კვირის ამბები

დედები თავშესაფრიდან

08.02.2015 • 5116
დედები თავშესაფრიდან

38 წლის ვიყავი, როცა დავფეხმძიმდი. ჩემ თავს ვადანაშაულებ, არ უნდა დამმართოდა ასე. ვიცოდი, რომ ჩემს ოჯახში ამას არ მიიღებდნენ. 17 წლის ვიყავი, როცა დედა გარდაიცვალა და დარჩა მამა და სამი ძმა, მე ვიყავი ერთადერთი ქალი ოჯახში და ჩემს ზურგზე იყო ყველაფერი, სახლი, საჭმელი, დალაგება. პირადი ცხოვრება არ მომიწყვია: სამსახური-სახლი – ეს იყო ჩემი ცხოვრება. მერე შევხვდი ერთ ადამიანს. როცა მივხვდი, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, უკვე გვიანი იყო სხვა რამეზე ფიქრი. დიდხანს ვმალავდი, მერე უფროს რძალს ვუთხარი, მასთან ძალიან ახლოს ვიყავი, ის იყო ჩემი დაც და გულშემატკივარიც. ცოტა ხნით ახლობელთან ვიყავი. მერე გაიგეს ჩემებმა, ჯერ თქვეს,  მივიღებთო, ბავშვიო… თითქოს გათხოვდი, ასე ვთქვათო და მერე ბინას გიგირავებთო. გამიშვეს რუსთავში, თავშესაფარში, სადაც 7 თვის ფეხმძიმე ჩავედი. რუსთავში დაიბადა ჩემი გოგონა, მერე ის დაწესებულება დაიხურა და გადმოვედი თბილისში, სადაც ერთი წელი დავრჩი. მეტი იქ დარჩენის უფლება არ მქონდა. მერე თქვეს, ბათუმში ხსნიან თავშესაფარსო და გადმოვედი აქ.

ოჯახიდან ერთადერთხელ მოიკითხეს ჩემი ამბავი, სანამ საოპერაციოდ შემიყვანდნენ რუსთავში, უფროსს ურეკავდნენ, რას შვებაო, მერე დამთავრდა.

უმცროსი ძმა დაოჯახდა. უცნობი ძმისშვილები მყავს. ყველა ძმას მისი ბინა აქვს, უმცროსი მამასთან ცხოვრობს. მამაჩემმა გადამისვა ხაზი –  ჩემთვის მკვდარიაო. შორიდან დამინახა ვიღაცამ, მიუტანა ენა – ხათუნა დავინახეთო და ტვინში სისხლი ჩაექცა, ისე ინერვიულაო. შუათანა ძმა ლამის გამოძვრა ტელეფონიდან, ვერ გადარჩები, მას რომ რამე მოუვიდესო. სამი წელია მამა არ მინახავს.

არც უნდათ, რომ დამინახონ. უფროს ძმაზე ვერაფერს ვიტყვი, რომ შეეძლოს, რამეს გააკეთებს, მაგრამ ჩემ გამო მამას და ძმებს ვერ დაკარგავს. არც მინდა ასე იყოს. სმს-ი მივწერე და რა ვქნაო – მომწერა.

ცოტა ხნის წინ ძველ თანამშრომელთან ვიყავი და იქ ოჯახში რომ რეაქცია ვნახე… მე დამადანაშაულა. ვიფიქრე, ნეტა არ მივსულიყავი-მეთქი. ერთმა თანამშრომელმა მიმიღო კარგად. მერე არც გამჩენია სურვილი ვინმეს შევეხმიანო. აქედან არ გავდივარ, ერთადერთი, ბავშვი თუ გავიყვანე პარკში, ისიც ვცდილობ, არ დამინახონ.

წელიწადზე მეტია აქ ვარ, დაგიმატებენ დროს, ნუ გეშინიაო, მაგრამ რამდენ ხანს უნდა გარჩინოს მთავრობამ?

გათხოვდიო –  ამბობენ, ეს უმცროსი ძმების ულტიმატუმია. ადვილია გათხოვება?!

 

ორი შვილი მყავს, უფროსი მესამე კლასშია, უმცროსი ორი თვის იყო, აქ რომ მოვიყვანე. თითქმის ერთი წელია აქ ვართ. მანამდე ქირით ვიყავი შვილებთან ერთად, ვერ გადავიხადე. ავადმყოფი დედა მყავს, ოჯახს არანაირი შესაძლებლობა არა აქვს, რომ დამეხმაროს. ბავშების მამა არ მეხმარება, არც სამშობიაროში მოსულა, მაგას რა უნდა მოვკითხო. ბავშვი აქ გამიზარდეს. წასასვლელი რომ არ მაქვს, ამიტომ გაგვიგრძელეს ერთი წელი. ოჯახის წევრებთან ურთიერთობა თითქმის არ მაქვს, ერთხელ იყო დეიდა ამოსული. დედა მყავს, მაგრამ ფიზიკურად არ შეუძლია დახმარება, დედას რომ შეძლებოდა, აქ არ მოვიდოდი.

ერთი წელი რომ აგვითავდება, სად უნდა წავიდეთ?! სამსახური რომ გამოჩნდეს, ვიმუშავებ, ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ ბინის ქირის და საჭმლის ფულზე საკმარისი იქნება იმ სამსახურის ხელფასი?! ჩემთვის მთავარია ჩემი შვილები იყვნენ ჩემ გევრდით და ღია ცის ქვეშ ნუ მეყოლება ბავშვები, მეტი არაფერი მინდა. მალე გავა ეს ერთი წელი და შეიძლება ისევ ქუჩაში დავრჩეთ, ამას მიწაში ჩავვარდე მირჩევნია. იმედია, დაგვეხმარებიან და ჩვენს საცხოვრებლებს მოგვცემენ.

„მოყევი, ბავშვი ორი თვის რომ იყო და საჭმელი არ გქონდა, შიმშილისგან რომ ტიროდა“, – ეუბნება ნინო. „ძვალზე გადაკრული ტყავი იყო ბავშვი“, – საუბარში ერთვება მაია, თავშესაფრის თანამშრომელი. „ყოველ საღამოს ვურეკავდით ერთმანეთს და ვეკითხებოდით: როგორაა ბავშვი, ხომ ცოცხალია?! ძალიან გამხდარი იყო“. „ნიკოლოზი სულ ტიროდა, შიმშილისგან, ცეცხლი გვეკიდებოდა დედებს, მისი ხმა რომ გვესმოდა“, – ამბობს ალა.

ნიკოლოზი ახლა წლის და ორი თვისაა, დედასთან ახლოს დგას, ბუთხუზა ლოყები აქვს და ცნობისმოყვარედ გვათვალიერებს.

 

2011 წელს დედის ანდერძით დატოვებული ბინა დავკარგე თაღლითების გამო. ნაცნობის გამო 12 600 დოლარად დავაგირავე ბინა, თანხა სხვამ წაიღო და ამით მორჩა ყველაფერი. დაიჭირეს ის ქალი და 25 წელი მიუსაჯეს. დავრჩი ბინის გარეშე. ორსულად ვიყავი, 28 მაისს დავწერე ბოლო საჩივარი, მიპასუხეს, რომ საქმე დაიხურა, კანონმა მე არ მეპატრონა. ჩემი შვილი 10 ოქტომბერს დაიბადა და 1 დეკემბერს გამომასახლეს. ორჯერ გადავატანინე გამოსახლების ვადა, რომ 40 დღის მაინც გამხდარიყო ბავშვი. მერე ჩემმა ადვოკატმა გაიგო ამ ცენტრის შესახებ და აქ შემომასახლეს, თორემ ქუჩაში დავრჩებოდი. ის ქალი კი ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ამნისტიით გამოვიდა ციხიდან და თურქეთში წავიდა.

ბავშვის მამა დაქორწინებული არ ყოფილა, ჩვენ ორი წელი ვცხოვრობდით ერთად, მაგრამ მერე უკან დაიხია, არ უნდოდა ოჯახი. გადმომცეს, რომ უნდა ბავშვის ნახვა, მაგრამ მე არ მინდა, რომ ბავშვი ვაჩვენო, არ იმსახურებს ამას. ცხრა თვე მარტო ვიყავი და იმ შიშით ვიძინებდი, რომ მეორე დღეს ვეღარ გავიღვიძებდი. მთელი ორსულობა და ბავშის დაბადების მერე 40 დღე სულ მარტო ვიყავი, თვალი თვალზე არ დამიდია, ისე მყავს გაზრდილი. არ ვთვლი, შვილის გაჩენით რამე თუ დავაშავე. ეს ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო ჩემს სიცოცხლეში.

დედა გარდაცვლილი მყავს, მამამ ცოლი მოიყვანა და არ მაქვს მასთან კონტაქტი, ძმაც მასთან ცხოვრობს. ჩემი და ნაქირავებშია.

აქ კომფორტია, მაგრამ იმაზეც იფიქროს ხელისუფლებამ, ეს ხალხი ვადის ამოწურვის შემდეგ, სად უნდა წავიდეს. ერთი წუთით წარმოიდგინონ თავი ჩვენს ადგილას. გვეკითხებიან -მოგწონს აქ? მე ველოდები შეკითხვას: რა მოხდება მას შემდეგ, რაც აქედან წახვალთ? – არავინ ინტერესდება ამით.

სანამ აქ რემონტი გაკეთდებოდა, მარტოხელა დედები ჩვენი ბუღალტერის სახლში ცხოვრობდნენ რემონტის დამთავრებამდე. სიცივესა და ყინვაში, ცრემლით შენარჩუნებულია ეს შენობა და ამას ნუ გააუქმებენ, ეს არის საჭირო და ვინც აქ ვართ და დრო გვითავდება, გვეპატრონოს სახელმწიფომ. აქედან რომ გავიდეთ, არაფრის გარეშე ვრჩებით. ძალიან გთხოვთ ჟურნალისტებს, ყველას უთხარით, რომ მოგვხედოს სახელწიფომ. აქედან რომ გაგვიშვან, იძულებული ვიქნები ჩემი შვილი ოღონდ ქუჩაში სიცივით არ მომიკვდეს, ბავშვთა სახლს მივაბარო. ღმერთმა ნუ დამიყენოს ეს დღე, თავს მოვიკლავ, ალბათ.

ერთადერთი რაც ჩვენ გვინდა, თუნდაც ცარიელი კედლებია, ქუჩაში რომ არ ვიყოთ. სამსახურიც არ არის ისეთი, ბინის დაქირავების საშუალება რომ მოგვეცეს.

ალა პროხოროვა, 27 წლის

ალა

ერთი ბავშვი 2 წლისაა, მეორე – 10 თვის. აქ რომ მოვედი ფეხმძიმედ ვიყავი. უფროსი გოგო მინდობით აღზრდაზე მყადა ჯერ ქობულეთში, მერე გონიოში. არ მქონდა წასასვლელი. ძმამაც უარი მითხრა, შენ მოდი და ბავშვი არ მოიყვანოო.

გათხოვილი ვიყავი ოზურგეთში, სოფელ ბახვში. შვიდთვიანი დაიბადა მარი. საავადმყოფოდან რომ დავურეკე ქმარს, შენი და შენი ბავშვის დედაცო – ასე მითხრა. ჩემს გვარზე გამოვიყვანე ბავშვი საავადმყოფოდან.

ერთი პერიოდი ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში ვიცხოვრეთ. მერე იძულებული გავხდი ჩემი შვილი მინდობითში ჩამებარებინა. ყოველ დღე ჩავდიოდი და ვნახულობდი, ვერ ვძლებდი, როგორ უნდა გაძლოს დედამ ბავშვის გარეშე. გააშვილეო – მეუბნებოდნენ, ვერ ვიზამდი ამას, ჩემს შვილზე უარს ვერ ვიტყოდი. მადლობელი ვარ, რომ შვილები მშიერი არ მყავს, აქ ყველანაირად გვეხმარებიან.

ოჯახთან მაქვს კონტაქტი, ქობულეთიდან ვარ, მაგრამ არც მათ აქვთ საშუალება. ორი ქალიშვილი მყავს, ორივე ჩემს გვერდზეა, მაგრამ მუდმივად იმის შიში გვაქვს, რომ ქუჩაში დავრჩებით. ეს თავშესაფარი რომ არ იყოს, არ ვიცი რა იქნება… სამსახურს კი ვნახავ, მაგრამ იმ სამსახურით ქირას ვერ გადავიხდი. ჩვენს შვილებზე ვიზრუნებ და ვაჭმევ, მაგრამ თავშესაფარი?!

მარტოხელა დედების თავშესაფარი

მარტოხელა დედათა და ბავშვთა თავშესაფარი სათნოების ქუჩის პირველი ჩიხის #5-ში ფუნქციონირებს. 2013 წელს ხელისუფლებამ სამედიცინო ასოციაცია „თანას“ ათი წლის ვადით გადასცა შენობა, სადაც „თანამ“ მარტოხელა დედათა და ბავშვთა თავშესაფარი და რეაბილიტაციის ცენტრი გახსნა შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის. შენობის გარემონტებასა და კეთილმოწყობაში „თანას“ თურქეთის განვითარების სააგენტო „თიკა“ დაეხმარა.

ასოციაციისა და თავშესაფრის დამფუძნებელი ნანა საყვარელიძე ამბობს, რომ ისინი პროგრამას ახორციელებენ, რომლის მეშვეობითაც აჭარის მთავრობა მარტოხელა დედებს ეხმარება. „აქ დედები სოციალური ვაუჩერით მოდიან, რომელსაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული კომისია გასცემს. კომისია მიმართვიანობის მიხედვით შეისწავლის სოციალური მუშაკების საშუალებით მარტოხელა დედის მდგომარეობას, კომისია განიხილავს რამდენად შესაბამისობაშია ეს ბენეციფიარი თავშესაფარში მოხვედრის პირობებთან და აძლევს სოციალურ ვაუჩერს, რომლითაც ბენეფიციარი მოდის ჩვენთან.“
კითხვაზე, რა დროს ანდომებს კომისია მარტოხელა დედის მდგომარეობის შესწავლას, ნანა საყვარელიძე ამბობს, რომ თუ მარტოხელა დედა გაუსაძლის პირობებშია და მისსა და ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, რამდენიმე დღით იღებენ თავშესაფარში.

„თავშესაფარში რომ მოხვდეს, დედა უნდა იყოს მარტოხელა, აჭარაში მცხოვრები და ბავშვი უნდა იყოს ათ წლამდე. ასევე უფლება აქვს მოვიდეს ჩვენთან ორსულს, ოღონდ შვიდი თვის ზემოთ. ჩვენ ვალდებული ვართ, მათ შევუქმნათ 24-საათიანი მომსახურება, კვება, ყველას აქვს ცალკე ოთახი, ტანსაცმელი, უზრუნველყოფილნი არიან ჰიგიენური საშუალებებით. გარდა ამისა, ვცდილობთ მშობლები გადავამზადოთ, რომ აქედან გასვლისას მათ ჰქონდეთ პროფესია და სამსახური. ოთხი ქალი დავასაქმეთ კიდეც. ამ დროს ბავშვებს ან ჩვენ ვუვლით, ან ბაღში არიან.

ვაუჩერი გაიცემა ექვსი თვით, მაგრამ თუ ამ პერიოდში არ გამოსწორდა ქალის მდგომარეობა, სამინისტროს კომისია მსჯელობს ვადის გაგრძელებაზე. ჩვენ მივმართეთ სამინისტროს თხოვნით, სანამ ბავშვი სამი წლის გახდება, თუ პირობები არ გაუმჯობესდა, გაგრძელდეს ეს ვაუჩერი, იმიტომ რომ სამ წლამდე არ არსებობს სკოლამდელი დაწესებულება და ბაგაში 170 ლარს მარტოხელა დედა ვერ გადაიხდის“ – ამბობს ნანა საყვარელიძე.

მარტოხელა დედები სახელმწიფოსგან დახმარებას ვერ იღებენ. სტატუსი – მარტოხელა დედა 2008 წელს გაუქმდა და მარტოხელა დედებს ფულადი დახმარებაც შეუწყდათ. ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი მარტოხელა დედა ცხოვრობს საქართველოში და მათგან რამდენია სოციალურად დაუცველი, არ არსებობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: