მთავარი,სიახლეები

„საჩივრის გამოტანას მაიძულებენ“ – პატიმრის სასამართლო დავა ბათუმის ციხის წინააღმდეგ

29.08.2018 • 3614
„საჩივრის გამოტანას მაიძულებენ“ – პატიმრის სასამართლო დავა ბათუმის ციხის წინააღმდეგ

თითქმის 6 საათის განმავლობაში მოსამართლე ირაკლი შავაძე პატიმრის საქმეს განიხილავდა. მსჯავრდებულ ნუგზარ თაბაგარს ბათუმის ციხის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სახეში შეფურთხებას ედავება. პატიმარი კი მომხდარს კატეგორიულად უარყოფს. ის სასამართლო პროცესზე საკუთარი ხელით დაწერილი რამდენიმე შუამდგომლობით და მტკიცებულებებით მივიდა.

„გაკრული ხელით ნაწერია, მიჭირს წაკითხვა,“ – რამდენჯერმე თქვა მოსამართლემ, როცა ხმამაღლა კითხულობდა პატიმრის შუამდგომლობებს სხვა პატიმრების დაკითხვასა თუ კადრების სრულად ამოღებაზე.

„მთელი ღამე ვწერდი მაგას, არ მეძინა, ბატონო მოსამართლევ,“ – ჩაილაპარაკა პატიმარმა.

ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულების მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, დეესკალაციის ოთახში განმარტოებით მყოფმა ნუგზარ თაბაგარმა სახეში შეაფურთხა დაწესებულების უფროსის მოადგილეს – ბექა გაგნიძეს, ხოლო ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელს შეაგინა. ბათუმის ციხის ადმინისტრაციამ სასამართლოში მსჯავრდებულისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე მოსამართლემ ბათუმის ციხის ადმინისტრაციისგან წერილი მიიღო, სადაც ეწერა, რომ ვიდეოჩანაწერი დახურულ სხდომაზე უნდა ეჩვენებინათ. „რადგან კადრებში ჩანს სასჯელაღსრულების დაწესებულების ინფრასტრუქტურა,“ – ამოიკითხა მოსამართლემ წერილიდან.

ინციდენტი ბათუმის ციხეში 17 აგვისტოს მოხდა. პატიმარმა ნუგზარ თაბაგარმა ამ დღის სრული ვიდეოჩანაწერის წარმოდგენა ითხოვა. „ასე გამოჩნდება, როგორ ვარ დღემდე წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი,“ – თქვა მან.

ნუგზარ თაბაგარის თქმით, მას მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება ჰქონდა იმის გამო, რომ დილით უსაუზმოდ დატოვეს. პროტესტის საპასუხოდ კი, შეაგინეს და დეესკალაციის ოთახში ჩასვეს.

„…იმ დილით გვიან გამეღვიძა, 10 საათი იქნებოდა,“ – დაიწყო პატიმარმა. -„მე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წამალს ჭამის გარეშე ვერ დავლევ. საუზმე მოვითხოვე… მითხრეს, რომ საუზმის დროს, ანუ რვაზე დაგიძახეთ და შენ არ გამოიხედეო. ეს გავაპროტესტე, თუ არ გამოვიხედე და არ გიპასუხეთ, თქვენი ვალდებულება იყო, გენახეთ, ეგება მკვდარი ვიყავი-მეთქი. ჩაგიგდეთ კარზე ჩამოკიდებულ ცელოფანში კვერცხი და პურიო, მაგრამ იქ არაფერი იყო… მაგაზე მოვიდა ბექა გაგნიძე, უფროსის მოადგილე. მითხრა, რომ ბევრს ვლაპარაკობდი და დეესკალაციის ოთახში გადამიყვანდა. ყავას ვსვამდი. ვუთხარი, ყავას დავლევ და წამოვალ-მეთქი. ყავის ჭიქაზე ხელი ამიკრა და დამიქცია – „სნიკერსიც“ ხომ არ მოგართვაო. ასე მოქცევის გამო პასუხს აგებ კანონის წინაშე-მეთქი და ამაზე გაღიზიანდა. დეესკალაციის ოთახში შეყვანის დროს დედაზე შემაგინა… იმ დღეს პროტესტის ნიშნად შიმშილობა დავიწყე“.

ნუგზარ თაბაგარი სახეში შეფურთხების ფაქტს უარყოფს. მას მოსამართლისთვის არ დაუმალავს ბექა გაგნიძის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება.

„ბექა გაგნიძე იყო წინა ხელისუფლების ჯალათი, გვცემდა და გვაწამებდა,“ – თქვა პატიმარმა. მოსამართლემ მას შენიშვნა მისცა და უთხრა, რომ „მსგავსი ტერმინოლოგიით საუბარი მიუღებელია.“

„გამოძიება დაწყებულია მაგაზე, არასათანადო მოპყრობაზე…“ – დაამატა პატიმარმა.

ნუგზარ თაბაგარს რამდენიმე სასამართლო დავა აქვს იუსტიციის და სასჯელაღსრულების სამინისტროს წინააღმდეგ. ერთ-ერთ საქმეში ნუგზარ თაბაგარი ციხის ადმინისტრაციას წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. ეს საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება, თუმცა 20 მარტის სხდომაზე ნუგზარ თაბაგარის ტრანსპორტირება ბათუმიდან თბილისში ციხის ადმინისტრაციამ ავტომობილების არასაკმარისი რაოდენობის მიზეზით ვერ უზრუნველყო. ბათუმის ციხის ადმინისტრაციამ მინიმუმ ორი კვირით ადრე იცოდა თბილისის საქალაქო სასამართლოსგან, რომ ნუგზარ თაბაგარის პროცესი 20 მარტს იყო ჩანიშნული.

ნუგზარ თაბაგარი ასევე გახლავთ გიორგი ოქროპირიძის საქმის მთავარი მოწმე, რომელმაც ბათუმის ციხის ადმინისტრაცია დაადანაშაულა არაადამიანურ მოპყრობაში. თაბაგარმა ოქროპირიძის საქმეზე გამართულ პროცესზე განაცხადა, რომ ბათუმიდან თბილისისკენ მგზავრობისას ბადრაგი მოკვლით დაემუქრა და სიტყვიერად შეურაცხყოფდა.

დღევანდელ პროცესზე ნუგზარ თაბაგარმა მოსამართლეს უთხრა, რომ მისგან საჩივრების გამოთხოვას ითხოვენ და ამის გამო ახორციელებენ მასზე ზეწოლას. მას ერთ-ერთი პროცესი სასჯელაღსრულების და იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე მოუგია.

„მოსამართლე თამარ ხაჟომიამ მიიღო გადაწყვეტილება. ამათ დააკისრეს 2000 ლარი კომპენსაციის გადახდა ჩემთვის, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევა და სასამართლო პროცესზე დასასწრებად სპეციალურად აღჭურვილი ავტომანქანით გადაადგილება,“ – აღნიშნა ნუგზარ თაბაგარმა.

„ეს არაა საბოლოო გადაწყვეტილება და მას გავასაჩივრებთ,“ – გამოეხმაურა პატიმრის ნათქვამს ბათუმის მე-3 დაწესებულების იურისტი, ნიკა აბრამიშვილი.

ბათუმის ციხის იურისტმა პატიმრის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარი თქვა. „ამ მასალებს შემხებლობა არ აქვს დაფიქსირებულ დარღვევასთან… კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა მტკიცებულება ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს,“- განაცხადა იურისტმა ნიკა აბრამიშვილმა.

მოსამართლე ირაკლი შავაძემ პატიმრის შუამდგომლობები მაინც დააკმაყოფილა, მთელი დღის ვიდეოჩანაწერის სრულად ამოღების გარდა.

„რომ დავაკმაყოფილოთ ეს შუამდგომლობა, ხმას გავიგონებთ?“ – იკითხა მოსამართლემ.

„არა, ჩანაწერში ხმა არ ისმის,“ – უპასუხა მოსამართლეს ბათუმის ციხის იურისტმა.

შუამდგომლობების განხილვის შემდეგ სასამართლო სხდომა დაიხურა.  პროცესის დახურულ ნაწილში ის ვიდეო ჩანაწერი ნახა მოსამართლემ, რაც ციხის ადმინისტრაციამ გამოაგზავნა.

„ჩანაწერში გარკვევით არაფერი ჩანს,“ – გვითხრა მამუკა ზოიძემ, სამართლებრივი მხარდაჭერის სამსახურის იურისტმა. იგი სასამართლოში მსჯავრდებულის ინტერესებს იცავდა.

მოსამართლე ირაკლი შავაძემ დააკმაყოფილა ციხის ადმინისტრაციის მოთხოვნა და ორი დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა ნუგზარ თაბაგარს. პატიმარი ადმინისტრაციულ სახდელს სპეციალურ საკანში მოიხდის.

სასამართლოს სხდომის დახურვამდე მსჯავრდებულმა ასევე თქვა, რომ პატიმრებს ციხიდან წერილის გაგზავნაში ფულის გადახდას სთხოვენ.

„ვეღარ ვაგზავნით წერილებს. ადრე თავისუფლად ვწერდით ჟურნალისტებს. ახლა გვეუბნებიან, რომ ეს ფასიანია. აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვისაც მინდოდა მიწერა და არაო მითხრეს,“ – თქვა ნუგზარ თაბაგარმა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: