დაახლოებით ნახევარ მილიონს ბათუმის მერია იმ ზარალის ასანაზღაურებლად დახარჯავს, რაც ბათუმში მცხოვრებ ადამიანებს 8 და 10 აგვისტოს ძლიერი წვიმის შედეგად მიადგა. ბიუჯეტში ცვლილების შეტანის მოთხოვნით მერიამ საკრებულოს მიმართა. საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ ცვლილებას „ამომრჩევლის ირიბ მოსყიდვად“ აფასებენ.
„კონკრეტულ პროგრამებს მოაკლეს თანხა და ამ ოჯახებს მისცემენ. ჩვენ არ ვართ ზარალის ანაზღაურების წინააღმდეგი, რასაკვირველია, მუნიციპალიტეტი მოსახლეობას უნდა დაეხმაროს, თუმცა ეს არ უნდა კეთდებოდეს წინასაარჩევნო პერიოდში, მანამდე ჰქონდა ამის დრო ბათუმის მერიას…“ – გვითხრა მირდატ ქამადაძემ, ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელმა.
„მაჩვენონ კანონი, რას ვარღვევთ… კანონი არ ზღუდავს გადაუდებელი მოვლენების დროს კონკრეტული ღონისძიების დაფინანსებას. დავითვალეთ ზარალი, საპროექტო ხარჯთაღრიცხვა გაკეთდა და მოვედით აქამდე. ადრე როგორ გამეკეთებინა, როცა ადგილზე მუშაობდნენ გეოლოგები, სპეციალისტები,“ – ამბობს სულხან ევგენიძე, ააიპ „ბათუმის ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამმართველოს“ ხელმძღვანელი. ამ ორგანიზაციამ მოითხოვა ცვლილება ბათუმის ბიუჯეტში.
ზარალის ასანაზღაურებლად დაახლოებით 600 ათასი ლარია საჭირო. ამ თანხით სარეაბილიტაციო სამუშაოები სხვადასხვა მისამართზე უნდა განხორციელდეს [გზის აღდგენა, ფერდის გამაგრება, სახურავი].
სულხან ევგენიძის განმარტებით, აჭარის მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან ქალაქს 190 970 ლარი გადაურიცხა, დანარჩენი თანხა კი სხვადასხვა პროგრამისთვის გათვალისწინებულ ბიუჯეტს მოაკლეს.
„მერიის სარეზერვო ფონდით ვეღარ ვისარგებლეთ, რადგან საკმარისი თანხა იქ აღარ იყო,“ – დასძენს სულხან ევგენიძე.
საბიუჯეტო ორგანიზაციას ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა წინასაარჩევნო პერიოდში შეზღუდული აქვს. წინასაარჩევნო პერიოდი 29 აგვისტოდან დაიწყო, ანუ არჩევნებამდე ორი თვით ადრე.
საბიუჯეტო ცვლილებას დასაბუთებულად მიიჩნევენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“, თუმცა ხედავენ ეფექტური მენეჯმენტის პრობლემას ბათუმის მერიაში.
„ზარალის დათვლა და სამუშაოების გათვალისწინება შეიძლებოდა აგვისტოს ბოლომდე, 10 აგვისტოდან 29 აგვისტომდე ორი სამუშაო კვირაა. ამ პერიოდში სამუშაოები ვერ მოესწრებოდა, მაგრამ შესაძლებელი იყო დაგეგმვა და ეს ლეგიტიმური კითხვები აღარ გაჩნდებოდა. მერიამ იცოდა, რომ აგვისტოს ბოლოდან მას ექნებოდა შეზღუდვა ბიუჯეტში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით. ახლა გამოვიდა, რომ მუნიციპალიტეტმა მეოთხე თვეს მოახდინა რეაგირება,“ – აღნიშნა მალხაზ ჭკადუამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერმა.