მთავარი,სიახლეები

ღია კანალიზაცია ეზოებში – აეროპორტის დასახლებაში პრობლემის მოგვარებას ითხოვენ

29.08.2018
ღია კანალიზაცია ეზოებში – აეროპორტის დასახლებაში პრობლემის მოგვარებას ითხოვენ

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მცხოვრები მოსახლეობა საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვს. მათი თქმით, საკანალიზაციო წყალს გასასვლელი არსად აქვს და გზატკეცილის N 234-236 ნომერში, კერძო მოსახლეობის ბაღებში გუბდება. არის აუტანელი სუნი და ანტისანიტარია.

„საშინელი მდგომარეობაა, ყველას მივმართეთ, მაგრამ უშედეგოდ. ადრე აქ საკანალიზაციო მილი გადიოდა. პრობლემა მას შემდეგ გაჩნდა, რაც, როგორც მთავრობაში გვითხრეს, აეროპორტის ტერიტორიაზე ის არხი თუ მილი გადაკეტეს, სადაც ეს საკანალიზაციო წყალი გადიოდა. ვფიქრობთ, სადაც გადაკეტეს იქ უნდა გახსნან და პრობლემაც მოგვარდება. აქვე ხუთსართულიანი კორპუსიც დგას, ხშირად ფეკალური მასა  ეზოში ამოდის, ვიძახებთ დასუფთავების სამსახურს და ვართ საშინელ მდგომარეობაში. აქ მარტო კორპუსის კი არა, მთელი დასახლების „სიბინძურე“ იყრის თავს“ – უთხრა „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

აღნიშნული ტერიტორია აჭარის გზატკეცილსა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს შორის მდებარეობს.

„მაგ ტერიტორიაზე ცენტრალური საკანალიზაციო სისტემა არ არსებობს. მოსახლეობას აქვს სეპტიკური ავზები. რაც შეეხება აეროპორტს, ვინაიდან საკანალიზაციო ქსელი არ არსებობს და აეროპორტის ტერიტორიაც კერძო საკუთრებაა – იქ არ ვიცით რა ხდება. მოსახლეობას შეუძლია მოგვმართოს განცხადებით, ჩვენი ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები გავლენ ადგილზე და დეტალურად შეისწავლიან მდგომარეობას,“ – განაცხადეს „ბათუმის წყლის“ პრესსამსახურში.

„ბათუმელები“ ქალაქის მერიასაც დაუკავშირდა. მერიაში ამბობენ, რომ აეროპორტის დასახლების ამ ნაწილში საკანალიზაციო სისტემის მოწყობა და ერთიან, ცენტრალურ ქსელში ჩართვა მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც მერია შესაბამის სახსრებს მოიძიებს.

„ამ ეტაპზე საკანალიზაციო ქსელის მოწყობა დაგეგმილია მდინარე მეჯინისწყლამდე არსებულ ტერიტორიაზე, სადაც სამუშაოები, სავარაუდოდ, 2019 წლიდან დაიწყება. რაც შეეხება მდინარის იქეთ, აეროპორტამდე ტერიტორიას და მთლიანად ქალაქის სამრეწველო ზონას, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაო, საჭირო ფინანსების მოსაძიებლად,“ – გვითხრეს ქალაქის მერიაში.

გუბე აეროპორტის გზატკეცილთან [N234], სადაც ადგილობრივების თქმით, დასახლების საკანალიზაციო წყლები იყრის თავს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: