Batumelebi | მეწყრის გამო ქობულეთში ექვსმა ოჯახმა საცხოვრებელი სახლი დატოვა მეწყრის გამო ქობულეთში ექვსმა ოჯახმა საცხოვრებელი სახლი დატოვა – Batumelebi
RU | GE  

მეწყრის გამო ქობულეთში ექვსმა ოჯახმა საცხოვრებელი სახლი დატოვა

წვიმის შედეგად ქობულეთში 30 ადგილზე განვითარდა მეწყრული პროცესები. ყველაზე მეტი მეწყრული კერა სოფელ ქობულეთშია, სადაც ექვსმა ოჯახმა საცხოვრებელი სახლი დატოვა და დროებით მეზობელთან გადავიდა. ქობულეთის გამგეობაში გუშინდელი ძლიერი წვიმის შემდეგ სულ 60 შეტყობინება შევიდა.

„უყურადღებოდ არ დავტოვებთ არავის. აუცილებლად შეისწავლიან მდგომარეობას გეოლოგები და შემდეგ კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, რით შეიძლება დავეხმაროთ ამ ოჯახებს. შესაძლოა იქ სპეციალური სამაგრი სამუშაოების ჩატარება იყოს გამოსავალი, შეიძლება – სხვა რამ. ამჟამად იწმინდება გზები და სიტუაციას სწავლობენ გეოლოგები,“ – გვითხრა მალხაზ რომანაძემ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ.

„სულ 13 მიმართულებით არის ჩაკეტილი ადგილობრივი მნიშვნელობის და შიდა სასოფლო გზა,“ – ამბობს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი არჩილ ჩიქოვანი. მისი თქმით, ქობულეთის რამდენიმე სოფელში 15 ტექნიკური საშუალება მუშაობს და გზა მალე გაიწმინდება.

გზების დეპარტამენტის თანამშრომლები ამ დროისთვის მუშაობენ ქობულეთის სოფლებში: ჭახათში, კონდიდში, სოფელ-ქობულეთში, სამებაში, ალამბარში, აჭყვისთავში. გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ქედაში, სოფელ მერისშიც.

„გუშინ ღამით შევაჩერეთ სამუშაოები ძლიერი წვიმის გამო და დღეს დილიდან განახლდა. ამ სოფლებში, რაც ჩამოვთვალე, მისასვლელი გზა ამ დროისთვის არ არის. შესაძლოა ზოგიერთ სოფელს ჰქონდეს ალტერნატიული გზა. ტექნიკის პრობლემა არ არის. ყველა გზაზე მუშაობს ერთი ტექნიკური ერთეული მაინც,“ – ამბობს არჩილ ჩიქოვანი, აჭარის გზების დეპარტამენტის უფროსი.

მთავარი ფოტო: სტიქია ქობულეთში / კადრი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ვიდეო სიუჟეტიდან

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი