მთავარი,სიახლეები

ხელფასებისთვის საჭირო თანხა 2,5 მილიონი ლარით იზრდება – ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი

16.11.2018
ხელფასებისთვის საჭირო თანხა 2,5 მილიონი ლარით იზრდება – ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი

ქალაქ ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალი წლისთვის მუნიციპალურ ორგანიზაციებში დასაქმებულთა  ხელფასებისთვის განკუთვნილი თანხა 2 550 400 ლარით იზრდება. ხელფასებისთვის მომავალ წელს სულ 22 264 400 ლარი დაიხარჯება, რაც მთლიანი ბიუჯეტის 14,4 პროცენტია.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით 59-ით იზრდება დასაქმებულთა რაოდენობაც: მუნიციპალური სასაფლაოების მოწყობა და მოვლა-პატრონობის სფეროში [17-ით], ბათუმის ბოტანიკურ ბაღში [15-ით], ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში [26-ით] და ბათუმის კულტურის ცენტრში [1 დასაქმებულით]. სულ, მომავალ წელს ქალაქის ბიუჯეტიდან ხელფასს 2 646 საჯარო მოხელე მიიღებს.

ხელფასებისთვის საჭირო თანხა 48 200 ლარით მცირდება ბათუმის საკრებულოში, ხოლო უშუალოდ ქალაქის მერიაში დასაქმებულთა ხელფასებისთვის თანხა ჯამში 148 800 ლარით იზრდება. საკრებულოში და მერიაში დასაქმებულთა რაოდენობა კი სამომავლოდ არ იცვლება [შესაბამისად, 32 და 188 დასაქმებული].

მთლიანობაში, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში საკრებულოში დასაქმებულთა ხელფასებისთვის 1 050 000 ლარია გათვალისწინებული, მერიაში დასაქმებულთა ხელფასებისთვის კი – 3 773 100 ლარი.

ბათუმის მერიამ ქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში 15 ნოემბერს წარადგინა და შესაბამისად დაიწყება მისი განხილვა.

ბათუმის საკრებულოს ინფორმაციით, ქალაქის მერი ვალდებულია განიხილოს ბიუჯეტის პროექტზე საბოლოოდ გამოთქმული შენიშვნები და ბიუჯეტის პროექტის იგივე ან შესწორებული ვარიანტი [შენიშვნებზე დასკვნასთან ერთად] არა უგვიანეს 2018 წლის 10 დეკემბრისა, კვლავ წარუდგინოს საკრებულოს დასამტკიცებლად.

ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებები, ანუ ბიუჯეტიდან ხარჯების გასაწევად განსაზღვრული ფულადი თანხა, მიმდინარე წლის გეგმასთან შედარებით 17 მილიონი ლარითაა შემცირებული.

უშუალოდ მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის საჭირო თანხა კი, მიმდინარე წლის გეგმასთან შედარებით, სამომავლოდ, 18,1 მილიონი ლარით მცირდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: