მთავარი,სიახლეები

როგორ იყიდა პროფკავშირის ქონება უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა

15.11.2018 • 2955
როგორ იყიდა პროფკავშირის ქონება უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა

„გაგვცეს პასუხი, რატომ იყიდება პროფკავშირის ქონება და რატომ ყიდულობენ ამ ქონებას უმაღლესი საბჭოს დეპუტატები“, – ეს მოთხოვნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რეზო ხარაზმა დღევანდელ ბრიფინგზე გააჟღერა. მან კონკრეტული მონაცემი გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც პროფესიული კავშირების ქონება უმაღლესი საბჭოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ დავით ბაციკაძემ იყიდა. პროფესიული კავშირის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი კი ასევე დეპუტატი ილია ვერძაძეა. უმაღლეს საბჭოში ისიც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს.

ქონება კურორტ ბეშუმში გასხვისდა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, დავით ბაციკაძემ პროფესიული კავშირის ქონება – 197 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი კურორტ ბეშუმში ახლახან დაირეგისტრირა. კოლეგებს შორის შეთანხმება დაახლოებით ერთი თვის წინ, ოქტომბერში შედგა.

„სხვა დეპუტატებიც იყვნენ მსურველი, მაგრამ მიწა აღარ დარჩა,“ – გვითხრა ილია ვერძაძემ, უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა და იმავდროულად პროფესიული კავშირების აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა. პროფკავშირის ქონება მისი ხელმოწერით სხვისდება.

ილია ვერძაძე განმარტავს, რომ პროფესიული კავშირების ქონების ნაწილის გასხვისების შესახებ გადაწყვეტილება გამგეობამ 2009 წელს მიიღო და შესაბამისი დადგენილება გამოსცა.

„დავით ბაციკაძეს უფრო ძვირის გადახდა მოუწია, ვიდრე სხვებს, ვინც მანამდე იყიდეს. მანამდე, წინა წლებში კვადრატული მეტრი 15-20 ლარად იყიდებოდა, დავით ბაციკაძემ კვადრატულ მეტრში 30 ლარი გადაიხადა. ეს ცნობილია ყველასთვის, რომ ჩვენ ქონების ნაწილს ვყიდდით… თუ რამდენიმე მსურველი იქნებოდა ერთ მიწის ნაკვეთზე, მაშინ გამოვაცხადებდით აუქციონს. რაც შეეხება ჩემს ხელმოწერას, გამგეობის გადაწყვეტილებით, დირექტორი აწერს ხელს შესაბამის ხელშეკრულებას,“ – აღნიშნავს ილია ვერძაძე.

ვინ და რა ფორმით იღებს გადაწყვეტილებას პროფკავშირების ქონების გასხვისების შესახებ? – ილია ვერძაძის თქმით, გამგეობა ყოველწლიურად ადგენს, რა ფასად უნდა გასხვისდეს ქონება. „გამგეობაში ჩემ გარდა კიდევ 11 წევრია. როცა შემოდის განაცხადი, სამეურნეო ნაწილი სწავლობს და შემდეგ მე, როგორც ხელმძღვანელი, ვაწერ ხელს,“ – ამბობს ის.

რატომ სხვისდება პროფკავშირის ქონება – ილია ვერძაძე განმარტავს, რომ ქონება პროფესიული კავშირის სხვადასხვა ხარჯის დასაფარად სხვისდება. „ეს კეთდება იმისთვის, რომ დაიფაროს გადასახადები და ასე შემდეგ. ასეულობით ასეთი ქონებაა გასხვისებული,“ – გვითხრა ილია ვერძაძემ, რომელიც ნასყიდობის სხვა ხელშეკრულებების გაცნობას დაგვპირდა.

ამ თემაზე:

არღვევს თუ არა კანონს დეპუტატი, რომელიც პროფკავშირის ხელმძღვანელად რჩება

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: