მთავარი,სიახლეები

„ეს „ოცნებისთვის“ ცუდი ნიშანია“ – რას ნიშნავს ლონდონში საქართველოს რწმუნებულის დაბარება

01.07.2025 •
„ეს „ოცნებისთვის“ ცუდი ნიშანია“ – რას ნიშნავს ლონდონში საქართველოს რწმუნებულის დაბარება

„ეს უფრო ჰგავს „ოცნების“ პანიკური პოზიციიდან ნამოქმედარს. ამ შემთხვევამდე ორი-სამი თვის განმავლობაში ლონდონში სხვადასხვა ივენთი იყო, სადაც იყვნენ „ოცნების“ წარმომადგენლები, იქნებ ერთად მაინც მოვხვდეთ სადმე და ფოტო გადავიღოთო, მაგრამ ბრიტანეთის პოლიტიკა უცვლელია… „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა ლეგიტიმაცია, მათ შორის, ბრიტანეთში,“ – მიიჩნევს კემბრიჯის უნივერსიტეტის ქართველი მკვლევარი, დავით ჯინჭარაძე.

დავით ჯინჭარაძეს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელ განცხადებაზე ვესაუბრეთ – ბრიტანელებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ „ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება საქართველოს მთავრობის მორიგი მცდელობაა, შეზღუდოს თავისუფლებები და ჩაახშოს განსხვავებული აზრი“.

„ის ფაქტი, რომ ბრიტანეთში ამდენი მოვლენის ფონზე მოიცალეს საგანელიძისთვის [საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დიდ ბრიტანეთში], ეს „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან ცუდის ნიშანია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ დავით ჯინჭარაძე.

უნდა ელოდნენ ბიძინა ივანიშვილის დაჯგუფებაში ბრიტანულ სანქციებს? – „ბათუმელებმა“ დავით ჯინჭარაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარია და „თავისუფლების ფონდის“ დამფუძნებელი, ასევე, მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ წევრი.

  • ბატონო დავით, რას აჩვენებდა თქვენთვის დღევანდელი შემთხვევა? ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს და გააპროტესტეს „ქართული ოცნების“ მხრიდან დიდი ბრიტანეთის და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ წამოწყებული ცრუ ბრალდებების და საჯარო თავდასხმების სერია. 

ეს არის პასუხი ბოლო, დაახლოებით ერთთვიან კამპანიაზე, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწარმოებს დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ.

აქამდე ბრიტანეთი იყო ინფორმირებული ყველაფერზე, რაც საქართველოში ხდებოდა, თუმცა დიდი ბრიტანეთი არ იყო ქვეყანა, რომელიც ისე აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ამბებში, როგორც, მაგალითად, ესტონეთი, ლატვია ან ლიეტუვა.

დაახლოებით ერთი თვის წინ „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო დიდ ბრიტანეთზე თავდასხმები, „იმედზეც“ იყო სიუჟეტი, რომ აი, ელჩი თითქოს რევოლუციურ სცენარებს დებს და საელჩოს ერთ-ერთი ივენთის ფოტოები გამოაქვეყნეს, ამ დროს საელჩოში ჯერ საელჩოს თანამშრომლის დაბადების დღე აღნიშნეს, შემდეგ იყო მეფის დაბადების დღე…

  • რის მიღწევა სცადა ამით „ოცნებამ“, თქვენი დაკვირვებით, მით უმეტეს, როცა ცნობილია ბრიტანეთის სანქციების ძალა? 

ბრიტანეთს აქვს გასაღები სანქციების, რომელიც თუ ეხება ადამიანს, ეხება მის ყველა ფინანსურ ასპექტს. როგორც ვნახეთ, ივანიშვილი დაასანქცირა აშშ-მ, მაგრამ ეს მის ყველა ქონებაზე არ გავრცელდა. ბრიტანეთი თუ ასანქცირებს, ასანქცირებს ბოლომდე. ივანიშვილის და რუხაძის [ირაკლი რუხაძე, TV იმედის მფლობელი], შემთხვევაში კი, ძალიან ბევრი რამ ეხება დიდ ბრიტანეთს.

მეორეა სანქციების ბიზნესასპექტი: ბრიტანული კომპანიები საქართველოში სტრატეგიულ როლს თამაშობენ, მაგალითად, BP British Petroleum საქართველოშია. წინა წელს შემოვიდა British Airways-ი და Easy jet-ი. საქართველო არის ერთგვარი დერეფანი და მას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა ნავთობის და გაზის არქონის მიუხედავად, თუმცა, როცა შემოდის ბრიტანული კომპანიები ქვეყანაში, ჩნდება მოლოდინიც – ბრიტანეთმა საკუთარი ბიზნესი უნდა დაიცვას.

გამიჭირდება იმის თქმა, რა გათვლით მოქმედებს ივანიშვილი. მე რომ ვიყო ივანიშვილის ადგილას და მომინდეს ავტორიტარიზმის გამყარება, ასე სწრაფი ტემპით ამას არ გავაკეთებდი, არ გადავიმტერებდი იმ ქვეყნებს, რომლებიც შედარებით ნეიტრალურად იყვნენ განწყობილი „ოცნების“ მიმართ დიპლომატიის თვალსაზრისით – დადებითად განწყობილი არავინ იყო უნგრეთის გარდა, ნეიტრალურ-დიპლომატიური განწყობა კი ბრიტანეთს ახასიათებს ყველასთან.

დავით ჯინჭარაძე

ეს უფრო ჰგავს „ოცნების“ პანიკური პოზიციიდან ნამოქმედარს: ამ შემთხვევამდე ორი-სამი თვის განმავლობაში ლონდონში სხვადასხვა ივენთი იყო, სადაც იყვნენ „ოცნების“ წარმომადგენლები, მაგალითად, „ოცნების“ განათლების მინისტრი. ამ შეხვედრებზე, მართალია, არ იყო ბრიტანული მთავრობის პირველი დონის მინისტერიალი წარმოდგენილი, მაგრამ ვიღაც მაინც ესწრებოდა – ცხადია, იმიტომ არა, რომ ქოცებთან შეხვედრა უნდოდა, არამედ ბრიტანული ივენთი იყო და იქნებოდა ვინმე მთავრობიდან.

ჩანდა, რომ „ოცნება“ ცდილობდა როგორმე ლეგიტიმაცია მოეპოვებინა. განათლების ფორუმის შემდეგ, მაგალითად, დადეს ფოტოები ბრიტანეთის მთავრობის გარკვეულ წრეებთან, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა ლეგიტიმაციის მიღება, მათ შორის, ბრიტანეთში.

კიდევ ერთი ფაქტორია „თავისუფლების ფონდი“, რომლის დამფუძნებელიც მე ვარ, ასევე „ფრანკლინის კლუბი“, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა „ქართული ოცნებისთვის“, ეს ბევრ ოპოზიციურ პარტიაზე მეტი პრობლემა იყო „ოცნებისთვის“. ამ კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელიც ბრიტანეთშია.

ჩვენ რეგულარულად დავდივართ ლონდონში შეხვედრებზე ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლებთან, ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ საქართველოს საქმეზე არიან პასუხისმგებელი. ჩვენ არ ვიღებთ ფოტოებს ამ ადამიანებთან, როგორც ამას „ქართული ოცნება“ აკეთებს, ზოგიერთი შეხვედრა კონფიდენციალურია, მაგრამ ამის შესახებ „ოცნებაში“ იციან და გადაწყვიტეს ეთქვათ ისიც, რომ პროტესტი, აი, ბრიტანეთიდან იმართება.

„ოცნებამ“ იცის ისიც, რომ თუ, მაგალითად, რუხაძეს ბრიტანეთი დაასანქცირებს, „იმედს“ ძალიან დიდი პრობლემები შეექმნება.

ბრიტანეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც დაასანქცირა ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობდა სისტემურ წამებაში. ბრიტანეთი მსგავს გადაწყვეტილებებს არ იღებს შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე. ამიტომ სჭირდება სანქციების დაწესებას ამდენი დრო, რადგან მტკიცების ტვირთი საკმაოდ მაღალია. მათ უნდა იცოდნენ გარანტირებულად, რომ ვისაც დაასანქცირებენ, მას არ ექნება შესაძლებლობა, რომ ეს გაასაჩივროს.

  • ბრიტანეთის საგარეო უწყების დღევანდელი განცხადება საქართველოზე ნიშნავს იმას, რომ ბრიტანულ სანქციებს „ოცნებაში“ ისევ უნდა ელოდნენ? 

დღევანდელი განცხადება შედის ბრიტანეთის პოლიტიკაში, რაც მას აქამდე ჰქონდა „ქართულ ოცნებასთან“.

ბევრმა არ იცის ამის შესახებ და ჰგონია, რომ პასიური როლი აქვს ბრიტანეთს. რეალურად კი, ბრიტანეთში ამ დრომდე არც კი ხვდებიან უმაღლესი დონის შეხვედრებზე „ქართული ოცნების“ არცერთ წარმომადგენელს, პირდაპირ უარს ეუბნებიან და ეს არის მათი მკაცრი პოლიტიკა. ამიტომაც, სხვადასხვა ივენთზე დადიოდნენ „ოცნების“ წარმომადგენლები, იქნებ ერთად მაინც მოვხვდეთ სადმე და ფოტო გადავიღოთო, მაგრამ ბრიტანეთის პოლიტიკა უცვლელია.

საქართველოს დიდი ხანია ელჩი აღარ ჰყავს ბრიტანეთში – სოფო ქაცარავა ჩამოალაბორანტეს და ელჩად დანიშნეს ირლანდიაში, თუ დააწინაურეს, არ ვიცი. საქართველოს წარმომადგენელი არის ბაჩო საგანელიძე, რომელსაც ყველგან, სადაც რამე ღონისძიებაა ლონდონში, პროტესტი ხვდება. საგანელიძის დაბარება არის მესიჯი, რაც მათ ადრეც აქვთ ნათქვამი დახურულ შეხვედრებზე, რომ კარგად იციან, ვინც არის საქართველოში რეალური გადაწყვეტილებების მიმღები.

ეს დაბარება არის გზავნილი, რომ ბრიტანეთის ვერანაირი ეკონომიკური ინტერესი ვერ გაამართლებს „ქართული ოცნების“ რეპრესიებს. ბრიტანეთის პოლიტიკა ძალიან მკაფიოა: ეკონომიკური ინტერესი მთავრდება იქ, სადაც იწყება ადამიანის უფლებების დარღვევა – ამ შემთხვევაში უფლებების დარღვევა „ქართული ოცნების“ მიერ.

ეს ყველაფერი არის ერთიანი პოლიტიკის ნაწილი, რომელიც „ქართული ოცნების“ იზოლაციას აგრძელებს და ნებისმიერ შანსს გამორიცხავს, ბრიტანეთთან „ქართულმა ოცნებამ“ ურთიერთობის დალაგება შეძლოს.

  • რა მოლოდინი გაქვთ, ვის დაასანქცირებს ამჯერად ბრიტანეთი? 

ყველას, ვინც უშუალოდ არის ჩართული ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევაში, ბრიტანეთი დაასანქცირებს. ეს უტყუარად ასე იქნება. ვინც მენეჯმენტშია და მაღალი თანამდებობის პირია, მათ დასანქცირებას შედარებით მეტი დრო დასჭირდება, მაგრამ ეს საკითხი რომ აქტიურად განიხილება, მაქვს ეს ინფორმაცია.

ბრიტანეთი საკმაოდ ფრთხილი, მაგრამ ხისტი ქვეყანაა. მათ განაცხადეს კიდეც დახურულ და ღია შეხვედრებზეც, რომ „ქართული ოცნება“ თუ ასე გააგრძელებდა, მეტ ნაბიჯს იხილავდა ბრიტანეთისგან. ამგვარი ფორმალური გაფრთხილება იყო საგანელიძის დაბარებაც. ეს პირველი შემთხვევაა ბოლო პერიოდში, როცა საქართველოს წარმომადგენელს იბარებენ. ელჩი რომ გვყოლოდა, ელჩს დაიბარებდნენ.

ის ფაქტი, რომ ბრიტანეთში ამდენი მოვლენის ფონზე მოიცალეს საგანელიძისთვის, „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან ცუდი ნიშანია.

  • თქვენი აზრით, რა ბერკეტი შეიძლება გახდეს ბრიტანული სანქციები წინააღმდეგობისთვის საქართველოში? 

ჩვენ გვჭირდება ის, რომ სანქციებმა გამოიწვიოს წრიული რეაქცია. ვიცით, რომ სანქციები ასუსტებს რეჟიმს, მაგრამ იმისთვის, რომ სანქციებით დაასუსტო რეჟიმი, გჭირდება წინააღმდეგობა, რომელიც იწვევს სანქციებს.

სანქციები აუცილებლად იქნება, თუ პროტესტი გაგრძელდება და გამწვავდება, გახდება უფრო პრინციპული. პირველ რიგში, ამ რვა ოპოზიციურ პარტიას სხვებიც უნდა შეუერთდნენ. უნდა ვხდებოდეთ, რომ საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა და იგივე ბრიტანული მასშტაბიდან რომ გადავხედოთ საქართველოს, არ გამოვა აქ ხუთ სხვადასხვა ადამიანს ესაუბრო: საჭიროა დაწყობილი სტრატეგია და ადამიანების კონკრეტული ჯგუფი, საჭიროა ერთიანობა.

როგორც კი ჩვენ დასავლეთს ვაჩვენებთ ამ ერთიანობას და ერთი სტრატეგიის გარშემო გაერთიანებულ ოპოზიციურ ჯგუფს, პროცესი გაცილებით უფრო გაიოლდება, ვიდრე ის, რომ თითო კაცმა ვიაროთ საგარეო საქმეთა სამინისტროში და შეხვედრები ვმართოთ.

____________

ფოტოზე: ბიძინა ივანიშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: