მთავარი,სიახლეები

უმაღლესი საბჭო აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრს ეძებს – ხელფასი 2625 ლარი

29.08.2018
უმაღლესი საბჭო აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრს ეძებს – ხელფასი 2625 ლარი

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრის შესარჩევად დღეს, 29 აგვისტოს, უმაღლესმა საბჭომ კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსის პირობების მიხედვით, კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, „საზოგადოებრივი აღიარების და ნდობის მქონე პირი“. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ხარისხი და ათწლიანი მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 5 წელი ჟურნალისტიკაში, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში.

მრჩევლობის მსურველმა „აჭარის ტელევიზიის“ განვითარების კონცეფცია უნდა წარმოადგინოს. განაცხადები 27 სექტემბრის ჩათვლით მიიღება.

ვაკანსია „აჭარის ტელევიზიის“ ბორდში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბორდის უფროსმა, ზაზა ხალვაშმა, 2015 წლის ივნისში თანამდებობა დატოვა. ბორდის წევრებს უმაღლესი საბჭო არჩევს, რომელსაც ამ დრომდე კონკურსი ვაკანსიაზე არ გამოუცხადებია.

2017 წლის 10 მარტს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ ვაკანსიაზე კონკურსს საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე გამოაცხადებდნენ.

„აჭარის ტელევიზიის“ სამეურვეო საბჭოს წევრის ანაზღაურება 2625 ლარია. სამეურვეო საბჭოს წევრს 6 წლის ვადით ირჩევს უმაღლესი საბჭო. „აჭარის ტელევიზიის“ ბორდის დანარჩენ 4 წევრს უფლებამოსილების ვადა მომავალი წლის ნოემბერში ეწურება. 2019 წლის ოქტომბერში კი, ბორდმა „აჭარის ტელევიზიის“ ახალი დირექტორი უნდა შეარჩიოს.

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, როცა სამეურვეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება, მხოლოდ დარჩენილი ვადით სარგებლობს მის ნაცვლად არჩეული ახალი წევრი.  აჭარის უმაღლესი საბჭოს იურისტი პაატა კეშელავა განმარტავს, რომ კანონის ეს ჩანაწერი მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს ეხება, „აჭარის ტელევიზიის“ შემთხვევაში კი, კანონში არაა კონკრეტული ჩანაწერი, რა ვადით ირჩევენ ახალ წევრს, როცა სამეურვეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება.

„შესაბამისად, ჩვენ ავირჩევთ ახალ წევრს 6 წლის ვადით,“ – გვითხრა პაატა კეშელავამ.

მთავარი ფოტო: „აჭარის ტელევიზიის“ სამეურვეო საბჭოს სხდომა „ბათუმელების“ არქივიდან

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: