მთავარი,სიახლეები

არასრულწლოვან მსჯავრდებულთა ზოგადი განათლების პროცესი ხარვეზებით 

30.08.2018
არასრულწლოვან მსჯავრდებულთა ზოგადი განათლების პროცესი ხარვეზებით 

საქართველოში არასრულწლოვნები თბილისის N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში იხდიან სასჯელს. უზრუნველყოფს თუ არა სახელმწიფო სრულფასოვნად არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისა და ბრალდებულების ზოგად განათლებას?

N11 სარეაბილიტაციო დაწესებულების სკოლა თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლასაა მიერთებული. სკოლა ამზადებს არასრულწლოვნებს ექსტერნის პროგრამის დასაძლევად, ასევე საატესტატო გამოცდების ჩასაბარებლად.

ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშის მზადებისას  N11 დაწესებულების მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ არასრულწლოვან მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი ხშირად არ ესწრება გაკვეთილებს. ამ მდგომარეობაში არ აქტიურობს სოციალური სამსახური და სკოლის მასწავლებლები.

დაწესებულებაში არ მოქმედებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმი, როგორც საჯარო სკოლებში. დაწესებულებაში არ არიან არც სპეცმასწავლებლები.

მასწავლებლები უჩივიან არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან ურთიერთობის საკითხებზე ტრენინგებისა და სემინარების სიმცირეს. შესაბამისად, დაწესებულებაში რთულდება არასრულწლოვანთა რთული ქცევის მართვა, რაც მთელ რიგ პრობლემებს წარმოშობს.

არ აქვს ეფექტური კომუნიკაცია N11 დაწესებულების სკოლასა და იმ სკოლებს, სადაც არასრულწლოვანი ბრალდებულები დაკავებამდე სწავლობდნენ, ოფიციალური პროცესები ხშირად ჭიანურდება.

პრობლემაა არასრულწლოვან ბრალდებულთა დაწესებულების სკოლაში ჩარიცხვის პროცესიც, რასაც მშობლის ხელმოწერა სჭირდება. მშობლები ხშირად ვერ ახერხებენ სპეციალურად ამისთვის სხვადასხვა რეგიონიდან თბილისში ჩასვლას, მათი აქტიურობა კი ამ შემთხვევაში გადამწყვეტია.

დაწესებულებაში მყოფ ერთ-ერთ არასრულწლოვან მსჯავრდებულს, მაგალითად, არ აქვს პირადობის მოწმობა. სოციალური სამსახურის თანამშრომლების არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ დადგინდა მისი მშობლების ადგილსამყოფელი. ეს მსჯავრდებული, მართალია, ესწრება გაკვეთილებს, მაგრამ სკოლის დასრულების შემდეგ ვერ მიიღებს ატესტატს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2018 წლის იანვრის ანგარიშის მიხედვით, პენიტენციურ სისტემაში 32 არასრულწლოვანი ბრალდებული და მსჯავრდებულია განთავსებული, ყველა მათგანი ბიჭია.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: