მთავარი,სიახლეები

ადვოკატი ოჯახში ძალადობაზე: ხომ შეიძლებოდა ქალს კედლისთვის მიერტყა თავი?

30.08.2018 • 1790
ადვოკატი ოჯახში ძალადობაზე: ხომ შეიძლებოდა ქალს კედლისთვის მიერტყა თავი?

„მას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები თავის არეში,“ – უთხრა მოსამართლეს სამედიცინო ექსპერტიზის ავტორმა, მამუკა გედენიძემ. მან ოჯახში ძალადობის საქმეზე მისცა ჩვენება სასამართლოს.

გამოძიება გოჩა რ.-ს ცოლზე არაერთგზის ძალადობას ედავება. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა სიდედრის კუთვნილ კაფეში, სიდედრის თვალწინ, ცოლს თავის არეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა. პოლიციას სიდედრმა დაურეკა და შველა ითხოვა.

„დაზიანება მიყენებულია ბლაგვი საგნით,“ – დასძინა ექსპერტმა.

„შესაძლებელია, დაზიანება ხელით იყოს მიყენებული?“ – ჰკითხა ექსპერტს პროკურორმა ზურაბ კონცელიძემ.

„შეიძლება,“ – მოკლედ უპასუხა შეკითხვას ექსპერტმა.

ადვოკატმა ირაკლი აბაშიძემ კი ექსპერტს რამდენჯერმე გაუმეორა შეკითხვა: „ხომ შეიძლებოდა ქალს კედელზე მიერტყა თავი ან იატაკზე დაერტყა? ასე მიიღებდა თუ არა იგივე დაზიანებას?“

„არ არის გამორიცხული, შესაძლებელია,“ – უპასუხა ადვოკატს ექსპერტმა.

გოჩა რ. სავარაუდო დანაშაულის ჩადენის დროისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. ის ბრალს არ აღიარებს. გოჩა რ. წინასწარ პატიმრობაში რჩება.

ამ შემთხვევამდე გოჩა რ. ორჯერ გასამართლდა ცოლზე ფიზიკური ძალადობისთვის. 2017 წელს მას პირობითი მსჯავრი შეუფარდა ბათუმის საქალაქო სასამართლომ. შესაბამისად, ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულს პირობით მსჯავრს ვეღარ შეუფარდებენ. მას ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

მომდევნო სხდომაზე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი დაზარალებული ქალის და მისი დედის ჩვენებებს მოისმენს.

„დაზარალებული ქალი განქორწინებას არ ითხოვს,“ – გვითხრა პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა, ირაკლი აბაშიძემ.

რა არის ბრალდებულის ვერსია? – ადვოკატის თქმით, ბრალდებულმა არ იცის, სად და რის გამო მიიღო დაზიანებები მისმა ცოლმა.

„ის ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ სიდედრის კაფეში იყო, მეტი არაფერი… არც იმას ამბობს, რატომ მოუგონეს ეს ამბავი,“ – გვითხრა ადვოკატმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: