მთავარი,სიახლეები

ზურაბ პატარაძე ილჰამ ალიევს შეხვდა

29.08.2018 • 2408
ზურაბ პატარაძე ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში,ზურაბ პატარაძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს.

„აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ, მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. იგი, ასევე, შეეხო ორი მეზობელი ქვეყნის საერთო პრობლემას – ტერიტორიული მთლიანობის საკითხს. ამ კონტექსტში, მან კმაყოფილებით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ ურთიერთმხარდაჭერას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

მხარეებმა ისაუბრეს იმ სფეროებზე, სადაც არსებობს თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალი. პრეზიდენტმა იმედი გამოხატა, რომ წარმატებით  ამოქმედდება ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი, რაც გაზრდის ტვირთბრუნვასა და  ტურისტულ ნაკადებს. ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის რეგიონებს შორის ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობა, ამ თვალსაზრისით, სამაგალითოდ იქნა მიჩნეული მჭიდრო თანამშრომლობა ნახიჭევანისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებს შორის.

თავის მხრივ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს გულთბილი მიღებისთვის. ზურაბ პატარაძის განცხადებით, აზერბაიჯანში დიპლომატიური მისიით მოღვაწეობის პერიოდში, იგი არ დაიშურებს ძალისხმევას ორ მეგობარ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების, აგრეთვე ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის კიდევ უფრო მეტად დაახლოებისთვის“ – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ზურაბ პატარაძე დღეიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია აზერბაიჯანში. მისი ელჩად დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 27 აგვისტოს მოაწერა.

ზურაბ პატარაძე ორი წლის განმავლობაში იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. მან თანამდებობა 4 ივლისს დატოვა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობამდე ზურაბ პატარაძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო ყაზახეთის რესპუბლიკაში, ხოლო 2011-2012 წლებში – საქართველოს გენერალური კონსული თურქეთში, ხოლო 2012- 2013 წლებში – თურქეთის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: