საქართველოს ქალთა ნაკრებმა ჭადრაკში საფრანგეთს მოუგო, ვაჟებმა კი – მონღოლეთის ნაკრებს

ბათუმში მიმდინარე 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე მესამე ტურის პარტიები გათამაშდა. საქართველოს ქალთა ნაკრებმა საფრანგეთს მოუგო ანგარიშით – 2.5:1.5, ვაჟთა ნაკრებმა კი გუშინდელი ყაიმის შემდეგ მონღოლეთის ნაკრები ანგარიშით – 3:1 დაამარცხა.

ქალთა ნაკრებიდან ერთადერთი გამარჯვება ნინო ბაციაშვილმა ჩაიწერა, რომელმაც მეორე დაფაზე თეთრი ფიგურებით ითამაშა. დანარჩენები ფრანგ მოჭადრაკეებთან ყაიმზე შეთანხმდნენ. მესამე დაფაზე ბელა ხოტენაშვილი შავი ფიგურებით დიდხანს ცდილობდა მეტოქის დამარცხებას, გარკვეულ მომენტებში უპირატესობასაც ფლობდა, მაგრამ საბოლოოდ ყაიმი ითამაშა, რამაც საქართველოს ნაკრებს მესამე გამარჯვება მოუტანა.

ვაჟთა ნაკრების პირველ და მეორე დაფაზე გამარჯვებები ბაადურ ჯობავამ და ივან ჩეპარინოვმა მიითვალეს. ლევან ფანცულაიამ მესამე დაფაზე ყაიმი ითამაშა. ასევე ყაიმი ითამაშა დავით ჯოჯუამ შავი ფიგურებით მეოთხე დაფაზე ურტნასან ნასანჟარგალთან. ეს შეხვედრა თითქმის 6 საათი გაგრძელდა – მოჭადრაკეებმა დარბაზი ყველაზე ბოლოს დატოვეს.

საქართველოს სხვა ნაკრებებიდან ყველაზე მძიმე მატჩი ვაჟთა მეორე გუნდს ჰქონდა, რომელიც ოლიმპიადაზე, დიდოსტატებით დაკომპლექტებულ რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 1.5:2.5 დამარცხდა. ქალთა მეორე ნაკრებმა ყაიმი ითამაშა ესპანეთთან.

აღსანიშნავია, ასევე, რომ მესამე დაფაზე სოფიო გვეტაძე ანა მათნაძესთან დამარცხდა, რომელიც ესპანეთის სახელით თამაშობს.

სოხუმის დაცემა – ფოტოები ციფრული ბიბლიოთეკის არქივიდან

1993 წლის 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. ამ დღეს სოხუმი დატოვეს ქართველებმა და ათასობით ადამიანი დევნილად იქცა საკუთარ ქვეყანაში. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკა “ივერიელში” აფხაზეთის ომის ამსახველი არაერთი ფოტოა დაცული.

სოხუმი საომარ ვითარებაში. 1993 წ. ელეფთერ ლაფაჩის ფოტო.
აფხაზეთის ომი პერიოდი. შახ აივაზოვის ფოტო.
აფხაზეთის ომი. შახ აივაზოვის ფოტო.
აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეები. 1993 წელი. ელეფთერ ლაფაჩის ფოტო
გარდაცვლილები სოხუმის ქუჩებში. ელეფთერ ლაფაჩის ფოტო. 1993
სოხუმი ომის პერიოდში. შახ აივაზოვის ფოტო
რუსი ჯარისკაცები სოხუმში. 1993 წელი. ელეფთერ ლაფაჩის ფოტო
აფხაზეთის ომის დღეები. ელეფთერ ლაფაჩის ფოტო
დევნილი ქალი მცირეწლოვანი ბავშვით. სოხუმი, 1993 წელი. ელეფთერ ლაფაჩის ფოტო
სოხუმელი დევნილები. 1993 წელი. გიორგი ჯახაიას ფოტო
სოხუმელი დევნილები. 1993 წელი. გიორგი ჯახაიას ფოტო
სოხუმი, 1993 წელი. შახ აივაზოვის ფოტო
სოხუმი, 1992. შახ აივაზოვის ფოტო

„ოცნების ქალაქს“ შუქი არ მიეწოდება

ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქის დასახლებაში მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია 26 სექტემბრის საღამოს 11:30 საათის შემდეგ არ მიეწოდება. ადგილზე მცხოვრებთა თქმით, ცეცხლი წუხელ ტრანსფორმატორს გაუჩნდა.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ელექტროენერგიის გარეშე ამ დროისთვის მხოლოდ ათი აბონენტია დარჩენილი. „ოცნების ქალაქში“ კი ამბობენ, რომ შუქი მთლიან დასახლებას არ მიეწოდება.

„ოცნების ქალაქთან“ „ენერგო-პროს“ ოფიციალურად რამდენიმე აბონენტი ჰყავს დარეგისტრირებული, დასახლებაში მცხოვრებლებს კი იმ ტრანსფორმატოროდან გვაქვს შუქი გადაყვანილი, სადაც ცეცხლი გაჩნდა,“ – გვითხრეს „ოცნების ქალაქში“.

„ავარიული დაზიანება იყო სატრანსფორმატორო პუნქტში. მზადაა შესაბამისი მასალები და დენის მიწოდება მაქსიმუმ, დღის 4 საათამდე აღდგება“, – აღნიშნეს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.

დაზიანება „ოცნების ქალაქთან“ მდებარე სატრანსფორმატორო პუნქტში / 27.09.2018 / ფოტოები: როინ გუნდაძე

 

საბავშვო ბაღებში კარაქის ნაცვლად იაფფასიანი სპრედი შეიტანეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე  ერთი მეწარმე პასუხისგებაში მისცა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულ პირს, ერთ-ერთი ინდივიდუალური საწარმოს ხელმძღვანელს, 2018 წელს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში,  სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებაში  შემავალი საბავშვო ბაღებისთვის სხვადასხვა სახის პროდუქტი, მათ შორის კარაქი უნდა მიეწოდებინა.

ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, გაყალბებული დოკუმენტებისა და კარაქის შესაფუთი მასალის გამოყენებით, საბავშვო ბაღებში  კარაქის ნაცვლად   იაფფასიანი სპრედი შეიტანა და მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას,“-ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

ოფიციალური ინფორმაციით, საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე და 210-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

საგამოძიებო: ქონების თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის 28 ფაქტია გამოვლენილი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით,  მიმდინარე წლის განმავლობაში, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მეწარმე სუბიექტების მხრიდან საგადასახადო ვალდებულებებისგან თავის არიდების მიზნით თვალთმაქცური გარიგებით, ქონების გადამალვის 28  ფაქტი გამოვლინდა.

„გამოძიების პროცესში მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ ზემოხსენებული მეწარმე სუბიექტები, რომლებსაც ჩატარებული საგადასახადო შემოწმებებისა და ინვენტარიზაციის შედეგად, ბიუჯეტის სასარგებლოდ ერიცხებოდათ დიდი ოდენობით თანხები, საგადასახადო ვალდებულებისგან თავის არიდების მიზნით, თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგების გზით, სისტემატურად ახორციელებდნენ მათზე რიცხული ქონების ოჯახის წევრებისა და ახლობლების სახელზე ფიქტიურად რეგისტრირებულ საწარმოებზე გასხვისებას. აღნიშნული ქმედების შედეგად, საგადასახადო ორგანოები  ვეღარ ახდენდნენ ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული გადასახადების და ჯარიმების იძულების წესით ამოღებას,“ – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2051 მუხლით 28 მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცა.

ბათუმის ერთ-ერთ კაფეში ცეცხლი გაჩნდა

ბათუმში, აბუსერიძისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში, წრიულთან მდებარე კაფეში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა რამდენიმე წუთში მოახერხეს.

ცეცხლი კაფეს სამზარეულოში, სავარაუდოდ, გაზქურას გაუჩნდა. დამწვარია საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ინვენტარი. შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები და პოლიციელები ამ წუთებშიც მუშაობენ.

სწრაფი კვების ობიექტში, რომელიც აბუსერიძის ქუჩაზე, ორსართულიანი სახლის პირველ სართულზეა განთავსებული, ხანძარი დღეს, 27 სექტემბერს, დაახლოებით დილის 9 საათზე გაჩნდა.

ბათუმი, 27.09.2018. ფოტო „ბათუმელები“

 

ავსტრალიელი, რომელიც ერთი წელია აჭარის სოფელში ხალხურ სიმღერებს სწავლობს

ლოიდ ოჰონლონი 26 წლის ავსტრალიელია, რომელმაც ქართული ხალხური სიმღერები პირველად მშობლიურ ქალაქ მელბურნში მოისმინა და გადაწყვიტა, რომ ქვეყანა, სადაც ეს მრავალხმიანი სიმღერები დაიბადა, აუცილებლად უნდა ენახა. ასე აღმოჩნდა საქართველოში. ბოლო ერთი წელია ლოიდი საქართველოში, ქედაში, სოფელ მერისში ცხოვრობს და ქართულადაც საუბრობს:

„ჩემს ქალაქში, მელბურნში ათი ქართველი ცხოვრობს, გავიცანით ცოლ-ქმარი, სოსო ჟორდანია და ნინო ციციშვილი, ორივე მელბურნის უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს, სოსო ნოე ჟორდანიას ნათესავია. მათგან ვიცოდით ქართული ფოლკლორის შესახებ, მაგრამ მერე ჩემმა ძმამ უნივერსიტეტის ვორქშოპებზე ცოცხლად მოისმინა ქართული ხალხური სიმღერები, მოვიდა სახლში და მიყვებოდა, თუ რა საოცარ კონცერტზე იყო. მახსოვს, ცდილობდა ემღერა ერთ ხმაში, მაგრამ ასე მაშინ ვერაფერს მივხვდი, მერე მეც დავესწარი კონცერტებს და მივხვდი, რომ უნდა მემოგზაურა აუცილებლად ქვეყანაში, სადაც ამ სიმღერებს მღეროდნენ.

პროფესიით მებაღე ვარ, მაგრამ სიმღერა მიყვარს და გამომდის. აღმოჩნდა, რომ მელბურნში ავსტრალიელებისა და ქართველებისგან შემდგარი ქართული ხალხური სიმღერების სამი გუნდია, მათ დავუკავშირდი, მალე პოლიფონიური მუსიკის სიმპოზიუმი დაიგეგმა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში წამოვედი მუსიკით დაინტერესებულ მეგობრებთან ერთად 2014 წლის ოქტომბერში, მაშინ აქ ერთი კვირით დავრჩით“ – ყვება ლოიდი.

პირველად ბათუმში ჩამოვიდა, მერე მთიანი აჭარის ტურისას მერისი მოინახულა და ჯემალ თურმანიძის საოჯახო სასტუმროში დარჩა. ეს ოჯახი გარდა სასტუმრო მომსახურებისა, მუსიკით დაინტერესებულ ტურისტებს ფოლკლორის გაკვეთილებსაც სთავაზობს და ხალხურ სიმღერებსა და ცეკვებს ასწავლის. ლოიდისთვის ეს სასიამოვნო აღმოჩენა იყო. აქ მოისმინა პირველად მერისული სიმღერები და „ჩაღმა ჩაყრილო ვენახო“ მალე მის საყვარელ სიმღერად იქცა.

საქართველოში 2014 წლის შემდეგ ორჯერ ჩამოვიდა. ჯემალ თურმანიძის ოჯახში, აჭარის სოფელ მერისში, სადაც უკვე ერთი წელია ცხოვრობს, საკუთარ შვილად თვლიან. სწავლობს ცეკვებს, სიმღერებს და მერისის ფოლკლორულ ანსამბლთან ერთად „ქედელობაზეც“ აპირებს სიმღერას.

„აქ ჩემთვის ყველაფერი საინტერესოა“ – ყვება ლოიდი, „ოჯახის ყოველდღიური საქმიანობა, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, ხან სიმინდს ვტეხთ, ხან არაყს ვხდით ერთად, ბოსტანში და ყანაშიც ერთად ვმუშაობთ, ყოველთვის მეუბნებიან, რომ სტუმარი ვარ და არ არის საჭირო შრომა ჩემთვის, მაგრამ როგორ?!

საკუთარი ბოსტანი რომ გაქვს და ყანა, ეს მელბურნში წარმოუდგენელია, იქ ყველა სუპერმარკეტში ყიდულობს ყველაფერს, აქ ყველაფერი, რაც გჭირდება ეზოშივე გაქვს“ – ამბობს ლოიდი და ავსტრალიურ ცხოვრებაზეც ყვება: „ახალი ქვეყანა გვაქვს, ავსტრალიაში  სხვადასხვა კონტინენტიდან ჩამოსული ადამიანები ცხოვრობენ, ჩემი წინაპრები ავსტრალიაში ირლანდიიდან ჩამოვიდნენ. ტრადიციებიც დაგვიგროვდა, ჩვენი ტრადიციული კერძი მაგალითად ნივრით, მარილითა და წითელი ღვინით შეზავებული კენგურუს მწვადია. ავსტრალიაში კენგურუს ბევრი ფერმაა. ყველაზე იაფი ავსტრალიაში კენგურუს ხორცია“.

ლოიდის საქართველოში ხშირი სტუმრობის მიზეზი მარტო მუსიკა არ არის, ქართველი შეყვარებული ჰყავს, რომელიც თბილისში გაიცნო. ამბობს, რომ მისი სამომავლო გეგმები ორ ქვეყანას: ავსტრალიასა და საქართველოს უკავშირდება, რადგან გოგო, რომელიც უყვარს საქართველოში ცხოვრობს, მისი მშობლები და მეგობრები კი ავსტრალიაში.

ოქტომბრის ბოლოს ავსტრალიიდან 25 კაციანი ჯგუფი ჩამოდის, ლოიდის მსგავსად მათაც ქართული ხალხური სიმღერები უნდა შეისწავლონ ჯემალ თურმანიძის ოჯახში, სოფელ მერისში. სანამ ლოიდის მეგობრები მერისში ჩამოვლენ, 26 წლის ავსტრალიელი ახალ სიმღერებს სწავლობს და ხანდახან კუბურ სიმღერებსაც მღერის აჭარის მთებში.

ახალი განცხადებები, რომლებსაც შემოსავლების სამსახურში ელექტრონულად წარადგენთ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ გადასახადის გადამხდელებთან ელექტრონულ კომუნიკაციას ამარტივებს.

„მატერიალური ფორმის განცხადებების ნაცვლად, შემუშავდა ელექტრონული ფორმის 57 ახალი განცხადება, https://rs.ge/common/get_doc.aspx?id=10480 განცხადებების შესაბამისი ელექტრონული ფორმები ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებების ელექტრონულ კატალოგს დაემატა.

შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებულ გადასახადის გადამხდელებს აქვთ შესაძლებლობა სამუშაო ადგილიდან გაუსვლელად, დისტანციურად ისარგებლონ ელექტრონული განცხადებების სერვისით (https://rs.ge/4507)“ – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის შეტყობინებაში.

 

რატომ არ უნდა იბეგრებოდეს ქველმოქმედება – იურისტის განმარტება

თუ ფული გაქვთ და რომელიმე სტუდენტის სწავლის ან მისი ცხოვრების დაფინანსებას გადაწყვეტთ, გადასახადები ჩვეულებრივ რეჟიმში უნდა გადაიხადოთ. ამის შესახებ ერთ-ერთი ბიზნესკომპანიის ხელმძღვანელმა გვითხრა, რომელიც სტუდენტს დააფინანსებს. მან ქველმოქმედების პარალელურად სახელმწიფოსაც უნდა გადაუხადოს ფული.

კანონმდებლობის მიხედვით, ქველმოქმედება არ იბეგრება მხოლოდ მაშინ, თუკი ოფიციალურად დარეგისტრირებული საქველმოქმედო ორგანიზაცია სამკურნალო ან სამედიცინო მიზნისთვის ურიცხავს ვინმეს ფულს. გადასახადისგან თავისუფალია წელიწადში 1000 ლარამდე გადარიცხვაც ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რაც ჩუქებად ითვლება და არა ქველმოქმედებად.

„სახელმწიფო პოლიტიკა ამ კუთხით გადასახედია,“ – მიიჩნევს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. მისი თქმით, საგადასახადო კოდექსში დეტალურადაა გაწერილი რეგულაციები და არსებობს კონტროლის მყარი მექანიზმი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია დადგინდეს, თანხა მართლაც ქველმოქმედებისთვის გადაირიცხა, თუ სამეწარმეო მიზნებისთვის.

თუკი სტუდენტის სწავლის ან მისი ცხოვრების დაფინანსებას საქველმოქმედო ორგანიზაცია გადაწყვეტს, მას საშემოსავლო გადასახახდის ბიუჯეტში ჩარიცხვა მაინც მოუწევს.  საქველმოქმედო ორგანიზაცია ამ შემთხვევაში ქონების, მოგების დღგ-ს არ გადაიხდის.

„საქველმოქმედო ორგანიზაცია ვალდებულია წელიწადში ერთხელ ჩაატაროს აუდიტი, რომლის ანგარიშსაც ის წარუდგენს საგადასახადო ორგანოს. საქველმოქმედო ორგანიზაციამ უნდა დაასაბუთოს, რომ ფული ნამდვილად საქველმოქმედო მიზნებისთვის გადაიხადა და არ გადაურიცხავს, მაგალითად, ღამის კლუბში. თუ მიზნობრიობა არ დადასტურდება, ეს შეიძლება გახდეს საქველმოქმედო ორგანიზაციის გაუქმების საფუძველი,“ – განმარტავს იურისტი პაატა დიასამიძე.

ქველმოქმედების მიზნით თანხის გადარიცხვის გამო სხვა ნებისმიერი ორგანიზაცია იბეგრება, თუ ეს თანხა 1000 ლარს აღემატება. საია-ს იურისტი კანონზე გვერდის ავლის მარტივ შესაძლებლობაზე საუბრობს.

„კანონი ამბობს, რომ არ იბეგრება ორგანიზაცია, თუკი მისი გადარიცხვა არ აღემატება 1000 ლარს ერთი კალენდარული წლის განმავლობაში, ანუ იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით. შესაძლებელია, მაგალითად, გადაურიცხო კონკრეტულ პირს 1000 ლარი, რაც არ დაიბეგრება და შემდეგ ჩაურიცხო 1500, რაც დაიბეგრება. ამ გზით აარიდებს ორგანიზაცია თავს 2500 ლარის გადასახადს ჯამში,“ – აღნიშნავს პაატა დიასამიძე.

მაგალითისთვის, ქველმოქმედებისთვის გადარიცხული 1500 ლარის შემთხვევაში ის, ვინც ქველმოქმედებას ეწევა დაიბეგრება 375 ლარით, 2500 ლარის გადარიცხვის შემთხვევაში კი – 625 ლარით.

საია-ს იურისტი მიიჩნევს, რომ შედარებით რთულად დადასტურებადია, როცა რომელიმე ორგანიზაცია სტუდენტის ცხოვრებას აფინანსებს, სწავლის გადასახადი კი მარტივად ჩანს შესაბამის დოკუმენტში და ამ კუთხით ქველმოქმედება ან სტუდენტისთვის სტიპენდიის დანიშვნა არ უნდა იბეგრებოდეს.

პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი: „ეს დაეხმარება სტუდენტს რეალურად, ამიტომაც ამ კუთხით სახელმწიფო პოლიტიკის გადახედვა მნიშვნელოვანია… იგივე მიდგომა უნდა ჩამოყალიბდეს მკურნალობის კუთხით გადარიცხულ თანხაზეც. შესაძლებელია, კონკრეტულ მეწარმეს ჰქონდეს ფული და სურვილი, დააფინანსოს სამკურნალო ხარჯი, მაგრამ მას არ სურს დამატებით ფული იხადოს ამისთვის ბიუჯეტში. მსგავსი რეგულაციების ამოქმედება რეალურად არის შესაძლებელი“.

სახალხო დღესასწაული „შემოდგომა ქედაში -2018“ 30 სექტემბერს გაიმართება [ანონსი]

სახალხო დღესასწაული – „შემოდგომა ქედაში“ 2018 წლის 30 სექტემბერს 11 საათზე დაიწყება. ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაესწრებიან მოწვეული სტუმრები, ტურისტები, აჭარის არ მთავრობისა და საზოგადოების სხვა წევრები.

მრავალფეროვანი პროგრამა გაიხსნება უკრაინის ქალაქ კრემენეცთან დამეგობრების მემორანდუმის გაფორმებით (მახუნცეთი, თამარის ხიდის მიმდებარე ტერიტორია).

ღონისძიების ერთგვარი სიახლეებია: ევროპის წელთან დაკავშირებით მოწყობილი აგრობაზრობის გამოფენა-გაყიდვა, „სთრით არტი“, ქედელი გმირის ინსცენირება ფილმიდან „მევლუდი“, უკრაინის დელეგაციის ვიზიტი და ანსამბლი „ლიუბისტოკი“ , პეტიციის საფუძველზე ქედის ცენტრალური პარკისთვის რუსთაველის პრემიის ლაურეატის, პოეტ ფრიდონ ხალვაშის სახელის მინიჭება, ზაზა ხალვაშის ფილმის „ნამეს“ წარმატებების აღნიშვნა და ა.შ.

დაგეგმილია ასევე, სპორტული აქტივობები, საბავშვო გასართობი პროგრამები, აჭარული კერძების მომზადების ინსცენირება, სამუზეუმო ექსპონანტების, კულინარიული, ფოლკლორული, ეთნოგრაფიული და რეწვის ნიმუშების გამოფენები. გაიმართება საპატიო ქედელების და დამსახურებული მოღვაწეების დაჯილდოების ცერემონია.

ღონისძიებას დახურავს გალაკონცერტი, რომელიც ორ – ფოლკლორულ და საესტრადო – ნაწილად გაიმართება.

ღონისძიებას დაასრულებს რთველისა და ღვინის დაწურვის ცერემონია.

სახალხო დღესასწაულის ღონისძიების ორგანიზატორია ქედის მუნიციპალიტეტის მერია. თანაორგანიზატორები არიან: არასამთავრობო ორგანიზაციები – „სენი“ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და ქედის ღვინის საწარმო KTW-ი.

ღონისძიების ბიუჯეტი 14 298 ლარია.

იხილეთ სრული პროგრამა

როგორ შეიცვლის იერსახეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი შენობა ბათუმში

საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილ შენობას ბათუმში, მემედ აბაშიძის N40-ში, ბიზნესმენი რუსლან კაკაბაძე არემონტებს. შენობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, მან აჭარის ფინანსთა ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე 1 მილიონ 755 ათას ლარად  და პირობით იყიდა.

1128 კვ/მ მიწის ნაკვეთისა და 664,8 კვ/მ შენობის საწყისი გასაყიდი ფასი 1 მილიონ 720 ათასი ლარი იყო, ბიჯი – 35 ათასი ლარი. ქონება ერთი ბიჯით გაიყიდა.

პროექტის რენდერი

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან უკვე შეთანხმებული პროექტის რენდერის [ვიზუალური მასალა] მიხედვით მესაკუთრე ძეგლის პირვანდელი სახით აღდგენას არ გეგმავს. შენობას შესასვლელში შუშის ფოიე ემატება, სადაც ე.წ. ზამთრის ბაღის მსგავსი სივრცე მოეწყობა და ფუნქციურად  კაფეს დატვირთვა ექნება. გარდა ამისა, მინით შეიფუთება ფასადის ნაწილი მემედ აბაშიძის ქუჩის მხრიდან, საერთო ჯამში კი, შენობის მასშტაბები ორი სართულით გაიზრდება.

შენობის მესაკუთრის, რუსლან კაკაბაძის თქმით, ამ დროისთვის მას მოლაპარაკებები აქვს ერთ-ერთ ცნობილ ბრენდთან: „ ვგეგმავ ბრენდის შემოყვანას, ჯერ მოლაპარაკებების პროცესში ვართ, ამიტომ ვერ დავასახელებ“.

ამ დროისთვის მშენებლობის ადგილზე  გამოკრული არ არის საინფორმაციო ბანერი. რუსლან კაკაბაძის განმარტებით, არსებული ბანერი დაზიანდა და ახალ ბანერს ამზადებენ, რომელსაც  სამშენებლო მოედანზე დამონტაჟებულ ბილბორდზე უახლოეს საათებში გამოაკრავენ.

რა პირობით გაასხვისა აჭარის მთავრობამ ქონება, წაიკითხეთ აქ:

„საგარეოს შენობა“ 1 მილიონ 755 ათას ლარად რუსლან კაკაბაძემ იყიდა

ოკეანეში ტივით დაკარგული ბიჭი 49 დღის შემდეგ იპოვეს

18 წლის ინდონეზიელმა ალდი ნოველ ადილანგმა ღია ზღვაში 49 დღე გაატარა ტივზე დამაგრებულ მეთევზეთა მცურავ ქოხში.

იგი მცურავ ქოხში ჩირაღდნების დარაჯად მუშაობდა. ასეთ ჩირაღდნებს ინდონეზიაში თევზების მისაზიდად და მარტივად დასაჭერად ანთებენ. 18 წლის ინდონეზიელი ბიჭი, როგორც მისი მშობელი ამბობს, ტივზე 16 წლიდან მუშაობდა.

მეთევზეთა მცურავი ქოხი სანაპიროსთან იყო ბაგირით დამაგრებული, მაგრამ ძლიერმა ტალღებმა ბაგირი გაწყვიტა და ქოხი მოზარდიანად გაიტაცა ოკეანეში. კომპანიას, რომელსაც ხის ეს მცურავი ქოხი (რომპონგი) ეკუთვნის, კიდევ 50 ასეთი ქოხი აქვს.

ტივზე ბიჭს ჰქონდა წყალი, შეშა, საკვები და ანკესები. ის თევზით  ირჩენდა თავს. ოსაკაში მდებარე ინდონეზიის საკონსულოს განცხადებით, მცურავ ქოხს 49 დღის განმავლობაში 10-მა გემმა ჩაუარა, თუმცა მათ იგი ვერ შენიშნეს.

ყოველი გემის გამოჩენისას ბიჭს იმედი ჰქონდა, რომ ვინმე შენიშნავდა და ნაჭერს აფრიალებდა, თუმცა ამაოდ. ბიჭი ზუსტად 49 დღის შემდეგ, 31 აგვისტოს იპოვა პანამის დროშით მცურავი გემის ეკიპაჟმა გუამას წყლებში.

ბიჭის პოვნის შემდეგ გემის კაპიტანი გუამას სანაპირო დაცვას დაუკავშირდა და გადაწყდა, რომ მას იაპონიაში ჩაიყვანდნენ და ინდონეზიის საკონსულოს ჩააბარებდნენ.

ფოტო: EPA

18 წლის ალდი ნოველ ადილანგი ინდონეზიის ქალაქ მანადოდანაა. იგი მშობლებთან 8 სექტემბერს ჩაიყვანეს. მედიის ცნობით, ბიჭი თავს კარგად გრძნობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

_____________________

წყარო: BBC; The Gardian

ბათუმის მერია ძეგლების რეაბილიტაციას იწყებს – ზუბალაშვილის 38

ბათუმის მერია იმ შენობების რეაბილიტაციას იწყებს, რომლებსაც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვთ. ამ ეტაპზე ხუთი შენობის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. სარეაბილიტაციო ძეგლების ნუსხა ბათუმის მერიას აჭარის კულტურის სამინისტრომ გადასცა. მერიაში ამბობენ, რომ პროექტები, რომელთა მიხედვითაც ძეგლებზე სამუშაოები უნდა ჩატარდეს, სამინისტრომ შეისყიდა.

„ჩვენ გადმოგვცეს ძეგლების ჩამონათვალი [პროექტებთან ერთად], რომელთა რეაბილიტაციას პრიორიტეტების მიხედვით ეტაპობრივად განვახორციელებთ. პირველ ეტაპზე ის სახლი შეირჩა, რომელიც ბათუმში, ზუბალაშვილის N38-ში მდებარეობს,“ – გვითხრეს მერიის ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს პრესსამსახურში.

სარეაბილიტაციო ძეგლების ნუსხა:

ამ ძეგლების რეაბილიტაციას ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო 2019-2022 წლებში გეგმავს, რისთვისაც, წინასწარი გათვლებით, ქალაქის ბიუჯეტიდან 2 725 158 ლარის გამოყოფა იქნება საჭირო

საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ბათუმში, ზუბალაშვილის ქ. N38-ში, მდებარე შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი მიმდინარე წლის სექტემბერში გამოაცხადა თანხით – 601 956 ლარი. მომსახურებას სამმართველოს შპს „იუკონი და კომპანია“ 487 ათას 576 ლარად სთავაზობს. კომპანია ჯერ გამარჯვებულად არ გამოცხადებულა.

საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო დამატებით 10 ათას 726 ლარს გადაიხდის შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოების საავტორო ზედამხედველობაზე, რისთვისაც ხელშეკრულებას ტენდერის გარეშე ა(ა)იპ „ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საკითხების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნულ კავშირთან“ გააფორმებს. სწორედ ეს კავშირია პროექტის ავტორი, რომლითაც შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

„პროექტის მიზანია შენობის რეაბილიტაცია-რესტავრაცია და მისი მხატვრულ-არქიტექტურული იერსახის აღდგენით და თავდაპირველი სახის დაბრუნებით. სარესტავრაციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის მისაღები მეთოდოლოგიის გათვალისწინებით.

მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული შენობა უმძიმეს ფიზიკურ მდგომარეობაშია, მას მხატვრული გამომსახველობა არ დაუკარგავს. ისტორიული ფასეულობა განაპირობებს სარეაბილიტაციო სამუშაოებისას რესტავრაციის მეთოდის გამოყენების აუცილებლობას,“ – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 240 დღეში უნდა დასრულდეს.

დოკუმენტების მიხედვით: „XIX საუკუნის ბოლოს აგებული სახლი დაბალ ცოკოლზე აღმართული L-ის ფორმის ერთსართულიანი შენობაა და ქუჩის პერიმეტრული განაშენიანების ნაწილს წარმოადგენს. ფასადი შელესილია, თეთრად არის შეღებილი და ხუთი მართკუთხა ფორმის ფანჯრით ნაწევრდება. მის მარჯვენა კიდელში ლითონის მოაჯირით მოზღუდული ვერანდაა, რომელიც წინკარის ფუნქციას ასრულებს“:

სახლი ზუბალაშვილის 38-ში / ბათუმის კულტურული მემკვიდრეობა / ფოტო სატენდერო დოკუმენტებიდან

სარეაბილიტაციო შენობა რამდენიმე მოქალაქის კერძო მფლობელობაშია. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ეს სახლი ამხანაგობა „ქ.ბათუმი,ზუბალაშვილის 38“-ის საკუთრებაა.

 

მთავარი ფოტო: ბათუმში, ზუბალაშვილის ქ. N38-ში მდებარე შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ფოტო სატენდერო დოკუმენტებიდან

პატიმარი: საკონსტიტუციომ ხელით შევსებული სარჩელი არ ჩაიბარა, ელექტრონულს მთხოვენ

„გაურკვეველია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნა სარჩელის ელექტრონული ვერსიის აუცილებლობასთან დაკავშირებით. სად ვნახო კომპიუტერი? იქნებ არც ერთი ადვოკატი არ იღებს საქმეს? მაშინ არ მაქვს სასამართლოსთვის მიმართვის უფლება სამართლიანობისთვის?“ – კითხულობს ბათუმის ციხეში მყოფი პატიმარი, ლეონიდე მიქაბერიძე.

რამდენიმე დღის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ მის სარჩელზე ხარვეზი დაადგინა  – სასამართლომ პატიმარს წარმომადგენლის დანიშვნა და სარჩელის ელექტრონული ვერსია მოსთხოვა.

„ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში პატიმარი წერს, რომ მას ფიზიკურად არ აქვს კომპიუტერულ სისტემასთან წვდომის შესაძლებლობა. პატიმარს ხარვეზი სარჩელის სააპლიკაციო ფორმის შევსების კუთხითაც დაუდგინეს.

„გარდა ამისა, ვინაიდან ზოგიერთ პუნქტში არ იყო საკმარისი ადგილი შესავსებად, ფორმას დავურთე დამატებითი გვერდები, რომლებზეც გადავიტანე კონკრეტული პუნქტის სათაურები. შესაბამისად, ჩემთვის გაუგებარია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის მიზეზი,“ – წერს პატიმარი.

ლეონიდე მიქაბერიძე 2014 წლიდან იხდის სასჯელს ბათუმის მე-3 დაწესებულებაში. 2017 წლის 14 აგვისტოს მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლითაც წაუყენეს, რაც გულისხმობს პენიტენციური დაწესებულების საქმიანობისთვის ხელის შეშლას ან ამ საქმიანობის დეზორგანიზაციას. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირის მიერ ამ მუხლის დარღვევა 10-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ლეონიდე ამ მუხლით გასამართლებული ჯერ არ არის.

სასჯელის ფორმას, ანუ 10-დან 12 წლამდე პატიმრობის არაკონსტიტუციურად მიჩნევას ითხოვს პატიმარი საკონსტიტუციო სასამართლოში, თუმცა მისი სარჩელი ჯერ წარმოებაში არ მიუღიათ.

რა უნდა გააკეთოს პატიმარმა, როცა მას სარჩელის შეტანა სურს სასამართლოში, მაგრამ კომპიუტერთან წვდომა არ აქვს, ან როგორ უნდა დაიქირავოს ადვოკატი? – საკონსტიტუციო სასამართლოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ლიანა ბაგაშვილი განმარტავს, რომ მან პატიმარს წერილი კანონის მოთხოვნების შესაბამისად გაუგზავნა და გამონაკლისი პატიმარი ვერ იქნებოდა.

„არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ პატიმრების თემებზე… კანონის მოთხოვნაა, რომ უნდა არსებობდეს ელექტრონული ვერსია, რომელიც ხელით შევსებული ვერსიის იდენტური უნდა იყოს. სავალდებულოა ისიც, რომ უნდა ჰყავდეს წარმომადგენელი. შესაბამისად, თუკი ხარვეზი არ გამოსწორდება, ეს სარჩელი რეგისტრაციიდან მოიხსნება,“ – გვითხრა ლიანა ბაგაშვილმა.

„საპატიმრო დაწესებულებაში პატიმარს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კომპიუტერული მოწყობილობის გამოყენების შესაძლებლობა. პატიმარს ასევე უნდა მისცენ შესაძლებლობა, ამობეჭდოს სარჩელი და მას დისკიც დაურთოს. თუ ამის საშუალება არ ეძლევა, მას ადმინისტრაციასთან დავის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს,“ – მიიჩნევს გიორგი გოცირიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი.

იურისტის თქმით, კონსტიტუციით არის გარანტირებული სასამართლოსთვის მიმართვის უფლება.

„შესაბამისად, ციხის ადმინისტრაციას შეუძლია მხოლოდ უსაფრთხოების ზომები დაადგინოს, მაგალითად, ის, რომ პატიმარს სარჩელის მომზადების დროს შესაძლოა ინტერნეტთან წვდომის უფლება არ ჰქონდეს,“ – დასძენს გიორგი გოცირიძე.

საია-ს იურისტისთვის სამართლიანია კანონის დათქმა, რომლის მიხედვითაც პატიმარს აუცილებლად უნდა ჰყავდეს წარმომადგენელი.

„საკონსტიტუციო სამართალწარმოება სპეციფიკურია, აქ განიხილება რთული სამართლებრივი საკითხები. ჩვეულებრივ სასამართლოს პირველ ინსტანციაში ფაქტობრივი გარემოებებია მთავარი და ფაქტები პატიმარმა უკეთ იცის, ვიდრე მისმა ადვოკატმა, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლო წმინდა სამართლებრივ საკითხებს განიხილავს. შესაბამისად, კანონმდებელმა დააწესა მოთხოვნა, რომ პატიმარი იურისტით იყოს წარმოდგენილი მსგავს დავებში,“ – გვითხრა გიორგი გოცირიძემ.

ლეონიდე მიქაბერიძის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში სავარაუდოდ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დაიცავს.

ციხიდან გამოგზავნილ წერილში ლეონიდე მიქაბერიძე კიდევ ერთი პრობლემის შესახებ ყვება – ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობა. მან სასჯელაღსრულების სამინისტროს წინააღმდეგ საქმე სასამართლოს სამივე ინსტანციაში მოიგო. ციხის ადმინისტრაცია მას ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლებას იმ მოტივით არ აძლევდა, რომ მას ბრალდებულის სტატუსიც ჰქონდა. კანონის მიხედვით კი, ბრალდებულს ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება არ აქვს. უზენაეს სასამართლოში დავა პატიმარსა და სამინისტროს შორის 2016 წლის ბოლოს დასრულდა.

ლეონიდე მიქაბერიძემ ხანგრძლივი პაემნის უფლება მიიღო, თუმცა მას სურდა მეუღლეს, დედას და შვილს ერთდროულად შეხვედროდა.

„ხანგრძლივ პაემანზე ერთდროულად შეიძლება იმყოფებოდეს ერთი სრულწლოვანი პირი, რომელსაც დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, შეიძლება თან ახლდეს ერთზე მეტი არასრულწლოვანი პირი,“ – სასჯელაღსრულების მინისტრის 2014 წლის ამ ბრძანებასაც ასაჩივრებს პატიმარი. მისი მტკიცებით, ბათუმის ციხის ინფრასტრუქტურა იძლევა ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთდროულად შეხვედრის შესაძლებლობას.

პატიმრის სარჩელი ხანგრძლივი პაემნის სარგებლობის უფლებაზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის შეფასებით: „მოცემული სარჩელის ფარგლებში, სადავოდ გამხდარი N3 პატიმრობის და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციის ქმედება [მოქმედება, უმოქმედობა] შესაძლოა გასაჩივრდეს ზოგადი წესით ადმინისტრაციულ ორგანოში [დეპარტამენტის დირექტორთან].“

„სარჩელის ტექსტი გავაგზავნე პარლამენტის წევრებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სახალხო დამცველთან. მიუხედავად იმისა, რომ სადავოდ ქცეული საკითხი ეხება არა კონკრეტულად ერთ მსჯავრდებულ ლეონიდე მიქაბერიძეს, არამედ ყველა მსჯავრდებულს, რომელთა უკან დგას მათი ოჯახის წევრები, ათიათასობით ადამიანი, ყველამ იგნორირება გაუკეთა ჩემს განცხადებას და არც ერთს ელემენტარულად პასუხიც კი არ მოუწერია… აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დამპირდა, რომ კომიტეტი განიხილავდა ამ საკითხს, მაგრამ ჯერჯერობით არც მაგ მხრივ არის პროგრესი“.

ბოლოს ლეონიდე მიქაბერიძეს უმაღლესი საბჭოს წევრი ცოტნე ანანიძე 22 აგვისტოს შეხვდა. მაშინ დეპუტატმა თქვა, რომ ხანგრძლივი პაემნის საკითხზე კომიტეტი იმსჯელებდა.

„ჯერ კომიტეტში საკითხი არ განგვიხილავს, კონსულტაციები მიდის… საჭიროების შემთხვევაში, მე შემიძლია მივმართო სასჯელაღსრულების ადმინისტრაციას დამატებითი პაემნის უფლებით სარგებლობის შესახებ. ჩემი შეფასებით, ბრძანება არ არის ბუნდოვანი, მაგრამ შესაძლოა ჩვენ გვქონდეს წინადადება მეტი ჰუმანიზაციისკენ,“ – გვითხრა დღეს, 26 სექტემბერს, ცოტნე ანანიძემ.

„ბელჰაუსში” ყველა ტიპის ავეჯზე 37%-იანი ფასდაკლება მოქმედებს

გრანდიოზული ფასდაკლება “ბელჰაუსში”!

მობრძანდით ჩვენთან და მიიღეთ 37% ფასდაკლება ავეჯის სრულ კოლექციაზე! ფასდაკლება ვრცელდება ყველა ტიპის ავეჯზე. 37% ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ შეკვეთის შემთხვევაში. ადგილიდან ნივთის შეძენის შემთხვევაში მოქმედებს 30% ფასდაკლება.

დაგვიკავშირდით:

ბათუმი; ზურაბ გორგილაძის ქუჩა N88 (სავაჭრო ცენტრ „ბათუმი მოლის“ მე-3 სართული) / ტელ.:+995 32 230 95 50 / მუშაობს: 10:00-22:00 საათამდე;

თბილისი; სულხან ცინცაძის ქუჩა N14 / ტელ.:+995 32 230 67 67 /; მუშაობს: 11:00-20:00 საათამდე;

თბილისი; ლუბლიანას ქუჩა N 11 / ტელ.: +995 32 243 04 24 /; მუშაობს: 11:00-20:00 საათამდე.

 

კომისია 164 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბათუმში ბინების გადაცემის საკითხს შეისწავლის

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსებში, 164 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო. კომისიის სხდომას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ესწრებოდა.

სამინისტროს ცნობით, გაფართოებული კომისიის შემადგენლობაში სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სახალხო დამცველის აპარატის, აჭარის მთავრობის, აფხაზეთის მთავრობისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებიც შედიან.

სამინისტროს ინფორმაციით, ბინის მიღების მოთხოვნით, განაცხადი ბათუმში რეგისტრირებულმა 142-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. ოჯახები მონიტორინგის ჯგუფებმა ადგილზე შეისწავლეს, რის შემდეგაც მოკვლეული მასალა განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა. კომისიის მუშაობის შედეგად, გამოვლინდებიან ის დევნილი ოჯახები, რომლებსაც ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემათ.

სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ბათუმში, ორი 16-სართულიანი კორპუსი აშენდა. ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართობი 164 დევნილ ოჯახს გადაეცემა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემებით, ბათუმში სულ 1453 დევნილი ოჯახი ცხოვრობს [4495 ადამიანი]. ამათგან 498 ოჯახს ფულადი კომპენსაცია აქვს უკვე მიღებული, 722 ოჯახს – საცხოვრებელი ფართობი.

ამავე თემაზე: 

რამდენი დევნილი ელოდება ბათუმში საცხოვრებელ ბინას

 

მანანა რატიანი: ხუთი ათასზე მეტი მასწავლებელი სტატუსს შეიცვლის

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, მანანა რატიანის ინფორმაციით, 5 ათასზე მეტი პედაგოგი სტატუსს შეიცვლის.

„ახლა მიმდინარეობს  შეფასების ჯგუფის შედეგების აპელაციები და როცა დასრულდება, გვექნება საბოლოო სურათი, თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ჩვენ სტატუსები მივანიჭეთ მასწავლებლებს, რომლებიც აგვისტოს ჩათვლით სკოლებს ჰყავდათ წარმოდგენილი სტატუსის ცვლილებაზე. ამავდროულად, სექტემბერში წარმოდგენილი 1 100 მასწავლებლის წინადადება გვაქვს უკვე ცენტრში და შესაბამისად, მათთვისაც სტატუსის მინიჭება დასრულდება მომდევნო კვირის ბოლოს“.

მანანა რატიანის ინფორმაციით, პედაგოგების სტატუსებთან დაკავშირებული მაჩვენებელი ამ დროისთვის ასეთია:

  • უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა უკვე 3 512 მასწავლებელს
  • წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა 172 მასწავლებელს
  • მენტორის სტატუსი მიენიჭა 19 მასწავლებელს

„ამ რაოდენობას ოქტომბრის თვეში კიდევ დაემატება 1 100 მასწავლებელი და მთლიანობაში  5 000-მდე მასწავლებელი გვეყოლება, რომლებმაც აიმაღლეს სტატუსი. გარდა ამისა, გვყავს 280 მასწავლებელი, რომლებმაც საგნობრივ გამოცდებზე დააგროვეს 10-10 კრედიტქულა და მათაც ასევე შეეცვლებათ სტატუსი“.

მანანა რატიანის ინფორმაციით, მასწავლებლის საგნობრივ გამოცდებზე 1 346 მასწავლებელმა ნაწილობრივი (1,4,7) კრედიტქულა მოიპოვა.

„ჯერ არ ვიცით, მათგან რამდენია სტატუსის ცვლილებისთვის მზად. ოქტომბრის პირველ კვირას მათთვის სპეციალურად გავხსნით ვადებს, იმიტომ, რომ დაგვიანდა მათთვის კრედიტქულების მინიჭება და მათაც ექნებათ შესაძლებლობა წარმოადგინონ სტატუსის ცვლილებაზე სკოლებმა,“ – გვეუბნება ის.

მანანა რატიანის თქმით, საბოლოო ჯამში, წლის ბოლომდე დაახლოებით 6 ათას მასწავლებელს ექნება სტატუსი შეცვლილი.

როგორც ცენტრის დირექტორის მოადგილე ამბობს, სტატუსშეცვლილი პედაგოგები გაზრდილ ხელფასს სტატუსის მინიჭების შემდეგ აიღებენ.

„ვისაც სექტემბრამდე ჰქონდა განაცხადი წარმოდგენილი და მივანიჭეთ ახალი სტატუსი, სექტემბერშივე აიღებენ გაზრდილი ხელფასის ნახევარს, ხოლო სექტემბერში ვინც წარმოადგინა განაცხადი, ისინი გაზრდილ ხელფასს მიიღებენ ოქტომბერში“.

მანანა რატიანის თქმით, გაზრდილია პედაგოგების აქტივობებიც.

„აისქულის“ ბაზას რომ გადავხედეთ, 120 ათასზე მეტ აქტივობაზე მტკიცებულება იყო ატვირთული, რაც ნიშნავს, რომ სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობდა წელს და საინტერესოა ასევე, სტატუსების მიხედვით როგორ აქტიურობდნენ მასწავლებლები“.

ატვირთული მასალების მიხედვით, როგორც მანანა რატიანი გვეუბნება, აქტიურობდა პრაქტიკოსი მასწავლებლების 67 პროცენტი, უფროსი და წამყვანი მასწავლებლების კი – 80 პროცენტზე მეტი.

ექიმები დავით სერგეენკოს წინააღმდეგ

ექვსი ექიმი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის – დავით სერგეენკოს წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს. თუკი სასამართლოს პირველი კოლეგია განმწესრიგებელ სხდომაზე სარჩელს დასაშვებად მიიჩნევს, მისი არსებითი განხილვა დაიწყება. ექიმები მიიჩნევენ, რომ მათ მიმართ კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობის პრინციპი ირღვევა.

დავის საგანი ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს მიერ ხელმოწერილი 2017 წლის 28 ივნისის ბრძანებაა, რომელიც დამატებით სწავლის ვალდებულებას უდგენს იმ ექიმებს, რომლებმაც რეზიდენტურა ან ორდინატურა უცხოეთში დაამთავრეს, მაგრამ ამისთვის იმაზე უფრო მცირე დრო დახარჯეს, ვიდრე საქართველოში დასჭირდებოდათ.

მოსარჩელე ექიმები არიან: ზურაბ იჩქიტიძე, ილია ჭუმბაძე, ხათუნა გრიგალაშვილი, გიორგი მამუკელაშვილი, თეონა კახიანი და ნათია კახაძე.

გასაჩივრებული ნორმის თანახმად, როდესაც უცხოეთში მიღებული დიპლომისშემდგომი განათლების ხანგრძლივობა ნაკლებია საქართველოში მოქმედ შესაბამისი საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობაზე, ან პირს უცხოეთში აქვს დამთავრებული კლინიკური ასპირანტურა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვებისათვის აუცილებელია საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობის ფლობა.

მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმის საფუძველზე სახელმწიფო მათ არ უღიარებს უცხოეთში მიღებულ დიპლომისშემდგომ განათლებას სრულად და უდგენს დამატებითი დიპლომისშემდგომი განათლების კურსის გავლის ვალდებულებას საქართველოში. ხსენებული კურსის გავლის გარეშე მოსარჩელეები არ დაიშვებიან სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე და ვერ მოიპოვებენ საექიმო საქმიანობის ლიცენზიას.

„მოსარჩელეებს მხოლოდ იმის გამო მოუწევთ რამდენიმე ათეული ათასი ლარის დახარჯვა და დამატებით რამდენიმეწლიანი სწავლა [იმ პროგრამაზე, რომელზეც უკვე ისწავლეს და შესაბამისი კვალიფიკაციაც მიიღეს], რომ არ გაუმართლათ და ბრძანების ამოქმედებამდე ვერ მოასწრეს სალიცენზიო გამოცდაზე რეგისტრაცია,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სარჩელში.

„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით, თვითნებურად ხდება არათანაბარი პირობების შექმნა და უთანასწორო სამართლებრივი რეჟიმის ჩამოყალიბება,“ – აღნიშნავენ მოსარჩელეები.

ამავე თემაზე: 

რა ღირს ექთნის შრომა

 

 

ყოფილი პროკურორი ექსპერტიზის ბიუროს აჭარის დეპარტამენტის უფროსად

ყოფილი პროკურორი – ავთანდილ კილაძე, რომლის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმში შიმშილობის აქციებსაც აწყობდნენ, ახლა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. ავთანდილ კილაძის მოადგილე სიმონ გოგილაშვილია – ისიც ყოფილი პროკურორი. ინფორმაცია ექსპერტიზის ბიუროს ახალ უფროსებზე ბიუროს ინტერნეტგვერდზეა გამოქვეყნებული.

ბოლო თანამდებობრივი დეკლარაცია ავთანდილ კილაძეს 2012 წელს აქვს შევსებული. ამ დროს იგი ბათუმის რაიონული პროკურორი იყო. ავთანდილ კილაძე პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციაზე 2004 წლიდან მუშაობდა.

2012 წლის ბოლოს ბათუმელმა ადვოკატებმა ავთანდილ კილაძის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. „ავთანდილ კილაძე საგამოძიებო განყოფილების უფროსად დანიშნეს,“ – აცხადებდნენ მაშინ ადვოკატები.

„თუ ქვეყანაში გვყავს პოლიტიკური დევნილები, თუ ქვეყანაში გვყავს უკანონო პატიმრები და ამ ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენაზე  აქვს პრეტენზია, არ შეიძლება მსგავსი გადაწყვეტილების მიღება. ავთანდილ კილაძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც ამ ყველაფერში იღებდა მონაწილეობას წლების განმავლობაში. ის ბათუმის პროკურორად 7 წელი მუშაობდა“, – ამბობდნენ სასამართლოსთან შეკრებილი ადვოკატები. ისინი ავთანდილ კილაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებასაც ითხოვდნენ – კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის გამოვლენის მოთხოვნით.

ხელისუფლების შეცვლის და ადვოკატების პროტესტის მიუხედავად, ავთანდილ კილაძე პროკურატურის საგამოძიებო განყოფილების უფროსად მაინც დანიშნეს. საპროტესტო აქციები 2013 წლის მარტში განახლდა. რამდენიმე ყოფილი პატიმარი პროკურატურის წინ ავთანდილ კილაძის თანამდებობიდან წასვლის მოთხოვნით შიმშილობდა კიდეც.

2013 წელს და შემდეგ წლებშიც თანამდებობრივი დეკლარაცია ავთანდილ კილაძეს აღარ შეუვსია. ადვოკატ რამინ პაპიძის თქმით, საპროტესტო ტალღის შემდეგ კილაძე საგამოძიებო განყოფილების უფროსის თანამდებობას ჩამოაშორეს, თუმცა პროკურატურაში მაინც დატოვეს.

„ის იყო ზურაბ ადეიშვილის და იმავდროულად ზაქარია ქუცნაშვილის თანაკურსელი, შესაბამისად, ორივე ხელისუფლებასთან გამონახა საერთო ენა. ახლა, როგორც ჩანს, კარგი ურთიერთობების გამო დაასაქმეს ექსპერტიზის ბიუროში. მე ვფიქრობ, კომფორტული გარემო შეუქმნეს,“ – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე.

სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, როგორც ობიექტური და დასაბუთებული კვლევის შედეგი, ხშირად გადამწყვეტი ფაქტორია სისხლის სამართლის დავებში. არსებობს თუ არა ეჭვის გაჩენის საფრთხე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიუკერძოებლობის კუთხით? – „ბათუმელები“ დამოუკიდებელ იურისტებს ესაუბრა.

„ამან შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული უხერხულობა,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, საია-ს აჭარის ფილიალის ყოფილი უფროსი და ამჟამად კომპანია „იურიდიული მრჩევლის“ ხელმძღვანელი. მას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტმა უნდა გამორიცხოს ყველა კითხვა და საეჭვო გარემოება.

„როდესაც დაცვის მხარე ექსპერტიზის მიერ მომზადებულ დასკვნაში ამოიკითხავს ყოფილი პროკურორის სახელსა და გვარს, შესაძლებელია, მას გაუჩნდეს უნდობლობის განცდა და მისი განწყობა გახდეს ნეგატიური. უწყებამ, რომელსაც ხელმძღვანელობს ყოფილი პროკურორი, შესაძლოა, დაცვის მხარის თვალში ვერ ისარგებლოს ინსტიტუციურად ნდობის მაღალი ხარისხით. მხარე დაინტერესებულია სამართლებრივი შედეგის მიღებით და ამას ის იღებს, მათ შორის, სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე. რა თქმა უნდა, დასკვნის მომზადებაზე ექსპერტი მუშაობს, მაგრამ როცა იცი, რომ მისი უშუალო ზედამხედველი არის ყოფილი პროკურორი, ეს შესაძლოა მხარეში იწვევდეს განცდას, რომ ვიღაც ჩაერია დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ მომზადებულ დასკვნაში“, – აღნიშნავს გიორგი ხიმშიაშვილი.

ედიშერ მახარაძე, ადვოკატი: „არ ვიცი, რატომ იყო საჭირო ყოფილი პროკურორების ექსპერტიზის ბიუროში გადაყვანა… ჩემი აზრით, ექსპერტებს თავიანთი საქმე აქვთ და ვერ ვხედავ პრობლემას, თუკი ხელმძღვანელი ავთანდილ კილაძე იქნება. ექსპერტიზას უშუალოდ ექსპერტი ატარებს და მისი ხელმძღვანელი ობიექტური შედეგის დადებაზე გავლენას ვერ მოახდენს.“

რამინ პაპიძე, ადვოკატი: „რისკი არსებობს, რადგან ავთანდილ კილაძე ცნობილი პროკურორი იყო, რისკი არსებობს მიუკერძოებლობის კუთხით. კანონის დარღვევა არაა ყოფილი პროკურორის დანიშვნა, მაგრამ რატომ? დავიჯერო, სისტემის შიგნით სხვა არავინაა ისეთი, ვისი დაწინაურებაც იქნებოდა მნიშვნელოვანი? მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ საქმის მცოდნე უნდა დაენიშნათ ბიუროს ხელმძღვანელად“.

საკადრო პოლიტიკის კუთხით პრობლემას ხედავს გიორგი ხიმშიაშვილიც, „იურიდიული მრჩევლის“ ხელმძღვანელი:

„საჯარო სექტორის ინსტიტუციური განვითარება მოითხოვს პროფესიონალ კადრებს. ეს კადრები უნდა იყვნენ, როგორც ქვედა რგოლში, ასევე მენეჯმენტში. ისინი უნდა გეგმავდნენ ორგანიზაციულ განვითარებას, კომუნიკაციას საზოგადოებასთან… საჯარო სექტორის ინსტიტუციური განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, როგორც პროფესიული კადრების მოზიდვა, ისე შიდა უწყებაში დასაქმებული კადრების დაწინაურება, მათ უნდა ჰქონდეთ საფეხურზე ასვლის შესაძლებლობა. მენეჯმენტის რგოლი არ უნდა იყოს პოლიტიკური მოტივაციის მქონე ფუნქციის მატარებელი,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ავთანდილ კილაძის წინააღმდეგ დაიწყება გამოძიება და საქმეს კონკრეტულ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნა დასჭირდება?

„გამოძიება ავთანდილ კილაძის წინააღმდეგ თავის დროზე არ დაუწყიათ და ახლა ვინ დაიწყებს? გამოძიება რომ დაიწყონ, ნათია შალიკაშვილის საქმე ეყოფა მარტო – 7 თვის ფეხმძიმე ქალს ყაჩაღობა დააბრალეს, როცა ამ ქალს საბანკო ანგარიშზე 8 ათასი დოლარი ჰქონდა. რეალურად ავთანდილ კილაძე ბევრ საქმეში არც ჩანდა, მას გავლენა ჰქონდა სხვა პროკურორებზე,“ – გვითხრა ადვოკატმა რამინ პაპიძემ.

ავთანდილ კილაძეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ინტერნეტგვერდზე საკონტაქტო ინფორმაციაში მხოლოდ ელექტრონული ფოსტა აქვს მითითებული. „ბათუმელებმა“ მასთან დაკავშირება მითითებულ მისამართზე სცადა, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ვებგვერდიდან:„სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის – სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“ 2004 წლის 4 ნოემბერს ჩამოყალიბდა. ექსპერტიზის ბიურო წარმოადგენს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და მისი საქმიანობა რეგულირდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული დებულებით და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.ბიუროს მომსახურებით სარგებლობენ, როგორც სახელმწიფო და საბიუჯეტო ორგანიზაციები, ასევე კერძო სტრუქტურები, კომერციული და არაკომერციული დაწესებულებები და სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირები. ბიუროში მოქმედებს საექსპერტო მომსახურების ფიქსირებული გადასახადი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით“.

_____________

მთავარ ფოტოზე: ავთანდილ კილაძე 2013 წლის საპროტესტო აქციის დროს. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან. 

„ბათუმი-რივიერას“ გენგეგმაში ჭაჭის კოშკი არ არის – იახტკლუბთან 6 შენობის აშენება იგეგმება

ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიას „სილქ როუდ ჯგუფის“ დაკვეთით კომპანია „ჩეპმენ ტეილორი“ დააგეგმარებს, ლანდშაფტური დიზაინის პროექტში კი ჭაჭის კოშკი გათვალისწინებული არ არის. გენერალური გეგმის მიხედვით, იახტკლუბთან, ხელოვნური ტბისა და ექვსი შენობის – საცხოვრებელი სახლებისა და სასტუმროების აშენებაა დაგეგმილი.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების გენერალური გეგმა წარდგენილია ბათუმის მერიაშიც, რომელმაც პროექტის – „ბათუმი რივიერა“ საბოლოო ვარიანტი უნდა შეითანხმოს და მშენებლობის ნებართვა გასცეს.

ბათუმის მერიაში კი გვითხრეს, რომ მათთან მხოლოდ განაცხადია შესული, რომლითაც კომპანია განაშენიანების რეგულირების გეგმარებით დავალებას ითხოვს, „შესაბამისად ჭაჭის კოშკის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება“.

ზოგადად, დარჩება თუ არა ჭაჭის კოშკი იქ, სადაც არის, და თუ კი, რატომ არ უვლის მას მერია? – ამ კითხვაზე მერიისგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ.

„სილქ როუდ ჯგუფი“  ბათუმის მუნიციპალიტეტისგან გეგმარებით დავალებას ელოდება. ამ დავალებით გამოჩნდება მუნიციპალიტეტი რა კვლევების ჩატარებას და რა დოკუმენტებს მოსთხოვს კერძო კომპანიას.

განაშენიანების რეგულირების გეგმას [გრგ], რომელსაც კომპანია მოამზადებს, საბოლოოდ ბათუმის საკრებულო დაამტკიცებს. მანამდე კი, როგორც მერიაში გვითხრეს, მოხდება მისი საჯარო განხილვა.

„ჭაჭის თაუერის“ მიმდებარე სკვერი დარჩება სახელმწიფოს საკუთრებაში, ხოლო კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე აშენდება საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები და გაკეთდება ხელოვნური ყურე [ლაგუნა], მოეწყობა კაზინო თუ სხვა საზოგადოებრივი დაწესებულებები – ამის შესახებ 20 სექტემბერს ბათუმში, „ბათუმი რივიერას“ გენერალური გეგმის პრეზენტაციაზე, პროექტის დირექტორმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა.

სწორედ ამ გეგმაზე არ არის დატანილი ჭაჭის კოშკი, რის შესახებაც წესით, მერიაში უნდა იცოდნენ.

გიორგი კაპანაძის თქმით, აღნიშნული პარკი [ჭაჭის თაუერის მიმდებარე ტერიტორია] „რჩება სახელმწიფო საკუთრებაში, როგორც ბათუმის ბულვარის განუყოფელი ნაწილი. აჭარის მთავრობასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ტერიტორიას მიენიჭება ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსი. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ნაწილში შენობა-ნაგებობები არ განთავსდება. პარკი ერთიანი ლადშაფტური კონცეფციის ნაწილი იქნება, რომლის განვითარებაზეც, აჭარის მთავრობასთან შეთანხმებით, „ჩეპმენ ტეილორი“ იმუშავებს“.

„ბათუმი რივიერას“ გენერალური გეგმა, რომელზეც ჭაჭის კოშკი არ არის დატანილი

„ჩეპმენ ტეილორის“ლანდშაფტური დიზაინის პროექტში, მომავალ სკვერში [იმ ტერიტორიაზე, რომელიც აჭარის საკუთრებაშია], იახტკლუბის მხარეს ამფითეატრის აშენებაა გათვალისწინებული.

პროექტს, რომელიც „ტრამპ თაუერის“ ნაცვლად ბათუმში „სილქ თაუერის“ აშენებას, ასევე, იახტკლუბის მოწყობას ითვალისწინებს, „სილქ როუდ ჯგუფი“ ახორციელებს. პროექტის ფინანსური მხარდამჭერი კი „თანაინვესტირების ფონდია“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია.

გენერალური გეგმის მიხედვით, იახტკლუბთან, ხელოვნური ტბის ირგვლივ 6 შენობა აშენდება [საცხოვრებელი სახლები და სასტუმროები], ერთ-ერთი იქნება „სილქ თაუერი“.

„შენობების სიმაღლე ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნების მიხედვით დავაგეგმარებთ და ყველაზე მაღალი შენობა, ვფიქრობთ, 40 სართულს არ გავცდებით,“ – გვითხრეს „სილქ როუდში“.

საერთო ჯამში, როგორც „სილქ როუდში“ აცხადებენ, მთლიანი ინვესტიცია, წინასწარი გათვლებით, მინიმუმ 350 მილიონ აშშ დოლარს მიაღწევს. მშენებლობის კონკრეტული ვადები ამ ეტაპზე უცნობია.

„პროექტის კიდევ ერთი პარტნიორი – კომპანია „ბათუმის იახტკლუბია“. საწყის ეტაპზე იახტკლუბში 3 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება იგეგმება, რომელსაც „ბათუმის იახტკლუბი“ და „სილქ როუდ ჯგუფი“ თანაბრად გაინაწილებენ“, – ამბობს გიორგი კაპანაძე.

ტერიტორია სადაც პროექტი „ბათუმი რივიერა“ უნდა განხორციელდეს / 25.09.2018 / მანანა ქველიაშვილის ფოტო 
ჭაჭის კოშკზე დრო გაჩერებულია – საათი არ მუშაობს / 25.09.2018 / მანანა ქველიაშვილის ფოტო
მთავარი ფოტო: „ჭაჭის კოშკი“ ბათუმში/25.09.2018/ მანანა ქველიაშვილის ფოტო

ბათუმის საკრებულოს აპარატის თანამშრომლები შესაძლო გათავისუფლების შესახებ გააფრთხილეს

ბათუმის საკრებულოს აპარატისთვის ახალი სტრუქტურის შესაქმნელად სამუშაო ჯგუფი მუშაობს. საკრებულოს განმარტებით, გადაწყვეტილება სამთავრობო სტრუქტურებიდან მიღებულ რეკომენდაციას უკავშირდება. ამ რეკომენდაციის თანახმად, ბათუმის მერია და საკრებულო ერთ საგადასახადო გადამხდელად უნდა დარეგისტრირდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკრებულოსა და მერიას ცალ-ცალკე ბუღალტერია ან შესყიდვების სამსახური არ დასჭირდება.

საკრებულოში მიიჩნევენ, რომ  ამ ცვლილების განხორციელება მიზანშეწონილია ახალი საბიუჯეტო წლიდან, მანამდე კი სამუშაო ჯგუფმა ახალ სტრუქტურაზე მუშაობა უნდა დაასრულოს. საკრებულოში ვარაუდობენ, რომ რეორგანიზაციის შედეგად აპარატის თანამშრომლებს სამსახურის დატოვება არ მოუწევთ და ისინი სხვა სამსახურებში სპეციალისტებად გადანაწილდებიან.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება აპარატში რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელ მოხელეთა მობილობას ითვალისწინებს.

საკრებულოს თავმჯდომარის შესაბამის ბრძანებაში აღნიშნულია:

[checklist]

  • „შტატების შემცირებისას გასანთავისუფლებელ პირთა (თანამშრომელთა) მობილობის განხორციელება პირველ რიგში შიდა რესურსის ფარგლებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო მისი შეუძლებლობის დროს სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროსთან“ თანამშრომლობის საფუძველზე სხვა საჯარო დაწესებულებაში (არაუგვიანეს 15.12. 2018 წ.);
  • შტატების შემცირების გამო გათვალისწინებულ მოხელეთა მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში მისი განთავისუფლება და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვა (ბრძანების გამოცემა არაუგვიანეს 15.12.2018 წ., ბრძანების ამოქმედება 2019 წლის 01
    იანვრიდან);
  • შტატის შემცირების გამო გათავისუფლებულ მოხელეებზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემა (არაუგვიანეს 20.12.2018 წ.).

[/checklist]

 

 

 

მაცივრები დაიჟანგა – ყველისა და ხორცის სექციები ბათუმის ბაზარში ცვლილებებიდან 2 წლის შემდეგ

ბათუმის ბაზარში ყველი რომ მხოლოდ მაცივრებიდან უნდა გაყიდულიყო, ორი წლის წინ გადაწყდა. როგორც 2016 წელს სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია “ბათუმელებთან” ამბობდა, ამ სექციაში ცვლილებების მიზანი სექციის ევროსტანდარტების დონეზე მოწყობა იყო. როგორც ბათუმის ბაზარში მოვაჭრეები  ამბობენ, მაცივრებმა არ გაამართლა.

ბათუმის აგრარულ ბაზარში 2016 წელს ცვლილებები ყველისა და ხორცის სექციებს შეეხო, რომელთა რეკონსტრუქციის პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ ფასილიტაციით მიმდინარეობდა. ყველის სექცია აღიჭურა 40 ახალი დახლ-მაცივრით, ხელსაბანი ონკანებითა და უჟანგავი ინვენტარით. რძის პროდუქტების სექციისთვის მოეწყო 4 სასაწყობო ოთახი, ლაბორატორია, გასახდელი ოთახები, სველი წერტილები, სასადილო, სამრეცხაო და სასტერილიზაციო.

როგორც მოვაჭრეები ამბობენ, ქართული ყველის შემადგენლობიდან გამომდინარე, მაცივრები მალევე დაიჟანგა და ზოგიერთი გაფუჭდა კიდეც. მათივე თქმით, ყველის სექციაში სპეციფიკური სუნიც ამის გამო იგრძნობა.

აქ ზოგიერთი მაცივარი ხის ფეხებზე დგას ან სულაც გამორთულია. როგორც ერთ-ერთმა მოვაჭრემ გვითხრა, იყო შემთხვევა, როცა ადამიანს დენმა დაარტყა, თუმცა ახალგაზრდა მამაკაცი დროულად მოაშორეს მაცივარს და არავინ დაშავებულა.

ხორცის სექცია ბათუმის აგრარულ ბაზარში:

ძეხვეული

 

ამავე თემაზე:

რძის პროდუქტები ქართულ ბაზარზე და ევროსტანდარტები

რა მოეთხოვებათ სპორტის მასწავლებლებს ახალი კანონპროექტის მიხედვით

„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ ახალი კანონპროექტი მუშავდება, რომლის წარდგენასაც პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საშემოდგომო სესიაზე აპირებს.

იმ შემთხვევაში, თუკი კანონპროექტი დამტკიცდება, 2019 წლის პირველი იანვრიდან ფიზიკური აღზრდის არც ერთ პედაგოგს, ვინც დღეს სკოლაშია დასაქმებული, არ ექნება საშუალება, ბავშვები და მოზარდები სპორტის ნებისმიერ სახეობაში გაწვრთნას, თუ არ ექნება შესაბამი კვალიფიკაცია.

ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სამმართველოს უფროსი, ვასილ ლიპარტელიანი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ ახალი კანონპროექტის მიხედვით, სპორტის მასწავლებლებს მოეთხოვებათ: უმაღლესი ან პროფესიული სასპორტო განათლება, ეროვნული სპორტული ფედერაციის ან საერთაშორისო სპორტული ფედერაციის მიერ მინიჭებული ლიცენზია, კვალიფიკაციიის დამასტურებელი დოკუმენტი ან რაიმე სერტიფიკატი რომელსაც ეროვნული ან საერთაშორისო სპორტული ფედერაცია გასცემს, უნივერსიტეტთან არსებული კვალიფიკაციისა და გადამზადების კურსების გავლა.

ლიპარტელიანის თქმით, სქემაში ჩართული სპორტის მასწავლებელი ზემოთ აღნიშნულ ყველა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს.

გარდა ამ მოთხოვნებისა, როგორც ლიპარტელიანი ამბობს, კერძო და საჯარო სკოლებში სპორტის საათები ოთხამდე გაიზრდება, სკოლამდელ დაწესებულებებში კი სავალდებულო იქნება კვირაში სამი საათი.

„კვირაში ოთხი საგაკვეთილო საათი სავალდებულო იქნება. ეს არის მინიმალური ნორმა კვირაში, მაგრამ არის ისეთი სკოლები, რომლებსაც არ გააჩნიათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ასეთი სკოლები გაკვეთილებს ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ ჩაატარებენ, რადგან ბავშვებს არ შევუქმნათ რაიმე საფრთხე“.

ამ დროისთვის სკოლებში დაწყებით საფეხურზე ფიზიკური აღზრდის გაკვეთილი სამჯერ ტარდება, მაღალ კლასებში კი ორჯერ.

კანონპროექტის თანახმად, ჯანმრთელობის მდგომარეობით გამოწვეული შეზღუდვების მქონე მოსწავლეთა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები უნდა ჩატარდეს შესატყვისი სარეაბილიტაციო პროგრამების მიხედვით.

ვასილ ლიპარტელიანის თქმით, ახალი კანონპროექტით დაიხვეწება სპორტული ორგანიზაციების მენეჯმენტის პრინციპებიც: „სპორტული ორგანიზაცია ვალდებული იქნება ჰქონდეს მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგია, ცვლილებები განხორციელდება ასევე საუნივერსიტეტო და მასობრივი სპორტის მიმართულებითაც“.

სპორტის შესახებ დღეს მოქმედი კანონი 1991 წელს არის მიღებული.

ქრონიკულად გაჩერებული საათი ევროპის მოედანზე და მერიის დიაგნოზი

ბათუმში, ევროპის მოედანზე მდებარე საათი კვლავ გაჩერებულია. ბათუმის მერიის დიაგნოზი ასეთია: „საათს სჭირდება მოწყობილობა, რომელიც მას ელექტროენერგიას სტაბილურად მიაწვდის. ახლა დენის ძაბვის მცირე ცვალებადობისას დრო ირევა – შეიძლება ერთ დღეში გაჩერდეს, შეიძლება ერთ კვირას იმუშაოს და შემდეგ კვლავ ხელით დარჩეს დრო გასასწორებელი“.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ სპეციალისტი არკვევს, თუ რომელი მოწყობილობა მიესადაგება ამ საათს, რათა მას დენი უწყვეტად მიეწოდოს და საათი არ გაჩერდეს. „ამ მოწყობილობის დადგენის შემდეგ დავიწყებთ შესყიდვის პროცედურას,“ – გვითხრეს მერიის სამსახურში.

ევროპის მოედანზე თავის დროზე ქალაქის ბიუჯეტიდან 20 000 დოლარად (ექვივალენტი ლარებში) შესყიდული საათი უკვე ექვსი წელია გამართულად არ მუშაობს. ის უმეტესად გაჩერებულია. ქალაქში ასეთი საათების არსებობას კი ბათუმის მერიაში ასე ხსნიდნენ: „მნიშვნელოვანია ტურისტული თვალსაზრისით“.

ამ თემაზე:

ბათუმში ახლა პირველი საათია

 

ქალაქი ძვირადღირებული, ასტრონომიული და გაჩერებული საათებით

დღესაც გაჩერებულია და არ მუშაობს საათი ჭაჭის კოშკზე.

რატომ ვერ აამუშავა მერიამ საათი ჭაჭის თაუერზე

 

 

ბათუმის პორტში მდგარი ავარიული გემის ეკიპაჟი ხელფასს რვა თვეა ელოდება

ბათუმის პორტში მდგარი ტვირთმზიდი გემის „ალიქან კარტალის“ ეკიპაჟი გემთმფლობელისგან კუთვნილ ხელფასს ელოდება. რვა თვეა მეზღვაურები უხელფასოდ მუშაობენ. გემზე საქართველოს სამი, ინდოეთის სამი და უკრაინის ერთი მოქალაქე იმყოფება. 7-კაციანი ეკიპაჟის შემადგენლობისთვის გემთმფლობელს დაახლოებით 32 ათასი დოლარი აქვს გადასახდელი. მეზღვაურები კუთვნილ ხელფასს ამ დრომდე უშედეგოდ ელოდებიან. გემთმფლობელმა დავალიანების დასაფარად ვადა თვის ბოლომდე ითხოვა.

„იანვარში ავედი გემზე სტამბოლში. მშრალი ტვირთის გადასაზიდი გემია, 1400 ტონას იტევს, შავ ზღვაზე უნდა გვემუშავა. წამოვედით სტამბოლიდან, სხვადასხვა პორტში შევდიოდით, გემი სარემონტო იყო, ავარიულ მდგომარეობაში, აგვისტოს დასაწყისში ძლივს ჩამოვაღწიეთ ბათუმამდე. ერთი თვე „მელკიმორიასთან“ გვყავდა გაჩერებული. შტორმის დროს ბაგირები გაგვიწყდა. საშიშროება იყო, გემი ჩაძირულიყო, მაგრამ სამაშველო მოგვეხმარა და პორტში გადმოგვიყვანეს, გემი გადავარჩინეთ,“ – ამბობს გემის კაპიტანი თამაზ გოგიტიძე „ბათუმელებთან“ საუბრისას.

თამაზ გოგიტიძე “ალიქან კარტალის” კაპიტანი

გოგიტიძე გვიყვება, რომ თავდაპირველი მოლაპარაკებით, როცა გემი სტამბოლიდან წამოიყვანეს, „ალიქან კარტალს“ შავ ზღვაზე მშრალი ტვირთი უნდა ეზიდა. გემი ავარიულ მდგომარეობაში იყო, მის შესაკეთებლად საჭირო თანხა კი გემთმფლობელმა არ გადაიხადა.

თამაზ გოგიტიძის თქმით, ბათუმის პორტში 24 საათით გემის გაჩერების ფასი დაახლოებით 500 დოლარია. კაპიტანი ამბობს, რომ ბათუმის ნავსადგურში მათი მდგომარეობა გაითვალისწინეს და ეს თანხა მინიმუმამდე შეამცირეს. გემთმფლობელს მეზღვაურთა ხელფასების გარდა ნავსადგურში დგომის თანხის გადახდაც მოუწევს.

ბათუმის პორტში მდგარი “ალიქან კარტალი” მშრალი ტვირთის გადასაზიდი გემია.  კაპიტნის თქმით, მისი საბაზრო ფასი დაახლოებით 150 ათასი დოლარია – იმ მეტალის ფასი, რომელიც გემზეა გამოყენებული. გემი იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ მას, როგორც ტვირთმზიდს, არავინ იყიდის

სანამ გემთმფლობელი მეზღვაურებს ანაზღაურებას არ გადაუხდის, კაპიტანს უფლება არ აქვს, გემი დატოვოს. გემი არ დაუტოვებიათ ეკიპაჟის არც სხვა წევრებს. თამაზ გოგიტიძის თქმით, მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, რომელმაც ეკიპაჟს სათანადო დახმარება აღმოუჩინა. სააგენტო ეკიპაჟს ეხმარება სამართლებრივ საკითხებშიც, რაც შეეხება ეკიპაჟის კვებას და სხვა საჭიროებებს, მათ დახმარებას მეზღვაურთა პროფკავშირები უწევს.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილის, ივანე აბაშიძის თქმით, როცა გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოვიდა, იმდენად გაუმართავ მდგომარეობაში იყო, რომ მისთვის დროშის მინიჭების საკითხი არც განუხილავთ. დღეის მდგომარეობით გემს არ შეუძლია თავისუფალი ნაოსნობა.

„ჩვენ ყველანაირად უზრუნველვყოფთ, რომ გემი უსაფრთხოდ იყოს. გემს არ აქვს დროშა, მასზე არიან მეზღვაურები. გემის მფლობელი თურქეთის მოქალაქეა, რომელმაც ოცდღიანი ვადა ითხოვა პრობლემების მოსაგვარებლად. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მედიატორის როლი აქვს. ვუზრუნველყოფთ იმას, რომ გემთმფლობელი კავშირზე იყოს და არ აიცილოს პასუხისმგებლობა. ველოდებით თვის ბოლოს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ივანე აბაშიძემ.

 

“ალიქან კარტალის” ეკიპაჟის წევრები გემზე

მწვანე კონცხზე კომპანია 27-სართულიანი შენობის აშენებას გეგმავს

„ელიტ კონსთრაქშენ გრუპი“ მწვანე კონცხზე, სარეკრეაციო ზონაში, ოცდაშვიდსართულიანი სასტუმროს აშენებას გეგმავს. პროექტის მიხედვით შენობა ორი მაღლივი კარკასისგან შედგება, რომელთაც ერთი დაბალი სივრცე აერთიანებს.

კომპანიამ საკუთრებაში არსებული ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა მოამზადა და ბათუმის მერიას წარუდგინა. მერიას დოკუმენტი საკრებულოში დასამტკიცებლად აქვს წარდგენილი, საკითხზე საკრებულომ პარასკევს, 28 სექტემბერს ჩანიშნულ სხდომაზე უნდა იმსჯელოს.

კომპანია ასევე ითხოვს საკუთრებაში არსებული ნაკვეთისთვის სარეკრეაციოს ნაცვლად საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსის მინიჭებას იმისათვის, რომ იქ ისეთი ფუნქციებისა და პარამეტრების შენობის აშენება გახდეს დასაშვები, როგორსაც „ელიტ კონსტრაქშენ გრუპი“ გეგმავს.

პროექტის ავტორების ინფორმაციით, შენობის ძირითად ნაწილს სასტუმრო დაიკავებს, იქნება აპარტოტელიც, საოფისე ფართობი, კაფე, რესტორანი, საბანკეტო და საკონფერენციო დარბაზები, სპა და ფიტნეს დარბაზები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.

პროექტის რენდერი
პროექტის პარამეტრები

დოკუმენტებით ასევე ირკვევა, რომ კომპანიას, როგორც განაშენიანების რეგულირების გეგმა, ასევე შენობის პროექტი შპს „ქალაქ პროექტმა“ მოუმზადა, რომლის დირექტორიც მანუჩარ მახათაძეა, აჭარის მთავრობის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტზე მერიასთან შუამდგომლობის კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი. ის ამ თანამდებობაზე აჭარის მთავრობის  ყოფილმა ხელმძღვანელმა ზურაბ პატარაძემ მოიწვია.

კომპანიის მიერ წარდგენილი განაშენიანების რეგულირების გეგმა ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურში უკვე განიხილეს და მიიჩნიეს, რომ გეგმის დამტკიცება „უზრუნველყოფს ამ ტერიტორიის განვითარებას სარეკრეაციო საკურორტო მიმართულებით.“

მერიის არქიტექტურული დაგეგმვისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურს კომპანიისთვის ერთადერთი რეკომენდაცია ჰქონდა, რაც დაგეგმილი პროექტის სიმაღლის 28 სართულამდე დაწევას გულისხმობს. მანუჩარ მახათაძის განმარტებით, კომპანიამ ეს მოთხოვნა უკვე გაითვალისწინა და პროექტის სიმაღლე  31 სართულიდან 27 სართულამდე დაწია.

ამ კომპანიას გასული წლის სექტემბერში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 20 366 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მწვანე კონცხზე, პირდაპირ და  ინვესტიციის განხორციელების პირობით 931 000 ლარად მიჰყიდეს. კომპანიამ ოთხმილიონიანი  ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო. განკარგულებას ხელი ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერა. მანამდე ეს ქონება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში იყო და სახელმწიფოს გაყიდვამდე რამდენიმე დღით ადრე უპირობოდ გადაეცა.

ამავე თემაზე: 

საქართველოს მთავრობამ 1 თვის წინ შექმნილ კომპანიას მწვანე კონცხზე მიწა პირდაპირ მიჰყიდა

შპს „ელიტ კონსტრაქშენ გრუპი“  2018 წლის აგვისტოში, ერთი თვით ადრე, ვიდრე ყოფილი პრემიერი კვირიკაშვილი ამავე კომპანიისთვის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე განკარგულებას გამოსცემდა, დაჩი ჩაგანავამ დააფუძნა. დღემდე ის ფლობს კომპანიის ასივე პროცენტს, დირექტორის თანამდებობა კი ლერი ბოლქვაძეს უკავია.

 

„ხშირად ხდება, როცა ნასამართლობის გამო შენზე მიუთითებენ“

„ცუდი ბიჭია ეგ, ციხეში იჯდა“ – „უძინართა მზეში“ ამბობს ამას მოხუცი, გახსოვთ? ხშირად ხდება ხოლმე ასე ცხოვრებაშიც, ნასამართლობის გამო შენზე როცა მიუთითებენ“, – გვეუბნება ყოფილი პატიმარი, გ. მ.

საპატიმროში ერთი წელი გაატარა წვრილმანი ხულიგნობისა და ქუჩაში ჩხუბის გამო. სტიგმა, რაც საზოგადოებაში ყოფილ პატიმრებზე არსებობს, გ. მ. – საც არაერთხელ შეხებია:

გ.მ.: „მეგობრის ქორწილში გავიცანი ერთხელ გოგო, მომეწონა ძალიან, რაღაცებს ვუყვებოდით ერთმანეთს, მერე ჩემი მეგობარი მოგვიახლოვდა და ამ გოგოს უთხრა, რომ უახლოესი მეგობრები ვიყავით ბავშვობიდანვე და ყველგან ერთად დავდიოდით. მხოლოდ ერთ ადგილას არ წამიყვანა თავისთანო – ჩემი მეგობარი ამბობდა, მივხვდი, ციხეს რომ გულისხმობდა და ფეხს ფეხზე ვაჭერდი, გაჩუმდი-მეთქი, მაგრამ ის გოგო ჩააცივდა, სად არ წაგიყვანაო. ჩემი მეგობარი იძულებული გახდა ეთქვა, ციხეს რომ გულისხმობდა. არ ესიამოვნა ამ გოგოს, რა თქმა უნდა. არ გაგვიწყვეტია ურთიერთობა, მაგრამ მხოლოდ ნაცნობებად დავრჩით, მეტი არაფერი,“ – ამბობს ყოფილი პატიმარი.

37 წლის გ.მ. ზუგდიდში ცხოვრობს, ხელოსანია – კერძო შეკვეთით სარემონტო სამუშაოებს ასრულებს. ასე ოჯახის ერთადერთ წევრს, ასაკოვან მამას ეხმარება და საკუთარ თავსაც ინახავს. დედა ცოტა ხნის წინ გარდაეცვალა და ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში მამასთან ერთად მარტო დარჩა. რემონტის შეკვეთები ხშირად არ აქვს, საქმე არასტაბილურია. ოჯახს თხილის მეურნეობაც აქვს, მაგრამ თუ ყოველწლიურად ტონა-ნახევარ თხილს კრეფდნენ, წელს მოსავალი მხოლოდ 300 კილოგრამი იყო, შარშან კი საერთოდ ვერ დაკრიფეს – ფაროსანამ გაანადგურა.

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ შესახებ გ.მ-მ მეგობრებისგან შეიტყო. არ ეგონა, რომ რეალურად დაეხმარებოდა ვინმე, თუმცა ამაში ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში ჩართვის შემდეგ დარწმუნდა. პროგრამის ფარგლებში მას სარემონტო სამუშაოებისთვის აუცილებელი ხელსაწყოები და იარაღები შეუძინეს.

გ.მ. „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების გაძლიერების პროექტის“ სხვა ღონისძიებებშიცაა ჩართული. ყოველთვის ვერ იცლის, მაგრამ ოკაცეს კანიონისა და პრომეთეს მღვიმის მოსანახულებლად ექსკურსიაზე იყო ჯგუფთან ერთად 6 სექტემბერს. ლაშქრობა ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში მოეწყო.

„ყოფილმა პატიმრებმა ერთმანეთი გავიცანით ექსკურსიაზე, ზოგს ადრეც ვიცნობდი, სხვა გარემოში ვნახეთ ერთმანეთი, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, სასიამოვნოა და სასარგებლოა ასეთი გასვლები,“- ამბობს ყოფილი პატიმარი.

„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის“ პროგრამას „დემოკრატიის ინსტიტუტი“ პარტნიორ ორგანიზაციებთან: „თანაზიართან“, „აფხაზინტერკონტთან“ და „გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან“ ერთად ახორციელებს. პროგრამა მოქმედებს დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და სამეგრელო – ზემო სვანეთში.

________________________

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

 

 

„ამომრჩეველს არასდროს დავემალები, ნებისმიერ დროს მზად ვარ მათთან ურთიერთობისთვის“

პროფესიით ექიმი და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალ „მედცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ართმელაძე 2016 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოსახლეობამ ბათუმის საკრებულოში„ქართული ოცნების“ გონიო-კვარიათის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩია. იგი აჭარაში დაიბადა, თუმცა საშუალო და უმაღლესი განათლება რუსეთში მიიღო. წარმატების პიკში მყოფმა, მაინც სამშობლოში დაბრუნება არჩია.

„საქართველოდან წასვლის დღიდან არ ყოფილა წუთიც კი, სამშობლოში დაბრუნებაზე არ მეფიქრა. არა მარტო მე, ყველა ემიგრანტი ხომ ამაზე ოცნებობს. ბევრს ოცნება აუხდა და იმედია, კიდევ ბევრი ქართველი დაბრუნდება უკან“, – ამბობს იგი.

მიხეილ ართმელაძე: „სიკეთის კეთება ჩემი ყოველდღიურობაა“
მიხეილ ართმელაძე: „სიკეთის კეთება ჩემი ყოველდღიურობაა“

ამბობს, რომ ბუნებით მებრძოლია და არასოდეს გაურბის სირთულეებს: „ადამიანი თუ სირთულეებს მოერიდები, ვერაფერს მიაღწევ ცხოვრებაში. უნდა შეეცადო, თუნდაც ურთულეს პირობებში, საკუთარი თავის რეალიზება მოახდინო და ის ამოცანები ამოხსნა, რასაც ცხოვრება გისვამს. თუ დაიწყებ სირთულეებისთვის თავის არიდებას, არაფერი გამოგივა“.

პროფესიით ქირურგს დღესაც ყოველდღიური შეხება აქვს პაციენტებთან, აქტიურად არის ჩართული სამკურნალო პროცესში, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ყოველდღიური ოპერაციული ჩარევებისგან თავს იკავებს, რადგან ქირურგიაში რომ გაეგრძელებინა მუშაობა, „მედცენტრი“ დღეს ისეთი არ იქნებოდა, როგორიც არის.

ფაქტია, რომ ერთი მიმართულება – ონკოლოგია, მიხეილ ართმელაძემ მრავალპროფილურად აქცია.

„კომპანიამ ისე რომ იმუშაოს, როგორც ჯანსაღმა ორგანიზმმა, საჭიროა სხვადასხვა მიმართულების გაერთიანება. ონკოლოგიაში ბევრი მიმართულებაა, რადგან სადაც ქსოვილია, სადაც უჯრედია, იქ შეიძლება იყოს ავთვისებიანი სიმსივნეები. ამიტომაც შევძელით სხვადასხვა მიმართულებები შეგვეკრა“,  – ამბობს იგი.

მიხეილ ართმელაძე: „როგორც საკრებულოს დეპუტატი, მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ჩემმა ამომრჩეველმაც იგრძნოს ჩემი მხარდაჭერა“
მიხეილ ართმელაძე: „როგორც საკრებულოს დეპუტატი, მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ჩემმა ამომრჩეველმაც იგრძნოს ჩემი მხარდაჭერა“

მიხეილ ართმელაძეს ქველმოქმედად იცნობენ: „ადამიანმა ბევრი კარგი საქმე უნდა აკეთო, როცა ეს შეგიძლია. სიკეთის კეთება ჩემი ყოველდღიურობაა. თუ ამას თავს დაანებებ, თავად დასნეულდები…ბოროტებით“.

მისი ერთი წლის წინ არჩეული გზა – პოლიტიკა, როგორც თავად ამბობს გასავლელად იოლი არ არის.

„პოლიტიკაში არ მოვსულვარ, რადგან ვფიქრობ, რომ ქალაქის თვითმმართველობაში ყოფნა პოლიტიკის კეთება კი არა, საქმის კეთებაა. საკრებულოს წევრობა ჩემთვის ახალი გამოწვევაა. არასდროს მიფიქრია, აქ თუ აღმოვჩნდებოდი“, – ამბობს დეპუტატი.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მას იმ გუნდმა გადააწყვეტინა, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია და საქმის საკეთებლადაა მოსული.

სასკოლო ღონისძიებაზე სამაჟორიტარო უბანში
სასკოლო ღონისძიებაზე სამაჟორიტარო უბანში

„ამ გუნდმა შემომთავაზა, მათ გვერდით ვყოფილიყავი. რაკი ამ ქალაქში ვცხოვრობ და ბათუმზე გული შემტკივა, ბუნებრივია, მინდა მისი განვითარება და როგორც საკრებულოს დეპუტატი, მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ჩემმა ამომრჩეველმაც იგრძნოს ჩემი მხარდაჭერა. მადლობელი ვარ მათი, ვინც მხარი დამიჭირა.   უბანი, სადაც კენჭს ვიყრიდი, ჩემთვის უცხო იყო, თუმცა საარჩევნო პერიოდში თითქმის ყველა ოჯახში მივედი და მათი პრობლემები შევისწავლე. ჩემს ამომრჩეველთან ჩამომიყალიბდა მეგობრული ურთიერთობა. მართალია, ყველა მათგანის პრობლემას ვერ გადავჭრი, თუმცა ვცდილობ საკითხების უმრავლესობა მოვაგვარო.  ერთადერთი პრობლემა დროის უკმარისობაა. როცა არ მძინავს, ის დრო მინდა მაქსიმალურად გამოვიყენო“, – აღნიშნა მიხეილ ართმელაძემ.

დეპუტატი ამბობს, რომ გონიო-კვარიათის მოსახლეობა ითხოვს გზას, წყალს, ელექტროენერგიის სტაბილურად მიწოდებას, სოციალური ფონის გაუმჯობესებას. მისივე თქმით, პრობლემების ნაწილი უკვე მოგვარებულია: „თითქმის აღარაა გზების პრობლემა და სადაც მოსახლეობას უგზოობა აწუხებს, ეტაპობრივად იქაც იგება გზები. ისე, ქალაქი ცოცხალი ორგანიზმია და პრობლემაც სულ იქნება, ერთს მოაგვარებ, მეორე იჩენს თავს.… ჩემი მოვალეობაა, პრობლემები, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, აღმასრულებელ ხელისუფლებამდე მივიტანო და ასეც არის. მთავარია არ მოდუნდე და ხალხთან ურთიერთობა არ შეწყვიტო“.

დეპუტატი არ მალავს, რომ დროის ნაკლებობას განიცდის, მაგრამ მაინც ახერხებს ამომრჩეველთან ხშირ შეხვედრას.

„თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს ამომრჩეველთან, არც ჩემი ნახვაა პრობლემა. მივდივარ მათთან და მოდიან ჩემთანაც, აქ, კლინიკაში. ძირითადად, სამედიცინო საკითხებზე მომმართავენ. მჭიდრო კომუნიკაცია მაქვს გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულთან. ჩემს ამომრჩეველს არასდროს დავემალები, ნებისმიერ დროს მზად ვარ მათთან ურთიერთობისთვის“, – ამბობს იგი.

მიხეილ ართმელაძე საკრებულოს ჯანდაცვის კომისიაში მუშაობს. …

ოჯახთან ერთად
ოჯახთან ერთად

“მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობს, ქალაქის ბიუჯეტიდან ადამიანებს მაინც ეხმარებიან, რითაც გაცილებით ხელმისაწვდომია სამედიცინო სერვისები“, – ამბობს ბატონი მიხეილი.

დეპუტატის განცხადებით, ქალაქის ბიუჯეტი მოსახლეობაზეა ორიენტირებული, თუმცა, დასძენს, რომ ყველა პრობლემის გადასაჭრელად თანხები საკმარისი არ არის.

„ხალხი ამას გაგებით უნდა მოეკიდოს. ეტაპობრივად ყველა ის პრობლემა გადაიჭრება, რაც მოსახლეობას აწუხებს, თუმცა, ამას დრო დასჭირდება. ქალაქის განვითარებისთვის უმთავრესი გამართული საკომუნიკაციო სისტემებია – გზა, წყალი, კანალიზაცია, გარე განათება. ეს საკითხი გაცილებით რთულად ქალაქის ახლადშემოერთებულ ტერიტორიებზეა, მაგრამ, ისიც ცნობილია, რომ ქალაქის ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი თანხა სწორედ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე იხარჯება“, – აცხადებს დეპუტატი.

პოლიციელის მკვლელობის საქმე – ხმაური ბათუმის სასამართლოში

„უვადო, უვადო პატიმრობა,“ – რამდენჯერმე წამოიძახეს დარბაზიდან, როცა მოსამართლე პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულს მოსალოდნელი სასჯელის შესახებ ესაუბრებოდა. მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა დღეს, 25 სექტემბერს, პოლიციელის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

ქობულეთში, მუხაესტატეს პოლიციის უფროსი მურად [ბუტა] ანთაძე ქობულეთი-მუხაესტატეს საავტომობილო გზაზე 15 ივნისს მოკლეს. ამ დროს ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის მორიგი ხე გადაჰქონდათ.

გამოძიების ვერსიით, მკვლელობაში ბრალდებულმა სამზარეულოს დანა ზურგიდან ჩაარტყა პოლიციელს. ბუტა ანთაძე ქობულეთის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ბესო ტაკიძეს წლების განმავლობაში უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა პოლიციის უფროსის, ბუტა ანთაძის მიმართ. 2014 და 2015 წლებში ბესო ტაკიძე მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებს სამჯერ დაუკავებიათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო. სასამართლომ ბესო ტაკიძე ხულიგნობის ჩადენაში – ორჯერ, ხოლო პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ერთხელ მიიჩნია სამართალდამრღვევად.

ბრალდებულმა ბესიკ ტაკიძემ დღევანდელ პროცესზე დუმილით უპასუხა მოსამართლის შეკითხვას: ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?

შესავალ სიტყვაში პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ აღნიშნა, რომ ბრალდებული ბესიკ ტაკიძე „არაგაბარიტული ტვირთის“ გადატანის პროცესს უშლიდა ხელს, პოლიციელმა კი მას გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

„ამ დროს განიზრახა ბრალდებულმა პოლიციელის მოკვლა,“ – დაასრულა პროკურორმა.

„განზრახ“ – ამ სიტყვას არ ეთანხმება ყველაზე მეტად ბრალდებულის ადვოკატი. დალი იმნაიშვილის თქმით, პოლიციელმა ბესო ტაკიძეს შეურაცხყოფა მძიმე ფორმით მიაყენა და ეს არ იყო განზრახ ჩადენილი მკვლელობა.

„ჩვენ გვესმის დანაშაულის სიმძიმე, მაგრამ სწორი სამართლებრივი შეფასებაა საჭირო,“ – თქვა ადვოკატმა.

მორიგ სასამართლო პროცესებზე ამ საქმეში დაკითხული ყველა მოწმის ჩვენებებს მოისმენს მოსამართლე, რადგან ბრალდებულმა პროკურორის მიერ შეგროვებული ყველა მტკიცებულება სადავო გახადა.

ადვოკატმა დალი იმნაიშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ პროკურატურას ე.წ. ნეიტრალური მოწმეები არ ჰყავს და ბრალდება ძირითადად პოლიციელების ჩვენებებს ეყრდნობა.

ადვოკატს საუბარი მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრებმა შეაწყვეტინეს. დარბაზს სიჩუმისკენ მოსამართლემ მოუწოდა.

„თუ ასე გაგრძელდება, სხდომას დავხურავ. მე უნდა მოვისმინო ყველა პოზიცია. მოსმენის გარეშე ვერ მივიღებ სამართლიან გადაწყვეტილებას,“ – თქვა მოსამართლემ.

პოლიციელის ოჯახის წევრებმა აგრესია ბრალდებულის ახლობლების მიმართ მაშინვე გამოხატეს, როგორც კი მოსამართლე დარბაზიდან გავიდა.

სიტყვიერი შეურაცხყოფა სასამართლოს შენობის გარეთაც გაგრძელდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან
სასამართლო პროცესი

 

სიტყვიერი შელაპარაკება სასამართლო პროცესის შემდეგაც გაგრძელდა

ბათუმში 51 კომპანია დააჯარიმეს ხმაურის გადაჭარბების გამო

გადაჭარბებული ხმაურის კონტროლი ბათუმის მერიამ მიმდინარე წლის პირველ ივლისს დაიწყო. პირველი ივლისიდან დღემდე ხმაურის დონის მონიტორინგის განყოფილების ცხელ ხაზზე 330-მდე შეტყობინება შევიდა.

„ამ დროისათვის 51 იურიდიული პირია დაჯარიმებული და არც ერთი კერძო პირი. 500 ლარით დაჯარიმებული გვყავს დაახლოებით 14 ორგანიზაცია, დანარჩენი არის 1000-ლარიანი ჯარიმები. ჩვენ გამოვწერეთ საჯარიმო ქვითარი და მიმდინარეობს პროცესი. ჩვენი მიზანი არ არის აუცილებლად დაჯარიმება, პირველი ეტაპია გაფრთხილება და დაჯარიმება ხდება მას შემდეგ, როცა არ ითვალისწინებენ გაფრთხილებას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ხმაურის დონის მონიტორინგის განყოფილების უფროსმა, თემურ ხოზრევანიძემ.

გადაჭარბებული ხმაურისთვის ფიზიკური პირი 150 ლარით ჯარიმდება, იურიდიული პირი კი – 500 ლარით. განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ორმაგდება.

თემურ ხოზრევანიძე ამბობს, რომ მოქალაქეები ხმაურის დონის მონიტორინგის განყოფილებას არა მხოლოდ კაფე-ბარების ხმამაღალი მუსიკის გამო მიმართავენ, არამედ სხვა შემთხვევებშიც: გათბობა-გაგრილების სისტემის ხმაური, სამშენებლო სამუშაოებით გამოწვეული ხმაური და ა.შ.

„კაფე-ბარებსა და ღამის კლუბებში რატომღაც ჰგონიათ, რომ ვისაც უფრო ხმამაღლა ექნება აწეული, იმასთან შედის კლიენტი. ეს განსაკუთრებით ეხება ღამის კლუბებს, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან.

გვირეკავენ გათბობა-გაგრილების სიტემის ხმაურით გამოწვეულ პრობლემებზეც. სეზონის დასრულების შემდეგ უფრო კაზინოებსა და სასტუმროებს უჩივის ხალხი და ხშირად საფუძვლიანია მათი პრეტენზიები.

ძალიან ხშირად უჩივიან დიდ სამშენებლო კომპანიებს, რომლებსაც არა აქვთ უფლება დილის რვა საათზე ადრე დაიწყონ მუშაობა და საღამოს 11 საათის შემდეგ იმუშაონ. „ორბი ჯგუფის“ მშენებლობებთან იყო რამდენიმე გამოძახება,  „ალიანსი ჯგუფის“ მშენებლობასთან, სადაც გაფრთხილება მივეცით და გაითვალისწინეს, ასევე სასტუმრო „ეიფორიასთან“, ყოფილ „ლეოგრანდთან“, უჩივიან: „გუდვილს“, კარფურს“, ყოფილ სასტუმრო „ლეოგრანდს“.  არის ისეთი შემთხვევებიც, როცა გვირეკავენ მეზობელს ძაღლი ჰყავს, ყეფს და რამე გვიშველეთო. ეს ჩვენს კომპეტენციას სცდება, თუმცა ვცდილობთ, ასეთი კერძო შემთხვევებიც არ დავტოვოთ უპასუხოდ, მაგრამ ეს უკვე კერძო დავაა და სხვა სამსახურები უნდა ჩაერთონ“, – ამბობს თემურ ხოზრევანიძე.

ხმაურის დონის მონიტორინგის განყოფილების ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში მუშაობს. გამოძახების დროს ადგილზე გადის სამსახურის თანამშრომელი, რომელიც ადგილზე ხმის საზომი აპარატურით ამოწმებს ხმაურის დონეს.

თემურ ხოზრევანიძე ამბობს, რომ ყველაზე რთული პიროტექნიკით გამოწვეული ხმაურის კონტროლია, რადგან ძირითად შემთხვევებში ვერ დგინდება, ვინ იყენებს პიროტექნიკას:

„ტექნიკური რეგლამენტის თანახმად უნდა დაფიქსირდეს შემთხვევა, დასურათდეს, კოორდინატები გაიზომოს და ა.შ. მხოლოდ ერთი კაფე-ბარი დავაჯარიმეთ პიროტქნიკის გამოყენების გამო და ერთიც – გავაფრთხილეთ. ღამის 11 საათამდე აქვთ სროლის უფლება, შემდეგ უკვე დარღვევაა. როცა, მაგალითად, კერძო პირი ისვრის პიროტექნიკას, თუ არ შეგხვდა, ძალიან ძნელია პოვნა“.

გადაჭარბებულ ხმაურზე ჯარიმები ბათუმის მერიამ პირველი ივლისიდან აამოქმედა, ანუ მას შემდეგ, რაც მერიაში ხმის დონის მონიტორინგის ჯგუფში შეიქმნა. მანამდე კი გადაჭარბებულ ხმაურზე რეაგირება საპატრულო პოლიციას ევალებოდა.

გადაჭარბებული ხმაურის შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე: 598 85 15 20.  

 

ვისთვის და როგორ იმუშავებს პლაგიატის აღმომჩენი პროგრამა ბათუმის უნივერსიტეტში

ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი პლაგიატის აღმომჩენი პროგრამის Turnitin-ის პილოტირებას იწყებს. პროგრამა – „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებო დაწესებულებებში“, ERASMUS+ – ის პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

პლაგიატის აღმომჩენი პროგრამის ტექნიკურ დეტალებზე „ბათუმელები“ პროგრამის კოორდინატორს, განათლებისა და მეცნიერების ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს, ნანა მაკარაძეს ესაუბრა.

  • ქალბატონო ნანა, რა პრინციპით იმუშავებს პლაგიატის აღმომჩენი პროგრამა?

ამ ეტაპზე აქცენტი გვაქვს პირველკურსელებზე, რადგან პროგრამას აქვს პრევენციული დანიშნულება.  სასწავლო კურსი, რომელიც ამ პროგრამაში იქნება ჩართული, აუცილებლად ითვალისწინებს წერით დავალებას, რომელიც ასევე შეიძლება მოიცავდეს ფორმულებს, დიაგრამებსა და ნახაზებს. სტუდენტებმა დავალება უნდა დაწერონ სახლში, შემდეგ კი ატვირთონ ამ პროგრამაში. პროგრამაზე წვდომა აქვთ, ბუნებრივია, ლექტორებს და სამეცნიერო სფეროს სპეციალისტებს, რომლებიც შეამოწმებენ ნამუშევარს.

  • როგორ ხდება შემოწმება?

პროგრამა ნაშრომში მონიშნავს კონკრეტულ ადგილებს, სადაც ლექტორი აკლიკებს და პროგრამა უწერს, რამდენი პროცენტია ამ აბზაცში პლაგიატი.

  • თუ არსებობს ცდომილება, რისი წაკითხვა არ შეუძლია ამ პროგრამას?

ერთადერთი, პროგრამა ვერ ცნობს ნათარგმნ ტექსტებს, თუ ეს ტექსტები სადმე არ არის ატვირთული. ამიტომ უცხო ენების ფაკულტეტს შევეშვით ამ ეტაპზე.

  • თავდაპირველად, პროგრამის განხილვის დროს, ითქვა, რომ პრობლემურ ფოკუსჯგუფს მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები წარმოადგენენ. რატომ შეიცვალა სამიზნე ჯგუფი?

პირდაპირ საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომები რომ ჩავუშვათ, ამ შემთხვევაში ფაქტის წინაშე დავაყენებთ სტუდენტს და ჩიხი იქნება. გვინდა, რომ საწყის ეტაპზე პირველკურსელები მიეჩვიონ აკადემიურ წერას და თავი აარიდონ პლაგიატს, რომ  მაღალ საფეხურზე უკვე ჰქონდეთ შესაბამისი გამოცდილება. პროგრამის დანიშნულებაც ეს არის – მიაჩვიოს სტუდენტი აკადემიურ წერას.

  • მაგისტრანტებისა და დოქტორანტების ნამუშევრების შემოწმება არ შედის უნივერსიტეტის ინტერესებში?

რა თქმა უნდა, მაგრამ ეს უკვე ეთიკის საკითხია და უნივერსიტეტი პლაგიატის შემთხვევაში ეთიკის კოდექსს გამოიყენებს. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ამ პროგრამას ახლავს, არის ის, რომ თუ პილოტს არ ექნება დასრულებული სახე, შეიძლება ყველა ნამუშევარი აჩვენოს როგორც პლაგიატი. ამიტომ სიფრთხილეს ვიჩენთ და ტექნიკურ დეტალებს კიდევ ვაზუსტებთ.

  • პროგრამაში ჩართვა სავალდებულო იქნება ყველა პირველკურსელისთვის თუ ნებაყოფლობითია?

აკადემიურ წერას ყველა პირველკურსელი გადის, ამიტომ პროგრამაში ეს საგანი იქნება ჩართული. ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს 2 ათასი ლიცენზია შეძენილი.   საპილოტე ეტაპზე 1300 სტუდენტი იქნება პროგრამაში ჩართული, 700 ლიცენზია კი დარიგდა ფაკულტეტებზე თავისუფალი მოხმარებისთვის, რომ სტუდენტებს დატესტვა შეეძლოთ. სამომავლოდ,  სამაგისტრო ნაშრომების პილოტირებაც გვინდა. მივეცით რეკომენდაცია, რომ მე-2 კურსზე ერთ-ერთი საგანი შეიტანონ ამ პროგრამაში.

  • პირველკურსელები არიან ინფორმირებული ამ პროექტის შესახებ?

ახლა  ვაკეთებთ საინფორმაციო რგოლს, კურატორებს დაევალათ,  პირველ შეხვედრაზე აცნობონ სტუდენტებს ამ პროგრამის შესახებ და ვებგვერდზე განთავსდება ინფორმაცია. საბოლოოდ, ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ახლანდელ პირველკურსელს საბაკალავროზე მაღალი აკადემიური წერის საფუძველი ექნება. ჩვენი მიზანი არ არის სტუდენტების ჩატოვება ან კრედიტების ვერ აღება, გვინდა რომ მას აკადემიური ნაშრომის დაწერა ვასწავლოთ.

ენმ: მდივნების არჩევის რეპეტიცია საუბნო კომისიებმა უკვე გაიარეს

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საუბნო კომისიებმა თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი უახლოეს დღეებში უნდა აირჩიონ. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, 28 სექტემბერს, საუბნო კომისიები მუშაობას იწყებენ. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მდივანი, თავმჯდომარე და მისი მოადგილეც წინასწარ შერჩეულია.

„ჩვენ მოვიპოვეთ „ქართული ოცნების“ შტაბების მიერ მუნიციპალიტეტების მერებთან შეთანხმებით შედგენილი „ქართული ოცნების“ აქტივისტების სია, რომლის მიხედვითაც დანიშნავენ საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეს, მოადგილეს და მდივანს. საუბნო კომისიებმა მდივნის არჩევის რეპეტიცია უკვე გაიარეს. როგორც ჩანს, ეს ადამიანები მოახდენენ არჩევნების გაყალბების ორგანიზებას და გაფორმებას,“ – თქვა დღეს, 25 სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე ირმა ხოროიშვილმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა.

ირმა ხოროიშვილის თქმით, მას სიები „ოცნების“ აქტივისტებმა მიაწოდეს და მის ნამდვილობას საუბნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი დაადასტურებს. „ზუსტად ეს ადამიანები იქნებიან თავმჯდომარეები, მოადგილეები და მდივნები. ეს წინასწარ ცნობილია,“ – დასძენს ირმა ხოროიშვილი.

თითოეულ საუბნო კომისიაში 12 წევრია. 6 წევრი ოლქის მიერ არის არჩეული პროფესიონალიზმის ნიშნით, დანარჩენი ექვსი კი პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ.

„ჩვენი ინფორმაციით, მდივნები ძირითადად ოლქის მიერ არჩეული ე.წ. ნეიტრალური პირები იქნებიან, რომლებიც რეალურად „ოცნების“ აქტივისტები არიან,“ – ამბობს ირმა ხოროიშვილი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს საარჩევნო კომისიებში თანამდებობის პირების დანიშვნის პროცესის მონიტორინგისკენ მოუწოდებს.

______________________

მავარი ფოტო: ქედის #1 საარჩევნო უბანი / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

29 სექტემბერს ხელვაჩაურში ახალგაზრდული ველომარათონი გაიმართება

29 სექტემბერს, 13 საათზე, გულის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ხელვაჩაურში ველომარათონი გაიმართება.

ველომარათონში მონაწილეობა შეუძლიათ 15-დან 22 წლამდე ასაკის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს. მონაწილეებმა სულ 3 კმ და 400 მეტრი უნდა გაიარონ. ველომარათონი სტარტს ფრიდონ ხალვაშის გამზირზე [აკაკი შანიძის კვეთა, სოფელ შარაბიძეების ყოფილი შესასვლელი] აიღებს და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდება.

ღონისძიება ტარდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურისა და და სასპორტო სკოლის ორგანიზებით. ხელვაჩაურის მერიის ცნობით, საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები დასაჩუქრდებიან ტექნიკის მაღაზიის ვაუჩერებით:

I ადგილი:  200-ლარიანი ვაუჩერი;
II ადგილი:  100-ლარიანი ვაუჩერი;
III ადგილი: 50-ლარიანი ვაუჩერი.

ველომარათონში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია. 

_____________

ფოტო: ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი 

ბათუმის სანაპიროზე ტალღების სიმაღლე 3.5-4 მეტრს მიაღწევს

დღეს, 25 სექტემბერს, 18:00 საათიდან ამინდის გაუარესების გამო, შავ ზღვაში მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი. გაფრთხილებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ტალღების სიმაღლე 3.5-4 მეტრს მიაღწევს, რის გამოც ზღვაში შესვლა იკრძალება.

ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართავენ წითელ ალამს, რაც ნიშნავს, რომ ბანაობა აკრძალულია.

“ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს! გთხოვთ, დაემორჩილოთ მაშველების რეკომენდაციებს” – წერს  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, საღამოს, ასევე, გაძლიერდება დასავლეთის ქარი და 17-22 მეტრ მიაღწევს წამში.

სინოპტიკოსების ცნობით, 25-26 სექტემბერს დროგამოშვებით მოსალოდნელია ძლიერი წვიმა.

ქობულეთის მერია სოფლებში სასმელი წყლის ჭაბურღილებს აღარ მოაწყობს

ქობულეთის და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად სამშენებლო სამუშაოების დაწყებას სულ ცოტა 2020 წლამდე აღარ უნდა ელოდოს. ქობულეთის მერიამ ტენდერი, რომელიც ამ ეტაპზე ხუთ სოფელში – ქვედა აჭყვაში, ბობოყვათში, კვირიკეში, სამებასა და მუხაესტატეში ჭაბურღილების მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას ითვალისწინებდა, შეწყვიტა.

აღნიშნულ სოფლებში ჭაბურღილების მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისთვის 15 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული. შესაბამის სამუშაოს ქობულეთის მუნიციპალიტეტს ინდმეწარმე „რევაზ დიდმანიძე“ 11 950 ლარად სთავაზობდა, თუმცა სატენდერო კომისიამ ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზე შეწყვიტა.

სატენდერო კომისიის შესაბამის ოქმში, რომელსაც ხელს ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძეც აწერს, აღნიშნულია, რომ აჭარის სოფლებში წყლისა და კანალიზაციის სისტემის მოსაწყობად შესაბამის პროექტს ახორციელებს „აჭარის წყლის ალიანსი“ და სახელმწიფო სახსრები რაციონალურად რომ დაიხარჯოს, ტენდერი უნდა შეწყდეს.

„აჭარის წყლის ალიანსში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მათი პოზიციაა არა მარტო ქობულეთში, არამედ აჭარის არც ერთ მუნიციპალიტეტში ანალოგიური პროექტები ადგილობრივ დონეზე აღარ განხორციელდეს, რაზედაც მუნიციპალიტეტებთან თანხმობა მიღწეულია.

„ახლა განხორციელებული პროექტები ვერ იქნება იმ სტანდარტების შესაბამისი, რა სტანდარტებითაც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი პროექტის განხორციელება, ამიტომ ამ ქსელის საერთო ქსელში ჩართვა ვერ მოხერხდება და უმჯობესია სახელმწიფოს ფული ზედმეტად არ დაიხარჯოს,“ – აცხადებენ ალიანსში.

აჭარის მუნიციპალიტეტის დაბებსა და სოფლებში სასმელი წყლის, ასევე, კანალიზაციის სისტემის მოსაწყობად სამუშაოების დაწყებას „აჭარის წყლის ალიანსში“ 2020 წლისთვის ვარაუდობენ.

აჭარაში დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობების პროგრამაზე საუბარი 2013 წლიდან დაიწყო, თუმცა, პროექტის განსახორციელებლად საჭირო სესხისა და გრანტის ხელშეკრულებას ხელი ახლა, 2018 წლის აგვისტოში, თბილისში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტის ფარგლებში მოეწერა.

„დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და კანალიზაციის გამწმენდი პროგრამა აჭარაში“ 50 მილიონი ევროთი დაფინანსდება.  აქედან 40 მილიონი ევრო არის გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის [KFW] სესხი, 3 მილიონი ევრო – ამავე ბანკის გრანტი, ხოლო 7 მილიონი ევრო ევროკავშირის გრანტი იქნება.

„აჭარის წყლის ალიანსმა“ საერთაშორისო ტენდერი ორი კონსულტანტი კომპანიის შესარჩევად 2018 წლის მაისში გამოაცხადა. ალიანსში აცხადებენ, რომ 2019 წლის თებერვლისთვის გამარჯვებულ ორ კომპანიასთან ხელშეკრულებები უკვე გაფორმებული ექნებათ. სწორედ ამის შემდეგ დაიწყება წყლისა და კანალიზაციის სისტემების [ასევე გამწმენდი ნაგებობების] დაპროექტება-ხარჯთაღრიცხვის შედგენა, შემდეგ გამოცხადდება ტენდერი მშენებლობაზე, გამოვლინდება გამარჯვებული და დაიწყება სამუშაოები.

პროგრამა არ მოიცავს ქალაქ ბათუმსა და ქალაქ ქობულეთს.

„აჭარის წყლის ალიანსი“ 2017 წლის აპრილში შექმნილი სააქციო საზოგადოებაა. ამ კომპანიის წილებს ფლობენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა [26%], ბათუმის მუნიციპალიტეტი [34%], ქობულეთი [17%], ხელვაჩაური [11%], ხულო [5%], ქედა [4%] და შუახევის მუნიციპალიტეტი [3%].

მთავარი ფოტო: სოფელი კვირიკე, „ბათუმელების“ არქივიდან

ამავე თემაზე:

ქობულეთში, ხელვაჩაურსა და ქედაში სასმელ წყალში დარღვევები გამოვლინდა – კვლევის შედეგი

საჭადრაკო ოლიმპიადის პირველი დღის შედეგები – საქართველოს ექვსივე ნაკრების გამარჯვება

მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის პირველი ტურის შეხვედრებში საქართველოს ექვსივე ნაკრებმა გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის სახელით ოლიმპიადაზე 3 ქალთა და 3 ვაჟთა ნაკრები თამაშობს.

24 სექტემბერს საქართველოს ქალთა პირველი ნაკრები პირველ ტურში სამხრეთ კორეის გუნდს დაუპირისპირდა და 3:1 გაიმარჯვა. პირველ დაფაზე ნანა ძაგნიძემ თეთრი ფიგურებით, ხოლო მესამეზე ასევე თეთრებით გაიმარჯვა ბელა ხოტენაშვილმა. შავი ფიგურებით მოთამაშე მერი არაბიძემ მეოთხე დაფაზე იმარჯვა. მეორე დაფაზე ლელა ჯავახიშვილმა დიდი მცდელობის მიუხედავად თავისი შეხვედრა დათმო.

ვაჟები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებით დაკომპლექტებულ შშმ პირთა ნაკრებს ეთამაშნენ. ბაადურ ჯობავამ შავი ფიგურებით პირველ დაფაზე ყაიმი ითამაშა, დანარჩენებმა კი გაიმარჯვეს.

ქალთა მეორე ნაკრებმა 4:0 აჯობა სამხრეთ აფრიკის გუნდს. ასეთივე ანგარიშით დაამარცხა საქართველოს მესამე ნაკრებმა სეიშელის კუნძულების გუნდი.

საქართველოს ქალთა და ვაჟთა მესამე ნაკრებები 20-წლამდელთა ნაკრების მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული.

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

_______________

მთავარ ფოტო: batumi2018.fide.com

Exit mobile version