მთავარი,სიახლეები

თურქეთის საკონსულო თურქი მებაჟეების მიერ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის ცემაზე

25.09.2017
თურქეთის საკონსულო თურქი მებაჟეების მიერ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის ცემაზე

სარფში, საქართველო-თურქეთის საზღვარზე შექმნილ პრობლემას თურქეთის საკონსულო ეხმაურება. სარფში საზღვრის გადაკვეთაზე დღეს, 25 სექტემბერს, საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს უარი უთხრეს. როგორც ისინი ამბობენ, მათ მებაჟეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თურქი მებაჟეების მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, პასპორტისა და მობილური ტელეფონის წართმევაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის„აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტიც საუბრობს.

ჟურნალისტმა ამის დამადასტურებელი ვიდეოკადრებიც გაავრცელა. სწორედ მაშინ სცადეს მებაჟეებმა ჟურნალისტისთვის ტელეფონის წართმმვა, როცა მას ფეისბუქლაივი ჰქონდა ჩართული.

„დაწყებულია მოკვლევა დღევანდელ ინციდენტთან დაკავშირებით. მიმდინარეობს ვიდეოჩანაწერების შესწავლა, ასევე მებაჟეების გამოკითხვა. თუკი რომელიმე თანამშრომლის ბრალეულობა გამოიკვეთება, გატარდება ყველა საჭირო ღონისძიება,“ – განაცხადეს თურქეთის გენერალურ საკონსულოში.

დაიწყო თუ არა თურქეთის მხარემ დღეს საბაჟოზე მომხდარ ინციდენტზე გამოძიება? – ამ კითხვაზე თურქეთის საკონსულოში გაგვიმეორეს, რომ „დაწყებულია მოკვლევა“. საკონსულოს ინფორმაციით, ქართველ და თურქ სამართალდამცველებს, ასევე მებაჟეებს, შეხვედრა ჰქონდათ, სადაც ისაუბრეს ისეთი მექანიზმის შემუშავებაზე, რაც მსგავს ინციდენტებს გამორიცხავს.

რის გამო არ მიეცათ საქართველოს მოქალაქეებს საქართველო-თურქეთის საზღვრის გადაკვეთის უფლება? – თურქეთის საკონსულოში განმარტავენ, რომ ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა „მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, რამდენიმე მოქალაქეს დოკუმენტაცია ჰქონდა დაზიანებული და, შესაბამისად, მებაჟეებს მათი გატარების უფლება არ ჰქონდათ.“

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს მოქალაქეები თურქი მებაჟეების მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრობენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიის“ მიერ გავრცელებული ვიდეო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: