მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობის აპარატის შემდეგ შემცირება სამინისტროებსა და უწყებებში დაიწყება

29.08.2018 • 2945
აჭარის მთავრობის აპარატის შემდეგ შემცირება სამინისტროებსა და უწყებებში დაიწყება

აჭარის მთავრობის აპარატში რესტრუქტურიზაციისა და შემცირების შემდეგ, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება აჭარის მთავრობის სხვა რგოლებშიც იგეგმება. ეს პროცესი მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ე.წ „მცირე მთავრობის“კონცეფციის ნაწილია, რომელიც მან აჭარის უმაღლეს საბჭოს მთავრობის თავმჯდომარედ დანიშვნამდე წარუდგინა. შემცირებები მან მთავრობის აპარატიდან დაიწყო, თუმცა თქვა ისიც, რომ გუნდის წევრებს დაუსაქმებლებს არ დატოვებს.

„…მობილობის წესის შესაბამისად მიმდინარეობს მათთან კონსულტაციები სამომავლოდ დასაქმებასთან დაკავშირებით“, – განმარტა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს სხდომის მსვლელობისას იმ პირებთან დაკავშირებით, რომლებიც მთავრობის აპარატის რესტრუქტურიზაციის შემდეგ სამსახურის გარეშე დარჩნენ.

რესტრუქტურიზაციის შემდეგ აჭარის მთავრობის აპარატში დეპარტამენტების რაოდენობა 1/3-ით  შემცირდა. გაუქმდა უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის [ხელმძღვანელი ავთანდილ ბერიძე], შიდა აუდიტის [ხელმძღვანელი ჯემალ ანანიძე], სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტები [ეს დეპარტამენტი არც აქამდე იყო დაკომპლექტებული]. რამდენიმე დეპარტამენტი კი ფუნქციური უფლება-მოვალეობების მიხედვით გაერთიანდა, ერთმანეთს შეუერთდა საბიუჯეტო და შესყიდვების, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის დეპარტამენტები. 

პრესცენტრის ინფორმაციით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, შერწყმული დეპარტამენტების ხელმძღვანელებიდან ვინ შეინარჩუნებს თანამდებობას.

მობილობის წესი არეგულირებს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან  სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმისა და მოხელის რეზერვთან დაკავშირებულ საკითხებს.

თორნიკე რიჟვაძემ დღეს იმაზეც ისაუბრა, რომ რესტრუქტურიზაციის პროცესი აჭარის სამინისტროებსა და მათზე დაქვემდებარებულ უწყებებშიც უნდა დაიწყოს. თუმცა ამ შემთხვევაში მას არ დაუკონკრეტებია, იმოქმედებს თუ არა მობილობის წესი. ხელმძღვანელის განმარტებას  მინისტრებიც დაეთანხმნენ.

„უახლოეს მომავალში გავაკეთებთ განმარტებებს იმ შესაძლო ცვლილებებზე, რაც შეიძლება განხორციელდეს სამინისტროში. ოპტიმიზაციის პროცესი შეიძლება განხორციელდეს ორი მიმართულებით, ერთი მიმართულება იქნება მეტი შედეგის მიღწევა შემცირებული დანახარჯებით, ან იგივე დანახარჯებით მეტი შედეგის მიღწევა“, – განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ.

მინისტრის ინფორმაციით, სამინისტროს ახალ სტრუქტურულ მოწყობაში UNDP-ი დაეხმარება. მისივე ინფორმაციით, ამ დროისათვის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში 88 პირი მუშაობს. მინისტრი, ჯერჯერობით, ვერ აკონკრეტებს, მათგან რამდენი შეიძლება დარჩეს სამსახურის გარეშე რესტრუქტურიზაციის შემდეგ.

რესტრუქტურიზაციაზე ისაუბრა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემაც:

„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დაანონსებული მცირე მთავრობის რეალობაში გადმოტანა. ცხადია, ჩვენ ვმუშაობთ ოპტიმიზაციაზე, რომელიც უკეთეს შედეგს მოიტანს“.

მინისტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და მასზე დაქვემდებარებულ უწყებებში, ჯამში, ოთხასამდე პირია დასაქმებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: