არაადაპტირებული მოსაცდელებით გადაკეტილი ტროტუარები – „ალმას“ განმარტება


ბათუმში ახალი, თუმცა არაადაპტირებული მოსაცდელების დამონტაჟებასა და ზოგ ადგილას მოსაცდელების დადგმის გამო ტროტუარების ჩაკეტვაზე „ბათუმელებთან“ კომენტარი კომპანია „ალმას“ რეგიონალურმა მენეჯერმა გააკეთა. მიხეილ გორგილაძის თქმით, პრობლემა მოსაცდელების დამზადების დროს წარმოიქმნა. კომპანია ამ პრობლემას, ასევე ტროტუარების საკითხს, მერიასთან შეთანხმებით მოაგვარებს. ბათუმში ამ ეტაპზე კომპანიამ 50 ახალი მოსაცდელი უნდა დაამონტაჟოს.

„უზუსტობა მოხდა მომწოდებლის მიერ ქარხანაში დამზადების პროცესში. კონსტრუქციები ევროპაში დავამზადებინეთ და შემოვიტანეთ. ამიტომ შეიქმნა ეს პრობლემა. შემდეგ გავიარეთ საკითხი მერიაში და მოგვცეს მითითება, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ადაპტირებული მოსაცდელები და რომელ ადგილებში. გადავწყვიტეთ, რომ ადგილზე ჩამოვასხათ მოსაცდელის უკანა ნაწილები. შესაბამისად, ეტლით მოსარგებლეებსაც შეეძლებათ შესვლა და გადაადგილება. ასეთი მოსაცდელი უკვე არის ბათუმის თევზის ბაზართან,“ – ამბობს მიხეილ გორგილაძე.

რაც შეეხება ჩაკეტილ ტროტუარებს, „ალმას“ რეგიონალური მენეჯერის თქმით, „ეს ადგილები შეთანხმებულია ბათუმის მერიასთან, მერია გამოგვიყოფს ფილებს, მოხდება მოსაცდელის უკანა მხარეს გზის შეჭრა და ტროტუარს ამ ფილებით მოვაწყობთ. ტროტუარის ჩაკეტვები სადაც არის, დავდივართ, ვმსჯელობთ მაგ საკითხზე და როგორც კი მოგვეცემა საშუალება, მოსაცდელების უკანა მხარეს გზა გავჭრათ, გავჭრით და დავაყენებთ ადაპტირებულ მოსაცდელებს“.

მიხეილ გორგილაძის თქმით, „თუ აღმოჩნდება ისეთი ადგილები, სადაც ფიზიკურად შეუძლებელი იქნება ტროტუარის გაფართოება, მოხდება ამ მოსაცდელების ადგილმონაცვლეობა“.

ახალი ადაპტირებული მოსაცდელი თევზის ბაზართან / ბათუმი / 28.03.2018

ამავე თემაზე:

ბათუმის მერიის განმარტება ახალი მოსაცდელებით გადაკეტილ ტროტუარებზე

ბათუმის შემთხვევაში მიწის ნაკვეთები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების მოსაწყობად იჯარით შპს „ფერტუნა მედიას“ 2015 წელს გადაეცა. საიჯარო ხელშეკრულებაში 2014 წელს ცვლილებები შევიდა, 2017 წლის მარტში კი, „ფერტუნა მედია“ შპს „ალმას“ შეერწყა.

ბათუმის მერიამ უკვე მიმართა საკრებულოს, რათა აღნიშნულ ხელშეკრულებაში მორიგი ცვლილება შევიდეს. ამ ცვლილებით მერია „ალმას“ საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების ვადას, 2035 წლის 31 დეკემბრამდე გაუგრძელებს. საკითხზე საკრებულო სავარაუდოდ 30 მარტს ჩანიშნულ სხდომაზე იმსჯელებს. კომპანიას ქალაქის ტერიტორიაზე იჯარით 100 ნაკვეთი აქვს გადაცემული.

„ვისოლის“ შვილობილი კომპანია მოსაცდელებს ისე ამონტაჟებს, რომ ტროტუარები იკეტება 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com