მთავარი,სიახლეები

„სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვასწარით ჩამოხსნა“ – ბათუმის მერიის მოხელე პლაკატების ჩამოხსნაზე

28.08.2018 • 11606
„სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვასწარით ჩამოხსნა“ – ბათუმის მერიის მოხელე პლაკატების ჩამოხსნაზე

პლაკატები ინგლისურენოვანი წარწერით – „რუსეთი ოკუპანტია“ ბათუმში 24 აგვისტოს გააკრეს სამოქალაქო აქციის ფარგლებში. აქციის მონაწილეების თქმით, მათ სურდათ ქალაქში, სადაც ბევრი რუსი ტურისტია, კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ ყველასთვის, რომ საქართველო რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

ბათუმის ქუჩებში გაკრული პლაკატების დიდი ნაწილი იმავე დღეს გაქრა, სამი დღის შემდეგ კი ქალაქში არც ერთი პლაკატი არაა დარჩენილი და ეს მაშინ, როცა ბათუმის ბევრ ქუჩაზე ჯერ კიდევ 2017 წლის არჩევნების პლაკატები გვხვდება – მათ ჩამოხსნაზე არავის უზრუნია.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ბათუმში 2 000-ზე მეტი პლაკატი/სტიკერი გააკრეს, რომელთა უმრავლესობა გაკვრიდან რამდენიმე საათში უკვე ჩამოხსნილი იყო.

„დილის 4 საათზე დავიწყეთ პლაკატების გაკვრა და დაახლოებით დილის 7-ზე მოვრჩით. უკან მოგვყვებოდნენ ოპერჯგუფები მანქანაში, „შკოდას“ მანქანაში, რომელიც იყო დაბურული, მაგრამ არ ჰქონდა პოლიციის სასიგნალო ნათურები, ფორმით იყვნენ, „ოპერებს“ რომ ეძახიან, ზოგს ლურჯი ფორმა ეცვა, რომელსაც „პაგონები“ არ ჰქონდა, მაგრამ პოლიციის ფორმა იყო აშკარად.  მშვიდად, აგრესიის გარეშე მოდიოდნენ და ჩვენს გაკრულ პლაკატებს ხსნიდნენ, ჩვენგან დაახლოებით 50 მეტრის მოშორებით. ფოტოს გადაღების საშუალება არ მოგვეცა, რადგან მანქანაში სხდებოდნენ და მიდიოდნენ. შორის იყვნენ ისეთებიც, რომელთაც წარმატება გვისურვეს, მაგრამ შემდეგ პლაკატები ჩამოხიეს. ექვს ჯგუფად ვიყავით ჩვენ დაყოფილი და ექვსი მანქანა იყო.

პლაკატებს ხევდა ასევე მოსახლეობა, რომელიც იქვე ცხოვრობდა, როგორც ჩანს. გვეუბნებოდნენ, რატომ აკრავთ, ჩვენი მეგობარია რუსეთი და კონფლიქტს ნუ იწვევთო. უფრო მეტი ალბათ მოსახლეობამ ჩამოხია. ერთია, უფრო ხანდაზმული მოსახლეობა იქცეოდა ასე, ახალგაზრდებს შორის ისეთებიც იყვნენ, ვინც გვეხმარებოდა“, – ამბობს გოგი ხოჭოლავა, ერთ-ერთი აქტივისტი.

შს სამინისტროში უარყოფენ, რომ პლაკატების ჩამოხსნაში მათი თანამშრომლები მონაწილეობდნენ. „მიმდინარე აქციის დროს პოლიცია, გარდა უსაფრთხოებისა, სხვა პროცესებში არ ყოფილა ჩართული“, – გვითხრეს პრესსამსახურში.

პლაკატების ჩამოხსნაში მონაწილეობას უარყოფენ ბათუმის მერიაშიც.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვასწარით ჩამოხსნა, უკვე ჩამოხსნილი იყო. ბევრი მოქალაქეებმა ჩამოხსნეს, ბევრი პოლიციამ ჩამოხსნა. მე მითხრეს, რომ პატრულიც იყო. სხვა ჟურნალისტმა დამირეკა, პატრული ხსნიდაო და თუ დააჯარიმეთო, ესეც მკითხეს, მაგრამ ჩვენ არ გვინახავს. …არ აქვს მნიშვნელობა ვინ გააკრავს, თუ ეს უადგილოდაა, რა თქმა უნდა, დაჯარიმდება“, – აღნიშნა „ბათუმელებთან“ მერიის ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელმა ჯუმბერ კობალაძემ.

კითხვაზე, აჯარიმებს თუ არა სააგენტო პოლიტიკურ პარტიებს ბათუმში უადგილოდ გაკრული საარჩევნო პლაკატების გამო, ჯუმბერ კობალაძემ გვიპასუხა, რომ მათი სამსახური მხოლოდ ორი თვეა ჩამოყალიბდა და ამ არჩევნებზე ყველას დააჯარიმებენ, ვინც უადგილო ადგილას გააკრავს საარჩევნო პლაკატს.

ამავე თემაზე: 

„რუსეთი ოკუპანტია“ – სამოქალაქო აქცია ბათუმში და გზავნილი ტურისტებს [ფოტო]

 

გადაბეჭდვის წესი