მთავარი,სიახლეები

მოქალაქე: სარფის საბაჟოს თურქულ ნაწილში ჩემს დისშვილს სცემეს

07.04.2017
მოქალაქე: სარფის საბაჟოს თურქულ ნაწილში ჩემს დისშვილს სცემეს

მოქალაქე დოდო სამნიძე აცხადებს, რომ დღეს დილით მის დისშვილს სცემეს სარფის საბაჟოს თურქულ ნაწილში. ის ამბობს, რომ არის თვითმხილველი, თუ როგორ სცემეს სარფის საბაჟოზე თურქმა მებაჟეებმა მის დისშვილს: „მე თვითონ დავინახე, როგორ იყო სასტიკად ნაცემი და წაიყვანეს საავადმყოფოში. შემდეგ კი უხადეს ბოდიში, მაგრამ ბოდიში რას შველის. საავადმყოფოში გაყვა მეუღლე და დედა. დაკავშირებას ტელეფონზე ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ, თუმცა გუბერნატორი გველაპარაკა და გვითხრა, რომ ნახევარ საათში საქართველოს საზღვარზე გადმოიყვანენ“.

სარფის საბაჟოზე ინციდენტის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. უწყების განცხადებით, „ტრაპზონში საქართველოს საკონსულოსთვის ცნობილია აღნიშნული ფაქტის შესახებ. მათ მუდმივი კომუნიკაცია აქვთ თურქულ მხარესთან. თურქი სამართალდამცავების ინფორმაციით, დღეს, დაახლოებით დილის 6 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ სიტყვიერი და ფიზიკური შეუაცხყოფა მიაყენა თურქ პოლიციელს. თურქი სამართალდამცავების ინფორმაციით, როგორც თურქი პოლიციელი, ასევე საქართველოს მოქალაქე გაივლიან სამედიცინო შემოწმებას და შემდგომ დაიკითხებიან პროკურატურაში. საქართველოს საკონსულო მაქსიმალურად არის ჩართული, რათა გამოძიების პროცესი წარიმართოს საქართველოს მოქალაქის უფლებების სრული დაცვით“.

სარფში შეკრებილი ნაცემი მოქალაქის ოჯახის წევრები მის ნასვამობას უარყოფენ და იმედს გამოთქვამენ, რომ პროკურატურა ალკოტესტს ჩაატარებს.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის ასევე დაუკავშირდა თურქეთის საკონსულოს ბათუმში, სადაც გვითხრეს, რომ ხელმძღვანელი ადგილზე არ იმყოფება, ხოლო მათ არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია საბაჟოზე მომხდარი ინციდენტის შესახებ.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, თამაზ ბაკურიძე აცხადებს, ამ დროისთვის სარფში, საქართველოს მხარეს შეკრებილია მოქალაქეთა ერთი ჯგუფი.

თამაზ ბაკურიძის თქმით, „ერთ-ერთ მოქალაქეს, რ. ლ.-ს, რომელიც თურქეთში გადადიოდა, მებაჟემ უთხრა, რომ უკან გამობრუნებულიყო, მოქალაქემ არ იცის თურქული ენა, შესაბამისად, ვერ გაიგო რას ითხოვდა მისგან მებაჟე. ამის გამო, როგორც თვითმხილველებმა მითხრეს, მოხდა ინციდენტი. იყო  ფიზიკური ზეწოლა, შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ხალხის აღშფოთება. ერთი პერიოდი ხმა გავრცელდა, რომ გარდაიცვალაო, რამაც სიტუაცია უმართავი გახადა საბაჟოზე, თუმცა შემდეგ გადავამოწმეთ და ეს ინფორმაცია და ზუსტი არ აღმოჩნდა“.

სარფში მყოფი თამაზ ბაკურიძე აცხადებს, რომ საბაჟო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე როინ ლეონიძის ახლობლები არიან შეკრებილი

სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან რ. ლ-ს ახლობლები არიან შეკრებილი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: