მთავარი,სიახლეები

„პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები უცხოელების წინააღმდეგ

24.09.2017 • 2037
„პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები უცხოელების წინააღმდეგ

„პატრიოტთა ალიანსმა“ ბათუმში საპროტესტო აქცია გამართა. აქციაზე პარტიის ლიდერებმა სხვადასხვა თემაზე ისაუბრეს, თუმცა ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, ტრადიციულად, ანტითურქული იყო. აქციის მონაწილეთა სიმცირეც დავით თარხან-მოურავმა თურქეთს დაუკავშირა. „ბათუმელებმა დაინახეს, რომ რაც არ უნდა იბრძოლონ, მაინც თურქეთის იქნება აქაურობა“, – აღნიშნა მან.

„ბათუმელები“ აქციის რამდენიმე მონაწილეს გაესაუბრა და ჰკითხა, რის გამო უჭერდნენ მხარს „პატრიოტთა ალიანსს“. აქციაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა ძირითადად თურქეთზე არჩიეს საუბარი. ზოგიერთი მათგანის წარმოდგენით, ბათუმში უცხოელების რაოდენობა ქართველებზე მეტია.

მაყვალა ყულეჯიშვილი: კარგი ხალხია. ასეთი კარგი ხელისუფლება თუ გვეყოლება, ქართველი ხალხის სახელიც ყოველთვის კარგად გაჟღერდება… მომწონს, მაგალითად, ის, როცა ამბობენ, საქართველო, პირველ რიგში, ქართველების არისო. თურქებს აქ კარგი რესტორნები აქვთ, სასტუმროები და ბიზნესი. ეს ყველაფერი ჩვენს ხარჯზეა. ჩვენ მაგენის მონა-მოსამსახურე ვართ. ქართველი ხალხი ჭინჭის გამო ყველაფერს აკეთებს… უნდა ვიმეგობროთ თურქეთთანაც, მაგრამ მეგობრობა უნდა იყოს ეს. ქართველს ნამდვილი მეგობრობა შეუძლია, თურქებმა კი წაგვართვეს ყველაფერი. რუსებმაც წაგვართვეს, მაგრამ ეს ხომ ჩემი ბრალი არაა? რუსები არიან ამტანი და გამტანი ხალხი, კანონიერი ხალხია, ყველაფერში წმინდანი ვერ იქნები. რუსეთმა ცუდიც გაგვიკეთა და კარგიც, იმ კარგს დანახვა უნდა…

ჩვენს საუბარში აქციის მონაწილე დავით ბასილაძე ჩაერთო:

„რუსეთს 20 პროცენტი აქვს წაღებული და თურქეთს 32 პროცენტი, ამის დანახვა რატომ არ გინდათ?… მე მაქვს მოლოდინი, რომ ეს პარტია თუკი იქნება ხელისუფლებაში, მშვიდობა დამყარდება. აფხაზეთში რომ ომი იყო, იმაზე უარესი იქნება, რუსეთს თუ არ დაველაპარაკებით. მთელი მსოფლიო გვეუბნება, რუსეთთან დიალოგია საჭიროო და აბა, რა უნდა ვქნათ? „პატრიოტთა ალიანსი“ გააკეთებს ამ ყველაფერს ისე, როგორც საჭიროა,“ – აღნიშნა დავით ბასილაძემ.

ზირა ქურიძე: „ბათუმი უნდა ეკუთვნოდეს საქართველოს, ამიტომ მოვედი აქ. არ მინდა იყოს ასეთი მდგომარეობა, როგორიც ახლაა. ყველაფერი გაიყიდა, ხალხი ქონებას კარგავს… უნდა იყვნენ უცხოელები, მაგრამ ბათუმელებზე მეტი არა. ხომ დადიხართ ქუჩებში, ვერ ხედავთ? მაგათია ყველაფერი…“

ნინო ბოლქვაძე: „პატრიოტთა ალიანსს“ აქვს ყველაზე სწორი დამოკიდებულება უცხოელების მიმართ. უცხოელები არიან ყველგან. თბილისში ჩინელები არიან, ბათუმში – თურქები. ამ აქციაზე დავით თარხან-მოურავმა ისიც თქვა, რომ ინვესტიციების დროს შესაძლებელია 49 პროცენტი ეკუთვნოდეს უცხოელს და 51 აუცილებლად ქართველებსო. მე ის 49 პროცენტიც არ მემეტება უცხოელებისთვის… იყვნენ უცხოელები, იყვნენ, გავყაროთ-მეთქი მაგას კი არ ვამბობ. მოვიდნენ, დაგვათვალიერონ…“

მანუჩარ კახიძე: „პატრიოტთა ალიანსს“ აქვს შესანიშნავი იდეა, რომ კონსტიტუციაში ჩაიწეროს აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნება. ეს უნდა იყოს ხელისუფლების მუდმივი ზრუნვის საგანი. მეორე მიზეზი, რის გამოც ამ აქციაზე მოვედი, არის საბანკო პოლიტიკა. არ უნდა იყოს ასეთი შეუსაბამო მაღალი პროცენტები. ეს უნდა მოექცეს გარკვეულ ჩარჩოებში. მესამე: ხალხის ტერორს დაანებონ თავი. ვინც „პატრიოტთა ალიანსს“ მხარს უჭერს, მას სოციალურ დახმარებას უწყვეტენ. ყველგან ხდება ეს, მიდით პარტიის ოფისში და იქ გეტყვიან“.

 

 

IMG_20170924_164548

„პატრიოტთა ალიანსის“ აქცია ბათუმში

ამავე თემაზე:

“პატრიოტთა ალიანსის” მონაცემები საქართველოში თურქეთის მოქალაქეთა რაოდენობაზე არასწორია

საარჩევნო ანტითურქული გზავნილები „პირად წყაროებზე“ დაყრდნობით

გადაბეჭდვის წესი


ასევე: