ავარია ესტაკადასთან – ქობულეთის მიმართულებით გზა ჩაკეტილია

ბათუმში, ბარცხანის ხიდთან, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. თვითმხილველის თქმით, დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანებით გადაიყვანეს საავადმყოფოში.

თვითმხილველის თქმითვე, მაგისტრალზე ქობულეთის მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია, თუმცა ბათუმის მიმართულებით ავტომანქანები თავისუფლად მოძრაობენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო მანქანები.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ონკოლოგიურ საავადმყოფოში გადაიყვანეს 40 წლამდე მამაკაცი, რომელსაც გულმკერდის დახურული ტრავმა ჰქონდა, ხოლო 30 წლის მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. მას სავარაუდოდ მარჯვენა ხელი აქვს მოტეხილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

 

ავტოსაგზაო შემთხვევა ესტაკადასთან ფოტო: გურამ მურვანიძე
ავტოსაგზაო შემთხვევა ესტაკადასთან ფოტო: გურამ მურვანიძე
ავტოსაგზაო შემთხვევა ესტაკადასთან ფოტო: გურამ მურვანიძე

ცოლზე ძალადობაში ბრალდებული სამი უცხოელის საქმე ბათუმის სასამართლოში

სასამართლოს განრიგს თუ თვალს ადევნებთ, ნახავთ, რომ ოჯახში ძალადობის საქმეები იმატებს. დღეს, 4 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ოჯახში ძალადობის სამი ისეთი შემთხვევა განიხილა, სადაც ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

დაზარალებული ქალი: იმ დღესვე შევურიგდი, „კაპეზეშიც“ მე მივუტანე საჭმელი 

„ოჯახი ძალიან მიყვარს, ახლაც ცოლთან ერთად ვცხოვრობ,“ – უთხრა სასამართლო პროცესზე მოსამართლეს ბრალდებულმა ი.ე.-მ. მას ცოლზე ფიზიკურ ძალადობას ედავება გამოძიება. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა სახის არეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა ცოლს. ის გირაოს საფუძველზეა გათავისუფლებული.

ბრალდებული ი.ე. თურქეთის მოქალაქეა, მას ქართველი ცოლი ჰყავს. „ოთხი წელია ერთად ვართ, თურქეთში ვცხოვრობთ, ბათუმში ბინის გირით აღება გვინდოდა, თაღლითებმა გადაგვაგდეს და მაგის გამო მოგვიხდა კონფლიქტი,“ – ამბობს ბრალდებულის ცოლი.

დაკავებისთანავე ი.ე.-მ ბრალი აღიარა. იმის გამო, რომ დაცვის მხარემ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უდავოდ მიიჩნია, მოსამართლე ლევან გელოვანს არცერთი მოწმის, მათ შორის, ნაცემი ქალის ჩვენება არ მოუსმენია. დაზარალებულმა ქალმა წერილობით დაადასტურა, რომ ქმარს შეურიგდა და მისი მკაცრად დასჯის მომხრე არ არის.

„რაც მთავარია, ოჯახი ისევ თავის ადგილზე დგას… გამოასწორა ამ კაცმა დანაშაული, აღიარებს და ინანიებს. ის პატიებას სთხოვს სასამართლოს. გთხოვთ, მას ჯარიმა შეუფარდოთ“, – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა სულიკო მახარაძემ.

ადვოკატს მოსამართლემ უთხრა, რომ ჯარიმას, როგორც სასჯელის ფორმას, ოჯახში ძალადობის მუხლი არ ითვალისწინებს. მან ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა უნდა შეუფარდოს, რაც შესაძლოა პირობით ჩაუთვლის, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200-დან 400 საათამდე.

მოსამართლემ მხარეებს უთხრა, რომ განაჩენს შემდეგ სხდომაზე გამოაცხადებს.

„არ უნდა დამერეკა პოლიციაში, არ უნდა მექნა ეს, მაგრამ იმ წუთებში არ ვიცოდი, რას ვმოქმედებდი, თავის დაცვას ვცდილობდი…“ – გვითხრა ბრალდებულის ცოლმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, სხდომის დარბაზიდან გამოსვლის დროს. ის დროდადრო უკან იხედებოდა იმის დასანახად, გამოვიდა თუ არა დარბაზიდან მეუღლე, რომელიც პროკურორს თარჯიმნის დახმარებით ესაუბრებოდა.

ბრალდებულის ცოლმა ასევე თქვა, რომ დაზიანება, რაც ძალადობის შედეგად მიადგა, „მსუბუქი და უმნიშვნელო“ იყო. თუმცა, როცა ეს სიტყვები გვითხრა, კისრის არეში სისხლჩაქცევების დაფარვა სცადა ხელის აფარებით. „აღარ მინდა მეტი საუბარი… მე მას იმ დღესვე შევურიგდი, „კაპეზეშიც“ მე მივუტანე საჭმელი…“ – თქვა მან, უკვე შენობის გარეთ და ბრალდებულთან ერთად გაუყვა ქუჩას.

ბრალდებული: „მე მხოლოდ პანიკაში მყოფი ცოლის დამშვიდებას ვცდილობდი“

ბრალს აღიარებს, თუმცა მიიჩნევს, რომ მხოლოდ პანიკაში ჩავარდნილი ცოლის დამშვიდებას ცდილობდა ე.ქ. იგი თურქეთის მოქალაქეა და ბოლო რამდენიმე წელი ბათუმში ცხოვრობს. გამოძიება ე.ქ.-ს ცოლზე ფიზიკურ ძალადობას ედავება. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ქალს მარჯვენა მკლავის არეში სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა.

დაზარალებულად ცნობილი ქალი საქართველოს მოქალაქეა. ის თითქმის ერთი წელი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ე.ქ.-სთან. საცხოვრებელ ბინაში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ პოლიციას საშველად ქალმა დაურეკა. ამ დროისთვის ბრალდებულისთვის უკვე შემაკავებელი ორდერი ჰქონდა, ანუ პოლიციამ ის მანამდეც გააფრთხილა ძალადობის გამო მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ.

მას შემდეგ, რაც პოლიციელს ქალმა ფიზიკური ძალადობის შესახებ აცნობა, ე.ქ. დააკავეს. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების ეტაპზე ე.ქ. გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.

„არ შერიგებულან, მაგრამ შერიგების პირი უჩანს,“ – ამბობს ადვოკატი ხათუნა ქუქალია. მისი თქმით, შემთხვევის შედეგად ფიზიკური დაზიანებები – ნაკაწრები სახის და ზურგის არეში მამაკაცსაც ჰქონდა.

დაცვის მხარემ დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უდავოდ მიიჩნია. შესაბამისად, მოსამართლე ამ საქმეზე დაზარალებულის და სხვა მოწმეების ჩვენებებს ვეღარ მოისმენს. შესავალი და დასკვნითი სიტყვების მოსმენის შემდეგ, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს: ბრალდებულს ერთი წლით ციხეში გაუშვებს, თუ პირობით მსჯავრს შეუფარდებს.

ბრალდებულმა ყოფილ ცოლს პოლიციის შენობაში სცემა

ოჯახში ძალადობის კიდევ ერთ შემთხვევაზე, სადაც ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა, წინასასამართლო სხდომა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილთან გაიმართა. ამ საქმეში ბრალდებული ბ.ა. იორდანიის მოქალაქეა. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებული ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში ყოფილ ცოლს ეჩხუბა და შემდეგ პოლიციის შენობაში სახეში ხელი დაარტყა.

დაზარალებული ქალიც იორდანიის მოქალაქეა, ისინი საქართველოში ცხოვრობენ. ჩხუბის შესახებ თავდაპირველად სასტუმროს ადმინისტრაციამ შეატყობინა პოლიციას, რის შემდეგაც დაზარალებული ქალი და ბრალდებული პოლიციის მესამე განყოფილებაში გადაიყვანეს. ბრალდებულმა ბ.ა.-მ პოლიციის განყოფილებაში სცემა ყოფილ ცოლს. ის პოლიციელებმა ადგილზევე დააკავეს. ბ.ა. ახლაც წინასწარ პატიმრობაშია და სასამართლოს განაჩენს ელის.

 

 

 

 

 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამო სკოლიდან წასული დირექტორი მასწავლებლის სახლში დანიშნეს

თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი, ხათუნა ბარაბაძე, რომელმაც თანამდებობა 22 აგვისტოს დატოვა, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, ტრენერთა სკოლის კონსულტანტად დაინიშნა.

ხათუნა ბარაბაძე დირექტორის თანამდებობის დატოვებას უკავშირებდა 2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე მომხდარ ჩხუბს, რომლის დროსაც ორი მოზარდი მოკლეს. ჩხუბში 51-ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ყოფილი დირექტორი „ნეტგაზეთთან“ აცხადებდა, რომ მომხდართან დაკავშირებით მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობდა და თანამდებობის დატოვებაც ამიტომ გადაწყვიტა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ხათუნა ბარაბაძე ტრენერთა სკოლის კონსულტანტად 20 აგვისტოს დაინიშნა.

რამდენად კარგად გახსოვს 80-იანების ჰიტები [ტესტი]

ამავე თემაზე:

როგორ გახსოვს 90-იანების მუსიკა? [ტესტი]

გამოიცანი ფილმი საუნდტრეკით [ტესტი]

„დამსაქმებელმა გადაგვაგდო“ – რა არ იციან მოქალაქეებმა თურქეთში ლეგალურად დასაქმებაზე

მერვე დღეა თურქეთის რესპუბლიკაში, ორდუს გუბერნიაში მდებარე დაბა უნიეში საქართველოს მოქალაქეები მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებას ელიან. ისინი ამბობენ, რომ დამსაქმებელმა მოატყუა და კუთვნილი თანხა არ გადაუხადა.

სამტრედიის სოფელ დაბლაგომიდან საქართველოს 28 მოქალაქე უნიეში სამუშაოდ პირველ აგვისტოს ჩავიდა. მათ დასაქმებაზე პასუხისმგებლობა თურქეთის მოქალაქემ, ვინმე რემზიმ აიღო. როგორც „ბათუმელებთან“ დასაქმებულები ყვებიან, რემზი მათ ფერმერებთან თხილის ბაღებში ამუშავებდა, დღეში 70 ლირად.

თავდაპირველი გარიგებით დამსაქმებელს თავად უნდა დაეფარა დასაქმებულთა საცხოვრებლისა და კვების ხარჯები. თუმცა კვების თანხის გაღება საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი ჯიბიდან უწევდათ.

„სულ გვაქვს 21 დღე ნამუშევარი. ნახევარი თანხა გაგვისწორა და ნახევარს ველოდებით, რომ მოგვცეს. ზოგს ერგება 450 ლირა, ზოგს 700 ლირა, ზოგს 900 და ა.შ. რატომ არ მოგვცა თანხა? – ასე გვითხრა: იმის გამო, რომ კარგად არ მუშაობდით, თხილის ბაღების პატრონებმა არ გადამიხადესო. რაც არის ტყუილი. ყველა ბაღის მეპატრონესთან ჩამოვიარეთ და ყველას გადახდილი აქვს თანხა ამ  რემზისთვის,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა დაზარალებულმა სალომე დვალიშვილმა.

კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა სამუშაო კონტრაქტი, სალომე დვალიშვილი ამბობს, რომ 28 ადამიანიდან კონტრაქტი არავის არ ჰქონია.

„უკონტრაქტოდ  ვმუშაობდით. ჩვენ, სამწუხაროდ, არ ვიცოდით, რომ ლეგალურად შეგვეძლო მუშაობა. იმედია, ჩვენი მაგალითით ყველა გაითვალისწინებს, რომ ასეთი შესაძლებლობა არსებობს. საზღვარზე როცა გადმოვდიოდით, არავის არ მოუწოდებია ინფორმაცია. არავის უთქვამს, რომ ჩვენ გვქონდა მუშაობის უფლება და შეგვეძლო კონტრაქტით გვემუშავა“, – ამბობს სალომე.

დაზარალებულებმა გუშინ, 3 სექტემბერს, დაბა უნიეში აქცია გამართეს და დამსაქმებელს საკუთარი ნამუშევრის ანაზღაურება მოსთხოვს. საქართველოს მოქალაქეებს აქციის ორგანიზებაში უნიეში მცხოვრები თურქეთის მოქალაქე, ზია ბაირაქი დაეხმარა. მანვე მოახერხა და 12 მოქალაქე უკან საქართველოში გამოამგზავრა.

დღეისათვის [4 სექტემბერი] უნიეში საქართველოს 16 მოქალაქე რჩება. ისინი იქ ერთ-ერთი ქართველის მიერ ნაქირავებ ბინაში არიან გაჩერებული. როგორც „ბათუმელებს“ სატელეფონო საუბარში უთხრეს, საკვები მაღაზიიდან ნისიად გამოატანეს, ფულს კი მას შემდეგ გადაიხდიან, რაც დამსაქმებელი ხელფასს გადაუხდის.

საკითხის მოგვარებაში ჩართულია ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულო.

“დამსაქმებელი ჩვენი თხოვნის საფუძველზე გამოიძახეს პოლიციაში. ჰკითხეს გაქვს ვალიო? კიო, დაადასტურა სიტყვიერად. თუ არაა საფუძველი, კონტრაქტი თუ არაა, როგორ უნდა უჩივლო? დიასპორა, გუბერნიის სამსახური, გამგეობა, ყველა ჩავრთეთ ამ საკითხის მოგვარებაში. ჩვენი ინფორმაციით, ხვალ უნდა გადაიხადოს”, – ამბობს “ბათუმელებთან” საქართველოს გენერალური კონსული ტრაპიზონში ავთანდილ მიქაცაძე.

საკონსულოს ინფორმაციით, საქმეს სამართლებრივი მსვლელობა იმიტომ ვერ მიეცა, რომ სიტყვიერი შეთანხმების გარდა, საქართველოს მოქალაქეებს ხელთ არაფერი აქვთ. უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზევე შეუძლიათ მიიღონ ორენოვანი კონტრაქტის ნიმუში, შეავსონ და ლეგალურად დასაქმდნენ.

ავთანდილ მიქაცაძე თურქეთში დროებით სამუშაოზე წამსვლელებს მოუწოდებს, აუცილებლად აიღონ ლეგალურად დასაქმების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი საბაჟოზე ან შეავსონ სათანადო დოკუმენტები ელექტრონულად.

დარეგისტრირება უფასოა.

„მიუხედავად ჩვენ მიერ გამართული ფართო განმარტებითი კამპანიისა მასმედიის საშუალებებით, საქართველოს მოქალაქეთა ძირითადი ნაწილი კვლავ იგნორირებას უკეთებს ჩვენს თხოვნებს და დასაქმებულნი არიან კონტრაქტის გარეშე, რაც ხელს უშლის გენერალურ საკონსულოს იმოქმედოს სამართლებრივი გზებით, ჩვენი მოქალაქეთა კანონიერი უფლებების დაცვის კუთხით,“ – უთხრა „ბათუმელებს“ საქართველოს გენერალურმა კონსულმა ტრაპიზონში ავთანდილ მიქაცაძემ.

მისივე თქმით, გასულ წელს მსგავს მდგომარეობაში საქართველოს 144 მოქალაქე აღმოჩნდა.

ამავე თემაზე:

ახალი კანონი მათთვის, ვინც თურქეთში სეზონურად მუშაობს – დამსაქმებელი ვეღარ მოგატყუებთ

 

 

აჭარის რომელ სოფლებში გაითიშება 5 სექტემბერს ელექტროენერგია

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ხვალ, 5 სექტემბერს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

[checklist]

  • ქობულეთში დილის 11:00-დან 19:00 საათამდე, მონაცვლეობით 2735 აბონენტს
  • ცეცხლაურში, წყავროკაში, ოჩხამურში, ლეღვაში, ჭახათში, გვარაში, ხუცუბანში, კოხში, კვირიკესა და მიმდებარე სოფლებს
  • ხელვაჩაურში 12-დან 15 საათამდე 307 აბონენტს კახაბრის, მეჯინისწყლის, მახვილაურის, აეროპორტისა და დაბა ხელვაჩაურის დასახლებების ნაწილში
  • ქედის მუნიციპალიტეტში: წონიარისში, ხარაულაში, ჯალაბაშვილებში, ახოში, კოკოტაურსა და მიმდებარე სოფლებს
  • შუახევის მუნიციპალიტეტში 10-დან 19 საათამდე მონაცვლეობით 1977 აბონენტს სოფლებში: ჭვანაში, ბარათაულში, ცხემლისში, ჟანივრსა და მიმდებარე სოფლებს
  • ხულოში 8-დან 20 საათამდე 5170 აბონენტს სოფლებში: კორტოხში, დანისპარაულში, დეკანაშვილებში, უჩხოში, კალოთაში, თხილვანაში, გორგაძეებში, ღურტაში, ვერნებში, კვატიასა და მიმდებარე სოფლებში. ასევე მთებში: ლეკიძირში, ღმაჭალაში, შუამთასა და მიმდებარე მთებში.

[/checklist]

კომპანიის ინფორმაციით, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოებია და სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

პოლიეთილენის ბოთლები მდინარე მეჯინისწყალში [ფოტოამბავი]

დღეს, 4 სექტემბერს, შპს „სანდასუფთავებამ“ მდინარე მეჯინისწყლის კალაპოტი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდა. სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. შპს „სანდასუფთავების“ თანამშრომლებმა მდინარის ნაპირებიდან და კალაპოტიდან პოლიეთილენის ბოთლები და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენები ამოიღეს.

ფოტო: შპს სანდასუფთავება
ფოტო: შპს სანდასუფთავება
ფოტო: შპს სანდასუფთავება

„Agro Batumi 2018“ 12-14 ოქტომბერს გაიმართება

2018 წლის 12-14 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში, სპორტულ ცენტრში, კომპანია „GEONET EXPO–ს“ ორგანიზებით გაიმართება მე-8 საერთაშორისო აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების გამოფენა-გაყიდვა „Agro Batumi 2018“.

GEONET EXPO საქართველოში ერთ-ერთი პირველი საგამოფენო .კომპანიაა მისი ძირითადი მიზანი ბათუმში საერთაშორისო გამოფენის ორგანიზებაა. „Agro Batumi 2018“ ფართო მასშტაბის მატარებელია, ის წლიდან წლამდე უფრო მიმზიდველი და ეფექტური ხდება.

გამოფენაში მონაწილე კომპანიები სამი დღის განმავლობაში საკუთარ პროდუქციას მომხმარებლებს გააცნობენ და ამავდროულად რეკლამირებასაც გაუწევენ. მონაწილეებს საშუალება ექნებათ, დაამყარონ ახალი კონტაქტები და გააფორმონ თანამშრომლობის მემორანდუმი.

სირიის, რუსეთისა და ირანის ახალი სამიზნე იდლიბის პროვინცია ხდება – ტრამპი მათ აფრთხილებს

სირიის არმიის შემდეგი სამიზნე არის ოპოზიციური ძალების უკანასკნელი დიდი დასახლება იდლიბი, რომელიც მდებარეობს თურქეთის მეზობლად. იდლიბს სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რეგიონის ბევრი ქვეყნისთვის.

იდლიბში სამხედრო ოპერაციების საკითხი განიხილება 7 სექტემბერს ირანში ირანის პრეზიდენტ ჰასან რუჰანის, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით დაგეგმილ სამიტზე.

როგორც თურქული მედია ბი-ბი-სი ნიუსი წერს, ექსპერტების მოსაზრებით, იდლიბში სამხედრო ოპერაცია სირიაში 2011 წელს დაწყებული სამოქალაქო ომის ერთ-ერთი გარდამტეხი წერტილი იქნება. იდლიბის ბანაკებში დაახლოებით სამი მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ იდლიბში სამხედრო ოპერაციების დაწყება გამოიწვევს მიგრაციის ახალ ტალღას. გაერო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ეს “ბოლო წლების ყველაზე დიდი ადამიანური კრიზისი შეიძლება იყოს”.

რუსეთი და სირია კი აცხადებენ, რომ რეგიონი “ტერორისტებისგან უნდა გაიწმინდოს”.

თურქული მედია წერს, რომ ემიგრანტთა ტალღისა და ჰუმანიტარული კრიზისის რეალური საფრთხის გამო თურქეთი ეწინააღმდეგება იდლიბში სამხედრო ოპერაციების ჩატარებას.

დაიწყება თუ არა იდლიბში სამხედრო ოპერაციები?

სირიის არმია რუსეთის მხარდაჭერით ფართომასშტაბიანი ოპერაციების ჩატარებისთვის ემზადება, რათა იდლიბი ოპონენტებისგან გაათავისუფლოს.  

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა სოციალური მედიის მეშვეობით. „სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი იდლიბის პროვინციას დაუფიქრებლად არ უნდა დაესხას თავს. რუსები და ირანელები მძიმე ჰუმანიტარულ შეცდომას დაუშვებენ პოტენციურ ადამიანურ ტრაგედიაში მონაწილეობით. ასობით ათასი ადამიანი შეიძლება დაიღუპოს. ეს დაუშვებელია!“ – წერს დონალდ ტრაპი თავის ტვიტერის გვერდზე.

სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს დაქვემდებარებული სამხედრო ძალები იდლიბში სახმელეთო ოპერაციებს ირანის, საჰაეროს კი – რუსეთის მხარდაჭერით გეგავს. ამ ვითარების ფონზე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლიმ თქვა, რომ “სამხედრო ჩარევა კატასტროფული იქნება”. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი, აგვისტოს ბოლოს იდლიბში არსებულ ოპოზიციონერებს „ტერორისტები“ უწოდა და დასავლეთს მოუწოდა, რომ “ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ხელი არ შეუშალონ.”  

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რეგიონში სამხედრო ძალების გადაადგილებას ჰქონდა ადგილი. თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა იდლიბის 12 სადამკვირვებლო პუნქტში დამატებითი ძალები გააგზავნა. ასევე ბი-ბი-სი ნიუსი რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით სამხედრო გემები განალაგა.

თურქული ინტერნეტპორტალი „ჯუმჰურიეთი“ 7 სექტემბერს დაგეგმილ სამიტთან დაკავშირებით ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერ ბეხრამ კასიმის განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სამმხრივ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება თეირანში, განიხილება სირიის საკითხი. „ჩვენი მიზანია სირიაში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება და მშვიდობის დაბრუნება ამ ქვეყანაში. მე ვფიქრობ, რომ სამიტის მოლაპარაკებები რეგიონის ქვეყნებისთვის, სირიელი ხალხისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის სასარგებლო იქნება,” – ნათქვამია კასიმის განცხადებაში.

ავტორი: აიდან იუსუბოვა

ძალადობაში ბრალდებული კაცის დედა: უმიზეზოდ არ დაარტყამდა ჩემი შვილი ქალს

„თავს სრულად დამნაშავედ მივიჩნევ,“ – მიმართა მოსამართლე ლევან გელოვანს ბრალდებულმა. პროკურატურა ომარ ჯ-ს არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ცოლზე ძალადობას ედავება არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით.

ბრალდებული ერთ-ერთი რეგიონიდანაა. ის ცოლს ბათუმში ეჩხუბა, ნათესავის ოჯახში სტუმრად ყოფნის დროს. გამოძიების ვერსიით, ომარმა სუფრასთან ცოლს სახეში რამდენჯერმე გაარტყა ხელი, რითაც ქალს ფიზიკური ტკივილი მიადგა. პოლიციას ძალადობის თვითმხილველმა მასპინძლებმა დაურეკეს.

განსხვავებული ვერსია აქვთ ბრალდებულის ახლობლებს. ისინი შემთხვევას არ შესწრებიან, თუმცა სჯერათ, რომ „დამნაშავე ქალი იქნება“.

„უმიზეზოდ არ დაარტყამდა ჩემი შვილი ქალს, თანაც როგორ უყვარდა… კარგად გაზრდილი შვილი მყავს მე,“ – გვითხრა ბრალდებულის დედამ. მისი თქმით, ამას ის ადასტურებს, რომ ქალი შემთხვევის შემდეგ გაუჩინარდა.

„ვეღარ ნახულობს ვერავინ, მისცა ჩვენება გამომძიებლებს და წავიდა… თუ მართალი იყო, რატომ დაიკარგა?“ – კითხულობს ბრალდებულის დედა.

დაზარალებული ქალის ჩვენება რომ მნიშვნელოვანია, ამას ბრალდებულის ადვოკატი – ბიძინა ბერიძეც ამბობს. ის სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტია. ადვოკატი განმარტავს, რომ ოჯახში ძალადობის საქმეზე პროკურატურა, ბრალის აღიარების მიუხედავად, საპროცესო შეთანხმებას აღარ აფორმებს, მოსამართლე კი, მხოლოდ პირობით მსჯავრს ბრალდებულს ვერ შეუფარდეს, თუკი დაზარალებული პატიების მომხრე არ არის.

დაზარალებული ქალის პოზიცია ამ დროისთვის უცნობია.

მოსამართლე ლევან გელოვანმა ბრალდებულს უთხრა, რომ ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200-დან 400 საათამდე, ან ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. ომარ ჯ. წინასწარ პატიმრობაშია.

ბრალის სრულად აღიარების მიუხედავად, დაცვის მხარემ სადავოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება, რაც ამ საქმეზე პროკურატურამ წარმოადგინა. ასეთ შემთხვევაში, მოსამართლემ ყველა მოწმის ჩვენება უნდა მოისმინოს.

„თქვენი აზრით, როგორ უნდა დაისაჯოს ომარ ჯ. თუ დადასტურდება, რომ ის დამნაშავეა?“ – ვკითხეთ ბრალდებულის დედას სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

„არ უნდა დაისაჯოს საერთოდ,“ – გვითხრა ბრალდებულის დედამ. -„მისი გაჭირვება ეყოფა მაგას. ოჯახი დაანგრევია მაგან ჩემს შვილს და ისე გაყვა, საერთო შვილიც არ ჰყავთ. ეტყობა, გააღიზიანა რაღაცაზე და ეს იყო, არ ვიცი“.

 

 

 

ბადრაგის სამსახური პატიმრების მიყვანას აგვიანებს – სასამართლოს ხელი ეშლება

“ეს ძალიან რთულ მდგომარეობაში აგდებს სასამართლოს,” – აღნიშნა დღევანდელ პროცესზე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა. მას ბაკერ ალფარესის საქმის განხილვის გადადება ბრალდებულის გამოუცხადებლობის გამო მოუხდა.

“შეგვატყობინეს, რომ ბადრაგირების ავტომანქანა ლანჩხუთშია ამჟამად. საათ-ნახევარი მაინც დააგვიანდებათ,” – თქვა მოსამართლემ და განმარტა, რომ დღის განმავლობაში თითოეულ მოსამართლეს რამდენიმე საქმე აქვს ჩანიშნული, საქმის გადადება კი პროცესის გაჭიანურებას იწვევს.

მოსამართლემ დასძინა ისიც, რომ სასამართლო სხდომის შესახებ წინასწარ ინფორმირებულია ყველა მხარე.

საქმის გადადება ბრალდებულის დაგვიანების გამო მოუწია მოსამართლე დავით მამისეიშვილსაც. მას ქურდობის საქმის განხილვა 12 საათზე უნდა დაეწყო.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ბადრაგირების სამსახური სასამართლოში მისვლას აგვიანებს. აღნიშნულ პროცესებზე პატიმრები ქუთაისში მდებარე ციხიდან უნდა გადმოეყვანათ.

რის გამო დაიგვიანა და რატომ აქვს ბადრაგირების სამსახურს სასამართლოში დროულად მისვლის პრობლემა? – იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გვითხრეს, რომ პროცესების სიმრავლის გამო აგვიანებს საბადრაგო სამსახური სასამართლოში.

„საბადრაგო სამსახური მთელი დატვირთვით მუშაობას შეუდგა დილიდანვე, თუმცა პროცესების სიმრავლისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადამიანური რესურსის გათვალისწინებით, პატიმრების  ბათუმში გადაყვანა მცირე დროით დაგვიანდა, რის შესახებაც ბათუმის საქალაქო სასამართლო წინასწარ იყო ინფორმირებული,“ – მოგვწერეს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან.

„მცირე დროდ“ სამინისტრო საათ-ნახევრით დაგვიანებას მიიჩნევს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრესცენტრში ვერ განგვიმარტეს, რით არის გამოწვეული, ზოგადად, საბადრაგო სამსახურის სასამართლო პროცესებზე პერიოდულად დაგვიანება.

როდის იწყებს მერია ძველი ბათუმის ეზოების კომერციალიზაციის პროექტს

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ათი სახასიათო ეზოს კომერციალიზაციის პროექტი ბათუმის მერიას სექტემბრის ბოლომდე უნდა წარუდგინოს. ამის შემდეგ კი მერია გადაწყვეტს, დააფინანსებს თუ არა მიწოდებულ ბიზნესიდეებს. კვლევის მოსამზადებლად მერიამ 20 000 ლარი გამოყო, სამუშაოს შესრულება შპს „განვითარების აკადემიას“ დაუკვეთეს. კომპანიამ ელექტრონულ ტენდერზე მომსახურების საფასური 19 200 ლარამდე შეამცირა.

კომპანიის გამგეობის წევრის, რამინ გვარიშვილის ინფორმაციით, კვლევა თითქმის დასრულებულია და შედეგებს  მერიას დაახლოებით 25 სექტემბერს გადაუგზავნიან.

ძველი ბათუმის ეზოებში თითოეულ შერჩეულ პროექტს მერია 10 000 ლარით დააფინანსებს – ეს იდეა ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ ძველი ბათუმის განაშენიანების რეგულაციებთან დაკავშირებულ ერთ-ერთ შეხვედრაზე გაახმოვანა. მერი ამ პროექტს განიხილავს, როგორც ერთ-ერთ საშუალებას ძველ ბათუმში არსებული ინფრასტრუქტურის შესანარჩუნებლად.

შესყიდვის პირობის მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიას უნდა მოემზადებინა ეზოების პოტენციალის კვლევა მცირე ბიზნესის განვითარების მიმართულებით, ბათუმის ისტორიული განაშენიანების საზღვრებში შეერჩია სახასიათო, განსაკუთრებული მდებარეობის, არქიტექტურის, ისტორიის, ტურისტებისთვის საინტერესო ელემენტების მქონე ეზოები. შეესწავლა ეზოების ინფრასტრუქტურა, ასევე ეზოებთან დაკავშირებული ისტორიული მონაცემები.

მერიასთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას ასევე ევალებოდა  ეზოში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეთანხმება:

მიმწოდებელი შეისწავლის, არსებობს თუ არა ეზოში ამხანაგობა, რამდენად არიან მზად ამხანაგობის წევრები ერთობლივი ბიზნესის დასაწყებად და შემსყიდველს წარუდგენს ამხანაგობის შესაბამის წერილობით გადაწყვეტილებას (თანხმობას). იმ შეთხვევაში, თუ ამხანაგობა არ არსებობს, მიმწოდებელმა ორგანიზება უნდა გაუწიოს ამხანაგობის ჩამოყალიბების პროცესს; ასევე, ეზოებში მცირე (მიკრო) ბიზნესის განვითარების მოდელების მომზადებას.
ა) ეზოების სახასიათო შტრიხების და არსებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობის გათვალისწინებით, ამხანაგობასთან შეთანხმებით, კონკრეტული მცირე ბიზნესის განვითარების მოდელების მომზადებას;
ბ) ბიზნესის განვითარების მოდელების შესაბამისად, ეზოების ვიზუალური გაუმჯობესების დიზაინების შემუშავებას;

რამინ გვარიშვილის ინფორმაციით, ათი ეზო უკვე შერჩეულია, თითქმის დასრულებულია ბიზნესიდეების პროექტების მოდელების მომზადებაც, იდეები ეზოების ისტორიების მიხედვით გაჩნდა:

„მაგალითად არის ეზოები, რომლებიც გამოირჩეოდა ყვავილნარით, ამ თემაზე მოვამზადეთ ეზოს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მცირე ესკიზი და ამ ესკიზის შესაბამისად მოვამზადეთ კაფეს მოწყობის პროექტი. ძირითადად, კაფეს ინფრასტრუქტურას მოვიაზრებთ, რადგან პროექტებმა შემდეგ ამხანაგობებს შემოსავალი უნდა მოუტანოს. არის ეზო, რომელსაც ჰქონდა მარანი და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი მოვუმზადეთ, ამ ეზოში შეიძლება იყოს ღვინის სადეგუსტაციო სივრცე და ასე შემდეგ… ძირითადად, საუბარია ისეთი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, რომელიც საინტერესო იქნება როგორც ბათუმელებისთვის, ასევე ტურისტისათვის“, – ამბობს რამინ გვარიშვილი.

 

 

 

 

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას ირაკლი ჯინჭარაძე უხელმძღვანელებს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სსიპ „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციას მოქმედი მოადგილე ირაკლი ჯინჭარაძე უხელმძღვანელებს. ის ამ თანამდებობის დასაკავებლად მთავრობის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდა და როგორც თვითონ გვითხრა, მეორე ეტაპის წარმატებით გავლის შესახებ შეტყობინებაც მიიღო:

„…თუმცა ამ დროისთვის არ მაქვს ინფორმაცია მთავრობის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა თუ არა ბრძანებას ჩემი დანიშვნის თაობაზე“, – გვითხრა მან სატელეფონო საუბარში.

ირაკლი ჯინჭარაძე პროფესიით იურისტ-ეკონომისტია. „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე 2017 წლის დეკემბრიდან მუშაობს, მანამდე ის ა (ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის“ შესყიდვების კოორდინატორი იყო, შემდეგ კი იმავე თანამდებობაზე „ჰიგიენა-2009“-ში გადაიყვანეს, საიდანაც „აჭარის სატყეო სააგენტოში“ შესყიდვების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე გადავიდა.

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, თანამდებობა დატოვა ბულვარის ადმინისტრაციის უფროსმა ეთერ მაჭუტაძემ. ამის შემდეგ მთავრობამ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კონკურსში ორმოცზე მეტი პირი მონაწილეობდა, აქედან მეორე ეტაპზე შვიდი გადავიდა.

მთავრობამ არჩევანი ირაკლი ჯინჭარაძეზე შეაჩერა.

ირაკლი ჯინჭარაძის დანიშვნის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური, ჯერჯერობით, არ ადასტურებს.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალში

აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა.

ფესტივალის განმავლობაში, დღის პირველ ნახევარში, დაგეგმილია გასვლითი გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე – ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი, ნავსადგური და კოლხეთის ეროვნული პარკი.

ფესტივალში ჩართვა, გასვლით ტურებში მონაწილეობა და ლექციებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს ელექტრონული რეგისტრაციით შეუძლია.

გასვლითი ტურები: 6, 7, 8 სექტემბერს პლატფორმებსა და ფრინველებზე დაკვირვების ლოკაციებზე ორგანიზებული გასვლა ტრანსპორტით, ბინოკლებით და გიდით იქნება უზრუნველყოფილი.

პრეზენტაციებსა და ლექციებს შეგიძლიათ დაესწროთ სასტუმრო   ”ოაზისში”, 20:00 საათზე. საღამოს პრეზენტაციებზე დასასწრებად კი, ტრანსპორტირება შვიდივე დღის განმავლობაში იქნება უფასო. გამგზავრება – ბულვარის ტურისტული-საინფორმაციო ცენტრიდან.

დღის ბოლოს კი, სასტუმრო “ოაზისში” ლექციებსა და პრეზენტაციებს გამართავენ მოწვეული უცხოელი და ქართველი სპეციალისტები.

 

შსს: ბათუმში დაკავებულია ყოფილი სიძის დაჭრაში ბრალდებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1961 წელს დაბადებული ი.ქ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებულის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 25 აგვისტოს ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ცეცხლსასროლი იარაღით ყოფილი სიძე, 1991 წელს დაბადებული ნ.დ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ი.ქ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ბათუმში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 19-108 და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

________

ფოტო: შს სამინისტრო 

ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე, სატრანსპორტო მოძრაობა ერთი თვით შეჩერდება

მერიის ინფორმაციით, ერთი თვის განმავლობაში (5 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე) გოგოლის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება.

მოძრაობის შეზღუდვა უკავშირდება კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას.

„სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შესაძლებელი იქნება შემოვლითი გზით – მაიაკოვსკის, ნონეშვილისა და შინდისის ქუჩების გავლით და პირიქით.

აღნიშნული შეზღუდვა პროექტის მესამე ფაზის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს უკავშირდება. გოგოლის ქუჩაზე ხორციელდება წყალარინების 400 მმ საწნევო მილის მოწყობა, რომლის საშუალებითაც თამარისა და ბარცხანის დასახლების წყალარინების ქსელი დაუკავშირდება ადლიის წყალარინების გამწმენდ ნაგებობას სატუმბი სადგურების გავლით“.

 

რას ირჩევენ გოგოები აჭარის მთაში

„მაღალმთიანეთში მცხოვრები ქალების მხსნელები შვილები არიან. შვილები, რომლებმაც განათლება მიიღეს, ახლა ვალდებულნი არიან, თავიანთ დედებს დაეხმარონ,” – ასე მიიჩნევენ ზემო აჭარაში მცხოვრები გოგოები. ახლა გოგოები გამოწვევის წინაშე დგანან – ისინი იბრძვიან დამოუკიდებლობისთვის, ხარისხიანი, მათთვის სასურველი განათლებისათვის, დასაქმებისათვის. გოგოებს მიაჩნიათ, რომ განათლება ერთგვარი თავდაცვის საშუალებაა, რომ განათლების გარეშე ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევენ და ვერ განვითარდებიან.

ნახეთ ხუთი გოგოს ისტორია. სამმა ჯერ ზუსტად არ იცის, რა პროფესიას აირჩევს, ერთმა უნივერსიტეტი დაამთავრა და სამსახურს ეძებს, ერთიც სტუდენტია და ცდილობს ცხოვრებაში საკუთარი გზა იპოვოს.

ნესტან ანანიძე ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ნესტან ანანიძე, 19 წლის:

„ჩემს ოჯახში ბებიაჩემს და დედაჩემს არ მიუღიათ უმაღლესი განათლება. ვფიქრობ, ეს ფაქტორი დაეხმარა დედაჩემს, კარგად გაეანალიზებინა რამდენად მნიშვნელოვანია განათლება ქალისთვის, იმისთვის, რომ ჰქონდეს დამოუკიდებელი ცხოვრება, დამოუკიდებელი შემოსავალი და საკუთარი აზრი. ყველაფერი გააკეთა, რომ მის ოთხივე გოგო შვილს – მე და ჩემს დებს, განათლება მიგვეღო.

მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ წარმატებული ვყოფილიყავი, კარგად მესწავლა. ის, რაც დედაჩემს დააკლდა განათლების მხრივ, ჩემში ჩადო. უნივერსიტეტში პროფესიის არჩევის მხრივაც არავის შევუზღუდივარ. თსუ-ში ჩავაბარე იურიდიულ ფაკულტეტზე.

განათლება არ არის მხოლოდ წიგნების წაკითხვა და გაზეპირება. განათლება ქალს ეხმარება თუნდაც იმაში, რომ არავისზე დამოკიდებული არ იყოს. თუნდაც თავი რომ დაიცვას და  არავის დააჩაგვრინოს. პროფესიის მხრივ წარმატებული და განათლებული ქალი ოჯახშიც დაფასებული იქნება.

სწორედ ამ მიზნისკენ მივდივარ მეც. მინდა ჩემი გზა ვიპოვო ამ ქვეყანაში. მაღალმთიან აჭარაში განათლება პრობლემურია. კი, ჩვენს თაობაში ყველას აქვს განათლების მიღების შანსი. ჩემს თაობაში ყველა  ცდილობს უმაღლესი განათლება მიიღოს. ყველა მშობელი ორიენტირებულია, რომ თავის გოგო შვილს და არამარტო  ბიჭს მისცეს განათლება, თუმცა აქ უკვე ხარისხზეა საქმე. ყველა თვლის, რომ უნდა იყოს უმაღლესდამთავრებული და დიპლომი ჰქონდეს, მაგრამ ეს რეალურად არ ნიშნავს განათლებას.

ხშირად გოგოებს აიძულებენ იმ პროფესიაზე ჩააბარონ, რომელიც არ უნდათ და არ აინტერესებთ. ოჯახი უწყვეტს, რაზე ისწავლოს. ასეთი განათლების მიღება გოგოს საკუთარ თავს ვერ აპოვნინებს. ჩვენ სწორედ იმიტომ ვიღებთ განათლებას, რომ ჩვენი თავი ვიპოვოთ.

გადაწყვეტილი მაქვს სისხლის სამართლის მიმართულებით წავიდე. არაერთი შემთხვევა გამიგია და მეც ხშირად ვყოფილვარ მამაკაცების მხრიდან ზეწოლის მსხვერპლი. ვთვლი, რომ თუ ვიქნები იურისტი, ასე უფრო დავეხმარები ქალებს, რათა თავი დაიცვან. რა თქმა უნდა, დავბრუნდები ხულოშიც. სწორედ ამიტომ წავედი თბილისში სასწავლებლად, რომ უკან დავბრუნდე და აქაურ ქალებს და არამარტო, დავეხმარო რომ გაძლიერდნენ და ისწავლონ თავის დაცვა.

ქალებს აქ არ აქვთ საშუალება, რომ ოჯახს გარეთ გაიხედონ. მათი ერთადერთი საზრუნავია ოჯახი, ოჯახი და ოჯახი. არ აქვთ ჰობის ქონის უფლება. აქაური ქალები არიან ძალიან ნიჭიერები, მაგრამ შეზღუდული არიან საზოგადოების მხრიდან. არ აქვთ საშუალება, საკუთარი თავი გამოსცადონ იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც აქვთ უნარები. მხოლოდ შვილები, ოჯახის შემოსავალი, ქმარი და ა.შ. აქაურ ქალებს უფრო მეტი შეუძლიათ, ვიდრე მხოლოდ ოჯახის გაძღოლაა.

ვფიქრობ, მათი  ხსნა შვილებშია, რომლებსაც დაახარჯეს თავიანთი  ენერგია და წლები.  შვილები აუცილებლად უნდა დაეხმარონ თავიანთ მშობლებს, რომ აღარ იყვნენ ისე შეზღუდულები და იყვნენ თავისუფლები. შვილები უნდა დაეხმარონ იმაში, რომ იმ განათლებით, რომელიც მიიღეს, დარჩენილი ცხოვრება გაულამაზონ“.

თინიკო ზოსიძე ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

თინიკო ზოსიძე, 15 წლის:

„მეათე კლასში გადავედი წელს, 15 წლის ვარ და ვსწავლობ შუახევში, ჯაბნიძეების საჯარო სკოლაში. სასკოლო საგნებიდან ყველაზე მეტად ქართული მომწონს. შეიძლება ითქვას, რომ კარგად ვსწავლობ. გატაცებული ვარ ცეკვით, მინდა მოცეკვავე გამოვიდე. რა მინდა იცით? სახელგანთქმული რომ გავხდე. ამაში განათლება დამეხმარება.

ჩემს თანატოლებს მინდა ვუთხრა, რომ არ გათხოვდნენ,  სჯობს ჯერ ისწავლონ. მაგალითად, ახლა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწავლაა. საზღვარგარეთ მინდა წასვლა სასწავლებლად“.

თამთა თავართქილაძე  ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 თამთა თავართქილაძე, 17 წლის:

„მეთორმეტე კლასში ვარ, აბიტურიენტი. ვცხოვრობ ხულოში. პირველივე კლასიდან ვიცოდი, რომ ჩემი მომავალი დაკავშირებული იქნებოდა საუნივერსიტეტო ცხოვრებასთან და აუცილებლად უნდა მიმეღო უმაღლესი განათლება. ეს საფუძველი ოჯახიდან მოდიოდა, ყველას აქვს უმაღლესი განათლება.

ვიცი, რომ განათლების გარეშე ვერაფერს მივაღწევ, გზას ვერ გავიკვალავ. ჯერ პროფესია არჩეული არ მაქვს, მაგრამ, ალბათ, ისეთ სფეროს ავირჩევ, რომელიც მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნისთვის. ჩემს კლასში ვართ 40-მდე ბავშვი და მინიმუმ 35 მაინც აპირებს უნივერსიტეტში ჩაბარებას. სხვები კოლეჯს ირჩევენ. არავინ არ აპირებს დარჩეს სწავლის გარეშე.

მე, პირადად, არ შევსწრებივარ, მაგრამ გამიგია ამბები, თუ როგორ გაათხოვეს ადრეულ ასაკში გოგოები და ამით წაართვეს განათლების უფლება.

ხულოში ერთადერთი ადგილი, სადაც შეგვიძლია შევიკრიბოთ და საინტერესოდ გავატაროთ დრო, არის ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკა კარგად მუშაობს და ცდილობს შეგვკრას მთელი რაიონის ბავშვები. ბიბლიოთეკა დაკეტილი რომ იყოს, სად უნდა წავიდეთ, არ ვიცი“.

ზეინაბ ვახტანგიძე ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ზეინაბ ვახტანგიძე, 13 წლის:

„13 წლის ვარ. წელს მერვე კლასში გადავედი. ყოველ ზაფხულს მთაში ვატარებ. აქ ბებოსთან ერთად ამოვდივარ. თითქმის ყველა საოჯახო საქმეში ვეხმარები. მე და ბებო შრომას ვინაწილებთ. კარგად ვსწავლობ ქართულს და ისტორიას. ვიცი, რომ განათლებას მივიღებ, თუმცა ჯერ არ ვიცი რა პროფესიას ავირჩევ. ყველაზე მეტად სტილისტობა მომწონს.  შეიძლება სტილისტი გავხდე”.

გალინა ფუტკარაძე ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

გალინა ფუტკარაძე, 23 წლის:

„საშუალო განათლება შუახევში, შუბნის საჯარო სკოლაში მივიღე. კლასში 10 ვიყავით. უმრავლესობამ უნივერსიტეტებში ჩავაბარეთ. ახლა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობ, მაგისტრატურის მეორე კურსზე ვარ. ბაკალავრიატი დავამთავრე ბიოლოგიის განხრით. მაგისტრატურაც ამ ხაზით გავაგრძელე, ბიომრავალფეროვნების მიმართულებით. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს სპეციალობა, ძალიან მიყვარს და სულ ვამბობ – კიდევ ერთხელ რომ მომიწიოს ჩაბარება უნივერსიტეტში, ისევ ბიოლოგიაზე ჩავაბარებ-მეთქი. ბიოლოგიის მიმართ ინტერესი ჩემი პედაგოგის დამსახურებაა. ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ საგანი შემყვარებოდა.

მაღალმთიანეთში ვცხოვრობთ, მაგრამ ჩვენი სკოლა ძალიან კარგი სკოლაა. საკმაოდ ძლიერი და გამოცდილი პედაგოგებიც გვყავს. უნივერსიტეტში ისე ჩავაბარე, რეპეტიტორთან არ მივლია, ჩემით ვმეცადინეობდი და ისე გავხდი სტუდენტი. უმრავლესობა ჩვენი სოფლიდან ასე აბარებს ეროვნულ გამოცდებს. დამატებით მასწავლებელთან არავინ დადის სამეცადინოდ.

წელს მაგისტრატურასაც ვამთავრებ, მაგრამ ჯერ არ ვიცი, სად და როგორ ვიპოვი სამსახურს. ბოტანიკურ ბაღში, გარემოს დაცვაში, სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ლაბორატორებში შემიძლია ვიმუშაო. ბევრჯერ გავაგზავნე „სივი“, მაგრამ პასუხი ყოველთვის იყო – „ამჟამად არ გვაქვს ვაკანსია“. ორთვიანი სტაჟირება გავიარე ბოტანიკურ ბაღში, გარემოს დაცვის სამმართველოში ვიყავი სტაჟირებაზე სამი თვე. სულ ვცდილობ განვვითარდე და კარგი სპეციალისტი გავხდე.

ჯერჯერობით იმედს არ ვკარგავ, რომ  ჩემი პროფესიით დავსაქმდები. იმიტომ ვარ ამ წუთას სოფელში, რომ არ მინდა სხვა მიმართულებით ვიმუშაო – მარკეტში ან სადმე კონსულტანტად. ვსწავლობ ამდენს და აუცილებლად ჩემი პროფესიით უნდა ვიმუშაო. ჩემთვის, ჩემი მომავლისთვის  დასაქმება უმნიშვნელოვანესია”.

საზოგადოებრივი მაუწყებელი 45-მილიონიანი სესხის აღებას გეგმავს – სამეურვე საბჭო თანახმაა

საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტექნიკური გადაიარაღების მიზნით, 45 მილიონი ლარის კრედიტის აღებას გეგმავს. ამის თაობაზე საზოგადობრივი მაუწყებლის დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ სამეურვეო საბჭოს მიმართა. მისივე ინფორმაციით [განცხადება სამეურვეო საბჭოს სხდომაზე], საზოგადოებრივ მაუწყებელს სესხი ტექნიკური გადაიარაღებისთვის სჭირდება.

ამ საკითხზე სამეურვეო საბჭომ იმსჯელა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს თანხმობა მისცა: „ფინანსური რესურსის მოსაზიდად აიღოს სესხი და დაიწყოს შესაბამისი პროცედურები. “

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრმა ბესო ლილუაშვილმა „ბათუმელებს“ განუმარტა, რომ სეხის აღებაზე ბორდს ჯერ თანხმობა არ მიუცია და მენეჯმენტმა თანხმობა მიიღო მხოლოდ შესაბამისი პროცედურების წამოწყებაზე, რომ შემდგომში ბორდს უფრო დეტალური წინადადება წარუდგინოს. ამის თაობაზე ბორდის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის წარმომადგენელმაც ისაუბრა: „…შემდგომი ყველა ნაბიჯი, სესხის მოცულობა, ვადები, საპროცენტო განაკვეთი… უნდა შეთანხმდეს თქვენთან, ახლა გვჭირდება თანხმობა, რომ დირექტორმა დაიწყოს შესაბამისი პროცედურები“.

თუმცა, გადაწყვეტილების მიხედვით, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და რომელსაც ბორდის წევრები აწერენ ხელს, ნათქვამია, რომ საზმაუს მენეჯმენტს შეუძლია აიღოს სესხი ტექნიკური გადაიარაღებისთვის და დაიწყოს შესაბამისი პროცედურები.

 

დოკუმენტს ხელს მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ცხრა წევრიდან მხოლოდ ორი არ აწერს ხელს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი იმ შენობის გაყიდვას გეგმავს, რომელშიც ამ დროისთვის მაუწყებელი ფუნქციონირებს. სხდომაზე ითქვა, რომ შენობის გაყიდვის შემდეგ მიღებულ შემოსავალს საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი შენობის ასაშენებლად გამოიყენებს, სესხს კი ტექნიკური გადაიარაღებისთვის – ეს ყველაფერი კი მენეჯმენტს საშუალებას მისცემს 2022 წელს სულ სხვა, ახალი ტელევიზია მიიღოს.

მენეჯმენტში მიიჩნევენ, რომ ამ ორი კომპონენტის ცალ-ცალკე განხორციელებას აზრი არ ექნებოდა: „საუბარია ერთბაშად, მთლიანად სრულ განახლებაზე.“

სესხის აღებასთან დაკავშირებულ საკითხზე მსჯელობისას სხდომა ნაწილობრივ დახურეს,  საზმაუს დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ „კამერის გარეშე საუბარი“ კომერციული დეტალების განსახილველად მოითხოვა, რასაც ბორდიც დაეთანხმა.

2018 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი ხუთი მილიონით გაიზარდა და 52 მილიონი ლარია.

სესხის აღების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ სამეურვეო საბჭომ  2018 წლის 2 აგვისტოს სხდომაზე იმსჯელა. 

 

 

თამბაქო მაღაზიის ვიტრინებზე უკვე დასჯადია – ჯარიმა 2 ათასი ლარი

როცა მაღაზიას ჩაუვლით, ვიტრინაზე რომელიმე მარკის სიგარეტის კოლოფი ვეღარ უნდა დაინახოთ. კანონში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ უკვე ამოქმედდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც „აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება: ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის გარედან…“

მაღაზიის ვიტრინაზე თამბაქოს დადება 2 ათასი ლარით ჯარიმდება. მაღაზიები ამ კუთხით ფინანსთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა უნდა გააკონტროლონ. განმეორების შემთხვევაში, მაღაზიის მესაკუთრეები ჯარიმის გაორმაგებულ ოდენობას გადაიხდიან.

„ობიექტზე გარედან, ვიტრინაზე აღარ უნდა ჩანდეს სიგარეტი… მაღაზიის ინტერიერში, შიგნით მდებარე დახლებზე შესაძლებელია ჩანდეს თამბაქო. ამ კუთხითაც არის განსაზღვრული კანონში აკრძალვა, მაგრამ იგი 2021 წლიდან ამოქმედდება,“ – განმარტავს „იურიდიული მრჩევლის“ იურისტი, გიორგი ხიმშიაშვილი.

ორი ათასი ლარით დაჯარიმდება თამბაქოს ინტერნეტით ან ფოსტით რეალიზებაც. გიორგი ხიმშიაშვილის თქმით, მოქალაქეს ინტერნეტით თამბაქოს ნაწარმის გამოწერის უფლება ისევ ექნება, ინტერნეტის ან ფოსტის გამოყენებით თამბაქოს გაყიდვა გახდა დასჯადი.

ჯარიმა ამოქმედდა თამბაქოს საცალო და ავტომატიზებული აპარატებიდან გაყიდვაზეც. სიგარეტის საცალო გაყიდვა 150 ლარით დაჯარიმდება, ავტომატიზებული აპარატებიდან კი – 200 ლარით.

 

ბათუმში, ნიჟარაძის ქუჩაზე, ღამით მოძრაობა შეიზღუდება

მერიის ინფორმაციით, ბათუმში, ნიჟარაძის ქუჩაზე (ბონი-გოროდოკის დასახლება), მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სატრანსპორტო მოძრაობა 21:00 საათიდან შეიზღუდება.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და ხელშეკრულების შესაბამისად, 2019 წლის ივნისში უნდა დასრულდეს. „სამუშაოების ღირებულება 1 მილიონ 533 ათას 99 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე ასფალტის საფარის პირველი ფენა იგება. სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება“.

ნიჟარაძის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ხვალ დილიდან აღდგება.

მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა ქალი რეანიმაციაშია

ბათუმში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა. სასწრაფოს ინფორმაციით, გამოძახება დაახლოებით 40 წუთის წინ მიიღეს. შემთხვევა ჯავახიშვილის ქუჩაზე მოხდა.

„ქალი თავდაპირველად კონტაქტური იყო, თუმცა შემდეგ მისი მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც ის საუნივერსიტეტო კლინიკაში (ბაუ) გადაიყვანეს. ამ დროისთვის დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაშია“, – გვეუბნებიან სასწრაფო დახმარების სამსახურში.

სასწრაფოს ინფორმაციით, დაშავებული ქალი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და საქართველოში ბინადრობის უფლებით ცხოვრობდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხობს.

 

„ანრის“ პროფესიული პროგრამების განხორციელების უფლება მიენიჭა

საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ „ანრის“ კიდევ ერთი დიდი გამარჯვება: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის  პირველი სექტემბრის გადაწყვეტილებით, შპს ბათუმის უმაღლეს საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ „ანრის“ მიენიჭა ორი პროფესიული მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის სრული უპირობო განხორციელების უფლება.

[checklist]

  • საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია
  • გემის სამანქანო განყოფილების ექსპლუატაცია

[/checklist]

„ანრი“ ულოცავს ყველას,  ვინც გულშემატკივრობდა და თავისი წვლილი შეიტანა მოდულური პროგრამების მომზადებასა და მიღწეულ წარმატებაში. ეს სასწავლებლის სრული პირადი შემადგენლობის დაუღალავი შრომის შედეგია.

შპს ბათუმის უმაღლეს საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ „ანრის“ ადმინისტრაცია მადლობას უხდის  სასწავლებლის თითოეულ თანამშრომელს და სტუდენტს  დაუღალავი შრომით მიღწეულ ამ შედეგისთვის და უსურვებს კიდევ უფრო მეტ წარმატებებს!

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელად რუსუდან შავიშვილი დაინიშნა

ახალი ხელმძღვანელი დღეს, 3 სექტემბერს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ წარადგინა.

სამინისტროს ინფორმაციით, რუსუდან შავიშვილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელად კონკურსის გზით დაინიშნა. ის მანამდე  ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ მუშაობდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელად აქამდე ნინო ნიჟარაძე მუშაობდა, აჭარის მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, ის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს.

რუსუდან შავიშვილი 2015-2018 წლებში იყო „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 2010“-ის სამედიცინო დირექტორი და კლინიკური მენეჯერი, ასევე მუშაობდა „უნიმედი აჭარა – ბათუმის რეფერალური ამბულატორიის“ პროექტის მენეჯერად, მანამდე კი -სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ ბათუმის ჩემი ოჯახის კლინიკის ოფის მენეჯერად.

1986-2008 წლებში იყო პოლიკლინიკური გაერთიანების (დიაგნოსტიკური ცენტრი) სტაციონარის ექიმი-ორდინატორი და აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფოს პოლიკლინიკის უბნის ექიმი.

„ყველაფერი ერთად არ გამოდის“ – მერიის პასუხი სასამართლოსთან მოუწესრიგებელ სკვერზე

ქალაქის ცენტრში, ზუბალაშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერის კეთილმოწყობა, რომელიც სულ რამდენიმე კვადრატული მეტრია, ბათუმის მერიამ ამ დრომდე ვერ მოახერხა. საქალაქო სასამართლოს წინ და „თიბისი ბანკის“ გვერდით მდებარე სკვერში წყლის გუბეები, მოუწესრიგებელი გარემო და გაჩერებული ავტომანქანები დაგხვდებათ.

„ვამუშავებთ პროექტს და გამოცხადდება ტენდერი. აქ იქნება მხოლოდ რეკერეაციული, მწვანე ზონა, იქნება ბავშვთა გასართობი კუთხე. არავითარი კაფე-ბარი იქ არ იქნება,“ – გვითხრეს ბათუმის მერიის ააიპ „ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამმართველოში.

აქამდე რატომ ვერ მოხერხდა ქალაქის ცენტრში პატარა სკვერის კეთილმოწყობა? – კეთილმოწყობის სამმართველოში შეკითხვას მოკლედ უპასუხეს: „ყველაფერი ერთად არ გამოდის“.

 

ოჯახში ძალადობა ბავშვების რეალურ ნახატებში

8 წლის იოანემ ასე გამოხატა საკუთარი თავი – შავ მდელოზე მარტო დადგა და სახე შავი ფანქრით გადაიხაზა. ფსიქოლოგის თქმით, იოანე დიდხანს ხატავდა მდელოს, ფანქარს ხელში ატრიალებდა და შავ ზოლებს ამუქებდა, გვერდით დაწყობილ ფერად ფანქრებს კი უყურადღებოდ ტოვებდა. ბოლოს, სულ რამდენიმე წამში, მიახატა იოანემ მდელოს საკუთარი თავი… მერე დასრულებამდე ისევ მოიმარჯვა ფანქარი და საკუთარი თავიც სწრაფად გადახაზა. „ასეთი მახინჯი ვარ, დებილი,“ – თქვა მან, როცა ნახატი დაასრულა და შავი ფანქარი გვერდით გადადო.

იოანე ლამაზი ბავშვია.

იოანეზე ოჯახში ძალადობენ – მას საკუთარი მამა სცემდა. იოანემ ეს ნახატი ბათუმის ფსიქოლოგიის ცენტრში დახატა. პირველი ვიზიტის დროს ფსიქოლოგებმა სთხოვეს, შენი თავი ან ოჯახი დაგვიხატეო.

ფსიქოლოგები ხატვას, როგორც არტთერაპიის მეთოდს, დიაგნოსტირების დამხმარე საშუალებად იყენებენ.

ფსიქოლოგიის ცენტრი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაშია. აქ მომსახურების მიღება ევროკავშირის მხარდაჭერით უფასოდ არის შესაძლებელი პროექტის – „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ფარგლებში. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი“ ახორციელებს.

„ბავშვებს ვეუბნებით, რომ დახატონ ოჯახი, საკუთარი თავი, შიში… ზოგჯერ არც ვაძლევთ მინიშნებას და მოულოდნელად საინტერესოდ ხატავენ. ეს დიაგნოსტიკის ერთ-ერთი საშუალებაა, რომელიც არაა ზუსტი, მაგრამ დამხმარე საშუალებაა. ნახატი ბევრ რამეს გვეუბნება ბავშვის მდგომარეობის შესახებ. თან ბავშვებს უყვართ ხატვა, არ ეზარებათ. ხატვის პროცესს მშობელი არ ესწრება, მხოლოდ თერაპევტი აკვირდება: რა დროს ანდრომებს ბავშვი ხატვას, როგორ გამოჰყავს ფიგურები, რომელ ფერებს არჩევს და როგორ განმარტავს თვითონ საკუთარ ნახატს,“ – გვიყვება „ფსიქოლოგიის ცენტრის“ ფსიქოლოგი, ქეთი დევაძე.

ფსიქოლოგი განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია, რას ამბობს ბავშვი საკუთარ ნახატზე. მაგალითად, შავი ფერის არჩევა ხანდახან ბავშვის სტრესულ მდგომარეობას კი არ აღწერს, არამედ იმას, რომ ბავშვს „ბეტმენი“ უყვარს. ფსიქოლოგი იხსენებს შემთხვევას, როცა ოჯახის დახატვის დროს ბავშვმა მამა არ დახატა.

„სავარაუდო იყო, რომ მას პრობლემა ჰქონდა მამასთან, მაგრამ ბავშვმა მითხრა, რომ მამა წამოწოლილია და ამიტომ არ ჩანს,“ – ამბობს ფსიქოლოგი ქეთი დევაძე.

ფსიქოლოგის დაკვირვებით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, ძირითადად, წითელ ფერს ირჩევენ. „ისინი საკუთარ ნახატზე მალავენ სხეულის იმ ნაწილს, სადაც ფიზიკურად შეეხო ვინმე,“ – დასძენს ფსიქოლოგი.

„ფსიქოლოგიის ცენტრში“ ბავშვების მიერ შესრულებული რამდენიმე ნახატი გვაჩვენეს. თითოეული ნახატის ავტორზე ფსიქოლოგმა ქეთი დევაძემ მოგვაწოდა ინფორმაცია:

7 წლის ნინომ დახატა თავისი ოჯახი. ნახატზე გამოსახულია ნინო და დედა. ნინოს მამაც ჰყავს და უმცროსი დაც. სახლში ცხოვრობს ბებია და ბაბუა, თუმცა ისინი ნახატზე არ ჩანან. ნინო მუდმივად განიცდის ფიზიკურ და ემოციურ ძალადობას დედისგან. დედა აღზრდის ავტორიტარულ წესს ირჩევს, მუდმივად აკონტროლებს და ბოჭავს შვილს. ბავშვმა ოჯახის პორტრეტი საძინებელ ოთახში გამოსახა.

თედო, 9 წლის. ნინოსგან განსხვავებით თედოს ოჯახის პორტრეტი  ხალხმრავალია. მან ჯერ ცეტრში საკუთარი თავი დახატა, შემდეგ განქორწინებული მშობლები მათი ახალი ოჯახებით, შემდეგ არც ბებია-ბაბუები, ბიძა-ბიცოლა-ბიძაშვილები და მათი ძაღლი გამორჩენია. თედო ბოლო წლებია ემოციურ სტრესს განიცდის, მას შემდეგ, რაც მშობლები განქორწინდნენ. მის ნახატზეც ადვილი დასანახია, თუ როგორ უმნიშვნელოდ და გარიყულად გრძნობს ის თავს.

6 წლის თორნიკე ოჯახის პორტრეტის დასრულების შემდეგ ნახატზე ბებიაც ჩაახატა. მერე აღტაცებულმა წამოიძახა: „მაგარი რაღაც მოვიფიქრეო!“ და ისრები დაუხატა თითოეულს. „ეს ეჩხუბება ამას, ეს – ამას, ეს -ამას!“ და კმაყოფილი უყურებდა თავის შექმნილ ოჯახის იდენტურ პორტრეტს. თორნიკე განიცდის ფიზიკურ და ემოციურ ძალადობას დედისგან და მუდმივად არის შემსწრე ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტის.

10 წლის სოფომ  დახატა „არარსებული ცხოველი“. მისი თქმით, ამ ცხოველს არავინ ჰყავს, არავის ედარდება, მასზე არავინ ფიქრობს, უბრალოდ, დგას და ბოლოს მოკვდება… სოფო წლების განმავლობაში იყო სკოლაში ბულინგის მსხვერპლი. მასთან თითქმის არავინ მეგობრობს.

იოანე, 8 წლის.  მან ასე დახატა საკუთარი თავი. ის უფრო გულმოდგინედ აფერადებდა მიწას, ხოლო საკუთარი თავი სწრაფად დახატა. „ასეთი მახინჯი ვარ, დებილი!“ – თქვა მან, როცა ნახატის შესრულება დაასრულა. იოანე წლების განმავლობაში განიცდიდა ძალადობას მამის ხრიდან როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურს. ეს ის სიტყვებია, რომლებიც ხშირად მისი მისამართით და რაც მკაფიოდ აისახა მის წარმოდგენებზე საკუთარი თავის შესახებ. იოანეს პრობლემები აქვს სკოლაში: რაც არ უნდა კარგად იყოს მომზადებული, დარწმუნებულია, რომ არ გამოუვა, შეეშლება, ვერ დაძლევს…

8 წლის ანნამ დახატა საკუთარი შიში, რასაც ღამით განიცდის. მან ასევე დახატა ჯარისკაცი და მასსა და „ბოროტს“ შორის მოათავსა.

ბავშვების მიერ შესრულებული ნახატები:

 

 

შენიშვნა: მასალები შექმნილია რეალური ისტორიების მიხედვით და წარმოდგენილია კონფიდენციალობისა და საავტორო უფლების სრული დაცვით. 


სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“. პროექტის დონორი: ევროკავშირი. პროექტს ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი. პროექტის პარტნიორები არიან: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი, რეაბილიტაციის და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი”, კავშირი „სთეფ ფორვარდი“ და International Child Catholic Bureau (BICE) . პროექტის ასოცირებული პარტნიორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Child Helpline Intrenational

 

ენმ-ის აზრით, კორუფციულ ნიშნებს შეიცავს ტენდერი, რომელიც „იბიარდიმ“ ავტობუსების შესაძენად ჩაატარა

ბათუმის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ მირდატ ქამადაძემ დღეს, 3 სექტემბერს, ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ მერიამ ახალ, მუნიციპალურ ავტობუსებში თვითღირებულებაზე მეტი გადაიხადა. მისი თქმით, მერია ავტობუსების შესყიდვასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას არ ასაჯაროებს.

„ჩვენ მივმართეთ მერიას ოფიციალურად და გამოვითხოვეთ ხელშეკრულება, თუმცა ხელშეკრულება არ მოგვაწოდეს. მოგვაწოდეს მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია, რომლის თანახმად, ეს ავტობუსები შეძენილია უკრაინული კომპანია „ჩერკასკი ავტობუსისგან“. ფასთა განშლა სადაც არის წარმოდგენილი, იქ ჩანს, რომ ერთი ავტობუსის (ევრო 5 „ისუზუს) ღირებულება  76 ათას ევროს შეადგენს.

ჩვენ ინტერნეტში, ამ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მოვიძიეთ ინფორმაცია, სადაც მითითებულია, რომ მსგავსი ტიპის ავტობუსის ერთი ერთეულის საცალო ღირებულება ორი მილიონ 100 ათასს გრივნას შეადგენს, რომელიც 63 328 ევრო გამოდის“.

მირდატ ქამადაძის თქმით, მსგავსი ავტობუსები თურქეთშიც იწარმოება, სადაც ყველაზე მაღალი ფასი – 397 760 ლირაა მითითებული, „რაც 52 ათას ევროს შეადგენს“.

მირდატ ქამადაძის თქმით, მერია ხელშეკრულების პირობებს ასაიდუმლოებს. „არ ვიცით ვინ მონაწილეობდა ტენდერში, იყო თუ არა ტენდერი საჯაროდ გამოცხადებული, ჰქონდა თუ არა სხვადასხვა კომპანიას შესაძლებლობა ტენდერში მონაწილეობა მიეღო. ამ ყველაფერზე ვერ მივიღეთ მერიისგან ინფორმაცია, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი ჰქონდა კორუფციულ გარიგებას.“

„ჩვენ მოვუწოდებთ „იბიარდის“ საქართველოს წარმომადგენლობასაც, რომ დაინტერესდნენ ამ საკითხით“, – ამბობს მირდატ ქამადაძე.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ განმარტებით, ავტობუსების შეძენაზე თანხა გამოყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, „ტენდერი გამოაცხადა „იბიარდმა“, რომელიც იყო ღია და გამჭვირვალე. სანამ ტენდერი გამოცხადდებოდა, მიდიოდა მოკვლევა, გვყავდა მათი კონსულტანტები, რომლებიც ტექნიკურ მახასიათებლებს სწავლობდნენ და ეს დავალება იყო მკაცრი და სტანდარტების შესაბამისი“, – გვითხრეს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი მართლაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა [EBRD] გამოაცხადა და არა ბათუმის მერიამ. ტენდერის გამოცხადების შესახებ „ბათუმელები“ 2018 წლის 31 იანვარს წერდა.

რაც შეეხება ფასებს, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ განცხადებით, ფასებთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას ვებგვერდიდან ვერ მიიღებ.

„ბევრი ტექნიკური მახასიათებელი ვებგვერდზე მითითებული არ არის, ამიტომ მაქედან აღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვერ ვიმსჯელებთ. ახალ ავტობუსებში კონდინციონერებია, ვიდეოთვალები და ა.შ. ეს ყველაფერი შესწავლილია „იბიარდის“ კონსულტანტების მიერ და ტენდერიც მათ გამოაცხადეს. ისინი ყველა დეტალს და წვრილმანს ყურადღებას აქცევენ“.

ბათუმისთვის ახალი ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერში წინადადებების მიღება 2018 წლის 15 მარტს შეწყდა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ტენდერში წინადადება მხოლოდ ერთმა კომპანიამ წარადგინა.

მერიის ინფორმაციით, წინადადება უკრაინულ-იაპონურმა კომპანიამ  – „ჩერკასკი ავტობუსმა“ წარმოადგინა, რომელიც მერიას „ისუზუ ატამანის“ მოდელის  ავტობუსების მიწოდებას სთავაზობდა.

15 ახალი ავტობუსი ბათუმის პორტიდან ქალაქში 22 აგვისტოს შემოვიდა, წლის ბოლომდე კი კიდევ 25 ერთეული ახალი ავტობუსი უნდა შემოვიდეს.

ამავე თემაზე:

როგორი ფერის ავტობუსი უნდა მოძრაობდეს ბათუმში – მერია მოსახლეობის გამოკითხვას აპირებს

დოკუმენტური ფილმები, რომლებსაც წელს ბათუმის კინოფესტივალზე ნახავთ

საავტორო კინოს ბათუმის მე-13 საერთაშორისო ფესტივალზე დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაში წელს 8 ფილმს აჩვენებენ. ფესტივალი 16-23 სექტემბერს გაიმართება ბათუმში. კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა.

ეს კი ის დოკუმენტური ფილმებია, რომელთა ნახვაც წელს ბათუმის კინოფესტივალზე შეგიძლიათ:

[red_box]„სიცოცხლის კიდევ ერთი დღე“[/red_box]

დამიან ნენოვისა და რაულ დე ლა ფუენტეს დოკუმენტური სურათი პოლონელი ომის რეპორტიორის, რიშარდ კაპუცკინსკის მოგზაურობაზეა ანგოლაში და 70-იანი წლების ომზე, რომელიც ამ ქვეყანაში მძვინვარებდა. ფილმი ანიმაციისა და დოკუმენტური კინოს სინთეზია.

[red_box]„დროის ხიდები“[/red_box]

„დროის ხიდები“ ლატვიელი რეჟისორების, ოდრიუს სტონისა და ქრისტინა ბრიდეს 2017 წელს გადაღებული ფილმია ბალტიისპირა ქვეყნების დოკუმენტური კინოს ისტორიის შესახებ. ფილმი წელს კარლოვი-ვარის კინოფესტივალზე აჩვენეს.


[red_box]„შორეული თანავარსკვლავედი“[/red_box]

აშშ-ში დაბადებული, წარმოშობით თურქი რეჟისორის, შევაუნ მიზრაჰის დოკუმენტური ფილმი არამხოლოდ სტამბულის მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრებ ადამიანებზეა, არამედ დროზეც, რომელიც ამ შენობაში თითქოს არ იძვრის. გასულ წელს ფილმმა ლოკარნოს კინოფესტივალის სპეციალური ჯილდო მიიღო.

[red_box]„მშიერი აჩრდილების კუნძული“[/red_box]

გერმანელი რეჟისორის, გაბრიელ ბრადის დოკუმენტური ფილმი ავსტრალიაში, შობის კუნძულზეა გადაღებული. წელს ფილმმა რამდენიმე კინოფესტივალზე მოიპოვა ჯილდო, მათ შორის ედინბურგის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურიმ რეჟისორს სპეციალური პრიზი გადასცა „ახალი, რადიკალური ხედვისთვის დევნილების კრიზისზე“.

[red_box]„მამების და შვილების შესახებ“[/red_box]

დამასკოში დაბადებული, ამჟამად გერმანიაში მცხოვრები ტელე და კინორეჟისორის, ტალალ დერკის 2017 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმი რადიკალი ისლამისტების ოჯახის ცხოვრებაზე გვიამბობს. ფილმმა 2018 წელს სხვადასხვა კინოფესტივალის 6 ჯილდო მოიპოვა.

[red_box]„ზღვარს მიღმა“[/red_box]

პოლონელი რეჟისორის, მარტა პრუსის ფილმი 20 წლის რიტაზეა, რომელიც ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება. მისგან მწვრთნელები სულ უფრო და უფრო მეტს მოელიან.

[red_box]„შამანური გაკვეთილები დამწყებთათვის“[/red_box]

რუსი რეჟისორის, სვეტლანა სტაცენკოს 2017 წელს გადაღებული ფილმი.

[red_box]„ორსონ უელსის თვალები“[/red_box]

ირლანდიელი რეჟისორის მარკ კუსინსის ფილმმა წელს კანის კინოფესტივალის პრიზი – „ოქროს თვალი“ მიიღო.

წელს კინოფესტივალზე, სხვადასხვა სექციაში, წარმოდგენილი იქნება 40-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 30 ქვეყნიდან.

ფესტივალის კინოჩვენებები კინოთეატრ „აპოლოში“, სასტუმრო Wyndham-ის საკონფერენციო დარბაზსა და ღია ცის ქვეშ, ევროპის მოედანზე გაიმართება.

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და მისი ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი“, ოფიციალური პარტნიორი კი – ბათუმის მერია.

__________

მთავარი ფოტო: კადრი ფილმიდან „სიცოცხლის კიდევ ერთი დღე“. ფოტო: imdb.com

ხულოში, სოფელ განახლებაში, ორი საცხოვრებელი სახლი იწვის

ხულოში, სოფელ განახლებაში, ორი საცხოვრებელი სახლი იწვის. ხულოს მერის ინფორმაციით, ამ დრომდე ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური მუშაობს.

„ადგილზე ვარ. სავარაუდოდ, ცეცხლი პირუტყვის სადგომს გაუჩნდა, რის გამო – უცნობია. ერთი სახლიდან ნივთების ნაწილობრივ გადარჩენა მოხერხდა… ხანძრის შედეგად, ჩემი ინფორმაციით, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა,“ – გვითხრა ხულოს მერმა, გოჩა მელაძემ.

ხანძარი სოფელ განახლებაში. ფოტო: ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ხანძარი სოფელ განახლებაში. ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ხანძარი სოფელ განახლებაში. ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

 

 

 

 

ბათუმის მერიამ ვაკანტურ თანამდებობებზე განმეორებითი კონკურსი გამოაცხადა

ბათუმის მერიამ 12 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა, განაცხადების შეტანის ბოლო ვადა 12 სექტემბერია. ამ თანამდებობებზე მერიას კონკურსი ორი თვის წინაც ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა საკონკურსო კომისიამ მაშინ გამარჯვებულები ვერ გამოავლინა. კონკურსი, ისევე როგორც პირველ შემთხვევაში, ამჯერადაც სამეტაპიანია, პირველი ეტაპი განცხადებების გადარჩევას, მეორე ეტაპი წერით დავალებას, ხოლო მესამე ეტაპი საკონკურსო კომისიასთან გასაუბრებას გულისხმობს.

ვაკანტურია საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსის თანამდებობა, სადაც თანამდებობრივი სარგო 2900 ლარია. კონკურსანტი უნდა იყოს პროფესიით ფინანსისტი ან ეკონომისტი, უნდა ჰქონდეს საჯარო სამსახურში მუშაობის ორწლიან გამოცდილება – ეს მოთხოვნები იდენტურია სხვა თანამდებობების შემთხვევაშიც.

ვაკანტურია  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსის თანამდებობაც – ამ თანამდებობაზე ხელფასისთვის 2000 ლარია განსაზღვრული.

რამდენიმე თანამდებობაა ვაკანტური მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურში – მერია ამ სამსახურის შესავსებად ეძებს საპროექტო და სამშენებლო ნებართვების განყოფილების უფროსს – ხელფასი 2000 ლარია, ამ სამსახურში ვაკანტურია ასევე კიდევ ხუთი სპეციალისტის თანამდებობა, უმცროსი სპეციალისტის თანამდებობაზე ხელფასი 1000 ლარია, ხოლო უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე – 1400 ლარი.

მერიამ პირველ კონკურსზე ვერც ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ისტორიული განაშენიანების ზონის განვითარების განყოფილების უფროსი შეარჩია. ამ თანამდებობაზე ხელფასი 2000 ლარია.

მერიაში ვაკანტურია ასევე შიდა აუდიტის სამსახურის შიდა აუდიტის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა -ანაზღაურება ამ თანამდებობაზე 1400 ლარია.

ორი სპეციალისტის თანამდებობაა ვაკანტური განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის განყოფილებებში.

ამავე თემაზე

ბათუმის მერიის კონკურსის შედეგები -28-დან 17 პოზიციაზე კონკურსი ჩაიშალა

 

დაზიანებული ქვის ფილები დუმბაძის ქუჩაზე

ბათუმში, ევროპის მოედნის გვერდით, ნოდარ დუმბაძის ქუჩაზე, ქვის ფილები დაზიანებულია. დამტვრეული ფილები მთელ ქუჩას გასდევს.

ქუჩაზე ბევრი ტურისტი მოძრაობს, აქ ხშირად სხვადასხვა სახის ღონისძიება ტარდება. ქუჩაზე ავტომანქანების მოძრაობა შეზღუდულია, თუმცა აქ მანქანები ხშირად მოძრაობენ, ზოგიერთი მძღოლი კი დუმბაძის ქუჩას პარკინგადაც იყენებს. დაზიანებულია ქვის წინაღობები, რომლებიც ხელს უნდა უშლიდეს მანქანების შესვლას ქუჩაზე. ქვის წინაღობებზე დამაგრებული იყო ჯაჭვი, რომელიც უკვე აღარ არის.

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში გვითხრეს, რომ მიმდინარეობს შესწავლა და ამის შემდეგ დაიწყება ფილების განახლება.

რაც შეეხება წინაღობების დაზიანებას, მერიაში ამბობენ, რომ „მათ მოსახლეობა აზიანებს, თუმცა მათი აღდგენა მერიას უწევს“.

მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს დაზიანებული ფილების აღდგენაზე ბიუჯეტში ჯამში 288 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
დუმბაძის ქუჩაზე ქვის ფილები დაზიანებულია. ფოტო: ლელა დუმბაძე
ქუჩაზე ავტომანქანების მოძრაობა შეზღუდულია, თუმცა წინაღობები მორყეულია. ფოტო: ბათუმელები

ავარია ბათუმში

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, დაახლოებით 14:00 საათზე, ერთმანეთს ორი ტაქსი შეეჯახა.  ავარიის გამო ქუჩაზე მოძრაობა რამდენიმე წუთით შეფერხდა.

ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს თქმით, საპატრულო პოლიციაში ავარიის შესახებ შეტყობინება არ შესულა.

პენსიონერები და შშმ პირები მედიკამენტებს 50 პროცენტიანი ფასდაკლებით მიიღებენ

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3 სექტემბრიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ფართოვდება.

„პრეპარატებზე ფასები ასაკით პენსიონერებისა და შშმ პირებისათვის მნიშვნელოვნად შემცირდება. აღნიშნულ ჯგუფებს, ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე საბაზრო ღირებულების 50 პროცენტით და მეტი ოდენობის ფასდაკლება შეეხებათ“.

ფასდაკლება ვრცელდება შემდეგი დაავადებების სამკურნალო საშუალებებზე:
►გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;
►დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული);
►ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
► ფილტვის ქრონიკული დაავადებები;

მედიკამენტების ფასდაკლებით შესაძენად ბენეფიციარმა უნდა გაიაროს შედეგი პროცედურები:
1. მიმართოს ოჯახის/სოფლის ექიმს ან ექიმ სპეციალისტს ფორმა N100-სა და რეცეპტის მისაღებად;
2. სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში აღნიშნული დოკუმენტაციისა და პირადობის მოწმობის წარდგენით გაიაროს პროგრამაში რეგისტრაცია;
3. მოქალაქეს შეუძლია ფასდაკლებული მედიკამენტები შეიძინოს სააფთიაქო ქსელ PSP-ს შესაბამის ფილიალში რეცეპტისა და პირადობის მოწმობის წარდგენით.

სამინისტროს ინფორმაციით, ბენეფიციარს შესაძლებლობა აქვს ერთჯერადად შეიძინოს მედიკამენტის მაქსიმუმ სამი თვის სამყოფი ოდენობა. ყველა პრეპარატი არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული.

 

„ციხის ყოფილი უფროსების“ საქმის განხილვა ისევ შეჩერებულია – დასაკითხია 100-ზე მეტი მოწმე

„ციხის ყოფილი უფროსების“ საქმეზე სასამართლო პროცესი მაისის შემდეგ ისევ არ გამართულა. საქმეს მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება წლის ბოლომდე უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულები სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან უნდა გათავისუფლდნენ. საქმეზე დასაკითხია 100-ზე მეტი მოწმე, მორიგი პროცესი კი, ჩანიშნული ახლაც არ არის.

ბათუმის ციხის ყოფილ უფროსებს – გიორგი ვეკუას და ზაზა ჯიქიას პროკურატურა პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში სდებს ბრალს. ასზე მეტი ნაწამები პატიმრის საჩივრის საფუძველზე ამ საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 4 წლის წინ – 2014 წლის 4 მარტს დაიწყო. ბოლო სხდომა ამ საქმეზე მიმდინარე წლის 20 აპრილს გაიმართა, სადაც ყოფილმა პატიმრებმა ციხეში წამების ისტორიების გაიხსენეს.

2018 წლის აპრილამდე ამ საქმეზე სასამართლო პროცესი ერთი წლის განმავლობაში არ ჩატარებულა. შესაბამისად, მოსამართლემ 100 მოწმის მოსმენას წლის ბოლომდე დარჩენილ 4 თვეში უნდა მოასწროს. თუკი საქმეს სხვა მოსამართლე გადაიბარებს, ამ შემთხვევაში მან უკვე დაკითხული მოწმეების ჩვენებებიც უნდა მოისმინოს.

რის გამო არ ინიშნება სხდომა „ციხის ყოფილი უფროსების საქმეზე“? – მოსამართლის თანაშემწე განმარტავს, რომ დავით მამისეიშვილი წინა თვეებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლოში არ იმყოფებოდა.

დავით მამისეიშვილი ორი კვირის წინ დაბრუნდა სამსახურში და სხვადასხვა საქმეს უკვე განიხილავს. „ამ საქმის განხილვა ამ დროისთვის ჩანიშნული არ არის,“ – გვითხრა მოსამართლის თანაშემწემ.

გიორგი ვეკუა და ზაზა ჯიქია წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფებიან, ისინი ბათუმის სასამართლომ ოთხი წლის წინ, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ანონში შესული ცვლილებების მიხედვით, სასამართლო ვალდებულია 2 წლის ვადაში დაასრულოს იმ საქმის განხილვა, სადაც ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფება. ეს წესი მხოლოდ იმ საქმეებზე ვრცელდება, რომლის განხილვაც სასამართლომ 2016 წლიდან დაიწყო.

მთავარი ფოტო: „ციხის ყოფილი უფროსების საქმის“ განხილვა. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან. 

 

35-მდე კილომეტრი ცურვით, ხელების გამოყენების გარეშე – ბეგლარ ელბაქიძის ახალი რეკორდი

ქართველმა მოცურავემ, 58 წლის ბეგლარ ელბაქიძემ 2 სექტემბერს ახალი რეკორდი დაამყარა – მან ბათუმიდან ქობულეთამდე მანძილი ე.წ. „ზეზელა“, იგივე „ფეხური“ ცურვით, ხელების გამოყენების გარეშე დაფარა.

ორგანიზატორების განცხადებით, ბეგლარ ელბაქიძე 2 სექტემბერს, ბათუმში, 8:35 საათზე შევიდა წყალში და ქობულეთში 22:20 წუთზე ამოვიდა წყლიდან.

„უპრეცედენტო რეკორდი შედგა. 21 კილომეტრი იყო განსაზღვრული წინასწარი ნახაზისა და გეგმის მიხედვით, მაგრამ რადგან ხელისშემშლელი პირობები იყო – ზღვის დინებები და ქარის მიმართულების ცვალებადობა, მარათონელი იძულებული გახდა ზიგზაგისებურად ემოძრავა წყალში. შესაბამისად, მანძილი გაიზარდა და დაახლოებით 35 კილომეტრი მაინც გამოვიდა 21 კილომეტრის ნაცვლად. მარათონი გაგრძელდა 13 საათი და 35 წუთი“, – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ქეთევან მგალობლიშვილმა, კომისიის წევრმა.

ბეგლარ ელბაქიძეს ცურვის განმავლობაში მიჰყვებოდა კატარღა, რომელზეც კომისიის წევრები იმყოფებოდნენ და მარათონს თვალს ადევნებდნენ.

„ჩვენ მოვითხოვეთ ერთი კატარღა, ერთი სკუტერი და ერთი სამაშველო ნავი. გამოგვიყეს მხოლოდ ერთი. პრაქტიკამ დაადასტურა, რომ ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება, რადგან კომისიის წევრების ნაწილი იმყოფებოდა გემზე და ნაწილი მივყვებოდით ნაპირზე, საჭირო იყო წყლის მიწოდება, პროდუქტის და ეს იყო რთული პროცესი. სამაშველო სამსახურის მიმართ კი მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქმის. სამწუხაროდ, ბათუმიდან გასვლის დროს, ბათუმის მერიიდან წარმომადგენელი არ მოსულა, არც ბათუმელები იყვნენ, სამაგიეროდ ქობულეთში გრანდიოზული დახვედრა მოგვიწყვეს, მიუხედავად იმისა, რომ ცუდი ამინდი იყო, გაწვიმდა, იქ ბევრი ადამიანი ელოდებოდა მარათონელს“, – გვითხრა ქეთევან მგალობლიშვილმა.

მისივე განმარტებით, ეს იყო მესამე მსოფლიო საზღვაო-სარეკორდო მარათონი, რომლის ორგანიზატორი იყო საქართველოს მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშემწყობი კავშირი-კლუბი “გიორგი”, რომელიც მუშაობს საქართველოში გინესის რეკორდების და განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანების გამოვლენაზე.

ვერტიკალური ცურვა, ხელების გამოყენების გარეშე, ბეგლარ ელბაქიძემ ჯერ კიდევ ბავშვობაში ისწავლა, ხაშურის სოფელ გომში, მდინარე მტკვარში. 2017 წელს მან ბათუმის აეროპორტიდან შუქურამდე 10, 5 კილომეტრის გადაცურვა 5 საათსა და 25 წუთში შესძლო.

შსს-მ შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი აამოქმედა

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, 2018 წლის 1 სექტემბერს ამოქმედდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავიდა. რისკის შეფასების ინსტრუმენტი მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვისა და განმეორებითი ძალადობის პრევენციის მნიშვნელოვანი გარანტიაა.

ძალადობის რისკების შეფასების ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის დეტალური წესები, რომლებიც დღემდე არ არსებობდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა, არასამთავრობო სექტორთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საექსპერტო და ფინანსური მხარდაჭერით შეიმუშავა.

სამართალდამცველები ახალი ინსტრუმენტის, კერძოდ, სტრუქტურირებული კითხვარების საშუალებით ძალადობის ფაქტისა და მასში მონაწილე პირების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის შეგროვებასა და მოძალადისგან მოსალოდნელი რისკების უკეთ იდენტიფიცირებას მოახდენენ. ეს კი, თავის მხრივ, პოლიციელს სწორი გადაწყვეტილების მიღებისა და განმეორებითი ძალადობის აღკვეთის მიზნით, ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.

რისკების შეფასების ინსტრუმენტის საფუძველზე გამოვლენილი რისკის დონის შესაბამისად დაიგეგმება გამოცემული შემაკავებელი ორდერით მოძალადისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის პროცესი. თუ რისკი მაღალია, მოძალადის კონტროლი უფრო ინტენსიური იქნება.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით, ასევე, შეიმუშავა დისტანციური სწავლების კურსი რისკების შეფასების ინსტრუმენტის გამოყენებისა და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის საკითხებზე. კურსი ოჯახში ძალადობის მიმართულებით მომუშავე ყველა სამართალდამცველმა გაიარა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე პოლიციის რეაგირების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, არაერთი რეკომენდაცია და სახელმძღვანელო დოკუმენტი შემუშავდა იმ პოლიციელებისთვის, რომლებმაც შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინონ ძალადობის ფაქტებზე.

 

 

Exit mobile version