მთავარი,სიახლეები

„რეჟიმმა ჯერ ვერ შეძლო გათითოკაცება, რაც დიქტატურის წინაპირობაა“ – ინტერვიუ

29.06.2025 •
„რეჟიმმა ჯერ ვერ შეძლო გათითოკაცება, რაც დიქტატურის წინაპირობაა“ – ინტერვიუ

„არგუმენტაცია – თუ ხმას არ ამოვიღებთ, რეჟიმი შესაძლოა ჩვენ არ შეგვეხოს, არის იმის მაჩვენებელი, რომ რეჟიმმა ჯერჯერობით ვერ შეძლო საქართველოს მოსახლეობის, ქართული საზოგადოების გათითოკაცება, რაც მთავარი წინაპირობაა იმის, რომ დიქტატურა დამყარდეს – არ უნდა მაინტერესებდეს ჩემს მეზობელს დაიჭერენ, დახვრეტენ, თუ გადაასახლებენ. მთავარია, მე არ შემეხონ,“ – მიიჩნევს პუბლიცისტი ზაალ ანდრონიკაშვილი. მას წინააღმდეგობაზე ვესაუბრეთ, რომელიც საქართველოში უკვე 214 დღეა გრძელდება.

ზაალ ანდრონიკაშვილს ვესაუბრეთ რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი არგუმენტის გააქტიურებაზე: „თუ ჩუმად ვიქნები, არ შემეხებიან“. პუბლიცისტი ასაბუთებს, რატომ არის ეს ილუზიაა.

„ბათუმელებმა“ პუბლიცისტ ზაალ ანდრონიკაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო ზაალ, დღეს დაანონსებულ აქციაზე მინდა გკითხოთ: ყოველდღიურად იმართება აქციები უკვე 214 დღეა. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მასშტაბურ დემონსტრაციებს არსებული რეპრესიების პირობებში? 

ეს ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა მიზეზის გამო. პირველ რიგში, სიმბოლური მნიშვნელობა ძალიან დიდია – აჩვენებს, რომ გრანდიოზული რეპრესიების მიუხედავად, იმის მიუხედავად, რომ ყოველდღიურ რეჟიმში კანონმდებლობა იცვლება და არალეგიტიმური პარლამენტი იღებს კანონებს, შემდგარია იმ გზაზე, რომ საქართველო ჩამოაყალიბოს უკანონო სახელმწიფოდ, დიქტატურად, სახელმწიფოდ, სადაც კანონი მოქმედებს არა სამართლიანობის დაცვისთვის, არამედ იმისთვის, რომ გაამყაროს რეჟიმი.

სხვა მიზანი არ აქვს ახალ კანონებს, რასაც იღებს ის ორგანო, რომელსაც პარლამენტი ჰქვია და აკლია ლეგიტიმაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ.

მნიშვნელოვანია საპროტესტო აქციები იმიტომაც, რომ უამრავი ხალხია ჩაყრილი ციხეში უსამართლოდ – რამდენიმე ათეული პოლიტპატიმარი ჰყავს საქართველოს. მინდა ვახსენო მზია ამაღლობელი, რომელიც ერთ-ერთი სიმბოლოა ამ გაუტეხელი პროტესტის.

ამ აქციებმა აჩვენა ის, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ვერ მოახერხა პროტესტის გატეხა. ძალიან დიდი პატივისცემა მინდა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მიუხედავად ყველაფრისა, ნახევარ წელიწადზე მეტია ყოველდღიურად დგანან ქუჩაში.

ეს აჩვენებს იმას, რომ საქართველო ჯერ კიდევ იბრძვის დემოკრატიისთვის და დიქტატურის წინააღმდეგ, სუვერენიტეტისთვის, იბრძვის უცხო ქვეყნის გავლენის წინააღმდეგ – ყველაფერი, რასაც აქეთ აბრალებს ივანიშვილის რეჟიმი ხალხს, რომელიც მას წინააღმდეგობას უწევს, აკეთებს ივანიშვილის რეჟიმი: მოქმედებს უცხო ძალის ინტერესებით და მოქმედებს საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ.

  • რეპრესიების გარდა ისევ აქტიურად მუშაობს პროპაგანდა დემოკრატიის წინააღმდეგ. ერთ-ერთ გზავნილზე მინდა გკითხოთ, რაც გააქტიურდა საზოგადოების ნაწილში: „თუ გავჩუმდები, სისტემა არ შემეხება, საბჭოთა კავშირში ხომ ასე ვცხოვრობდით?“ 

ივანიშვილის რეჟიმი რეალურად მართლაც ცდილობს ილუზიის შექმნას, რომ ჩვენ საბჭოთა კავშირში დავბრუნდებით. ამისთვის ის მართლაც ბევრ რამეს აკეთებს, რომ საქართველო დაემსგავსოს საბჭოთა კავშირს, როგორც უსამართლო სახელმწიფო.

ტოტალიტარული შეიძლება ვერ იყოს ივანიშვილის რეჟიმი მცირე მასშტაბის გამო, მაგრამ მას სურს რეჟიმი, რომელიც მთლიანად აკონტროლებს თავისუფლებას – პირველ რიგში, მოქალაქეებს ართმევს გამოხატვის თავისუფლებას.

არგუმენტაცია, რომ თუ ხმას არ ამოვიღებთ, რეჟიმი შესაძლოა ჩვენ არ შეგვეხოს, არის იმის მაჩვენებელი, რომ რეჟიმმა საქართველოში ჯერჯერობით ვერ შეძლო საქართველოს მოსახლეობის, ქართული საზოგადოების გათითოკაცება, რაც მთავარი წინაპირობაა იმის, რომ დიქტატურა დამყარდეს.

ამისთვის საჭიროა ის, რომ ხალხი იყო გათიშული ერთმანეთისგან, არ იყოს სოლიდარული ერთმანეთის მიმართ, არ უნდა ვიცოდე და არ მაინტერესებდეს ჩემს მეზობელს დაიჭერენ, დახვრეტენ, თუ გადაასახლებენ. მთავარია, მე არ შემეხონ.

კლასიკური ნაშრომები რომ გადავიკითხოთ ტოტალიტარიზმის თეორიაში, მაგალითად, ჰანა არენდტის წიგნი ტოტალიტარიზმის შესახებ, რაც იყო პირველი მცდელობა პოლიტიკურ თეორიაში ტოტალიტარული რეჟიმების აღწერისა – გათითოკაცება არის ანი და ჰოე ტოტალიტარულ სისტემაში.

ტოტალიტარიზმს სჭირდება საზოგადოების დეფრაგმენტაცია იმდენად, რომ საზოგადოება საზოგადოება აღარ იყოს, იყოს კრებული ცალკეული ადამიანების – ასე ცალკეულად რეჟიმი ყველას გატეხს იოლად, ვიდრე ერთად მდგომ ადამიანებს.

საქართველოს გერბს აწერია „ძალა ერთობაშია“. ეს არის გზავნილი: საქართველოს საზოგადოების სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ წინაპირობაა იმისთვის, რომ ჩვენ შევდგეთ, როგორც დემოკრატიული, დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო.

ივანიშვილის რეჟიმი იბრძვის იმისთვის, რომ დეფრაგმენტაცია გამოიწვიოს, ადამიანებში გააჩინოს შეგრძნება: მე თუ ხმას ამოვიღებ, რეჟიმი მე არ შემეხება, მაგრამ ეს მცდარი აზრია: როდესაც ქვეყანაში მყარდება უკანონობა, არამხოლოდ დიქტატურა, არამედ სისტემა, სადაც არსებობენ მთავრობასთან დაკავშირებული, პრივილეგირებული ადამიანები, რეჟიმის ბობოლები და მათი ოჯახის წევრები, ძალოვანი სტრუქტურები, რეჟიმის მსხვერპლი შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი ადამიანი.

ამ დროს არავითარი დაცვა არც საკანონმდებლო და არც საზოგადოებრივი მოქალაქეს არ აქვს.

  • თუ მოქალაქე აღმოჩნდება სისტემის სამიზნე? 

წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ სახლი, რომელიც რაღაცისგან გიცავს: სიცხისგან, სიცივისგან. უცებ რომ წარმოვიდგინოთ, რომ სახლი აღარ გაქვთ და ივარაუდოთ, რომ წვიმა შეიძლება არ მოვიდეს, ან ქარმა არ დაუბეროს, მაგრამ თუ გაწვიმდება, აუცილებლად დასველდები და გაცივდები. ეს არის უსამართლობის და უთანასწორობის სისტემა, რომლის მსხვერპლიც აუცილებლად აღმოჩნდებით – შეიძლება კი არა, აუცილებლად აღმოჩნდებით!

ეს შეიძლება იყოს გაჩუმებული ადამიანის შვილი, რომლის შვილიც ვერ დასაქმდება, ან არ დააწინაურებენ, რადგან ეს ადგილი პრივილეგირებული ადამიანის შვილისაა, ან მაგალითად, დღეს გაჩუმებული ადამიანის მეზობელს შეიძლება მოუნდეს მისთვის მიწის წართმევა, მას კი, ვერაფერი იცავს – საბჭოთა კავშირშიც არსებობდა ეს გამოცდილება.

ხალხს ახსოვს საბჭოთა კავშირი, ახსოვს, რომ ეს იყო არამხოლოდ სოციალური სისტემა, რომელიც მეტ-ნაკლებად იცავდა ყველა ადამიანს – ჰქონდა საბაზისო ხელფასი და შიმშილით არავინ კვდებოდა, ასევე, საქართველო იყო უზარმაზარ საბჭოთა, ჩრდილოვან ეკონომიკაში და ჩართული იყო საკმაოდ ხეირიანადაც.

მაგალითად, ვისაც ჰქონდა მანდარინის ბაღი, ან ვენახი, მას შეეძლო მშვენივრად ეცხოვრა საბჭოთა ეკონომიკიდან გამომდინარე – აგრარული პოტენციალი საქართველოს აძლევდა საშუალებას, რომ ეცხოვრა ბევრად უკეთესად, ვიდრე ცხოვრობდნენ საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში.

მაგრამ დღეს ეს სისტემა მთლიანად მოშლილია. ილუზორულია ყველა იმ ადამიანის ეკონომიკური უზრუნველყოფა შეძლოს ივანიშვილის რეჟიმმა, რომელიც გაჩუმდება. პირიქით, გაიზრდება უმუშევრობა და სიღარიბე.

უზრუნველყოფილი იქნება ის ხალხი, რომელიც აქტიურად ჩაერთვება რეჟიმის მხარდაჭერაში: სახელმწიფო მოხელეები, ძალოვანი უწყებები და ასე შემდეგ. ამ ხალხის რაოდენობა ძალიან შეზღუდულია. სხვა დანარჩენი არის განწირულია სიღარიბისთვის. თავის დროზე თქვა კიდევაც ივანიშვილმა, ბევრი ადგილი არ არის საქართველოშიო…

ეს ნიშნავს იმას, რომ მიგრაცია კიდევ უფრო გაიზრდება და საქართველო დაპატარავდება. დაპატარავდება არამხოლოდ ადამიანების რაოდენობით, შეიძლება ტერიტორიულად. ეს არის სახელმწიფოს ჩამოშლის პროცესი.

ეს არ იქნება ძველი საბჭოთა კავშირი, საქართველოს არ ექნება საშუალება, ისარგებლოს, ასე ვთქვათ, იმ პრივილეგიებით და ხვრელებით, რაც არსებობდა საბჭოთა ეკონომიკის და განსაკუთრებით ჩრდილოვანი ეკონომიკის პირობებში, როცა შესაძლოა ვიღაცას ეთქვა, რომ პურ-მარილით ცხოვრობს, სუფრასთან დროის ტარებით.

ამის ილუზია დღეს არ უნდა ჰქონდეს არავის.

ერთადერთი, ვინც იქნება კარგად, იქნება ის წრე, რომელიც ემსახურება რეჟიმს – ყველა დანარჩენი იქნება ეკონომიკურად ცუდად, სამართლებრივად დაუცველი. ეს არის საფრთხე იმ ადამიანებისთვისაც კი, რომელიც ჩართულია რეჟიმის უშუალოდ მსახურებაში – ხედავთ, რომ ერთმანეთის მუდმივი ჭამაა, ერთმა კლანმა მეორე კლანი გააგდო, ამ შემთხვევაში ღარიბაშვილის კლანი ჩამოშორდა მთავრობას და დაიწყეს ვიღაცების დაჭერა.

რეალურად ამ სისტემაში ყველა უკიდურესად დაუცველია. საქართველოა დაუცველი, როგორც სახელმწიფო, როცა მისი სამხედრო პოტენციალი არის მიზანმიმართულად განადგურებული.

გამოდის ივანიშვილის წარმომადგენელი კობახიძე და ლაპარაკობს პატარა ქვეყანა ვართ, არ გვაქვს დიდი ამბიციაო. ასე ხდება საქართველოს დაპატარავება, რაც შეგნებული პოლიტიკის ნაწილია. დღეს ნებისმიერი საგარეო საფრთხის წინაშე საქართველო სრულიად დაუცველია, რომ აღარ ვილაპარაკოთ იმ უზარმაზარ საფრთხეზე, რომელიც ჩვენ გვყავს რუსეთის სახით.

ვინც ამბობს, რომ უნდა გავჩუმდეთ და წყნარად ვიცხოვრებთ, შემდეგი ეტაპი შეიძლება იყოს არა ის, რომ რუსული სამხედრო საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, არამედ პირდაპირ გარეკონ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში.

საბჭოთა კავშირის ისტორიას რომ შევხედოთ: 1921 წლის შემდეგ, 1924 წლის აჯანყების შემდეგ ერთგვარი გარიგება შედგა და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არჩია სიჩუმე – შედარებით კეთილდღეობა გაცვალა დამოუკიდებლობაში, მაგრამ მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ბევრმა ადამიანმა ხეირი მაინც ნახა, ახლა ასეც არ არის.

ივანიშვილის რეჟიმი ხალხს არ სთავაზობს არაფერს საბჭოთა რეჟიმისგან განსხვავებით, რომელიც მათ რაღაცას სთავაზობდა თუნდაც მომავლის სახით, კომუნისტური უტოპიის სახით, რომელიც ვერ ააშენა. დღეს არანაირი შეთავაზება არ არსებობს იმის საფასურად, რომ ვიღაც გაჩუმდეს.

საბედნიეროდ ვხედავთ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა არანაირად არ აპირებს შეეგუოს ივანიშვილის რეჟიმს.

  • ოცნების“ მთავრობა არა, მაგრამ ცალკეული პროპაგანდისტები საუბრობენ ახალ კავშირებზეც რუსეთთან… 

ეს პერსპექტივაც არ არსებობს იმიტომ, რომ ვხედავთ რუსეთი რა მდგომარეობაში, მისი ეკონომიკა გადახურებულია და მთლიანად გადაწყობილია ომზე. ამ დროს ვიღაცას თუ აქვს ილუზია, რომ რუსეთის ეკონომიკით საქართველოს ეკონომიკა იხეირებს, ეს არის არათუ მიამიტური წარმოდგენა, უბრალოდ მცდარი წარმოდგენაა.

ცენტრალური აზიის ქვეყნებიც კი, ცდილობენ ჩამოვიდნენ რუსეთის ორბიტიდან – ისინი ბევრად უფრო მჭიდროდ იყვნენ ინტეგრირებული რუსეთთან.

საბჭოთა კავშირის სიძლიერე არსებობდა იქამდე, სანამ არსებობდა უტოპიური მომენტი, რომ ეს არის ალტერნატიული მოდელი კაპიტალისტური სამყაროსი. იმ მომენტიდან, როდესაც გამოჩნდა, რომ კომუნიზმი არასდროს აშენდება, საბჭოთა კავშირმა დაიწყო ნგრევა. ნგრევის პროცესი გრძელდება დღესაც და არ დასრულებულა.

ეს პროცესი დაიწყო 80-იანი წლების შუაში და გრძელდება დღემდე – რაღაცნაირად უნდა გავუძლოთ. რუსეთის ერთადერთი ძალა და ინსტრუმენტი არის ძალა და ძალადობა. არანაირი ალტერნატიული მოდელი და მომავლის შეთავაზება მას არ შეუძლია არათუ საქართველოს მოსახლეობის, არამედ საკუთარი ხალხისთვის. რუსეთი საკუთარ ხალხს სთავაზობს ილუზორულ იმპერიულ დიდებას – უკვე მილიონს უახლოვდება ომში დაღუპულთა რაოდენობა.

საქართველოში თუ ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთის იმპერიულ დიდებას შესწიროს თავი და ეს არის ის, რასაც სთავაზობს რუსეთი საქართველოს, მისი საქმეა. მგონი, ბევრი ადამიანისთვის ეს მაინცდამაინც მიმზიდველი არ უნდა იყოს.

  • გამძლეობა ახსენეთ – კიდევ რა ფაქტორებზეა დამოკიდებული, თქვენი აზრით, დემოკრატიის გადარჩენა საქართველოში? 

ერთია სოლიდარობა, რაც ახლა ჩანს. მთელი სახელმწიფო და დემოკრატიული საზოგადოება დგას იმაზე, რომ ვიბრძოლო იმისთვის, რაც მე პირადად შეიძლება არ მეხებოდეს. ამაზე იყო დამყარებული ილიას, თერგდალეულების და სამოციანელთა ნააზრევი, რომ ჩვენი ვალია, საზოგადოებრივ საქმეს ვაყენებ პირადზე წინ, მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ქვეყანას; თუ საჭირო იქნება, მზად ვარ, თავი შევწირო კიდეც.

ამას აკეთებს კიდეც ის ხალხი, რომელიც დღეს ციხეშია. არაფერი არ რჯიდა ამ ადამიანებს, რომ არ გასულიყვნენ პროტესტზე, მაგრამ მათ შინაგანად აქვთ რაღაც ისეთი, რაც არ აძლევს საშუალებას, გაჩუმდნენ, გვერდზე გაიხედონ.

ასეთი ხალხის მხრებზეა დღეს საქართველო – ეს ხალხი რომ არა, დღეს ჩვენ არ გვექნებოდა სახელმწიფო. სოლიდარული კავშირი ადამიანებს შორის, როცა ადამიანი მოქმედებს პირადი ინტერესის მიღმა საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის – ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მონაპოვარი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ: გაიზარდა თაობა, რომლისთვისაც აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო, საზოგადოება და ქვეყანა არ არის აბსტრაქტული სიტყვები, ეს არ არის სადღეგრძელოში სათქმელი სიტყვები, არამედ ეს არის ისეთი რაღაც, რომლისთვისაც მზად არიან იბრძოლონ, გასწირონ ჯანმრთელობა, თავისუფლება, სიცოცხლეც კი. პირველ რიგში, უკიდურესად მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ადამიანები ჩვენ გვყავს.

დანარჩენი სტრატეგიის და ტაქტიკის საკითხებია, რაც ხანგრძლივი პროცესია. გვჭირდება მოთმინება და გაუტეხლობა. არ უნდა დავკარგოთ იმედი. ეს ბრძოლა მოითხოვს დიდ ფიზიკურ და ემოციურ, მატერიალურ გამძლეობას. რეჟიმი არის ხალხის გაღარიბებასა და გაღატაკებაზე გადასული, ეს ეკონომიკური ტერორია.

ამ ყველაფერს სჭირდება ატანა, მაგრამ სიმართლე ჩვენ მხარესაა. ვიცით, რომ ვაგრძელებთ ტრადიციას – საქართველოს სახელმწიფოებრიობის ტრადიციას, ვაგრძელებთ თერგდალეულების ტრადიციას…

საქართველო დღეს არის ხალხი, რომელიც იბრძვის საქართველოსთვის. ივანიშვილის რეჟიმი კი, არის პრაქტიკულად ოკუპანტი ადმინისტრაციული სტრუქტურები, მათ საქართველოსთან საერთო არაფერი აქვთ. ეს არის ხალხი, რომელიც საქართველოს ებრძვის. ჩვენ საქართველოს სახელმწიფოს ვინარჩუნებთ, ჩვენ მხარესაა ისტორიული საქართველოს ძალა და სიმართლე.

ამიტომ, ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: