მთავარი,სიახლეები

ბათუმში მოსახლეობის მხოლოდ 32% გადაადგილდება ფეხით – მდგრადი განვითარების ფორუმი

16.11.2018 • 1776
ბათუმში მოსახლეობის მხოლოდ 32% გადაადგილდება ფეხით – მდგრადი განვითარების ფორუმი

კლიმატის ცვლილების შესარბილებლად აუცილებელ ღონისძიებებს შორის დღეს ბათუმის „შერატონში“ მიმდინარე მდგრადი განვითარების ფორუმზე სატრანსპორტო სისტემის განახლება დაასახლეს.

ფორუმზე გამომსვლელებმა ასევე ისაუბრეს სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებულ საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს ამ მხრივ მდგომარეობის შემსუბუქებას. გარდა ამისა, პრობლემებს შორის დაასახელეს სტრატეგიული და ურბანული დაგეგმარება, სატრანსპორტო სისტემის განვითარება-ჩანაცვლება, სასმელი და ჩამდინარე წყლების მართვა, კატასტროფების რისკების შემცირება და ასე შემდეგ.

ქალაქებს შორის შეთანხმების ფარგლებში, ყოველწლიური შეხვედრის მიზანია, გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და ექსპერტ-სპეციალისტებს ერთ სივრცეში მოუყაროს თავი დიალოგისთვის. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც 2018 წელს მერია ამ მიმართულებით ახორციელებს, ტრანსპორტის რეფორმაა.

რეფორმას ბათუმის მერია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის [GEF] და გაეროს განვითარების პროგრამის [UNDP]-ის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „მწვანე ქალაქების“ ფარგლებში ახორციელებს.

ამ ორგანიზაციების დახმარებით შესწავლილი და გაანალიზებული ინფორმაციის მიხედვით [რაც ფორუმზე იყო წარმოდგენილი] 2026 წლისთვის ბათუმში, კერძო ავტოტრანსპორტის 5%-იანი ნამატის შემთხვევაში, ყოველ 1000 კაცზე 188 მანქანა მოვა, ხოლო 8%-ის შემთხვევაში – 217.

ამ დროისთვის ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტით შესრულებულ მგზავრობათა უდიდესი ნაწილი მიკროავტობუსებზე მოდის. სამარშრუტო ტაქსი ავტობუსთან შედარებით 4-ჯერ მეტ ენერგიას მოიხმარს და მეტ დამატებით სივრცეს ითვისებს ერთი მგზავრის იმავე მანძილზე გადასაყვანად. კერძო ტრანსპორტის შემთხვევაში კი, ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ იზრდება.

იმავე მონაცემებით, ბათუმში მგზავრობათა 32% ფეხით სრულდება. ამასთან გამოკვლეულია, რომ ფეხით უფრო ხშირად გადაადგილდებიან ქალები. საერთო ჯამში კი, ფეხით  მოსიარულეთათვის დანიშნულების ადგილი უმეტესწილად სკოლაა.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ გავრცელებული ცრურწმენის საწინააღმდეგოდ, მანქანის შიდა ჰაერი უფრო დაბინძურებულია, ვიდრე ჰაერი ქუჩაში.

ბათუმში მდგრადი განვითარების ფორუმი წელს პირველად ჩატარდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: