მახინჯაურში ლოდებით დატვირთული მანქანა გადატრიალდა

მახინჯაურში დღეს, 18 ოქტომბერს, ლოდებით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა გადატრიალდა. შემთხვევის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ თვითმხილველმა მოაწოდა.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ადგილზე მისულ ბრიგადას დახმარება არავისთვის გაუწევია. ამ სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო სამსახურიც მუშაობდა, რადგან გადაბრუნებული ავტომანქანიდან საწვავი იღვრებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაზე სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გააფორმეს.

 

ესკიზი – როგორი იქნება ახალი სკვერი ხელოვნების უნივერსიტეტის წინ

ბათუმში, თავდადებულისა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, (ხელოვნების უნივერსიტეტის მიმდებარედ), ახალი სკვერი და საპარკინგე სივრცე უნდა მოეწყოს. სკვერის ესკიზი ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქზე გამოაქვეყნა.

მერის ინფორმაციით, სკვერი ამ ესკიზის შესაბამისი იქნება და სამუშაოები 2019 წელს დასრულდება.  ტერიტორია, სადაც სკვერის მოწყობა იგეგმება, 3 518 კვ.მეტრია.

მერიის ინფორმაციით, ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. სატენდერო თანხა ერთი მილიონ 408 ათასი ლარია.

“უხილავნი ჩვენს შორის” – ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია ბათუმში

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპის დღის აღსანიშნავად 18 ოქტომბერს, ბათუმში, ვარდების სკვერში არტ-ინსტალაცია მოეწყო. “უხილავნი ჩვენს შორის” ასე ჰქვია კამპანიას, რომლის მიზანიც  ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე ცნობიერების ამაღლებაა.

ინსტალაციაზე ტრეფიკინგის მსხვერპლთა რეალური ისტორიები იყო წარმოდგენილი, ადამიანების, რომლებიც ჩვენს გვერდით ცხოვრობენ, თუმცა საზოგადოება მათ ვერ ხედავს.

“სამი და მყავს. დედაჩემმა სამივე გაგვყიდა – მიგვყიდა ნაცნობს, რომელთან ერთადაც სვამდა. გვაიძულებდნენ გვემათხოვრა და გვცემდნენ თუ ვინმეს დიდხანს დაველაპარაკებოდით. ფულს აღებისთანავე გვართმევდნენ და  ერთადერთი ჩვენი საჭმელი იყო ის, რასაც ხალხი გვაძლევდა. პოლიციელმა წავიყვანა ქუჩიდან და ახლა ბავშვთა სახლში ვცხოვრობთ. დედა ჩვენს სანახავად არ მოდის,” – 7 წლის პეტროს რეალური ისტორია ერთ-ერთია ინსტალაციაზე წარმოდგენილი ისტორიებიდან.

კამპანია  “უხილავნი ჩვენს შორის“ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდთან ერთად ხორციელდება. კამპანიას მხარს უჭერს  იუსტიციის  სამინისტრო.
ინსტალაცია პირველად 2014-2015 წლებში განთავსა უკრაინაში. 2016 – 2017 წლებში მან გადაინაცვლა ბელარუსსა და მოლდოვაში. კამპანია  “უხილავნი ჩვენს შორის“  აღიარებულია ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო რეგიონალურ ინიციატივად.

კამპანია  “უხილავნი ჩვენს შორის“  ბათუმში ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

მიეცეს „რივიერას“ ტერიტორიაზე გეგმარებითი დავალება კომპანიას – მოსაზრებების წარდგენის ვადა იწურება 

ადმინისტრაციული წარმოების ვადა საკითხზე – მიეცეს თუ არა კერძო კომპანიას ბათუმის იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით გეგმარებითი დავალება, იწურება. ადმინისტრაციული წარმოება 29 სექტემბერს დაიწყო და მოსაზრებების წარდგენა მერიაში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო. როგორც მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, კომპანიისთვის გეგმარებითი დავალების მიცემა-არმიცემის საკითხს ქალაქის საკრებულო უახლოეს სხდომაზე გადაწყვეტს.

„მანამდე კი, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ აღნიშნულთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები მერიაში წარმოადგინონ. ჯერ კიდევ არის დრო, რომლის ამოწურვის შემდეგ მერია შესაბამის პროექტს გადაუგზავნის ბათუმის საკრებულოს,“ – გვითხრეს ბათუმის მერიაში.

ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობა ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურშია შესაძლებელი [მის: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, პირველი სართული, ტელ: 27 26 28].

განკარგულების პროექტის თაობაზე მოსაზრებების წარდგენის 20-დღიანი ვადა კი დღეს, 18 ოქტომბერს, იწურება. მერიაში ამბობენ, რომ ეს არის მინიმალური ვადა და განკარგულების პროექტი საკრებულოში ჯერ გადაგზავნილი არ არის.

ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომის ჩატარების თარიღი კი, როგორც საკრებულოში გვითხრეს, გადაწყვეტილი არ არის: „ამ თვეში აუცილებლად ჩატარდება სხდომა, თუმცა თარიღს ბიურო დაადგენს“.

ბათუმის იახტკლუბისა და ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიადაგის გეოლოგიური კვლევა დაწყებულია. ეს ტერიტორია, სადაც 6 შენობის აშენებაა დაგეგმილი, „სილქ როუდის“ შვილობილი კომპანიის – „ბათუმი რივიერას“ საკუთრებაშია. ექვსი შენობიდან ყველაზე მაღალი – „სილქ თაუერი“, სავარაუდოდ, 42-სართულიანი იქნება. პროექტის განხორციელება ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ფინანსური თანამონაწილეობით იგეგმება.

ტერიტორიის განვითარების კონცეფცია „სილქ როუდის“ დაკვეთით „ჩეპმენ ტეილორმა“ მოამზადა. ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] გეგმარებითი დავალების მისაღებად კი ბათუმის მერიას „სილქ როუდის“ მიერ დაქირავებულმა კომპანია „მულტივერს არქიტექტურამ“ მიმართა.

ამ თემაზე:

„ტრამპ თაუერი“ 44 სართული, „სილქ თაუერი“ – 42? -„რივიერას“ ტერიტორიაზე გეოლოგიური კვლევა დაიწყო

 

 

 

ბავშვთა სახლის აღმზრდელი: დირექტორი ფარულად ჩავწერე, როცა მიყვირა სამსახურიდან წადიო

„დირექტორი მაიძულებდა განცხადება ჩემი ნებით დამეწერა და სამსახურიდან წამოვსულიყავი… ხათუნა ჯავახაძემ ყვირილი დაიწყო, სამსახურიდან წადიო. მერე სხვა აღმზრდელები შემოიყვანა, აუხსენით ამას ერთი, რა უნდა ქნასო,“ – ამას ჯილდა გოგმაჩაძე ყვება. დღემდე იგი კიევის ყოფილი მერის, მილიარდერი ბიზნესმენის „ჩერნოვეცკის ფონდის ქობულეთის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის“ აღმზრდელად ოფიციალურად მუშაობს.

ბავშვთა სახლის დირექტორის წინააღმდეგ ჯილდა გოგმაჩაძემ სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში უკვე შეიტანა. იმავდროულად აღმზრდელმა ფარული ჩანაწერი პროკურატურას მიაწოდა და გამოძიების დაწყება ითხოვა. ამ დროისთვის წინასაგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, სასამართლოში კი „ჩერნოვეცკის ფონდის სკოლის საქმე“ მოსამართლე გოჩა ფუტკარაძეს დააწერეს. მას საქმის განხილვა ჯერ არ დაუწყია.

„აღარ მინდოდა სამსახურში მისვლა და იმ თანამშრომლებისთვის თვალებში ჩახედვა, რომლებმაც ახლახანს წერილს მოაწერეს ხელი, თითქოს ბუნტს და დისკომფორტს ვაწყობდი… ბიულეტენი ავიღე, ახლა გაფიცვის უფლებით ვსარგებლობ და არ მივდივარ“, – ამბობს ჯილდა გოგმაჩაძე.

„ამ სატელეფონო ჩანაწერით ჩანს პირის იძულება, საკუთარი ინიციატივით დატოვოს თანამდებობა…. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და მე როგორც ვიცი, უკვე მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები. მე, როგორც ადვოკატს, ჯილდა გოგმაჩაძემ მაშინ მომმართა, როცა კრებაზე უთხრეს, რომ საქმეს კარგად ვერ აკეთებს და დაბალ პოზიციაზე უნდა გადავიდეს. ჯილდას ვურჩიე, რომ მორიგ შეხვედრაზე საუბარი ტელეფონით ჩაეწერა. კანონი უშვებს გამონაკლისს, როცა უფლებების დარღვევის დადასტურება სხვა მტკიცებულებით შეუძლებელია. არსებობს შესაბამისი საოქმო ჩანაწერი ამ ფარულ ჩანაწერზე. მე ეს ჩანაწერი პროკურატურას ჩავაბარე, მისი გასაჯაროვების უფლება არ მაქვს,“  – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა ნატო გოგმაჩაძემ, იგი ჯილდას ინტერესებს იცავს სასამართლოში.

„ჩანაწერში ისმის დირექტორის ხმა, რომელიც მშვიდად მეუბნება, რომ აჯობებს ჩემი ნებით დავტოვო თანამდებობა. ვერ მეუბნება, რატომ“ – გვიყვება ჯილდა გოგმაჩაძე. – „მე ვეუბნები, რომ თუ რამეს თავს ვერ ვართმევ, დაწეროს ბრძანება და გამათავისუფლოს. მერე იწყებს ყვირილს და შემოჰყავს სხვა ორი აღმზრდელი… მერე იმ ერთ-ერთ აღმზრდელსაც უყვირის, ვინც ჩემი რეკომენდატორი იყო, ეს ვინ მომიყვანე პროვოკატორი, სასამართლოში მიპირებს ჩივილსო“.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, პირის იძულება – დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან გათავისუფლებაზე, ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით 3 წლამდე ვადით, ან უამისოდ.

სასამართლოში ბავშვთა სახლის აღმზრდელი – ჯილდა გოგმაჩაძე სამოქალაქო წესით ითხოვს ზეწოლის შეწყვეტას, ასევე ამ სახლის დირექტორის – ხათუნა ჯავახაძის მიერ ხელმოწერილი  ბრძანების ბათილად მიჩნევას. საუბარია ბრძანებაზე, რომლითაც ჯილდა გოგმაჩაძეს საყვედური გამოუცხადეს – კონფიდენციალური ინფორმაციის მესამე პირისთვის გადაცემისთვის.

„როცა ურთიერთობა გართულდა, ადვოკატს დროდადრო ვაცნობდი სიტუაციას, რაც ხდებოდა. ადვოკატს ასევე ვაჩვენე ჩემი წერილობითი ანგარიში, რასაც სახლის აღმზრდელები ყოველდღიურად ვწერთ და დირექციას ვაბარებთ. ეს ჩამითვალეს კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემად.

რეალურად კონფლიქტის მიზეზი დაუმორჩიელობა და პროტესტი იყო. ხათუნა ჯავახაძე მონურ მორჩილებას ითხოვს ყველა თანამშრომლისგან, მას ძირითადად ხვეწნა-მუდარით ესაუბრებიან, მე ეს არ შემეძლო… რადგან ეს ვერ დაინახა ჩემში, ამომიჩემა.

მასთან უშუალოდ სიტყვიერი კონფლიქტი არასდროს მქონია, უბრალოდ ვაპროტესტებდი იმას, რომ აღმზრდელების უფლებები ირღვეოდა. ბავშვთა სახლში სამუშაოდ აპრილში მივედი გამოსაცდელი ვადით, ივლისში კი ვადიანი ხელშეკრულება გამიფორმა,“ – ამბობს ჯილდა გოგმაჩაძე.

ადვოკატი ნატო გოგმაჩაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კლიენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საიდუმლოდ შენახვა ადვოკატის ვალდებულებაა. „ჯერ ერთი მე მაქვს ოფიციალური მინდობილობა, რომ მისი ადვოკატი ვარ. ასე თუ ვერაფერი გაიგო ადვოკატმა, რა უნდა დაიცვას?“ – კითხულობს ის.

ადასტურებს თუ არა ბავშვთა სახლის დირექტორი თანამშრომელზე ზეწოლას, ან რატომ ჩათვალა მან ადვოკატისთვის ინფორმაციის გაზიარება კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემად? – ეს ხათუნა ჯავახაძისთვის გვინდოდა გვეკითხა, თუმცა მან მოკლედ გვითხრა, რომ კითხვებს არ უპასუხებს და სასამართლო პროცესს უნდა დაველოდოთ.

„ჩერნოვეცკის ფონდის ქობულეთის ბავშვთა სახლის“ ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი ვაჟა ხახუტაიშვილი იცავს. იურისტი ბავშვთა სახლის შინაგანაწესის დარღვევაზე საუბრობს და განმარტავს, რომ ადვოკატსაც კი არ აქვს უფლება გაიგოს ის ინფორმაცია, რის გაცემაც შინაგანაწესით მესამე პირისთვის შეზღუდულია.

„რეალურად უნდა მოეთხოვა ადვოკატს ინფორმაცია დირექტორისთვის და თუ იგი უარს ეტყოდა, მაშინ უკვე სასამართლოს თანხმობით იქნებოდა შესაძლებელი მისი მიღება…“ – გვითხრა ვაჟა ხახუტაიშვილმა.

ადვოკატის თქმით, იგი ფარული ჩანაწერის შესახებ ინფორმირებული არ არის და ამ ეტაპზე საქმის ყველა დეტალს არც იცნობს. ვაჟა ხახუტაიშვილის აზრით, აღმზრდელი ემოციურად მიუდგა გამოცხადებულ საყვედურს და პრობლემა მხოლოდ ამან შექმნა.

„რეალურად არავის უნდა მისი სამსახურიდან გაშვება… საყვედური და შენიშვნები აქვს გამოცხადებული სხვა თანამშრომლებსაც და ამ მტკიცებულებებს ჩვენ წარმოვადგენთ სასამართლოში. რეალურად თანაბარ პირობებშია ყველა და არ ჩანს დისკრიმინაციული მოპრობა. მე როგორც ვიცი, პირიქით, ეს თანამშრომელი ემუქრებოდა დირექტორს და სამი თვის ხელფასს ითხოვდა, მომეცით და წავალ, თორემ გიჩივლებთ და ჟურნალისტებსაც მოვიყვანო… სანამ ორივე მხარეს არ მოვუსმენ, მე დასკვნებს წინასწარ ვერ გავაკეთებ,“ – გვითხრა ვაჟა ხახუტაიშვილმა.

სასამართლოსთვის მიმართვის პარალელურად, ადვოკატ ნატო გოგმაჩაძეს სოციალური მომსახურების სააგენტოსთვისაც მიუმართავს.

„ბავშვთა სახლის ადმინისტრაციამ წარმოადგინა სასამართლოში შესაგებელი და მტკიცებულებები. აქ არის ოქმები, რომ, მაგალითად, კონკრეტული აღმზრდელი ფსიქოლოგიურად ძალადობდა ბავშვზე, ასევე სანიტარული ნორმების დარღვევებზე, რაზეც აღმზრდელებს შენიშვნები მისცეს… ამ მასალებში არ ჩანს ჯილდას კონკრეტული სამართალდარღვევა. როგორც ჩანს, ეს მასალები წარმოადგინეს იმის საჩვენებლად, რომ სხვებსაც ჰქონდათ შენიშვნა და საყვედური, მაგრამ მე მაინტერესებს, ვინ დაიცვა იმ ბავშვის ინტერესი, ვისზეც აღმზრდელი ძალადობდა? ამ მასალებიდან არ ჩანს, რა რეაგირება მოჰყვა ამას,“ – ამბობს ადვოკატი ნატო გოგმაჩაძე.

აღმზრდელი სასამართლოში მასთან გაფორმებული ხელშეკრულების ვადასაც გააპროტესტებს. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, ბავშვთა სახლის დირექციამ ჯილდა გოგმაჩაძესთან ექვსთვიანი ხელშეკრულება გააფორმა. ადვოკატი ნატო გოგმაჩაძე კი ამბობს, რომ გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაფორმებული ვადიანი ხელშეკრულების ყველაზე მცირე დრო ერთი წელია.

„6 თვეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ითვალისწინებს კანონი, რა მოცემულობაც აქ არ იყო,“ – დასძენს ადვოკატი.

ფონდმა – „სოციალური პარტნიორობა“ ქობულეთში პირველი საბავშვო პანსიონი 2014 წელს გაიხსნა. მაშინ ეს ფაქტი 51-მა არასამთავრობომ გააპროტესტა, რადგან პანსიონს არ ჰქონდა შესაბამისი ლიცენზია. 2015 წელს ბავშვთა პანსიონი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ დააჯარიმა. დაჯარიმების მიზეზი იყო არალიცენზირებული საქმიანობა პანსიონის მხრიდან. ბოლო წლებში ეს პანსიონი საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლად გადაკეთდა.

ქობულეთის სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლს ეს უწყება უწევს ზედამხედველობას. სააგენტოს ხელმძღვანელს ვკითხეთ თუ არის ინფორმირებული, რომ რამდენიმე თვის წინ ამ საოჯახო ტიპის სახლში ბავშვზე იძალადეს [ეს ჩანაწერი გვხვდება სასამართლოში წარდგენილ მასალებში]. თემურ ჭანტურიშვილი ამბობს, რომ ბავშვზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია მათთვის არ მიუწოდებიათ.

 

 

 

 

 

უშაკოვის აგარაკს, ზვარეს ჯამეს და ერთ-ერთ სახლს ბათუმში რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ქობულეთის სოფელ ციხისძირში ე.წ. უშაკოვის აგარაკის, ქედის სოფელ ზვარეს ჯამესა და ბათუმში, კ. გამსახურდიას N36-ში მდებარე სახლის რეაბილიტაციის მიზნით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა, თანხა 82 ათასი ლარია.

ავარიულ მდგომარეობაში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს იმ პროექტების შესაბამისად, რომლებიც სააგენტოს დაკვეთით მომზადდა. პროექტების მიხედვით სამივე ძეგლზე ძირითადად მოეწყობა ახალი სახურავი, ასევე, ჩატარდება სხვადასხვა სამუშაო.

ტენდერში წინადადებების მიღება 2018 წლის 24 ოქტომბერს დაიწყება და 29 ოქტომბერს დასრულდება.

ქობულეთში, სოფელ ციხისძირში, ისტორიულ სახლში ილია ევანის ოჯახი ცხოვრობს. ილია ევანი გასულ წელს აცხადებდა, რომ სახლი ავარიულ მდგომარეობაშია და სახურავი თუ არ გამოიცვალა, მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული სახლი ზამთარს ვეღარ გაუძლებდა.

უშაკოვის აგარაკს ძეგლის სტატუსი 2016 წელს მიენიჭა.

ამ ტენდერის ფარგლებში გადაიხურება ზვარეს ჯამეს შენობა:

ფოტო პროექტიდან

სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება ბათუმში, კ. გამსახურდიას N36-ში მდებარე სახლსაც:

ფოტო პროექტიდან

 

მთავარი ფოტო: უშაკოვის აგარაკი / ფოტომონტაჟი

სალომე ზურაბიშვილი: ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების თავგანწირვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის

სალომე ზურაბიშვილმა ვეტერანებთან შეხვედრისას ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ მათი თავგანწირვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

„ჩემთვის სიმბოლური მნიშვნელობა ექნება იმას, რომ ერთ-ერთი პირველი ვიზიტი ქვეყნის გარეთ ავღანეთი იქნება, სადაც დღეს იბრძვიან ჩვენი ჯარისკაცები, სადაც ღირსეულად წარმოადგენენ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ მხოლოდ ჩვენს თავს კი არ ვიცავთ, ამავე დროს ვფიქრობთ და ვართ ერთი მსოფლიოს შვილები, გვყავს ძალიან ღირსეული პარტნიორები, რომელებიც გვეხმარებიან სხვადასხვა ფორმით. თანასწორობა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენც მივიღოთ ჩვენი წილი, რაც არ უნდა ზოგჯერ ტრაგიკული იყოს და მე მინდა, პატივი მივაგო მათ ხსოვნას, ვინც 2010 წელს დაიღუპნენ და ყველას ვინც ავღანეთში დავკარგეთ. მინდა მივესალმო და მადლობა გადავუხადო უმცროსი სერჟანტის, დავით ცეცხლაძის, რამაზ გოგიაშვილის, ნუგზარ კალანდაძის და გიორგი კოლხიტაშვილის ოჯახებს, რომლის ოჯახის წევრებიც ახლა ჩვენთან ერთად იმყოფებიან და ყველას ვინც დღეს ჩვენ შეხვედრას ესწრება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გარე დაკვირვებაზე 2 330 მასწავლებელი დარეგისტრირდა

გარე დაკვირვების გასავლელად 2 330 მასწავლებელი დარეგისტრირდა. როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე, მანანა რატიანი „ბათუმელებთან“ ამბობს, პედაგოგებს, ვინც გარედაკვირვებაზე დარეგისტრირდნენ, სასწავლო წლის ბოლომდე განესაზღვრებათ გაკვეთილის ჩატარების თარიღები.

„რეგისტრაცია დასრულდა და ერთი თვის ვადაში ამ მასწავლებლებლებს დაუნაწილდებათ ვადები, თუ ვის როდის დააკვირდებიან. კონკრეტული ვადა აისახება eshool-ის ელექტრონულ სისტემაში და გამოუჩნდებათ კალენდარზე“.

როგორც მანანა რატიანი გვეუბნება, გარე დაკვირვების გაკვეთილს ერთი ადამიანი აკვირდება, ეს არის ცენტრის მიერ გადამზადებული გარე დამკვირვებელი, რომელსაც აქვს სკოლაში მუშაობის გამოცდილება. „ამ ეტაპისთვის ასამდე დამკვირვებელი გვყავს გადამზადებული, შეიძლება დაგვჭირდეს დამატებაც კონკრეტული საგნების შემთხვევაში. ამიტომ დამატებით კიდევ შევარჩევთ და გადავამზადებთ დამკვირვებლებს“.

რატიანის თქმით, გარე დაკვირვებაზე რეგისტრირებულთა შორის ყველაზე მეტი ქართულის და მათემატიკის მასწავლებელია.

როგორც ცენტრში გვეუბნებიან, ამ პერიოდში მიმდინარეობდა სკოლებიდან სააპელაციო განაცხადების მიღებაც, რომელიც გუშინ დასრულდა. თუმცა რამდენი სააპელაციო განაცხადია შესული, ცენტრში არ აკონკრეტებენ. როგორც „ბათუმელებს“ უთხრეს, აპელაციებით ძირითადად სკოლების შიდა შეფასების ჯგუფის საქმიანობას აპროტესტებენ. „ერთი სკოლიდან შეიძლება იყოს 7-8 სააპელაციო განაცხადი, ამიტომ ეს განაცხადები დაითვლება და ზუსტი ციფრი, თუ რამდენი აპელაცია შემოვიდა, გვეცოდინება ერთ კვირაში“, – გვითხრეს ცენტრის პრესსამსახურში.

გარე დაკვირვება სავალდებულო აქტივობაა უფროსი მასწავლებლისთვის, რომელსაც 13 კრედიტქულა აქვს მოპოვებული და სურს, რომ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვოს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლიდან წამყვანი მასწავლებლის სახელფასო დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში 700 ლარი გახდა.

ქუთაისის შემოვლითი გზა ოთხზოლიან ავტომაგისტრალად გადაკეთდება – 204 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან

ქუთაისის შემოვლითი გზა ოთხზოლიან ავტომაგისტრალად გადაკეთდება, რისთვისაც არსებული ორზოლიანი გზის პარალელურად ახალი ორზოლიანი გზა აშენდება. მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. 41-კილომეტრიანი გზის სამშენებლო სამუშაოებზე საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერები ოთხ ლოტად გამოაცხადა. ჯამური სატენდერო თანხა 204 572 062 ლარია. ახალი გზა შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებიდან 22 თვეში უნდა აშენდეს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, არსებული ორზოლიანი გზა 2014 წლის ნოემბერში გაიხსნა და ამ მონაკვეთზე მომხდარი ხშირი ავარიების გამო მალევე გახადეს ცალმხრივი. ახალი ორი ზოლის აშენებით კი, ქუთაისის შემოვლითი გზის მონაკვეთზე მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდება.

პროექტის მიხედვით, შემოვლით გზაზე საანგარიშო სიჩქარე – 120 კმ/სთ იქნება, გამყოფ ზოლში რეკომენდებულია „ნიუ ჯერსის პარაპეტის“ ტიპის გრძივი არმირებული ბეტონის ზღუდარების მოწყობა შესაბამისი სტანდარტის მიხედვით. გზის მარცხენა და მარჯვენა მხარეს დასაშვებია ზღუდარების მოწყობა ლითონის ძელებით. ორზოლიანი გზა შედგება 3,75 მ სიგანის ორი სავალი ზოლისგან, რომელსაც ემატება ხელოვნური საფარით და ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დაფარული გვერდულები.

„საქართველოს მთავრობა მთავარ პრიორიტეტს ანიჭებს წითელი ხიდისა და შავი ზღვის სანაპიროს დამაკავშირებელ აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესებას. ქუთაისის შემოსავლელი გზა – სამტრედიის მონაკვეთის მოდერნიზებული ოთხზოლიანი მაგისტრალი უნდა აკმაყოფილებდეს ევროპული სტანდარტების პარამეტრებს“, – აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

ახალი ორზოლიანი გზის პროექტი 4 ლოტად დაიყო / ასაშენებელი გზა ლოტების მიხედვით სხვადასხვა ფერითაა აღნიშნული / წყარო: გზების დეპარტამენტი

„დღევანდელი მდგომარეობით მთლიანად დამთავრებულია ზესტაფონი – ქუთაისის ახალი შემოსავლელი გზის, სიგრძით 15.17 კმ, მშენებლობა ოთხზოლიანი საავტომობილო გზის პარამეტრებით სატრანსპორტო კვანძების და ადგილობრივი გზების ჩათვლით, ხოლო ქუთაისის ახალი შემოსავლელი გზა, სიგრძით 17.3 კმ და ქუთაისის ახალი შემოსავლელი გზა – სამტრედია, სიგრძით 24.045 კმ, მშენებლობა განხორციელდა ორზოლიანი საავტომობილო გზის პერსპექტივის გათვალისწინებით იმდაგვარად, რომ მოდერნიზაცია – მისი ოთხზოლიან ავტომაგისტრალად გაფართოება, შესაძლებელია“, – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ტენდერებში წინადადებების მიღება 2018 წლის 14 და 15 ნოემბერს დაიწყება და 19 და 20 ნოემბერს დასრულდება. ოთხივე ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე ჩატარდება.

ქუთაისის შემოვლითი ორზოლიანი გზა, რომელიც ოთხზოლიან ავტომაგისტრალად უნდა გადაკეთდეს / ფოტო: გზების დეპარტამენტი

 

მთავარი ფოტო: ოთხზოლიანი მაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისის მონაკვეთი/ ფოტო: გზების დეპარტამენტი

 

 

სახელმწიფო Airbnb-ით ბინების გაქირავებაზე გადასახადის დაწესებას აპირებს

ტურიზმის ადმინისტრაცია რეგულაციებზე იწყებს მუშაობას, რომლითაც Airbnb-ზე ბინის გაქირავების სერვისი დარეგულირდება.

„Airbnb-ი გახდა ძალიან ბევრი სასტუმროს კონკურენტი და შეაწუხა სასტუმროები, უხეშად რომ ვთქვათ, ამ სიტუაციამ. ამ მიმართულებით იგეგმება ის, რომ ჩვენ ვსწავლობთ ყველაზე კარგ მაგალითს, თუ როგორ დარეგულირდა სხვა ქვეყნებში ეს. ჩვენი ამოცანაა, ერთი მხრივ, არსებულ სასტუმროებს არ შეექმნათ პრობლემა იმიტომ, რომ ვიღაცა გადასახადს არ იხდის. ეს არის ერთი მხრივ,  ბიზნესს არ შეეხოს პრობლემა, მეორე ის გადასახადი, რა თქმა უნდა, დამატებითი შემოსავალია პირდაპირ ქვეყნის ბიუჯეტში და ამის ადმინისტრირება უნდა მოხდეს,“ – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტვ პირველზე, საქმიან დილაში სტუმრობის დროს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ტიპის რეგულაციები დაწესდება.

Airbnb-ი ბინების ონლაინდაჯავშნის პლატფორმაა, რომლითაც საქართველოში ათასობით ადამიანი სარგებლობს.  Airbnb-ის საშუალებით საქართველოში მცირე მეწარმეები ბინებს აქირავებენ. ხშირად ბინის გაქირავება ოჯახების ერთადერთი შემოსავალია.

საქართველოში აქტიურად სარგებლობენ ბინების ონლაინდაჯავშნა/გაქირავების კიდევ ერთი საიტით – booking.com, თუმცა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, გიორგი ჩოგოვაძეს ეს სერვისი არ უხსენებია.

განახლება: ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ადმინისტრაციის განცხადებას  უცვლელად გთავაზობთ.

“სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Airbnb-ზე რეგისტრირებულ ბინებთანდა აპარტამენტებთან დაკავშირებით რაიმე ტიპის შეზღუდვებს, ან გადასახადების შემოღებას გეგმავს, არ შეესაბამება სიმართლეს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე აცხადებს, რომ ადმინისტრაცია მზად არის, დისკუსიაში ჩაერთოს გიდების სერთიფიცირების, სასტუმროებისლიცენზირების, ასევე ნებაყოფლობითი სარეიტინგო სისტემების შესაძლო შემოღების საკითხებთან დაკავშირებით.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიესალმება, საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის რაც შეიძლება მეტი განთავსების ობიექტის არსებობას, მათ შორის აპარტამენტებისა დაბინების გაქირავების სახით – ეს საშუალებას გვაძლევს, ქვეყანამ მეტი ტურისტი მიიღოს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ტურისტული ნაკადების ზრდის მიმართულებით, რაც სხვადასხვა დადებით ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად გულისხმობს იმ მოქალაქეებისთვის დამატებით შემოსავლებს, რომლებიც ტურისტებზე ბინებს აქირავებენ.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ინფორმაცია Airbnb-ზე რეგისტრირებულ ბინებთან და აპარტამენტებთან დაკავშირებით რაიმე ტიპის რეგულაციების შემოღების შესახებ,სიმართლეს არ შეესაბამება”.

 

 

 

ბათუმის ბულვარში ზღვაში შესასვლელი პანდუსის მოწყობა იგეგმება

ბათუმის ბულვარი 2019 წლისთვის სანაპირზო ზოლზე ადაპტირებული ინფრასტრუქტურის, კერძოდ პლაჟზე გადასასვლელების მოწყობასაც გეგმავს. ასევე იგეგმება ადაპტირებული საშხაპეების, გასახდელებისა და ატრაქციონების მოწყობაც. როგორც ბათუმის ბულვარში გვითხრეს, მომავალი წლისთვის, პირველად საქართველოში ეტლით მოსარგებლე პირებისთვის – ზღვაში შესასვლელი პანდუსის მოწყობაცაა დაგეგმილი.

“გარდა ინკლუზიური ტურიზმის ხელშეწყობისა, 2019 წლისთვის ვგეგმავთ, რომ სანაპირო ზოლი (რაც ბათუმის ბულვარის ზედამხედველობის ქვეშაა) გახდეს მაქსიმალურად ადაპტირებული, მომავალი წლიდან ვაპიებთ, რომ გვქონდეს  მაქსიმალურად ადაპტირებული გარემო შშმ პირთათვის და მშობლებისათვისაც, ვისაც ეტლით უწევს პლაჟზე გადაადგილება,” – ამბობს ბათუმის ბულვარის პრესსამსახურის უფროსი, მაგდა ჯაიანი.

რაც შეეხება ზღვაში შესასვლელ პანდუსს, ბათუმის ბულვარში ამბობენ, რომ ეს იქნება ზღვაში გარკვეულ სიღმეზე შეჭრილი პანდუსი, რომლითაც ელით მოსარგებლე პირები შეძლებენ არათუ ზღვასთან მისვლას, არამედ ზღვაში შესვლას. როგორი დიზაინის იქნება ზღვაში შეჭრილი პანდუსი, ჯერ უცნობია.

20 ოქტომბერს, 18 საათზე, ბათუმის ბულვარში, სასტუმრო „ინტურისტის“ მოპირდაპირე სკვერში გაიმართება ადაპტირებული ინფრასტრუქტურისა და სანაპირო ზოლის მოწყობის პროექტების კონცეფციის საჯარო პრეზენტაცია. შეხვედრის ფარგლებში მოეწყობა სწორედ ამ პროექტების განხილვა და დისკუსია.

“ჩვენ გამოვაცხადეთ ტენდერი, უკვე არის გამარჯვებული კომპანია, რომელიც გააკეთებს ხარჯთაღრიცხვას ცალკეული პროექტების  და ამის შემდგომ, თითოეულ პროექტზე, როგორიცაა ადაპტირებული გასახდელები, საშხაპეები, გადასასვლელები, ასევე ადაპტირებული საპირფარეშოები და ატრაქციონები, უკვე ცალკე ტენდერებს გამოვაცხადებთ,” – ამბობს მაგდა ჯაიანი.

ზღვაში შეჭრილი პანდუსი კვიპროსის პლაჟზე.

ღონისძიების პროგრამა:
18:00 – შეკრება ბათუმის ბულვარში სასტუმრო „ინტურისტის“ მოპირდაპირე მხარეს
18:50 – პროექტის პრეზენტაცია, ბულვარის ადმინისტრაციისა და შემსრულებელი კომპანიის მიერ
დისკუსია;
სამუშაო ჯგუფის შექმნა;
19:30 – ფილმის ჩვენება

 

მთავარ ფოტოზე: ზღვაში შეჭრილი პანდუსი კვიპროსის პლაჟზე.

 

რა სჭირს გოჩა მელაძეს – ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებლად ყოფილი პოლიციელი დანიშნეს

ხულოს მერის მოვალეობას მუნიციპალიტეტის პოლიციის ყოფილი უფროსი, ვახტანგ ბერიძე შეასრულებს. ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის ჯუმბერ დიმიტრაძის ინფორმაციით, ხულოს მერი, რომლის გადადგომაზეც გუშინ გავრცელდა ინფორმაცია და რომელზეც ამბობდნენ, რომ 31 ოქტომბრამდე შვებულებაში იმყოფებოდა, სამსახურში გუშინ გამოცხადდა, თავისი მოადგილე, ლაშა ბოლქვაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა, მის ნაცვლად ვახტანგ ბერიძის დანიშვნას მოაწერა ხელი და თავადაც დაწერა განცხადება გადადგომაზე.

შესაბამისად, ვახტანგ ბერიძე მერის მოვალეობის შესრულებას შეუდგა და თუ არაფერი შეიცვალა, მერის არჩევნებამდე ის იქნება მოვალეობის შემსრულებელი.

ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე გუშინ ამბობდა, რომ არაფერი იცოდა მერის გადადგომაზე. დღეს კი ამბობს, რომ მერის გადაწყვეტილების შესახებ გუშინ საღამოს გაიგო, მას შემდეგ, რაც მისი  განცხადება საკრებულოში შევიდა. გუშინ მერის გადადგომას არავინ ადასტურებდა ოფიციალურად, თუმცა არაოფიციალურად ამბობდნენ, რომ ის გადადგა და არჩეულ მერს იძულებით დააწერინეს განცხადება გადადგომაზე.

ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე გამორიცხავს მერზე ზეწოლას და ამბობს, რომ ხულოს ყოფილი მერი, გოჩა მელაძე სხვა სამსახურში დაინიშნა. ჯუმბერ დიმიტრაძის თქმით, მერმა სწორედ ამიტომ დატოვა არჩევითი თანამდებობა. მისივე ინფორმაციით, გოჩა მელაძე სამუშაოდ შემოსავლების სამსახურში გადავიდა. მოადგილის, ლაშა ბოლქვაძის შესახებ კი არაფერი იცის.

საკრებულოს თავმჯდომარე დადებითად აფასებს ასევე მოვალეობის შემსრულებლად ყოფილი პოლიციელის დანიშვნას: „პოლიციელი აღარ არის უკვე და გამოცდილი პიროვნებაა“.

ხულოს ყოფილი მერი და მისი ყოფილი მოადგილე ლაშა ბოლქვაძე ორი დღეა ტელეფონს არ პასუხობენ.

გოჩა მელაძე აჭარის ყოფილი მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის კადრი იყო. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გოჩა მელაძეს აუცილებლად მოუწევდა თანამდებობის დატოვება, მას შემდეგ გავრცელდა, რაც თორნიკე რიჟვაძე დაინიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ.

კანონით, არჩეული მერის გადაყენების უფლება არავის აქვს.

ხულოს არჩეული მერი გადადგა – ხელისუფლება ინფორმაციას არ ასაჯაროებს

ქობულეთის ცენტრალურ პარკში ქანდაკების პლენერი გაიხსნა

ქობულეთის ცენტრალურ პარკში ქანდაკების საერთაშორისო პლენერი გაიხსნა. ქანდაკების საერთაშორისო პლენერში ქანდაკებებზე ღია ცის ქვეშ ქართველ მოქანდაკეებთან ერთად ლატვიელი ხელოვანები მუშაობენ.

რეწვის ნიმუშების პარალელურად გამოფენა-გაყიდვაც მოეწყო. პლენერი 29 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ქობულეთის ცენტრალურ პარკში ქანდაკების პლენერი გაიხსნა. ფოტო: აჭარის განათლების სამისნიტრო
ქანდაკების პლენერი ქობულეთის ცენტრალურ პარკში. ფოტო: აჭარის განათლების სამინისტრო

 

მოსამართლეობა საპენსიო ასაკის შემდეგ – ყოფილი მოსამართლის დავა საკონსტიტუციოში

ყოფილი მოსამართლე ნათელა ჯაშიაშვილი პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საპენსიო ასაკი არ უნდა უზღუდავდეს ადამიანს მოსამართლეობას. ნათელა ჯაშიაშვილი ბოლოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მუშაობდა. მას ასაკის გამო მოუხდა თანამდებობის დატოვება.

ყოფილი მოსამართლე სადავოდ მიიჩნევს კანონის „საერთო სასამართლოების შესახებ“ იმ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც 10 წლის ვადით დანიშნულ მოსამართლეებს უწყდებათ უფლებამოსილება, როცა ისინი 65 წლის ხდებიან.

„სადავო ნორმა კონკრეტული მოსამართლის კვალიფიკაციის, უნარებისა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინების გარეშე, ბლანკეტურად ვრცელდება ყველა 65 წელს მიღწეულ პირზე. სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კანონის წინაშე თანასწორობისა და სახელმწიფო თანამდებობიდან თვითნებური გათავისუფლებისაგან დაცვის კონსტიტუციურ უფლებებს,“ – მიიჩნევს მოსარჩელე. 

საქმის არსებითი განხილვა დღეს, 18 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დაიწყო.

უფროსი მასწავლებელი: „გარედაკვირვება“ არის ფორმალობა და ის ხარისხს ვერ ცვლის

ცირა ქობულაძე უფროსი მასწავლებელია. ის ათი წელი საჯარო სკოლაში მუშაობდა, ბოლო ოთხი წელია კი კერძო სკოლა „ევრო 2000“-ში ასწავლის. ცირა ქობულაძე არის განათლების საერთაშორისო აკადემიის (IAE) მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო ტრენინგების აქტიური მონაწილე, რომელიც გაიმართა სტამბულსა და ბაქოში.

„ბათუმელები“ ცირა ქობულაძეს მასწავლებლის პროფესიულ განვითარებასა და სქემით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე ესაუბრა.

ქალბატონო ცირა, სოციალურ ქსელებში ხშირად წერენ პედაგოგები, განათლების სფეროს წარმომადგენლები, რომ ე.წ „გარედაკვირვება“, რომელიც პედაგოგმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად უნდა გაიაროს, არის ფორმალობა და რეალურად მსგავსი ტიპის დაკვირვებები ვერ ცვლის პედაგოგის კვალიფიკაციას. იზიარებთ ამ მოსაზრებას?

არ ვფიქრობ, რომ „გარედაკვირვება“ არ არის აუცილებელი, თუმცა ამ ერთი გაკვეთილით მასწავლებლის განათლების დონეს ნამდვილად ვერ ავამაღლებთ.

მე, პირადად, ჩემი პროფესიული წინსვლა დავინახე გადამზადების პროცესში, როცა გავიარე სხვადასხვა სახის ინოვაციური ტრენინგი. შეიძლება პედაგოგმა ხმამაღლა არ თქვას, მაგრამ ვიცით, რომ „გარედაკვირვება“ მაინც დადგმული, ხელოვნური გაკვეთილია – რადგან ამ ერთ გაკვეთილზეა დამოკიდებული მასწავლებლის კვალიფიკაციის შეფასება და სტატუსის მინიჭება. ამის გამო პედაგოგების გარკვეული ნაწილი სტრესის ქვეშაა.

მაგალითად, მე ბევრად კარგ გაკვეთილს ვატარებ, როცა მაქვს თავისუფლება. როცა ვიცი, რომ ამ ერთი გაკვეთილით უნდა გადაწყდეს, თუ როგორი პედაგოგი ვარ, ეს არის რთული. მექანიზმია არასწორი, რადგან მასწავლებელს უნდა აფასებდნენ იმით, თუ რამდენად ხარისხიანად ასწავლის ის მოსწავლეებს.

რამდენად უტყუარი საზომი იქნება მოსწავლეების დონის შეფასება ამისთვის, რადგან ვიცით, რომ თითქმის ყველა წარმატებული მოსწავლის უკან რეპეტიტორი დგას?

კლასში ყველა ბავშვი არ ემზადება, 35 მოსწავლიდან საშუალო მაჩვენებელი შეიძლება გამოვიყვანოთ.

მაშინ რა არის საჭირო იმისთვის, რომ პედაგოგმა პროფესიულ ზრდაზე იზრუნოს?

ჩვენ ვალდებულები უნდა ვიყოთ, რომ გავიაროთ გადამზადება. ტრენინგებზე მარტო სურვილის შემთხვევაში კი არ უნდა მიდიოდეს მასწავლებელი, ეს სავალდებულო უნდა იყოს.

ავიღოთ თუნდაც ბულინგის თემა. ძალიან საინტერესო ტრენინგები გავიარე, რომელიც მხოლოდ კლასის დამრიგებლებისთვის იყო. მართალია, ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ ჩვენს კოლეგებსაც გავუზიაროთ გამოცდილება, მაგრამ ყველა ასე აკეთებს? რჩებათ კი მასწავლებლებს ამის დრო? ამაშია საქმე, ამის მონიტორინგს არავინ არ აკეთებს.

მაშინ, როცა ძალიან დიდი თანხა იხარჯება ტრენინგებზე, თუმცა ყველა მასწავლებელი არ ან ვერ დადის.

მე, პირადად, ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ტრენინგი გავიარე და დავინახე ჩემი პროფესიული ზრდა. მივხვდი, რომ ეს აუცილებელი იყო ჩემთვის და არა მხოლოდ შიდა ან გარე შეფასება, რომელსაც ერთხელ გაივლი და მორჩა. ამიტომ ვამბობ, რომ გადამზადება ბევრად მნიშვნელოვანია მასწავლებლისთვის.

როგორ მზადდება „გარედაკვირვება“, ბევრ დროს ითხოვს მასწავლებლისგან?

მე ჯერ არ გამივლია, თუმცა, როგორც ვიცი, მზადდება ხუთი გაკვეთილის გეგმა, რომელიც საკმაოდ შრომატევადია და ბევრ ფურცელთან გიწევს მუშაობა. შემდეგ ამ გეგმებს წარუდგენ გარედაკვირვების ჯგუფს და აქედან ერთ-ერთ გაკვეთილს დაესწრებიან და შეაფასებენ.

ჩემი აზრით, ბევრად მნიშვნელოვანია მასწავლებელს სასწავლო რესურსები ჰქონდეს კლასში და მას არ უწევდეს ამ რესურსების შექმნა. მასწავლებლის წიგნში მოცემულია დავალებები, თუ რა რესურსი უნდა გამოვიყენო გაკვეთილზე. მე, პირადად, ჩემი ფინანსებით ვქმნი ამ რესურსებს, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სკოლაში ვარ და იქ ბევრად მეტი შესაძლებლობა არსებობს.

მასწავლებელს, რომელსაც 300-400 ლარი აქვს ხელფასი, ყოველთვის თავისი ხარჯებით ამას ვერ გააკეთებს.

განათლების სამინისტრო ამბობს, რომ ყველა რესურსი შექმნილია და ხელმისაწვდომია ელექტრონულად. არ იყენებთ ამ რესურსებს?

რა თქმა უნდა, ვიყენებ და ბევრ სხვა მასალასაც ვპოულობ ინტერნეტში, მაგრამ კლასში ბეჭდური რესურსებიც ხშირად გვჭირდება. თვალსაჩინოება არის საჭირო და ასე შემდეგ.

კიდევ რა არის ისეთი, რაც, თქვენი აზრით, მსჯელობას საჭიროებს?

მაგალითად, კონკრეტული სტატუსის მისაღებად 19 კრედიტქულა იყო საჭირო, მე მქონდა 26 ქულა. როცა ახალ სტატუსს იღებ, ის ზედმეტი ქულები გიუქმდება. ამ ქულების მისაღებად კი პედაგოგი საკმაოდ ბევრს შრომობს. ეს ასე არ უნდა იყოს.

ყველა ახალი მინისტრი ამბობს, რომ ძირეული რეფორმებია საჭირო განათლების ხარისხის ასამაღლებლად. თქვენი აზრით, საიდან უნდა დაიწყოს რეფორმა?

მე ის ვიცი, რომ მხოლოდ სტატუსი და ფორმალური სერტიფიკატი ვერ შეცვლის ვერაფერს. მე თუ კლასთან მუშაობა მინდა, სტატუსის გარეშეც ვმუშაობ და სხვა აქტივობებს იმიტომ ვაკეთებ, რომ ჩემი ხელფასი კარიერულ ზრდაზეა დამოკიდებული. ფინანსური მდგრადობა ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია იმისთვის, რომ სწავლის ხარისხი გაუმჯობესდეს. ჩემი აზრით, მასწავლებლის საბაზო ხელფასი ათასი ლარი უნდა იყოს, რომ  ნორმალურად შეძლოს ადამიანმა პრობლემების მოგვარება.

 

 

 

აჭარული ხაჭაპური და კიდევ 40 ქართული კერძი მსოფლიო კერძების ატლასზე

სულ ახლახან მსოფლიოს კერძების ატლასი გამოქვეყნდა – www.tasteatlas.com, რომელზეც საქართველო 41 კერძითაა წარმოდგენილი.

კერძების ატლასის მიზანია “ადგილობრივი” სამზარეულოს პოპულარიზაცია ტურისტებსა და გურმანებში, ასევე მათი ინფორმირება,სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული კერძებისა და ინგრედიენტების შესახებ. “ჩვენი მისიაა მოვნიშნოთ მსოფლიოს კერძები და ინგრედიენტები, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ბებიების ტრადიციული რეცეპტები დავიწყებას და წავახალისოთ მოგზაურები, გაეცნონ სხვადასხვა კულტურას, ავთენტურ ადგილობრივ კერძებს”, – წერენ tasteatlas-ის შემქმნელები.

ატლასი შეიცავს 10 000-ზე მეტ კერძს, სასმელს, ინგრედიენტსა და საკვებ პროდუქტს, მათ შორის 41 დასახელების საკვებსა და ინგრედიენტს საქართველოდან. აჭარიდან რუკაზე, ჯერჯერობით, მხოლოდ აჭარული ხაჭაპურია, სხვა კუთხეებიდან კი – ფელამუში, ლობიო, საცივი, ბაჟე და სხვა კერძები.

TasteAtlas-ის შემქმნელები წერენ, რომ ეს არ არის დასრულებული პროექტი და რომ ატლასზე კერძები ყოველ დღე ემატება. პროექტი საინტერესოა რესტორნების მფლობელებისთვისაც, რადგანაც ატლასზე რესტორნების შესახებაც ნახავთ რეკომენდაციებს.

Mashable.com-ი წერს, რომ ხორვატიულ პროექტზე სამი წლის განმავლობაში  ავტორებისა და მკვლევარების 30-კაციანი გუნდი მუშაობდა.

 

რა ხდება არჩეული მერის გადადგომის შემთხვევაში

ხულოს არჩეული მერი გადადგა – ხელისუფლება ინფორმაციას ოფიციალურად არ ასაჯაროებს.

ხულოს არჩეული მერი გადადგა – ხელისუფლება ინფორმაციას არ ასაჯაროებს

რა ხდება, როცა არჩეული მერი თანამდებობიდან მიდის?

კანონის მიხედვით, არჩეული მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია. არჩევნები ტარდება მისი დანიშვნიდან არაუგვიანეს 50-ე დღისა. არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 49-ე დღისა, ცესკო განკარგულებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს.

მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები ტარდება მაისში ან ოქტომბერში, კანონით დადგენილი წესით.

თუ მერს უფლებამოსილება 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე შეუწყდა, რიგგარეშე არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ მერს უფლებამოსილება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე შეუწყდა − უახლოეს მაისში. წელს მერის რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება.

რიგგარეშე არჩევნებში მერი აირჩევა შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.

 

40 წლის ზემოთ პირს შეუძლია დაგროვებით პენსიაში ჩართვაზე უარი თქვას – ამისათვის ორი თვე გაქვთ

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონით, საპენსიო შენატანების შეტანა 2019 წლის იანვრიდან დაიწყება. კანონმა დაგროვებით საპენსიო სქემაში ავტომატურად ჩართო ყველა დასაქმებული, თუმცა არის გამონაკლისიც – დასაქმებულს, რომელსაც 2018 წლის 6 აგვისტომდე შეუსრულდა 40 ან მეტი წელი და არ სურს იყოს სქემის მონაწილე, შეუძლია სქემაში ავტომატურად გაწევრიანებიდან 5 თვის ვადაში [მაგრამ არაუადრეს გაწევრიანებიდან 3 თვისა] წერილობით მიმართოს საპენსიო სააგენტოს და გავიდეს სქემიდან. თუ ამ ვადას დაარღვევს, დასაქმებული რჩება სქემის მონაწილედ.

ანუ, 2019 წლის იანვრიდან, ნებისმიერ დასაქმებულს, რომელსაც 2018 წლის 6 აგვისტომდე უკვე შეუსრულდა 40 ან მეტი წელი, მაგრამ არ სურს იყოს დაგროვებითი პენსიის სქემის მონაწილე, სქემის წევრობას პირველ სამ თვეში [იანვარი-თებერვალი-მარტი] კანონი ავალდებულებს. შესაბამისად, მას ხელფასიდან დააკლდება საპენსიო შენატანი, რომელსაც კანონის შესაბამისად დამსაქმებელი გადარიცხავს.

ასეთ დასაქმებულს შეუძლია მხოლოდ 2019 წლის პირველი აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით პერიოდში მიმართოს საპენსიო სააგენტოს სქემიდან გასვლაზე. პირველი ივნისიდან შემდეგ მას აღარ ექნება უფლება ასეთი განცხადებით მიმართოს სააგენტოს და ის ავტომატურად დარჩება სქემის მონაწილედ.

სქემაში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში, „დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელით მის საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული შენატანები შესაბამისი ხარჯების გამოკლებით დაიბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და დაუბრუნდება დასაქმებულს საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით“.

იმის გარკვევა, განსაზღვრულია თუ არა ასეთი წესი, საპენსიო სააგენტოში ვცადეთ, თუმცა სააგენტოს ვერ დავუკავშირდით.

2019 წლის იანვრიდან დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანს განახორციელებს დამსაქმებელი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. შენატანის ოდენობა კი დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტი იქნება.

უფრო გასაგები რომ იყოს, მაგალითად, თუ დღეს დასაქმებული ხელფასს ხელზე იღებს 500 ლარს, გამოდის, რომ მისი ხელფასი [დასაბეგრი] არის 625 ლარი, საიდანაც 125 ლარი საშემოსავლო გადასახადის სახით ბიუჯეტში ირიცხება. საპენსიო სქემაში ჩართვის შემდეგ კი ეს დასაქმებული ხელზე აიღებს არა 500 ლარს, არამედ 490 ლარს, ვინაიდან მისი დასაბეგრი ხელფასიდან, რომელიც 625 ლარია, 2% ანუ 12,5 ლარი დაგროვებითი პენსიისთვის გადაირიცხება, ხოლო დარჩენილი 612,5 ლარი კი დაიბეგრება და საშემოსავლო გადასახადის სახით 122,5 ლარი ბიუჯეტში გადაირიცხება.

დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვა სქემიდან გამოსულ პირს ნებისმიერ დროს შეუძლია, გამოსვლა აღარ.

—————————

კანონის მიღებამდე არასამთავრობო ორგანიზაციებმა რეკომენდაციით მიმართეს პარლამენტს, არ მიეღო კანონი, სანამ რეგულირების გავლენის შეფასებაზე კვლევა არ ჩატარდებოდაა. ამ ორგანიზაციების განცხადებით, სამუშაო ძალის გაძვირებისა და უმუშევრობის წახალისების თავიდან აცილების მიზნით, საპენსიო შენატანის განხორციელება საშემოსავლო გადასახადის შემცირებით უნდა მომხდარიყო.

დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო წესით მონაწილეობს ყველა დასაქმებული [საქართველოს მოქალაქეები ან
საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები], რომელსაც კანონის ამოქმედების თარიღამდე [2018 წლის 6 აგვისტო], არ ქონდა შესრულებული 40 ან მეტი წელი. დასაქმებული გადაიხდის დასაბეგრი ხელფასის 2%-ს.

დამსაქმებელი ვალდებულია ასევე დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხოს დასაქმებულის დასაბეგრი ხელფასის 2%.

2%-ს გადაიხდის სახელმწიფოც, დასაქმებულის დასაბეგრი ხელფასის იმ მოცულობაზე, რომელიც წლის განმავლობაში ჯამურად არ აღემატება 24 000 ლარს, ან 1%-ს, თუ მონაწილის მიერ ხელფასის სახით მიღებული თანხა 24 000 ლარიდან 60 000 ლარამდეა.

სახელმწიფო არ განახორციელებს საპენსიო შენატანს დასაქმებულის დასაბეგრი წლიური ხელფასის იმ მოცულობაზე, რომელიც აღემატება 60 000 ლარს.

“შენ ქურდებს არ სცემდი პატივს… გოგოები გეზრდება…“ – კადრები ქურდული სამყაროს საქმეში

“შენ არც ქურდებს სცემდი პატივს, არც “ობშიაკი” იცოდი… 3 ათასს მოიტან იცოდე… გოგოები გეზრდება… ნუ ტირიხარ, თავს ნუ გვაცოდებ,”- ეს ფრაზები ერთ-ერთი ვიდეო ჩანაწერშია, რომელიც დღეს პროკურატურამ წარმოადგინა “ქურდული სამყაროს საქმეზე” .

ამ კონკრეტული ჩანაწერის მიხედვით, სამმა პირმა ავტომანქანით ჭადრაკის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიყვანეს დაზარალებული კ.კ.

კადრში მხოლოდ დაზარალებული კაცის სახე ჩანს, რომელიც ავტომანქანის საჭესთან ზის და მას მანქანაში მყოფი სხვა პირები აგრესიულად მიმართავენ. დაზარალებულს ეუბნებიან, რომ ის ნარკორეალიზატორია და ფული უნდა გადაიხადოს “ობშიაკისთვის”. კ.კ.-ს აგინებენ, ფიზიკური განადგურებით ემუქრებიან და სახეში სცემენ.

პროკურატურამ დღეს, 17 ოქტომბერს სასამართლოში რამდენიმე ვიდეო და აუდიო მტკიცებულება წარმოადგინა. პირველივე ვიდეო ჩანაწერის ჩვენების შემდეგ ბრალდებულებმა: ბადრი ქობულაძემ, გიორგი შავლიძემ და რამაზ კომახიძემ სხდომათა დარბაზი დატოვეს.

ქურდული სამყაროს წევრობისა და ქუჩურ გარჩევებში მონაწილეობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 11 პირი 17 ივლისს ბათუმში დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულები ემუქრებოდნენ დაზარალებულებს, სცემდნენ და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ ქურდული „ობშიაკის“ შესავსებად. საქმის მასალებში არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალიც – კანონიერ ქურდობაში ბრალდებულები „დაზარალებულებს  ემუქრებოდნენ სახელის გამტეხი ცნობების გავრცელებით“.

პროკურატურის თქმით, ბრალდებულები ბათუმში, გონიოსა და ახალშენში იბარებდნენ დაზარალებულებს და აიძულებდნენ ქურდული „ობშიაკისთვის“ თანხის შეწირვას.

ვიდრე ვიდეო კადრების ჩვენებას დაიწყებდნენ სასამართლო დარბაზში, მხარეებმა დიდხანს იმსჯელეს, უნდა დახურულიყო თუ არა სხდომა.

“უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვისთვის უნდა დაიხუროს სხდომა… ამ კადრებს ტელევიზიით არასრულწლოვნებიც ნახავენ. თქვენ თუ თანახმა ხართ, ბატონო პროკურორო ამაზე, რომ ნახოს ხალხმა და აღშფოთდეს, მაშინ მეც თანახმა ვიქნები”, – აღნიშნა ადვოკატმა ია გაბედავამ.

“აქამდე ამბობდით, რომ არაფერია ამ კადრებში და რაზე უნდა აღშფოთდეს ხალხი?” – მიმართა ადვოკატს პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ.

პროკურორებს და ადვოკატებს შორის კამათი მოსამართლემ ასეთი გადაწყვეტილებით დაასრულა – გიორგი გრატიაშვილმა სხდომათა დარბაზიდან “აჭარის ტელევიზიის” ვიდეო აპარატურის გატანა მოითხოვა. მოსამართლემ “ბათუმელებსაც” მოგვიწოდა, ფოტო არ გადაგვეღო კადრების ჩვენების დროს.

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილის გადაწყვეტილებით, სხდომა არ დაიხურა, თუმცა კადრების ჩვენებამდე შესვენება გამოცხადდა და ბრალდებულის ყველა ახლობელმა სხდომათა დარბაზი დატოვა. დარბაზის დატოვებამდე მათ აგრესია ჟურნალისტების მიმართ გამოხატეს ფრაზებით: “ვინ დაგავალათ აქ მოსვლა”, “რატომ მოდით?”

მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე ერთი ვიდეო და რამდენიმე აუდიო ჩანაწერი გამოიკვლიეს.

პროკურორების თქმით, ვიდეო, რომელშიც კ.კ.-ს სახეში სცემენ, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ბადრი ქობულაძემ საკუთარი მობილური ტელეფონით გადაიღო. გამოძიებამ მობილურიდან ჩანაწერები ბრალდებულის დაკავებამდე ამოიღო – პროკურორ რამაზ შავაძის განმარტებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბადრი შავლიძის ტელეფონში შეღწევა და იქ ჩანაწერების დათვალიერება ფიზიკური შეხების გარეშე, სოციალური კომპიუტერული პროგრამის საშუალებით მოხერხდა.

“ეს ხმის ჩანაწერი ლავასოღლის ეკუთვნის და იგი საერთოდ ზედმეტია ამ საქმეში, სირცხვილია ამის აქ მოსმენა,”- მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ ერთ-ერთი აუდიო ჩანაწერის მოსმენის შემდეგ. ჩანაწერში კონკრეტული პირი ამბობს, რომ ის ლავასოღლია და მას ვისაც ურეკავს, მასთან გამოცხადებას სთხოვს. პირი, ვისი ხმაც ჩანაწერში ისმის, იმუქრება და მოპასუხეს აგინებს. ასევე ამბობს, რომ იგი მეგობრის შეურაცხყოფის გამოა განაწყენებული.

“ჩამოეთრიე, ერთი, აქ შენ… მე ლავასოღლი ვარ. ვის მეგობარს შეაგინე შენ?” – ისმის ჩანაწერში.

“სირცხვილი თქვენსკენ მოიკითხეთ…ეს ჩანაწერიც ბადრი ქობულაძის ტელეფონიდან არის ამოღებული,” – აღნიშნა პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ.

“ვისია ეს ხმები, გაურკვეველია, რას ამტკიცებს ეს?” – რამდენჯერმე ახსენეს ადვოკატებმა, თუმცა პროკურორებმა მათ არაფერი განუმარტეს.

“ვალდებული არ ვარ კითხვებს პასუხი გავცეთ,” – თქვა პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ. მოსამართლემაც დასძინა, რომ ის პროკურორებს განმარტების გაკეთებას ვერ დაავალებდა.

პროკურორის თქმით, რა ჩანს ამ ჩანაწერებიდან კონკრეტულად საბოლოო ეტაპზე გამოჩნდება მკაფიოდ.

“ვერაფრით ვერ დადგინდება ამ საქმეზე ქურდული სამყაროს წევრობა. თუ ეს ქურდული დაჯგუფება იყო, ვინ იყო ლიდერი? მტკიცებულებები უნდა იყოს მკაფიო. მე აქამდე ლავასოღლის ინტერესებს ვიცავდი და მას ვერავინ დაუმტკიცა, რომ კანონიერი ქურდია,” – უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა ია გაბედავამ.

სასამართლო პროცესი ამ საქმეზე 29 ნოემბერს გაგრძელდება.

საქმეზე კ.კ.-მ ჩვენება ადვოკატებსაც მისცა. ეს ის პირია, რომელსაც ვიდეო ჩანაწერის მიხედვით, ფულის მიტანას სთხოვენ.

“ამბობს, რომ პოლიციელებმა სცემეს და აიძულეს ჩვენების მიცემა ბრალდებულების წინააღმდეგ. მისი თქმით, ავტომანქანაში ის პირები არ იყვნენ, ვისაც ბრალი აქვთ წაყენებული,” – გვითხრა ადვოკატმა ზაზა პაპიძემ.

საუბარში პროკურორი რამაზ შავაძე ჩაერთო: “ისიც გეცოდინებათ, რომ დაწყებულია გამოძიება მოწმეზე ზემოქმედების მუხლით”.

კ.კ.-ს ჩვენება მოსამართლეს ჯერ არ მოუსმენია.

 

 

 

 

 

 

ქობულეთში ზღვისპირა პარკის მოწყობა გადაიდო – დავა 3-მილიონიანი ტენდერისთვის

ქობულეთის სანაპირო ზოლში ზღვისპირა პარკის მოსაწყობად გამოცხადებულ ტენდერში შესყიდვის პროცედურები შეჩერდა. მიზეზი ისაა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიას ტენდერში მონაწილე კომპანიამ დავების საბჭოში უჩივლა. შესაბამისად, კომისია ვალდებულია შეაჩეროს პროცედურები და იმის მიხედვით განაახლოს, რა გადაწყვეტილებასაც დავების საბჭო მიიღებს. პარკის მოსაწყობად სატენდერო თანხა 3 11 440 ლარია.

მუნიციპალიტეტს შპს „მონოლითი-2005“ ედავება, რომელმაც ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი 2 408 820 ლარი დააფიქსირა. სატენდერო კომისიამ კომპანიას ჯერ დოკუმენტაციის დაზუსტება მოსთხოვა, მოგვიანებით კი მას დისკვალიფიკაცია მისცა. სატენდერო კომისია ამტკიცებს, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი დაზუსტებული დოკუმენტაცია ტენდერის მოთხოვნებს მაინც არ პასუხობდა. 

საწინააღმდეგოს ამტკიცებს თავის საჩივარში „მონოლითი-2005“.

„ჩვენს მიერ სრულად იქნა შესრულებული [კომისიის] საოქმო გადაწყვეტილებითა და სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოთხოვნები კერძოდ: წარდგენილი იქნა შემსყიდველის წერილი და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტაცია… ჩვენს მიერ გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტაციებთან დაკავშირებით რიგ შემთხვევაში კომისიას გამიზნულად არ უმსჯელია (უგულებელყვეს) და წარდგენილი დოკუმენტაციის მიზანმიმართულად არასწორი, დაუსაბუთებელი ინტერპრეტაცია მოახდინეს, რის საფუძველზეც უკანონოდ და დაუსაბუთებლად მოახდინეს „მონოლითი 2005“-ის დისკვალიფიკაცია, მაშინ როდესაც სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ 7 მილიონი ლარის სამუშაოს შესრულების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ნაცლად ატვირთული იქნა დაახლოებით 11 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია“ – აღნიშნულია კომპანიის საჩივარში.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, „დაირღვა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა, უგულებელყოფილი იქნა სახელმწიფო შესყიდვების პროცედურაში თანასწორობის, სამართლიანი კონკურენციისა და მიუკერძოებლობის ფუნდამენტური პრინციპები და გვაქვს სადაო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების მოცემულობა“.

დავების საბჭოში „მონოლითი-2005“ სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების გადასინჯვა-გაუქმებას ითხოვს  – რათა კომისიამ წარდგენილი დოკუმენტაცია კანონმდებლობის სრული დაცვით შეაფასოს.

შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭო საკითხს მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს განიხილავს. იმ შემთხვევაში, თუ საბჭო „მონოლითი-2005“-ის სარჩელს არ დააკმაყოფილებს, სატენდერო კომისიას მოუწევს სხვა პრეტენდენტის წინადადების შესწავლა. ასეთი კი  რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული კომპანიის „ვლადნეფტპროდუქტის“ წარმომადგენლობაა საქართველოში, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტს პარკის მოწყობას, 291 180 ლარით ძვირად, 2,7 მილიონად სთავაზობს, ვიდრე „მონოლითი-2005“.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2018 წლის 27 სექტემბერს დასრულდა. აღნიშნული კომპანიების გარდა მონაწილეობს თუ არა სხვა პრეტენდენტები უცნობია, ვინაიდან ტენდერი აუქციონის გარეშე ჩატარდა. რუსული კომპანიის წარმომადგენლობაც ტენდერში მონაწილეებს შორის მხოლოდ იმიტომ გამოჩნდა, რომ ყველაზე დაბალი ფასის შეთავაზების მქონე „მონოლითი-2005“-ს კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა.

ამ თემაზე:

ქობულეთში ზღვისპირა პარკის მოსაწყობად 3 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

კ2 კოეფიციენტის ახალი საბჭო მშენებლობის სიმაღლეში გაზრდაზე 24 კომპანიას დაეთანხმა

ადლიისა და ანგისის დასახლებაში, ასევე გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე და ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე 24 სამშენებლო კომპანიას ბათუმის მერია k2 კოეფიციენტის გაზრდაზე დაეთანხმა, თითქმის ამდენივე კომპანიას კი უარი უთხრეს. k-2 კოეფიციენტი გულისხმობს დაგეგმილი სამშენებლო პროექტის გაზრდას სიმაღლეში. შესაბამს საბჭოს მერიაში ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე ხელმძღვანელობს.

მას შემდეგ, რაც დაგეგმილი ან მიმდინარე სამშენებლო პროექტის განაშენიანების ინტესივობის კოეფიციენტის [k2] გაზრდასთან დაკავშირებით ბათუმის მერთან შუამდგომლობაზე აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ უარი თქვა, ამ საკითხის გადაწყვეტა მთლიანად ბათუმის მერიის კომპეტენციაში გადავიდა. გადაწყვეტილებიდან მოკლე ხანში მერიაში შექმნეს „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და  განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო“, რომელსაც k2 კოეფიცინტების გაზრდაზე კომპანიების წინადადებების შესწავლა დაევალა. საბჭო განიხილავს სამშენებლო კომპანიების მიმართვას კონკრეტულ ზონაში სამშენებლო პროექტების k-2 კოეფიციენტის გაზრდის თაობაზე.

„ბათუმელები“ დაინტერესდა რამდენი ნებართვა გასცა მერიასთან არსებულმა ახალმა საბჭომ და შესაბამისი ინფორმაცია ოფიციალურად გამოითხოვა. აღმოჩნდა, რომ ამ საბჭომ დღემდე 50-მდე განაცხადი განიხილა და 24 შემთხვევაში საკითხი დადებითად, 23 შემთხვევაში კი უარყოფითად გადაწყვიტა. მერიიდან გამოთხოვილი დოკუმენტების მიხედვით, ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ამ საბჭოს რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინა და ყველა იმ ცვლილებას, რომელსაც საბჭო დაეთანხმა, მერმა შესაბამისი შინაარსის ბრძანება გამოსცა.

კომისიაში შედიან ასევე მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელი მირიან მეტრეველი, მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გოგა ლომაძე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს საბჭოს ხელმძღვანელი ლაშა ჟღენტი და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობისა და სივრცითი მოწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნუგზარ ძნელაძე.

ამ დრომდე k-2-ის გაზრდაზე სამშენებლო კომპანიების მოთხოვნების მიზანშეწონილობას აჭარის მთავრობის აპარატში მომუშავე კომისია სწავლობდა, შემდეგ კი მთავრობის თავმჯდომარე კომპანიებს მერთან შუამდგომლობდა. k-2 საზოგადოების განსჯისა და კრიტიკის საგანი ხშირად გამხდარა – ბევრის აზრით, ეს სქემა კორუფციის მაღალ რისკებს შეიცავდა: სწორედ ამ შინაარსის დისკუსიების შემდეგ თქვა უარი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ k-2 კოეფიციენტის რეკომენდაციის გაცემაზე.

ეს უფლებამოსილება ახლა მთლიანად მერიას გადასცა.

ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფიული გამოკვლევის მნიშვნელობა თვალის დაავადებათა დიაგნოსტიკაში

ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფიული (ოტკ) გამოკვლევა წარმოადგენს თვალის ქსოვილების გამოკვლევის ერთ-ერთ ყველაზე ინფორმატიულ, არაინვაზიურ, უკონტაქტო მეთოდს, რომლის საშუალებით შესაძლებელია გამოსაკვლევი ქსოვილების შრეობრივი შესწავლა in vino პირობებში.

ოტკ გამოიყენება მედიცინის სხვადასხვა დარგში – გასტროენტეროლოგია, კარდიოლოგია, უროლოგია, სტომატოლოგია, დერმატოლოგია, მაგრამ ყველაზე დიდი პოპულარობა გამოკვლევის ამ მეთოდმა ოფთალმოლოგიაში მოიპოვა.

ოტკ-ს როლი ოფთალმოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკაში საკმაოდ მაღალია. იგი იძლევა საშუალებას დავადგინოთ და შევაფასოთ თვალის ისეთი მნიშვნელოვანი სტრუქტურების მდგომარეობა, როგორიცაა ბადურა გარსი, რქოვანა, მხედველობის ნერვი და ა.შ. კერძოდ, გამოკვლევის ამ მეთოდით შესაძლებელია: ბადურა გარსის და ნერვული ბოჭკოების შრის სისქის და მათში არსებული მორფოლოგიური ცვლილებების დადგენა; მხედველობის ნერვის დვრილის სხვადასხვა პარამეტრის შეფასება; თვალის წინა მონაკვეთის ანატომიური სტრუქტურის დეტალების შესწავლა.

მეთოდი უზრუნველყოფს ისეთი მნიშვნელოვანი დაავადებების ადრეულ და ზუსტ დიაგნოსტიკას, როგორიცაა: მაკულის ხვრელი, ეპირეტინული მემბრანა, ასაკობრივი მაკულოდისტროფია, სუბრეტინული ნეოვსკულირი მემბრანა, მაკულის შეშუპება, გლაუკომა, რეტინოშიზისი (ბადურის განშრევება), ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია, მხედველობის ნერვის დვრილის დაზიანებები, თვალის წინა მონაკვეთის სხვადასხვა პათოლოგია.

კლინიკა საგიტარიუსი – მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი აღჭურვილია უახლესი აპარატურით, მათ შორის  Soct Copernicus Revo Optopol Tecnology ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფით, რაც საშუალებას იძლევა პაციენტს კომპლექსური მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდეს, დროულად გამოვლინდეს თვალის სხვადასხვა დაავადება, დაიგეგმოს შესაბამისი კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობა.

ოტკ-ს მუშაობის პრინციპი ულტრაბგერული გამოკვლევის ანალიგიურია, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ აკუსტიკური ტალღის ნაცვლად ამ შემთხვევაში სინათლის წყარო გამოიყენება (ინფრაწითელი დიაპაზონი 843ნმ). იგი წარმოადგენს ოპტიკური ბიოფსიის ნაირსახეობას, რომელიც არ საჭიროებს ქსოვილის ამოკვეთას მისი მიკროსკოპიული გამოკვლევის მიზნით.

პირველი თაობის ოტკ-ს მუშაობის პრინციპი დაფუძნებულია მიხელსონის ინტერფერომერტრიაზე (Time-domain OCT), რომელიც წამში 400A – სკანის გადაღების საშუალებას იძლევა, რის შედეგადაც საბოლოოდ მიიღება დაბალი ხარისხის გამოსახულება.

ოპტიკური კოჰერენტული ტომოგრაფიის ტექნოლოგიაში სპექტრული ინტერეფერომეტრიის (spectral/Fourier domain) დანერგვამ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინა. მის უპირატესობას წარმოადგენს 3D ვიზუალიზაციის შესაძლებლობა, თვალისსაკადურ მოძრაობებზე ნაკლები მგრძნობელობა, მაღალი ხარისხის გამოსახულების მიღება.

ოტკ პირველად მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში შეიმუშავეს XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს.

ქედელი მოჭიდავე მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორია

21 წლის მარად გორგაძე აბა ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორია. 2018 წლის სექტემბერში, თურქეთის რესპუბლიკაში გამართულ მე-9 მსოფლიო ჩემპიონატზე, ქედელი მოჭიდავე, საქართველოს სახელით წარსდგა და 60 კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი მოიპოვა. ჩემპიონატში მსოფლიოს 40 ქვეყანა მონაწილეობდა.

მსოფლიო პრიზიორი მწვრთნელებთან და სასპორტო სკოლის დირექციასთან ერთად, დღეს მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა მიიღეს. შეხვედრაზე მადლობა გადაუხადეს შრომისთვის, ქართველი ქომაგების გახარებისა და ქვეყნის სახელით მოპოვებული წარმატებებისათვის.

მარად გორგაძე 7 წლის ასაკიდან ქედის სასპორტო სკოლის ჭიდაობის სექციის სპორტსმენია, ამჟამად კი აჭარის ნაკრების წევრია. არის თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს პრიზიორი, აჭარის მრავალგზის ჩემპიონი და არაერთი საერთაშორისო ტურნირის მონაწილე.

როგორც შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, ქედის მერია წარმატებულ სპორტსმენსა და მწვრთნელებს ჰონორარს ჩაურიცხავს.

ხულოს არჩეული მერი გადადგა – ხელისუფლება ინფორმაციას არ ასაჯაროებს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ხულოს მერი გოჩა მელაძე გადადგა. ამ ინფორმაციის გადამოწმებას „ბათუმელები“ დღეს დილიდან ცდილობდა, მაგრამ ყველა ოფიციალური პირი თუ უწყება ბათუმში, ვისაც შეიძლება სცოდნოდა არჩეული მერის გადადგომაზე, ერთხმად აცხადებდნენ, რომ „ინფორმაცია ჩვენგან გაიგეს“.

გოჩა მელაძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ ახლახან ერთ-ერთმა ინფორმირებულმა პირმა დაუდასტურა.

თავად ხულოს მერიის ადმინისტრაციაში კი გაურკვევლობაში არიან – მუნიციპალიტეტში არაერთი თანამდებობის პირი არაოფიციალურ საუბარში აცხადებს, რომ გადადგა არა მხოლოდ მერი გოჩა მელაძე, არამედ მისი პირველი მოადგილე ლაშა ბოლქვაძეც. თუმცა ეს საჯარო მოხელეები დასძენენ, რომ მათ „გადადგომის დამადასტურებელი დოკუმენტი არ უნახავთ“.

თავად ხულოს მერი და მისი პირველი მოადგილე სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. ოფიციალური ინფორმაციით, ხულოს მერი 31 ოქტომბრამდე შვებულებაში იმყოფება. ამ დროის განმავლობაში მერის მოვალეობას სწორედ ლაშა ბოლქვაძე შეასრულებს, თუმცა, როგორც ხულოს მერიაში ამბობენ, ეს იქამდე, ვიდრე მას შემცვლელს მოუძებნიან.

რაც შეეხება აჭარის მთავრობას, აქ ხულოს მერის გადადგომას ჯერ არ ასაჯაროებენ, უფრო უარყოფენ. კანონმდებლობის თანახმად, აჭარის მთავრობას არც აქვს ბერკეტი არჩეული მერი გადააყენოს.

ხულოს მერი რომ აუცილებად შეიცვლებოდა პირველად მაშინ ითქვა, როდესაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ თორნიკე რიჟვაძე დაინიშნა. მაშინ ითქვა ისიც, რომ ხულოსა და ბათუმის მერები აუცილებლად დატოვებდნენ თანამდებობას. თუმცა, მაშინ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

დღეის მდგომარეობით ბათუმის მერი ლაშა კომახიძე თანამდებობაზეა.

ხულოს მერი მუნიციპალიტეტში იყო საპრეზიდენტო არჩევნებში მართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატის – სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელიც.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, დღეის მდგომარეობით, თანამდებობა დატოვა სამი მუნიციპალიტეტის მერმა.

მარნეულის მერი პროკურატურამ დააკავა. თემურ აბაზოვს ბრალი ედება მოქალაქის მიმართ ჯგუფურად განხორციელებულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში. მას უფლებამოსილება აქვს შეჩერებული.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს ზუგდიდის მერის – ლაშა გოგიას მიმართაც, მან თანამდებობა სკანდალურად დატოვა.

ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ თანამდებობიდან წასვლამდე თქვა: “მე არაერთხელ ვეცადე დამერეგულირებინა ურთიერთობები საკრებულოს ბომონდთან, მაჟორიტარ დეპუტატთან, პოლიციის უფროსთან, სხვადასხვა ძალისმიერ სტრუქტურებთან, მაგრამ ამაოდ… ამ რეალობაში მიზანშეუწონლად მიმაჩნია, დავრჩე თანამდებობაზე, რადგან ჩასაფრებების, ღალატის, პროვოკაციის არც გაძლება შემიძლია და არც გადატანა”.

ხულოს მერს ჯერ არ დაუსახელებია ოფიციალური მიზეზი, თუ რამ აიძულა თანამდებობის დატოვება.

 

 

 

ვინ მიიღებს დაფინანსებას ევროკავშირიდან ქედასა და ხულოში – პროექტების მისაღები ვადა იწურება

ხულოსა და ქედაში ევროკავშირი 2-2 მილიონ ევროს დახარჯავს 4 წლის განმავლობაში. პროექტების მიღება დაწყებულია. „ბათუმელები“ დაინტერესდა, გამოხატავენ თუ არა ფერმერები ინტერესს გრანტის მისაღებად და მიაწოდეს თუ არა მათ სათანადო ინფორმაცია.

ევროკავშირისგან გრანტის მისაღებად ხულოში 429 ადამიანს უკვე გამოუხატავს ინტერესი. აქედან მეორე ეტაპზე 180 პროექტი გადავიდა. მეორე ეტაპზე პროექტის ავტორებმა სრული პროექტები უნდა წარადგინონ 20 ნოემბრამდე. ვინ მიიღებს თანადაფინანსების წესით გრანტს ევროკავშირიდან ხულოში – ჯერ უცნობია. საბოლოო გადაწყვეტილება ადგილობრივ ჯგუფებთან ერთად მოწვეულმა ექსპერტებმა უნდა მიიღონ.

ინტერესის გამოხატვა, ანუ კონკურსის პირველი ეტაპი არ დასრულებულა ქედაში. აქ ფერმერებს იდეებით 20 ოქტომბრამდე ელიან, თუმცა ინტერნეტგვერდზე მითითებულ საკონტაქტო პირებთან დაკავშირება შეუძლებელია. საიტზე მოცემული ოთხი ტელეფონის ნომრიდან ორი გამორთულია, ორს – არავინ პასუხობს.

კონკურსის პირველი ეტაპი მხოლოდ ინტერესის გამოხატვას, ანუ იდეების წარმოდგენას გულისხმობს. იდეების გაგზავნა ფერმერებს ინტერნეტის საშუალებით შეუძლიათ.

ქედაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სოფლის განვითარების პროექტს ორგანიზაცია CENN ახორციელებს. ორგანიზაციის სათავო ოფისში გვითხრეს, რომ პასუხისმგებელი პირები ავსტრიაში იმყოფებიან.

ვინ უნდა გაუწიოს კონსულტაცია ფერმერს, თანაც პროექტების მიღების დასრულებამდე 3 დღე დარჩა? – „ბათუმელების“ ამ კითხვაზე CENN-ის ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ კითხვებს პროექტის თანაშემწე, ნატა დავლიანიძე უპასუხებდა.

“გუნდი იმყოფება სასწავლო ვიზიტით ავსტრიაში, თუმცა ერთი თანამშრომელი იმყოფება ქედის ოფისში და მას შეუძლია კონსულტაციის გაწევა,” – გვითხრა ნატა დავლიანიძემ.

მისივე თქმით, პროექტის განმარციელებმა გუნდმა ინფორმაცია გრანტების შესახებ მოსახლეობას ყველა სოფელში მიაწოდა.

იგივეს ამბობს ხულოს პროექტების მენეჯერი, გიორგი მურვანიძე.

„ძირითადად ინტერესის გამოხატვაზე წინადადებები შემოვიდა ოჯახური ტიპის სასტუმროს მოწყობაზე, ასევე არის პროექტები სოფლის მეურნეობაზე, შემოვიდა სოციალური პროექტებიც, რომლებიც მოგებაზე არაა ორიენტირებული. პროექტის პირობების თანახმად, ფერმერმა პროექტის ღირებულების 30 პროცენტი თავად უნდა დაფაროს,“ – გვიყვება გიორგი მურვანიძე პროექტის მენეჯერი ხულოში. მისი თქმით, დამწყებმა ბიზნესმენებმაც შეიტანეს განაცხადი, თუმცა ინოვაციური პროექტი ნაკლებია.

თითოეული პროექტის ღირებულება 10 ათასიდან 100 ათას ლარამდე შეიძლება იყოს.

ევროკავშირი სოფლის განვითარების მიმართულებით პროექტებს აჭარის ორ მუნიციპალიტეტში – ხულოსა და ქედაში აფინანსებს. პროექტი თავდაპირველად ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების – ე.წ. ლაგების ჩამოყალიბებას ითვალისწინებდა. ჯგუფებმა სოფლის განვითარების სტრატეგიები უკვე ჩამოაყალიბეს და ბათუმში სტუმრად მყოფ ევროკავშირის ელჩს გასულ კვირას გააცნეს. ამ სტრატეგიული განვითარების დოკუმენტებით ხულოსა და ქედაში პრიორიტეტული მიმართულებები განისაზღვრა, რაზეც შესაძლებელია გრანტის მიღება.

ამ თემაზე:

2 მილიონი ევრო ქედას – ევროკავშირის გრანტი  

2 მილიონი ევრო ხულოს – ევროკავშირის გრანტი  

 

თანასწორობა გვჭირდება – კამპანია ქალთა გასაძლიერებლად

კამპანიამ „თანასწორობა გვჭირდება“ რეგიონული ტურნეს ფარგლებში ბათუმში პერფორმანსი მოაწყო. დღეს, 17 ოქტომბერს, მთელი დღის მანძილზე, ნებისმიერ დაინტერსებულ პირს შეუძლია მივიდეს თავისუფალი ხელოვნების სივრცეში და იქ წარმოდგენილი ინსტალაცია ნახოს. საღამოს 6 საათზე კი დისკუსიას დაესწროს.

„აქ იმიტომ ვარ რომ მინდოდა მეტი ადამიანისთვის მომეყოლა იმ რეალური ბარიერების შესახებ, რომელიც ქალს დღეს აქვს საზოგადოებაში, თუნდაც საკუთრების არ ფლობის გამო. მე არ მქონდა საკუთრება, ამიტომ ვერ მოვახერხე საკუთარი საქმის განვითარება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ციცინო შენგელიამ. ის კამპანიის ერთ-ერთი მონაწილე ქალია.

სტატისტიკის თანახმად ქალთა 35% საქართველოში, არ ფლობს საკუთრებას. საკუთრების არ ქონა კი მათ ბევრ რამეში უშლით ხელს. მაგალითად, არ შეუძლიათ ბანკიდან სესხის აღება და ამ გზით საკუთარი ბიზნესის განვითარება.

„ამ კამპანიის მიზანი, ქალთა ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერებაა,  საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმ პრობლემების შესახებ, რასაც ქალები აწყდებიან ეკონომიკური საქმიანობის დაწყების წინ. ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ თემებზე როგორიცაა სექსუალური შევიწროება, ქალისა და მამაკაცის ხელფასებს შორის უთანასწორობა, რესურსებზე და სერვისებზე ხელმისაწვდომობა. ქალების დიდი ნაწილი ვერ არის ჩართული  ეკონომიკურ საქმიანობაში ამ და ბევრ სხვა მიზეზთა გამო,“ – ამბობს მაკა მეშველიანი, გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი.

პერფორმანსი ინტერაქტიულია. მისული დამთვალიერებელი თავად ხდება ისტორიის ნაწილი. საკუთარ ისტორიაზე, სამუშაო ადგილას სექსუალურ შევიწროებაზე და საჯარო აღიარების შემდგომ პრობლემებზე ისაუბრა თათია სამხარაძემ. მისი თქმით, ის რაც დღეს ქალებს სჭირდებათ, არის კანონი სექსუალური შევიწროების შესახებ.

კამპანიის „თანასწორობა გვჭირდება“ მიზანი ქალების ეკონომიკური გაძლიერების ხელშემშლელი ბარიერებისა და არსებული გამოწვევების შესახებ დისკუსიების გენერირებაა.

საქართველოში ქალების ეკონომიკური გაძლიერების ბარიერებსა და მათი მოგვარების პოლიტიკურ ხედვებზე დღესვე, 18:00 საათზე დისკუსია გაიმართება. დასწრება თავისუფალია.

 

ლიტერატურული მარათონის გამარჯვებული შუახევიდან – „ვინ არის ადამიანი თავისუფლების გარეშე“

ანა კეკელიძე ლიტერატურული მარათონის გამარჯვებულია. ის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულის სკოლაში მეცხრე კლასში სწავლობს. ანამ ლიტერატურულ კონკურსში გასულ წელსაც მეორე ადგილი მოიპოვა. ინგლისური ენის კონკურსში კი პირველი. ამჟამად ქიმიის საგნობრივ ოლიმპიადაში მონაწილეობს და როგორც გვეუბნება, პირველ ტური წარმატებით გადალახა.

ანა ამბობს, რომ უყვარს დეტექტივებისა და რომანების კითხვა. ძირითადად უცხოელ მწერლებს კითხულობს, თუმცა თანამედროვე ქართველ მწერლებსაც ეცნობა.

„მექანიკური ფორთოხალი“ მიყვარს, რადგან ისეთ პრობლემებს აღწერს, რაც ჩემი თაობისთვისაც აქტუალურია. ადამიანის ბუნებას, იმას, თუ რა შეიძლება დაემართოს ადამიანს თავისუფლების გარეშე.

როცა ადამიანი თავისუფლებას, არჩევანის შესაძლებლობას კარგავს, ის ადამიანი აღარ არის“, – გვეუბნება ანა. ფიქრობს, რომ მას გააჩნია საკმარისი თავისუფლება, თუმცა არის გარემოებები, რომელიც ამ თავისუფლების საზღვრებს ავიწროებს.

„მაგალითად, არ მომწონს, როცა მშობლები რაიმეს მაძალებენ. ამაზე ჩემი პროტესტია ის არის, რომ მაინც არ ვაკეთებ იმას, რასაც მაძალებენ.  როცა სკოლაში ჯინსების ტარებას მიშლიან, ვაპროტესტებ იმით, რომ მაინც ვატარებ.

ჩემთვის თავისუფლებაა ის, როცა ხარ ისეთი, როგორიც გინდა და არა ისეთი, როგორიც სხვებს სურთ“, – ამბობს ანა.

კიდევ ერთი წიგნი, რომელზეც ანა გვესაუბრება „დორიან გრეის პორტრეტია“.

„ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან ესეც ადამიანის ბუნებაზე, მის სწრაფვაზეა. იმაზე, რომ ადამიანი ხშირად უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გარეგნულ მშვენიერებას, ვიდრე შინაგანს და ამისთვის მსხვერპლზეც მიდის…“

წიგნებს თვითონ არჩევს. ჯერ სათაურს კითხულობს, ყდას ათვალიერებს, შემდეგ კი ინტერნეტში გამოხმაურებებს ეცნობა.

„თუ ბევრი ამბობს, რომ „არ ვარგა“, სწორედ იმას ვკითხულობ, რადგან ხშირად „არა ვარგა“ არ ამართლებს. „მექანიკურ ფორთოხალზეც“ იგივეს წერდნენ, მაგრამ ძალიან მომეწონა. ამ პრინციპით წავიკითხე ქართველი მწერლის, თათული ღვინიანიძის „აღიარება ხელის გულზე“.

მომეწონა, რადგან აქაც თანამედროვეობის მნიშვნელოვან პრობლემაზე – ბულინგზეა საუბარი“.

ანა ირწმუნება, რომ მის კლასში ბულინგი არ არის. „ალბათ იმიტომ, რომ ძალიან ცოტანი ვართ, სულ რვა ბავშვი. მასწავლებელიც ხშირად გვესაუბრება ამ თემაზე“.

ანა ამბობს, რომ მოსწონს, როცა სკოლაში მოსწავლეებს თავიანთ უფლებებზე ესაუბრებიან. „გვასწავლიან, რომ არ შეიძლება ერთმანეთის შეურაცხყოფა, ის, რომ მასწავლებელმა იძალადოს მოსწავლეზე სიტყვიერად, უყვიროს, ხელით შეეხოს. ჩვენს ცოდნას საკუთარი თავის დასაცავად ხშირად ვიყენებთ. თუ ვინმე გვიყვირებს, ვეუბნებით – „ხომ გვასწავლიდით, რომ მოსწავლეზე ყვირილი არ შეიძლება?“

რას შეცვლიდი სკოლაში? – ვეკითხებით ანას. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ანა ამბობს, რომ უნდა ყველა გაკვეთილი საინტერესო იყოს. „ისეთი გაკვეთილებიც გვაქვს, საერთოდ რომ არ გვაინტერესებსო“.

ანას მომავალი პროფესია უკვე შერჩეული აქვს – ექიმობა უნდა. აინტერესებს ზოგადი ქირურგია. შესაბამისად, უყვარს ქიმია და ბიოლოგიაც. მის სკოლაში ლაბორატორია ახლახან მიიტანეს. „ჯერ კიდევ შეფუთულია და არ დაუდგამთ“. თუმცა ამ მეცნიერებების შეყვარება თეორიული სწავლითაც შეძლო. „ეს, ალბათ, მასწავლებლის დამსახურებაა“, – გვეუბნება ის.

ლიტერატურული მარათონი აჭარის განათლების სამინისტროს ორგანიზებული კონკურსია.

 

 

„იდენტობა“: ბათუმში ექიმები ლგბტ ჯგუფს ფასიან კონსულტაციაზეც უარს ეუბნებიან

„საინფორმაციო შეხვედრის ჩატარებას ვთხოვთ მერამდენე თვეა ბათუმში მომუშავე კლინიკების ექიმებს. თითქმის ყველა კლინიკაში დავრეკეთ, ან მივწერეთ. „მაგნაირებთან არ მაქვს ურთიერთობაო” გვეუბნებიან,“ – ამ განცხადებას „ფეისბუქში“ ორგანიზაცია „იდენტობის“ ბათუმის ოფისის მენეჯერი, მარიამ ქაჯაია ავრცელებს.

მარიამ ქაჯაიას თქმით, სექსუალურ უმცირესობებთან კონსულტაციაზე უარი ბათუმში მომუიშავე ექიმებმა თქვეს. საუბარია საინფორმაციო ხასიათის ერთჯერად შეხვედრაზე, სადაც ორგანიზაცია ექიმს მცირედ ჰონორარსაც გადაუხდის.

მარიამ ქაჯაია, „იდენტობის“ მენეჯერი განმარტავს, რომ ექიმს სათემო ორგანიზაციის წევრებისთვის რომელიმე კონკრეტულ პრობლემაზე პრეზენტაცია უნდა მოემზადებინა, ან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართებოდა.

„გვითხრეს, რომ მოიფიქრებდნენ პასუხს. მოფიქრებული პასუხი კი ყოველთვის უარყოფითია, იმიზეზებენ უდროობას, აუდიტორიის შიშს, ჯანმრთელობის მდგომარეობას… თუ “იდენტობას” როგორც ორგანიზაციას არ იცნობენ, ორიოდე წინადადების თქმას გაცლიან, მაგრამ როგორც კი გააცნობ, იმ წამსვე თავის დაძვრენაზე გადადიან,“ – ამბობს მარიამ ქაჯაია. 

„იდენტობის“ მენეჯერის თქმით, ბათუმის ოფისში ყოველდღიურად დაახლოებით 25-მდე წევრი დადის. მარიამ ქაჯაია თვლის, რომ ექიმების დამოკიდებულება არაეთიკური, არაპროფესიონალური და დისკრიმინაციულია. „ასეთი ტიპის დისკრიმინაციასთან ბრძოლის წინააღმდეგ ეფექტური მექანიზმი არ არსებობს,“ – ამბობს ის.

„ეს არის ილუსტრაცია იმისა, რომ ეს ადამიანები ვერ და არ გაუწევენ სრულფასოვან მომსახურებას იმ ადამიანებს, ვისზეც წინასწარ დაასკვნიან, რომ განსხვავდებიან მათთვის მისაღები ადამიანების ტიპისგან…“ –  მიიჩნევს მარიამ ქაჯაია.

„იდენტობის“ მენეჯერს არ სურს კონკრეტული ექიმების დასახელება, რომლებმაც მას კონსულტაციაზე უარი უთხრეს. „ჩვენ დავუკავშირდით თითქმის ყველა კლინიკის დირექტორს, შემდეგ ისინი გვამისამართებდნენ კონკრეტულ ექიმებთან. ზოგიერთ კლინიკაში პირდაპირ ექიმს ვურეკავდით. არ მახსოვს ყველა მათგანის სახელი და გვარი. არც ეფექტური მგონია ამის გასაჯაროვება,“ – გვითხრა მარიამ ქაჯაიამ.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს „იდენტობის“ მენეჯერი მიმართვით ასრულებს: „მოკლედ, თუ იცით ვინმე ვენეროლოგი/ინფექციონისტი, უროლოგი, პროქტოლოგი, ენდოკრინოლოგი ან რომელიმე კლინიკა, რომელიც მის თანამშრომლებს ანტიდიკსიმინაციული მეთოდებით მუშაობას სთხოვს ბათუმში/ბათუმის მიმდებარედ, ძალიან დაგვეხმარებით.“

 

მოსამზადებელი ცენტრი „აკადემია ვესტი“ – ჩვენ გთავაზობთ გარანტირებულ შედეგს

„ჩვენთან თანამედროვე, მყუდრო და მეგობრული გარემოა“

მოსამზადებელი ცენტრი “Academy West – აკადემია ვესტი” 2018 წელს დაარსდა მეგობრების ინიციატივით. თავიდანვე ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა თანამედროვე სივრცე, სადაც, პირველ რიგში, ჩვენვე გვესიამოვნებოდა ყოფნა. შესაბამისად, ინტერიერის დიზაინის ყველა დეტალი განსაკუთრებული მონდომებითაა შერჩეული – ინდუსტრიული დიზაინით გადაწყვეტილი ცენტრი ორ ნაწილადაა გაყოფილი. იზოლირებული სამეცადინო ოთახები და საერთო სივრცე დასვენებისთვის.

ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე გათბობა/გაგრილების და ვენტილაციის სისტემებითა და ტექნიკით. საერთო სივრცე კაფესაც მოგვაგონებს თავისი რბილი განათებით, ვიტრაჟების წინ განთავსებული სკამებითა და მაგიდებით, მოხერხებული სავარძლებით. აქ შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია ცენტრის მუშაობის შესახებ, დაისვენოთ, წაიკითხოთ წიგნი, ისაუბროთ მეგობრებთან და ა.შ. მოსამზადებელ ცენტრში ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ გამწვანებას. აქ ყველა ოთახში თუ კუთხეში ნახავთ ლამაზ ქოთანს, რომელსაც განსაკუთრებული სიყვარულით ვუვლით.

სერვისები

 „ჩვენთან შეგიძლიათ მოემზადოთ ყველა საგანში, ერთი სივციდან გაუსვლელად“

მოსამზადებელი ცენტრი „Academy West – აკადემია ვესტი“ გთავაზობთ პროგრამებს საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის შემდეგ საგნებში:

[checklist]

  • ქართული ენა და ლიტერატურა (10 – 12 კლასი)
  • მათემატიკა (10 – 12 კლასი)
  • ინგლისური ენა (10 – 12 კლასი)
  • ისტორია (11 – 12 კლასი)
  • ბიოლოგია (9 – 12 კლასი)
  • ფიზიკა (9 – 12 კლასი)
  • ქიმია (9 – 12 კლასი)
  • ზოგადი უნარები

[/checklist]

აქვე შეგიძლიათ მოემზადოთ დაწყებით პროგრამაზე (2-4 კლასი). დაწყებითი პროგრამა ორ ნაწილად იყოფა:

[checklist]

  • ძირითადი: ქართული ენა, მათემატიკა, ბუნება
  • უცხო ენა

[/checklist]

მოსწავლეებს  სისტემატურად ჩაუტარდებათ შემაჯამებელი ტესტირება. მშობლები და მოსწავლეები შეძლებენ მიიღონ ყოველდღიური ინფორმაცია მოსწავლის დასწრების, აქტიურობის, ტესტირების შედეგების შესახებ.

მოსამზადებელი პროგრამების გარდა აკადემია ვესტი მოსწავლეებს სთავაზობს სხვადასხვა სოციალურ ატივობაში ჩართვას: ფილმის ყურება, მკითხველთა კლუბი, ველოსმვლელობები, პიკნიკები და სხვა. აღნიშნულ აქტივობებში ჩართვა უფასო იქნება. ჩვენი მიზანია მოსწავლეებს შევთავაზოთ გარემო, სადაც ისინი მომზადების გარდა შეძლებენ გართობას, დასვენებას და მეგობრების შეძენას.

მასწავლებლები

ჩვენ გთავაზობთ მაღალ ხარისხს და გარანტირებულ შედეგს“

მოსამზადებელი ცენტრი „Academy West – აკადემია ვესტი“ დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პედაგოგიური კადრებით. ჩვენი მიზანი თავიდანვე მაღალი ხარისხის შეთავაზება იყო. ამიტომაც შევთანხმდით, რომ თუ ვერ ვნახავდით მასწავლებლებს, რომლებიც ჩვენს მოთხოვნებს შეესაბამებოდნენ, იმ საგანში მომზადებას საერთოდ არ შევთავაზებდით მოსწავლეებს. ხანგრძლივი შესარჩევი პროცესის შემდეგ ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია.

ჩვენი გუნდის წევრები არიან თამთა კვარაცხელია და შორენა ბოლქვაძე (ქართული ენა და ლიტერატურა), სალომე გორგილაძე, (ინგლისური ენა), თენგიზ კუჭავა, მირანდა გაბრიჩიძე და დავით ხურცილავა (მათემატიკა), მერაბ გობაძე (ფიზიკა), ნანა ვარდმანიძე (ბიოლოგია), მირანდა ბაღდადიშვილი და რუსუდან გოგიავა (ზოგადი უნარები: ვერბალური ნაწილი) და მირანდა გაბრიჩიძე და თენგიზ კუჭავა (ზოგადი უნარები: მათემატიკური ნაწილი).

ფასები

„ორი ან მეტი საგნის აღების, ასევე ოჯახიდან ორი ან მეტი მოსწავლის დარეგისტრირების შემთხვევაში ისარგებლებთ ფასდაკლებით“

აკადემია ვესტის გახსნამდე ჩავატარეთ კვლევა და აღმოვაჩინეთ, რომ ბათუმში არის მოსამზადებელი ცენტრები, სადაც გარკვეულ საგნებში შეგიძლიათ 30 ან 40 ლარად მოემზადოთ. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ძვირია უძრავი ქონების ყიდვა ან დაქირავება და მოვლა, რამდენად ძვირია მაღალკვალიფიციური კადრების დაინტერესება და შენარჩუნება, ასეთი ფასებით ხარისხიანი მოსამზადებელი პროგრამების შეთავაზება არარეალურია. ჩვენი ფასები შეიძლება ერთი შეხედვით მაღალი მოგეჩვენოთ, მაგრამ თუკი გაარკევთ რა ღირს კარგ რეპეტიტორთან მომზადება, აღმოაჩენთ, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ განათლება ხელმისაწვდომი გაგვეხადა.

თუკი ერთ საგანში მომზადება ჩვენთან 150 ლარი ღირს, 2 ან მეტი საგნის აღების შემთხვევაში მოქმედებს სპეციალური ფასდაკლება: 2 საგანი – 270 ლარი (300 ლარის ნაცვლად), 3 საგანი – 400 ლარი (450 ლარის ნაცვლად) და 4 საგანი – 520 ლარი (600 ლარის ნაცვლად). ასევე, მოქმედებს ფასდაკლება ოჯახიდან 2 მოსწავლის დარეგისტრირების შემთხვევაში: 1 საგანი – 280 ლარი (300 ლარის ნაცვლად), 2 საგანი – 500 ლარი (600 ლარის ნაცვლად), 3 საგანი – 760 ლარი (900 ლარის ნაცვლად) და 4 საგანი – 980 ლარი (1200 ლარის ნაცვლად). დაწყებითის პროგრამაზე, ძირითადი, პროგრამის ფასი 150 ლარი, უცხო ენის 80 ლარი. აქაც ერთზე მეტი საგნის აღების ან ოჯახიდან ერთზე მეტი მოსწავლის დარეგისტრირების შემთხვევაში იმოქმედებს სპეციალური ფასდაკლება.

რეგისტრაცია

აკადემია ვესტში პირველი ოქტომბრიდან დაიწყო ონლაინ რეგისტრაცია. რეგისტრაციისთვის უნდა მიყვეთ შემდეგ ბმულს: https://goo.gl/Y84HsQ

ონლაინ რეგისტრაციის გავლის შემდგომ 5 სამუშაო დღის ვადაში დაგიკავშირდებათ ჩვენი თანამშრომელი და შეგირჩევთ ინდივიდუალურ პროგრამას თქვენი ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებით. საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ცენტრსა და მშობელს შორის გაფორმდება ხელშეკრულება.

რატომ ჩვენთან?

[checklist]

  • იმიტომ, რომ ჩვენთან თანამედროვე, მყუდრო და მეგობრული გარემოა.
  • იმიტომ, რომ ჩვენ გვყავს ბათუმში საუკეთესო მასწავლებლები და კეთილსინდისიერი, პროფესიონალი გუნდი.
  • იმიტომ, რომ ჩვენთან შეგიძლიათ მოემზადოთ ყველა საგანში ერთი სივრციდან გაუსვლელად.
  • იმიტომ, რომ ჩვენთან შეგიძლიათ გაერთოთ და  შეიძინოთ მეგობრები.
  • იმიტომ, რომ #ჩვენთანკარგია #მოდიჩვენთან

[/checklist]

საკონტაქტო ინფორმაცია

ბათუმი, ტბელ აბუსერიძის 51 (ჩვენთან საზოგადო ტრანსპორტის 99% მოგიყვანთ)

Facebook: Academy West · აკადემია ვესტი

ელფოსტა: academy.westbatumi@gmail.com

ტელ: 557 180 800

 

 

80 ლარი ხელფასი – რატომ ტოვებენ სოციალური აგენტები ხულოში სამსახურს

ორ თვეზე მეტია სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონულ განყოფილებაში ორი სოციალური აგენტის პოსტი ვაკანტურია. სოციალური აგენტის მოვალეობა სააგენტოში შესული განაცხადის გადამოწმება, დახმარების დანიშვნის მსურველი ოჯახის დეკლარაციის შევსებაა. აგენტის ოფიციალური ხელფასი თვეში 80 ლარია. თითო შევსებულ დეკლარაციაზე კი დამატებით 4.80 ლარს იღებს.

მაღალმთიანეთში მომუშავე აგენტებს, განსაკუთრებით რთულ ვითარებაში უწევთ საქმიანობა. არ ემსახურებათ ტრანსპორტი, რის გამოც იძულებული არიან, გადაადგილების ხარჯები ისედაც მწირი ხელფასიდან დაფარონ. მაგალითად, ხულოში, სადაც სოციალური აგენტის პოზიციაზე სული ხუთი შტატია, მხოლოდ სამი სოცაგენტი მუშაობს.

მაღალმთიან აჭარაში სოციალური აგენტები ხშირად ტოვებენ სამსახურს. როგორც ყოფილი აგენტები „ბათუმელებს“ უყვებიან, მიზეზი დაბალი ხელფასი და შრომისთვის შეუსაბამო პირობებია. აგენტებს ბენეფიციარების გადასამოწმებლად სოფლებში ასვლა სამარშრუტო ტაქსებით უწევთ. იმავე დღეს უკან დაბრუნებას კი ვეღარ ახერხებენ, რადგან ბევრ სოფელში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დღეში მხოლოდ ერთხელ ადის. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურმა აგენტებმა ტრანსპორტის გამოყოფა არაერთხელ მოითხოვეს, მათი თხოვნა არ დაკმაყოფილდა.

ამჟამად სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს განყოფილებაში სამი აგენტი მუშაობს [ერთი ხელმძღვანელია]. სწორედ მათ უწევთ მთელი სამუშაოს გადანაწილება და შესრულება.

გენადი შავაძე სოციალური აგენტია და ხულოს რაიონულ განყოფილებაში მუშაობს. ის ამბობს, რომ ხელფასს ასე თუ ისე შეჩვეულია, მაგრამ სოფლებში გადაადგილება მასაც უჭირს.

„თვეში ჩემი ხელფასი საშუალოდ 400 ლარია. 80 ლარს გარანტირებულად ვიღებ, დანარჩენი კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ დეკლარაციას შევავსებ. ჩვენი მანქანა არ გვყავს. ხან რითი მივდივართ სოფელში და ხან რით. შორ სოფლებში წასვლა განსაკუთრებით რთულია. როცა ავდივარ სოფელში, ზოგჯერ ხდება ისე, რომ მაღამდება, ვერ ვასწრებ ყველა ოჯახის გადამოწმებას. სოფლიდან ღამე ტრანსპორტი არ მოდის და ამიტომ იქ ვრჩები,“ – ყვება „ბათუმელებთან“ გენადი შავაძე.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს განყოფილების უფროსი ნინო ქონიაძე ამბობს, რომ მათი განყოფილების ბალანსზე მანქანა არ ირიცხება, შესაბამისად არ შეუძლია საკუთარი თანამშრომლების ტრანსპორტირება უზრუნველყოს.

„სოციალურ აგენტებს სოფლებში გადაადგილება თავიანთი ხარჯით უწევთ. ძალიან დიდი დაშორებაა რაიონული ცენტრიდან სოფლებამდე, მაგალითად, ხიხაძირი შორსაა და ზამთრის პერიოდში ასეთ სოფლებში განსაკუთრებით უჭირთ აგენტებს ოჯახების შესასწავლად წასვლა. ჩვენს პირობებში მართლაც რთულია აგენტების მუშაობა. აგენტი ვალდებულია განაცხადის შემოსვლიდან ერთი თვის ვადაში გადაამოწმოს ოჯახი. შეიძლება ერთხელ მისვლაზე არ დახვდეს ადგლზე განმცხადებელი, მაგრამ ვალდებულება აქვთ, რომ მეორედ და მესამედაც მივიდნენ,“ – ამბობს ნინო ქონიაძე.

ხულოს მუნიციპალიტეტში 83 სოფელია, სადაც ჯამში 23 500 მოსახლე ცხოვრობს. აქედან სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობა – 2 110-ია, საარსებო შემწეობას კი – 6 903 მოსახლე იღებს.

 

ბათუმის საზღვაო აკადემია პრესტიჟული საერთაშორისო ფორუმის მასპინძლად აირჩიეს

ბათუმის საზღვაო აკადემია 2020 წელს საერთაშორისო საზღვაო სასწავლებლების ასოციაციის რიგით 21-ე გენერალურ ასამბლეას (IAMU) უმასპინძლებს. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს, 16 ოქტომბერს, გახდა ცნობილი. 

“მოვიგეთ! საზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის გენერალური ასამბლეა და ფორუმი 2020-ში ბათუმში ჩატარდება საზღვაო აკადემიის ორგანიზებით. ეს წარმატების მწვერვალია, 9 პრეტენდენტთა შორის მთელი მსოფლიოდან ჩვენ გავიმარჯვეთ. ვულოცავ ყველას,”-  წერს ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

საზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის გენერალური ასამბლეა 1999 წელს შვიდმა საზღვაო უნივერსიტეტმა დაარსა და მას შემდეგ ყოველწლიურად იმართება. წელს ფორუმის მასპინძელი ბარსელონას საზღვაო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იყო და მას მსოფლიოს 65 წამყვანი უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სწორედ ბარსელონაში გადაწყდა, რომ 2020 წელს ასამბლეას ბათუმის საზღვაო აკადემია უმასპინძლებს.

ბათუმის საზღვაო აკადემიას კონკურენციას 9 საზღვაო უნივერსიტეტი უწევდა.

საზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის გენერალური ასამბლეა ბარსელონაში ფოტო: ბათუმის საზღვაო აკადემია

 

 

როგორ უნდა გაძლიერდნენ ქალები საზღვაო ინდუსტრიაში

ქალთა როლის გაძლიერება საზღვაო ინდუსტრიაში – ეს არის ის თემა, რომელზეც სახალხო დამცველის აპარატი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აქტიურ მუშაობას გეგმავენ.

საზღვაო ინდუსტრია ისტორიულად კაცების დომინირების სფეროდ აღიქმებოდა და ამ დარგში ქალები ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილები. ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციის ინფორმაციით, მსოფლიოს მასშტაბით, ქალები საზღვაო ინდუსტრიაში სამუშაო ძალის მხოლოდ 2%-ს შეადგენენ. საქართველოს მეზღვაურთა ბაზაში მხოლოდ ერთი აქტიური მეზღვაური ქალი ირიცხება. ზოგიერთი ქალი შიშობს, რომ გემზე სამსახურის დაწყების შემთხვევაში, შეიძლება მას სექსუალურ შევიწროებასთან ან ძალადობასთანაც კი მოუწიოს შეხება.

2018 წლის 11 ოქტომბერს, ბათუმში, სექტორში მომუშავე კომპანიებისთვის, მათ შორის საკრუინგო კომპანიებისთვის, ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა.
2018 წლის 11 ოქტომბერს, ბათუმში, სექტორში მომუშავე კომპანიებისთვის, მათ შორის საკრუინგო კომპანიებისთვის, ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა.

ამავდროულად, გლობალური კვლევა ცხადყოფს, რომ გენდერულ თანასწორობას ბიზნესის ეფექტიანობისთვის მთელ სექტორში არსებითი მნიშვნელობა აქვს. „Gallup“-ის სამუშაო ადგილების კუმულაციური კვლევების მიხედვით, კომპანიები, რომლებშიც მრავალფეროვანი სამუშაო ძალაა დასაქმებული, 22%-ით უფრო პროდუქტიულები და 27%-ით უფრო რენტაბელურები არიან, ხოლო მათი მომხმარებლების კმაყოფილება 39%-ით მაღალია.

სწორედ საზღვაო ინდუსტრიაში ქალთა ინტერესისა და გენდერული მრავალფეროვნების ხელშეწყობაში საზღვაო ინდუსტრიის კომპანიებისა და სხვა ძირითადი დაინტერესებული მხარეებისთვის დახმარების მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაციას, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და WISTA Georgia – საქართველოში ქალთა სანაოსნო და სავაჭრო ასოციაციას შორის საზღვაო ინდუსტრიაში გენდერული მრავალფეროვნების ხელშეწყობის მიზნით ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ორდღიანი ტრენინგი  ჩატარდა. სწავლება, რომელიც 2018 წლის 11 ოქტომბერს ბათუმში გაიმართა, სექტორში მომუშავე, მათ შორის საკრუინგო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2018 წლის 11 ოქტომბერს, ბათუმში, სექტორში მომუშავე კომპანიებისთვის, მათ შორის საკრუინგო კომპანიებისთვის, ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა.
2018 წლის 11 ოქტომბერს, ბათუმში, სექტორში მომუშავე კომპანიებისთვის, მათ შორის საკრუინგო კომპანიებისთვის, ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგი ორგანიზებული იყო სახალხო დამცველის აპარატთან ერთად, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ინსტიტუტს წარმოადგენს და მის იურისდიქციაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მეთვალყურეობა აკისრია.

საზღვაო ინდუსტრიაში თანამშრომლობა ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში – „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“. პროექტს ნორვეგიის მთავრობა აფინანსებს. პროექტის მიზანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერაში კერძო სექტორის მეტად ჩართვა და ამ გზით საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ხელშეწყობა.

 

რამდენ ოჯახს აქვს 40 ათასზე მეტი შემოსავალი – დეკლარაციის წარდგენის ვადა იწურება

ფიზიკური პირი, რომლის წინა წლის შემოსავალი [მისი, ან მისი ოჯახის წევრების წლიური შემოსავალი ჯამურად] აღემატება 40 ათას ლარს, ვალდებულია მომდევნო წლის 2 ნოემბრამდე წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია და 15 ნოემბრის ჩათვლით გადაიხადოს გადასახადი.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს, ქვეყნის მასშტაბით, ქონების გადასახადის დეკლარაცია 189 815-მა პირმა წარადგინა, მიმდინარე წელს კი, ჯერჯერობით – 13 803-მა.

ამ დეკლარაციების მიხედვით, 2016 წელს, საქართველოში 189 815 ოჯახის წლიური შემოსავალი იყო 40 ათას ლარზე მეტი.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით კი, ამავე წელს, საქართველოში მიზნობრივი სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იყო 382 950 ოჯახი [ქვეყანაში სულ რეგისტრირებული ოჯახების თითქმის 36%], რომელთაგან საარსებო შემწეობას იღებდა 142 967 ოჯახი.

რამდენი ოჯახის წლიური შემოსავალი აღემატებოდა 2017 წელს 40 000 ლარს, ეს 2018 წლის პირველი ნოემბრისთვის გამოჩნდება, როცა დეკლარაციების წარდგენის ვადა ამოიწურება. მიღებულ შემოსავლებში იგულისხმება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, დარიცხული და არა ხელზე აღებული ხელფასი და ა.შ.

2018 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციაში, დასაბეგრ ობიექტებში [საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობა ან მათი ნაწილი, იახტა [კატარღა], შვეულმფრენი, თვითმფრინავი] მფლობელმა ასევე უნდა შეიტანოს მსუბუქი ავტომობილი. დეკლარაციაში ავტომობილები, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, წელს პირველად შეაქვთ.

ამ თემაზე:

მდიდრები ავტომობილებზე ქონების გადასახადს წელს პირველად იხდიან – ბოლო ვადა 15 ნოემბერია

ზუკა ფაღავასა და 4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეები – რას ამბობენ რეგულირების სააგენტოში 

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ დაასრულა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის თანამშრომელის, ზუკა ფაღავას გარდაცვალებასთან დაკავშირებული მასალების შესწავლა და ერთი ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. სააგენტოს მიერ შესწავლილი მასალები ახლა სააგენტოსთან არსებულმა პროფესიული განვითარების საბჭომ უნდა განიხილოს და დაასტუროს ან უარყოს ექიმის პასუხისმგებლობა პაციენტის გარდაცვალების საქმეში.

26 წლის ზუკა ფაღავა წელს, 31 მარტს, კლინიკა „მედცენტრში“ გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის გაჩერება დასახელდა. ზუკა ფაღავას ახლობლები და კოლეგები მიიჩნევენ, რომ გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, არაკვალიფიციური მკურნალობა იყო.

ზუკა ფაღავას გარდაცვალების ფაქტის შესასწავლად სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიმართა. 

სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ჯერ არ დაუსრულებია წელს, მაისში, ბათუმში გარდაცვილილი 4 წლის ბავშვის საქმის შესწავლა.

4 წლის გოგონა 20 მაისს გარდაიცვალა ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ საავადმყოფოში ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ბათუმის ინფექციური საავადმყოფოდან გადაიყვანა, სადაც გოგონა მშობლებმა 19 მაისს მიიყვანეს ბაქტერიული, საკვებისმიერი ინტოქსიკაციით სიმპტომებით. ბავშვის მდგომარეობა რამდენიმე საათში დამძიმდა და გოგონა ანგისაზე მდებარე დედათა და ბავშვთა ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ის 20 მაისს, დილით გარდაიცვალა.

რეგულირების სააგენტოს პრესსამსახურში არ იციან ზუსტი თარიღი, როდის შეიკრიბება საბჭო ზუკა ფაღავას გარდაცვალებასთან დაკავშირებული მასალების შესასწავლად.

პროფესიული განვითარების საბჭოს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ხელმძღვანელობს. საბჭოს წევრები არიან მინისტრის მოადგილეები, დარგის სპეციალისტები და მოწვეული ექსპერტები. საბჭოს წევრია აჭარის ჯანდაცვის მინისტრიც.

ზუკა ფაღავას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც  სიცოცხლის  გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს, ხოლო ოთხი წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე – სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლით – ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება.

_______

მთავარ ფოტოზე: ზუკა ფაღავა

„ვირუსმა ზნე შეიცვალა და მუტაცია განიცადა?“ – მოსამართლე გეი კაცების დონორობის შეზღუდვაზე

„თუ ესაა თქვენი პასუხი, სასამართლო ჩათვლის, რომ არგუმენტაცია არ გაქვთ,“ – ეს მოსამართლე თემურ ტუღუშმა დღევანდელ პროცესზე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს, ბექა პატარაიას უთხრა. მოსამართლის გაღიზიანებამდე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა: „10 წელი როგორი დიდიც არ უნდა იყოს, ეს მაინც არაა სამუდამო აკრძალვა“.

10 წელი ის ვადაა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ადგენს შეზღუდვის სახით. მინისტრის ბრძანების მიხედვით, სექსუალური კონტაქტიდან 10 წლის განმავლობაში გეი მამაკაცებს სხვებისთვის სისხლის გადასხმას ეკრძალებათ. მოტივი შემდეგია: მამაკაცები, რომლებსაც ერთმანეთთან სექსი აქვთ, ვირუსული დაავადების რისკის მაღალ ჯგუფს მიეკუთვნებიან.

საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დღეს, 16 ოქტომბერს, ლევან ბერიანიძის და გოჩა გაბოიძის სარჩელი განმწესრიგებელ სხდომაზე განიხილა. მოსამართლეებმა მხარეებს უკვე მოუსმინეს. ჯერ გადაწყვეტილი არაა, განიხილება თუ არა სარჩელი არსებითად.

„შეზღუდვის ხანგრძლივობა არის არაგონივრული. ის არღვევს თანასწორობის პრინციპს, ასევე პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას,“ – მიიჩნევს გიორგი გოცირიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. იგი საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელეების ინტერესებს იცავს.

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომლის არაკონსტიტუციურად ცნობას მოსარჩელეები ითხოვენ, 2000 წელს არის მიღებული. მას შემდეგ ბრძანება არაერთხელ გასაჩივრდა საკონსტიტუციო სასამართლოში. 2004 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ტერმინი „ჰომოსექსუალი“ ბრძანებაში არ უნდა ეწეროს. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ უვადო შეზღუდვა, რასაც ბრძანების თავდაპირველი ვარიანტი ითვალისწინებდა, გონივრული არ იყო, რადგან თუკი მამაკაცი მამაკაცთან სქესობრივი კონტაქტის შედეგად დაავადდა, ვირუსი ერთი წლის განმავლობაში გამოვლინდებოდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მინისტრის ბრძანებაში „ჰომოსექსუალი“ გაქრა და მის ნაცვლად „მამაკაცებს შორის სქესობრივი კავშირი – მსმ“ გაჩნდა. ჯანდაცვის სამინისტრომ ბრძანებიდან ასევე ამოიღო სიტყვა „უვადოდ“ და მის ნაცვლად „10 წელი“ ჩაწერეს. მოსარჩელეების აზრით, ეს დისკრიმინაციული მიდგომაა, რადგან, მაგალითად, ჰეტეროსექსუალი ადამიანისთვის მსგავსი შეზღუდვა მხოლოდ ერთ წელს გრძელდება.

„მაშინ საკონსტიტუციო სასამართლო დაეყრდნო ექსპერტების პოზიციებს. მათ თქვეს, რომ 12 თვე არის მაქსიმალური დრო… ახლა რა შეიცვალა? რას დაეყრდნო ჯანდაცვის სამინისტრო, როცა 10 წელი ჩაიწერა? ვირუსმა ზნე შეიცვალა და მუტაცია განიცადა, თუ რა ხდება?“ – იკითხა მეორე კოლეგიის თავმჯდომარე თემურ ტუღუშმა.

„ვიცოდი, რომ ეს იქნებოდა მთავარი შეკითხვა… ჩვენი არგუმენტაცია მიემართება ადამიანების ჯანმრთელობისკენ. ჩემი კოლეგა გიპასუხებთ,“ – მოკლედ თქვა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ბექა პატარაიამ და ტრიბუნა ბაბილინა თურქიას დაუთმო.

„არათუ 10 წლით, უვადოდ აკრძალვას მოვითხოვთ,“ – მიმართა მოსამართლეებს ბაბილინა თურქიამ. მისი თქმით, თავის დროზე ექსპერტებმა ზოგადი ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლოს იმის შესახებ, რომ ერთ წელიწადში შესაძლებელია სექსუალური კონტაქტის შედეგად შეძენილი დაავადების გამოვლენა.

„არ არსებობს ზუსტი მტკიცებულება, ან სამეცნიერო კვლევა იმის შესახებ, რომ ერთ წელში მთავრდება საშიშროება…“ – თქვა ბაბილინა თურქიამ.

„გამოდის, ზეწოლა იყო ექსპერტებზე?“ – იკითხა მოსამართლე მანანა კობახიძემ.

„არა, უმრავლეს შემთხვევაში გამოვლენის ვადა არის ერთი წელი, მაგრამ ეს რისკს არ გამორიცხავს… ეს კონკრეტული სექსუალური ქცევა გამოირჩევა მაღალი რისკით, 44-ჯერ მაღალია,“ – უპასუხა მოსამართლეს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

„სპეციალისტებმა თქვეს, რომ გამოვლენის მაქსიმალური ვადა არის 12 თვე. ათჯერ უფრო ხანგრძლივი ვადა როცა წესდება, ცოტა მეტი დასაბუთება სჭირდება ამას,“ – დასძინა მოსამართლე ირინე იმერლიშვილმა.

ბაბილინა თურქიას პოზიციები სასამართლო პროცესზე ურთიერთგამომრიცხავი აღმოჩნდა. ერთ შემთხვევაში მან თქვა, რომ სექსუალური კავშირიდან 30 წლის შემდეგაც არსებობს დაავადების გამოვლენის რისკი. დისკუსიის ბოლოს კი, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა მოსამართლე თემურ ტუღუშთან საუბრის დროს რისკები 8 წლამდე შეამცირა.

„სექსუალური კავშირიდან 8 წლის შემდეგაც შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ადამიანი დაავადებულია?“ – იკითხა თემურ ტუღუშმა

„არა, 8 წლის შემდეგ აღარ…“ – თქვა ბაბილინა თურქიამ.

„ამას გეკითხებოდათ სასამართლო… თქვენი თქმით ახლა გამოდის, რომ რვა წლის შემდეგ დაავადება ვეღარ გამოვლინდება. მაშინ რის გამო უნდა იყოს 10 წელი?“ – ისევ სცადა სიტუაციაში გარკვევა მოსამართლე თემურ ტუღუშმა. ბაბილინა თურქიამ აქ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ერთმანეთთან სექსუალური კავშირის მქონე მამაკაცების რისკის ჯგუფი მაღალია და ის უვადო შეზღუდვის დატოვების მომხრეა.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს უხერხულობა საია-ს იურისტმა, გიორგი გოცირიძემაც შეუქმნა. ბაბილინა თურქიას თქმით, აშშ-სა და გერმანიაში უვადო შეზღუდვა არსებობს სისხლის დონაციის დროს.

„შეზღუდვა სხვადასხვა ვადით აქვთ ევროკავშირის სხვა ქვეყნებსაც… ჩვენ ახალს არაფერს ვამბობთ,“ – აღნიშნა ბაბილინა თურქიამ. მას მოსამართლე თემურ ტუღუშმა ჰკითხა, ჰქონდა თუ არა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა უარის ნიშნად თქვა: „არა“.

„ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე გერმანიაში მხოლოდ ერთწლიანი შეზღუდვა არსებობს,“ – ამბობს გიორგი გოცირიძე, მოსარჩელეების ინტერესების დამცველი. მისი ინფორმაციით, ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში უფრო ხანგრძლივი ვადებიც არსებობს დონაციის შეზღუდვებზე, თუმცა ტენდენცია ამ ვადების შემცირებისკენაა მიმართული.

„უვადო შეზღუდვა არსებობდა ლუქსემბურგშიც, თუმცა იგი ლუქსემბურგის სასამართლომ გაუმართლებლად მიიჩნია,“ – დასძინა გიორგი გოცირიძემ.

საია-ს იურისტის მონაცემებით მსგავსი შეზღუდვა ყველაზე მცირე დროით – 6 თვით დიდ ბრიტანეთს აქვს. „იქ არსებული სკრინინგის პროგრამა იძლევა დაავადების დროულად გამოვლენის შესაძლებლობას,“ – თქვა მან.

როგორ ხდება პრაქტიკაში სისხლის გადასხმის დროს იმის გარკვევა, რა სექსუალური ორიენტაციის მქონეა ადამიანი, ან როდის ჰქონდა მას უკანასკნელად სექსი? – ორივე მხარეს ამ კითხვაზე ერთი პასუხი აქვს: „ეს ადამიანის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული“.

დღეს საბაჟოზე მომხდარ ინცინდენტს თურქეთის საკონსულო გამოეხმაურა

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დღეს, 16 ოქტომბერს, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, თურქეთის გენერალური საკონსულო ბათუმში წერილობით კომენტარს აკეთებს, რომელსაც სტილის დაცვით გთავაზობთ:

„ქალბატონის მოთხოვნის საფუძვლიანობის შესწავლისა და თავიანთი სიმართლის დამტკიცების შემთხვევაში, საჭირო ზომების გასატარებლად, დაინტერესებულმა პირმა უნდა მოგვმართოს განცხადებით, სადაც მითითებული უნდა იქნას ინციდენტის დრო და ადგილი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ნებისმიერი განაცხადი გადაეცემა  თურქეთის კომპეტენტურ ორგანოებს და მთელი სერიოზულობით განიხილება. სასაზღვრო გამშვები პუნქტის ბევრ ადგილას ვიდეო კამერების საშუალებით მონიტორინგი ხორციელდება და ჩანაწერების მეშვეობითაც  ხდება ამ პრეტენზიის შესწავლა“.

მოქალაქე ნათია შავაძემ განაცხადა, რომ მას თურქი მესაზღვრე უხეშად მოექცა და საზღვრის კვეთის უფლება ჯერ მისცა, შემდეგ კი პასპორტი იძულებით წაართვა.

 

ამავე თემაზე:

მოქალაქე: თურქმა მესაზღვრემ პასპორტი სახეში მესროლა

Exit mobile version