი გონიოს გაუნაღმავ ტერიტორიაზე 9 წლის წინაც მიიყვანა.

ამ თემაზე ნახეთ: ინვესტორი დანაღმულ ზღვისპირეთში – რა ელის გონიოს ყოფილ პოლიგონს.

მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიის განვითარების რეალური გეგმა არ არსებობდა [არც დღეს არსებობს], 2021 წელს, წინასაარჩევნოდ, მაშინდელმა პრემიერმა ღარიბაშვილმა დააანონსა, რომ „გონიოში აშენდებოდა ახალი ქალაქი თავისი კაზინოებით და ბანკებით“.  რა მოუვიდა ამ დაპირებას, წაიკითხეთ ამ ბმულზე.

„ქართული ოცნების“ ახლანდელი მთავრობის განცხადებით კი, გონიოს ყოფილ პოლიგონსა და კრწანისის პარკში 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას არაბთა გაერთიანებული საამიროების დეველოპერული და საინვესტიციო კომპანია Eagle Hills გეგმავს.

ყოფილ პოლიგონზე აღნიშნული „ინვესტიციის განხორციელებას“ კი ხელს არა მარტო „აფეთქებასაშიში საგნები“, არამედ „ზურმუხტის ქსელიც“ უშლის. „ოცნება“ ამ ქსელის საზღვრების კორექტირებასაც გეგმავს.

ამ თემაზე ვრცლად:

ბობოყვათის რეზიდენცია საპატრიარქოს და დაცვის გარეშე დარჩენილი არქეოლოგიური ძეგლები

რატომ არ შეიძლება პატიმარს ჯინსი ეცვას? – „დისიდენტობასთან დაკავშირებული სიმბოლოა“

„დისიდენტობასთან არის დაკავშირებული და თავისუფლების სიმბოლოა. სხვაგვარად არ ვიცი, რატომ შეიძლება იყოს აკრძალული ჯინსი,“ – ამბობს ყოფილი ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი, რომელსაც ვკითხეთ: როცა აკრძალული ნივთების ჩამონათვალში არაა, მაგალითად, ჯინსის ტანსაცმელი, მაგრამ ამას მაინც კრძალავს ციხის ადმინისტრაცია, ეს რას აჩვენებს, რასთან გვაქვს საქმე?

უჩა ნანუაშვილის დაკვირვებით, რეპრესიული რეჟიმის პირობები აისახება ციხეზეც, სადაც კანონი კი არაა გადაწყვეტილებების მიღების საფუძველი, არამედ ძალის დემონსტრირება და დაშინება.

„ციხეში პირობების გამკაცრებაც უფრო მეტად რეპრესიული რეჟიმების დროს ხდება. მაქსიმალურად იღებენ თვითნებურ გადაწყვეტილებებს: პატიმრებს ეუბნებიან, ჩვენზე ხართ დამოკიდებული, რასაც გვინდა, იმის უფლებას მოგცემთ, რა წიგნს წაიკითხავთ, ან რა ნივთს მიიღებთ, ამასაც ჩვენ განვსაზღვრავთ“, – გვიყვება უჩა ნანუაშვილი.

„ბათუმელები“ ამ თემაზე უჩა ნანუაშვილს ესაუბრა. ის ყოფილი სახალხო დამცველია და „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი.

  • ბატონო უჩა, რა დასაბუთებით არ შეუძლია პატიმარს ჯინსის ტანსაცმელი ეცვას? როგორ მუშავდება მსგავსი აკრძალვები, რა პრაქტიკა გვაქვს? 

ცალკეული დებულებებით არის განსაზღვრული აკრძალული ნივთების კონკრეტული ჩამონათვალი, რომელსაც მინისტრი გამოსცემს, პატიმრობის კოდექსში მსგავსი მითითება არ არის – რა სახის ტანსაცმელია ნებადართული.

ამ დებულებებში არანაირი ჩანაწერი არ არის, რომ მაინცადამაინც ჯინსის ტანსაცმელი არ შეიძლება. არ მახსოვს, ადრე იყო თუ არა რაიმე ჩანაწერი, მაგრამ გარკვეული პერიოდი მახსოვს, რომ ჩვეულებრივად შეიძლებოდა ჯინსის ტარება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. შემდეგ ვიღაცამ ჩათვალა, რომ აღარ უნდა ყოფილიყო ჯინსი ხელმისაწვდომი. მიიჩნევა, რომ ჯინსი საბჭოთა კავშირის დროს აკრძალული ტანსაცმელია.

  • როგორც თავისუფლების სიმბოლო? 

დიახ, როგორც დისიდენტობასთან დაკავშირებული და თავისუფლების სიმბოლო. სხვაგვარად არ ვიცი, რატომ შეიძლება იყოს აკრძალული ჯინსი.

  • თუ არ არის პატიმრებისთვის აკრძალული ნივთების სიაში, რა დასაბუთებით უზღუდავენ პატიმარს ჯინსების ტარებას? 

თუ დაწესებულების ადმინისტრაცია ბრალდებულს ან მსჯავრდებულს უარს ეუბნება ჯინსის ტანსაცმელზე, ეს უარი უნდა იყოს დასაბუთებული. იქ არის მითითება უსაფრთხოების რისკებსა და იმაზე, რომ დაწესებულების ნორმალურად ფუნქციონირებას არ უნდა შეეშალოს ხელი. ადმინისტრაციამ უნდა დაასაბუთოს, როგორ ხედავს უსაფრთხოების რისკს.

წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შეზღუდვა არის კანონის დარღვევა, რომელიც უნდა გასაჩივრდეს შიდა მექანიზმებით. ასევე, სახალხო დამცველის ჩართვა აუცილებელია. ბევრი მექანიზმის გამოყენება შეიძლება, რომელიც ფორმალურად თუ არაფორმალურად არსებობს.

დებულებები დეტალურად განსაზღვრავს იმ ნივთებს, რომელთა შეტანაც დაწესებულებაში აკრძალულია. არსებობს გამონაკლისები, მაგალითად, როცა კონკრეტული ნივთი სჭირდება ბრალდებულს ან მსჯავრდებულს სარეაბილიტაციო პროგრამისთვის, ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციამ დაუშვას ამ საჭირო ნივთის შეტანა.

როცა დეტალურადაა განსაზღვრული რის შეტანა არ შეიძლება, გაუგებარია, ეს შეზღუდვა საიდან მოდის.

უჩა ნანუაშვილი

ზოგადად, ბოლო წლებში ბევრი რამ შეიცვალა პატიმრების უფლებების ნაწილშიც, მაგალითად, 2023 წლის ცვლილებებით დაწესდა ლიმიტი ამანათებზე – მანამდე პატიმრებს ულიმიტოდ შეეძლოთ ამანათის მიღება. ასევე, პრაქტიკულად აიკრძალა საფოსტო ამანათები, არადა, ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, როცა პატიმრის ოჯახი სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან შორს ცხოვრობდა და საფოსტო ამანათებით სარგებლობდნენ.

წინა წლებში მსგავსი პრობლემების მოგვარებაში აქტიურად იყო ჩართული სახალხო დამცველი – ითვალისწინებდნენ კიდეც ჩვენს წერილებს და პრობლემები მეტ-ნაკლებად გვარდებოდა. მაშინ გაცილებით სხვა გარემო იყო, ვიდრე ახლა. დღეს კიდევ უფრო მეტად გამკაცრებულია პირობები. დღეს საკვები პროდუქტის გაგზავნა, ასევე, მხოლოდ სადღესასწაულო დღეებშია შესაძლებელი.

იყო შემთხვევები, როცა, მაგალითად, ლიტერატურის შეტანა შეზღუდეს – ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელს არ შეატანინეს წიგნი აზერბაიჯანულ ენაზე. გასაგებია, რომ შესაძლოა ადმინისტრაცია ვერ ფლობს ენას, თუმცა ამის გარკვევაც შესაძლებელია, რას ეხება ესა თუ ის წიგნი. ადმინისტრაციამ არ უნდა უთხრას პატიმარს მხოლოდ ბლანკეტური უარი – მას უნდა ჰქონდეს დასაბუთება.

  • როცა აკრძალული ნივთების ჩამონათვალში არაა, მაგალითად, ჯინსის ტანსაცმელი, მაგრამ ამას მაინც კრძალავს ადმინისტრაცია, ეს რას აჩვენებს, რასთან გვაქვს საქმე? 

ეს მიუთითებს მართვის სტილზე: როცა მმართველობა დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზეა ორიენტირებული, იქ კანონის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებებს – ამ შემთხვევაში ყველა პატიმარი თანასწორია. როცა ასე არ არის, სისტემა მაქსიმალურ ჩაკეტილი ხდება და მონიტორინგიც სუსტია. რეალურად სახელმწიფო დღეს ამ სისტემას იყენებს საკუთარი მიზნებისთვის.

ციხეში პირობების გამკაცრებაც უფრო მეტად რეპრესიული რეჟიმების დროს ხდება. მაქსიმალურად იღებენ თვითნებურ გადაწყვეტილებებს: პატიმრებს ეუბნებიან, ჩვენზე ხართ დამოკიდებული, რასაც გვინდა, იმის უფლებას მოგცემთ, რა წიგნს წაიკითხავთ, ან რა ნივთს მიიღებთ, ამასაც ჩვენ განვსაზღვრავთ.

ეს აჩვენებს, რომ სხვა მეთოდებით მართავენ დაწესებულებებს. როდესაც პატიმრების უფლებების დაცვაა მნიშვნელოვანი, სტანდარტები ეფუძნება კანონებს, როცა ასე არ ხდება და შიდა სტრუქტურებს იყენებენ მართვისთვის – იერარქიებს და სუბკულტურებს, ამ დროს მართვის მეთოდი არის დაშინება, პატიმრების მაქსიმალური შეზღუდვა, რომ პატიმარს არ შეეძლოს რეაბილიტაცია. არც რესოციალიზაცია არ უნდა შეეძლოს მას – ყველაფერი დამოკიდებული უნდა იყოს ადმინისტრაციასა და სისტემაზე – მინიმალური საკითხების გადაწყვეტაც კი.

რა განტვირთავს ქალაქს საცობებისგან – ბათუმის გენგეგმის კონცეფცია

ბათუმის არჩეულმა მერმა, არჩილ ჩიქოვანმა თანამდებობა ისე დატოვა, რომ საცობების, პარკინგის ადგილებისა და დაურეგულირებელი მოძრაობის პრობლემა ბათუმში კვლავ გამოწვევად დარჩა.

იგივე შეიძლება ითქვას წინა და იმის წინა არჩეულ მერებზეც.

ამომრჩეველს დაჰპირდნენ, გეგმა შეიმუშავეს, ბევრჯერ განიხილეს, ბევრი შეხვედრა მოაწყვეს, რეკომენდაციები მიიღეს და დოკუმენტიც შექმნეს, თუმცა არანაირი შედეგი.

ბათუმში არამხოლოდ ტროტუარები და ველობილიკებია მანქანებით სავსე, არამედ უკვე ზებრა გადასასვლელზეც კი ნახავთ გაჩერებულ ავტომანქანას.

ამ ამბის დრამატული ნაწილი ისიც არის, რომ ახლა მერიის თანამშრომლებიც ვეღარ პოულობენ ქალაქში პარკინგის ადგილს მაქანის გასაჩერებლად.

ამ პრობლემის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ქალაქში დაუგეგმავ და ქაოსურ მშენებლობებს ასახელებენ. ამ და კიდევ ბევრი სხვა გამოწვევის წინაშე რომ აღმოჩნდებოდა ბათუმი სწორედ ქაოსური განაშენიანების გამო, ამაზე ურბანისტები წლების განმავლობაში აქტიურად საუბრობდნენ, თუმცა მათ არავინ მოუსმინა.

სპეციალისტებს არც ახლა უსმენენ. ამის მაგალითები ბათუმის განაშენიანების გეგმის უკვე მომზადებულ კონცეფციაშია. ამჯერად „ბათუმელებმა“ შეისწავლა, როგორ ხედავენ კონცეფციის ავტორები ქალაქისთვის საცობებისა და პარკინგის ადგილების პრობლემის გადაჭრის გზებს.

კონცეფციის მიხედვით, მთავარი პრობლემა სისტემის დაურეგულირებლობაა, ან რეგულირება კერძო მხარის მიერ, როცა საქმე რეგიონულ სატრანსპორტო სქემას ეხება. ამ მხრივ კონცეფციაში ავტოსადგურების პრობლემაზეც არის გამახვილებული ყურადღება.

  • „დეგრადირებული ავტოსადგურები“

კონცეფციის მიხედვით ბათუმში, საქალაქთაშორისო 4 ავტოსადგურიდან სამი თითქმის დეგრადირებულია და არ გააჩნიათ სათანადო ინფრასტრუქტურა, გარდა „მეტროს“ ავტოსადგურისა. გარდა ამისა, ისინი ქალაქის ერთ წერტილშია კონცენტრირებული, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ქალაქის მონოცენტრულობის იდეას.

ამ პრობლემების მართვას ართულებს ის ფაქტი, რომ დასახლებათა შორისი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვა ხორციელდება სრულად კერძო ოპერატორის მიერ. აქედან გამომდინარე, არსებობს ორგანიზებისა და რეგულირების დეფიციტი, მონაცემთა შეგროვების და გასაჯაროების პრობლემა.

  • მუნიციპალური ტრანსპორტი

მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასთან დაკავშირებით, მობილობის გეგმის შემოთავაზებები მოიცავს შემდეგ საკითხებს: საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის ოპტიმიზაციას, BRT ტიპის დერეფნების განვითარებას, სატრანსპორტო ტერმინალების მოწყობასა და ტაქსის სექტორის ორგანიზებას.

კონცეფციის მიხედვით, არსებული სატრანსპორტო ქსელი ძირითადად კონცენტრირებულია დიდი დატვირთულობის მქონე არეალებში, მაშინ როცა ქალაქის სხვა ნაწილში მათი მომსახურების სერვისები დეფიციტურია. აღსანიშნია ის, რომ ავტობუსებთან შედარებით მიკროავტობუსებს მეტი მომხმარებელი ჰყავს და მათი ოპერირება სრულიად კერძო მხარის მიერ ხდება.

საცობი ბათუმში

კონცეფციის მობილობის გეგმის მიხედვით, პრიორიტეტი მიენიჭა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწრაფი სატრანზიტო დერეფნების განვითარებას. ამისთვის შეირჩა ჭავჭავაძე-აბუსერიძე-აღმაშენებლის და ბარათაშვილი-გორგილაძის მონაკვეთები, სადაც გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე შესრულდა.

იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული მონაკვეთები ქალაქის მჭიდრო უბნების გამჭოლი მონაკვეთებია და იკვეთებიან როგორც შიდასაქალაქო, ასევე ზელოკალურ ნაკადებთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის პრიორიტეტის მინიჭება ეფექტიანი სისტემის ასამუშავებლად აუცილებელი პირობაა.

  • ველო-ინფრასტრუქტურა

კონცეფციის თანახმად, ბათუმის საზღვრებში წარმოდგენილი ველო-ინფრასტრუქტურის საერთო სიგრძე დაახლოებით 30 კილომეტრს შეადგენს. ქსელის განვითარებისა და მისი მაქსიმალურად ათვისების პოტენციალი ქალაქს, განაშენიანებული ტერიტორიის რელიეფიდან გამომდინარე, თავისუფლად გააჩნია. ინფრასტრუქტურა ძირითადად საქვეითო ტროტუარებთანაა ინტეგრირებული, რომელიც ხშირ შემთხვევაში მოუხერხებელს ხდის როგორც ქვეითთა ასევე ველოსიპედისტთა გადაადგილებას.

ანალოგიური სიტუაციაა საგზაო ნაწილთან მიმართებაშიც, სადაც ველოსიპედისტთა გადაადგილებისთვის აუცილებელია მოტორიზებულ ტრანსპორტთან მიმართებაში მაქსიმალური უსაფრთხოების წესების გათვალისწინება.

მდგრადი მობილობის გეგმის ფარგლებში შემუშავდა ველო-ინფრასტრუქტურის სისტემური განვითარების ქსელის მონახაზი, რომელიც საზღვრავს 4 ძირითად საოპერაციო ქსელის ნაწილს: მთავარ ღერძებს, პირველად ადგილობრივ მონაკვეთებს, მეორად ადგილობრივ მონაკვეთებს და რეკრეაციულ მონაკვეთებს.

პარკირება ბათუმში / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
  • პარკინგი

კონცეფციაში წერენ, რომ ქალაქის მჭიდროდ განაშენიანებულ არეალებში მზარდი სატრანსპორტო ნაკადების საფუძველზე რთულდება საპარკინგე რესურსის მობილიზება. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს არეალები შედარებით მცირე გამტარუნარიანობის გზებითა და შეუსაბამო მოცულობის განაშენიანებით.

გზების სივიწროვიდან გამომდინარე, პრობლემას წარმოადგენს ასევე ცენტრალურ ნაწილში საპარკინგე სივრცეების ნაკლებობა.

 კონცეფციით შეთავაზებული სატრანსპორტო კვანძების და გზების რეკომენდაციები

  • მახინჯაურის კვანძი

კონცეფციის მიხედვით, პირველი კვანძი მდებარეობს ბათუმის ჩრდილოეთით მახინჯაურის რკინიგზის სადგურთან. კონცეფციის წინადადებიდან ეს არის არაორგანიზებული სივრცე, რომელიც შეესაბამება ახალ ურბანულ ცენტრს.

ძირითადი რეკომენდაციები ამ კვანძისთვის ასეთია: მთავარ გზაზე სატრანსპორტო ზოლების სიგანის შემცირება 3 მეტრამდე, ცოცხალი ქუჩებისთვის მარჯვნივ მოსახვევი ზოლის მიმატება, მახინჯაურის რკინიგზის სადგურის წინ საფეხმავლო გადასასვლელის გამოყოფა, ცოცხალი ქუჩების სიგანის შემცირება და საზოგადოებრივი და პარკინგის სივრცეების ორგანიზება.

  • ახალი ხიდი მდინარე ყოროლისწყალზე და კვანძი

მთავარი რეკომენდაცია ამ კვანძისთვის არის მოძრაობის ორგანიზება. ვინაიდან შუქნიშანი შეწყვეტს დინებას მთავარ გზაზე, შემოთავაზებულია საშუალო ზომის წრიული და საფეხმავლო გადასასვლელები [თამარ მეფის გამზირზე ხიდთან, მდინარე ყოროლისწყლის მარჯვენა მხარეს].

ახალი კვანძი ყოროლისწყლის ხიდთან / კონცეფცია

კონცეფციის მიხედვით, ასეთი რადიუსის წრიულები ფართოდ გამოიყენება ნიდერლანდებში. მათი უპირატესობა გზაჯვარედინებთან არის უფრო მაღალი საგზაო უსაფრთხოება და გამტარუნარიანობა. წრიულები 28-40 მეტრი რადიუსით საკმარისად ანელებს მოძრაობას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ამავდროულად სატვირთო მანქანებს საშუალებას აძლევს გაიარონ ცენტრალური კუნძულის გარშემო.

ესკიზი: აქ ნაჩვენებია წრიულის კონცეფცია

ასევე, რადგან ეს ხიდი არის ერთადერთი მდინარე ყოროლისწყალზე ქალაქის საზღვრებში, შემოთავაზებულია დამატებითი მაკავშირებლების აშენება: საფეხმავლო და ველოსიპედის ხიდი სარკინიგზო ხიდის გვერდზე და სამანქანო ხიდი სამხრეთით.

  • გზაჯვარედინი „ბათუმი ცენტრალთან“

კონცეფციაში სადგურის შესასვლელთან, ჩრდილოეთიდან, შემოთავაზებულია შუქნიშნების დაყენება ავტოსადგომზე შესასვლელად და გზაზე ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელად. იმის გამო, რომ ავტოსადგომიდან გასასვლელი კონტროლდება ბარიერით, რეკომენდაციაა მარცხნივ მოსახვევის გადატანა შემდეგ გზაჯვარედინზე.

ამ გზაჯვარედინზე მარჯვენა ზოლი გამოიყენება საცხოვრებელ ზონამდე მოძრაობისთვის, შუა ზოლი სწორი მოძრაობისთვის და მარცხენა ზოლი მოსატრიალებლად და ქალაქის ცენტრისკენ გასასვლელად. ეს ხსნის ძაბრს ამ გზაჯვარედინზე.

საგზაო მოძრაობის კონცეფცია „ბათუმი ცენტრალთან“

თამარის დასახლებაში გზა, რკინიგზასთან ერთად, გადის ზღვის პარალელურად და ბლოკავს მასზე თავისუფალ მისასვლელს ადგილობრივებისთვის. გზაზე გამოყოფილი ზებრები და რკინიგზა არ არის უსაფრთხო.

რეკომენდებულია გადასასვლელებზე შუქნიშნების დაყენება, რომლებიც ღილაკებით იმართება. ასეთი გადაწყვეტილებები წარმატებით მუშაობს ბევრ ქვეყანაში.

იოსებ ნონეშვილისა და ოდისეი დიმიტრიადის ქუჩების კვეთაში [ბარცხანის ხიდთან] საჭიროა მოძრაობის არხების გამოყენება. მთავარ ქუჩაზე პირდაპირი მოძრაობისთვის უნდა იყოს გამოყოფილი ორი ზოლი, მათზე მოძრაობა არ საჭიროებს კორექტირებას. გარდამტეხი მოძრაობისთვის კი რეკომენდებულია დამატებითი ზოლები.

ასევე, რეკომენდებულია სატვირთო მანქანების მომსახურების ზონის გამოყოფა ბორდიურებით ან სხვა ზომებით.

კონცეფციის მიხედვით ,ჭავჭავაძე-გოგებაშვილის ქუჩების გზაჯვარედინზე [საბაგირო გზის სადგურის მიმდებარედ] შემოთავაზებულია არხირება, გზაზე ზოგიერთი ზოლის მოშორება. ასევე რეკომენდებულია შემობრუნების აკრძალვა კუნძულთან, მაგრამ დაშვება გოგებაშვილის ქუჩასთან წრიულზე. ილუსტრაცია გვიჩვენებს კონცეფციის ზოგად ხედვას:

ტრანსპორტის მოძრაობის სქემა ჭავჭავაძის, გოგებაშვილისა და ბაქოს ქუჩების კვეთაში [საბაგიროსთან]/კონცეფცია
კონცეფციაში წერენ, რომ ძაბრები წარმოიქმნება ჭავჭავაძის ქუჩის უბანში, რომელიც შემოიფარგლება ისტორიული შენობებით. ამჟამად ამ მონაკვეთზე სულ 3 ზოლია. სატელიტური გამოსახულების მონაცემებით, გზის სიგანე 11-12 მეტრია. სავარაუდოა, რომ არსებული სავალი ნაწილის სიგანე არ არის საკმარისი ოთხი 3-მეტრიანი ზოლისთვის. თუმცა, შესაძლებელია ოდნავ უფრო მცირე სიგანის ზოლების მოწყობა – 2,75 მეტრამდე.

ზოლის სიგანის შეცვლა 2,75 მეტრსა ან ნაკლებზე არ არის ტიპური გადაწყვეტა ძირითადი გზებისთვის, მაგრამ ეს შეიძლება იყოს სიცოცხლისუნარიანი გამოსავალი შეზღუდულ პირობებში გამოსაყენებლად.

შემოთავაზება არის, რომ ჭავჭავაძის ქუჩამ შეიცვალოს მოძრაობის კონცეფცია. ამდენად, აუცილებელია ორივე მიმართულებით გამოყოფილი ავტობუსის ზოლის შემოღება და ამ ქუჩაზე მანქანებისთვის ორმხრივი მოძრაობის დაბრუნება [აღსანიშნავია, რომ მერიამ ამ ქუჩაზე უკვე დააბრუნა ორმხრივი მოძრაობა].

კონცეფციის მიხედვით, ჟიული შარტავას გამზირს აქვს ფართო ბულვარული ნაწილი, რომელიც საცხოვრებელ უბნებს ზღვასთან აკავშირებს. ამავდროულად, ამ ქუჩის სავალი ნაწილი საკმარისად ფართო და სწორია, რომ მანქანებმა მიაღწიონ მაღალ სიჩქარეს. ეს პროსპექტს არაკომფორტულს ხდის სიარულისთვის.

ამიტომ, შემდეგი წინადადებები მოიცავს ზომებს გამზირზე მოძრაობის გამარტივებისა და შენელებისთვის: ყველა გზაჯვარედინზე შუქნიშნების შემოღება, ავტობუსების ზოლის შემოღება, ველობილიკის შექმნა ბულვარის ნაწილში, მწვანე ზოლის შემოღება 50 კმ/სთ სიჩქარისთვის.

კონცეფციის თანახმად, ასევე, აუცილებელია, ბულვარის სხვადასხვა ნაწილებს შორის უწყვეტი საფეხმავლო ბილიკის უზრუნველყოფა.

ამავე თემაზე:

ბათუმში მცხოვრებთა 70%-ს ახალი ბინის შეძენის საშუალება არ აქვს – გენგეგმის კონცეფცია

„აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მოუხდა კომპენსაციის გადახდა“ – თეონა ბაკურიძე

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი თეონა ბაკურიძე ფეისბუქზე წერს, რომ მისი საჩივრიდან 5 წლისა და 4 თვის შემდეგ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი იძულებული გახდა, მისთვის კომპენსაცია გადაეხადა და ეს შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარება.

5 წლისა და 4 თვის თავზე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მოუხდა კომპენსაციის გადახდა.

მიზეზი უკანონო გათავისუფლებაა..

მაგრამ, ახლა ჩემზე არ ვწერ, ახლა არასამთავრობოებზე ვწერ:

ჩემი ინტერესების დაცვა დაიწყო სოციალური სამართლიანობის ცენტრი• Social Justice Center, დიდი მადლობა Tamta Mikeladze [თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი]

გარკვეული პერიოდის შემდეგ გააგრძელა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“.

სრულიად უსასყიდლოდ, დღე და ღამე იშრომა ძალიან კომპეტენტურმა ანა ბერძენიშვილმა [„გამჭვირვალობის“ იურისტი] იმისთვის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიკერძოებული გადაწყვეტილება ვეღარ დაეტოვებინა ძალაში მეორე და მესამე ინსტანციას, ეს უბრალოდ შეუძლებელი გამხდარიყო.

იარა საქალაქოში, სააპელაციოში, წერა-იკითხა-აგზავნა წინ და უკან დოკუმენტები. დამეხმარა ბოლომდე – აღსრულების ნაწილშიც კი.

რისთვის გააკეთა ეს? ჩემი, როგორც ჟურნალისტის უფლებების დაცვისთვის, ადამიანისთვის ვინც უკანონოდ გაათავისუფლეს, ვისაც სიცრუე დააბრალეს…

ხვალ შეიძლება თქვენ დაგჭირდეთ უფასო იურიდიული დახმარება, მაგრამ მათ ეს, შესაძლოა, უბრალოდ ვეღარ გააკეთონ.

რატომ?

მიზეზი ივანიშვილია, რომელსაც სურს დაგტოვოთ დაუცველები, უკანონობის პირისპირ.

ისე, რომ ვეღარც თქვენს ხმას გაიგებს ვინმე.

ჩემი მაგალითი ალბათ უმცირესია, იმასთან რასაც არასამთავრობოები აკეთებენ ხალხისთვის“ – წერს თეონა ბაკურიძე.

თეონა ბაკურიძე სასამართლოში ითხოვდა სამსახურიდან გათავისუფლების უკანონოდ ცნობას, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას, განაცდური თანხის ანაზღაურებას და სამსახურში აღდგენას.

თეონა ბაკურიძე „აჭარის ტელევიზიის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იყო, როცა 2020 წელს სამსახურიდან გაუშვეს, მას შემდეგ, რაც ამ ტელევიზიის დირექტორს – ნათია კაპანაძეს იმპიჩმენტი მოუწყვეს. მაშინ, როცა ტელევიზიაში კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს საქმიანობის უფლება წაართვეს და გაჩნდა შეფასება პოლიტიკურ ზეწოლაზე, სასამართლოში 9 სარჩელი შევიდა.

აჭარის ტელევიზიაში ცვლილებები 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყო — იმ პერიოდიდან, როდესაც დირექტორი, ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენეს. მაშინ ნათია კაპანაძემ აღნიშნული დაუკავშირა ხელისუფლების მიერ ტელევიზიის გაკონტროლების სურვილს.

ამავე თემაზე: 

4 წლის შემდეგ აჭარის ტელევიზიიდან გაშვებულმა ჟურნალისტმა სასამართლო დავა მოიგო

 

შემოვლით გზაზე დასაქმებულებმა კომპანიას ოფისის კარი აუჭედეს – „არჩევნების მერე ხელფასი არ აგვიღია“

დღეს, 30 ივნისს, ბათუმის შემოვლით გზაზე დასაქმებულებმა საპროტესტო აქცია ნატანებში კომპანია JV Polatyol & Mapa-ს ოფისთან გამართეს. გზის მშენებლობაზე დასაქმებულები ამბობენ, რომ ხელფასი უკვე 7 თვეა, „არჩევნების მერე“ არ აუღიათ.

შემოვლით გზაზე სამუშაოებს გზების დეპარტამენტის ტენდერში გამარჯვებული კომპანია JV Polatyol & Mapa ასრულებს. კომპანიას სამუშაოები დასასრულებელი აქვს.

დღეს, 30 ივნისს, შემოვლით გზაზე დასაქმებულები კომპანია JV Polatyol & Mapa-ის ოფისთან, ნატანებში შეიკრიბნენ და დამსაქმებელს ოფისის შესასვლელი კარი აუჭედეს.

„მივაწვდინეთ ხმა გზების დეპარტამენტს, მთავრობას, მაგრამ ბოლო არ უჩანს… მთავრობას მივმართავ, რატომ მაშავებინებ, რა გავაკეთოთ გლეხმა ხალხმა? ქართველ კაცს მაკეტინებს ქართულ გზას?“ – აცხადებდა დღეს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციის მონაწილეების თქმით, რამდენიმე დღეში ისინი მაგისტრალს გადაკეტავენ, თუ ხელფასს არ გადაუხდიან. 

შემოვლით გზაზე დასაქმებულებმა ნატანებში აქცია გამართეს

„კომპანიას ვალდებულება დღეს, თვის ბოლოს უნდა შეესრულებინა, თუმცა შეთანხმებული პირობები კვლავ დაუცველია, ხოლო დაპირებები – შეუსრულებელი. 700-ზე მეტი დასაქმებული თვეების განმავლობაში ელოდება კუთვნილ ხელფასს, თუმცა უშედეგოდ,

პრობლემის შესახებ ინფორმირებულია ხელისუფლებაც, მაგრამ ის ვერ ან არ იყენებს სათანადო ბერკეტებს, მაშინ როცა პროექტის დამკვეთი თავად სახელმწიფოა და შეუძლია დაიცვას საკუთარი მოქალაქეები და მოახდინოს გავლენა პროექტის განმახორციელებელ თურქულ კომპანია „პოლატზე“, – აცხადებს თამაზ ბაკურიძე, ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, რომელიც დღეს აქციის მონაწილეებს შეხვდა.

„კომპანიას თვის ბოლომდე უნდა მიეღო კრედიტი, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. უახლოეს 10 დღეში დაიფარება დავალიანება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ კომპანია JV Polatyol & Mapa-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, რომა პატარიძემ.

რომა პატარიძის თქმით, აჭედილი კარი აქციის შემდეგ გახსნეს და კომპანიამ მუშაობა განაგრძო.

როდის აამოქმედებს ან რატომ არ იყენებს გზების დეპარტამენტი კანონით და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მექანიზმებს?

„კომპანიას მოცემული ჰქონდა დეპარტამენტისთვის პირობა, რომ თვის ბოლოს დაფარავდა დავალიანებას ამ ადამიანების მიმართ, თუმცა კვლავ არ ასრულებს დანაპირებს და კომპანიის მიმართ იქნება გამოყენებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ზომა,“ – მოგვწერეს გზების დეპარტამენტის პრესცენტრიდან.

ამ თემაზე:

ბათუმი-სარფის ავტობანის მშენებლობის დაფინანსება – რას პასუხობს გზების დეპარტამენტი

ხვალ, პირველ ივლისს ბათუმის მერია გენგემის კონცეფციის საჯარო განხილვას გეგმავს

ხვალ, პირველ ივლისს მერია ბათუმის გენგემის კონცეფციის საჯარო განხილვას გეგმავს.

განცხადებას, რომელიც საჯარო განხილვის ჩანიშვნის შესახებ ბათუმის მერიის ვებგვერდზე გამოაქვეყნეს, მარტივად ვერ იპოვით. დოკუმენტი მერიამ არა ვებგვერდის მთავარ გვერდზე ან ფეისბუქზე, არამედ ვებგვერდის საჯარო განხილვების განცხადებების რუბრიკაში გამოაქვეყნა.

თუმცა მერიის ახალი ვებგვერდი სატესტო რეჟიმში მუშაობს და განცხადების სანახავად ძველ ვებგვერდზე მოგიწევთ გადასვლა, რუბრიკაში – „საჯარო განხილვა“.

კანონი არა მხოლოდ საჯარო განხილვის დღის ჩანიშვნას გულისხმობს, არამედ ითხოვს, რომ მუნიციპალიტეტის მერიამ დოკუმენტის იმგვარად გასაჯაროება უზრუნველყოს, რომ ის მისაწვდომი და გასაგები იყოს ნებისმიერი დაინტერესებული მოქალაქისთვის.

კანონით მოთხოვნის გათვალისწინებით, კარგი იქნებოდა ბათუმის მერიას ამბავი ფეისბუქის გვერდზე დაეწერა და იქვე გამოექვეყნებინა ბმული, ასე ბევრად მარტივი იქნებოდა, რაც მერიაშიც იციან და საკრებულოშიც, თუმცა მერია ასე არ მოქცეულა.

ინფორმაცია საჯარო განხილვის შესახებ არც მერიის ვებგვერდის მთავარ გვერდზე გამოიტანეს.

„ბათუმელებმა“ როგორც ვებგვერდზე, ისე მერიის ფეისბუქის გვერდზე მარტის თვის ჩათვლით გამოქვეყნებული სიახლეები შეისწავლა. გენგეგმის საჯარო განხილვის ჩანიშვნის შესახებ ინფორმაცია ამ სიახლეებში ვერ ვიპოვეთ.

საჯარო განხილვა ჩანიშნულია ხვალ, პირველ ივლისს დილის 10:00 საათზე. დოკუმენტი მერიას ამ ბმულზე აქვს გამოქვეყნებული. 

„ბათუმელებმა“ ეს ამბავი საკრებულოს წინა სხდომაზე გაიგო, როცა მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა გიორგი წანაწყენიშვილმა საკრებულოს წევრებს უთხრა, რომ გენგეგმის კონცეფციის განხილვა დაგეგმილია და „ამის შესახებ გამოქვეყნებულიც არის“. ამ განცხადებით გიორგი წანაწყენიშვილმა უპასუხა საკრებულოს წევრის, ვაჟა დარჩიას კრიტიკას – ისე ვასრულებთ უფლებამოსილების ვადას დაპირებული გენგეგმა ვერ დავდეთო.

„თავზე დაგვემხო ქალაქი, ქალაქს ქალაქში ვაშენებთ“ - ვაჟა დარჩია, ბათუმის საკრებულოს სხდომა

გიორგი წანაწყენიშვილმა სხდომაზე ასევე განაცხადა:

„ივლისის ბოლოსთვის ჩვენ გვექნება საშუალება დავამტკიცოთ გენგეგმის კონცეფცია და შემდეგ უკვე დაიწყება აქტიური მუშაობა გენგეგმის საბოლოო ვერსიაზე, ანუ პროექტის შეთანხმებაზე, სადაც ის რეალობა იქნება სრულად ასახული, რაც საერთო სურათს მოგვცემს და ადეკვატური იქნება იმ რეალობის, რაც ახლა გაგვაჩნია ჩვენ ბათუმში და რა მიმართულებითაც მივდივართ“.

ამ განცხადების შემდეგ, საკრებულოს წევრი ლევან ცხოიძე დაინტერესდა, სად ჩატარდებოდა საჯარო განხილვა:

რამდენი ხანია ვაჟა ითხოვს,  [გულისხმობს ვაჟა დარჩიას] ქალაქიც ელოდება და ვაჟაც დავპატიჟოთო – თქვა ლევან ცხოიძემ.

უცილებლადო – დაჰპირდა მას გიორგი წანაწყენიშვილი, თუმცა დღეს, 30 ივნისს, ვაჟა დარჩიამ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ხვალინდელი საჯარო განხილვის შესახებ არაფერი იცის და მისთვის, როგორც საკრებულოს წევრისთვის, არც დოკუმენტი მიუწოდებიათ გასაცნობად.

საჯარო განხილვის შესახებ არაფერი ვიციო – გვითხრა ნოდარ დუმბაძემაც, საკრებულოში ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარემ.

ინფორმაცია არ ჰქონდა აკაკი გვიანიძესაც.

სხვათა შორის, წინა სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნატალია ზოიძე დაინტერესდა, ცნობილია თუ არა საჯარო განხილვის შესახებ ქალაქის ურბანული პოლიტიკით დაინტერესებული პირებისთვის:

„ბაზაც აქვს მგონი მერიას ამ ხალხის და მაინტერესებს ცნობილი იქნება თუ არა მათთვის დღე, დრო და საათი. ასევე, სავარაუდოდ სოციალურ ქსელშიც გავრცელდება ალბათ, თქვენ უზრუნველყოფთ ამას “ – მიმართა მან გიორგი წანაწყენიშვილს.

„ეს დადებულია უკვე და ჩავთვალოთ, რომ დღეიდან ეს ყველასთვის იქნება საჯარო და ექნება საშუალება, რომ ეს ინფორმაცია გაიგოს“ – უპასუხა მან.

რუბრიკა „საჯარო განხილვაში“ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად კონცეფციის შემოსვლის თაობაზე ეცნობათ დაინტერესებულ პირებს და განემარტათ, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა დააფიქსირონ მოსაზრებები წერილობით და ზეპირად, ხოლო საჯარო განხილვის დღის ჩანიშვნის შესახებ მათ აცნობებდნენ.

„იხილეთ https://old.batumi.gov.ge/pages/91] აღნიშნულიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 01 ივლისს 10:00 სთ-ზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში [ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ბრიფინგიუმი-მეორე სართული] გაიმართება საჯარო განხილვა“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

საინტერესოა, დაინტერესებულ პირებს თუ აცნობა მერიამ კონცეფციის შესახებ, რატომ არ აცნობა მედიას და მათ შორის „ბათუმელებს“. მხოლოდ ამ საკითხზე გამოქვეყნებული მასალების რაოდენობით რომ ვიმსჯელოთ, უცნაურია, რომ „ბათუმელები“ „დაინტერესებულ პირთა ბაზაში“ ვერ მოხვდა.

ხელშეკრულება ქალაქის გენგეგმის მომზადებაზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, შპს „სითი ინსტიტუტი საქართველოსთან“, 2021 წლის აპრილში გააფორმეს. დოკუმენტზე მუშაობა 2024 წლის 25 აპრილამდე პერიოდში უნდა დასრულებულიყო. ბოლო ცვლილებით, რომელიც ხელშეკრულებაში 2025 წლის აპრილში შევიდა, დასრულების ვადა 2026 წლის 20 აპრილამდე გაახანგრძლივეს, თუმცა ჯერ უცნობია, საკმარისი იქნება თუ არა ეს პერიოდი დოკუმენტის დასასრულებლად. დიდი ალბათობით ამ დროს ქალაქს უკვე ახალი მერი და საკრებულო ეყოლება.

საქართველოს ზღვისპირეთში ტოქსიკური თევზის სახეობა დაფიქსირდა – იქთიოლოგის განმარტება

შავ ზღვაში კვლავ დაფიქსირდა თევზ ფუგუს ახლო ნათესავის – ვერცხლისფერი მუცელეკლიანის (Lagocephalus sceleratus) გავრცელების ფაქტი. ინფორმაციას ამის შესახებ იქთიოლოგი არჩილ გუჩმანიძე ავრცელებს.

არჩილ გუჩმანიძის განმარტებით, ეს ტოქსიკური თევზია, რომელიც ინვაზიის შემთხვევაში რეალურ საფრთხეს შეუქმნის, როგორც ეკოსისტემას და ბიომრავალფეროვნებას, ასევე ადამიანების ჯანმრთელობას.

ეს თევზი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის მკვიდრია. ის ხმელთაშუა ზღვაში სუეცის არხის გავლით შევიდა და 2014 წლიდან შავ ზღვაშიც გამოჩნდა:

„2014 წლიდან დაიწყო მისი დაფიქსირება შავ ზღვაში, ის იდენტიფიცირებულია შავი ზღვის ყველა სანაპიროზე, მიმდინარე წელს კი, ორი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოს ზღვისპირეთში” – ამბობს არჩილ გუჩმანიძე. მისივე გენმარტებით, პირველი შემთხვევა აფხაზეთის სანაპიროზე დაფიქსირდა, მეორე კი ჩაქვის სანაპიროზე, სადაც „ვერცხლისფერი მუცელეკლიანი“, მეთევზეებმა დაიჭირეს და ვერ ამოიცნეს.

თავიდან თევზი დაფიქსირდა უკრაინაში, ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, შემდეგ ნახეს ბულგარეთში, რუმინეთში, თურქეთში, არის რუსეთის ტერიტორიულ წყლებშიც.

„ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ძლიერი ნეიროტოქსიკური ნივთიერება ტეტროდოტოქსინი, რომელიც ტეტრაოდონის [ჯგუფი, რომელსაც ვერცხლისფერი მუცელეკლიანი მიეკუთვნება] სხეულშია. ამ შხამის მცირე რაოდენობამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ფატალური მოწამვლა, თუ მას საკვებად არასათანადოდ დამუშავებულს მოიხმარენ. ის იწვევს ნერვული სისტემის პარალიზებას.

გარდა იმისა, რომ თევზი საფრთხეს უქმნის ადამიანებს, მას აქვს უკიდურესად ძლიერი ყბები და ეკლები, რაც აზიანებს სათევზაო ბადეებს, თოკებს და დაჭერილ თევზს. იკვებება მოლუსკებით, თევზებითა და კიბოსნაირებით, რითაც ანაცვლებს ადგილობრივ სახეობებს. ხმელთაშუა ზღვაში მისმა არსებობამ მეთევზეებისთვის უკვე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი გამოიწვია. მისი ინვაზიის შემთხვევაში შავი ზღვაშიც ეკონომიკური ზარალი დიდი იქნება. მაგალითად, თურქეთში და კვიპროსში ეს უკვე დიდი პრობლემაა“ – განმარტავს იქთიოლოგი.

ეს თევზი მაქსიმუმ 50-70 სანტიმეტრამდე იზრდება.

სპეციალისტის განმარტებით, კლიმატის ცვლილებისა და წყლის ტემპერატურის მატების გამო, ტეტრაოდონს აქვს შავ ზღვაში აქტიური გავრცელების პოტენციალი, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თევზჭერასა და ეკოლოგიურ ბალანსზე.

„ეს ინვაზიური სახეობაა და ნებისმიერი ინვაზია – ეკოსისტემაში ახალი ფორმის შემოსვლა, იწვევს ეკოსისტემაში გადაწყობას, რაც ყოველთვის მტკივნეულია. არ არსებობს ინვაზიის შემთხვევა, რომელმაც შეიძლება ისე ჩაიაროს, რომ არაფერი მოხდეს, გამორიცხულია… ეს ძალიან აქტიური ფორმაა – ფსკერზე კიბოს დაეძებს, ანადგურებს მოლუსკებს, თევზსაც ჭამს საკმაოდ დიდი რაოდენობით, მოკლედ, აქტიურია. მისი დამკვიდრება ჩვენს წყლებში დიდი ზიანის მომტანი იქნება“ – ამბობს იქთიოლოგი.

არჩილ გუჩმანიძე მოქალაქეებს აფრთხილებს და მოუწოდებს, რომ უცნობი თევზის აღმოჩენის შემთხვევაში გადაიღონ ფოტო ან ვიდეო, ჩაიწერონ აღმოჩენის ადგილმდებარეობა და აცნობონ სპეციალისტებს. ეს მონაცემები მეცნიერებს ინვაზიური სახეობების გავრცელების უკეთ თვალყურის დევნებაში ეხმარება.

„აქ სამუშაოა. როგორც მინიმუმ, ინფორმირება უნდა მოხდეს მოსახლეობის, შესაბამისმა სტრუქტურებმა – სახელმწიფო, არასახელმწიფო, აკადემიურმა – ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, უნდა განვიხილოთ, რა ხდება, რა მოლოდინები გვაქვს, უნდა მოხდეს ანალიზი და გარკვეულწილად, ღონისძიებები უნდა დავსახოთ.

რა თქმა უნდა, ჩვენ ინვაზიას ვერ გავაჩერებთ ამ ეტაპზე, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რა შეიძლება მოხდეს ჩვენთან. თუ ჩვენ ეს ვიცით წინასწარ – ჩვენ გვაქვს დრო. დრო გვაძლევს საშუალებას მოვემზადოთ, დავაზღვიოთ და ა.შ. თურქეთივით არ უნდა დავიწყოთ – ეს თევზი რომ გახდება მასიური და მერე პრემიები ვარიგოთ მის დაჭერაზე. ჯობს, რომ ვიფიქროთ. ბევრი არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია, მაგრამ ინფორმირებულები მაინც უნდა ვიყოთ. ამ თევზს ნეიროტოქსინი აქვს და ამ თევზს მოსახლეობა და მეთევზეები არ იცნობენ.

მზად უნდა ვიყოთ, რომ ნაკლებად მტკივნეულად წარიმართოს ინვაზიის პროცესი, რა თქმა უნდა, თუ ის დაიწყება. პირველი ნიშნები არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს აუცილებლად ინვაზიაში გადაიზრდება“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.

ამავე თემაზე:

რატომ ემუქრება მიდიებს გადაშენება

აჭარის ფინანსთა მინისტრად ედნარ ნატარიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრად კი – დენის სალუქვაძე

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ თანამდებობა დატოვა, მის ადგილს ედნარ ნატარიძე დაიკავებს. ამ დრომდე ედნარ ნატარიძე ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. ეს თანამდებობა მან არჩილ ვანაძის მერიიდან წასვლის შემდეგ დაიკავა.

თანამდებობა დატოვა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემაც, ამ თანამდებობაზე აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა დენის სალუქვაძე დანიშნა.

მთავრობის ინფორმაციით, დენის სალუქვაძეს სამუშაო გამოცდილება აქვს გარემოს დაცვისა და აგრარული მიმართულებით. დენის სალუქვაძე 2023 წლიდან ხელმძღვანელობდა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატს.

ჯერჯერობით თანამდებობებს ინარჩუნებენ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე და განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ასევე კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, რომელიც ამ თანამდებობაზე ახალდანიშნულია.

სულხან თამაზაშვილის, აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯოდომარის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გადადგნენ ბათუმის და ქობულეთის მერები – არჩილ ჩიქოვანი და ლევან ზოიძე.

თურქეთში, იზმირში ძლიერი ხანძარია

თურქეთში, იზმირის პროვინციაში ტყის ხანძარი მძვინვარებს.

მასშტაბური ხანძარი იზმირში 29 ივნისს ტყეში გაჩნდა და საცხოვრებელ ზონებში გავრცელდა.

თურქული მედიის ცნობით, ქალაქის ხუთი უბანი ევაკუირებულია, დაზიანდა სამი სახლი და მრავალი ავტომანქანა.

იზმირის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ხანძრის ჩაქრობაში 1,113 ადამიანი, 122 სახანძრო მანქანა, 74 წყლის ავზი და 84 მძიმე ტექნიკა იყო ჩართული, თუმცა ძლიერმა ქარმა საჰაერო ოპერაციები შეაფერხა.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

29 ივნისს იზმირში ხანძრის გამო აეროპორტი დაიხურა და ყველა რეისი შეჩერებული იყო.

თურქული სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, 29 ივნისს თურქეთში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 77 ადგილას გაჩნდა ხანძარი, რომელთაგან ცხრა მასშტაბური იყო.

თურქეთის იუსტიციის მინისტრმა განაცხადა 17 ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ, 26-28 ივნისს ხანძრის გაჩენის გამო.

LIVE ბლოგი სასამართლოდან, სადაც 11 პირის პროცესი მიმდინარეობს

დღეს, 30 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდა ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 პირის პროცესი.

ასამართლებენ – ირაკლი ქერაშვილს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, გია ტერიშვილს, ანდრო ჭიჭინაძეს, ვაკო თეთრაშვილს, ლუკა ჯაბუას, გური მირცხულავას, სერგეი კუხარჩუკს, რუსლან სივაკოვსა და რეზო კიკნაძეს.

დღეიდან ამუშავდა ახალი რეგულაციები, რომლის შესაბამისადაც მედიას სასამართლოში მუშაობა შეეზღუდა – ჟურნალისტებს აღარ აქვთ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ფოტო და ვიდეო გადაღების უფლება.

ნეტგაზეთი/ბათუმელები პირდაპირ, წერილობითი ფორმით მოგაწვდით ინფორმაციას, სასამართლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

11:42 დარბაზში ბრალდებულები შემოიყვანეს. ამ წუთებში ადვოკატები მათთან კონსულტაციებს გადიან და წუთი-წუთზე სხდომა დაიწყება. სხდომას არ ესწრება ონისე ცხადაძე.

ონისეს მამას, რომელიც პარასკევს გარდაიცვალა, 11-პირიან საქმეზე წინა სხდომის მიმდინარეობისას, ხვალ დაკრძალავენ თერჯოლაში. ჯერ კიდევ არ ვიცით, ონისე ცხადაძეს მისცემენ თუ არა უფლებას, რომ მამას გამოეთხოვოს.

11:52 ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი აკეთებს განცხადებას „ოცნების“ მიერ მიღებული ახალი რეგულაციების შესახებ, რომლითაც მედიას სასამართლოში მუშაობა შეგვეზღუდა.

ეკითხება მოსამართლეს, მიმართა თუ არა ვინმე ე.წ. „უფლებამოსილმა“ პირმა სასამართლოს, რომ უზრუნველყოფილი იქნას გადაღება. იმის ფონზე, რომ მედიასაშუალებებთან, რომელთაც განცხადებით მაინც მიმართული ჰქონდათ სასამართლოსთვის გადაღების ნებართვასთან დაკავშირებით, კავშირზე არავინ გასულა.

„აღნიშნული ცვლილების საფუძველზე, რომ მოხდეს სხდომის გადაღება და ჩაწერა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება უნდა იყოს. სასამართლოში არ წარმოდგენილა საბჭოს არანაირი გადაწყვეტილება. განვაგრძობთ სხდომას აუდიო-ვიდეო ჩაწერის გარეშე“, — ასეთია მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის პოზიცია.

11:56 შუამდგომლობას აყენებს ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი და მიმართავს მოსამართლეს.

„რადგან კანონი ახალი შესულია ძალაში. გონივრული იქნება, სასამართლოს თუ აქვს რესურსი, შეამოწმოს, ამ საკითხზე არის თუ არა ნამსჯელი [იუსტიციის უმაღლეს საბჭოში]“

11:57 ადვოკატი ნათია კოტრიკაძე ასევე მიმართავს მოსამართლეს:

„ბევრ ადვოკატს ეხსომება – 2012 წლის შემდეგ მიიღეს კანონი, რომლითაც ვამაყობდით დღემდე. წინა ხელისუფლების დროს საჯაროობა იყო დახურული. 2012 წლიდან საჯარო გახდა პროცესების გაშუქება. თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ სწრაფი მართლსაჯულება გსურთ, არ მოხდეს პროცესის გაჭიანურება და მიიღოთ ის გადაწყვეტილება, რაც უნდა მიიღოთ.

ცნობილია, რასაც მიიღებთ, მაგრამ გამომდინარე დღევანდელი მდგომარეობიდან, სამოქალაქო საზოგადოებას აინტერესებს, რა ხდება სასამართლო პროცესებზე. ბევრი ვერ ახერხებს მოსვლას და ტელევიზიით იღებს ინფორმაციას. დააგვიანდათ ე.წ. ხელისუფლებას აღნიშნული კანონის მიღება. გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებრივი ადვოკატებს წინა პროცესზე დიდი გამოხმაურება მოჰყვათ და მადლობას ვეუბნები მათი პოზიციის გამო“.

12:01 ანდრო ჭიჭინაძე: “ყველას სახელით ვამბობ, რომ მოვითხოვთ, შემოვიდეს კამერა დარბაზში. გთხოვთ, რომ ჩადოთ ძალისხმევა ამაში. მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია მივიდეს იმ ადამიანებამდე, ვისაც ეს ყველაფერი აინტერესებს. რატომ მიიღეს ეს კანონი — პროპაგანდისტულად არ გამოუვიდათ ის, რაც უნდოდათ. რასაც ჩვენ გვაბრალებენ, ის აბსურდული მუხლი და მთელი ეს საერთო აბსურდი რომ გამოსვლოდათ, ამ კანონს არ მიიღებდნენ. ვერ შეძლეს ის, რაც ჩაფიქრებული ჰქონდათ და გადაწყვიტეს, რომ ინფორმაცია უბრალოდ გაექროთ. დარწმუნებული ვარ, არ გამოვა”.

12:03 მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი: “სხდომა საჯაროა და დასწრება ღიაა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას. დღევანდელი მოცემულობით გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ახლა ჩავატარებთ გადაღების გარეშე და თუ მათი გადაწყვეტილება იქნება სხვაგვარი, მიეცემათ ჟურნალისტებს გადაღების საშუალება”.

12:05 ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი მოსამართლეს: ვერ გავიგე პასუხი, სასამართლოს უფლებამოსილმა პირმა ხომ უნდა განახორციელოს გადაღება? რატომ არ არის აქ? გავიგეთ, რომ „ტვ პირველი“ არ არის აქ და არ იღებს.

ვინ არის სასამართლოს უფლებამოსილი პირი, სად არის ის კამერა?

სად არის პრესსამსახური? […] რაც არ უნდა მოხდეს, ინფორმაცია მაინც გავრცელდება. ხედავთ, რომ ისევე ვაგრძელებთ ბრძოლას”.

ნინო გალუსტაშვილი: „ყველაფერი კარგად დამთავრდება“.

12:12 შუამდგომლობას აყენებს რეზო აჭარაძე, ირაკლი ქერაშვილის ადვოკატი. შეგახსენებთ, რომ რეზო აჭარაძე გასულ ორ სხდომას არ დასწრებია. თუმცა ეს არყოფნა იყო საპატიო და დიდი ხნით ადრე იყო ინფორმირებული სასამართლო.

ამის მიუხედავად, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მის არყოფნაში სხდომები მაინც ჩანიშნა და არამარტო ირაკლი ქერაშვილს, არამედ ყველა ბრალდებულისთვის იძულებით დანიშნა საზოგადოებრივი ადვოკატები.

„ეს გადაწყვეტილება კანონიდან არ გამომდინარეობდა. ირაკლი ქერაშვილის შემთხვევაშიც კი არ იყო კანონიერი. […] სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატი უნდა ჩამოსცილდეს საქმის განხილვას, როცა კერძო შეთანხმებით ადვოკატი უბრუნდება განხილვას. ფორმალურად დავარქვათ ამას შეუამდგომლობა, თორემ ეს ავტომატურად უნდა ხდებოდეს. მე ვაგრძელებ ირაკლი ქერაშვილის დაცვას, თავად ირაკლი ქერაშვილს სურს, რომ მე ვიყო მისი წარმომადგენელი.“

ნინო გალუსტაშვილი თვლის, რომ ამაზე ნამსჯელი აქვს. ადვოკატები ეუბნებიან, რომ არ უმსჯელია და საკუთარი გადაწყვეტილება არ დაუსაბუთებია სამართლებრივად.

12:18 განცხადებას აკეთებს საზოგადოებრივი ადვოკატი ირაკლი ბენია, რომელმაც წინა სხდომაზე დააყენა შუამდგომლობა, პროცესის განახლება გადადებულიყო, რათა საზოგადოებრივ ადვოკატებს საქმის მასალების, გასული სხდომების ოქმების გაცნობა მოესწროთ.

მაშინ ნინო გალუსტაშვილმა თავის მიერვე იძულებით დანიშნული საზოგადოებრივი ადვოკატების პოზიცია არ გაითვალისწინა. საზოგადოებრივი ადვოკატები მას დღესაც ეუბნებიან, რომ მაქსიმალური ძალისხმების მიუხედავად, საქმის მასალებს ჯერ კიდევ არ იცნობენ.

12:22 გამოიძახეს მოწმე გრიგოლ კაჭკაჭიშვილი, რომელიც ასევე არის მოწმე გიორგი ახობაძის საქმეში.

12:23 განცხადებას აკეთებს ირაკლი ქერაშვილი და ამბობს, რომ ონისე ცხადაძის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ხვალინდელი, 1-ელი ივლისის სხდომა გადაიდოს, რამდენადაც, ხვალ კრძალავენ ონისე ცხადაძის მამას თერჯოლაში.

12:25 მოწმე გრიგოლ კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ „მე და ჩემს ორ თანამშრომელს, ალადაშვილს და ჟორდანიას გადმოგვეცა სასამართლოს განჩინება, რომ განგვეხორციელებინა ანდრო ჭიჭინაძის პირადი ჩხრეკა. მას ფიზიკურად არ ვიცნობდი. გვაჩვენა [გამომძიებელმა] აღნიშნული პიროვნება და ორ ჯგუფთან ერთად, ორი ავტომანქანით წავედით. სხვა თანაშრომლებთან ერთად იმყოფებოდა გიორგი ლობჟანიძე და ჩვენ მის საცხოვრებელ ბინაში განვახორციელეთ ჩხრეკა და დაკავება.“

12:29 დაიწყო ჯვარედინი დაკითხვა. მოწმეს კითხვებს უსვამს ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი.

„საკმაოდ ცნობილი იყო იქ მყოფი [რუსთაველზე] მოქალაქეები რას და როგორ იქცეოდნენ. ეჭვი არ შემიტანია სასამართლოს განჩინებებში“, — ამბობს კაჭკაჭიშვილი.

12:34 მოწმე გრიგოლ კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ უკანონო არაფერი ამოუღიათ ანდრო ჭიჭინაძისგან. თუმცა ირკვევა, რომ ამოღებულია ანდრო ჭიჭინაძის ტელეფონი, რომლის ადგილსამყოფელი ახლა უცნობია ანდრო ჭიჭინაძის ოჯახისთვისაც და მისი ადვოკატებისთვისაც.

12:41 მოწმე პოლიციელი კაჭკაჭიშვილი პასუხობს კითხვას, ცნობილია თუ არა მისთვის პიროვნების შესახებ, რომელიც ამბობდა, რომ მას კონკრეტული მოქმედებით ანდრო ჭიჭინაძემ მიაყენა ზიანი ან შეუქმნა მას საფრთხე.
კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ ასეთი პიროვნების შესახებ მისთვის ცნობილი არ არის.

12:43 მოწმე პოლიციელი კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ ჩხრეკაზე და დასაკავებლად მისულს, ბინის კარი პოლიციას თავად ანდრო ჭიჭინაძემ გაუღო, ანდრო ჭიჭინაძეს მათთვის არც შეურაცხყოფა მიუყენებია და არანაირი აგრესია არ გამოუხატავს.

12:47 მიკროფონთანაა ანდრო ჭიჭინაძე, რომელსაც მარჯვენა ფეხი ჰქონდა დაზიანებული, როცა პოლიცია მასთან გასაჩხრეკად და დასაკავებლად მივიდა.

ანდრო ჭიჭინაძე ეკითხება მოწმე კაჭკაჭიშვილს, ახსოვს თუ არა, რა უთხრა ანდრო ჭიჭინაძემ მას ფეხის დაზიანებაზე.

ანდრო ჭიჭინაძე: გითხარით იქვე, რომ არ ეწერა ოქმში, პოლიციელმა მომაყენა დაზიანება. კონკრეტულად პოლიციის მხრიდან ნასროლი სარაჯიშვილის ბოთლი რომ მომხვდა, ეგ გითხარით და არ ჩაგიწერიათ. დაიტოვეთ ლავირების საშუალება, თითქოს ვიღაც გამვლელს შეეძლო ესროლა.

მოწმე: თქვენ ისიც მითხარით, გაბრაზებულზე მოვიქნიე კეტიო.

ანდრო: რაო რა მოვიქნიეო?

მოწმე: წერია, რაც მითხარით. არ მახსოვს.

12:52 ანდრო ჭიჭინაძე: ვერ ვიგებდი, რატომ იყავით მოსულები საერთოდ და ამიტომ არ მოვაწერე ხელი ოქმსაც. […] პოლიციელების აბსოლუტური უმრავლესობა ამბობდა, რომ ეს ჯგუფი მალე დაიშლება და 2000-ლარიანი ჯარიმით გახვალთ გარეთო.

მოწმე უარყოფს, რომ მსგავს საუბარს ადგილი ჰქონდა.

ანდრო ჭიჭინაძე: ამაზე თქვენ პასუხი გქონდათ, რომ რაღაც ზედმეტად მშვიდად ხარ და მართლა რამე ხომ არ ჩაგიდენიაო?

მოწმე უარყოფს, ამბობს, რომ მსგავსი საუბარი არ ახსოვს.

12:54 ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი: ხელკეტს ახსენებთ და სადმე ასახეთ?

მოწმე: ეს არსად არ წერია, პირად საუბარში რაც მითხრა, მაგას ვყვები. ჰაერზე ნათქვამს ვერსად დავწერდი.

12:57  სასამართლო დარბაზში შემოდის მოწმე გიორგი ქაჩლიშვილი, რევაზ კიკნაძის ჩხრეკასა და დაკავებაში მონაწილე პოლიციელი.

13:00 მოწმე გიორგი ქაჩლიშვილი ჰყვება რეზო კიკნაძის დაკავების ამბავს 6 დეკემბერს ლისის ტბის მიმდებარედ: მისი „რუკზაკიდან“ ამოვიღე პირბადეები, სასტვენი, ცხვირსახოცი, ქუდი, ფულადი თანხა. მოვახდინე მისი დაკავება სასამართლოს განჩინების საფუძველზე. პირადად გაეცნო სასამართლოს განჩინებას. დავლუქე ნივთები სპეც-პაკეტებში. პაკეტებსაც მოაწერა ხელი. გაეცნო განჩინებას მისი ბრალდებულის სახით დაკავებაზე. დაკავების ოქმსაც მოაწერა ხელი და გადავიყვანეთ ჩემს სამსახურში.

13:03 მოწმე გიორგი ქაჩლიშვილი: „რეზო კიკნაძის დაკავებისაც ჩხრეკაში მონაწილეობდნენ ნიკა ბუკია და ბაჩუკი ოშხერელი.

ჩემს სამსახურში მიყვანის შემდეგ, ოქმები გადავეცი მთავარ გამომძიებელს და დავინტერესდი რეზო კიკნაძის მიმართ რა მტკიცებულებები იყო და რის საფუძველზე იყო დაკავებული. რა დროსაც გამომძიებლის კომპიუტერში ვნახე მოკლე ფრაგმენტი, რეზო კიკნაძის მოქმედებები, რასაც აკეთებდა აქციების დროს. ისროდა ნივთებს. ზუსტად ის ტანსაცმელი ეცვა, რაც დაკავებისას. ეს ტანსაცმელი რომ წაეღო კაპეზეში, შეიძლება გაენადგურებინა და მოვახდინე ტანსაცმლის ამოღება.“

13:03 მოწმე გიორგი ქაჩლიშვილი: „რეზო კიკნაძის დაკავებისაც ჩხრეკაში მონაწილეობდნენ ნიკა ბუკია და ბაჩუკი ოშხერელი.

ჩემს სამსახურში მიყვანის შემდეგ, ოქმები გადავეცი მთავარ გამომძიებელს და დავინტერესდი რეზო კიკნაძის მიმართ რა მტკიცებულებები იყო და რის საფუძველზე იყო დაკავებული. რა დროსაც გამომძიებლის კომპიუტერში ვნახე მოკლე ფრაგმენტი, რეზო კიკნაძის მოქმედებები, რასაც აკეთებდა აქციების დროს. ისროდა ნივთებს. ზუსტად ის ტანსაცმელი ეცვა, რაც დაკავებისას. ეს ტანსაცმელი რომ წაეღო კაპეზეში, შეიძლება გაენადგურებინა და მოვახდინე ტანსაცმლის ამოღება.“

13:08 რეზო კიკნაძის დამკავებელ მოწმე გიორგი ქაჩლიშვილის მისამართით კითხვებს სვამს რეზო კიკნაძის ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი.

„რევაზ კიკნაძის მიმართ არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაწყებული აქვს გამოძიება. დაგკითხეს თუ არა, საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით?“ მოწმე პასუხობს, რომ დაკითხულია.

რეზო კიკნაძის ადვოკატის, გუჯა ავსაჯანიშვილის მხრიდან კიკნაძის დამკავებელი მოწმის ჯვარედინი დაკითხვისას ირკვევა, რომ მოწმე იმყოფებოდა აღმაშენებლის ხეივანში, როცა მას მიაწოდეს ოპერატიული ინფორმაცია რეზო კიკნაძის ადგილსამყოფლის შესახებ.

ადვოკატი ეკითხება ტელეფონის ნომერს, რომლითაც რეზო კიკნაძის დაკავებისას სარგებლობდა. მოწმე წერილობით და ნომრის გაუხმოვანებლად აძლევს ადვოკატს ტელეფონს. ადვოკატი ნომერს ახმოვანებს. ნომრის ხმამაღლა გაჟღერებას აპროტესტებენ პროკურორები და ამბობენ, რომ ადვოკატის მიზანია, მოწმეს ხალხმა ურეკოს.

13:21 მოწმე ქაჩლიშვილი ჰყვება, რომ რეზო კიკნაძის დაკავების ადგილას იყო მშენებარე ობიექტები და არავინ იმყოფებოდა რეზო კიკნაძის გარდა.

13:22 ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი სთხოვს მოსამართლეს, დაუშვას ტელეჟურნალისტები დარბაზში, რომლებიც ჩართვებისთვის გავიდნენ. ტელეჟურნალისტებს დღევანდლამდე სხდომათა დარბაზებში შესვლა და გამოსვლა შეეძლოთ.

„თქვენ ნუ ნერვიულობთ, შესვენების შემდეგ შემოვლენ“, — პასუხობს მოსამართლე.

13:28 დიალოგი რეზო კიკნაძის ადვოკატსა და დამკავებელ პოლიციელს შორის:

ადვოკატი: რევაზ კიკნაძეს ტანსაცმელი რომ გახადეთ, რა ჩააცვით.

მოწმე: მისმა დედამ გამოატანა ტანსაცმელი ბინის ჩხრეკის მერე და ის ჩავაცვით.

ადვოკატი: დედასთან დარეკილი გქონდათ?

მოწმე: არა.

ადვოკატი: გადაუდებელი იყო ტანსაცმლის ამოღება?

მოწმე: დიახ. სანამ იზოლატორში წავიდოდა, მისი ტანსაცმელი უნდა ამოღებულიყო.

ადვოკატი: კიკნაძის სახლიდან რომ მოჰქონდათ ტანსაცმელი. თქვენ დარეკეთ და უთხარით წამოეღოთ?

მოწმე: დედამ გამოატანა. არავის უთქვამს გამოატანეო. რომ შეატყობინეს, რომ დაკავებულია მისი შვილი და შეიძლება 2-3 დღე იზოლატორში იყოს და ა.შ. ალბათ დედამისმა ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება და გამოატანა ტანსაცმელი, რომ 3-4 დღის განმავლობაში ერთი და იგივე ტანსაცმელი არ სცმოდა.

ადვოკატი: ცეკაპედეს თანამშრომლებს ასე სხვა დროსაც დაატარებთ ხოლმე ბრალდებულების ტანსაცმლით?

მოწმე: როდესაც ოჯახის წევრი სთხოვს.

13:34 რეზო კიკნაძის ადვოკატი: თქვენ გამორიცხავთ, რომ ბუკიამ და ოშხანელმა რეზო კიკნაძე მანამდე მეტროსადგურში ნახეს?

კიკნაძის დამკავებელი მოწმე ქაჩლიშვილი: ლისის ტბის შესახვევში შევხვდი ამ თანამშრომლებს და ვიცანი, რომ ჩემი თანამშრომლები იყვნენ. როცა მივედით იქ, სადაც დავაკავეთ, მანქანიდან გადმოვიდნენ მხოლოდ თანამშრომლები და იქ ვნახეთ მხოლოდ რეზო კიკნაძე.

ირაკლი დგებუაძის მეგობარი ქალის მხრიდან სავარაუდო მუქარაზე გამოძიება არ დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში „ბათუმელებს“ ვერ უთხრეს, დაიწყო თუ არა გამოძიება ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მეგობარი ქალის მხრიდან სავარაუდო მუქარის ფაქტზე.

შსს-ს პრესცენტრის წარმომადგენლმა ,,ბათუმელებს”  უთხრა, რომ აღნიშნულ ამბავზე სამართლებრივი რეაგირების დაწყების შემთხვევაში ინფორმაციას მოგვაწვდის.

საუბარია შემდეგ ფაქტზე – „ბათუმელებმა“ 29 ივნისს გამოაქვეყნა მოქალაქე ნინო კაჭკაჭიშვილის მიერ გადაღებული ვიდეო – ირაკლი დგებუაძის მეგობარი ქალის, მარიამ გერლიანის ბარში ღამის ოთხის ნახევარზე ხმაურია, ამ ბარის ზემოთ მცხოვრები ნინო კაჭკაჭიშვილი კი, პოლიციას მიმართავს, თუმცა ბარიდან გამომავალ ხმაურზე პოლიციელები არ რეაგირებენ. გამოძახებული პოლიციელები „ბოჰემასთან“ მიდიან, აშკარად ესმით ხმაური, თუმცა ისე იქცევიან, თითქოს არაფერი ხდება.

ამ ვიდეოს გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში, ნინო კაჭკაჭიშვილის თქმით, ბართან ირაკლი დგებუაძე გამოჩნდა მეგობარ ქალთან ერთად.

„პირდაპირ აივნისკენ ამოიხედეს, თვალი არ მოუშორებიათ, ზუსტად დააფიქსირეს, რომ მე ვარ. კაცებს ხმა არ ამოუღიათ, მხოლოდ განმგმირავი მზერით შემოიფარგლნენ, ქალმა კი შემაგინა ხმამაღლა – „დედას მოგ…ო“, – უთხრა „ბათუმელებს“ ნინო კაჭკაჭიშვილმა.

ბარი „ბოჰემა“ ძველ ბათუმში მდებარეობს და ის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მეგობარი ქალის – მარიამ გერლიანის საკუთრებაა.

ძველ ბათუმში, კოსტავას ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეების თქმით, კვირაში 3 ღამე ამ ბარიდან გამომავალი ხმაურის გამო, ფაქტობრივად, ძილს ვერ ახერხებენ. ისინი ყოველ ჯერზე იძახებენ მუნიციპალურ ინსპექციას, პოლიციას, თუმცა ვითარება არ იცვლება.

ფოტოზე: კადრები დგებუაძის მეგობარი ქალის ბართან გადაღებული ვიდეოდან

ამ თემაზე:

„მემუქრებიან“ – მოქალაქე, რომელმაც ირაკლი დგებუაძის მეგობარი ქალის ბარი გადაიღო

„არ გავცემთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ ადამიანებზე ცნობებს“ – არასამთავრობოების გზავნილი ივანიშვილს

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა რაჟდენ კუპრაშვილის ბიუროს მოთხოვნა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ბენეფიციართა შესახებ პერსონალურ ინფორმაციას ითხოვდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელ სასამართლოსაც ბრიტანეთის და აშშ-ს მიერ სანქცირებული მიხეილ ჩინჩალაძე ხელმძღვანელობს, დღეს, 30 ივნისს გააცნეს მოქალაქეებს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.

გთავაზობთ მათ მიმართვას საზოგადოებისადმი:

„ჩვენ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, კვლავ ვაპროტესტებთ ივანიშვილი/კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს უკანონო მოთხოვნებს, რომელიც კლანურმა სასამართლომ მორჩილად დააკმაყოფილა.

2025 წლის ივნისში ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით მოგვთხოვა პერსონალური ინფორმაციის მიწოდება ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანების – წამების მსხვერპლების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, მოსწავლეების, სტუდენტების, მასწავლებლების, პენსიონერების, შშმ პირების, მეწარმეების, მამხილებლების, ჟურნალისტების, დამკვირვებლების, უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეების შესახებ, ასევე ინფორმაცია ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით.

სააპელაციო სასამართლომ, რომლის თავმჯდომარე აშშ-სა და ბრიტანეთისგან სანქცირებული ჩინჩალაძეა, ჩვენი საჩივარი არ დააკმაყოფილა და გადაწყვეტილება სულ ცოტა 10 კანონის დარღვევით გამოიტანა.

მოთხოვნები, მათ შორის, ეწინააღმდეგება:

  •  საქართველოს კონსტიტუციას;
  •  პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობას;
  • -უფლებადამცველთა კონფიდენციალობის საერთაშორისო სტანდარტებს;
  •  ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.

კიდევ ერთხელ ცალსახად ვაცხადებთ, არ ვაპირებთ ჩვენი მოქალაქეების ნდობის ღალატს. არავის მივცემთ წვდომას იმ ადამიანების კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, ვისაც ჩვენ დავხმარებივართ.

ჩვენ ანგარიშვალდებული ვართ მოქალაქეების და არა ივანიშვილის მიმართ.

ჩვენს საქმიანობასთან, ფინანსებთან, პროექტებთან და საერთაშორისო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რისი გასაჯაროებაც არ იკრძალება კონსტიტუციით და სხვა კანონმდებლობებით, შეუძლიათ გაეცნონ ჩვენს ვებ გვერდებსა და სოციალურ ქსელებში, ამიტომ, ჩვენ მათ დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით.

ივანიშვილი თავისი რეპრესიული პოლიტიკის ფარგლებში ქართული სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების განადგურებას პუტინის რუსეთის მსგავსად ცდილობს. ეს ივანიშვილის ანტი-დასავლური პოლიტიკის ნაწილია, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის მოშლას და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების განადგურებას ემსახურება.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ რუსული კანონებით ცხოვრებას არ ვაპირებთ და ვაგრძელებთ ბრძოლას ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად“.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 30 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 30 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 020 010 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 070]
  • ტანკი – 10 980 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 22 922 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 29 718 ერთეული [+29]
  • MLRS – 1 427 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 190 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 420 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 340 ერთეული [+3]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 42 796 ერთეული [+172]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 436 ერთეული [+42]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 53 593 ერთეული [+85]
  • სპეცტექნიკა – 3 921 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 30 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 663 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 66 304 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 612 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 094 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 572 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 26 800 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 37 481 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინაზე ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განახორციელა

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„მოვითხოვთ, შეწყდეს თანამოქალაქეების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა“- ზალდასტანიშვილის აკადემია

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის თანამშრომელთა და კურსდამთავრებულთა ნაწილი ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს. ისინი გმობენ საქართველოში მიმდინარე რეპრესიებს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს.

„ბათუმელები“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენ, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მასწავლებლები, თანამშრომლები, კურსდამთავრებულები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები შეშფოთებულები ვართ იმ რეპრესიული პოლიტიკით, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ.

პოლიტიკური რეპრესიების სამიზნე გახდნენ ყველა პროფესიისა და ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები. სხვა მოქალაქეებთან ერთად, დაპატიმრებულები არიან ჩვენი სკოლის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ჩვენი სკოლის პედაგოგის მეუღლე ნინო დათაშვილი, ჩვენი კურსდამთავრებულის მეუღლე – გიორგი ვაშაძე.

ჩვენი სკოლა დაფუძნდა გივი ზალდასტანიშვილის რწმენით, რომ საქართველო არასდროს აღარ იქნებოდა ტოტალიტარული სახელმწიფო და ქართველი ახალგაზრდები გახდებოდნენ დემოკრატიული სამყაროს ღირსეული წევრები. სამწუხაროდ, დღეს, ორივე მიზანი ისე შორსაა, როგორც არასდროს.

მოვითხოვთ, რომ შეწყდეს ჩვენი სკოლის დამფუძნებლების, მასწავლებლებისა და კურსდამთავრებულების ოჯახის წევრებისა და ყველა ჩვენი თანამოქალაქის პოლიტიკურად მოტივირებული დევნა,“- ნათქვამია განცხადებაში.

 

„რეჟიმმა ჯერ ვერ შეძლო გათითოკაცება, რაც დიქტატურის წინაპირობაა“ – ინტერვიუ

„არგუმენტაცია – თუ ხმას არ ამოვიღებთ, რეჟიმი შესაძლოა ჩვენ არ შეგვეხოს, არის იმის მაჩვენებელი, რომ რეჟიმმა ჯერჯერობით ვერ შეძლო საქართველოს მოსახლეობის, ქართული საზოგადოების გათითოკაცება, რაც მთავარი წინაპირობაა იმის, რომ დიქტატურა დამყარდეს – არ უნდა მაინტერესებდეს ჩემს მეზობელს დაიჭერენ, დახვრეტენ, თუ გადაასახლებენ. მთავარია, მე არ შემეხონ,“ – მიიჩნევს პუბლიცისტი ზაალ ანდრონიკაშვილი. მას წინააღმდეგობაზე ვესაუბრეთ, რომელიც საქართველოში უკვე 214 დღეა გრძელდება.

ზაალ ანდრონიკაშვილს ვესაუბრეთ რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი არგუმენტის გააქტიურებაზე: „თუ ჩუმად ვიქნები, არ შემეხებიან“. პუბლიცისტი ასაბუთებს, რატომ არის ეს ილუზიაა.

„ბათუმელებმა“ პუბლიცისტ ზაალ ანდრონიკაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო ზაალ, დღეს დაანონსებულ აქციაზე მინდა გკითხოთ: ყოველდღიურად იმართება აქციები უკვე 214 დღეა. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მასშტაბურ დემონსტრაციებს არსებული რეპრესიების პირობებში? 

ეს ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა მიზეზის გამო. პირველ რიგში, სიმბოლური მნიშვნელობა ძალიან დიდია – აჩვენებს, რომ გრანდიოზული რეპრესიების მიუხედავად, იმის მიუხედავად, რომ ყოველდღიურ რეჟიმში კანონმდებლობა იცვლება და არალეგიტიმური პარლამენტი იღებს კანონებს, შემდგარია იმ გზაზე, რომ საქართველო ჩამოაყალიბოს უკანონო სახელმწიფოდ, დიქტატურად, სახელმწიფოდ, სადაც კანონი მოქმედებს არა სამართლიანობის დაცვისთვის, არამედ იმისთვის, რომ გაამყაროს რეჟიმი.

სხვა მიზანი არ აქვს ახალ კანონებს, რასაც იღებს ის ორგანო, რომელსაც პარლამენტი ჰქვია და აკლია ლეგიტიმაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ.

მნიშვნელოვანია საპროტესტო აქციები იმიტომაც, რომ უამრავი ხალხია ჩაყრილი ციხეში უსამართლოდ – რამდენიმე ათეული პოლიტპატიმარი ჰყავს საქართველოს. მინდა ვახსენო მზია ამაღლობელი, რომელიც ერთ-ერთი სიმბოლოა ამ გაუტეხელი პროტესტის.

ამ აქციებმა აჩვენა ის, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ვერ მოახერხა პროტესტის გატეხა. ძალიან დიდი პატივისცემა მინდა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მიუხედავად ყველაფრისა, ნახევარ წელიწადზე მეტია ყოველდღიურად დგანან ქუჩაში.

ეს აჩვენებს იმას, რომ საქართველო ჯერ კიდევ იბრძვის დემოკრატიისთვის და დიქტატურის წინააღმდეგ, სუვერენიტეტისთვის, იბრძვის უცხო ქვეყნის გავლენის წინააღმდეგ – ყველაფერი, რასაც აქეთ აბრალებს ივანიშვილის რეჟიმი ხალხს, რომელიც მას წინააღმდეგობას უწევს, აკეთებს ივანიშვილის რეჟიმი: მოქმედებს უცხო ძალის ინტერესებით და მოქმედებს საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ.

  • რეპრესიების გარდა ისევ აქტიურად მუშაობს პროპაგანდა დემოკრატიის წინააღმდეგ. ერთ-ერთ გზავნილზე მინდა გკითხოთ, რაც გააქტიურდა საზოგადოების ნაწილში: „თუ გავჩუმდები, სისტემა არ შემეხება, საბჭოთა კავშირში ხომ ასე ვცხოვრობდით?“ 

ივანიშვილის რეჟიმი რეალურად მართლაც ცდილობს ილუზიის შექმნას, რომ ჩვენ საბჭოთა კავშირში დავბრუნდებით. ამისთვის ის მართლაც ბევრ რამეს აკეთებს, რომ საქართველო დაემსგავსოს საბჭოთა კავშირს, როგორც უსამართლო სახელმწიფო.

ტოტალიტარული შეიძლება ვერ იყოს ივანიშვილის რეჟიმი მცირე მასშტაბის გამო, მაგრამ მას სურს რეჟიმი, რომელიც მთლიანად აკონტროლებს თავისუფლებას – პირველ რიგში, მოქალაქეებს ართმევს გამოხატვის თავისუფლებას.

არგუმენტაცია, რომ თუ ხმას არ ამოვიღებთ, რეჟიმი შესაძლოა ჩვენ არ შეგვეხოს, არის იმის მაჩვენებელი, რომ რეჟიმმა საქართველოში ჯერჯერობით ვერ შეძლო საქართველოს მოსახლეობის, ქართული საზოგადოების გათითოკაცება, რაც მთავარი წინაპირობაა იმის, რომ დიქტატურა დამყარდეს.

ამისთვის საჭიროა ის, რომ ხალხი იყო გათიშული ერთმანეთისგან, არ იყოს სოლიდარული ერთმანეთის მიმართ, არ უნდა ვიცოდე და არ მაინტერესებდეს ჩემს მეზობელს დაიჭერენ, დახვრეტენ, თუ გადაასახლებენ. მთავარია, მე არ შემეხონ.

კლასიკური ნაშრომები რომ გადავიკითხოთ ტოტალიტარიზმის თეორიაში, მაგალითად, ჰანა არენდტის წიგნი ტოტალიტარიზმის შესახებ, რაც იყო პირველი მცდელობა პოლიტიკურ თეორიაში ტოტალიტარული რეჟიმების აღწერისა – გათითოკაცება არის ანი და ჰოე ტოტალიტარულ სისტემაში.

ტოტალიტარიზმს სჭირდება საზოგადოების დეფრაგმენტაცია იმდენად, რომ საზოგადოება საზოგადოება აღარ იყოს, იყოს კრებული ცალკეული ადამიანების – ასე ცალკეულად რეჟიმი ყველას გატეხს იოლად, ვიდრე ერთად მდგომ ადამიანებს.

საქართველოს გერბს აწერია „ძალა ერთობაშია“. ეს არის გზავნილი: საქართველოს საზოგადოების სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ წინაპირობაა იმისთვის, რომ ჩვენ შევდგეთ, როგორც დემოკრატიული, დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო.

ივანიშვილის რეჟიმი იბრძვის იმისთვის, რომ დეფრაგმენტაცია გამოიწვიოს, ადამიანებში გააჩინოს შეგრძნება: მე თუ ხმას ამოვიღებ, რეჟიმი მე არ შემეხება, მაგრამ ეს მცდარი აზრია: როდესაც ქვეყანაში მყარდება უკანონობა, არამხოლოდ დიქტატურა, არამედ სისტემა, სადაც არსებობენ მთავრობასთან დაკავშირებული, პრივილეგირებული ადამიანები, რეჟიმის ბობოლები და მათი ოჯახის წევრები, ძალოვანი სტრუქტურები, რეჟიმის მსხვერპლი შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი ადამიანი.

ამ დროს არავითარი დაცვა არც საკანონმდებლო და არც საზოგადოებრივი მოქალაქეს არ აქვს.

  • თუ მოქალაქე აღმოჩნდება სისტემის სამიზნე? 

წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ სახლი, რომელიც რაღაცისგან გიცავს: სიცხისგან, სიცივისგან. უცებ რომ წარმოვიდგინოთ, რომ სახლი აღარ გაქვთ და ივარაუდოთ, რომ წვიმა შეიძლება არ მოვიდეს, ან ქარმა არ დაუბეროს, მაგრამ თუ გაწვიმდება, აუცილებლად დასველდები და გაცივდები. ეს არის უსამართლობის და უთანასწორობის სისტემა, რომლის მსხვერპლიც აუცილებლად აღმოჩნდებით – შეიძლება კი არა, აუცილებლად აღმოჩნდებით!

ეს შეიძლება იყოს გაჩუმებული ადამიანის შვილი, რომლის შვილიც ვერ დასაქმდება, ან არ დააწინაურებენ, რადგან ეს ადგილი პრივილეგირებული ადამიანის შვილისაა, ან მაგალითად, დღეს გაჩუმებული ადამიანის მეზობელს შეიძლება მოუნდეს მისთვის მიწის წართმევა, მას კი, ვერაფერი იცავს – საბჭოთა კავშირშიც არსებობდა ეს გამოცდილება.

ხალხს ახსოვს საბჭოთა კავშირი, ახსოვს, რომ ეს იყო არამხოლოდ სოციალური სისტემა, რომელიც მეტ-ნაკლებად იცავდა ყველა ადამიანს – ჰქონდა საბაზისო ხელფასი და შიმშილით არავინ კვდებოდა, ასევე, საქართველო იყო უზარმაზარ საბჭოთა, ჩრდილოვან ეკონომიკაში და ჩართული იყო საკმაოდ ხეირიანადაც.

მაგალითად, ვისაც ჰქონდა მანდარინის ბაღი, ან ვენახი, მას შეეძლო მშვენივრად ეცხოვრა საბჭოთა ეკონომიკიდან გამომდინარე – აგრარული პოტენციალი საქართველოს აძლევდა საშუალებას, რომ ეცხოვრა ბევრად უკეთესად, ვიდრე ცხოვრობდნენ საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში.

მაგრამ დღეს ეს სისტემა მთლიანად მოშლილია. ილუზორულია ყველა იმ ადამიანის ეკონომიკური უზრუნველყოფა შეძლოს ივანიშვილის რეჟიმმა, რომელიც გაჩუმდება. პირიქით, გაიზრდება უმუშევრობა და სიღარიბე.

უზრუნველყოფილი იქნება ის ხალხი, რომელიც აქტიურად ჩაერთვება რეჟიმის მხარდაჭერაში: სახელმწიფო მოხელეები, ძალოვანი უწყებები და ასე შემდეგ. ამ ხალხის რაოდენობა ძალიან შეზღუდულია. სხვა დანარჩენი არის განწირულია სიღარიბისთვის. თავის დროზე თქვა კიდევაც ივანიშვილმა, ბევრი ადგილი არ არის საქართველოშიო…

ეს ნიშნავს იმას, რომ მიგრაცია კიდევ უფრო გაიზრდება და საქართველო დაპატარავდება. დაპატარავდება არამხოლოდ ადამიანების რაოდენობით, შეიძლება ტერიტორიულად. ეს არის სახელმწიფოს ჩამოშლის პროცესი.

ეს არ იქნება ძველი საბჭოთა კავშირი, საქართველოს არ ექნება საშუალება, ისარგებლოს, ასე ვთქვათ, იმ პრივილეგიებით და ხვრელებით, რაც არსებობდა საბჭოთა ეკონომიკის და განსაკუთრებით ჩრდილოვანი ეკონომიკის პირობებში, როცა შესაძლოა ვიღაცას ეთქვა, რომ პურ-მარილით ცხოვრობს, სუფრასთან დროის ტარებით.

ამის ილუზია დღეს არ უნდა ჰქონდეს არავის.

ერთადერთი, ვინც იქნება კარგად, იქნება ის წრე, რომელიც ემსახურება რეჟიმს – ყველა დანარჩენი იქნება ეკონომიკურად ცუდად, სამართლებრივად დაუცველი. ეს არის საფრთხე იმ ადამიანებისთვისაც კი, რომელიც ჩართულია რეჟიმის უშუალოდ მსახურებაში – ხედავთ, რომ ერთმანეთის მუდმივი ჭამაა, ერთმა კლანმა მეორე კლანი გააგდო, ამ შემთხვევაში ღარიბაშვილის კლანი ჩამოშორდა მთავრობას და დაიწყეს ვიღაცების დაჭერა.

რეალურად ამ სისტემაში ყველა უკიდურესად დაუცველია. საქართველოა დაუცველი, როგორც სახელმწიფო, როცა მისი სამხედრო პოტენციალი არის მიზანმიმართულად განადგურებული.

გამოდის ივანიშვილის წარმომადგენელი კობახიძე და ლაპარაკობს პატარა ქვეყანა ვართ, არ გვაქვს დიდი ამბიციაო. ასე ხდება საქართველოს დაპატარავება, რაც შეგნებული პოლიტიკის ნაწილია. დღეს ნებისმიერი საგარეო საფრთხის წინაშე საქართველო სრულიად დაუცველია, რომ აღარ ვილაპარაკოთ იმ უზარმაზარ საფრთხეზე, რომელიც ჩვენ გვყავს რუსეთის სახით.

ვინც ამბობს, რომ უნდა გავჩუმდეთ და წყნარად ვიცხოვრებთ, შემდეგი ეტაპი შეიძლება იყოს არა ის, რომ რუსული სამხედრო საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, არამედ პირდაპირ გარეკონ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში.

საბჭოთა კავშირის ისტორიას რომ შევხედოთ: 1921 წლის შემდეგ, 1924 წლის აჯანყების შემდეგ ერთგვარი გარიგება შედგა და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არჩია სიჩუმე – შედარებით კეთილდღეობა გაცვალა დამოუკიდებლობაში, მაგრამ მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ბევრმა ადამიანმა ხეირი მაინც ნახა, ახლა ასეც არ არის.

ივანიშვილის რეჟიმი ხალხს არ სთავაზობს არაფერს საბჭოთა რეჟიმისგან განსხვავებით, რომელიც მათ რაღაცას სთავაზობდა თუნდაც მომავლის სახით, კომუნისტური უტოპიის სახით, რომელიც ვერ ააშენა. დღეს არანაირი შეთავაზება არ არსებობს იმის საფასურად, რომ ვიღაც გაჩუმდეს.

საბედნიეროდ ვხედავთ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა არანაირად არ აპირებს შეეგუოს ივანიშვილის რეჟიმს.

  • ოცნების“ მთავრობა არა, მაგრამ ცალკეული პროპაგანდისტები საუბრობენ ახალ კავშირებზეც რუსეთთან… 

ეს პერსპექტივაც არ არსებობს იმიტომ, რომ ვხედავთ რუსეთი რა მდგომარეობაში, მისი ეკონომიკა გადახურებულია და მთლიანად გადაწყობილია ომზე. ამ დროს ვიღაცას თუ აქვს ილუზია, რომ რუსეთის ეკონომიკით საქართველოს ეკონომიკა იხეირებს, ეს არის არათუ მიამიტური წარმოდგენა, უბრალოდ მცდარი წარმოდგენაა.

ცენტრალური აზიის ქვეყნებიც კი, ცდილობენ ჩამოვიდნენ რუსეთის ორბიტიდან – ისინი ბევრად უფრო მჭიდროდ იყვნენ ინტეგრირებული რუსეთთან.

საბჭოთა კავშირის სიძლიერე არსებობდა იქამდე, სანამ არსებობდა უტოპიური მომენტი, რომ ეს არის ალტერნატიული მოდელი კაპიტალისტური სამყაროსი. იმ მომენტიდან, როდესაც გამოჩნდა, რომ კომუნიზმი არასდროს აშენდება, საბჭოთა კავშირმა დაიწყო ნგრევა. ნგრევის პროცესი გრძელდება დღესაც და არ დასრულებულა.

ეს პროცესი დაიწყო 80-იანი წლების შუაში და გრძელდება დღემდე – რაღაცნაირად უნდა გავუძლოთ. რუსეთის ერთადერთი ძალა და ინსტრუმენტი არის ძალა და ძალადობა. არანაირი ალტერნატიული მოდელი და მომავლის შეთავაზება მას არ შეუძლია არათუ საქართველოს მოსახლეობის, არამედ საკუთარი ხალხისთვის. რუსეთი საკუთარ ხალხს სთავაზობს ილუზორულ იმპერიულ დიდებას – უკვე მილიონს უახლოვდება ომში დაღუპულთა რაოდენობა.

საქართველოში თუ ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთის იმპერიულ დიდებას შესწიროს თავი და ეს არის ის, რასაც სთავაზობს რუსეთი საქართველოს, მისი საქმეა. მგონი, ბევრი ადამიანისთვის ეს მაინცდამაინც მიმზიდველი არ უნდა იყოს.

  • გამძლეობა ახსენეთ – კიდევ რა ფაქტორებზეა დამოკიდებული, თქვენი აზრით, დემოკრატიის გადარჩენა საქართველოში? 

ერთია სოლიდარობა, რაც ახლა ჩანს. მთელი სახელმწიფო და დემოკრატიული საზოგადოება დგას იმაზე, რომ ვიბრძოლო იმისთვის, რაც მე პირადად შეიძლება არ მეხებოდეს. ამაზე იყო დამყარებული ილიას, თერგდალეულების და სამოციანელთა ნააზრევი, რომ ჩვენი ვალია, საზოგადოებრივ საქმეს ვაყენებ პირადზე წინ, მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ქვეყანას; თუ საჭირო იქნება, მზად ვარ, თავი შევწირო კიდეც.

ამას აკეთებს კიდეც ის ხალხი, რომელიც დღეს ციხეშია. არაფერი არ რჯიდა ამ ადამიანებს, რომ არ გასულიყვნენ პროტესტზე, მაგრამ მათ შინაგანად აქვთ რაღაც ისეთი, რაც არ აძლევს საშუალებას, გაჩუმდნენ, გვერდზე გაიხედონ.

ასეთი ხალხის მხრებზეა დღეს საქართველო – ეს ხალხი რომ არა, დღეს ჩვენ არ გვექნებოდა სახელმწიფო. სოლიდარული კავშირი ადამიანებს შორის, როცა ადამიანი მოქმედებს პირადი ინტერესის მიღმა საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის – ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მონაპოვარი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ: გაიზარდა თაობა, რომლისთვისაც აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო, საზოგადოება და ქვეყანა არ არის აბსტრაქტული სიტყვები, ეს არ არის სადღეგრძელოში სათქმელი სიტყვები, არამედ ეს არის ისეთი რაღაც, რომლისთვისაც მზად არიან იბრძოლონ, გასწირონ ჯანმრთელობა, თავისუფლება, სიცოცხლეც კი. პირველ რიგში, უკიდურესად მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ადამიანები ჩვენ გვყავს.

დანარჩენი სტრატეგიის და ტაქტიკის საკითხებია, რაც ხანგრძლივი პროცესია. გვჭირდება მოთმინება და გაუტეხლობა. არ უნდა დავკარგოთ იმედი. ეს ბრძოლა მოითხოვს დიდ ფიზიკურ და ემოციურ, მატერიალურ გამძლეობას. რეჟიმი არის ხალხის გაღარიბებასა და გაღატაკებაზე გადასული, ეს ეკონომიკური ტერორია.

ამ ყველაფერს სჭირდება ატანა, მაგრამ სიმართლე ჩვენ მხარესაა. ვიცით, რომ ვაგრძელებთ ტრადიციას – საქართველოს სახელმწიფოებრიობის ტრადიციას, ვაგრძელებთ თერგდალეულების ტრადიციას…

საქართველო დღეს არის ხალხი, რომელიც იბრძვის საქართველოსთვის. ივანიშვილის რეჟიმი კი, არის პრაქტიკულად ოკუპანტი ადმინისტრაციული სტრუქტურები, მათ საქართველოსთან საერთო არაფერი აქვთ. ეს არის ხალხი, რომელიც საქართველოს ებრძვის. ჩვენ საქართველოს სახელმწიფოს ვინარჩუნებთ, ჩვენ მხარესაა ისტორიული საქართველოს ძალა და სიმართლე.

ამიტომ, ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ.

„მემუქრებიან“ – მოქალაქე, რომელმაც ირაკლი დგებუაძის მეგობარი ქალის ბარი გადაიღო

„მუქარა მივიღე,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები ნინო კაჭკაჭიშვილი, რომელიც ძველ ბათუმში ცხოვრობს იმ ბარის ზემოთ, რომლის მფლობელიც მარიამ გერლიანია – ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მეგობარი ქალი.

ნინო კაჭკაჭიშვილმა კი, მობილური ტელეფონით გადაიღო პოლიციელები, რომლებიც არ რეაგირებენ ბარიდან გამომავალ ხმაურზე, ღამის ოთხის ნახევარზე.

დღეს, 29 ივნისს, „ბათუმელებზე“ ამ ვიდეოს გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში, ნინო კაჭკაჭიშვილის თქმით, ბართან ირაკლი დგებუაძე გამოჩნდა მეგობარ ქალთან ერთად.

„პირდაპირ აივნისკენ ამოიხედეს, თვალი არ მოუშორებიათ, ზუსტად დააფიქსირეს, რომ მე ვარ. კაცებს ხმა არ ამოუღიათ, მხოლოდ განმგმირავი მზერით შემოიფარგლნენ, ქალმა კი შემაგინა ხმამაღლა – „დედას მოგ…ო“, – უთხრა „ბათუმელებს“ ნინო კაჭკაჭიშვილმა.

ბარი „ბოჰემა“ ძველ ბათუმში მდებარეობს და ბათუმი პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მეგობარი ქალის – მარიამ გერლიანის საკუთრებაა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, დგებუაძის მეგობარი ქალი, მარიამ გერლიანი ინდივიდუალურ მეწარმედ 2023 წლის ივნისში დარეგისტრირდა.

ამონაწერით ირკვევა ისიც, რომ ამ დროს გერლიანი მოვალეთა რეესტრში იყო დარეგისტრირებული – შემოსავლების სამსახურის შეტყობინების საფუძველზე მისთვის ქონება დაუყადაღებიათ.

ვიდეოკადრებში, რომელიც დღეს, 29 ივნისს, „ბათუმელებმა“ გავრცელა, ჩანს, რომ გამოძახებული პოლიციელები „ბოჰემასთან“ მიდიან, აშკარად ესმით ხმაური, თუმცა ისე იქცევიან, თითქოს არაფერი ხდება.

ძველ ბათუმში, კოსტავას ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეების თქმით, კვირაში 3 ღამე ამ ბარიდან გამომავალი ხმაურის გამო, ფაქტობრივად, ძილს ვერ ახერხებენ.

ისინი ყოველ ჯერზე იძახებენ მუნიციპალურ ინსპექციას, პოლიციას, თუმცა ვითარება არ იცვლება.

რა ხდება დგებუაძის მეგობარი ქალის ბარში - ძველი ბათუმი, ღამის 3:30 საათი

ბათუმის აეროპორტში მოსკოვის თვითმფრინავი ვერ დაჯდა

დღეს, 29 ივნისს, ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვი-ბათუმის რეისს ასრულებს, ვერ დაჯდა,

ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით მიზეზი უამინდობაა [ნისლი და დაბალი ხილვადობა].

თვითმფრინავი ამ დროისთვის [12:07 სთ.] ზღვის თავზე მანევრირებს.

განახლება: თვითმფრინავი მეორე მცდელობისას [დაახლოებით 12:13 საათზე] დაჯდა ბათუმის აეროპორტში.

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ბათუმში მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს ბრალდებული, რომელმაც ძველ ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოქალაქე დაჭრა. კიდევ ერთ ბრალდებულს გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

ბრალდებულები 21 და 24 წლის არიან. ორივე ბრალდებული თურქეთის მოქალაქეა.

გამოძიების ვერსიით, „მ ა.ა. – მ, მიმდინარე წლის 25 ივნისს, ბათუმში, ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 2000 წელს დაბადებული ე.ა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ დანაშაულს შეესწრო ა.ა. – ს თანმხლები პირი , ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ბ.ი., თუმცა მან მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავერცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე, 236-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.
Exit mobile version