მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

საწარმო „ცეზარი“ ტექნიკურ სპეციალისტს ეძებს

26.09.2017 • 3547
საწარმო „ცეზარი“ ტექნიკურ სპეციალისტს ეძებს

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში არსებული რძის გადამამუშავებელი  საწარმო „ცეზარი“ რძის, მაწვნისა და აირანის შუშის ქილებში ჩამოსხმასა და ადგილობრივ ბაზარზე გატანას გეგმავს.

საწარმო „ცეზარი“ ამ დროისთვის აჭარის მთიანეთში ერთადერთი რძის გადამამუშავებელი საწარმოა და ძირითადად ყველს, ნადუღსა და კარაქს ამზადებს. საწარმოს ერთ-ერთი მფლობელი, ნანული ბოლქვაძე ამბობს, რომ დანადგარები, რომლითაც რძე, მაწონი და აირანი უნდა ჩამოასხას საზღვარგარეთ იყიდეს, მათი მთავარი პრობლემა ახლა ის არის, რომ ადგილზე დანადგარების სპეციალისტი ვერ გამონახეს, უცხოელი სპეციალისტები ხულოში ჩასვლასა და ძვირადღირებული დანადგარების დამონტაჟებაში ბევრ თანხას სთხოვენ:

„ყველა ის საჭირო ტექნიკური დანადგარი ვიყიდეთ, რომლებმაც რძის პროდუქტების ტექნიკური ჩამოსხმა უნდა უზრუნველყოს, დანადგარების ყიდვის საჭიროების წინაშე დავდექით, 105 000 დოლარი გადავიხადეთ დანადგარებში, თანხა ბანკიდან გამოვიტანეთ და აღმოჩნდა, რომ სპეციალიტი, ვინც დანადგარებს დაამონტაჟებს, ადგილზე არ არის, უცხოელმა სპეციალისტებმა კი 17 000 დოლარი მოგვთხოვეს. ფინანსური დახმარება ვთხოვეთ სახელმწიფოსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუმცა საჭირო თანხის მოძიება ვერ შევძელით,“ – ამბობს ნანული.

საწარმოს მფლობელებმა ტექნიკური დანადგარები მას შემდეგ შეიძინეს, რაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  საწარმოს მუშაობის ლიცენზია შეუჩერა და მფლობელებს საწარმოს კანონმდებლობით გაწერილი მოთხოვნების შესაბამისობაში მოყვანის რეკომენდაცია მისცა. ნანული ბოლქვაძე ამბობს, რომ ლიცენზია სააგენტომ აგვისტოში აღუდგინა.

„ის, რაც მოგვთხოვეს გავაკეთეთ, ჭერი იყო მოსაწესრიგებელი, სარეცხი დანადგარები დასაყენებელი….ამ დროისთვის მხოლოდ სულგუნ ყველს, ნადუღსა და კარაქს ვამზადებთ  მცირე რაოდენობით, დღის განმავლობაში სამ ტონა რძეს ვამუშავებთ, იალაღებიდან სპეციალური ტექნიკით ჩამოგვქონდა რძე, პრობლემა ამ კუთხით არ ყოფილა, იმ შემთხვევაში, თუ შუშის ქილებში ჩამოვასხამთ რძეს, მაწონსა და აირანს  კარფურის ქსელი გვპირდება რეალიზებას, დაინტერესება დიდია,“ – ამბობს ნანული.

„ცეზარის“ მფლობელებს რძის გადამამუშავებელი საწარმო წალკაშიც აქვთ გახსნილი, ქარხანა სახელწოდებით – „ნატურალ პროდუქტი“, რომელიც ხულოს საწარმოს მსგავსად ძირითადად სულგუნს აწარმოებს, ყველი „ცეზარის“ სახელით ამერიკაში გაიტანა.

„წელს ხუთი ტონა სულგუნი გავიტანეთ ამერიკაში, ჩვენი ამერიკელი პარტნიორი, რომელიც იქ, ადგილზე  ყველს რეალიზებას უწევს, წელს ზაფხულში ჩამოვიდა და  ნახა ხულოს საწარმო, მოეწონა დამზადებული სულგუნი, დაინტერესდა კიდეც და სურვილი გამოთქვა ხულოში წარმოებული ყველი გაიტანოს ამერიკაში. მისი მთავარი ინტერესი ბიოპროდუქტია, აქ, ხულოში კი, ამის პრობლემა არ არის, ერთადერთი პრობლემა დანადგარების დამონტაჟება რჩება, რომელმაც ტექნიკური აღიარება უნდა მოუტანოს საწარმოს“.

არკადი კახაძემ რძის გადამამუშავებელი საწარმო სოფელ დიოკნისში შვეიცარიის განვითარების ფონდის თანადაფინანსებით, 2015 წელს გახსნა.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: