მთავარი,სიახლეები

ავსტრალიელი, რომელიც ერთი წელია აჭარის სოფელში ხალხურ სიმღერებს სწავლობს

26.09.2018 • 7927
ავსტრალიელი, რომელიც ერთი წელია აჭარის სოფელში ხალხურ სიმღერებს სწავლობს

ლოიდ ოჰონლონი 26 წლის ავსტრალიელია, რომელმაც ქართული ხალხური სიმღერები პირველად მშობლიურ ქალაქ მელბურნში მოისმინა და გადაწყვიტა, რომ ქვეყანა, სადაც ეს მრავალხმიანი სიმღერები დაიბადა, აუცილებლად უნდა ენახა. ასე აღმოჩნდა საქართველოში. ბოლო ერთი წელია ლოიდი საქართველოში, ქედაში, სოფელ მერისში ცხოვრობს და ქართულადაც საუბრობს:

„ჩემს ქალაქში, მელბურნში ათი ქართველი ცხოვრობს, გავიცანით ცოლ-ქმარი, სოსო ჟორდანია და ნინო ციციშვილი, ორივე მელბურნის უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს, სოსო ნოე ჟორდანიას ნათესავია. მათგან ვიცოდით ქართული ფოლკლორის შესახებ, მაგრამ მერე ჩემმა ძმამ უნივერსიტეტის ვორქშოპებზე ცოცხლად მოისმინა ქართული ხალხური სიმღერები, მოვიდა სახლში და მიყვებოდა, თუ რა საოცარ კონცერტზე იყო. მახსოვს, ცდილობდა ემღერა ერთ ხმაში, მაგრამ ასე მაშინ ვერაფერს მივხვდი, მერე მეც დავესწარი კონცერტებს და მივხვდი, რომ უნდა მემოგზაურა აუცილებლად ქვეყანაში, სადაც ამ სიმღერებს მღეროდნენ.

პროფესიით მებაღე ვარ, მაგრამ სიმღერა მიყვარს და გამომდის. აღმოჩნდა, რომ მელბურნში ავსტრალიელებისა და ქართველებისგან შემდგარი ქართული ხალხური სიმღერების სამი გუნდია, მათ დავუკავშირდი, მალე პოლიფონიური მუსიკის სიმპოზიუმი დაიგეგმა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში წამოვედი მუსიკით დაინტერესებულ მეგობრებთან ერთად 2014 წლის ოქტომბერში, მაშინ აქ ერთი კვირით დავრჩით“ – ყვება ლოიდი.

პირველად ბათუმში ჩამოვიდა, მერე მთიანი აჭარის ტურისას მერისი მოინახულა და ჯემალ თურმანიძის საოჯახო სასტუმროში დარჩა. ეს ოჯახი გარდა სასტუმრო მომსახურებისა, მუსიკით დაინტერესებულ ტურისტებს ფოლკლორის გაკვეთილებსაც სთავაზობს და ხალხურ სიმღერებსა და ცეკვებს ასწავლის. ლოიდისთვის ეს სასიამოვნო აღმოჩენა იყო. აქ მოისმინა პირველად მერისული სიმღერები და „ჩაღმა ჩაყრილო ვენახო“ მალე მის საყვარელ სიმღერად იქცა.

საქართველოში 2014 წლის შემდეგ ორჯერ ჩამოვიდა. ჯემალ თურმანიძის ოჯახში, აჭარის სოფელ მერისში, სადაც უკვე ერთი წელია ცხოვრობს, საკუთარ შვილად თვლიან. სწავლობს ცეკვებს, სიმღერებს და მერისის ფოლკლორულ ანსამბლთან ერთად „ქედელობაზეც“ აპირებს სიმღერას.

„აქ ჩემთვის ყველაფერი საინტერესოა“ – ყვება ლოიდი, „ოჯახის ყოველდღიური საქმიანობა, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, ხან სიმინდს ვტეხთ, ხან არაყს ვხდით ერთად, ბოსტანში და ყანაშიც ერთად ვმუშაობთ, ყოველთვის მეუბნებიან, რომ სტუმარი ვარ და არ არის საჭირო შრომა ჩემთვის, მაგრამ როგორ?!

საკუთარი ბოსტანი რომ გაქვს და ყანა, ეს მელბურნში წარმოუდგენელია, იქ ყველა სუპერმარკეტში ყიდულობს ყველაფერს, აქ ყველაფერი, რაც გჭირდება ეზოშივე გაქვს“ – ამბობს ლოიდი და ავსტრალიურ ცხოვრებაზეც ყვება: „ახალი ქვეყანა გვაქვს, ავსტრალიაში  სხვადასხვა კონტინენტიდან ჩამოსული ადამიანები ცხოვრობენ, ჩემი წინაპრები ავსტრალიაში ირლანდიიდან ჩამოვიდნენ. ტრადიციებიც დაგვიგროვდა, ჩვენი ტრადიციული კერძი მაგალითად ნივრით, მარილითა და წითელი ღვინით შეზავებული კენგურუს მწვადია. ავსტრალიაში კენგურუს ბევრი ფერმაა. ყველაზე იაფი ავსტრალიაში კენგურუს ხორცია“.

ლოიდის საქართველოში ხშირი სტუმრობის მიზეზი მარტო მუსიკა არ არის, ქართველი შეყვარებული ჰყავს, რომელიც თბილისში გაიცნო. ამბობს, რომ მისი სამომავლო გეგმები ორ ქვეყანას: ავსტრალიასა და საქართველოს უკავშირდება, რადგან გოგო, რომელიც უყვარს საქართველოში ცხოვრობს, მისი მშობლები და მეგობრები კი ავსტრალიაში.

ოქტომბრის ბოლოს ავსტრალიიდან 25 კაციანი ჯგუფი ჩამოდის, ლოიდის მსგავსად მათაც ქართული ხალხური სიმღერები უნდა შეისწავლონ ჯემალ თურმანიძის ოჯახში, სოფელ მერისში. სანამ ლოიდის მეგობრები მერისში ჩამოვლენ, 26 წლის ავსტრალიელი ახალ სიმღერებს სწავლობს და ხანდახან კუბურ სიმღერებსაც მღერის აჭარის მთებში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: