მთავარი,სიახლეები

ტრამვაი ბათუმში – ლევან ანთაძის წინასაარჩევნო დაპირება

24.09.2017 •
ტრამვაი ბათუმში – ლევან ანთაძის წინასაარჩევნო დაპირება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატი ამომრჩეველს ტრამვაის სისტემის მოწყობას პირდება. „ბათუმელები“ ლევან ანთაძეს ესაუბრა, რატომ შეიძლება იყოს ტრამვაი ბათუმში საინტერესო და აქვს თუ არა კანდიდატს შესაბამისი ფინანსური გათვლები.

„საუბარია თანამედროვე ტრამვაიზე, რომელიც ძალიან უხდება ქალაქს, განსაკუთრებით – ტურისტულ ქალაქს. ჩემი აზრით, გარდა იმისა, რომ ტრამვაი ესთეტიურად იქნება ძალიან ლამაზი, იგი განტვირთავს ქალაქში მოძრაობის ნაკადს. ჩემი კონკურენტი, ლაშა კომახიძე საუბრობს ე.წ. ბასლაინერზე და მუნიციპალურ ტერმინალებზე. ეს პროექტი შემუშავებულია IBRD-ის მხარდაჭერით ჯერ კიდევ 2009 წელს, მაგრამ მოდით რეალურად ვთქვათ, ამ ხუთი წლის განმავლობაში რა გააკეთეს? ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. გორგილაძის ქუჩის ბოლოში უნდა ყოფილიყო დიდი პარკინგი, ჩვენს დროს სამშენებლო კომპანიამ აიღო ამის ვალდებულება, მაგრამ ახლა მხოლოდ სავაჭრო ცენტრს ემსახურება იქ ავტოპარკინგი. ასევე „როიალ კარიბიანის“ პროექტი მიწისქვეშა, 600 სადგომზე გათვლილ პარკინგის მოწყობას ითვალისწინებდა, მემორანდუმიც იყო გაფორმებული, მაგრამ არც კი შეხვდნენ ამ კომპანიას მთავრობის წარმომადგენლები. კატასტროფული ვითარებაა განსაკუთრებით ჭაობში. როცა იქ აკეთებ გზას, ფილას აგებ, რა პრობლემაა, რომ გააკეთო ველო ბილიკიც? მახსოვს, ბათუმის ბიუჯეტში 30 ათასი ლარი როგორც კი გამოგვითავისუფლდა, მაშინვე გარეგანათება მოვაწყვეთ „ჭაობის“ ერთ-ერთ ქუჩაზე. მეორე დღეს დაზიანებული დაგვხვდა, ხალხი იმდენად შეუგუებელი იყო ამას… 2014 წელს უნდა დასრულებულიყო „ჭაობში“ წყლის და კანალიზაციის მოწყობა. 2017 წელია ახლა და კიდევ არაა დასრულებული. მეტიც, KFW საერთოდ გასვლას აპირებდა, ყველამ იცის, „კახური კლანის“ ამ პროცესებში მონაწილეობის ამბავი… რაც შეეხება ტრამვაის დაფინანსებას, გააჩნია პროექტს და იმას თუ რომელ ქუჩებზე გაკეთდება. ჩემი გათვლებით დაახლოებით 4-5 მილიონი დოლარი დაჯდება ეს,“ – გვითხრა ლევან ანთაძემ.

ლევან ანთაძესთან ვრცელ ინტერვიუს „ბათუმელები“ უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ 


მთავარი ფოტო: ტრამვაი ჰააგაში/ჯაბა ანანიძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: