მთავარი,სიახლეები

საია პროკურატურას პოლიციელთა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის გამოძიებას სთხოვს

29.08.2018 • 1981
საია პროკურატურას პოლიციელთა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის გამოძიებას სთხოვს

საია პროკურატურას რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე რეაგირებას სთხოვს. საუბარია შემთხვევებზე, სადაც პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტები იკვეთება. პროკურატურა წლების წინ დაწყებულ გამოძიებას არ ასრულებს და არც განმარტებას აკეთებს, რა ეტაპზეა გამოძიება.

გაჭიანურებულ საქმეებზე ბრიფინგი დღეს, 29  აგვისტოს, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” მოაწყო.

ირაკლი ქაჯაია ერთ-ერთია მათ შორის, ვინც პოლიციელთა დასჯას ელის. მის შესახებ “ბათუმელები” 2016 წლის ივლისში წერდა.

ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, ირაკლი ქაჯაიას ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილებაში სცემეს და ნეკნი ჩაუმტვრიეს.

“ირაკლი ქაჯაია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო, მაგრამ დღემდე მხოლოდ ვიღებთ ინფორმაციას, რომ მიმდინარეობს გამოძიება. დღემდე არ მომხდარა სავარაუდო დანაშაულის ჩამდენ პირთა პასუხისგებაში მიცემა. ი.ქ-მ გამოკითხვის ოქმში მიუთითა კონკრეტული პირები, რომლებმაც მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მიუხედავად იმისა, რომ ი.ქ-ს განმარტებით, მას შეუძლია აღნიშნული პირების ამოცნობა, ამ დრომდე არ მომხდარა საგამოძიებო მოქმედების – ამოცნობის ჩატარება,”- ამბობს საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე.

პროკურატურას არც არასამთავრობო ორგანიზაცია”თანასწორობის” ხელმძღვანელის – ლევან ბერიანიძისა და სამოქალაქო აქტივისტის, თემურ კუსიანის შემთხვევა გამოუძიებია. ინციდენტი გასულ ზაფხულს ბათუმის ბულვარში მოხდა. ლევან ბერიანიძე და თემურ კუსიანი ტრანსგენდერი მეგობრების დაცვას ცდილობდნენ მოქალაქეების აგრესიისგან. საბოლოოდ მათ ფიზიკურად თავს დაესხნენ.

“ამ დროს თ.კ.-მ ხმამაღლა თქვა, რომ პოლიციაში აპირებდა დარეკვას, რა დროსაც მასთან მივიდა იქვე მდგომი ოთხი მამაკაციდან ერთ-ერთი, რომელსაც ეცვა მუქი, მოკლესახელოებიანი მაისური, თეთრად ეწერა პოლიცია და უთხრა, რომ პოლიცია თავიდანვე იქვე იყო და არსად არ იყო საჭირო დარეკვა.როგორც იქ მყოფი პირების ახსნა-განმარტებებით ირკვევა, მთელი დაპირისპირების მანძილზე, უმოქმედოდ მდგარი მამაკაცები პოლიციის თანამშრომლები იყვნენ,  რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ თ.კ-ს და ლ.ბ-ს., დააკავეს ადმინისტრაციული წესით და მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, ამ პირების დაზარალებულად ცნობა დღემდე არ მომხდარა და არ მისცემიათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ საქმის მასალებს,”- გვიყვება პაატა დიასამიძე.

ამ საქმეზე საია-ს იურისტები კიდევ ერთ გარემოებაზე ამახვილებენ ყურადღებას: გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით მიმდინარეობს, ანუ გამოძიება რომც დასრულდეს, სიძულვილის მოტივით დანაშულის ჩადენა და დისკრიმინაცია მაინც ვერ დადგინდება.

ლევან ბერიანიძე და თემურ კუსიანი ამ შემთხვევის შემდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლომ 300-300 ლარით დააჯარიმა პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო.

საია-ში კიდევ ერთ საქმეზე საუბრობენ, სადაც პოლიციელები პასუხისგებაში ასევე არ მიუციათ.

საუბარია ქობულეთში გასული წლის სექტემბერში მომხდარ შემთხვევაზე. ქობულეთში მცხოვრებმა ოთხმა პირმა მაშინ თქვა, რომ მოულოდნელად პოლიციელები თავს დაესხნენ და ცემა დაუწყეს. მათი ვერსიით, ისინი სხვა პირებში აერიათ.

საია-ში განმარტავენ, რომ უცნობია, რა ეტაპზეა გამოძიება და ისიც, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა ამ საქმეზე.

“საია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს  პოლიციელთა მხრიდან სავარაუდოდ განხორციელებული წამების ან არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების პროცესში სახელმწიფოს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობაზე.

პოლიციელთა მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისას, სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული ძალისხმევა, რათა არ გაჩნდეს კითხვები სამართალწარმოების მიმართ,”- განაცხადეს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში”.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: