„ქვეყნის მოსახლეობა 200 ათასი კაცით რომ გაზრდილიყო, საიდანღაც უნდა შემოსულიყო 449 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც აქ დარჩებოდა საცხოვრებლად ემიგრანტის სტატუსით. ეს თუ მართლაც ასეა, ძალიან საგანგაშოა, თუმცა სტატისტიკურად ეს არ დასტურდება,“ – სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე საქართველოში 2024 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის შედეგებს ეხმაურება.
ეკონომისტის თქმით, მონაცემთა ანალიზი მიუთითებს, რომ „ბოლო აღწერის სტატისტიკა გაყალბებულია“.
„საქართველოში 2024 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის შედეგები ან ძალიან არაზუსტია ან კატასტროფულია.
შესაძლოა 2014 წლის აღწერაც ცუდად იყო ჩატარებული და ამიტომაც არის ბოლო აღწერის შედეგები ასეთი უცნაური. ფაქტია, საოცარ დემოგრაფიულ სურათთან გვაქვს საქმე,“ – ამბობს რომან გოცირიძე.
ეკონომისტი მონაცემს, რომლის მიხედვითაც, აღწერიდან აღწერამდე ათწლიან პერიოდში, 2014-2024 წლებში საქართველოს მოსახლეობა თურმე 200 ათასით გაზრდილა, ეჭვქვეშ აყენებს.
„ეს შეუძლებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
- 2015-2024 წლებში ქვეყანა დატოვა და ემიგრანტის სტატუსით უცხოეთში დარჩა 244 ათასი საქართველოს მოქალაქე [სხვაობა წასულებსა და დაბრუნებულებს შორის].
- ბუნებრივი მატება ამ პერიოდში იყო უარყოფითი, ანუ გარდაცვლილთა რიცხოვნება 4158-ით აღემატებოდა დაბადებულთა რაოდენობას.
- აქედან ჩანს, რომ საქართველოს მოსახლეობა ამ პერიოდში შემცირდა 249 ათასი კაცით.
- ქვეყნის მოსახლეობა 200 ათასი კაცით რომ გაზრდილიყო, საიდანღაც უნდა შემოსულიყო 449 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც აქ დარჩებოდა საცხოვრებლად ემიგრანტის სტატუსით. ეს თუ მართლაც ასეა, ძალიან საგანგაშოა, თუმცა სტატისტიკურად ეს არ დასტურდება,“ – ამბობს რომან გოცირიძე.
ეკონომისტი ეყრდნობა ოფიციალურ სტატისტიკას. ამ სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში შემოსული და აქ ემიგრანტის სტატუსით დარჩენილი უცხო ქვეყნების მოქალაქეების რაოდენობამ შეადგინა 230 ათასი კაცი.
„გამოდის, რომ მიუხედავად საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის კლებისა – მიგრაციისა და ბუნებრივი კლების გამო და უცხოეთის მოქალაქეების რაოდენობის ზრდისა, ქვეყნის მოსახლეობა ვერ გაიზრდებდა ორასი ათასი კაცით. აცდენა რეალურ მონაცემებსა და აღწერის შედეგებს შორის არის 219 ათასი კაცი.
შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოში მოსახლეობის ბოლო აღწერის სტატისტიკა გაყალბებულია. ზოგადად, სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის ინფორმაცია არასანდოა და ხშირ შემთხვევაში მანიპულირებული. ეს ეხება სხვა სტატისტიკურ მაჩვენებლებსაც,“ – განმარტავს რომან გოცირიძე.

2012-2024 წლების მიგრაციის ოფიციალურ სტატისტიკა
„ამ ცხრილში მოცემულია 2012-2024 წლების მიგრაციის ოფიციალური სტატისტიკა, გაანგარიშებული საქართველოს მოქალაქეებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიხედვით. იგი აჩვენებს, თუ რამდენად არაზუსტია აღწერის შედეგები.
საქსტატის მონაცემებით, გამოდის 449 ათასი უცხოეთის მოქალაქე ცხოვრობს საქართველოში ემიგრანტის სტატუსით [12 თვეზე მეტი ხნით]. მიგრაციის ოფიციალურ სტატისტიკის ცხრილში კი სულ სხვა რამ წერია.
აღწერის შედეგები ან მცდარია ან კატასტროფული. თითქმის ნახევარი მილიონი უცხოელი აქ თუ დასახლდა ამ ათ წელიწადში, ეს რას ნიშნავს, კარგად ვიცით ყველამ,“ – ამბობს რომან გოცირიძე.
ამავე თემაზე:
როგორ გაიზარდა 200 ათასით მოსახლეობა, როცა ხალხი ემიგრაციაში მიდის?