მთავარი,სიახლეები

რა ელის 3000 ხორბალმზიდი ავტომობილის მესაკუთრეს – ახალი აკრძალვა ხორბლის შემოტანაზე

30.08.2018 • 6923
რა ელის 3000 ხორბალმზიდი ავტომობილის მესაკუთრეს – ახალი აკრძალვა ხორბლის შემოტანაზე

„ეს არის სახელმწიფოს ძალისმიერი ჩარევა თავისუფალი ბაზრის წვდომაზე, აუცილებლად გამოიწვევს პროდუქციის გაძვირებას და ამ სეგმენტზე მომუშავე საავტომობილო პარკი დადგება სოციალური პრობლემების წინაშე, რაც წნეხად დააწვება ისევ სახელმწიფოს“, – ასე აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებას, რომლითაც 2018 წლის 15 სექტემბრიდან, საქართველოში ხორბლისა და ხორბლის ფქვილის შემოტანა და გატანა ავტომანქანებით იკრძალება.

„შეზღუდვის ფაქტი, არის ბაზარზე ბიზნესის კონკრეტული სეგმენტის – საავტომობილო გადამზიდავების არდაშვება, რაც თავისუფალი კონკურენციის პრინციპებს ეწინააღმდეგება“, – ამბობს პაატა ცაგარეიშვილი.

მისივე განცხადებით, ბრძანების გამოცემის ერთადერთი მიზანი ისაა, რომ გარკვეული ტვირთი, ამ შემთხვევაში ხორბალი, რკინიგზაზე გადაამისამართონ, ვინაიდან „საქართველოს რკინიგზა არის კრიტიკულ მდგომარეობაში. 60%-ით არის ტრანზიტი შემცირებული 2012 წელთან შედარებით, ამიტომ გარკვეული ტვირთების გადმომისამართება რკინიგზაზე ხდება სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ძალადობრივი მეთოდით, რაც აბსოლუტურად გაუმართლებლად მიმაჩნია“.

პაატა ცაგარეიშვილის თქმით, საქართველოს რკინიგზას ვერ უშველა გასულ წელს საქართველოსა და რუსეთის რკინიგზების შეთანხმებამ, რომლითაც შეღავათები დაწესდა სომხეთის იმპორტისა და ექსპორტისთვის: „არის სპეციალური საბორნე გემი ფოთი-კავკაზის [აზოვის ზღვაში, კრასნოდართან] რეისზე და აი ამ საბორნე გადაზიდვებზე 50%-იანი ფასდაკლებით დააწესეს ტარიფი, მაგრამ ეს თანხა მაინც იმდენად მაღალია, რომ მანქანით გადაზიდვა გაცილებით იაფი ჯდება. მანქანით ტვირთი შეძენის ადგილიდან დანიშნულების ადგილამდე, ანუ წისქვილკომბინატამდე მიგაქვს. რკინიგზით რომ წამოიღო, ქარხნებს რკინიგზა არ აქვს ყველას და მაინც მანქანაში უნდა გადატვირთო, რაც აძვირებს თვითღირებულებას“.

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში აცხადებენ, რომ რუსეთიდან სომხეთში ხორბლის ტრანსპორტირებისთვის მოკლე – 500-კილომეტრიანი მონაკვეთია საქართველოს გავლით და აქ ვერცერთი სატრანსპორტო საშუალება ვერ ჯობნის საავტომობილო ტრანსპორტს – სისწრაფით, მოხერხებულობით, ფასებით. შესაბამისად, ეს ნიშა საავტომობილო ტრანსპორტმა წაართვა რკინიგზას და ნავსადგურებს.

„ხორბალი და სიმინდი საქართველოში, ძირითადად, რუსეთიდან შემოდის, კრასნოდარის, სტავროპოლის მხარიდან. ეს ხორბალი რომ შემოდიოდეს ყაზახეთიდან, მაშინ რკინიგზა მისაღები იქნება. მაგრამ ამ მოკლე ხაზზე, რკინიგზა ვერ უგებს საავტომობილო ტრანსპორტს. ძალოვანი ხერხებით შეზღუდვა კი არ არის სწორი. ხორბლის ძალიან დიდი რაოდენობა ქართველ მეწარმეებს შემოაქვთ და გააქვთ სომხეთის მიმართულებით. ტრანსპორტირების ხარჯის ზრდა ცალსახად გაზრდის პროდუქციის ფასს“, – ამბობს პაატა ცაგარეიშვილი.

სომხური პრესა წერს, რომ საქართველოს ეს გადაწყვეტილება სომხეთში 1 ტონა ხორბალს დაახლოებით 50 აშშ დოლარით გააძვირებს. სომხური მედიის ცნობით, დაწყებულია მოლაპარაკება საქართველოს რკინიგზასთან, რათა სომხეთში ხორბლის გადაზიდვის ფასები არ გაიზარდოს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, ხორბლის შემოტანის აკრძალვა იმ მიზეზით ახსნა, რომ ლარსის გამშვებ პუნქტზე ხორბლით დატვირთული ტრაილერების რიგების გამო საქართველო ტურისტების მნიშვნელოვან რაოდენობას კარგავს.

„წელს არის უპრეცენდენტო რაოდენობა ტურისტების, ისინი საზღვარს კვეთენ როგორც სახმელეთო, ისე სხვა გზებით. თუმცა სახმელეთო ტრანსპორტით შემოსულია უამრავი მსუბუქი მანქანა, მათ შორის ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე და თქვენ თუ დააკვირდებით, იქ იყო კრიზისი შექმნილი. ასეულობით მანქანა ბრუნდებოდა უკან და ვკარგავდით ძალიან სერიოზულ შემოსავლებს ტურიზმში. თუ თქვენ ნახავთ „რუსტურიზმის“ განცხადებას, ის მოუწოდებს მოსახლეობას, რომ აირიდონ თავიდან ის დისკომფორტი და მრავალკილომეტრიანი რიგები, რომელიც საქართველოს საზღვართან არსებობდა და თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან. ამას გარდა, უამრავი ადამიანი თავიანთ ახლობლებს რეკომენდაციას უწევდა, რომ არ წასულიყო საქართველოს მიმართულებით. ამის დაშვება და ამასთან შეგუება მიუღებელია და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეგვეზღუდა სატვირთო მანქანებით ხორბლის შემოტანა“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მინისტრის არგუმენტს არ იზიარებს პაატა ცაგარეიშვილი. „ლარსის ბლოკირებას სომხური გარგარის ტრანზიტი უფრო ახდენს, ვიდრე ხორბალი“, – ამბობს ის.

მინისტრის ბრძანებით დაზარალდებიან ის მეწარმეებიც, რომლებსაც ხორბალი მანქანებით შემოაქვთ და მცირე წისქვილკომბინატებს ამუშავებენ. დაზარალდებიან ის მეწარმეებიც, რომლებსაც საცხობები აქვთ და ამ წისქვილკომბინატებისგან იღებენ ფქვილს. ხორბლის ფქვილი [50 კგ] 3-4 ლარით, დაახლოებით ორი კვირის წინ, ისედაც გაძვირდა.

„ბათუმელები“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, თუმცა, მინისტრის აღნიშნულ ბრძანებასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხები ვერ მივიღეთ.

„ყველა ქვეყანა ანვითარებს თავისუფლად დაშვებას ბაზარზე და შეზღუდვები მხოლოდ და მხოლოდ ეკოლოგიური ხასიათისაა. მაგალითად, ავსტრია საავტომობილო ტრანსპორტის გადაზიდვებს სწორედ ამ ნიშნით ზღუდავს და აიძულებს მეწარმეს ავტომობილი შედოს რკინიგზის სპეციალურ ვაგონზე და ასე გადაკვეთოს ავსტრიის ტერიტორია. გერმანია კი ამბობს, რომ დაბალი კატეგორიის „ევრო 2“ და „ევრო 3“ ტიპის მანქანებმა იარონ მის ტერიტორიაზე, მაგრამ იმაზე მეტი გადასახადი გადაიხადონ, ვიდრე დაწესებულია „ევრო 5“ და „ევრო 6“ ტიპის ავტოტრანსპორტისთვის. გადასახადის ლავირებით აიძულებს მეწარმეს შეცვალოს სატრანსპორტო საშუალება და უფრო ეკოლოგიური გახადოს“, – ამბობს პაატა ცაგარეიშვილი.

 სტატისტიკა სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრისგან:

[checklist]

  • 2012 წელს საქართველოს რკინიგზამ 1 420 000 ტონა ხორბალი გადაზიდა [საქართველოს და სომხეთის ტვირთები], 2017 წელს კი  ეს რიცხვი 300 ათას ტონამდე ჩამოვიდა. ანუ 79%-ით შემცირდა ხორბლის გადაზიდვა რკინიგზით;
  • მარტო გასულ წელს 41%-ით შემცირდა გადაზიდვა სომხეთის რკინიგზაზე და ეს ტვირთი, ფაქტობრივად, საქართველოში საავტომობილო გადამზიდავებმა წამოიღეს;
  • 2013 წელს ხორბლის გადაზიდვისგან რკინიგზის შემოსავალმა შეადგინა – 23.6 მლნ ლარი (14.2 მლნ აშშ დოლარი), 2017 წელს – 10,3 მლნ ლარი [4,1 მლნ აშშ დოლარი]. პრაქტიკულად 2013-2017 წლებში რკინიგზით ხორბლის გადაზიდვების შემოსავლები შემცირდა 71% ით.
  • საქართველოს ყოველწლიური მოხმარება ხორბალზე 650 000 ათას ტონაა, ხოლო 100 000 ადგილობრივი წარმოებით ბალანსდება, იმპორტირებული ხორბალი საქართველოში შეადგენს 550 000 ტონას;
  • რკინიგზით 2017 წელს გადაზიდული 300 ათასი ტონიდან, საქართველოს დანიშნულებით რკინიგზამ გადაზიდა – 165 ათასი ტონა, ხოლო 145 ათასი ტონა სომხეთის დანიშნულებით. შესაბამისად, რკინიგზამ 2017 წელს გადაზიდა საქართველოს საერთო მოხმარების, 30% ხოლო დანარჩენი 70% გადაიზიდა საავტომობილო ტრანსპორტით.

[/checklist]

„ღია ბაზრის პრინციპმა უბიძგა საავტომობილო ტრანსპორტის მეწარმეებს, შეეძინათ სპეციალური ტრანსპორტი, აღეჭურვათ ისინი დამატებითი ტენტებით, საბაჟო პროცედურები გაიარეს, დიზელი მოიპოვეს, სანებართვო სისტემა მოაგვარეს და ა.შ. ადვილი არ არის რუსეთში გასვლა. მათ ადაპტირება მოახერხეს და, შესაბამისად, დაიჭირეს გარკვეული სეგმენტი ამ ბაზარზე, მე ვიტყოდი ძალიან დიდიც. 3000 ადაპტირებული ავტომობილია საქართველოში, რომლებიც ხორბალმზიდად გადაკეთდა და სხვა დანიშნულებით ვერ გამოიყენებ. თითო 30 ათასი დოლარი ღირს. ამის უკან მეწარმეები, ოჯახები დგანან და მინისტრის ბრძანების გამო უმუშევრები დარჩებიან“, – ამბობს პაატა ცაგარეიშვილი.

აღსანიშნავია, რომ მინისტრის ბრძანება აკრძალვაზე თავიდან სიმინდსაც ეხებოდა, მაგრამ შემდეგ სიმინდი დასაშვებად ჩათვალეს. „ორთავე მარცვლეულია, მაგრამ ერთის შემოტანა მანქანით დაუშვეს, მეორის არა. თბილისთან არის მეფრინველეობის ფაბრიკები მუხრანში, მარტყოფში და სხვაგან, სადაც ლიანდაგები არ აქვთ და სიმინდს  რკინიგზით ვერ მიიტანენ, ამიტომ ეს მნიშვნელოვნად გააძვირებდა ფრინველის ხორცს და კვერცხს, არადა დიდი ინვესტიციებია ჩადებული… ამიტომ ნება დართეს სიმინდი მანქანებით შემოიტანონ“, – ამბობს პაატა ცაგარეიშვილი.

„ცალკეულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურის თანხმობით, [ხორბლის] შემოტანა/გატანა შესაძლებელია განხორციელდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებით“, – აღნიშნულია ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში.

რას გულისხმობს ცალკეული შემთხვევები და არის თუ არა რაიმე ინსტრუქცია ან წესი, რის საფუძველზეც შემოსავლების სამსახური ასეთ თანხმობას გასცემს? – ოფიციალური პასუხი „ბათუმელებმა“ შემოსავლების სამსახურიდან ვერ მიიღო.

„15 სექტემბრამდე არის დრო – დაილაპარაკებენ, ჯერ არ არის დეტალები გაწერილი. ხორბალია მაინც, მტკივნეული პროდუქტია, შეიძლება აქ იყოს საჭიროება, რომ დაიშვას დროებით ავტომანქანებით შემოტანა. ამიტომ დევს ბრძანებაში ეს მუხლი – რამე რომ იყოს ქვეყანაში – ან ხორბალი გათავდეს, ან რამე, ხორბლის სწრაფად შემოტანის ალტერნატიული გზა არსებობდეს… ხორბლის რიგმა ტურისტიც დაგვაკლო. ლარსის მიმართულება ცოტა რთული რეგიონია, გზა არ ვარგა, ხიდები რემონტდება, არ ეტევა ამდენი მანქანა. რომელი ტვირთიც ბევრია, ის ჩაიკეტა, დანარჩენი არის, ვნახოთ,“ – გვითხრა არაოფიციალურ საუბარში შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

ამ თემაზე:

საქართველოში ხორბლისა და ფქვილის მანქანებით შემოტანა იკრძალება – ეს პურს გააძვირებს 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: