მთავარი,სიახლეები

მე მომწონს ფოსტის შენობა – ლევან ანთაძე კულტურულ მემკვიდრეობაზე

23.09.2017 • 2415
მე მომწონს ფოსტის შენობა – ლევან ანთაძე კულტურულ მემკვიდრეობაზე

ლევან ანთაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატი წინაასარჩევნო პროგრამაში საუბრობს კულტურულ მემკვიდრეობაზეც. რა შეიცვალა „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულებაში ძეგლების მიმართ და რას გააკეთებს ამ კუთხით ლევან ანთაძე, თუკი იგი ქალაქის მერად აირჩიეს?

ბატონო ლევან, წინასაარჩევნო პროგრამაში საუბრობთ კულტურულ მემკვიდრეობის მოვლაზე. საზოგადოებას კარგად ახსოვს თქვენი დამოკიდებულება ძეგლების მიმართ…

დამოკიდებულებაში რას გულისხმობთ?

განადგურებას ხშირ შემთხვევაში, მაგალითად, ფოსტის შენობის…

ფოსტის შენობა საკმაოდ კარგი გამოვიდა და არა მგონია, რომ ის განადგურდა. მე მომწონს… ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ეს არაა მხოლოდ ბათუმის პრაქტიკა. ევროპაშიც ასე ხდება ხშირად, როცა ინარჩუნებენ ძეგლის გარე იერ-სახეს და შიგნით დგამენ ახალ შენობას. ჩემი ხედვით, ეს შენობა ცოტა გაბარიტებში დიდია და არ მომწონს. მცირე ყოფილიყო გაბარიტებში, უკეთესი იქნებოდა.

ანუ არ მიიჩნევთ, რომ ეს დანაშაულია. სასტუმრო „ლონდონის“ დანგრევაც მართებული იყო?

არა, ეს დანაშაული არ იყო. თქვენ ხომ გახსოვთ, რას ჰგავდა ეს შენობა?… კი ბატონო, რაღაც შეიძლება სადავო იყოს. სასტუმრო „ლონდონს“ რაც შეეხება, ის იყო კერძო საკუთრება და მაგის დანგრევასაც ჩვენ ნუ დაგვაბრალებთ. ჩვენ რა უნდა გვექნა?

კერძო საკუთრებაში არსებული კულტურულ მემკვიდრეობა არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ არ დაიცვას იგი.

კი, შეიძლება იყო მინუსები. როცა აკეთებ საქმეს, შეცდომებსაც უშვებ, მაგრამ რა ვნახეთ ამ ხუთ წელიწადში?

საინტერესოა თქვენი დამოკიდებულება რამდენად შეიცვალა კულტურული მემკვიდრეობის მიმართ და რამდენად შეიძლება დაიჯეროს ამომრჩეველმა, რომ თქვენ იზრუნებთ ძეგლებზე.

თუკი მერად ამირჩევენ, რესტავრირებული იქნება ყველა ძეგლი.

რა ფინანსური რესურსით გვპირდებით ამას?

იმიტომ არსებობს ამხელა ბიუროკრატია, რომ მოიძიოს საკმარისი თანხები. მე თვითონ ვცხოვრობ სახლში, რომელიც არის დაახლოებით 150 წლის და აქვს ძეგლის სტატუსი. შეთანხმება სჭირდება ყველაფერს. მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გვეუბნება, რომ ხელი არ უნდა ვახლოთ არაფერს, მაგრამ არაფერში გვეხმარება. ძველ ბათუმში ვარ დაბადებული და გაზრდილი, ბევრი სახლია კატასტროფულ მდგომარეობაში. იქ სხვა მიდგომებია საჭირო.

რა მიდგომა გექნებათ?

ბათუმის იერსახის შენარჩუნებიდან უნდა დავიწყოთ და მერე სხვა რაღაც. რა თქმა უნდა, იქ ხუთსართულიანი შენობები არ უნდა გაჩნდეს. როცა ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში, მაშინ გაკეთდა არქიტექტორთა სახლი, მრგვალგუმბათიანი სახლის რესტავრაციაც მაშინ მოხდა. გადახრა იქნებ იყო, მაგრამ მთლად არ აღდგენილა და გაანადგურეთო, ნუ იტყვით. ჩვენ იგივე ძველი ბათუმის იტალიურ ეზოებს უნდა მივანიჭოთ ახალი სიცოცხლე. მე ვფიქრობ, რომ ეს ეზოები შეიძლება იყოს ძალიან მიმზიდველი ადგილი ტურისტებისთვის. შეიძლება ამისთვის მოვიზიდოთ ინვესტორები, ასევე გრანტები, შესაძლებელია სხვადასხვა ორგანიზაციიდან დაბალპროცენტიანი სესხის აღებაც. ამისთვის თანხას ნამდვილად არ დავიშურებთ. კონცეფცია ჯერ არ მაქვს, ეს უნდა შევიმუშაოთ ბათუმელებთან ერთად. დაინტერესებული მხარეები და პროფესიონალები უნდა ჩაერთონ კონცეფციის შემუშავებაში.

ლევან ანთაძესთან სრულ ინტერვიუს „ბათუმელები“ უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: