მთავარი,სიახლეები

საქართველოში ხორბლისა და ფქვილის მანქანებით შემოტანა იკრძალება – ეს პურს გააძვირებს 

23.08.2018 • 5553
საქართველოში ხორბლისა და ფქვილის მანქანებით შემოტანა იკრძალება – ეს პურს გააძვირებს 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოში ხორბლის, ხორბლისა და ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა, აგრეთვე საქართველოდან ამ საქონლის გატანა ავტოსატრანსპორტო საშუალებით იკრძალება. მინისტრის ბრძანება 2018 წლის 15 სექტემბრიდან შედის ძალაში. ამ ბრძანებით, აღნიშნული საქონლის იმპორტ-ექსპორტი შესაძლებელი იქნება მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით.

„ბათუმელები“ აჭარაში რამდენიმე კომპანიას დაუკავშირდა, რომლებსაც ხორბალი შემოაქვთ და ამუშავებენ. მათი თქმით, ჯერ ბრძანება არ უნახავთ, მაგრამ თუ ეს აკრძალვა ძალაში შევა, ის პურის ფასს აუცილებლად გაზრდის: „მეტიც, ხალხი ფეხზე ადგება. ასეთი გადაწყვეტილება ჩაკლავს საშუალო და მცირე ბიზნესს. ეტყობა ვიღაცის ინტერესებია ეს. ხორბალი ავტოტრანსპორტით, ძირითადად, რუსეთიდან შემოდის – ვინც რამდენს გაწვდება, იმდენი შემოაქვს. გემით კი ერთბაშად სულ ცოტა 3 ათასი ტონა უნდა შემოიტანო, მილიონები სჭირდება. ამასთან, ხალხს კრედიტები აქვს აღებული, ზოგმა ამ კრედიტებით ავტომანქანები შეიძინა და ასე დაუკითხავად, ჰაერზე ბრძანების მიღება, ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს.“

აღნიშნული აკრძალვის შესახებ შესაბამისი პუნქტი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციას დაემატა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასა და გაფორმებას ეხება.

ამ ინსტრუქციით, „საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ფართო მოხმარების ან/და საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის შემოტანა საავტომობილო მიმოსვლისათვის გახსნილი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით შესაძლებელია მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებით“.

2018 წლის 22 აგვისტოს #314 ბრძანებით კი, ინსტრუქციის ამ პუნქტს დაემატა შემდეგი მომდევნო პუნქტი:

„საგარეო – ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის [სესესნ] 1001 [ხორბალი და მესლინი] სასაქონლო პოზიციითა და 1101 00 [ხორბლისა ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი] სასაქონლო სუბპოზიციით გათვალისწინებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა შესაძლებელია მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით, შესაბამისი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით“.

იქვე აღნიშნულია, რომ „ცალკეულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურის თანხმობით, ამ პუნქტში აღნიშნული საქონლის შემოტანა/გატანა შესაძლებელია განხორციელდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებით.“

რას გულისხმობს ცალკეული შემთხვევები და არის თუ არა რაიმე ინსტრუქცია ან წესი, რის საფუძველზეც შემოსავლების სამსახური ასეთ თანხმობას გასცემს? – პასუხს „ბათუმელები“ შემოსავლების სამსახურიდან ელოდება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2018 წლის იანვარ-ივლისში შემოტანილია 62 406 100 აშშ დოლარის ხორბალი და 2 112 500 აშშ დოლარის ხორბლისა და ხორბალ-ჭვავის ფქვილი.

ამავე პერიოდში საქართველოდან გატანილია 1 324 300 დოლარის ღირებულების ხორბალი და 2 530 200 აშშ დოლარის ხორბლისა და ხორბალ-ჭვავის ფქვილი.

„ბათუმელებმა“ ამ დროისთვის ვერ დააზუსტა, რამდენი ხორბლისა და ფქვილის იმპორტ-ექსპორტი განხორციელდა საავტომობილო, სარკინიგზო თუ საზღვაო ტრანსპორტით. თუმცა, საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში ყველაზე მეტი ღირებულების ტვირთი შემოტანილია სწორედ საავტომობილო ტრანსპორტით. ექსპორტის კუთხით კი, საავტომობილო ტრანსპორტი მეორე ადგილზეა საზღვაო ტრანსპორტის შემდეგ.

რაც შეეხება საქართველოს რკინიგზას, ამ სატრანსპორტო საშუალებით მიმდინარე წლის 7 თვეში ყველაზე ნაკლები ღირებულების იმპორტ-ექსპორტი განხორციელდა, ვიდრე საავტომობილო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტით.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: