შსს: ავტომანქანის მფლობელს შეუძლია მობილურის ნომერი დისტანციურად შეცვალოს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომსახურების სააგენტომ, ვიდეოჯარიმების შესახებ მოქალაქეთა დროულად ინფორმირების მიზნით, მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში მობილური ტელეფონის ნომრის განახლების პროცესი გაამარტივა.

„დღეიდან [31 აგვისტოდან] ყველა მსურველს, პერსონალური მონაცემების მაქსიმალური დაცვით, მონაცემთა ბაზაში საკუთარი მობილური ტელეფონის ნომრის დისტანციურად შეცვლის შესაძლებლობა აქვს.

სატელეფონო ნომრის შესაცვლელად, ავტომანქანის მფლობელები უნდა დაუკავშირდნენ მომსახურების სააგენტოს, ცხელ ხაზზე – 0322 41 91 91.

შემდეგ, პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით, ოპერატორს უნდა უკარნახონ სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, თავიანთ მფლობელობაში არსებული ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი, ტექმოწმობის ან შასის/vin კოდის ბოლო 4 ციფრი და განაახლონ მობილური ტელეფონის ნომერი.“ -აცხადებს შსს.

ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ვიდეოჯარიმის გამოწერის შესახებ.


ჯარიმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე სარგებლობს 20% -იანი შეღავათით.

იმ შემთხვევაში, თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით ეგზავნება, ხოლო ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება.

საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 31 აგვისტოსა და პირველ სექტემბერს აჭარასა და ქალაქ ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილის საათებში წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ. კვირას, 2 სექტემბერს, გამოიდარებს.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

დღისით: 25-30 გრადუსი
ღამით: 18-23 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

დღისით: 22 – 27 გრადუსი
ღამით: 10 – 15 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა აჭარის სანაპიროზე 27 გრადუსია. ტალღის სიმაღლე  7-12 დმ (2-3 ბალი).

სინოპტიკოსების პროგნოზის თანახმად, მომდევნო ორ დღეს მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

________________________________

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

არასრულწლოვან მსჯავრდებულთა ზოგადი განათლების პროცესი ხარვეზებით 

საქართველოში არასრულწლოვნები თბილისის N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში იხდიან სასჯელს. უზრუნველყოფს თუ არა სახელმწიფო სრულფასოვნად არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისა და ბრალდებულების ზოგად განათლებას?

N11 სარეაბილიტაციო დაწესებულების სკოლა თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლასაა მიერთებული. სკოლა ამზადებს არასრულწლოვნებს ექსტერნის პროგრამის დასაძლევად, ასევე საატესტატო გამოცდების ჩასაბარებლად.

ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშის მზადებისას  N11 დაწესებულების მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ არასრულწლოვან მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი ხშირად არ ესწრება გაკვეთილებს. ამ მდგომარეობაში არ აქტიურობს სოციალური სამსახური და სკოლის მასწავლებლები.

დაწესებულებაში არ მოქმედებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმი, როგორც საჯარო სკოლებში. დაწესებულებაში არ არიან არც სპეცმასწავლებლები.

მასწავლებლები უჩივიან არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან ურთიერთობის საკითხებზე ტრენინგებისა და სემინარების სიმცირეს. შესაბამისად, დაწესებულებაში რთულდება არასრულწლოვანთა რთული ქცევის მართვა, რაც მთელ რიგ პრობლემებს წარმოშობს.

არ აქვს ეფექტური კომუნიკაცია N11 დაწესებულების სკოლასა და იმ სკოლებს, სადაც არასრულწლოვანი ბრალდებულები დაკავებამდე სწავლობდნენ, ოფიციალური პროცესები ხშირად ჭიანურდება.

პრობლემაა არასრულწლოვან ბრალდებულთა დაწესებულების სკოლაში ჩარიცხვის პროცესიც, რასაც მშობლის ხელმოწერა სჭირდება. მშობლები ხშირად ვერ ახერხებენ სპეციალურად ამისთვის სხვადასხვა რეგიონიდან თბილისში ჩასვლას, მათი აქტიურობა კი ამ შემთხვევაში გადამწყვეტია.

დაწესებულებაში მყოფ ერთ-ერთ არასრულწლოვან მსჯავრდებულს, მაგალითად, არ აქვს პირადობის მოწმობა. სოციალური სამსახურის თანამშრომლების არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ დადგინდა მისი მშობლების ადგილსამყოფელი. ეს მსჯავრდებული, მართალია, ესწრება გაკვეთილებს, მაგრამ სკოლის დასრულების შემდეგ ვერ მიიღებს ატესტატს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2018 წლის იანვრის ანგარიშის მიხედვით, პენიტენციურ სისტემაში 32 არასრულწლოვანი ბრალდებული და მსჯავრდებულია განთავსებული, ყველა მათგანი ბიჭია.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

რა ელის 3000 ხორბალმზიდი ავტომობილის მესაკუთრეს – ახალი აკრძალვა ხორბლის შემოტანაზე

„ეს არის სახელმწიფოს ძალისმიერი ჩარევა თავისუფალი ბაზრის წვდომაზე, აუცილებლად გამოიწვევს პროდუქციის გაძვირებას და ამ სეგმენტზე მომუშავე საავტომობილო პარკი დადგება სოციალური პრობლემების წინაშე, რაც წნეხად დააწვება ისევ სახელმწიფოს“, – ასე აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებას, რომლითაც 2018 წლის 15 სექტემბრიდან, საქართველოში ხორბლისა და ხორბლის ფქვილის შემოტანა და გატანა ავტომანქანებით იკრძალება.

„შეზღუდვის ფაქტი, არის ბაზარზე ბიზნესის კონკრეტული სეგმენტის – საავტომობილო გადამზიდავების არდაშვება, რაც თავისუფალი კონკურენციის პრინციპებს ეწინააღმდეგება“, – ამბობს პაატა ცაგარეიშვილი.

მისივე განცხადებით, ბრძანების გამოცემის ერთადერთი მიზანი ისაა, რომ გარკვეული ტვირთი, ამ შემთხვევაში ხორბალი, რკინიგზაზე გადაამისამართონ, ვინაიდან „საქართველოს რკინიგზა არის კრიტიკულ მდგომარეობაში. 60%-ით არის ტრანზიტი შემცირებული 2012 წელთან შედარებით, ამიტომ გარკვეული ტვირთების გადმომისამართება რკინიგზაზე ხდება სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ძალადობრივი მეთოდით, რაც აბსოლუტურად გაუმართლებლად მიმაჩნია“.

პაატა ცაგარეიშვილის თქმით, საქართველოს რკინიგზას ვერ უშველა გასულ წელს საქართველოსა და რუსეთის რკინიგზების შეთანხმებამ, რომლითაც შეღავათები დაწესდა სომხეთის იმპორტისა და ექსპორტისთვის: „არის სპეციალური საბორნე გემი ფოთი-კავკაზის [აზოვის ზღვაში, კრასნოდართან] რეისზე და აი ამ საბორნე გადაზიდვებზე 50%-იანი ფასდაკლებით დააწესეს ტარიფი, მაგრამ ეს თანხა მაინც იმდენად მაღალია, რომ მანქანით გადაზიდვა გაცილებით იაფი ჯდება. მანქანით ტვირთი შეძენის ადგილიდან დანიშნულების ადგილამდე, ანუ წისქვილკომბინატამდე მიგაქვს. რკინიგზით რომ წამოიღო, ქარხნებს რკინიგზა არ აქვს ყველას და მაინც მანქანაში უნდა გადატვირთო, რაც აძვირებს თვითღირებულებას“.

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში აცხადებენ, რომ რუსეთიდან სომხეთში ხორბლის ტრანსპორტირებისთვის მოკლე – 500-კილომეტრიანი მონაკვეთია საქართველოს გავლით და აქ ვერცერთი სატრანსპორტო საშუალება ვერ ჯობნის საავტომობილო ტრანსპორტს – სისწრაფით, მოხერხებულობით, ფასებით. შესაბამისად, ეს ნიშა საავტომობილო ტრანსპორტმა წაართვა რკინიგზას და ნავსადგურებს.

„ხორბალი და სიმინდი საქართველოში, ძირითადად, რუსეთიდან შემოდის, კრასნოდარის, სტავროპოლის მხარიდან. ეს ხორბალი რომ შემოდიოდეს ყაზახეთიდან, მაშინ რკინიგზა მისაღები იქნება. მაგრამ ამ მოკლე ხაზზე, რკინიგზა ვერ უგებს საავტომობილო ტრანსპორტს. ძალოვანი ხერხებით შეზღუდვა კი არ არის სწორი. ხორბლის ძალიან დიდი რაოდენობა ქართველ მეწარმეებს შემოაქვთ და გააქვთ სომხეთის მიმართულებით. ტრანსპორტირების ხარჯის ზრდა ცალსახად გაზრდის პროდუქციის ფასს“, – ამბობს პაატა ცაგარეიშვილი.

სომხური პრესა წერს, რომ საქართველოს ეს გადაწყვეტილება სომხეთში 1 ტონა ხორბალს დაახლოებით 50 აშშ დოლარით გააძვირებს. სომხური მედიის ცნობით, დაწყებულია მოლაპარაკება საქართველოს რკინიგზასთან, რათა სომხეთში ხორბლის გადაზიდვის ფასები არ გაიზარდოს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, ხორბლის შემოტანის აკრძალვა იმ მიზეზით ახსნა, რომ ლარსის გამშვებ პუნქტზე ხორბლით დატვირთული ტრაილერების რიგების გამო საქართველო ტურისტების მნიშვნელოვან რაოდენობას კარგავს.

„წელს არის უპრეცენდენტო რაოდენობა ტურისტების, ისინი საზღვარს კვეთენ როგორც სახმელეთო, ისე სხვა გზებით. თუმცა სახმელეთო ტრანსპორტით შემოსულია უამრავი მსუბუქი მანქანა, მათ შორის ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე და თქვენ თუ დააკვირდებით, იქ იყო კრიზისი შექმნილი. ასეულობით მანქანა ბრუნდებოდა უკან და ვკარგავდით ძალიან სერიოზულ შემოსავლებს ტურიზმში. თუ თქვენ ნახავთ „რუსტურიზმის“ განცხადებას, ის მოუწოდებს მოსახლეობას, რომ აირიდონ თავიდან ის დისკომფორტი და მრავალკილომეტრიანი რიგები, რომელიც საქართველოს საზღვართან არსებობდა და თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან. ამას გარდა, უამრავი ადამიანი თავიანთ ახლობლებს რეკომენდაციას უწევდა, რომ არ წასულიყო საქართველოს მიმართულებით. ამის დაშვება და ამასთან შეგუება მიუღებელია და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეგვეზღუდა სატვირთო მანქანებით ხორბლის შემოტანა“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მინისტრის არგუმენტს არ იზიარებს პაატა ცაგარეიშვილი. „ლარსის ბლოკირებას სომხური გარგარის ტრანზიტი უფრო ახდენს, ვიდრე ხორბალი“, – ამბობს ის.

მინისტრის ბრძანებით დაზარალდებიან ის მეწარმეებიც, რომლებსაც ხორბალი მანქანებით შემოაქვთ და მცირე წისქვილკომბინატებს ამუშავებენ. დაზარალდებიან ის მეწარმეებიც, რომლებსაც საცხობები აქვთ და ამ წისქვილკომბინატებისგან იღებენ ფქვილს. ხორბლის ფქვილი [50 კგ] 3-4 ლარით, დაახლოებით ორი კვირის წინ, ისედაც გაძვირდა.

„ბათუმელები“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, თუმცა, მინისტრის აღნიშნულ ბრძანებასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხები ვერ მივიღეთ.

„ყველა ქვეყანა ანვითარებს თავისუფლად დაშვებას ბაზარზე და შეზღუდვები მხოლოდ და მხოლოდ ეკოლოგიური ხასიათისაა. მაგალითად, ავსტრია საავტომობილო ტრანსპორტის გადაზიდვებს სწორედ ამ ნიშნით ზღუდავს და აიძულებს მეწარმეს ავტომობილი შედოს რკინიგზის სპეციალურ ვაგონზე და ასე გადაკვეთოს ავსტრიის ტერიტორია. გერმანია კი ამბობს, რომ დაბალი კატეგორიის „ევრო 2“ და „ევრო 3“ ტიპის მანქანებმა იარონ მის ტერიტორიაზე, მაგრამ იმაზე მეტი გადასახადი გადაიხადონ, ვიდრე დაწესებულია „ევრო 5“ და „ევრო 6“ ტიპის ავტოტრანსპორტისთვის. გადასახადის ლავირებით აიძულებს მეწარმეს შეცვალოს სატრანსპორტო საშუალება და უფრო ეკოლოგიური გახადოს“, – ამბობს პაატა ცაგარეიშვილი.

 სტატისტიკა სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრისგან:

[checklist]

  • 2012 წელს საქართველოს რკინიგზამ 1 420 000 ტონა ხორბალი გადაზიდა [საქართველოს და სომხეთის ტვირთები], 2017 წელს კი  ეს რიცხვი 300 ათას ტონამდე ჩამოვიდა. ანუ 79%-ით შემცირდა ხორბლის გადაზიდვა რკინიგზით;
  • მარტო გასულ წელს 41%-ით შემცირდა გადაზიდვა სომხეთის რკინიგზაზე და ეს ტვირთი, ფაქტობრივად, საქართველოში საავტომობილო გადამზიდავებმა წამოიღეს;
  • 2013 წელს ხორბლის გადაზიდვისგან რკინიგზის შემოსავალმა შეადგინა – 23.6 მლნ ლარი (14.2 მლნ აშშ დოლარი), 2017 წელს – 10,3 მლნ ლარი [4,1 მლნ აშშ დოლარი]. პრაქტიკულად 2013-2017 წლებში რკინიგზით ხორბლის გადაზიდვების შემოსავლები შემცირდა 71% ით.
  • საქართველოს ყოველწლიური მოხმარება ხორბალზე 650 000 ათას ტონაა, ხოლო 100 000 ადგილობრივი წარმოებით ბალანსდება, იმპორტირებული ხორბალი საქართველოში შეადგენს 550 000 ტონას;
  • რკინიგზით 2017 წელს გადაზიდული 300 ათასი ტონიდან, საქართველოს დანიშნულებით რკინიგზამ გადაზიდა – 165 ათასი ტონა, ხოლო 145 ათასი ტონა სომხეთის დანიშნულებით. შესაბამისად, რკინიგზამ 2017 წელს გადაზიდა საქართველოს საერთო მოხმარების, 30% ხოლო დანარჩენი 70% გადაიზიდა საავტომობილო ტრანსპორტით.

[/checklist]

„ღია ბაზრის პრინციპმა უბიძგა საავტომობილო ტრანსპორტის მეწარმეებს, შეეძინათ სპეციალური ტრანსპორტი, აღეჭურვათ ისინი დამატებითი ტენტებით, საბაჟო პროცედურები გაიარეს, დიზელი მოიპოვეს, სანებართვო სისტემა მოაგვარეს და ა.შ. ადვილი არ არის რუსეთში გასვლა. მათ ადაპტირება მოახერხეს და, შესაბამისად, დაიჭირეს გარკვეული სეგმენტი ამ ბაზარზე, მე ვიტყოდი ძალიან დიდიც. 3000 ადაპტირებული ავტომობილია საქართველოში, რომლებიც ხორბალმზიდად გადაკეთდა და სხვა დანიშნულებით ვერ გამოიყენებ. თითო 30 ათასი დოლარი ღირს. ამის უკან მეწარმეები, ოჯახები დგანან და მინისტრის ბრძანების გამო უმუშევრები დარჩებიან“, – ამბობს პაატა ცაგარეიშვილი.

აღსანიშნავია, რომ მინისტრის ბრძანება აკრძალვაზე თავიდან სიმინდსაც ეხებოდა, მაგრამ შემდეგ სიმინდი დასაშვებად ჩათვალეს. „ორთავე მარცვლეულია, მაგრამ ერთის შემოტანა მანქანით დაუშვეს, მეორის არა. თბილისთან არის მეფრინველეობის ფაბრიკები მუხრანში, მარტყოფში და სხვაგან, სადაც ლიანდაგები არ აქვთ და სიმინდს  რკინიგზით ვერ მიიტანენ, ამიტომ ეს მნიშვნელოვნად გააძვირებდა ფრინველის ხორცს და კვერცხს, არადა დიდი ინვესტიციებია ჩადებული… ამიტომ ნება დართეს სიმინდი მანქანებით შემოიტანონ“, – ამბობს პაატა ცაგარეიშვილი.

„ცალკეულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურის თანხმობით, [ხორბლის] შემოტანა/გატანა შესაძლებელია განხორციელდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებით“, – აღნიშნულია ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში.

რას გულისხმობს ცალკეული შემთხვევები და არის თუ არა რაიმე ინსტრუქცია ან წესი, რის საფუძველზეც შემოსავლების სამსახური ასეთ თანხმობას გასცემს? – ოფიციალური პასუხი „ბათუმელებმა“ შემოსავლების სამსახურიდან ვერ მიიღო.

„15 სექტემბრამდე არის დრო – დაილაპარაკებენ, ჯერ არ არის დეტალები გაწერილი. ხორბალია მაინც, მტკივნეული პროდუქტია, შეიძლება აქ იყოს საჭიროება, რომ დაიშვას დროებით ავტომანქანებით შემოტანა. ამიტომ დევს ბრძანებაში ეს მუხლი – რამე რომ იყოს ქვეყანაში – ან ხორბალი გათავდეს, ან რამე, ხორბლის სწრაფად შემოტანის ალტერნატიული გზა არსებობდეს… ხორბლის რიგმა ტურისტიც დაგვაკლო. ლარსის მიმართულება ცოტა რთული რეგიონია, გზა არ ვარგა, ხიდები რემონტდება, არ ეტევა ამდენი მანქანა. რომელი ტვირთიც ბევრია, ის ჩაიკეტა, დანარჩენი არის, ვნახოთ,“ – გვითხრა არაოფიციალურ საუბარში შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

ამ თემაზე:

საქართველოში ხორბლისა და ფქვილის მანქანებით შემოტანა იკრძალება – ეს პურს გააძვირებს 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია მიანიჭა. უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ავტორიზაციის პროცესი ქართველი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით წარიმართა. უნივერსიტეტი განახლებული შვიდი სტანდარტისა  და პროცედურის მიხედვით შეფასდა.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 7 სტანდარტი მოიცავს:  დაწესებულების მისიას და სტრატეგიული განვითარების გეგმას;  ორგანიზაციულ სტრუქტურასა და მართვას;  საგანმანათლებლო პროგრამებს; პერსონალს;  სტუდენტებსა და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებს; კვლევას, განვითარებას და სხვა შემოქმედებით საქმიანობას, ასევე მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებს.

ექსპერტების დასკვნაში უნივერსიტეტის ძლიერ მხარედ განისაზღვრა: განვითარების მაღალი შესაძლებლობა, მომავალზე ორიენტირება, რეფორმების კუთხით მუდმივი აქტიურობა, უნივერსიტეტის ხარჯ-ეფექტიანობის ზრდა, კვლევით პროექტებში სტუდენტების ჩართულობა, სტუდენტური სერვისების განვითარება და მხარდაჭერა, ლაბორატორიებისა და კლინიკების გაფართოების მიზნით პროაქტიური და ინოვაციური მიდგომა.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ვადა ექვსი წელია.

ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია [ანონსი]

3 სექტემბრიდან აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი იწყება. ფესტივალის ფარგლებში რეგიონს უცხოელი სპეციალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ესტუმრებიან. ფესტივალის განმავლობაში დღის პირველ ნახევარში მოეწყობა გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე – ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი, ნავსადგური და კოლხეთის ეროვნული პარკი.

საღამოობით კი სასტუმრო „ოაზისში“ მოწვეული სპეციალისტები ჩაატარებენ ლექციებსა და პრეზენტაციებს. მათ შორის იქნება ამერიკელი მეცნიერი,  ტურლიდერი ვილიამ კლარკი, რომელიც მტაცებელ ფრინველებზე  წიგნისა და სტატიების ავტორია. ლექციებს ასევე წაიკითხავს ტელეწამყვანი, ჟურნალისტი, წიგნების ავტორი, ტურლიდერი, ფრინველებზე დამკვირვებელი დეივიდ ლინდო დიდი ბრიტანეთიდან. ფესტივალში ჩართვა, გასვლით ტურებში მონაწილეობა და ლექციებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი აჭარაში 8 სექტემბერს დასრულდება.

პრეზენტაციები/ლექციები: ყოველდღე, სასტუმრო ოაზისში, 20:00 საათზე. საღამოს პრეზენტაციებზე დასასწრებად ტრანსპორტირება შვიდივე დღის განმავლობაში იქნება უფასო. გამგზავრება – ბულვარის ტურისტული-საინფორმაციო ცენტრიდან.

გასვლითი ტურები: 6, 7, 8 სექტემბერს პლატფორმებსა და ფრინველებზე დაკვირვების ლოკაციებზე ორგანიზებული გასვლა ტრანსპორტით, ბინოკლებით და გიდით იქნება უზრუნველყოფილი.

რეგისტრაცია: ფესტივალში მონაწილეობისთვის აუცილებელია ელექტრონული რეგისტრაცია ლინკზე goo.gl

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებს:   +995 577 90 90 93/91

არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში

28 აგვისტოს საბაჟო გამშვებ პუნქტში  –  ,,სარფი“ შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის დ.შ.-ს ფიზიკური დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. ნაკეთობათა საერთო წონამ 71.1 გრამი, საქონლის საბაჟო ღირებულებამ კი 6513 46 ლარი შეადგინა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, შეეფარდა ფულადი ჯარიმა 6513 46  ლარის ოდენობით.

ბაგა-ბაღი „აისი“ აცხადებს აღსაზრდელთა მიღებას

თუ თქვენი ბავშვისთვის საბავშვო ბაღს ეძებთ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც იქნება უსაფრთხო, ოჯახური და მეგობრული გარემო – ბაგა-ბაღი „აისი“ საუკეთესო არჩევანია.

ბაღში მცირე – 10-ბავშვიანი ჯგუფებია და თქვენს შვილს აქ ყოფნის პერიოდში ყურადღება არ მოაკლდება. აქვს ფართო სივრცე, მზიანი ოთახები, კლასებში ინვენტარი მორგებულია ყველა ასაკობრივ ჯგუფზე.

დღის რეჟიმი

[checklist]

  • სამჯერადი კვება
  • შუადღის ძილი
  • ეზოში გასეირნება და თამაში
  • თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, თამაშით სწავლება

[/checklist]

ბაგა-ბაღი მუშაობს სამუშაო დღეებში დილის 8:30-დან საღამოს 19:00 საათამდე. მიიღებიან  ბავშვები 1 წლისა და ორი თვის ასაკიდან 6-წლამდე.

რაც შეეხება გადასახადს, ის ბათუმში არსებულ შეთავაზებებს შორის საუკეთესოა და თვეში 180 ლარია.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577 53 65 65 ან გვეწვიეთ მისამართზე: ბათუმი, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა N24

ბათუმში საბავშვო ბაღების აღმზრდელები და ძიძები სექტემბრიდან 20%-ით გაზრდილ ხელფასს მიიღებენ

ბათუმის საბავშვო ბაღებში მუშაობა 17 სექტემბრიდან გაახლდება. ბაღების გაერთიანების პრესსამსახურის ინფორმაციით, წელს ბათუმის საბავშვო ბაღებში 8035 ადგილია. ამ დროისათვის გაერთიანებაში ვერ ასახელებენ, რამდენი ბავშვი დარჩა წელს ბაღის გარეშე, რომელიც მშობელმა ბაღში ჩარიცხვის მიზნით დაარეგისტრირა. „ამ დროისთვის ინფორმაციას ვამუშავებთ და  დაახლოებითი მონაცემი 17 სექტემბრის შემდეგ გვექნება“, – გვითხრეს პრესსამსახურში.

გასულ წელს მხოლოდ ბათუმში საბავშვო ბაღების გარეშე 1257 ბავშვი დარჩა.

ამ დროისთვის ბათუმში 33 მოქმედი ბაღია, მათ შორის ერთ ბაღში [#27] სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. წლევანდელ სეზონზე კიდევ ერთი ახალი ბაღი შეემატება ბენზეს დასახლებას.

ბათუმის მერიის წარდგენითა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, სექტემბრიდან ბაღების აღმზრდელებისა და მათი თანაშემწეების ანუ ძიძების, ასევე სხვა ტექნიკური პერსონალის ხელფასი [ადმინისტრაციაში დასაქმებულების გარდა], ოცი პროცენტით გაიზრდება.

მაგალითად, აღმზრდელის ხელფასი [დარიცხვით 500 ლარი] 600 ლარამდე გაიზრდება, ხოლო ძიძის ხელფასი – 460-ლარიდან 560-ლარამდე.

ბაღების აღმზრდელების ხელფასების გაზრდაზე საკრებულოს სხდომებზე ინტენსიურად საუბრობდა საკრებულოს ოპოზიცია, საბოლოდ კი ამ საკითხს, მერიის წარდგენით, საკრებულოს უმრავლესობამაც დაუჭირა მხარი.

 

 

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე ბათუმშიც აღნიშნეს

30 აგვისტოს მსოფლიოში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად 2 300-ზე მეტი პირი ითვლება დაკარგულად. საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე 2011 წლიდან აღინიშნება.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი საქართველოს ხუთ ქალაქში: თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმსა და გორში სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავენ.

უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სახელობის სკვერი ბათუმში ლორიას ქუჩაზე მდებარეობს.

 

Manpa-მრავალფეროვანი და გემოვნებიანი ავეჯი თქვენი სახლისთვის

თუ უკვე დაასრულეთ რემონტი და სრული კომფორტისთვის ავეჯის ყიდვაღა გაკლიათ, ან უბრალოდ ძველი ავეჯის ახლით ჩანაცვლება გსურთ, დიდხანს ფიქრი არ მოგიწევთ. ავეჯის შესაძენად ჩვენ „მანპას“ ფირმის პროდუქციას გირჩევთ.
„მანპა“ ავეჯს საკუთარ ქარხანაში ამზადებს. შესაბამისად აქ ადგილზე აკონტროლებენ ხარისხს და ნებისმიერი ავეჯის შეძენისას მომხმარებელს ორწლიან გარანტიას სთავაზობენ.

სავარძლები, დივნები, ტელევიზორის დგამები, პუფები და დაწნული ავეჯი, ჟურნალის თუ ჩვეულებრივი მაგიდები, საწოლები და კარადები – აქ ყველაფერია, რაც საძინებლის, სამზარეულოსა და მისაღები ოთახების კომფორტულ სივრცედ ქცევისთვის აუცილებლად დაგჭირდებათ.

„მანპაში“ უამრავი სხვადასხვა სტილისა და გემოვნების რამ შეგიძლიათ შეიძინოთ. მრავალფეროვანი არჩევანის მიუხედავად, თუ სასურველი ფორმის ავეჯს მაინც ვერ იპოვით, ფოტოს ან ნახატის მიხედვით კომპანიის ქარხანაში ორ კვირაში დაამზადებენ შეკვეთას, ადგილზე მიტანით.

ბათუმში „მანპას“ დიდი, საბითუმო ცენტრი ფუნქციონირებს, საიდანაც დაბალი ფასების გამო საქართველოს ყველა რეგიონიდან მიაქვთ ავეჯი მაღაზიებს. აქ მეორად ავეჯზე დაბალ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ სასურველი ნივთი. დივნის ფასი 320 ლარიდან იწყება, კუთხის დივნისა კი – 750 ლარიდან.

ავეჯის მწარმოებელი კომპანია რამდენიმე მაღაზიას ფლობს თბილისში, ბათუმში, ქობულეთში, ზუგდიდსა და ფოთში.

დაგვიკავშირდით: 574 99 43 75

მისამართი: ბათუმი, ლერმონტოვის ქუჩა N72; 26 მაისის ქუჩა N62; ქობულეთი, მემედ აბაშიძის N18.

ავარია ჩაქვის გვირაბთან – დაშავებულია 8 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვია

დღეს, 30 აგვისტოს, ავარია მოხდა ჩაქვი-ქობულეთის დამაკავშირებელ გვირაბთან, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად რვა მგზავრი დაშავდა, ოთხი საქართველოს მოქალაქე და ოთხი უცხოელი. დაშავებულებს შორის ორი ბავშვია.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავავებულები მოინახულა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მედიკოსების განცხადებით, სხვა დაშავებულებს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებათ.

ფოტო: აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

განახლება: აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 5 პაციენტს ჩაუტარდა ამბულატორიული მომსახურება და მედიკოსების გადაწყვეტილებით მათ კლინიკა უკვე დატოვეს. დაწესებულებაში რჩება 3 პაციენტი, დაკვირვების მიზნით. ერთ-ერთს დაუდგინდა მხრის ძვლის ამოვარდნილობა.

ადვოკატი ოჯახში ძალადობაზე: ხომ შეიძლებოდა ქალს კედლისთვის მიერტყა თავი?

„მას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები თავის არეში,“ – უთხრა მოსამართლეს სამედიცინო ექსპერტიზის ავტორმა, მამუკა გედენიძემ. მან ოჯახში ძალადობის საქმეზე მისცა ჩვენება სასამართლოს.

გამოძიება გოჩა რ.-ს ცოლზე არაერთგზის ძალადობას ედავება. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა სიდედრის კუთვნილ კაფეში, სიდედრის თვალწინ, ცოლს თავის არეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა. პოლიციას სიდედრმა დაურეკა და შველა ითხოვა.

„დაზიანება მიყენებულია ბლაგვი საგნით,“ – დასძინა ექსპერტმა.

„შესაძლებელია, დაზიანება ხელით იყოს მიყენებული?“ – ჰკითხა ექსპერტს პროკურორმა ზურაბ კონცელიძემ.

„შეიძლება,“ – მოკლედ უპასუხა შეკითხვას ექსპერტმა.

ადვოკატმა ირაკლი აბაშიძემ კი ექსპერტს რამდენჯერმე გაუმეორა შეკითხვა: „ხომ შეიძლებოდა ქალს კედელზე მიერტყა თავი ან იატაკზე დაერტყა? ასე მიიღებდა თუ არა იგივე დაზიანებას?“

„არ არის გამორიცხული, შესაძლებელია,“ – უპასუხა ადვოკატს ექსპერტმა.

გოჩა რ. სავარაუდო დანაშაულის ჩადენის დროისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. ის ბრალს არ აღიარებს. გოჩა რ. წინასწარ პატიმრობაში რჩება.

ამ შემთხვევამდე გოჩა რ. ორჯერ გასამართლდა ცოლზე ფიზიკური ძალადობისთვის. 2017 წელს მას პირობითი მსჯავრი შეუფარდა ბათუმის საქალაქო სასამართლომ. შესაბამისად, ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულს პირობით მსჯავრს ვეღარ შეუფარდებენ. მას ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

მომდევნო სხდომაზე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი დაზარალებული ქალის და მისი დედის ჩვენებებს მოისმენს.

„დაზარალებული ქალი განქორწინებას არ ითხოვს,“ – გვითხრა პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა, ირაკლი აბაშიძემ.

რა არის ბრალდებულის ვერსია? – ადვოკატის თქმით, ბრალდებულმა არ იცის, სად და რის გამო მიიღო დაზიანებები მისმა ცოლმა.

„ის ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ სიდედრის კაფეში იყო, მეტი არაფერი… არც იმას ამბობს, რატომ მოუგონეს ეს ამბავი,“ – გვითხრა ადვოკატმა.

ვაიმარში ლისტის დაკარგული ოპერა აღმოაჩინეს

უნგრელი კომპოზიტორის, ფერენც ლისტის 170 წლის წინ დაკარგული ოპერა „სარდანაპალო“ ახლახან იპოვეს. ოპერის პრემიერა ვაიმარში შედგა 19-20 აგვისტოს. პარტიტურა არქივებში უყურადღებოდ იყო ჩაკარგული საუკუნეზე მეტხანს.

სწორედ ვაიმარის ორკესტრ შტატსკაპელას სარეპეტიციო დარბაზში გადიოდნენ რეპეტიციებს მუსიკოსები მსოფლიო პრემიერის მზადებისას, სარეპეტიციოში, სადაც თავად ლისტი 1842 წლიდან მოყოლებული 16 წელი მუშაობდა. სიმბოლურია ისიც, რომ ლისტის ახალაღმოჩენილი ოპერის პრემიერაზე იმავე სახელწოდების ორკესტრი – შტატსკაპელა დაუკრავს. კლასიკური მუსიკის სამყაროში კარგად ცნობილი გერმანიის ეს უძველესი ორკესტრი 1491 წელს დაარსდა და მას შემდეგ სახელი არ შეცვლია.

ვაიმარის შტატსკაპელამ ლისტის ოპერის „სარდანაპალოს” პრემიერა წარმოადგინა 19 – 20 აგვისტოს.

ლისტის დაკარგული ოპერის პარტიტურა კემბრიჯის უნივერსიტეტის მუსიკის პროფესორმა, დევიდ ტრიპეტმა აღმოაჩინა. ის სამი წლის განმავლობაში სწავლობდა არქივის მასალებს და დაკარგულ ხელნაწერს ეძებდა. ტრიპეტმა პირველად ლაიფციგის მუსიკის აკადემიაში სწავლის დროს შეიტყო, რომ 1910 წლის არქივის კატალოგში შეტანილი იყო ლისტის ოპერა „სარდანაპალი“, თუმცა რეალურად ნოტები არ იძებნებოდა.

ოპერა ტრიპეტმა გოეთესა და შილერის ვაიმარის არქივში იპოვა, სადაც ფერენც ლისტის ნაწარმოებების ყველაზე დიდი კოლექცია ინახება. მათ შორის მუსიკალური ნოტების 14 000 გვერდი.

ფერენც ლისტი

როგორც მიიჩნევენ, ლისტის დაკარგული ოპერის პოვნა და ხელნაწერის ცნობა აქამდე ვერ მოხერხდა, რადგან კომპოზიტორი შაბლონებსა და აბრევიატურებს იყენებდა ხშირად, რასაც გაშიფვრა და შაბლონების შესწავლა სჭირდება.

ოპერის პარტიტურის აღმოჩენის შემდეგ ნოტები დევიდ ტრიპეტმა უნგრეთის სამეცნიერო საზოგადოებას გადასცა, რომელიც ლისტის კულტურულ მემკვიდრეობას კურირებს.

სამეცნიერო საზოგადოება თავიდან სკეპტიკურად იყო განწყობილი, თუმცა ხელნაწერის გაშიფვრისა და შესწავლის შემდეგ აღიარეს, რომ ეს ნამდვილად ლისტის ოპერაა, რაზეც უნგრელი კომპოზიტორისთვის დამახასიათებელი ჟღერადობაც მიგანიშნებთ.

Sardanapalo : The world premiere ​of Liszt's lost opera  ​(​ trailer ​)​

„რატომ ვერ ვისწავლე“ – ქალები მთიდან

„განათლება ერთადერთი სტიმულია ქალის ცხოვრებაში. განათლება აძლევს ქალს იმის საშუალებას, რომ უფრო თამამი იყოს. განათლებული ადამიანი უფრო კულტურულია,“ – ასე ფიქრობენ ქალები, რომლებმაც სოციალური, ეკონომიკური თუ კულტურული წინაღობების გამო განათლების მიღება ვერ მოახერხეს.

ამ ფოტორეპორტაჟის გმირებიდან რამდენიმემ არათუ საშუალო სკოლა დაამთავრა, არამედ სრული საბაზო განათლებაც ვერ მიიღო. ისინი იმ ეპოქაში დაიბადნენ, როცა საკითხს, მიეღო თუ არა ქალს განათლება, სხვა წყვეტდა. ზოგ შემთხვევაში კი, მათთვის, უბრალოდ, სკოლა არ იყო ხელმისაწვდომი. აჭარის მთაში მცხოვრებ ხანდაზმულ ქალებს თავიანთი ახალგაზრდობის გატარება სწორედ ასეთ დროს მოუწიათ. ბევრი მათგანი დღემდე დარდობს იმას, რომ სრულფასოვანი განათლების მიღება ვერ მოახერხა.

„ბათუმელები“ ქალებს ჩირუხის მთაში, იალაღებზე შეხვდა.

თინა ფუტკარაძე. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

თინა ფუტკარაძე, 68 წლის:

შუახევში, სოფელ დღვანში გავიზარდე. საშუალო განათლება მივიღე, მინდოდა სწავლა გამეგრძელებინა, მაგრამ მალე გამათხოვეს. არადა, კარგად ვსწავლობდი, სკოლაც წარმატებით დავამთავრე. განსაკუთრებით ქართული ენა და ლიტერატურა მიყვარდა. ნახევარი „ვეფხისტყაოსანი“ ზეპირად ვიცოდი. საშუალება რომ მოეცათ, ქართულის მასწავლებელი გამოვიდოდი. ვფიქრობდი ჩაბარებას, მაგრამ დედაჩემმა მითხრა – „ქალაქში ვიღაცას გეიცნობ, საცხა გეიპარები და მოგკლავო“. ადგა და  გამათხოვა. ახლა ბევრჯერ ვიტყვი, რომ ჩემი ცოდვა საფლავში წაყვა. რომ არ დაეშალა, ახლა ნასწავლი ვიქნებოდი, კარგი სამსახური მექნებოდა. სულ ოთხებზე და ხუთებზე ვსწავლობდი. ძმა მყავდა პედაგოგი, პატარაობისას, ცუდ ამინდში, ზურგზე მისვამდა და ისე მატარებდა სკოლაში. ძალიან, ძალიან მწყდება გული.

სიყვარულით თუ გავთხოვდი? მე ვინ მკითხავდა? მიყვები – არ მიყვები, გიყვარდა – არ გიყვარდა, არავის აინტერესებდა.  გამირიგეს. არც ჩემს ქმარს არ ჰქონია განათლება.

ყველაზე კარგად იცით რა მახსოვს? სანამ გამათხოვებდნენ ნახევარი წელი ბათუმში ვისწავლე. სამკერვალო ფაბრიკაში იყო ჭრა-კერვის კურსები. მთელი ჩემი ცხოვრება ფიზიკურად ვმუშაობ და ამ ხნის მანძილზე მხოლოდ ის ექვსი თვე მქონდა საკუთარი ხელფასი. თან გვასწავლიდნენ, თან გვამუშავებდნენ ფაბრიკაში. პირველი ხელფასი რომ ავიღე, წავედი და „დვოიკა“ – ზედა-ქვედა ვიყიდე. სამყაროში ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ მეგულებოდა იმ დროს. ბავშვი ვიყავი, როგორ მიხაროდა, ნეტა იცოდე. ჩემი მზითვის ფულიც მე შევაგროვე.

ექვსი თვე ვისწავლე. მეშვიდე თვეს დამნიშნეს და გამათხოვეს. არც მაცადეს სწავლის დამთავრება. შანსი რომ მქონოდა, არ გავთხოვდებოდი, ვისწავლიდი, ცხოვრების ასპარეზზე  გამოვიდოდი, განათლებული, უფრო ჭკვიანი ვიქნებოდი, მაგრამ ცხოვრებამ ასე მოიტანა. როცა გავთხოვდი, ოჯახში დამხვდა მული, რომელიც ვერ დადიოდა. 20-21 წელი ვუვლიდი. მერე ბავშვები გაჩნდნენ. კოლმეურნეობაში დავიწყე მუშაობა. თამბაქოში ვმუშაობდი, მაგრამ ხელფასი არ იყო. ფულს რომ ავიღებდი, ოჯახში ნაწილდებოდა. თუ მჭირდებოდა, ქმარი კი მაძლევდა, მაგრამ შენი ნაშოვნი ხელფასი მაინც სხვაა. ნამდვილად შენი რომაა.

თინა ფუტკარაძე  ჩირუხში, საზაფხულო იალაღებზე.  ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

6 შვილი მყავს. ერთი ბიჭი გემზე მუშაობს, კაპიტანია. ოთხი გოგოდან არც ერთს არ უსწავლია. ორი ისეთ ასაკში მომტაცეს, სკოლის დამთავრებაც ვერ მოასწრეს. ორმა როგორც კი დაამთავრა, ადგნენ და გათხოვდნენ. არადა, მინდოდა ოთხივეს ესწავლა. სამაგიეროდ შვილიშვილები სწავლობენ.

ერთი შვილიშვილი 23 წლისაა, უნივერსიტეტი დაამთავრა. ეუბნებიან გათხოვდი, გათხოვდიო. ის ამბობს, რატომ უნდა გავთხოვდე? რამეს ვაშავებ? ცხოვრება მინდა მოვიწყოო. ყველანაირად მხარს ვუჭერ და ვარიგებ, რომ ჯერ არ გათხოვდეს. ოჯახი ძალიან რთულია. რომ გათხოვდები, მერე შენ ჭკუაზე ვერ ივლი. ახალგაზრდებს ვეტყოდი, რომ არ იჩქარონ, არ დაქორწინდნენ. ჯერ თავიანთი ცხოვრების გზა მოიწყონ და მერე გადადგან ეს ნაბიჯი.

ნადია ებრალიძე,     ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ნადია ებრალიძე, 85 წლის: 

რვა კლასის განათლება მაქვს. ისეთ გაჭირვებულ პერიოდში მომიწია ცხოვრებამ, წიგნი არა, პასტა არა, ფანქარი არა… ჩემს დროს მელანიც კი არ იყო, რომ დაგვეწერა. ბუხარში ჭვარტლს ჩამოვფხეკდით, იმას გავუსვამდით კალამზე და ვწერდით ასე. რვა კლასი როგორღაც დავამთავრე და მერე სწავლის გაგრძელებაზე აღარც მიფიქრია. მაშინ მარტო ქალაქში ვინც ცხოვრობდა ის თუ ისწავლიდა. 25 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი. შვილები დავზარდე. მინდოდა ჩემს გოგოებს ესწავლათ, მაგრამ ვერც მათ ვერ ისწავლეს. შვილიშვილების იმედი მაქვს, ისინი ისწავლიან.

აიშე დუმბაძე

აიშე დუმბაძე, 80 წლის:

80 წლის ვარ, უკვე მივდივარ…. მე ობოლი ვიყავი. მესამე კლასამდე როგორღაც შევძელი სწავლა, მერე ვეღარ ვიარე, შორს იყო სკოლა. მაგრამ ჩემი ეშმაკობით წერა-კითხვა მაინც არ მეშლება. იმდენი ვიცი, რომ ხელს მოვაწერ. ეგ კი არა პატარ-პატარა წერილებს ვწერდი, ბაღნები რომ ჯარში მყავდა. ობოლი არ ვყოფილიყავი, ეგება მეც რაღაცა გავმხდარიყავი, მთლად ცარიელი არ დავრჩებოდი. ექიმობა მინდოდა. ჩემს წრეში ყველა ექიმები და დოქტორები არიან.

14 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი. ხუთი შვილი მყავს. ერთი გოგო და ოთხი ბიჭი. ერთმა ეკონომისტობა დაამთავრა. დანარჩენები საშუალო განათლებით არიან. გოგომ ისწავლა ჭრა-კერვა.

რას შეცვლიდა განათლება ჩემს ცხოვრებაში? – უკეთესი ცხოვრება მექნებოდა, დაფასებული ქალი ვიქნებოდი. ღმერთს დიდი მადლობა, რომ მაინც კარგი ცხოვრება მაქვს, მაგრამ განათლება მაინც სხვაა. ყველა შვილი კარგადაა, ყველას თავისი სახლი და კარგი ცხოვრება აქვს. ამ მხრივ რამეზე გული არ მტკივა.

აიშე ბერიძე ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

აიშე ბერიძე, 78 წლის:

არ იყო ჩემ დროს სწავლა. კი მინდოდა მესწავლა, მაგრამ ვერ ვისწავლე. გავთხოვდი და მერე სწავლის დრო აღარ მქონდა. 6 შვილი გავაჩინე და იმათ მოვლა ჭირდებოდა. ძალიან მინდოდა ექიმი გამოვსულიყავი. ექიმობა კარგი პროფესიაა, ხალხს ეხმარები. არ გამოვიდა.

17 წლის სიყვარულით გავთხოვდი და სიყვარულით შევაბერდი ჩემს ქმარს. შეხმატკბილებულები ვართ. ყოველთვის ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ. ყველა კარგი ხალხი მყავს – შვილები, რძლები, მეზობლები. უკმაყოფილო არ ვარ ჩემი ცხოვრებით.

ეთერ ფუტკარაძე ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ეთერ ფუტკარაძე, 60 წლის:

ვცხოვრობ დარჩიძეებში, მთისუბანს ეძახიან სოფელს. ზაფხულში სამი თვე საზაფხულო იაილებზე ამოვდივართ და აქ ვცხოვრობთ. ვაგროვებთ ყველს, კარაქს, კაიმაღს, მიგვაქვს ბარში და ზამთარში ვიყენებთ.

მთაში მცხოვრები ქალის ცხოვრება რთულია. ავად ხარ, კარგად ხარ, შეგიძლია – არ შეგიძლია ამას მნიშვნელობა არ აქვს. უნდა ადგე და იმუშაო. სკოლა როგორც კი დავამთავრე, მაშინვე გავთხოვდი. სკოლის მერე არსად მისწავლია. მე რომ სკოლა დავამთავრე, მაშინ გოგოები არ სწავლობდნენ, თორემ ძალიან კარგად შემეძლო სწავლა. მათემატიკაში ძალიან ძლიერი ვიყავი. ჩემმა შვილმა  სკოლა ისე დაამთავრა, მათემატიკაში სულ მე ვეხმარებოდი.

რატომ ვერ ვისწავლე? მაშინდელი ცხოვრება ძალიან რთული იყო. პირველი გოგო ვიყავი ოჯახში. შვიდი შვილი ჰყავდა დედაჩემს – ჩემი და-ძმები მე გავზარდე. შრომაში გადიოდა დრო და ამ დროში გამომეცალა ჩემი სწავლის პერიოდი. ახლა ისეთები ამთავრებენ უნივერსიტეტს, მიკვირს და თან გულიც მწყდება. მათზე მეტი მესმოდა, ვიცოდი და ვერ ვისწავლე.

ჩემმა შვილმა სკოლა რომ დაამთავრა, ძალიან გაჭირვებული პერიოდი იყო, მაგრამ შეუძლებელი შევძელი და მაინც ვასწავლე. ჩემ შვილს არ უგრძვნია, რომ რაღაც არ გვქონდა. მე რაც დამაკლდა განათლების მხრივ, ჩემი შვილისთვის არ დამიკლია.

ახალგაზრდა გოგოებში რასაც ვუყურებ, ის ტენდენციაა, რომ ყველა იბრძვის სწავლისთვის. ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სტუდენტები გახდნენ და ისწავლონ, რადგან განათლების გარეშე არაფერი არაა.

მთა ჩირუხი ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

გუგული სურმანიძე ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

გუგული სურმანიძე, 81 წლის:

სამი კლასის განათლება მაქვს. მერე აღარ მივლია სკოლაში. ფერმაში ვმუშაობდი. ძროხებს ვუვლიდი. ახლაც ძროხებს ვუვლი, ესაა ჩემი შემოსავალი. სოფელში თუკი რამე საქმე იყო ყველაფერს ვაკეთებდი, კოლექტივში ვმუშაობდი, კარტოფილი და თამბაქო მომყავდა.

ხელფასი? ჩემი ქმარი ფოსტალიონი იყო და გაზეთს ზიდავდა. ეგ იყო ჩემი ხელფასი. საკუთარი ფული? საკუთარი ფული საიდან უნდა მქონოდა, მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და პენსია არ მქონდა. ახლა პენსია მაქვს. პირველად რომ პენსია ავიღე, ეგ იყო ჩემი საკუთარი ფული. ყველს, თამბაქოს და კარტოფილს კი ვყიდდით, მაგრამ ეგ ფული ოჯახში ნაწილდებოდა. 4 შვილი მყავს. შვილებისთვის არ მისწავლებია, მაგრამ შვილიშვილებს აუცილებლად ვასწავლი.

მანანა ფუტკარაძე. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

მანანა ფუტკარაძე, 57 წლის:

სოფელ ტომაშეთში ვცხოვრობ. 47 წლის ვიყავი, ქმარი რომ გარდამეცვალა. 10 წელია ქვრივი ვარ. ბიჭები დაქორწინებული მყავს, გოგოც გათხოვილია.

საშუალო სკოლა დავამთავრე და მერე გავთხოვდი. არც ისე უსწავლელი ვიყავი, მაგრამ მაშინ ქალები მაინცდამაინც არ სწავლობდნენ. ოთხები და ხუთები მყავდა. შესაძლებლობა არ იყო, თორემ მეც მივიღებდი განათლებას. მართლა მინდოდა სწავლა – ვამბობდი საექთნოზე უნდა ვისწავლო-მეთქი, მაგრამ ვერ ვისწავლე. საშუალება არ იყო, ვერ გამიშვეს მშობლებმა.

ვერც ჩემს გოგოს ვასწავლე, მაგრამ ის არც სწავლობდა. მწყდება გული. განათლებული რომ ვყოფილიყავ, საქონლის მოვლა აღარ მომიწევდა.

რთულია  ნასწავლი რომ არ ხარ, იძულებული ხარ ფიზიკურად იმუშაო. ძროხების მოვლა ადვილი არაა. მუდმივად ბოსელში უნდა იყო. ახლა ხუთ ძროხას ვწველი. ასეა, ცხოვრება რასაც მოითხოვს, ის უნდა გააკეთო.

თინა ქარცივაძე. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

თინა ქარცივაძე, 82 წლის:

რვა კლასის განათლება მაქვს. ოლადაურის საშუალო სკოლაში ვსწავლობდი, შუახევში. მერვე კლასში ვიყავი, როცა გადასახლებაში მოვყევით. 1951 წელს გადაგვასახლეს ყაზახეთში და 1953 წელს დავბრუნდით. ისეთი მდგომარეობა გვქონდა, ვის ეცალა ჩემი სწავლისთვის. მთავარი იყო გადარჩენილიყავი. ჩემი მშობლები ძველი ყაიდის ხალხი იყო, სწავლა არ უნდოდათ. დიდად არც უნაღვლიათ, რომ განათლების გარეშე დავრჩი.

საქართველოში რომ დავბრუნდით, მერე გამათხოვეს. მაშინ შეყვარება სად იყო. ვინმეს გაგირიგებდნენ, გინდოდა – არ გინდოდა, მამა გაგათხოვებდა. ასეთი იყო წესი. კაი ოჯახი შემხვდა. გული არც ისე დამწყვეტია. რთულია ცხოვრება, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ. შვილიშვილები და შვილთაშვილები მყავს. შვილებმა არ ისწავლეს, მაგრამ შვილიშვილმა გოგომ უმაღლესი დაამთავრა. ბიჭებმა – მუსიკალური და მუსიკოსები არიან.

პ.ს. ფოტორეპორტაჟი მომზადებულია შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარე მთა ჩირუხში, საზაფხულო იაილაღებზე.  ყოველ  წელს, მაისის ბოლოს,  მოსახლეობას სხვადასხვა სოფლიდან საქონელი  მთაში მიჰყავს და იქ მთელ ზაფხულს ატარებს. მათ მემთეურებსაც უწოდებენ.  სამუშაოების მთელი სიმძიმე ქალებზე გადადის. ქალები უვლიან ძროხებს, ამზადებენ ყველს, კარაქს, კაიმაღს და შემდგომ ქალაქში ყიდიან და ზამთარში ოჯახში მოიხმარენ. 

მთა ჩირუხი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

21 822 ვაკანსია საუბნო კომისიებში – ცესკომ კონკურსი გამოაცხადა

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევად ცესკომ კონკურსი გამოაცხადა. ქვეყნის მასშტაბით სულ 3637 საარჩევნო უბანია, თითოეულ უბანში 6-6 წევრს საოლქო კომისიები ირჩევენ კონკურსის წესით. ჯამში საუბნო კომისიებში საოლქოს მიერ შერჩეული 21 822 წევრი დასაქმდება.

საუბნო კომისიის წევრები არჩევნებამდე ერთი თვით ადრე დაიწყებენ მუშაობას და ერთი თვის ხელფასს მიიღებენ. ბათუმის საოლქო კომისიაში გვითხრეს, რომ საუბნო კომისიის თავმჯდომარის ხელფასი 312 ლარი და 50 თეთრი იქნება, კომისიის მოადგილის – 287.50, მდივნის – 262.50, კომისიის წევრის – 225 ლარი.

„საქართველოს მოქალაქეებს 18 წლის ასაკიდან, რომლებიც აკმაყოფილებენ საკანონმდებლო მოთხოვნებს, შეუძლიათ მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას 29 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით. მათ ოლქის ელექტრონულ საფოსტო მისამართზე ან პირადად საოლქო საარჩევნო კომისიაში უნდა წარადგინონ საკონკურსო განაცხადი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი“, – აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცესკო ისევ არ ანიჭებს უპირატესობას იმ პირებს, რომლებსაც საარჩევნო მოხელის გამოცდა აქვთ ჩაბარებული და აქვთ შესაბამისი სერტიფიკატი. გასულ წელს რამდენიმე ასეთი პირის შესახებ წერდა „ბათუმელები“. კვალიფიკაციის მიუხედავად, ისინი საარჩევნო კომისიის მიღმა დარჩნენ.

საუბნო საარჩევნო კომისიაში სულ 12 წევრი იქნება. საოლქო კომისიის მიერ არჩეული 6 წევრის გარდა, 6 წევრს პოლიტიკური პარტიები შეარჩევენ. პარტიებმა საუბნო კომისიებში თავიანთი წარმომადგენლები 11 სექტემბრამდე უნდა დანიშნონ. შესაბამისად, საუბნო კომისიებში, 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნებისთვის, მთლიანობაში [საოლქოსგან შერჩეული და პარტიების მიერ დანიშნული] 43 644 ადამიანი დასაქმდება.

წელს საუბნო კომისიებში უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ ექნება. თითოეულ კომისიაში მმართველი პოლიტიკური ძალა სამ-სამი წევრით იქნება წარმოდგენილი. თითო-თითო წევრი ეყოლება „ნაციონალურ მოძრაობას,“ „ევროპულ საქართველოს“ და „პატრიოტთა ალიანსს“.

ამინდის პროგნოზი ბათუმში: საღამოს მოსალოდნელია წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აჭარასა და ქალაქ ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, საღამოს და ღამით – წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

დღისით: 27 – 32 გრადუსი
ღამით: 20-25 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

დღისით: 22 – 27 გრადუსი
ღამით: 12 – 17 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა აჭარის სანაპიროზე 27 გრადუსია. ტალღის სიმაღლე  5-10 დმ (2-3 ბალი).

სინოპტიკოსების პროგნოზის თანახმად, მომდევნო ორ დღეს საღამოს და ღამის საათებში იქნება ზოგან ელვა-ჭექა და ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

_____________

მთავარ ფოტოზე: ტურისტები წვიმაში. მანანა ქველიაშვილის ფოტო 

ხანძარი ბათუმში – დამწვარია ათი მაღაზია

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ათამდე სავაჭრო ობიექტი დაიწვა. ხანძარი 30 აგვისტოს, დილის ორი საათზე გაჩნდა. მის ჩაქრობას ათი სახანძრო მანქანა და 65 მეხანძრე მაშველი ორ საათზე მეტ ხანს ცდილობდა.

ხანძრის შედეგად პუშკინის ქუჩაზე ძლიერი დაკვამლიანება იყო

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე გაჩნდა, ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და მის გვერდით მდებარე სხვა მაღაზიებს მოედო. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე.
ამ ეტაპისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი და ზარალის ზუსტი ოდენობა.

ხანძარი ბათუმში ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

უმაღლესი საბჭო აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრს ეძებს – ხელფასი 2625 ლარი

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრის შესარჩევად დღეს, 29 აგვისტოს, უმაღლესმა საბჭომ კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსის პირობების მიხედვით, კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, „საზოგადოებრივი აღიარების და ნდობის მქონე პირი“. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ხარისხი და ათწლიანი მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 5 წელი ჟურნალისტიკაში, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში.

მრჩევლობის მსურველმა „აჭარის ტელევიზიის“ განვითარების კონცეფცია უნდა წარმოადგინოს. განაცხადები 27 სექტემბრის ჩათვლით მიიღება.

ვაკანსია „აჭარის ტელევიზიის“ ბორდში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბორდის უფროსმა, ზაზა ხალვაშმა, 2015 წლის ივნისში თანამდებობა დატოვა. ბორდის წევრებს უმაღლესი საბჭო არჩევს, რომელსაც ამ დრომდე კონკურსი ვაკანსიაზე არ გამოუცხადებია.

2017 წლის 10 მარტს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ ვაკანსიაზე კონკურსს საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე გამოაცხადებდნენ.

„აჭარის ტელევიზიის“ სამეურვეო საბჭოს წევრის ანაზღაურება 2625 ლარია. სამეურვეო საბჭოს წევრს 6 წლის ვადით ირჩევს უმაღლესი საბჭო. „აჭარის ტელევიზიის“ ბორდის დანარჩენ 4 წევრს უფლებამოსილების ვადა მომავალი წლის ნოემბერში ეწურება. 2019 წლის ოქტომბერში კი, ბორდმა „აჭარის ტელევიზიის“ ახალი დირექტორი უნდა შეარჩიოს.

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, როცა სამეურვეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება, მხოლოდ დარჩენილი ვადით სარგებლობს მის ნაცვლად არჩეული ახალი წევრი.  აჭარის უმაღლესი საბჭოს იურისტი პაატა კეშელავა განმარტავს, რომ კანონის ეს ჩანაწერი მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს ეხება, „აჭარის ტელევიზიის“ შემთხვევაში კი, კანონში არაა კონკრეტული ჩანაწერი, რა ვადით ირჩევენ ახალ წევრს, როცა სამეურვეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება.

„შესაბამისად, ჩვენ ავირჩევთ ახალ წევრს 6 წლის ვადით,“ – გვითხრა პაატა კეშელავამ.

მთავარი ფოტო: „აჭარის ტელევიზიის“ სამეურვეო საბჭოს სხდომა „ბათუმელების“ არქივიდან

 

 

 

„საჩივრის გამოტანას მაიძულებენ“ – პატიმრის სასამართლო დავა ბათუმის ციხის წინააღმდეგ

თითქმის 6 საათის განმავლობაში მოსამართლე ირაკლი შავაძე პატიმრის საქმეს განიხილავდა. მსჯავრდებულ ნუგზარ თაბაგარს ბათუმის ციხის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სახეში შეფურთხებას ედავება. პატიმარი კი მომხდარს კატეგორიულად უარყოფს. ის სასამართლო პროცესზე საკუთარი ხელით დაწერილი რამდენიმე შუამდგომლობით და მტკიცებულებებით მივიდა.

„გაკრული ხელით ნაწერია, მიჭირს წაკითხვა,“ – რამდენჯერმე თქვა მოსამართლემ, როცა ხმამაღლა კითხულობდა პატიმრის შუამდგომლობებს სხვა პატიმრების დაკითხვასა თუ კადრების სრულად ამოღებაზე.

„მთელი ღამე ვწერდი მაგას, არ მეძინა, ბატონო მოსამართლევ,“ – ჩაილაპარაკა პატიმარმა.

ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულების მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, დეესკალაციის ოთახში განმარტოებით მყოფმა ნუგზარ თაბაგარმა სახეში შეაფურთხა დაწესებულების უფროსის მოადგილეს – ბექა გაგნიძეს, ხოლო ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელს შეაგინა. ბათუმის ციხის ადმინისტრაციამ სასამართლოში მსჯავრდებულისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე მოსამართლემ ბათუმის ციხის ადმინისტრაციისგან წერილი მიიღო, სადაც ეწერა, რომ ვიდეოჩანაწერი დახურულ სხდომაზე უნდა ეჩვენებინათ. „რადგან კადრებში ჩანს სასჯელაღსრულების დაწესებულების ინფრასტრუქტურა,“ – ამოიკითხა მოსამართლემ წერილიდან.

ინციდენტი ბათუმის ციხეში 17 აგვისტოს მოხდა. პატიმარმა ნუგზარ თაბაგარმა ამ დღის სრული ვიდეოჩანაწერის წარმოდგენა ითხოვა. „ასე გამოჩნდება, როგორ ვარ დღემდე წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი,“ – თქვა მან.

ნუგზარ თაბაგარის თქმით, მას მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება ჰქონდა იმის გამო, რომ დილით უსაუზმოდ დატოვეს. პროტესტის საპასუხოდ კი, შეაგინეს და დეესკალაციის ოთახში ჩასვეს.

„…იმ დილით გვიან გამეღვიძა, 10 საათი იქნებოდა,“ – დაიწყო პატიმარმა. -„მე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წამალს ჭამის გარეშე ვერ დავლევ. საუზმე მოვითხოვე… მითხრეს, რომ საუზმის დროს, ანუ რვაზე დაგიძახეთ და შენ არ გამოიხედეო. ეს გავაპროტესტე, თუ არ გამოვიხედე და არ გიპასუხეთ, თქვენი ვალდებულება იყო, გენახეთ, ეგება მკვდარი ვიყავი-მეთქი. ჩაგიგდეთ კარზე ჩამოკიდებულ ცელოფანში კვერცხი და პურიო, მაგრამ იქ არაფერი იყო… მაგაზე მოვიდა ბექა გაგნიძე, უფროსის მოადგილე. მითხრა, რომ ბევრს ვლაპარაკობდი და დეესკალაციის ოთახში გადამიყვანდა. ყავას ვსვამდი. ვუთხარი, ყავას დავლევ და წამოვალ-მეთქი. ყავის ჭიქაზე ხელი ამიკრა და დამიქცია – „სნიკერსიც“ ხომ არ მოგართვაო. ასე მოქცევის გამო პასუხს აგებ კანონის წინაშე-მეთქი და ამაზე გაღიზიანდა. დეესკალაციის ოთახში შეყვანის დროს დედაზე შემაგინა… იმ დღეს პროტესტის ნიშნად შიმშილობა დავიწყე“.

ნუგზარ თაბაგარი სახეში შეფურთხების ფაქტს უარყოფს. მას მოსამართლისთვის არ დაუმალავს ბექა გაგნიძის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება.

„ბექა გაგნიძე იყო წინა ხელისუფლების ჯალათი, გვცემდა და გვაწამებდა,“ – თქვა პატიმარმა. მოსამართლემ მას შენიშვნა მისცა და უთხრა, რომ „მსგავსი ტერმინოლოგიით საუბარი მიუღებელია.“

„გამოძიება დაწყებულია მაგაზე, არასათანადო მოპყრობაზე…“ – დაამატა პატიმარმა.

ნუგზარ თაბაგარს რამდენიმე სასამართლო დავა აქვს იუსტიციის და სასჯელაღსრულების სამინისტროს წინააღმდეგ. ერთ-ერთ საქმეში ნუგზარ თაბაგარი ციხის ადმინისტრაციას წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. ეს საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება, თუმცა 20 მარტის სხდომაზე ნუგზარ თაბაგარის ტრანსპორტირება ბათუმიდან თბილისში ციხის ადმინისტრაციამ ავტომობილების არასაკმარისი რაოდენობის მიზეზით ვერ უზრუნველყო. ბათუმის ციხის ადმინისტრაციამ მინიმუმ ორი კვირით ადრე იცოდა თბილისის საქალაქო სასამართლოსგან, რომ ნუგზარ თაბაგარის პროცესი 20 მარტს იყო ჩანიშნული.

ნუგზარ თაბაგარი ასევე გახლავთ გიორგი ოქროპირიძის საქმის მთავარი მოწმე, რომელმაც ბათუმის ციხის ადმინისტრაცია დაადანაშაულა არაადამიანურ მოპყრობაში. თაბაგარმა ოქროპირიძის საქმეზე გამართულ პროცესზე განაცხადა, რომ ბათუმიდან თბილისისკენ მგზავრობისას ბადრაგი მოკვლით დაემუქრა და სიტყვიერად შეურაცხყოფდა.

დღევანდელ პროცესზე ნუგზარ თაბაგარმა მოსამართლეს უთხრა, რომ მისგან საჩივრების გამოთხოვას ითხოვენ და ამის გამო ახორციელებენ მასზე ზეწოლას. მას ერთ-ერთი პროცესი სასჯელაღსრულების და იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე მოუგია.

„მოსამართლე თამარ ხაჟომიამ მიიღო გადაწყვეტილება. ამათ დააკისრეს 2000 ლარი კომპენსაციის გადახდა ჩემთვის, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევა და სასამართლო პროცესზე დასასწრებად სპეციალურად აღჭურვილი ავტომანქანით გადაადგილება,“ – აღნიშნა ნუგზარ თაბაგარმა.

„ეს არაა საბოლოო გადაწყვეტილება და მას გავასაჩივრებთ,“ – გამოეხმაურა პატიმრის ნათქვამს ბათუმის მე-3 დაწესებულების იურისტი, ნიკა აბრამიშვილი.

ბათუმის ციხის იურისტმა პატიმრის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარი თქვა. „ამ მასალებს შემხებლობა არ აქვს დაფიქსირებულ დარღვევასთან… კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა მტკიცებულება ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს,“- განაცხადა იურისტმა ნიკა აბრამიშვილმა.

მოსამართლე ირაკლი შავაძემ პატიმრის შუამდგომლობები მაინც დააკმაყოფილა, მთელი დღის ვიდეოჩანაწერის სრულად ამოღების გარდა.

„რომ დავაკმაყოფილოთ ეს შუამდგომლობა, ხმას გავიგონებთ?“ – იკითხა მოსამართლემ.

„არა, ჩანაწერში ხმა არ ისმის,“ – უპასუხა მოსამართლეს ბათუმის ციხის იურისტმა.

შუამდგომლობების განხილვის შემდეგ სასამართლო სხდომა დაიხურა.  პროცესის დახურულ ნაწილში ის ვიდეო ჩანაწერი ნახა მოსამართლემ, რაც ციხის ადმინისტრაციამ გამოაგზავნა.

„ჩანაწერში გარკვევით არაფერი ჩანს,“ – გვითხრა მამუკა ზოიძემ, სამართლებრივი მხარდაჭერის სამსახურის იურისტმა. იგი სასამართლოში მსჯავრდებულის ინტერესებს იცავდა.

მოსამართლე ირაკლი შავაძემ დააკმაყოფილა ციხის ადმინისტრაციის მოთხოვნა და ორი დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა ნუგზარ თაბაგარს. პატიმარი ადმინისტრაციულ სახდელს სპეციალურ საკანში მოიხდის.

სასამართლოს სხდომის დახურვამდე მსჯავრდებულმა ასევე თქვა, რომ პატიმრებს ციხიდან წერილის გაგზავნაში ფულის გადახდას სთხოვენ.

„ვეღარ ვაგზავნით წერილებს. ადრე თავისუფლად ვწერდით ჟურნალისტებს. ახლა გვეუბნებიან, რომ ეს ფასიანია. აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვისაც მინდოდა მიწერა და არაო მითხრეს,“ – თქვა ნუგზარ თაბაგარმა.

 

ფაროსანასგან დაზარალებულებს საფინანსო ორგანიზაციებთან ვალდებულება გადაუვადდებათ

იმ ფერმერებს, რომლებსაც თხილის მოსავალი აზიურმა ფაროსანამ დაუზიანა, აჭარის მთავრობა ფინანსურად არ დაეხმარება. ფერმერებმა დახმარების მოთხოვნით ცოტა ხნის წინ მთავრობის სახლთან აქციაც გამართეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, მთავრობა მოკლებულია შესაძლებლობას, გასცეს ამ სახის კომპენსაცია. როგორც დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განმარტეს, აჭარის  მთავრობა ფერმერებს იმ ფინანსურ კომპანიებთან შუამდგომლობას სთავაზობს, რომლებთანაც ფერმერებს ვალდებულებები აქვთ აღებული:

„მთავრობამ იმუშავა ეფექტურად, უკვე მიღწეულია შეთანხმება კერძო საფინანსო ორგანიზაციებთან,  ჩვენს მოქალაქეებს გადაუვადდებათ მიმდინარე ვალდებულებები, რაც საფინანსო ორგანიზაციებთან აქვთ აღებული.“

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ტიტე აროშიძის აზრით, ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ „ფერმერს მძიმე ტვირთად არ დააწვება ის ფინანსური ვალდებულებები, რომლებიც მათ წარმოექმნათ“.

აჭარის მთავრობის აპარატის შემდეგ შემცირება სამინისტროებსა და უწყებებში დაიწყება

აჭარის მთავრობის აპარატში რესტრუქტურიზაციისა და შემცირების შემდეგ, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება აჭარის მთავრობის სხვა რგოლებშიც იგეგმება. ეს პროცესი მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ე.წ „მცირე მთავრობის“კონცეფციის ნაწილია, რომელიც მან აჭარის უმაღლეს საბჭოს მთავრობის თავმჯდომარედ დანიშვნამდე წარუდგინა. შემცირებები მან მთავრობის აპარატიდან დაიწყო, თუმცა თქვა ისიც, რომ გუნდის წევრებს დაუსაქმებლებს არ დატოვებს.

„…მობილობის წესის შესაბამისად მიმდინარეობს მათთან კონსულტაციები სამომავლოდ დასაქმებასთან დაკავშირებით“, – განმარტა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს სხდომის მსვლელობისას იმ პირებთან დაკავშირებით, რომლებიც მთავრობის აპარატის რესტრუქტურიზაციის შემდეგ სამსახურის გარეშე დარჩნენ.

რესტრუქტურიზაციის შემდეგ აჭარის მთავრობის აპარატში დეპარტამენტების რაოდენობა 1/3-ით  შემცირდა. გაუქმდა უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის [ხელმძღვანელი ავთანდილ ბერიძე], შიდა აუდიტის [ხელმძღვანელი ჯემალ ანანიძე], სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტები [ეს დეპარტამენტი არც აქამდე იყო დაკომპლექტებული]. რამდენიმე დეპარტამენტი კი ფუნქციური უფლება-მოვალეობების მიხედვით გაერთიანდა, ერთმანეთს შეუერთდა საბიუჯეტო და შესყიდვების, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის დეპარტამენტები. 

პრესცენტრის ინფორმაციით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, შერწყმული დეპარტამენტების ხელმძღვანელებიდან ვინ შეინარჩუნებს თანამდებობას.

მობილობის წესი არეგულირებს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან  სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმისა და მოხელის რეზერვთან დაკავშირებულ საკითხებს.

თორნიკე რიჟვაძემ დღეს იმაზეც ისაუბრა, რომ რესტრუქტურიზაციის პროცესი აჭარის სამინისტროებსა და მათზე დაქვემდებარებულ უწყებებშიც უნდა დაიწყოს. თუმცა ამ შემთხვევაში მას არ დაუკონკრეტებია, იმოქმედებს თუ არა მობილობის წესი. ხელმძღვანელის განმარტებას  მინისტრებიც დაეთანხმნენ.

„უახლოეს მომავალში გავაკეთებთ განმარტებებს იმ შესაძლო ცვლილებებზე, რაც შეიძლება განხორციელდეს სამინისტროში. ოპტიმიზაციის პროცესი შეიძლება განხორციელდეს ორი მიმართულებით, ერთი მიმართულება იქნება მეტი შედეგის მიღწევა შემცირებული დანახარჯებით, ან იგივე დანახარჯებით მეტი შედეგის მიღწევა“, – განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ.

მინისტრის ინფორმაციით, სამინისტროს ახალ სტრუქტურულ მოწყობაში UNDP-ი დაეხმარება. მისივე ინფორმაციით, ამ დროისათვის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში 88 პირი მუშაობს. მინისტრი, ჯერჯერობით, ვერ აკონკრეტებს, მათგან რამდენი შეიძლება დარჩეს სამსახურის გარეშე რესტრუქტურიზაციის შემდეგ.

რესტრუქტურიზაციაზე ისაუბრა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემაც:

„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დაანონსებული მცირე მთავრობის რეალობაში გადმოტანა. ცხადია, ჩვენ ვმუშაობთ ოპტიმიზაციაზე, რომელიც უკეთეს შედეგს მოიტანს“.

მინისტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და მასზე დაქვემდებარებულ უწყებებში, ჯამში, ოთხასამდე პირია დასაქმებული.

ზურაბ პატარაძე ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში,ზურაბ პატარაძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს.

„აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ, მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. იგი, ასევე, შეეხო ორი მეზობელი ქვეყნის საერთო პრობლემას – ტერიტორიული მთლიანობის საკითხს. ამ კონტექსტში, მან კმაყოფილებით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ ურთიერთმხარდაჭერას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

მხარეებმა ისაუბრეს იმ სფეროებზე, სადაც არსებობს თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალი. პრეზიდენტმა იმედი გამოხატა, რომ წარმატებით  ამოქმედდება ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი, რაც გაზრდის ტვირთბრუნვასა და  ტურისტულ ნაკადებს. ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის რეგიონებს შორის ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობა, ამ თვალსაზრისით, სამაგალითოდ იქნა მიჩნეული მჭიდრო თანამშრომლობა ნახიჭევანისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებს შორის.

თავის მხრივ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს გულთბილი მიღებისთვის. ზურაბ პატარაძის განცხადებით, აზერბაიჯანში დიპლომატიური მისიით მოღვაწეობის პერიოდში, იგი არ დაიშურებს ძალისხმევას ორ მეგობარ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების, აგრეთვე ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის კიდევ უფრო მეტად დაახლოებისთვის“ – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ზურაბ პატარაძე დღეიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია აზერბაიჯანში. მისი ელჩად დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 27 აგვისტოს მოაწერა.

ზურაბ პატარაძე ორი წლის განმავლობაში იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. მან თანამდებობა 4 ივლისს დატოვა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობამდე ზურაბ პატარაძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო ყაზახეთის რესპუბლიკაში, ხოლო 2011-2012 წლებში – საქართველოს გენერალური კონსული თურქეთში, ხოლო 2012- 2013 წლებში – თურქეთის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

რა ნომრებით იმოძრავებენ ლურჯი ავტობუსები – ახალი ხაზი „ჭაობის უბნისთვის“

ლურჯი ფერის მუნიციპალური ავტობუსი ბათუმში N10 მარშრუტზე იმოძრავებს. ახალი ავტობუსები ახალ ხაზზეც იმოძრავებენ, რომელიც არსებულ მარშრუტებს პირველი სექტემბრიდან დაემატება.

ახალი მარშრუტის სქემაა: ბათუმის ყინულის მოედანი/ორბელიანის ქუჩა-ლერმონტოვის ქუჩა-გრიბოედოვის ქუჩა-ჯავახიშვილის ქუჩა-გორგილაძის ქუჩა-ბარათაშვილის ქუჩა-თბილისის მოედანი. ამ ხაზზე რა ნომრით იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი.

ახალი ავტობუსები ამ ეტაპზე სხვა ხაზებზე არ იმოძრავებენ.

მერიის განცხადებით, ახალი, ლურჯი ავტობუსებით მგზავრობა პირველ სექტემბერს, „ბათუმობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, უფასო იქნება.

ავტობუსების შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა [EBRD] გამოაცხადა. ბათუმის მერიაში სატენდერო პაკეტი 2018 წლის 15 მარტს გაიხსნა. წინადადება, მერიის ინფორმაციით, უკრაინულ-იაპონურმა კომპანიამ  – „ჩერკასკი ავტობუსმა“ წარმოადგინა. კომპანია მერიას „ისუზუ ატამანის“ მოდელის 40 ავტობუსის მიწოდებას სთავაზობს. 15 ავტობუსი კომპანიამ უკვე შემოიტანა და ხელშეკრულების ფარგლებში, წელს კიდევ 25 ახალი ავტობუსი უნდა შემოიტანოს.

დიზელზე მომუშავე 40 ავტობუსში მერია ჯამში 3 მილიონ 137 ათას ევროს, ანუ, ერთ ავტობუსში 78 ათას 425 ევროს გადაიხდის.

ბათუმის მერიის განცხადებით: „ავტობუსი 60 ადამიანზე [ჯდომით და დგომით] არის გათვლილი და არსებულ ავტობუსებთან შედარებით ახალი სატრანსპორტო საშუალება 50%-ით ეკონომიური იქნება. ბათუმის ავტობუსების პროექტის დასაფინანსებლად ბათუმის მერიამ დაბალპროცენტიანი სესხი [5,5 მილიონი ევრო] და 1,5 მილიონი ევრო მიიღო გრანტის სახით. ჯამში ავტობუსების შესაძენად 7 მილიონი ევრო დაიხარჯება. პროექტის განსახორციელებლად, საქართველოს მთავრობასა და EBRD-ს შორის სასესხო ხელშეკრულება 2017 წლის 13 ივლისს გაფორმდა“.

აღნიშნული თანხით მერიამ ქალაქისთვის 10 ელექტროავტობუსიც უნდა შეისყიდოს, რისთვისაც ტენდერი, როგორც „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ გვითხრეს, მიმდინარე წლის ბოლომდე გამოცხადდება. ახალი ელექტროავტობუსების შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერს კვლავ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი [EBRD] გამოაცხადებს.

ახალი ავტობუსების პრეზენტაცია ბათუმში / 29.08.2018 / ბათუმის მერიის ფოტოები

ერდოღანის ოთხმეტრიანი ძეგლი გერმანიის ქალაქში

გერმანიის ქალაქ ვიესბადენში, ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში, რომლის სლოგანია “ცუდი ამბავი”, თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის ოთხმეტრიანი ოქროსფერი ძეგლი დადგეს. ამის შესახებ წერს როგორც გერმანული, ისე თურქული პრესა.

თურქული „ჯუმჰურიეთის“ ცნობით, ქალაქის ცენტრში დადგმულმა ძეგლმა მოსახლეობა გააღიზიანა. 

ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე, სადაც ძეგლი დადგეს და რომელსაც უკვე გინებაც „ამშვენებს“, გამვლელები ფოტოებს იღებენ და სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ კომენტარებით: „ეს ცუდი ხუმრობა უნდა იყო“, „ვერ წარმომიდგენია, რომ ასეთი რამ დასაშვებია”, „ეს ხელოვნებაა, მოხსნა არ შეიძლება?“

ვიესბადენის ქალაქის ადმინისტრაციის განცხადებით, მოედანზე გამვლელებმა მუნიციპალიტეტშიც დარეკეს. „უამრავი გაბრაზებული და გაკვირვებული მოქალაქის ზარი შემოდის. მათ არ იციან, რომ ძეგლი ხელოვნების ფესტივალის ფარგლებშია დადგმული”.

ვიესბადენის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი სვენ გერიხი არ მიიჩნევს, რომ ეს გამოიწვევს პოლიტიკურ დებატებს. „მე ამას მივიჩნევ თავისუფალ ხელოვნებად“, – ამბობს სვენ გერიხი.

მაგრამ გერმანული მედია შიშობს, რომ ეს ფაქტი შეიძლება გახდეს ორ ქვეყანას შორის ახალი კრიზისის დაწყების მიზეზი. თეატრის წარმომადგენელმა, ერიხ ლაუფენბერგიმ, გაითვალისწინა მოსახლეობის  რეაქცია და განაცხადა, რომ ძეგლს, რომელიც სამი თვე უნდა დარჩენილიყო მოედანზე, კვირას, 2 სექტემბერს, აიღებენ. 

ავტორი: აიდან იუსუბოვა

განახლება: 

გერმანული მედიის ცნობით, ვიესბადენის ქალაქის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა მოსახლეობის რეაქცია და ძეგლი ჩამოხსნეს.

პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა

პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული იულია ტიშჩენკო მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

შემთხვევა 27 აგვისტოს ღამით მოხდა: საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა – დავით შათირიშვილმა და ნუკრი შენგელიამ ავტომანქანა გააჩერეს, რომელსაც ბრალდებული მართავდა. იულია ტიშჩენკოს ალკოტესტმა ალკოჰოლის მოხმარება დაუდგინა, რის შემდეგაც პოლიციელებმა მას უთხრეს, რომ 6 თვით მართვის მოწმობას ჩამოართმევდნენ.

პროკურატურის ვერსიით, იულიამ დანა გულ-მკერდის არეში დაარტყა პოლიციელს – ნუკრი შენგელიას. პოლიციელმა დარტყმა მოიგერია, თუმცა შემდეგ იგი ქალმა სახის არეში დაჭრა. ბრალდებული ითხოვდა, რომ პოლიციელებს სამართალდარღვევის ოქმი არ შეედგინათ. იულია პოლიციელებმა შემთხვევის ადგილას დააკავეს.

დაზარალებული პოლიციელი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

“მე პატიებას ვთხოვ პოლიციელებს,”- მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა.

“მაქსიმალურად მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მეტი შანსი აღარ გექნებათ,”- უპასუხა მოსამართლემ ბრალდებულს.

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა იულია ტიშჩენკოს განუმარტა, რომ ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

“ის, რომ თქვენ 26 წლის ხართ და მცირეწლოვანი შვილი გყავთ, არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლო ლმობიერი იქნება. პოლიციელზე თავდასხმა სახელმწიფოზე თავდასხმას ნიშნავს,”- დასძინა მოსამართლემ.

ბრალდებული პატიმრობიდან მაშინვე გათავისუფლდება, როცა ის შეფარდებული გირაოს – 10 ათასი ლარის ნახევარს გადაიხდის.

იულია ტიშჩენკოს ასევე აეკრძალა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა, ვიდრე სასამართლო ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

მოსამართლემ განმარტა, რომ ბრალდებულს წინასწარ პატიმრობას არ შეუფარდებს, რადგან მას მცირეწლოვანი შვილები ჰყავს.

იულია ტიშჩენკო უკრაინის მოქალაქეა და ბოლო ორი წელია ბათუმში ცხოვრობს. ის საქართველოს მოქალაქეობის მიღებას ელის.

“ყველაზე პატარა ორი წლისაც არაა… მისი მეუღლე ქართველია. იულია სასტუმროს მენეჯერად მუშაობს. ამბობს, რომ მთვრალი ნამდვილად იყო და ვერ აკონტროლებდა თავს, თუმცა პროკურატურის ვერსიას არ ეთანხმება. რას არ ეთანხმება, მაგას შემდეგ პროცესზე გვეტყვის,”- გვითხრა ადვოკატმა ნუგზარ გრძელიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

 

 

საია პროკურატურას პოლიციელთა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის გამოძიებას სთხოვს

საია პროკურატურას რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე რეაგირებას სთხოვს. საუბარია შემთხვევებზე, სადაც პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტები იკვეთება. პროკურატურა წლების წინ დაწყებულ გამოძიებას არ ასრულებს და არც განმარტებას აკეთებს, რა ეტაპზეა გამოძიება.

გაჭიანურებულ საქმეებზე ბრიფინგი დღეს, 29  აგვისტოს, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” მოაწყო.

ირაკლი ქაჯაია ერთ-ერთია მათ შორის, ვინც პოლიციელთა დასჯას ელის. მის შესახებ “ბათუმელები” 2016 წლის ივლისში წერდა.

ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, ირაკლი ქაჯაიას ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილებაში სცემეს და ნეკნი ჩაუმტვრიეს.

“ირაკლი ქაჯაია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო, მაგრამ დღემდე მხოლოდ ვიღებთ ინფორმაციას, რომ მიმდინარეობს გამოძიება. დღემდე არ მომხდარა სავარაუდო დანაშაულის ჩამდენ პირთა პასუხისგებაში მიცემა. ი.ქ-მ გამოკითხვის ოქმში მიუთითა კონკრეტული პირები, რომლებმაც მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მიუხედავად იმისა, რომ ი.ქ-ს განმარტებით, მას შეუძლია აღნიშნული პირების ამოცნობა, ამ დრომდე არ მომხდარა საგამოძიებო მოქმედების – ამოცნობის ჩატარება,”- ამბობს საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე.

პროკურატურას არც არასამთავრობო ორგანიზაცია”თანასწორობის” ხელმძღვანელის – ლევან ბერიანიძისა და სამოქალაქო აქტივისტის, თემურ კუსიანის შემთხვევა გამოუძიებია. ინციდენტი გასულ ზაფხულს ბათუმის ბულვარში მოხდა. ლევან ბერიანიძე და თემურ კუსიანი ტრანსგენდერი მეგობრების დაცვას ცდილობდნენ მოქალაქეების აგრესიისგან. საბოლოოდ მათ ფიზიკურად თავს დაესხნენ.

“ამ დროს თ.კ.-მ ხმამაღლა თქვა, რომ პოლიციაში აპირებდა დარეკვას, რა დროსაც მასთან მივიდა იქვე მდგომი ოთხი მამაკაციდან ერთ-ერთი, რომელსაც ეცვა მუქი, მოკლესახელოებიანი მაისური, თეთრად ეწერა პოლიცია და უთხრა, რომ პოლიცია თავიდანვე იქვე იყო და არსად არ იყო საჭირო დარეკვა.როგორც იქ მყოფი პირების ახსნა-განმარტებებით ირკვევა, მთელი დაპირისპირების მანძილზე, უმოქმედოდ მდგარი მამაკაცები პოლიციის თანამშრომლები იყვნენ,  რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ თ.კ-ს და ლ.ბ-ს., დააკავეს ადმინისტრაციული წესით და მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, ამ პირების დაზარალებულად ცნობა დღემდე არ მომხდარა და არ მისცემიათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ საქმის მასალებს,”- გვიყვება პაატა დიასამიძე.

ამ საქმეზე საია-ს იურისტები კიდევ ერთ გარემოებაზე ამახვილებენ ყურადღებას: გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით მიმდინარეობს, ანუ გამოძიება რომც დასრულდეს, სიძულვილის მოტივით დანაშულის ჩადენა და დისკრიმინაცია მაინც ვერ დადგინდება.

ლევან ბერიანიძე და თემურ კუსიანი ამ შემთხვევის შემდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლომ 300-300 ლარით დააჯარიმა პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო.

საია-ში კიდევ ერთ საქმეზე საუბრობენ, სადაც პოლიციელები პასუხისგებაში ასევე არ მიუციათ.

საუბარია ქობულეთში გასული წლის სექტემბერში მომხდარ შემთხვევაზე. ქობულეთში მცხოვრებმა ოთხმა პირმა მაშინ თქვა, რომ მოულოდნელად პოლიციელები თავს დაესხნენ და ცემა დაუწყეს. მათი ვერსიით, ისინი სხვა პირებში აერიათ.

საია-ში განმარტავენ, რომ უცნობია, რა ეტაპზეა გამოძიება და ისიც, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა ამ საქმეზე.

“საია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს  პოლიციელთა მხრიდან სავარაუდოდ განხორციელებული წამების ან არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების პროცესში სახელმწიფოს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობაზე.

პოლიციელთა მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისას, სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული ძალისხმევა, რათა არ გაჩნდეს კითხვები სამართალწარმოების მიმართ,”- განაცხადეს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში”.

 

 

შსს მძღოლებს მოუწოდებს, გადაამოწმონ საკუთარი საკონტაქტო მონაცემების სისწორე – ვიდეოჯარიმა

შსს მოუწოდებს მძღოლებს ჯარიმების შესახებ ინფორმაციის დროულად მიღების მიზნით, გადაამოწმონ საკუთარი მონაცემების სისწორე – რეგისტრაციის ადგილი, მისამართი და მოქმედი მობილურის ნომერი. აგრეთვე რეგისტრაციის ადგილის ან მობილური ტელეფონის ნომრის შეცვლის შემთხვევაში, დროულად უზრუნველყონ სისტემაში მონაცემების განახლება.

აღნიშნულის განხორციელება შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტრო მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში ან საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიან ცენტრში.

„მხოლოდ ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შესახებ მოქალაქის დროული ინფორმირება“ – აცხადებს შსს.

2017 წლის პირველი ნოემბრიდან ძალაში შესული რეგულაციით, ვიდეოჯარიმის ქვითარი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯაროდ ქვეყნდება.

ამასთან:

[checklist]

  • ჭკვიანი კამერების მიერ, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის დაფიქსირებისას, დამრღვევ მოქალაქეს, სისტემაში დაფიქსირებულ მის მობილური ტელეფონის ნომერზე მყისიერად ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება, სადაც დეტალურად არის აღწერილი დარღვევის ადგილი, დრო, გადახდის ვადები და პროცედურები.
  • ჯარიმის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე სარგებლობს 20% -იანი შეღავათით.
  • იმ შემთხვევაში, თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით ეგზავნება, ხოლო ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება.
  • საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge.

[/checklist]

სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით უკვე დამონტაჟებულია 536 „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა, მათ შორის, სიჩქარის მზომი სექციური რადარები. წლის ბოლომდე კი სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, როგორც მაგისტრალურ გზებზე, ასევე, შიდა საქალაქთაშორისო გზებზე, დაგეგმილია დამატებით 1 200 ჭკვიანი ვიდეოკამერის ამოქმედება.

ამ თემაზე:

შსს-მ ვიდეოჯარიმების ქვითრების საჯაროდ გამოქვეყნება დაიწყო

შავ ზღვაში გასაბერი ნავით დაკარგული წყვილი გადაარჩინეს

რუსული მედიის ცნობით, ნოვოროსიისკში მცხოვრებმა წყვილმა, ნადეჟდა აპაჩკინამ და მიხაილ ალავერდიანმა, ხუთი დღე გაატარა ღია ზღვაში, საკვებისა და წყლის გარეშე.

როგორც წყვილი იხსენებს, ისინი 8 აგვისტოს მცირე ხნით სათევზაოდ გავიდნენ ზღვაში გასაბერი ნავით. წყვილი უკან დაბრუნებას მალევე აპირებდა, ტელეფონები და საათები მანქანაში დატოვეს, თან ჰქონდათ მხოლოდ ერთი შეკვრა მზესუმზირა, საქორწინო ბეჭდები და თევზის სატყუარა. მათ ერთი ნიჩაბი ზღვაში დაეკარგათ, რის შემდეგაც გასაბერი ნავი დინებამ გაიტაცა და წყვილი ნაპირიდან შორს აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ წყვილი დახმარებას ითხოვდა, ახლომახლო ჩავლილმა ტანკერებმა და ტურისტულ კატერებზე მყოფებმა გასაბერი ნავი ვერ შენიშნეს და რომ არა ბერძნული გემის ეკიპაჟი, რომელმაც წყვილი ღია ზღვაში შენიშნა, შესაძლოა ისინი ცოცხალი ვერ გადარჩენილიყვნენ. ბერძნული გემი თურქეთიდან შავი ზღვის გავლით ტამანის პორტისკენ მიცურავდა. თავიდან წყვილი გემის კაპიტანმა, ხრისტოს კონსტანტინიდისმა შენიშნა. ამ დროს დაკარგულები ნაპირიდან 70 კილომეტრის დაშორებით იყვნენ.

წყვილმა ზღვაში მზისგან ძლიერი დამწვრობა მიიღო, სტანჯავდათ პანიკა, შიმშილი და წყურვილი, საშველად მოსული ბერძნული გემი თავიდან მათ ჰალუცინაცია ეგონათ.  ეკიპაჟი წყვილს სამი დღე უვლიდა და მხოლოდ მას შემდეგ დააბრუნეს ისინი ნაპირზე, როცა დარწმუნდნენ, რომ უკეთ იყვნენ.

ვაშლოვანში მეხანძრეებმა საცხოვრებელი სახლები დაწვას გადაარჩინეს

ხულოს მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სოფელ ვაშლოვანში დღეს, 29 აგვისტოს, თეიმურაზ მელაძის პირუტყვის სადგომსა და სათივე ნაგებობას ცეცხლი გაუჩნდა. შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილისკენ გაემართა ხულოს სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

„აღნიშნული ნაგებობები მთლიანად დაიწვა, თუმცა სახანძრო-სამაშველო სამსახურის დროული ჩართვით გადარჩა თეიმურაზ მელაძისა და ახლო მდებარე სხვა საცხოვრებელი სახლები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისათვის, ხანძარი ლიკვიდირებულია.“ – აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მირ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხანძარი ვაშლოვანში / ხულოს მუნიციპალიტეტის ფოტოები

 

აჭარა ლიტერატურულ ფესტივალს მასპინძლობს

აჭარის მაღალმთიანეთში ლიტერატურული ფესტივალი “ზე-კართან” დაიწყო. ფესტივალის მიზანია თანამედროვე ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობა, აჭარის მაღალმთიანეთის პოპულარიზაცია მწერლებსა და პოეტებში, აჭარის ისტორიასა და კულტურაზე ახალი ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნა.

ფესტივალი უკვე მეექვსე წელია ტარდება აჭარაში. ოთხი დღის განმავლობაში გაიმართება პოეზიის საღამოები, საჯარო ლექციები, მასტერკლასები წიგნების პრეზენტაციები, ინტელექტუალური თამაშები, ექსკურსიები ადგილობრივი ისტორიული ძეგლების, მუზეუმების, კულტურული კერების სანახავად.

ლიტერატურული ფესტივალი დღეს დაიწყო და სამ დღეს გასტანს.
ლიტერატურული ფესტივალი დღეს დაიწყო და სამ დღეს გასტანს.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი პოეტები, პუბლიცისტები და მწერლები, მათ შორის: დათო ტურაშვილი, გიორგი კეკელიძე, ტარიელ ფუტკარაძე , მერაბ ჩუხუა, ანდრო ბედუკაძე, გიორგი კეკელიძე, ბელა ქებურია, ნინო მოდრეკილაძე და სხვები. წელს ფესტივალის ფარგლებში ახალგაზრდა ნიჭიერი რეჟისორები და პოეტები ლექსების თემატიკაზე ხულოსა და შუახევში ვიდეორგოლებს გადაიღებენ. ფესტივალის ავტორისa და დირექტორის ვახტანგ ბერიძის თქმით, ფესტივალი მალე სხვა რეგიონებშიც გადაინაცვლებს.

აჭარა ლიტერატურულ ფესტივალს მასპინძლობს. ლიტერატურული ფესტივალი დღეს დაიწყო და სამ დღეს გასტანს.

პროექტის საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფენ: ტელეკომპანია „რუსთავი 2”, აჭარის ტელე და რადიომაუწყებელი, Tv25, საზოგადოებრივი მაუწყებელი გაზეთი “აჭარა”, ინტერნეტგამოცემა „ბათუმელები”, ჟურნალი “კულტურა პლუსი”, »ინტერნეტ ჟურნალი ჟოლო», პიარ კომპანია MPR-ი.

ღია კანალიზაცია ეზოებში – აეროპორტის დასახლებაში პრობლემის მოგვარებას ითხოვენ

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მცხოვრები მოსახლეობა საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვს. მათი თქმით, საკანალიზაციო წყალს გასასვლელი არსად აქვს და გზატკეცილის N 234-236 ნომერში, კერძო მოსახლეობის ბაღებში გუბდება. არის აუტანელი სუნი და ანტისანიტარია.

„საშინელი მდგომარეობაა, ყველას მივმართეთ, მაგრამ უშედეგოდ. ადრე აქ საკანალიზაციო მილი გადიოდა. პრობლემა მას შემდეგ გაჩნდა, რაც, როგორც მთავრობაში გვითხრეს, აეროპორტის ტერიტორიაზე ის არხი თუ მილი გადაკეტეს, სადაც ეს საკანალიზაციო წყალი გადიოდა. ვფიქრობთ, სადაც გადაკეტეს იქ უნდა გახსნან და პრობლემაც მოგვარდება. აქვე ხუთსართულიანი კორპუსიც დგას, ხშირად ფეკალური მასა  ეზოში ამოდის, ვიძახებთ დასუფთავების სამსახურს და ვართ საშინელ მდგომარეობაში. აქ მარტო კორპუსის კი არა, მთელი დასახლების „სიბინძურე“ იყრის თავს“ – უთხრა „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

აღნიშნული ტერიტორია აჭარის გზატკეცილსა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს შორის მდებარეობს.

„მაგ ტერიტორიაზე ცენტრალური საკანალიზაციო სისტემა არ არსებობს. მოსახლეობას აქვს სეპტიკური ავზები. რაც შეეხება აეროპორტს, ვინაიდან საკანალიზაციო ქსელი არ არსებობს და აეროპორტის ტერიტორიაც კერძო საკუთრებაა – იქ არ ვიცით რა ხდება. მოსახლეობას შეუძლია მოგვმართოს განცხადებით, ჩვენი ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები გავლენ ადგილზე და დეტალურად შეისწავლიან მდგომარეობას,“ – განაცხადეს „ბათუმის წყლის“ პრესსამსახურში.

„ბათუმელები“ ქალაქის მერიასაც დაუკავშირდა. მერიაში ამბობენ, რომ აეროპორტის დასახლების ამ ნაწილში საკანალიზაციო სისტემის მოწყობა და ერთიან, ცენტრალურ ქსელში ჩართვა მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც მერია შესაბამის სახსრებს მოიძიებს.

„ამ ეტაპზე საკანალიზაციო ქსელის მოწყობა დაგეგმილია მდინარე მეჯინისწყლამდე არსებულ ტერიტორიაზე, სადაც სამუშაოები, სავარაუდოდ, 2019 წლიდან დაიწყება. რაც შეეხება მდინარის იქეთ, აეროპორტამდე ტერიტორიას და მთლიანად ქალაქის სამრეწველო ზონას, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაო, საჭირო ფინანსების მოსაძიებლად,“ – გვითხრეს ქალაქის მერიაში.

გუბე აეროპორტის გზატკეცილთან [N234], სადაც ადგილობრივების თქმით, დასახლების საკანალიზაციო წყლები იყრის თავს

ბათუმის „დინამო“: მინდვრის საფარის დაზიანების გამო რამდენიმე შეხვედრა ქუთაისში ჩატარდება

საფეხბურთო კლუბი ბათუმის „დინამო“ განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, მიზეზს, თუ რატომ უწევს „დინამოს“ რამდენიმე საშინაო შეხვედრის ჩატარება ქუთაისში.

„კარგად მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში კლუბის სპორტულ ბაზაზე არსებული ბუნებრივსაფრიანი მოედანი საკმაოდ დაზიანდა და ეს ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდა. ალბათ გახსოვთ, რომ სეზონის დასაწყისში, სწორედ მინდვრის საფარზე გაფრთხილების გამო, ჩვენ მაქსიმალურად გადავდეთ ე.წ. „სახლში დაბრუნების“ პროცესი და რამდენიმე საშინაო შეხვედრის გამართვა ქუთაისში მოგვიხდა, მიუხედავად ამისა უარყოფითი შედეგი მაინც დადგა და მინდვრის საფარი სავალალო მდგომარეობაშია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სასწრაფო რეჟიმში მოწვეული იყვნენ შესაბამისი სპეციალისტები და მათი რეკომენდაციით უკვე მიმდინარეობს მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის გამოც რამდენიმე საშინაო შეხვედრის ჩატარება „დინამოს“ ისევ ქუთაისში მოუწევს. სპეციალისტების ვარაუდით, აღნიშნული პროცესი სექტემბრის ბოლომდე გასტანს და ეროვნული ლიგა II- ის დასკვნითი, მეოთხე წრის მატჩებს გუნდი საკუთარ კედლებში ჩაატარებს. აქვე დავძენთ, რომ სანაკრებო პაუზის გათვალისწინებით მიმდინარე პერიოდი მოედნის საფარის გასაუმჯობესებლად და პრევენციისთვის ყველაზე ოპტიმალური პერიოდია.

ჩვენ ვიცით, რომ „დინამო“ ბათუმს მსოფლიოში საუკეთესო ქომაგი ჰყავს და ყველგან და ყოველთვის ვგრძნობთ თქვენს მხარდაჭერას, ამიტომ ქუთაისში გასამართ მატჩებზე გამგზავრების მსურველ გულშემატკივარს კლუბის ადმინისტრაცია ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯებს აუნაზღაურებს“ – აღნიშნულია საფეხბურთო კლუბის განცხადებაში.

ფოტო: ბათუმის „დინამო“

დეპარტამენტს, რომელსაც ავთანდილ ბერიძე ხელმძღვანელობს, აჭარის მთავრობა აუქმებს

აჭარის მთავრობა რამდენიმე დეპარტამენტს აუქმებს, მათ შორისაა უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომელსაც აჭარის წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრი ავთანდილ ბერიძე ხელმძღვანელობს. ამ დეპარტამენტში სულ ორი ადამიანი მუშაობს.

საერთო ჯამში აჭარის მთავრობის დადგენილების პროექტი აჭარის მთავრობის აპარატში დეპარტამენტების ერთი მესამედით შემცირებას გულისხმობს.

უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის გარდა უქმდება შიდა აუდიტისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტები, ამავდროულად, დაგეგმილია რამდენიმე დეპარტამენტის გაერთიანება ფუნქციური უფლება-მოვალეობების მიხედვით.

დღეს, 29 აგვისტოს, აჭარის მთავრობის სხდომაა დაგეგმილი, სხდომაზე შვიდი საკითხი განიხილება, მათ შორის ორი საკითხი არასტანდარტული საცხოვრისის ათვისების პროგრამის ფარგლებში რამდენიმე წინადადების მოწონებასა და შეთანხმებას ეხება. ვრცლად ამ საკითხებზე „ბათუმელები“ სხდომის დასრულებისთანავე  გამოაქვეყნებს მასალას.

ბათუმის შემოერთების თარიღის გამო – ბრიტანული არქივებიდან

ავტორი: ფრიდონ ქარდავა
მწერალი, აჭარის საარქივო სამმართველოს სამეცნიერო კვლევითი მუშაობისა და პუბლიკაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტი 

კარგა ბლომად თავსატეხი გამიჩინა გაზეთ „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულმა სტატიამ „ბათუმი ხელიდან ხელში“. ბილიოტის მოხსენებაში ბათუმში ქართულ-რუსული ჯარის შემოსვლის თარიღად 1878 წლის 6 სექტემბერი ეწერა, ღვაწლმოსილი მკვლევარის, ვლადიმირ სიჭინავას წიგნში კი 25 აგვისტოა დაფიქსირებული და ყოველთვის ასეც მეგონა. ამ ცნობაზე დაყრდნობით დავუშვი ალბათობა, რომ ბილიოტი ახალ სტილს გულისხმობდა, რაზეც ნაცნობ ისტორიკოსებთან კამათი მომიხდა, ცნობილი მკვლევარის სიტყვაში როგორ შეიტანე ეჭვიო.

რა თქმა უნდა, ეჭვი უფრო ბილიოტის მოხსენებაში შევიტანე, მაგრამ პლანკერტიც იმავეს ადასტურებდა. თომას გარდნერის ორ მოხსენებაშიც, რომლებსაც ამჟამად შემოგთავაზებთ, ეს თარიღი ფიგურირებს. თუმცა მანამდე განვმარტავთ, რომ სტატიაში დაშვებული ალბათობა სწორი იყო. დღევანდელი გადასახედიდან ძველსა და ახალ სტილს შორის სხვაობა 13 დღე გამოდის და ეს მაეჭვებდა, მაგრამ საკითხში ჩაღრმავებისას, იულიუსისა და გრიგორიანული კალენდრების სხვაობებში უფრო ღრმად გავერკვიე.

გავიხსენოთ, რომ ბათუმის საქართველოსთან შემოერთებისას, 1878 წელს, რუსეთის იმპერია და მთელი მართლმადიდებლური სამყარო ხელმძღვანელობდა იულიუსის კალენდრით, ის მხოლოდ 1918 წელს შეიცვალა (ვგულისხმობ საეროს, თორემ ქართული ეკლესია დღესაც იულიუსის კალენდრის ერთგულია), მაშინ როცა ევროპული ქვეყნები მეთექვსმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში უკვე გადასულნი იყვნენ გრიგორიანულ კალენდარზე. ამით აიხსნება ინგლისურენოვან დოკუმენტებში ბათუმის შემოერთების თარიღად 6 სექტემბერი რომ ფიგურირებს. რაც შეეხება იმას, რომ 25 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე 12 დღეა და არა 13, ეს იმითაა გამოწვეული, რომ მაშინ სხვაობა ძველსა და ახალ სტილს შორის სწორედ 12 დღე-ღამეს შეადგენდა: როგორც ვიცით, გრიგორიანული კალენდარი შემოიღო რომის პაპმა, გრიგორიმ, 1582 წელს და მაშინ სხვაობა შეადგენდა 10 დღე-ღამეს, რასაც ყოველ 128 წლის შემდეგ ემატებოდა კიდევ ერთი დღე-ღამე. ასე რომ 1878 წლის 25 დეკემბერს სხვაობა ამ ორ კალენდარს შორის იყო სწორედ 12 დღე-ღამე, ამჟამად – 13, ხოლო 2094 წელს (მცირედი სხვაობით, რადგან ემატება არა 128 წელი, არამედ 128 წელი და 73 დღე-ღამე) იქნება 14. საინტერესო დეტალია – ამჟამად ეს მნიშვნელოვანი თარიღი იქნება საეკლესიო კალენდრით 25 აგვისტოს, მაგრამ საერო კალენდრით, რითაც დღეს სახელმწიფო სარგებლობს, 7 სექტემბერს.

თომას გარდნერის ქვემოთ მოყვანილ ორ მოხსენებაში აღწერილია ბათუმის გადმოცემის წინა პერიოდი და გადმოცემის დღე, თუმცა აქაც გაჩნდა ერთი თავსატეხი, რადგან გარდნერი უკვე 26 აგვისტოს (ძველი სტილით) ასახელებს, თუმცა დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო 25 აგვისტო (ძველი სტ.) ამას ადასტურებს დეპეშა, რომელსაც დიდი მთავარი უგზავნის იმპერატორს, პლანკეტი, ბილიოტი და ასევე წიგნი – „ბათუმი და მისი შემოგარენი“, რომელიც 1906 წელს გამოიცა, როცა რუსეთში ჯერაც ძველი სტილი მოქმედებდა. ერთი სიტყვით, ბათუმის აღების თარიღი დადგენილი ფაქტია, მაგრამ გარდნერის ამ მოხსენებაში სხვა მნიშვნელოვანი ფაქტებიცაა ბათუმში ქართულ-რუსული ჯარის შემოსვლისდროინდელი სიტუაციის შესახებ, რამაც გადაგვაწყვეტინა ამ დოკუმენტაციის გამოქვეყნება:

„N532

ვიცე-კონსული გარდნერი მარკუს სოლსბერის (მიღებულია 27 სექტემბერს)

ფოთი, 2 სექტემბერი,1878 წელი.

ბატონო ჩემო, მაქვს პატივი მოგახსენოთ, რომ მდინარე რიონის პირას ჩამოიტვირთა 15 ზარბაზანი, რომელიც გამიზნულია ფოთიდან 5 მილის დაშორებით განლაგებული დიდი ბატარეის შესაიარაღებლად, გაყვანილ იქნა მოკლე სარკინიგზო ხაზი პორტს, რიონის სამხრეთ სანაპიროსა და ქალაქს შორის.

თურქულმა „სანდლებმა“, რომელნიც მდებარეობდნენ მდინარესთან, მიიღეს განკარგულება დაძრულიყვნენ ციხისძირისა და ბათუმის მიმართულებით და  დახმარებოდნენ ნავსადგურთან მდგარ ტრანსპორტში სამხედრო აღჭურვილობის დატვირთვაში.

ნეიდ ფაშა და ჰასან ბეგი ერთი კვირით დაყოვდნენ ქუთაისში პრინც მირსკისთან, გენერალ ოკლობჟიოს სახლში, სადაც განიხილავდნენ ბათუმიდან ევაკუაციის საკითხს, რომელიც, როგორც ითქვა, უნდა გადავიდეს რუსების ხელში მიმდინარე თვის შვიდში, მაგრამ მოგვიანებით ბათუმის ჩაბარების რიცხვად გადაწყდა მიმდინარე თვის 12/24. ოთხი რუსული კორვეტი ამჟამად დგას ფოთის რეიდზე და მზადაა ნავსადგურში შესასვლელად დანიშნულ დროს. მიიჩნევენ, რომ გადაადგილებას არ შეხვდება არავითარი წინააღმდეგობა ლაზების მხრიდან, ბევრი მათგანი უკვე გადავიდა ჭოროხიდან თურქეთის ტერიტორიაზე.ფოთი-თბილისის რკინიგზის დირექტორისაგან მიღებულ იქნა განკარგულება მომზადებულ იქნას ვაგონები 50 000 ჯარისკაცის გადასაყვანად თბილისიდან ფოთში. ოთხი ბატალიონი ამჟამად იმყოფება კარვებში სანაპიროსთან, მაგრამ ბათუმის ჩაბარების შემთხვევაში ისინი გადაყვანილი იქნებიან ოდესასა და სევასტოპოლში.

ორმოცდაათი ავადმყოფი და დაჭრილი ჯარისკაცი გაიგზავნა ყოველი სამგზავრო სავაჭრო გემით ფოთიდან ოდესაში.

თომას გარდნერი

ვიცე-კონსული გარდნერი მარკიზ სოლსბერის:

N21

მიღებულია 27 სექტემბერს

ფოთი, 1878 წლის 7 სექტემბერი.

ბატონო ჩემო, მაქვს პატივი ვაცნობო თქვენს აღმატებულებას, რომ პრინცმა მირსკიმ, მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის დიდი მთავრის, მიხეილის ადიუტანტმა, პირად შემადგენლობის თანხლებით, ფორმალურად ჩაიბარა ბათუმი 26 აგვისტოს/7 სექტემბერს, იმპერატორის ქორწინების წლისთავზე. ჩაბარება მოხდა ყოველგვარი განსაკუთრებული ინციდენტის გარეშე; თურქული დროშა დაეშვა ზარბაზნის 20 გასროლის თანხლებით, შემდეგ რუსული დროშა აღიმართა ზარბაზნის 21 სალიუტით. კაზაკები და ჯარისკაცები დაუყოვნებლივ შევიდნენ ციხესიმაგრეში.

რუსებს დახვდათ სრულიად ცარიელი ადგილი, არც ადამიანის საკვები და არც საქონელი არ დარჩენილა. გემები სასწრაფოდ გაგზავნეს ფოთში. უამრავი პატარა გემი გამოიყენეს ფქვილის, მარილის, საქონლის, მარცვლეულისა და ა.შ. გადმოსატანად, რათა ჯარი გამოეკვებათ.

ამჟამად რამდენიმე პროექტია შედგენილი ფოთისა და თბილისის რკინიგზის ბათუმთან შესაერთებლად. ბოლო და უფრო მნიშვნელოვანი არის მიხაილოვის მიერ წარმოდგენილი პროექტი, ბორჯომის გავლით, რომელიც მიუყვება მდინარე მტკვარს, იქიდან მიდის ოზურგეთამდე, გურიაში, და ბათუმში. ეს გზა არის უფრო ძნელი და დაჯდება უზარმაზარი თანხა, მაგრამ ის მოიწონა დიდმა მთავარმა.

მეორე ვარიანტია სამტრედიიდან (ქუთაისის მახლობლად). რკინიგზა გადაკვეთს მდინარე რიონს ორპირთან და ოზურგეთის გავლით შეუერთდება ბათუმს. მოფიქრებულია საუკეთესო კომერციული და სტრატეგიული თვალსაზრისით.

მესამეა, უბრალო ტრამვაი, ფოთიდან შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ, ჯდება იაფი და არის სწორი, წარმოადგენს არართულ საინჟინრო პროექტს.

თომას გარდნერი

საინტერესოა გარდნერის მიერ მოტანილი ცნობა იმის შესახებ, რომ 26 აგვისტოს აღინიშნა ბათუმის აღება იმპერატორის ქორწინების საიუბილეოდ. დადგენილი ფაქტია, ალექსანდრე მეორის არც პირველი და არც მეორე ქორწინება არ მომხდარა აგვისტოში. როგორც ჩანს, აქ გარდნერი გულისხმობს იმპერატორის კურთხევის იუბილეს (ალექსანდრე მეორე 1856 წლის 26 აგვისტო აკურთხეს). როგორც დადგენილია, ბათუმის აღების მეორე დღეს, 1878 წლის 26 აგვისტოს, ბათუმის ბერძნულ ეკლესიაში, იმპერატორის კურთხევის საიუბილეოდ გადაიხადეს პარაკლისი და ლოცვა.

___________________________________________________________

სტატია გამოქვეყნდა 2009 წლის ნოემბერში, გაზეთ „ბათუმელებში“.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვასწარით ჩამოხსნა“ – ბათუმის მერიის მოხელე პლაკატების ჩამოხსნაზე

პლაკატები ინგლისურენოვანი წარწერით – „რუსეთი ოკუპანტია“ ბათუმში 24 აგვისტოს გააკრეს სამოქალაქო აქციის ფარგლებში. აქციის მონაწილეების თქმით, მათ სურდათ ქალაქში, სადაც ბევრი რუსი ტურისტია, კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ ყველასთვის, რომ საქართველო რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

ბათუმის ქუჩებში გაკრული პლაკატების დიდი ნაწილი იმავე დღეს გაქრა, სამი დღის შემდეგ კი ქალაქში არც ერთი პლაკატი არაა დარჩენილი და ეს მაშინ, როცა ბათუმის ბევრ ქუჩაზე ჯერ კიდევ 2017 წლის არჩევნების პლაკატები გვხვდება – მათ ჩამოხსნაზე არავის უზრუნია.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ბათუმში 2 000-ზე მეტი პლაკატი/სტიკერი გააკრეს, რომელთა უმრავლესობა გაკვრიდან რამდენიმე საათში უკვე ჩამოხსნილი იყო.

„დილის 4 საათზე დავიწყეთ პლაკატების გაკვრა და დაახლოებით დილის 7-ზე მოვრჩით. უკან მოგვყვებოდნენ ოპერჯგუფები მანქანაში, „შკოდას“ მანქანაში, რომელიც იყო დაბურული, მაგრამ არ ჰქონდა პოლიციის სასიგნალო ნათურები, ფორმით იყვნენ, „ოპერებს“ რომ ეძახიან, ზოგს ლურჯი ფორმა ეცვა, რომელსაც „პაგონები“ არ ჰქონდა, მაგრამ პოლიციის ფორმა იყო აშკარად.  მშვიდად, აგრესიის გარეშე მოდიოდნენ და ჩვენს გაკრულ პლაკატებს ხსნიდნენ, ჩვენგან დაახლოებით 50 მეტრის მოშორებით. ფოტოს გადაღების საშუალება არ მოგვეცა, რადგან მანქანაში სხდებოდნენ და მიდიოდნენ. შორის იყვნენ ისეთებიც, რომელთაც წარმატება გვისურვეს, მაგრამ შემდეგ პლაკატები ჩამოხიეს. ექვს ჯგუფად ვიყავით ჩვენ დაყოფილი და ექვსი მანქანა იყო.

პლაკატებს ხევდა ასევე მოსახლეობა, რომელიც იქვე ცხოვრობდა, როგორც ჩანს. გვეუბნებოდნენ, რატომ აკრავთ, ჩვენი მეგობარია რუსეთი და კონფლიქტს ნუ იწვევთო. უფრო მეტი ალბათ მოსახლეობამ ჩამოხია. ერთია, უფრო ხანდაზმული მოსახლეობა იქცეოდა ასე, ახალგაზრდებს შორის ისეთებიც იყვნენ, ვინც გვეხმარებოდა“, – ამბობს გოგი ხოჭოლავა, ერთ-ერთი აქტივისტი.

შს სამინისტროში უარყოფენ, რომ პლაკატების ჩამოხსნაში მათი თანამშრომლები მონაწილეობდნენ. „მიმდინარე აქციის დროს პოლიცია, გარდა უსაფრთხოებისა, სხვა პროცესებში არ ყოფილა ჩართული“, – გვითხრეს პრესსამსახურში.

პლაკატების ჩამოხსნაში მონაწილეობას უარყოფენ ბათუმის მერიაშიც.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვასწარით ჩამოხსნა, უკვე ჩამოხსნილი იყო. ბევრი მოქალაქეებმა ჩამოხსნეს, ბევრი პოლიციამ ჩამოხსნა. მე მითხრეს, რომ პატრულიც იყო. სხვა ჟურნალისტმა დამირეკა, პატრული ხსნიდაო და თუ დააჯარიმეთო, ესეც მკითხეს, მაგრამ ჩვენ არ გვინახავს. …არ აქვს მნიშვნელობა ვინ გააკრავს, თუ ეს უადგილოდაა, რა თქმა უნდა, დაჯარიმდება“, – აღნიშნა „ბათუმელებთან“ მერიის ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელმა ჯუმბერ კობალაძემ.

კითხვაზე, აჯარიმებს თუ არა სააგენტო პოლიტიკურ პარტიებს ბათუმში უადგილოდ გაკრული საარჩევნო პლაკატების გამო, ჯუმბერ კობალაძემ გვიპასუხა, რომ მათი სამსახური მხოლოდ ორი თვეა ჩამოყალიბდა და ამ არჩევნებზე ყველას დააჯარიმებენ, ვინც უადგილო ადგილას გააკრავს საარჩევნო პლაკატს.

ამავე თემაზე: 

„რუსეთი ოკუპანტია“ – სამოქალაქო აქცია ბათუმში და გზავნილი ტურისტებს [ფოტო]

 

Exit mobile version