მთავარი,სიახლეები

სუს-ის უფროსის ბინის გაქურდვაში ბრალდებულს ფაიფურის თეფშების მოპარვისთვის 5 წელი მიუსაჯეს

15.11.2018 • 2279
სუს-ის უფროსის ბინის გაქურდვაში ბრალდებულს ფაიფურის თეფშების მოპარვისთვის 5 წელი მიუსაჯეს

„ასე ზეპირად ლაპარაკობენ ეგენი“, – მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა დავით ხიმშიაშვილმა და პროკურორს გახედა. მან პრეტენზია ხელთათმანების გამო გამოთქვა, რომელიც ქურდობის ადგილიდან ამოიღეს და რომლიდანაც გამომძიებლებს თითის ანაბეჭდები არ აუღიათ. საუბარია გასული წლის ზაფხულში ფაიფურის თეფშებისა და ჭურჭლის ქურდობაზე. საქმეზე განაჩენი მოსამართლემ  დღეს გამოიტანა.

მოსამართლეს ამ საქმის განხილვა გასული კვირის დასაწყისში უნდა დაესრულებინა, თუმცა გირაოთი გათავისუფლებული დავით ხიმშიაშვილი პროცესზე ვეღარ გამოცხადდა – ის ბათუმში სუს-ის უფროსის, ირაკლი ერისთავის საცხოვრებელი ბინის ქურდობისთვის დააკავეს. გამოძიების ვერსიით, დავით ხიმშიაშვილი თანამზრახველთან ერთად შევიდა ირაკლი ერისთავის ბინაში და იქედან ძვირფასი საათები, ბიჟუტერია და ქანდაკება წამოიღო.

„სახეზეა რეციდივი… ის წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი ნარკოდანაშაულის, ასევე, პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო“, – თქვა პროკურორმა ზურაბ კონცელიძემ.

„აგეღოთ „პელჩატკებიდან“ დნმ, ხომ გამოჩნდებოდა სიმართლე? რაც არ გაწყობთ, არ აკეთებთ,“ – მიუგო პროკურორს ბრალდებულმა სხდომათა დარბაზის გისოსებით გამოყოფილი ადგილიდან და დაამატა: „მე მერაბმა ბოდიში მომიხადა, მაგის მიზეზით მოვხვდი იქ…“

ქურდობის ეს შემთხვევა გასული წლის ივლისში მოხდა – მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველებმა ორი პირი ბინაშივე დააკავეს. პოლიციელების ჩვენებების მიხედვით, დავით ხიმშიაშვილი და მერაბ სულაბერიძე ფაიფურის თეფშებსა და ჭურჭელს [ჯამში 2 ათასი ლარის ღირებულების] იპარავდნენ.

„ჩვენებაში აღნიშნა კიდეც მერაბ სულაბერიძემ, თუ როგორ შეარჩია ბინა, სადაც უნდა შესულიყო. თქვა, რომ შესასვლელი კარის სახელურზე მტვერი იყო და ემჩნეოდაო, რომ შიგნით დიდი ხნით არ შესულა ვინმეო,“ – დასძინა პროკურორმა ზურაბ კონცელიძემ.

პროკურატურის მტკიცებით, მათთან ოპერატიული ინფორმაცია შევიდა და ადგილზევე მოახერხეს დამნაშავეების დაკავება.

ფაიფურის თეფშების მოპარვას ადასტურებს მერაბ სულაბერიძე, თუმცა დაკავების დროს და ახლაც ის ერთსა და იმავეს იმეორებს: „ჩემ გამო ნუ დასჯით დავითს. მას მე, უბრალოდ, იქ მისვლა ვთხოვე. ის მოვიდა მოპედით და ზემოთ არ ამოსულა“.

ბრალდებულების ჩვენებების მიხედვით, დავით ხიმშიაშვილს იმ საღამოს მერაბ სულაბერიძემ დაურეკა და მემედ აბაშიძის ქუჩაზე მისვლა სთხოვა, შენი მოპედით მომაკითხეო. დავითი ადგილზე მივიდა და მეგობარს სახლის შესასვლელთან, ტროტუარზე ელოდა.

„მერე ამიყვანეს მე ზემოთ პოლიციელებმა მეოთხე სართულზე, ვითომ მეც იქ ვიყავი და ვიქურდე,“ – უთხრა მოსამართლეს დავით ხიმშიაშვილმა.

მოწმეების ჩვენებებზე გაამახვილა ყურადღება დავით ხიმშიაშვილის ადვოკატმა, ზაზა პაპიძემ. მან მეზობლის მიერ მიცემულ ჩვენებაზე ისაუბრა: „ის ამბობს, რომ ღამის პირველის ნახევარზე გაიგონა ხმაური, გადაიხედა და დაინახა პოლიციელები, რომლებიც ესაუბრებოდნენ მამაკაცს, შემდეგ ის ზემოთ აიყვანეს… ეს ქალი ნეიტრალური მოწმეა და არ აქვს არანირი ინტერესი პოლიციელებისგან განსხვავებით“, – აღნიშნა ადვოკატმა ზაზა პაპიძემ.

მოსამართლემ მაინც პოლიციელების ჩვენებას დაეყრდნო და საბოლოო სიტყვების მოსმენის შემდეგ განაჩენიც გამოაცხადა. დავით ხიმშიაშვილს და მერაბ სულაბერიძეს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

აჭარაში სუს-ის უფროსის, ირაკლი ერისთავის სახლის გაქურდვის საქმის განხილვა ჯერ არ დაუწყია ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

ამ თემაზე:

საათები, ბიჟუტერია, ქანდაკება – რა მოიპარეს სუს-ის უფროსის, ირაკლი ერისთავის ბინიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: